სიზმრადნახული
ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია,
მიმზერდა იის ცისფერი თვალი,
მღეროდა ვიღაც და სამაიას
ცეკვავდა სამი უცნობი ქალი.
გადავიარე სინათლის ზღვარი
და უცნაური ვნახე ხატება -
ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი
გასაოცარი გამოცხადება.
სულიერივით დარბოდნენ ხენი,
ფრინველებს ლხენით ვესროდი ისარს,
მოჰყავდათ ჩემსკენ ფასკუნჯებს ფრენით
პირმშვენიერი მნათობი დღისა.
ისე ბრწყინავდა ვერცხლის ხეხილი,
გაოცდებოდით ფერთამხილველი, ―
ოქროს მთა-ბარი და მთაგრეხილი,
გამოცხადება გასაკვირველი!
ოქროს გალიებს, ოქროს ზარებით,
და გალიებში სამოთხის ჩიტებს
ვუმზერდი, ვიდექ ფერნამკრთალები
და გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.
და მერე, როცა მეტოქემ მთვარის
გადამაფარა სინათლის კალთა, ―
უეცრად გაქრა ზმანება მკრთალი
განათებული ოცნების კართან.
1938