ასათიანი ლადო
გაზიარება

ფშავური ბალადა 

ვაჟა-ფშაველას

გადმოჰყვა ღამით ღრუბლების ბურანს
უზარმაზარი მხარ-ბეჭის რხევით,
დაეცა ზღაპრულ დევების ბუნაგს
შავნაბდიანი ცალთვალა დევი.

შეაზანზარა კლდეთა კედელი,
დაატრიალა გრიგალი ქართა,
როგორც ხევსური რკინისმკვნეტელი,
დადგა დევების ბუნაგის კართან.

და რა იხილა მან დევის ქალი,
შედრკა, ათრთოლდა, ხმალზე შეჰფიცა:
- მიყვარხარ, როგორც ჩემი ჩარგალი
და საქართველოს მხურვალე მიწა!

შესცინა დევის წუნია ქალმა
ბროლივით თეთრი კბილების ეშხით,
დასწვა ვაჟკაცი ტრფიალის ალმა,
ქალი კი გაქრა ბუნაგის ბნელში.

და როს ფრანგულის გაისმა ჩქამი,
წამს აღრიალდა დევთა ლაშქარი:
ვინ გვესტუმრაო ამ წკვარამ ღამით,
ვინ შემოლეწა ბუნაგის კარი?

- ეს მე ვარ, ვაჟა, ცალთვალა გმირი, —
შესძახა, შესძრა, თან შეერკინა,
და როცა მორჩა, გაღუნა კბილით
მამაპაპური ფრანგულის რკინა.

შევქმნილვარ ხელად, გავჭრილვარ ველად,
დამირბევია ღამე წკვარამი,
მო, დევის ქალო, მო, ჩემო ყველავ,
მო, გამიქარვე გულის ვარამი.

მიეჭრა ხელი გავსებულ მთვარეს,
შემოახვია მინდიას მხრები…
ჩახედა ქალის ამღვრეულ თვალებს,
აიტაცა და გადასჭრა ხევი.

გამოედევნენ დევი მდევრები,
კვლავ დატრიალდა შუბი და ფარი,
დალეწა ხმლები და სატევრები,
კვლავ აიტაცა ტაიჭზე ქალი.

გადინადირა ბნელი ტევრები
და სიხარულის ზათქით და ზარით
ღამეს უტევდნენ ღამისმთევლები,
როცა შეაღო ჩარგალის კარი
მამაპაპური სიმღერის ძალით:

— “მაყრებად მყვანან არწივნი,
ქალის ძმობილი ქარია,
მოვდივარ, მომყავს ყველაი
და ამად გამიხარია,
მომყავს დედალი ხოხობი
დევის პირბადრი ქალია”.

აი ჩარგალიც, სანთლები ჩანან…
შრიალებს ტყე და ფარფატებს ქარი,
შემოეგება ვაჟას ბაჩანა
ჩონგურით ბებერ მუხასთან მდგარი.

და როს გამოჩნდა ბრძენი მისანი…
წუთით გაიხსნა ბუნების კარი
და ახმაურდა არაგვის წყალი,
როგორც ფშაველას ლექსების პწკარი.

უეცრად მოსწყდა ბედაურს მგოსნის
ტანი და ქალი მუხასთან დასვა,
გადაეხვია, დაღალა კოცნით
და წყაროს წყალი პეშვებით ასვა.

თვითონაც მოჰკლა უმალ წყურვილი
და დადგა ბებერ მუხასთან, ზევით
შავ ჩაბალახით პირშებურვილი
შავნაბდიანი ცალთვალა დევი.
რა ჟამი იყო, რა გაზაფხული,
და სიყვარულით განუკურნელი,
იწვოდა გული, ღვიოდა ხნული
და იდგა ნახნავ მიწის სურნელი.

უხურდა ვაჟკაცს ალალი გული,
ისევ მოუნდა შებმა და რკენა,
შეატრიალა ცაში ფრანგული
მაგრამ მოესმა ყვავილთა ენა
— დასცხრი, მგოსანო, ნუ ღელავ შენა!

შედრკა, აკოცა ყვავილებს გაშლილს,
ჩააგო ხმალი აღერებული
და გაეხვია ნახნავ მიწაში
საყვარლის ტრფობით გახელებული.

1938

??????