მორჩილაძე აკა
გაზიარება

ჰემერჰედი, ცოტა რამ პოს შესახებ 

ედგარ პოს შემორჩენილი, სამიოდე დაგეროტიპიდან ყველაზე მაგარია უკანასკნელი, რომელზეც ის, შავ სერთუკსა და თეთრ ყელსახვევშია აღბეჭდილი, არის გამხდარი, უზარმაზარი შუბლით, ჩაცვენილი თვალებით, ოდნავ მოღრეცილი ტუჩითა და ნიკაპით. ულვაშიც კი, მარჯვენა მხარეს, ოდნავ ჩამოგრძელებული აქვს, უპეები ჩამოკიდებული. 

გამხდარია, მაგრამ რაღაცნაირად დასიებული.
ეს, ალბათ, სასმელის ბრალია. სვამდა, და თან, როგორც ამბობენ, ოპიუმსაც ეტანებოდა.
ეს დაგეროტიპი კი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფოტოს წინამორბედი რამ, ასე კარგად იმიტომ ვიცი, რომ მისი ასლი კედელზე მაქვს ჩაჭიკარტებული, მისთვის სრულიად მოულოდნელ გარემოში. პოს გარშემო სხვადასხვა საფეხბურთო მატჩების სააკრედიტაციო ბარათები ჰკიდია.
არ ეწყინება, მისთვის ასეთი რამეები, მგონი, სულერთი იყო.
ამ გამოსახულებაზე პო ოცდაცხრამეტი წლისაა, თუმცა, იერი ისეთი აქვს, რომ ასაკს ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება. არანაირი აზრი არა აქვს: იმიტომ, რომ მისი იერი სრულიად მარადიულია.
ედგარ პო ბალტიმორის ქუჩაში იპოვეს დაგდებული და წაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ეცვა სხვისი ტანსაცმელი და, როგორც მახსოვს, იძახდა სახელს, რომელიც მისგან მანამდე არავის გაეგონა.
თუ არ ვცდები, შეჰყვირებდა ხოლმე: რეინოლდს, რეინოლდს! იმასაც ამბობენ, ღმერთს შესთხოვდა, ჩემი საბრალო სული მიიღეო.
მისი მკურნალობის ქაღალდები დაკარგულია, ამიტომ, უცნობია რა დაემართა და რატომ დაეგდო ქუჩაში: ეგებ ლოთური უძლურების გამო, ან ტვინის ანთებისო, ასე ამბობენ. მაგრამ იმავდროულად, ისიც უცნობია, სად გაატარა დღეები ამ წაქცევამდე. ასე მოკვდა.
ჩვენს დროში, ამ ასაკის კაცს, ახალგაზრდა ჰქვია, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ასაკს მის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ბოლოს, ისეთი ღატაკი იყო, რომ აღარც კი იცოდნენ, სად ცხოვრობდა.
ორმოცი წელი რა დიდი ამბავია, ახლა ვარ ორმოცი წლის, არა, უფრო მეტისაც. 

სულ არაფერია: გგონია, რომ დიდხანს იცოცხლებ და გგონია, რომ ბიჭი ხარ. მას როგორ ეგონა, არ ვიცი და საერთოდ, რაებს ფიქრობდა თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამასაც ვერ მოვყვები.
ასეთ ადამიანებს უბედური ადამიანები ჰქვიათ: ყველანი რომ უკვდებიან გარშემო, ანდა, ყველანი რომ უარს ეუბნებიან მისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ რამეებზე. ხომ იცით, როგორც არის, სხვა რომ ერთი მიწოლით შეაღებს კარს, ის ათჯერ უნდა მიაწვეს და შიგნით რაღა დახვდება, ის კიდევ, ცალკე ამბავია.
ამას წინათ, ძველი ჟურნალები გამოცვივდა საიდანღაც, ერთი ათი წლის წინანდელები, ან მეტის და ერთ "ინასტრანკაში” ხულიო კორტასარის დაწერილი ედგარ პოს ცხოვრება ვიპოვე. იმ დროსაც წავიკითხე და ახლაც გადავათვალიერე. ეტყობა, რაღაც ჟურნალისთვისაა დაწერილი, შეკვეთით, საინტერესო კია.
მისი ცხოვრების ძირითადი ამბები, მკითხველმა ხალხმა ისედაც იცის.
ბოლო სიყვარული, თავისი კუზინა ცამეტი წლისა შეირთო და ეს გოგო მოკვდა. ვირჯინია ერქვა, ასე მახსოვს. ის რომ ავადმყოფობდა, პოს შეშის ფული არ ჰქონდა და კოტეჯს ვერ ათბობდა. 

ყინვები იყო და რაც რამ გააჩნდა, ავადმყოფს აფარებდა. ეს მახსოვს ყველაზე შთამბეჭდავად მისი ცხოვრებიდან. თვითონ კი, დადიოდა მშიერი და გათოშილი. მაშინ ერთ კოტეჯში ცხოვრობდნენ, მგონი, იქ ახლა მუზეუმია, ბრონქსში.
საერთოდ, პო, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამყაროზე ამხელა გავლენას მოახდენდა. ასეთი უკვდავი და მარადიული შეიქნებოდა.
ის ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, მგონი, გასაოცრად მათემატიკურად მოაზროვნე, მაგრამ, მაინც გაუჭირდებოდა იმის გამოცნობა, რომ დღემდე ისეთი ვინმე იქნებოდა, გვერდს რომ ვერ აუქცევ.
მისი წარმატებები და პოპულარობა სიცოცხლის წლებში სულაც არ განაპირობებდა, რომ მას შეეძლო თავისი ნაწერებით ეცხოვრა. თანაც, ეს უმძიმესი დრო იყო ამერიკის საგამომცემლო საქმეში.
მაგალითად, "ყორანი” რომ დაწერა, ერთგან ცხრა დოლარი აიღო, მეორეგან თხუთმეტი, ამ ლექსმა კი სახელი გაუთქვა. ბევრგან გადაბეჭდეს, მთელი ამერიკის სიგრძეზე. 

გინდა ლექსი ეძახე, გინდა ბალადა, მოთხრობასაც ასევე დაუძახებ და რომანსაც. არა აქვს მნიშვნელობა, ისევე, როგორც მის ასაკს.
ახლა, სულაც არ მინდა, რომ მისი ბიოგრაფიის მოყოლით შევიქციო თავი და წამკითხველიც შევაქციო. უბრალოდ, იმის გახსენებას ვცდილობ, როდის წავიკითხე პირველად პო და, მგონი, გამახსენდა.
მგონი, ეს ზუსტია: დედაჩემის ამხანაგმა, დაბადების დღეზე, პოს რუსული კრებული მაჩუქა. ახლა ის კრებული აღარ მაქვს, სროლების დროში, სხვა მრავალ წიგნთან ერთად გავყიდე. მაგრამ მახსოვს, ტილოს ყდა ჰქონდა და შავი და ლურჯი რუსული ასოებით ეწერა ზედ: ედგარ პო. შარშანწინ ეს წიგნი ერთი მონასტრის ერთ ოთახში, სულ მაღლა თაროზე დავინახე. რაღაცნაირი წაგრძელებული, არასტანდარტული იერისა იყო.
პირველი, რაც ამ წიგნში წავიკითხე იყო მატცენგერშტეინი: უნგრელი გრაფის საშინელი ამბავი. 

მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, გოთიკა რა იყო, და გვარიანადაც შევშინდი. შევშინდი როგორ, წარმოსახვის ამბავში, იმიტომ, რომ ამ ყაიდის რამე არასდროს წამეკითხა. სრული საშინელება და ძრწოლვა იყო.
მეორე მოთხრობა გამომძიებელ დიუპენის პარიზული ამბავი იყო, დედა-შვილს რომ გორილა დაგლეჯს, თუ ორანგუტანგი, ახლა აღარც მაგონდება. ეს ცხოველი ბულონის ტყეს აფარებს თავს. მახსოვს ქალების ბღუჯა- ბღუჯა დაგლეჯილი თმები და ასეთი რამეები. მკვლელობა მორგის ქუჩაზე.
საერთოდ, მოგვიანებით ვიფიქრე, რომ რახან პოს უნდოდა, როგორმე გაეყიდა თავისი მოთხრობები, ძალიან ითვალისწინებდა მკითხველთა მისწრაფებებს და ბევრ თემას სწორედ ამის მიხედვით ირჩევდა.
ბოსტონი, ნიუ-იორკი, რიჩმონდი, ფილადელფია, ძველი ამერიკის რაღაცნაირი ქალაქები. ამ უნახავ ქალაქებზე ფიქრისას, რაღაც პირქუში მომყვებოდა ხოლმე. 

თუმცაღა, პო ხან პარიზში ამოყოფდა თავს, ხან ლონდონში: პარიზში, მგონი, ნამყოფი არც იყო, რუკებით იცნობდა. ლონდონში კი, ბავშვობისას მამინაცვლის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
არის ასეთი ცნობილი ტილო, ამერიკული გოთიკა. მგონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საცნობი ამერიკული ტილო, რომელიც გრანტ ვუდმა დახატა. ამ ტილოზე, ხნიერი წყვილის უკან ამერიკული ხის სახლი ჩანს, რომელიც თითქმის ისეთია, როგორიც პოს კოტეჯი ბრონქსში. ეს ტილო რომ ვნახე, მივხვდი, ვისთვისაც წერდა პო, თუმცა, ჩემს წარმოსახვაში მისი ნაწერები ბევრად უფრო პირქუშ სურათებს ქმნიდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით სიმშვიდის მფრქვეველი წყვილი. ამის მიუხედავად, რატომღაც მეგონა, რომ ამ ტილოს სიღრმეში, სადღაც უკან, რაღაც ურჩხული დადის და სამკაპი, რომელიც კაცს უჭირავს, საბრძოლო იარაღი უფროა, ვიდრე სამუშაო.
აკი მოგახსენეთ, გოთიკა სულაც არ ვიცოდი, რა იყო-მეთქი, მაგრამ რატომღაც ეს სურათი პოსთან დავაკავშირე. 

მგონი, რომელიღაც მოთხრობა იყო დამნაშავე. 

ჰო, მახსოვს იმ მოთხრობის სათაურიც და მერე წაკითხული მისი ისტორიაც: "მარი როჟეს” მკვლელობა.
ეს მოთხრობა პომ სრულიად ნამდვილი ამბის გამო დაწერა, გოგო მოკლეს, მერი როჯერსი და მისი სახელი გააფრანგულა. მთლიანად შეისწავლა ეს საქმე, ის ადგილები, სადაც გვამი იპოვნეს და მერე დაწერა იმგვარად, რომ ყველაფერი გამოძიებულია სრულიად წარმოუდგენელი სიზუსტითა და კვლევის უნარით. მგონი, მკვლელი რომ დაიჭირეს, გამომძიებლებს ეგონათ, რომ ის პოს მოთხრობას ყვებოდა: ყველაფერი ზუსტად ისე იყო, მან რომ აღწერა.
მას ასეთი ტვინი ჰქონდა. უფრო სწორად, ასეთიც. მოთხრობები წარმოუდგენელი სიზუსტითაა დაწერილი. სიზუსტეში შესრულების ოსტატობას ვგულისხმობ. ეს საშინელებანი და შავი რომანტიზმი, რასაც პო ასეთი ოსტატობით მისდევდა და, მგონი, მისი ნაწერი დიდად არც განირჩეოდა მისი ცხოვრების გამო წარმოშობილი განწყობილებებისგან, ძალიან ჩამოსხმული და ზუსტია.
სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, რომ პოს მოთხრობები მსოფლიო ლიტერატურის შედევრები იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მის პროზას ერთი უცნაური უკვდავება აქვს: ხან სად გადააწყდები მის კვალს, ხან სად. 

არ არსებობს, კაცი ასეთ რამეებზე წერდეს და ამით, დიკენსის და ბალზაკის გვერდით იყოს. მაგრამ მას აქვს რაღაც სხვა. ის, რაც ფოტოზეა. მისი ნაწერები ყველა დროისაა. არ ჟანგდება. მარადიულია.
საერთოდ, პომ რამდენიმე ჟანრი დაიწყო, დეტექტივიდან მოკიდებული, სათავგადასავლო მოთხრობით გაგრძელებული, ჰორორით დამთავრებული. თუმცა, დამთავრება სრულიადაც ადრეა, იმიტომ, რომ ეს კაცი, შავით მოსილი რომ დადიოდა აღმოსავლეთის სანაპიროს დიდი ქალაქების რედაქციებში და ხშირად ისტერიულ ჩხუბებს ტეხდა ფილოსოფიურ საკითხთა გამო, მანამდე წარმოუდგენელი სალიტერატურო გონების ადამიანი იყო. 

რა ვიცი, მე ასე მგონია.
ჟანრებს რომ თავი დავანებოთ, მისი კვალი იმდენ ადგილასაა, რომ ვერ წარმოიდგენ. იმ დღეს, რაღაც არხზე გადავრთე და "კუკუშკა” იყო, ის განთქმული ფილმი, გრძელი სათაური რომ აქვს. მაკმერფი, ბელადი და მთელი ამბავი. დიდი ხანი იყო, არ მენახა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ვუყურებდით: ის მიყვარდა, კრისტოფერ ლოიდის გმირი რომ დაიღრიალებს უცბად. ჰოდა, ცოტა ხნით შევყოვნდი, ბოლო ხუთი წუთი ძალიან მიყვარს. უცებ ვიფიქრე, რომ მთელი ეს საგიჟეთები ლიტერატურაში და კინოში და, მგონი, საერთოდ ყველაფერში, პოს დაწყებულია.
აქვს ასეთი მოთხრობა, "დოქტორ კუპროსა და პროფესორ ბდღვერის სისტემა”. 

ეს სათაური სწორედ რომ ქართულად მახსოვს, იმ ერთადერთი ქართული კრებულიდან, რომელიც ასე, ოცდახუთი წლის წინათ იქნება გამოცემული. თხელი, ცისფერყდიანი წიგნია. გუშინ დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. მთარგმნელი ყოველთვის მახსოვდა, მაგრამ, მგონი, ეს ასაკი, წეღან რომ ბიჭურად დავსახე, სულაც არ არის სახუმარო. იქ გვარები და გეოგრაფიული ადგილები ერთგვარად მოულოდნელადაც კია თარგმნილი. ანუ, ისე, როგორც პო ადგენდა ინგლისურად. მაგალითად, ჰოლანდიურ სოფელს, ერთ მოთხრობაში ჰქვია, ღა-დღო-იქნებისი... 

კარგი, ამას მოვეშვათ.
იმას მოგახსენებდით, რომ იმ მოთხრობაში გამოირკვევა, რომ საგიჟეთში გიჟები აჯანყებულან, გაუმარჯვიათ და ექიმები თავად შექნილან, ხოლო ნამდვილი ექიმები გიჟებად დაუსვამთ.
პოს ასეთ კვალს იმდენს იპოვი ყველგან, რომ ბოლოს, დაგეზარება კიდეც.
"შიფრები”, "წერილები ბოთლებში”, "აღმდგარი მკვდრები”, "ამონტილაიდოს კასრი”, "შავი კატა” ეს ის მოთხრობებია, სადაც ამბავს თვით მკვლელი ჰყვება. ეს გაუგონარი ამბავი იყო პოს დროში, ოღონდ, ამით პოს დუხჭირ ცხოვრებას არ ეშველა. საერთოდ, სულ ის მგონია, რომ პო მეცნიერივით იყო.
აი, ხომ იყო აღმოჩენების ეპოქა და გასაგიჟებელი, ხუჭუჭათმიანი ევროპელი მეცნიერები, რომლებმაც რა აღარ გამოიგონეს. პოც ასევე იყო, ოღონდ, ლიტერატურაში. რა აღარ გამოიგონა. თანაც, უამრავ ესეს წერდა ლიტერატურაზე, კომპოზიციაზე, ყველაფერზე.
"ამონტილაიდოს კასრი” ძალიან ოსტატური მოთხრობაა ცოცხალი კაცის კედლის ნიშაში ჩაშენებაზე, რაც პოს სხვა იმ დროის ათასნაირ მოთხრობაში ჰქონდა წაკითხული და საერთოდ, პო უამრავ ისეთ ამბავს იყენებდა, მაშინ რომ მოდაში იყო სათხრობადაც და საწერადაც. იმ დროში პლაგიატობაზე ლაპარაკი მეტად ხშირი იყო და ლიტერატურული მტრობაც. 

მაგალითად, პომ ლონგფელო დაადანაშაულა და ასე შემდეგ. ამის უამრავი ეპიზოდი არსებობს.
აქ მთავარი ის კი არ არის, რომ პო უამრავ იმ დროს ნაცნობ ამბავსა და მოთხრობას იყენებდა, რაც შეიძლება ითქვას, ნაცნობიც კი იყო იმ დროის მკითხველებისთვის, არამედ ის, თუ როგორ წერდა მოთხრობას პო, როგორ იკითხება იგი და, როგორაა გამოთვლილი მანძილები, მოქმედებები და წერისთვის აუცილებელი ასეთი რამეები. ამას ოსტატობაც აღარ ჰქვია. რასაც ის აკეთებს თავის საშინელ სიუჟეტებში, არის გროსმაისტერობა. კუზიანი სკუპ-სკუპო და წითელი სიკვდილის ნიღაბი, მეფე ჭირი, ლიგეა და ასეთები, იმგვარი ხილული საშინელებითაა ნაწერი, რომ თუ მიჰყვები, გული გაგიჩერდება. მიჩერდებოდა მაშინ, როცა ვკითხულობდი და ახლა კი, პოს მოთხრობებს ვეღარ ვკითხულობ.
რასაც ვკითხულობ და, ალბათ, სულ წავიკითხავ, პოს ლექსებია.
ღმერთო ჩემო, რა მაგარი ლექსებია, ისე, ჩვენებურად რომ ვთქვათ.
ერთი საბჭოთა გამოცემის ინგლისურენოვანი ანთოლოგია მქონდა, ინგლისელი და ამერიკელი პოეტებისა და პოს ლექსი პირველად იქ წავიკითხე. ის პირველი ლექსი იყო ანაბელ ლი.
როგორ ვთქვა, არ ვიცი, ალბათ, ისევ უბრალოდ. 

ეს ჩემი საყვარელი ლექსია. ისე მიყვარს, რომ ერთხელ, ვთარგმნე კიდეც და საკუთარ წიგნში ჩავტენე.
ეს ლექსი მაშინებდა კიდეც, მაგრამ მისი წაკითხვა მაინც მინდოდა. მგონი, ისე, ხალხურად, პოს ნაწერებში სწორედ ეს არის მთავარი, ძრწოლვა, რომელსაც ვერ წყდები. ოღონდ, ეს ის კი არ არის, ვთქვათ, სტივენ კინგის წიგნებსა და სუნთქვისშემზღუდველ დეტექტივებში რომაა, არამედ, ასჯერ მაღალი და ასჯერ ძლიერი, პოს მუსიკით გამდიდრებული. ამათ, საერთოდ, პოსგან ისწავლეს, ყველამ პოსგან ისწავლა ეს სუნთქვის შემზღუდველობა, ოღონდ, პო ჟანრული არასდროს ყოფილა. მის დროს მისი ჟანრები არ არსებობდა.
ყველაფერს ისწავლი, მაგრამ გაიმეორებ პოს მუსიკას? რაღაცას, ბახსა და ბლექ საბათს შორის?
ხშირად ადამიანები რბილად ფიქრობენ სიყვარულზე, პო არასდროს.
ანაბელ ლიც ეს არის, რა თქმა უნდა. ავის დანახვის ხელოვნება. 

დასასრულის დანახვის ხელოვნება. აკლდამაში მიჯნურს მიწოლილი ბიჭის ამბავი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გახსოვთ? იქ უფრო ფრანგულადაა ეს ყველაფერი, პოსთან კი... 

ახადეთ პოს თავის ქალა. ერთ მისი დროის რომანში პოს პაროდიული პროტოტიპია გამოყვანილი და მას, როგორც მახსოვს, ჰემერჰედი ჰქვია. ჩაქუჩისთავა. პოს, ალბათ, არ შეეძლო ნაბიჯი უკან. 

მას საშინელებიდან გამოძრომა კი არა, იქ ტრიალი და იქვე ბრძოლა უნდოდა. იქვე ბრძოლა და ამ ბრძოლის ჩვენება. რომანტიკოსი ისედაც მებრძოლია, ის რომ საშინელებაში მოხვდება, კაცი თვალს ვეღარ მოწყვეტს. პოს ფერები, პოს სახეები... ამ სამყაროს, მისი თავის ქალის ქვეშ დაბუდებული რამეების აღწერა შეუძლებელია. სრულიად შეუძლებელი. ეს საინტერესო რომანი იქნებოდა: ედგარ პოს თავი. 

შიგ მიმდინარე ამბები და მოძრავი, ღამითა და ჩრდილოეთის ციალით გაჯერებული სამყარო. ამერიკელი რომ ვიყო, გავბედავდი და ვეცდებოდი ამის დაწერას.
უილიამ უილსონი, ორად ქცეული სტუდენტი.
ვირჯინიის უნივერსიტეტის ძველი კამპუსის ვიწრო სტუდენტური ოთახი, რომლის შემინულ კართანაც, ერთ დროს, ფოტო გადაგვიღეს ზურა ქარუმიძეს და მე.
იქ მთელი ორი სემესტრი გაატარა ედგარ პომ, რომელსაც ბანქოს ვალები დაედო და მერე ჯარისკაცად ჩაეწერა. ფოტო კი, უცნაური გამოვიდა. ერთადერთხელ ვნახე და როგორც მახსოვს: შუშის კარი, რომლის იქითაც პოს ოთახია, სრულიად შავად აღბეჭდილიყო.
მგონი, ეგრეც უნდა იყოს, იმ შუშის ტიხარს იქით, პოს ტვინია, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით. საგნები მრუმედ ჩანს ოთახში, რაფაზე კი, ყორანი დგას.
"ყორანი" პოს დღევანდელი პასპორტია: ყორნის ფიტული ყველგანაა.
"ყორნის" გმირი, ალბათ, ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტია. სავარაუდოდ, ის ისედაც სტუდენტია. ასე ამბობენ მკვლევარები.
იცით რა? “ყორნის” ყოველდღე კითხვა ნამეტანი იქნება, მაგრამ ხანდახან, ერთ მძიმე ღამეს, უნდა გადმოიღოთ და ეგებ, ამ ბალადამ რაღაცებს უპასუხოს. 

შვებას ვერ მოგგვრით, მაგრამ პასუხებს კი გამოიმეტებს. სიბნელის მხარეს გადახრილნი, სწორედ პოს ჩირაღდნით დაინახავთ რა არის სიბნელე. ხომ მიგიწევთ ხოლმე გონება სიბნელისკენ? არის ეგეთი რამეები. მაგრამ, თქვენი გონება ვერა ხედავს რა არის იქ. ჰოდა, პო დაგანახებთ. სიყვარული და უბედურება, ბოროტი და მტვრით დაფარული მაგიური წიგნები, კაკუნი კარზე...
მოლაპარაკე ყორანი დიკენსისგან მოვიდა პოსთან: გრიპი, ბერნები რეჯს რომ ჰყავს. ლექსთწყობაც ვიღაცისგან მოსულა, როგორც ამბობენ. 

მე ვერ ვარ ინტერესიანი ამ ამბავში, მაგრამ მთავარი, იქ პოს ხმააა. პოს უბედური, ძლიერი, ფერადი, რაღაცნაირად მოლიცლიცე ხმა.
ნევერმორ, ნევერმორ, ნევერმორ.
ღმერთო, როგორი სუნთქვაა ამ "ყორანში”. ვაჟა ფშაველამაც კი თარგმნა. უამრავი თარგმანი არსებობს ქართულად. ცალკე წიგნიც კი გამოვიდა რამდენიმე წლის წინათ: "ყორნის” ქართული თარგმანები.
საერთოდ, პოს ქართველებთან დაკავშირება, ცოტა არ იყოს, ძნელია. ერთადერთი გალაკტიონი. რამდენჯერ უხსენებია თავის ლექსებში, ახლა ვერ მოვყვები, სახელით, სახელითა და გვარით, მინიშნებით. 

მაგრამ ხმა, ხმა, მოისმის ხოლმე. ხმა და სურათი. არსებობს ეს კავშირი ზოგიერთ ადგილას.
ეს ხილვები, პოს საშინელი ხილვები. მაგრამ ასეთი მხატვრული, სრულიად არარიგითი. ულალუმ, ულალუმ... ის გენიოსი იყო. ყველაფერს გადაუსწრო ისე, რომ ვერავინ შეამჩნია. 

შეიძლება ის ცოცხალიც არ იყო. მკვდარი იყო. ან სადღაც, სხვა სამყაროში. რაღაც მესამე: ესეც ცნობილია ჩვენს პოეზიაში.
როცა პო მოკვდა, ერთმა გამომცემელმა, რომელსაც მის მოთხრობებზე უფლებები ჰქონდა, გვარად გრისვოლდმა, დაწერა ნეკროლოგი და დაწერა იმ ნეკროლოგში დღეს განთქმული ფრაზა: ბალტიმორში მომკვდარა ედგარ პო. ამ ცნობამ ეგებ ბევრი კი გააოცა, მაგრამ, ცოტა თუ დაამწუხრა.
ეს ენამწარე ფრაზა სრულად გამოხატავს პოსადმი მისი თანამედროვეების დამოკიდებულებას. ამ გრისვოლდმა პოს მოთხრობები ხელიდან არ გაუშვა, მათ ხელახლა ბეჭდვას გზა გადაუკეტა და წიგნიც კი დაწერა მის შესახებ, სადაც პო სრულ შეშლილად, ლოთად, ნარკომანად და გიჟად გამოიყვანა. სიმართლე რომ ითქვას, ეს დღემდე ყველაზე პოპულარული წიგნია პოს შესახებ.
ეგებ, პო, მართლაც, ასეთი იყო, მაგრამ მისი სამყარო, უბრალო სიტყვით რომ ვთქვათ, ძალიან დიდი სამყაროა. 

ეს არ არის მარტო სიშავის სამყარო. თუნდაც, ოსტატური სიშავისა. მას ისეთი მოდელები აქვს, რომ დღემდე თანამედროვედ რჩება. როგორც მანქანას ყოველთვის ექნება ოთხი ბორბალი და ძრავა, ისევე, პოს მოდელებს ვერავინ ვერსად წაუვა. ვერც პოს სახეებს და ვერც მის განწყობებს.
მგონი, მეასედ ვამბობ: ეს ძალიან უცნაურია. აკი გითხარით, ჩემთვის პოს მოთხრობები ბევრი არაფერია, მის ლექსებთან შედარებით-მეთქი, მაგრამ, ის, რაც პომ წერით დაინტერესებული ადამიანებისთვის გააკეთა, ერთეულებს თუ გაუკეთებიათ.
აიღეთ პოს ნებისმიერი მოთხრობა და მის აგებულებაზე დაწერეთ მოთხრობა სულ სხვა სიუჟეტით, თუ გინდათ, კომიკურითაც. უნივერსალურია, სრულიად.
რასაც ახლა ვწერ, ბორხესთან მაქვს წაკითხული, უკვე პერესტროიკის დროს, როცა ბორხესის წიგნები გამოჩნდა ჩვენში. 

საერთოდ, პოსადმი ინტერესი მან შემომიბრუნა. მისმა ერთმა ლექციამ, ამერიკაში რო კითხულობდა და რომელიც, თუ არ ვცდები, ასე იწყებოდა: არის ასეთი წიგნი, ვან ვიკ ბრუკსისა, "ახალი ინგლისის აყვავება”...
მაშინ სულ სროლები იყო და რაღაც მსგავსი, ბნელი ღამით, სამზარეულოში და ნავთის ლამპის შუქზე მეც გავაკეთე "ამონტილიადოს კასრის” და "სკუპ-სკუპოს” აგებულების მიხედვით. ისინი კი არ გამომიქვეყნებია, უბრალოდ, საინტერესო იყო. მაშინ კი საერთოდაც არ ვაქვეყნებდი მოთხრობებს. არც ვიცოდი ასეთი რამეები.
ისე, ყველა ერჩოდა ამ საწყალ პოს. უოლტ უიტმენის დედამ ბოლო იმედი, ბოლო ქორწინება ჩაუშალა და დაბოდიალობდა მარტო, ანთებული, ბრაზიანი თვალებით. რედაქციებში ერიდებოდნენ მის გამოჩენას, მასთან კამათი ომს ნიშნავდა.
მინდოდა უფრო მაგრად დამეწერა "ყორანზე”, მთელი გვერდები გამევსო. 

მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ეს მხოლოდ სურათი იქნება და თან, არა მხოლოდ არასრული, არამედ არასრულფასოვანიც. წარმოსახვის ნამდვილი ომი და უკვე რაღაც მართლა შემოქმედებითი უნდა ყოფილიყო და ეგ კი, შორს წაგვიყვანდა. წიგნი, მოკლედ. ესეც პოს ერთგვარი მიღწევაა, მისი სამყაროს წარმოსახვაში ვარჯიში. საერთოდ მგონია, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, ფანტაზიაა. წარმოსახვის უნარი. 

იგი პოს, მგონი, წარმოუდგენლად დიდი ჰქონდა, იმხელა, რომ არსად ეტეოდა. არსად, მის უზარმაზარ შუბლს უკანაც კი. ეს წარმოსახვა ნათელი დიდად არ იყო. თუმცა, პო სატირასაც წერდა და იუმორსაც.
ეს იყო, ალბათ, ყველაზე დიდი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანი იმ დროში. 

ამას სხვა დიდი ნიჭიც ერთვოდა. მას მეცნიერის ტვინი ჰქონდა.
პოს ერთადერთი რომანი, "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმი”, სადაც ყველაფერია პინგვინების ცხოვრების წყობიდან კანიბალიზმამდე, ძალიან ოსტატური წიგნია. გასაოცარი სიმეტრიის. 

როცა წერ, ზომები უნდა გახსოვდეს. ეს ასეა. მის შინაარსსაც ვერ მოვყვები. ქართულად არ არსებობს. რუსულ ორასტომეულში წამიკითხავს და არც ინგლისურად გადავყრივარ ცალკე წიგნად. მელვილი მოგზაურობდა და ყველაფერი იცოდა ვეშაპების ჭერისა. პო არასდროს ყოფილა გემზე, ბავშვობის შემდეგ. 

პოს არც კანიბალები უნახავს ოდესმე, მელვილისგან განსხვავებით. არც სამი ადამიანისგან ერთის მკვლელობა წილისყრის შემდეგ. ის ითხოვდა სამხრეთ პოლუსის თვალუწვდენელი სითეთრისკენ ცურვას. მგონი, უსასრულობის შესწავლას ითხოვდა ეს არტურ გორდონ პიმი, რომელსაც, კარგა ხანია, პოსთან აიგივებენ, რადგან ედგარ პო ისევე ჟღერს, როგორც არტურ გორდონ პიმი. ეს ცნობილი ამბავია და ყველა საიტზე წერია, ალბათ. ბორხესიც ასე ამბობს.
წერა მაგიური რამეა. ამას ხვდები, როცა ამ არტურ გორდონ პიმს კითხულობ. 

რომ წერის ერთ-ერთი კაიფი ნაწერში ავტორის, როგორც უხილავი გმირის, მონაწილეობაა. არა რაღაც სისულელეები, პროტოტიპებზე რომ ეკითხებიან ხოლმე დამწერს, არა ავტორობა, როგორც ხელობა და სტილი და ასეთი რამეები, არამედ, უხილავი შრეები, რომლებზეც თავად ავტორი გიჟდება, იმიტომ, რომ წიგნში მხოლოდ ესაა მხოლოდ მისი. დანარჩენი ყველაფერი, ყველასია, მკითხველების. ესეც ბევრია პოსთან.
როგორ ფიქრობთ, დალევდით პოსთან ერთად? ვთქვათ, ჯინს.
ცუდი სიმთვრალე ჰქონდაო, ამბობენ, ნამდვილი ლოთისო, ხო წაიქცა ბოლოს ბალტიმორის სადგურთან.
ჰა, დალევდით პოსთან ერთად? ვთქვათ, ჯინს. მაშინ არ იყო ტონიკები და ეგეთი რამეები, ჯინში ცხელ წყალს ურევდნენ და ცოტა შაქარს.
როცა საუბარი ედგარ პოზეა...

??????