ტურაშვილი დათო
გაზიარება

წიგნიდან “იყო და არა იყო რა” 

საბჭოთა პერიოდის მამებს ერთი უცნაური ხუმრობა ჰქონდათ, რომელიც საკმაოდ ხშირი იყო საბჭოთა საქართველოში. ახლა შეიძლება დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ უფროსები სიამოვნებით წაავლებდნენ ხოლმე პატარებს ყურებში ხელებს, ასწევდნენ მაღლა სიცილით და შვილებს მართლა ძალიან დებილური შეკითხვით მიმართავდნენ:

- გინდა მოსკოვი დაგანახო?

გარდა უცნაურისა, ეს იყო საკმაოდ მტკივნეული ხუმრობაც, მაგრამ მთავარი აქ მაინც არ იყო გაწელილი ყურების ტკივილი, ყველაზე სამწუხარო იყო დაპყრობილი ხალხის ცნობიერება – არასოდეს უთქვამს არცერთ ქართველ საბჭოთა მამას თავისი შვილისთვის, ლონდონს ან პარიზს დაგანახებო, რადგან საბჭოთა ადამიანისათვის სამყარო იწყებოდა მოსკოვით და იქვე მთავრდებოდა. ქართველებისთვისაც მოსკოვი და საბჭოთა იმპერია იყო მთელს დედამიწაზე ერთ-ერთი უძლიერესი, კოსმოსის ამთვისებელი ზესახელმწიფო და ვინც ასე არ ფიქრობდა, ისინი უკვე კარგა ხნის დახვრეტილები იყვნენ, ან ციხეებში ისხდნენ ან სამზარეულოებში და ქართული ჩაის ხვრეპდნენ, რომელსაც სოციალისტური შრომის გმირი თამარ ყუფუნია წარმოუდგენელი სისწრაფით კრეფდა. იყვნენ მოხალისე სკეპტიკოსებიც, რომლებიც ყოველდღე სვამდნენ ღვინოს პროტესტის ნიშნად (და არა ჩაის) და თბილისის ბირჟებზე იდგნენ მანამ, სანამ მილიცია გამოივლიდა კატეგორიული მოთხოვნით – დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ უსაქმურები.

1961 წლის 12 აპრილსაც ვერაზე, პეტრე მელიქიშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში, ყოფილი დუქნის (“ტანც-გეურქას”) წინ, ამაყად იდგა რამდენიმე ახალგაზრდა მოქალაქე და მილიციელების გამოჩენამდე ცოტა ზედმეტად ხმაურიანად, მაგრამ დარდიმანდულად მუსაიფობდა. თუმცა, სანამ მილიცია მოვიდოდა, მშობლიურ ბირჟას (როგორც ერთგვარ სამსახურს) ტაატით მიუახლოვდა წინაღამენათევი და ნამთვრალევი, იმავე უბნის მკვიდრი რობინზონ ჯამასპიშვილი. სწორედ იმ დილით, როგორც კაცობრიობისათვის ცნობილია (იმავე კაცობრიობის ისტორიაში პირველად), ადამიანმა (კოსმონავტმა იური გაგარინმა), განახორციელა ღია კოსმოსში გაფრენა და ეს ინფორმაცია მიაწოდეს კიდეც ბირჟაზე ახალმოსულ, ნაბახუსევ ქართველ ახალგაზრდას, რომელმაც საპასუხოდ თქვა ისტორიული, დაუვიწყარი ფრაზა:

- მაგასა ჭამს ბიჭო, რობიზონა ჯამასპიშვილი?!.

როგორი დაუჯერებელიც არ უნდა ყოფილიყო რობიზონ ჯამასპიშვილისთვის საბჭოთა კოსმონავტიკის წარმატება, იური გაგარინი მაინც გაფრინდა კოსმოსში, იქიდან მთელს კაცობრიობასა და განსაკუთრებით კი, ანა მანიანის მხურვალედ მიესალმა და დედამიწაზეც მშვიდობიანად დაბრუნდა. მეტიც, საბჭოთა სისტემის უპირატესობის პროპაგანდის მიზნით ბედნიერ იური გაგარინს მთელს დედამიწაზე ბუშტებითა და ყვავილებით დაატარებდნენ და ეს იყო პირველი საბჭოთა ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ სოციალისტური ქვეყნების მოქალაქეებს უღიმოდა, არამედ მთელს დედამიწას. შეიძლება, ამ ღიმილს ემსხვერპლა კიდეც მოგვიანებით, როცა დარდისაგან სმა დაიწყო და სრულიად უკონტროლოც გახდა – შესაბამისად არასასურველიც საბჭოთა ხელისუფლებისათვის და ის გაქრა ცაში, როგორც მილიონობით ადამიანი საბჭოთა მიწაზე.

აღარ იყო იური გაგარინი და, შესაბამისად, აღარ იყო პრობლემაც, რომელსაც იგი საბჭოთა ხელისუფლებას უცხოეთიდან დაბრუნებული უქმნიდა ხოლმე, რადგან ის ყოველთვის გულწრფელად ყვებოდა ყველაფრის შესახებ, რაც დასავლეთში მოსწონდა. განსაკუთრებით გიჟდებოდა ნამდვილ ამერიკულ ჯინსებზე და ოცნებობდა ნამდვილი ჯინსების წარმოებაზე მშობლიურ საბჭოთა კავშირშიც, რომ საბჭოთა მშრომელებსაც ჰქონდათ კარგი ჯინსები და მათაც, ამერიკელი მშრომელებივით, ამაყად ევლოთ საბჭოთა ქალაქების ქუჩებში.

სხვებს თუ ეეჭვებოდათ, გაგარინმა ხომ დანამდვილებით იცოდა, რომ კოსმოსის ათვისებაში საბჭოთა კავშირს, ბადალი არ ჰყავდა მაშინდელ მსოფლიოში და ჯინსების შეკერვას კი რაღა უნდოდა, მაგრამ იური გაგარინმა არ იცოდა, რომ ჯინსების შეკერვას ნემსისა და ძაფის გარდა, კიდევ რაღაც სჭირდებოდა, რაც საბჭოთა კავშირში, უბრალოდ, არ იყო. თუმცა, სურვილი კაპიტალისტური უპირატესობის დამარცხებისა იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა საქართველოში, კერძოდ კი ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში, ჯინსების შეკერვა მაინც დაიწყეს. არჩევანიც არ იყო შემთხვევითი, რადგან სურამში, (იქვე ხაშურთან), ქართველი ებრაელები ნამდვილ ჯინსებს ჰყიდნენ ჩუმად და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ამ ისტორიულ პროგრამას მაშინდელი ცეკას კულუარებში მართლაც საეტაპო სახელი ერქვა: “ჯინსებისა ჯინსებითა დამთრგუნველი!”…

პროგრამა კი მშვენიერი იყო და ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში შეკერილ პირველ ქართულ ჯინსებსაც მშვენიერი სახელი (“ბაკურიანი”) ერქვა, მაგრამ, ამ პროგრამის ხარისხიანად განხორციელება მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა (გასაგები მიზეზების გამო), და ის ქართული ჯინსისმაგვარი შარვალიც, მხოლოდ ხაშურიდან ბაკურიანამდე ძლებდა ერთჯერადი მოხმარებისათვის და შეგეძლო ბაკურიანის მისადგომებთან ისე გადაგეგდო, გულიც არ დაგწყვეტოდა. იური გაგარინიც ისე მოკვდა, რომ საბჭოთა ჯინსები მაინც არ ეღირსა და მისი წინასწარმეტყველური ხუმრობაც გამართლდა – საბჭოთა კავშირი სწორედ იმიტომ დაიშალა, რომ კოსმოსის ამთვისებელ ზესახელმწიფოში, ჯინსების შეკერვა, უბრალოდ, ვერ შეძლეს.

თუმცა, ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოში მაინც ეწერა, რომ იური გაგარინმა კოსმოსში გაჭრა ფანჯარა. ის იყო პირველი და ისტორიის სახელმძღვანელოში ასევე ეწერა, რომ პეტრე პირველმაც გაჭრა ფანჯარა, ოღონდ ევროპაში და ჩვენ ზუსტად არც ვიცოდით, რას ნიშნავდა ევროპაში ფანჯრის გაჭრა, მაგრამ გვქონდა ეჭვი, რომ ეს იყო დაახლოებით იგივე, რასაც გოზალა აკეთებდა ჭავჭავაძის პროსპექტზე.

გოზალა იყო ქურთი ან იეზიდი, ან ორივე ერთად და იჯდა ჭავჭავაძეზე ათასხუთასი ულამაზესი კაბით შემოსილი, როგორც ჭრელი ხიდი თბილისსა და ევროპას (ასევე დანარჩენ კაცობრიობას შორის) და იყო იმავე ასაკის, რასაც ჩვენი ქალაქი ითვლიდა დღიდან დაარსებისა, რადგან დღიდან მისი დაარსებისა, გოზალა თბილისში ცხოვრობდა.

იგი ნათესავებიანად ცხოვრობდა სადღაც ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ხეობაში, სანამ იქ ცათამბჯენებს ააშენებდნენ და მათი სიმღერების ხმა უფრო მაღლაც ადიოდა ხოლმე, როცა ჰქონდათ ქორწილი ან რომელიმე დღესასწაული რომელიმე ღმერთის სადიდებლად. თუმცა, ისინი ძირითადად მზეზე ლოცულობდნენ და მზეს ეთაყვანებოდნენ, რომელიც ჩვენ, მათგან განსხვავებით, დიდი ხნის წინ მივატოვეთ და მხოლოდ ცეცხლის თაყვანისცემა დავიტოვეთ და ისიც მხოლოდ პატარებისათვის. მაშინაც, ბავშვობაშიც, მხოლოდ ბავშვებს ახსოვდათ ზუსტად ის დღე, როცა საქართველოს ყველა სოფელსა და თბილისის ყველა უბანში კოცონს ააგიზგიზებდნენ ხოლმე და იმ კოცონების გარშემო კი ძალიან ბევრი საუკუნის წინანდელ რიტუალს ასრულებდნენ, რომელიც მხოლოდ პატარებს ახსოვდათ გენეტიკური მეხსიერების წყალობით. უფროსებს კი (ჩვენს საბჭოთა მშობლებს), არათუ ჩვენი მაზდეანური და წარმართული წარსული, ქრისტიანული აწმყოც დავიწყებული ჰქონდათ დროებით მაინც და თბილისის ქუჩებსა და ეზოებში დანთებული ცეცხლი, ჯორდანო ბრუნოს შესანდობარი ეგონათ.

თვითონ გოზალა კი ცეცხლთაყვანისმცემელი არ ყოფილა, ის ეთაყვანებოდა მზეს, ისევე, როგორც მისი წინაპრები ოცდაათი საუკუნის წინ და ეფიცხებოდა იმავე მზეს ჭავჭავაძის პროსპექტზე და თბილისის თაკარა მზის ქვეშ გველოდებოდა ჩვენ – ათეისტი მშობლების საბჭოთა ბავშვებს. ჩვენ მონდომებით ვაგროვებდით სახლიდან გამოტანებულ ფულს და ზოგჯერ ვითმენდით და არ ვჭამდით შესვენებებზე გაკვეთილებს შორის, რადგან გაკვეთილების შემდეგ ჩვენ გველოდებოდა გოზალა – ერთადერთი ფანჯარა საქართველოდან ევროპაში, ერთადერთი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოც იმავე პლანეტაზე არსებობდა, სადაც დანარჩენი კაცობრიობა და გოზალა თან ატარებდა იმ დანარჩენი ცივილიზაციის სამ ნიშანს: პედროს, დონალდოს და სუპერბაზუკას…

პედრო ღირდა ორმოცდაათი კაპიკი, დონალდო კი – მანეთი (სუპერბაზუკის ფასი მერყეობდა მომხმარებლის მოთხოვნილების მიხედვით). პედროს ინახავდა მეთორმეტე კაბის შიგნით და სანამ გოზალა გადამალულ ცივილიზაციას ეძებდა, ჩვენ ვკანკალებდით ცივილიზაციასთან კონტაქტის მოლოდინში და როცა გოზალა (როგორც იქნა) გამოიღებდა (მეთორმეტე კაბის ქვემოდან) სანატრელ პედროს, ჩვენ ვღეჭავდით მას როგორც სამოთხის ბაღის აკრძალულ ხილს და მზად ვიყავით სამოთხიდან გამოძევებისთვისაც კი ამ სიამოვნების სანაცვლად, მაგრამ საბჭოთა მილიცია სხვაგვარად ფიქრობდა. მილიცია ებრძოდა ქორვაჭრებსა და გადამყიდველებს (ქორვაჭარი მაშინ (საბჭოთა ეკრანიდან) უფრო შემაძრწუნებლად ჟღერდა ვიდრე ფრინველის გრიპი), მაგრამ ქორვაჭრებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ იმ მილიციელებსაც (ვინც ატენის ქუჩაზე გოზალას დასაპატიმრებლად ჩავიდოდნენ), ისევე აკლდათ პედრო და ჯინსები, როგორც საბჭოთა საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს და ამიტომაც, გოზალა ისევ იჯდა ჭავჭავაძეზე ათას ხუთასი ჭრელი, მაგრამ ულამაზესი გაშლილი კაბით.

გოზალა იყო უფრო პუტკუნა, ვიდრე მსუქანი და როცა ჭავჭავაძეზე იჯდა მოვლილი, მაგრამ დაღლილი ფარშევანგივით, შეიძლება, არც იცოდა, რომ ის იყო უძველესი ასირიული ცივილიზაციის ჩამომავალი და არა უბრალოდ აისორი, როგორც მას (და მათ) თბილისში უწოდებდნენ. თბილისში მათი დასახლებები სხვაგანაც იყო, მაგრამ ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ნაპირებზე ჩასახლებული გოზალას ნათესაობა მაინც ყველაზე ხმაურიანი იყო, რადგან იქ ბოშებიც ცხოვრობდნენ – ინდოეთიდან ევროპისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოში ჩარჩენილი ბოშები, რომლებსაც ევროპისკენ აღარ ეჩქარებოდათ. აქ, მდინარე ვერეს ნაპირებზე, ატენის ქუჩის ბოლოში, იყო ყველაფერი, რისთვისაც ბოშები ინდოეთიდან დაიძრნენ და ბოშურ ბედნიერებას კი შეიძლება ყველგან მიაგნოს ბოშამ, სადაც თავისუფლებას ეძებს. მთელს საბჭოთა იმპერიაშიც სწორედ ბოშები იყვნენ ერთადერთი თავისუფალი ხალხი და მხოლოდ ბოშები ცხოვრობდნენ ისე, როგორც მათ სურდათ და მოსწონდათ. მხოლოდ მათთვის არ არსებობდა საზღვარი, რომლითაც საბჭოთა ხალხები დანარჩენი ცივილიზაციისაგან იყვნენ შემოღობილები და არავინ იცოდა, როგორ შლიდნენ და აქრობდნენ საზღვრებს ბოშები იქ, სადაც ამ საზღვრების გადაკვეთა ჩიტებსაც უჭირდათ. ბოშები კი ჩიტებივით თავისუფლები იყვნენ და გარდა იმისა რომ ფრენაც შეეძლოთ, ჩიტებისაგან განსხვავებით პასპორტებიც არ ჰქონდათ. ისიც არავინ იცოდა საიდან ჰქონდათ ბოშებს ყველაფერი, რაც საბჭოთა ბავშვებს აკლდათ და ისიც არავინ იცოდა, საიდან ჰქონდა გოზალას სანატრელი პედრო და დონალდო. თუმცა გოზალა არ იყო ბოშა და ის ძველი შუმერულ-ასურიული ცივილიზაციის მემკვიდრე გახლდათ თბილისში, ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს მიტოვებულ ნაპირებზე.

ატენის ხეობაში პედროს გამო ჩასვლა როგორ დაგვეზარებოდა (თუკი უფროსკლასელები თბილისიდან სურამში დადიოდნენ ჯინსების მოსარგებად), მაგრამ ამის აუცილებლობა, უბრალოდ არ იყო. გოზალა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჯიპა ჰქონდა დამთავრებული და არც იესემი, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საკითხებში მაინც მშვენივრად ერკვეოდა (დიპლომების გარეშეც) და ზუსტად იცოდა, რომ ჭავჭავაძის ხალხმრავალ პროსპექტზე, ყველაზე დიდი სკოლის წინ, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჯდომა, ყველაზე მომგებიანი იყო მისი ბიზნესის განვითარებისა და მისი მრავალტანჯული ხალხის კეთილდღეობისათვის.

გოზალა იყო მთავარი ფანჯარა ევროპაში, მაგრამ საქართველოს მაშინ კიდევ რამდენიმე (პატარა) სარკმელიც აკავშირებდა სხვა, დანარჩენ ცივილიზაციებთან და ჯინსებთან ერთად თბილისამდე საღეჭი რეზინებიც აღწევდნენ. საღეჭ რეზინებს საქართველოში მრავალი სახელი ჰქონდათ, გასაგები მიზეზის გამო, და მათ უწოდებდნენ როგორც “ჟუვაჩკებს”, ასევე “ჟივაჩკებს”, “ჟუაჩკებს” და “ზივაჩკებსაც” კი. იყვნენ ადამიანები საბჭოთა საქართველოში, რომლებიც საღეჭ რეზინებს კევებს უწოდებდნენ (ალბათ ფიჭვის ხეების გავლენით) და ბოლოს ამ ტერმინმა იმძლავრა კიდეც. საბჭოთა ხელისუფლებაში კი იმძლავრა სურვილმა ადგილობრივი, საბჭოური კევწარმოების შექმნისა დასავლური, მავნე გავლენებისაგან ხალხის დასაცავად და პირველად (1917 წლის გადატრიალების შემდეგ), კრემლმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტბიუროს სპეციალურ სხდომაზე. სხდომა იყო გრძელი და მძიმე, რადგან მომხსენებლები დიდხანს საუბრობდნენ კაპიტალისტების მზაკვრულ და ვერაგულ გეგმებზე საბჭოთა ახალგაზრდობის გარყვნის მიზნით და ბოლოს, როცა ლეონიდ ბრეჟნევმა იკითხა, თუ ვინ გადაარჩენდა საბჭოთა ახალგაზრდების მომავალს, სხდომაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

დუმილი ფრთხილი ჩახველებით დაარღვია საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელმა და მან ფრთხილადვე გამოთქვა ვარაუდი (ამ თვალსაზრისით) მომავალი სომხური მესიანური მისიის შესახებ, თუ სომხები საღეჭი რეზინის წარმოების ნებართვას მიიღებდნენ.

ერევანთან ძალიან ახლოს, ძალიან მოკლე დროში, კევების პირველი საბჭოთა ქარხანა მართლაც გაიხსნა და ამ ქარხანაში დამზადებული საღეჭი რეზინები ძალიან მალე, მთელს საბჭოთა იმპერიაში იყიდებოდა, ისევე, როგორც ყველგან თბილისის მაღაზიებში. ეს მართლაც ძნელად დასაჯერებელი სიახლე იყო საბჭოთა ბავშვებისთვის, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარ არიან ისინი, ვისაც ერევნის კევი არ დაუღეჭავს, რადგან ეს იყო ქვა და არა რეზინა და ქვის დაღეჭვაც თუ შეიძლებოდა, ქართველებმა მართლა არ იცოდნენ.

ქართველებმა (საუკუნეების მანძილზე) იცოდნენ, რომ მათ წინაპრებს შორის იყო ვინმე ნაცარქექია, რომელმაც არაერთხელ ადინა ქვას წვენი. ქართველებმა ასევე იცოდნენ, რომ ქვის გადაყლაპვა შეიძლებოდა, მაგრამ ქვის დაღეჭვაზე, საბჭოთა სომხეთის ექსპერიმენტამდე, წარმოდგენა არ ჰქონდათ. ქვის გადაყლაპვა კი, არათუ შესაძლებელი, სასურველიც კი იყო ქართველებისთვის ქალაქში შესვლის წინ. ეს ტრადიციაც იმიტომ გაჩნდა, რომ ქართველები ძირითადად სოფლებში ცხოვრობდნენ და ის რაც ქალაქებში ხდებოდა, იმდენად უჩვეული იყო მათთვის, რომ, ემანდ ქალაქმა არ დაგვცადოსო და პირველშესვლის წინ კენჭებს ყლაპავდნენ. წესი იყო კენჭის გადაყლაპვისა, მაგრამ განსაკუთრებით მონდომებული (ან შეშინებული) ქართველები, ქვებსაც ეტანებოდნენ, (ვაითუ კენჭმა არ იკმაროსო). ილია ჭავჭავაძესაც (პირველად რომ თბილისს მიადგა) კენჭი გადააყლაპეს და თურმე ბევრიც იცინა, მაგრამ ქვის დაღეჭვაც თუ მოუწევდათ მის საყვარელ ქვეყანაში ადამიანებს, დიდი ილიაც კი ვერ წარმოიდგენდა. არადა, სულ რაღაც ერთი საუკუნის შემდეგ, სულ სხვა გზით წასულმა მისმა ხალხმა, ქვათა ღაღადის მოსმენასა და წაკითხვას, ისევ ქვების ღეჭვა ამჯობინა სომხების წყალობით. მართალია უფროსები თავს იკავებდნენ და ერევნის კევწარმოებას არც აღიარებდნენ, მაგრამ ქართველი პიონერები მაშინ ტექნოლოგიურად სრულიად ჩამორჩენილი საბჭოთა სტომატოლოგიის კლიენტები ხდებოდნენ.

პიონერები კი ძალიან ბევრნი იყვნენ და პიონერების ორგანიზაცია თითქმის მაშინვე გაჩნდა, როცა ბოლშევიკებმა შეიარაღებული გადატრიალება მოახდინეს რუსეთში და ძალაუფლებას დაეპატრონნენ. გამოსაგონებელიც ბევრი არაფერი იყო, რადგან ბოისკაუტები უკვე არსებობდნენ, საბჭოთა ხელისუფლებამ კი ინგლისელების გამოცდილებას საბჭოური ატრიბუტიკა და იდეოლოგია დაამატა. განსხვავებაც სწორედ ის იყო, რომ სკაუტი (მაგალითად ინგლისში), შეიძლება სურვილისამებრ გამხდარიყავი, მაგრამ პიონერობა საბჭოთა კავშირში, ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელი იყო და წითელი ყელსაბამითაც აუცილებლად გაგნასკვავდნენ. ამ წითელი ყელსაბამით შეგეძლო თავიც ჩამოგეხრჩო, მაგრამ ბოლშევიკების მზაკვრობაც სწორედ ის იყო, რომ თავის ჩამოხრჩობაზე ფიქრს რომ იწყებდი, პიონერი უკვე აღარ იყავი – კომკავშირული სამკერდე ნიშანი გელოდა. კომკავშირში შესვლა აღარ იყო აუცილებელი (თუმცა იყო მასობრივი), მაგრამ ის უპირატესობა ჰქონდა, რომ წითელი ყელსახვევის ტარებას უკვე აღარ მოითხოვდნენ შენგან და რაც მთავარია, კომკავშირის სამკერდე ნიშანი იყო ძალიან პატარა. მართალია ოფიციალურად, განუყრელად შენთან ერთად უნდა ყოფილიყო კომკავშირის სამკერდე ნიშანიც, მაგრამ სკოლის უნიფორმა ისეთი იყო (საბჭოთა პერიოდში), რომ ყველაფერი სულერთი ხდებოდა შენთვის, მათ შორის კომკავშირიც.

საბჭოთა სკოლის უნიფორმაც ბიჭებისთვის თავიდან იყო ქვის, რომელსაც აბრტყელებდნენ და კერავდნენ შარვლებად და კოსტუმებად, თუმცა ყველანაირი ქვა (ამ მიზნით) ბუნებრივია არ გამოიყენებოდა. რუსები უპირატესობას ანიჭებდნენ რიყის ქვებს, რომლებსაც წყალი ვეღარ წვდებოდა (შესაბამისად იმ ქვებს სტაბილური ფერი ჰქონდათ), მაგრამ კონკრეტულად, რა ფერის იყო საბჭოთა სკოლის უნიფორმა, მაშინაც ძნელი სათქმელი იყო და ახლა მით უმეტეს ძნელია.

ეს იყო კაცობრიობისათვის მანამდე სრულიად უცნობი, ენითაღუწერელი ფერი, რომელსაც არათუ ცისარტყელა, მიწის არცერთი სარტყელიც არ შეიცავდა. თუმცა, ბოლშევიკები გაურკვევლობას ვერ იტანდნენ და მოგვიანებით სკოლის ფორმებიც შეცვალეს და მშობლებმაც ამოისუნთქეს, რადგან სანამ საბჭოთა კავშირში ავტოკალამი (ეგრეთწოდებული პასტა) გაჩნდებოდა, მოწაფეებს სკოლაში ჩანთებზე წამოკონწიალებული სამელნეები დაჰქონდათ. ბუნებრივია, სამელნე მელნით სავსე უნდა ყოფილიყო (შიგ საწერი კალმის ჩასაწობად) და ადვილი წარმოსადგენია, როგორი მელანშიამოტუტყნულები ბრუნდებოდნენ შინ საბჭოთა მოწაფეები. რასაკვირველია, ეს არ იყო გიშრის ტბის მელანი (სხვათა შორის, ბერბერულ ალჟირშია), რომელსაც შოთა რუსთაველი ხმარობდა, მაგრამ (ტვინში თუ არა), ტანსაცმელზე ლურჯ კვალს მაინც ტოვებდა. ჰოდა, რადგანაც მელანი ლურჯი იყო (და საბჭოთა მოწაფეც მაინც ისვრებოდა), საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სკოლის უნიფორმაც, ბარემ ლურჯი ყოფილიყო. იმ ლურჯ სიახლეს მოსკოვის ფორმა ერქვა.

სინამდვილეში ყველა ფორმა (სკოლაც, ჯარიც და ავიაციაც) მხოლოდ მოსკოვის იყო, მაგრამ იმ ლურჯ შარვალსა და პიჯაკს იმიტომ დაერქვა მოსკოვის ფორმა, რომ დასაწყისში ეს სიახლე მხოლოდ მოსკოვში მცხოვრობ მოწაფეებს ეცვათ. იმპერიის დედაქალაქი მოსკოვი იყო, ჩვენ კი მხოლოდ პროვინციული გუბერნია-რესპუბლიკა ვიყავით და საქართველომდე ახალი ფორმების ჩამოღწევას მაინც დრო უნდოდა. თუმცა, მაინც იყვნენ ქართველი მამები (და, ალბათ, ყველაზე მეტნი სხვა რესპუბლიკებთან შედარებით), რომლებსაც გული არ უთმენდათ (ისე უნდოდათ შვილების გახარება) და მოსკოვში მიფრინავდნენ. იქ, მოსკოვში, სადღაც, კრემლთან ახლოს, იყო ორი მაღაზია, ორი ქართული სიხარული, სადაც ქართველი ქალები ფლოსტებითაც კი დატყაპუნებდნენ ხოლმე (თუ იქვე, რომელიმე სასტუმროში ცხოვრობდნენ), მაგრამ მოსკოვის ფორმები, ძირითადად, მაინც ქართველ მამებს ჩამოჰქონდათ. ყიდულობდნენ იმ ორი დიდი მაღაზიიდან ერთ-ერთში, რომელთა სახელებიც ყველა ქართველმა დედამ იცოდა, თუმცა ამ სახელების მნიშვნელობა ისეთივე გაუგებარი და ამოუხსნელი იყო მათთვის, როგორც ფლოსტები და ჩუსტები.

მოსკოვისა და საბჭოთა იმპერიის ორ ყველაზე დიდ მაღაზიაში (სადაც ქართველი ქალების ნახვა შეიძლებოდა ჩუსტებშიც და ფლოსტებშიც), ზოგჯერ უცხოური წარმოების ფეხსაცმელებიც იყიდებოდა. ქართველები, მაშინაც განსაკუთრებით მგრძნობიარენი, ფეხსაცმელების მიმართ იყვნენ და ფეხსაცმელის მიმართ საქართველოში, მაშინაც განსაკუთრებული მოთხოვნილება არსებობდა. ამიტომაც გუმში და ცუმში, ფეხსაცმელების ახალი პარტიის (ეგრეთწოდებული იმპორტულის) გამოჩენის ამბავი, დაუყოვნებლივ აღწევდა მოსკოვიდან ათასზე მეტი კილომეტრით დაშორებულ საბჭოთა საქართველომდე. თბილისში (გასგები მიზეზების გამო) განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდებოდა ცნობები გუმისა და ცუმის განახლების შესახებ და ქართველები ისევ მოსკოვში მიფრინავდნენ. ძირითადად ეს იყო “ცებოს” (ჩეხური ან სხვა სოციალისტური წარმოების ფეხსაცმელი) და იშვიათად “ტოპმენი” ან “სალამანდრა” (კაპწარმოებისა), მაგრამ ფეხშიშველი სიარული ქართველებს იმთავითვე არ უყვარდათ, როგორც (მაგალითად) რიგში დგომა. თუმცა, რიგში დგომა მათ არ უწევდათ, რადგან ისინი რიგსაც ყიდულობდნენ (რიგის ნომერს საბჭოთა მოქალაქეებს, მაღაზიების მისადგომებთან, პირდაპირ ხელებზე აწერდნენ) და ფეხსაცმელშეძენილ ქართველ კაცებს ისღა დარჩენოდათ რომ ადგილობრივი (ან დედაქალაქში დანარჩენი რუსეთიდან ჩამოსული) ქალები მოეტყნათ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტიმურ კავშირში შესვლა, ქართველი მამაკაცებისათვის საკმაოდ იოლი იყო, რადგან რუსი ქალებისათვის (უმრავლესობისათვის) მაშინ სექსუალური ალტერნატივა, არ არსებობდა. ასეთი ქალების აღმოჩენა მოსკოვში ან რუსეთის ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ რესტორანში ძალიან ადვილი იყო და რაც მთავარია, ისინი არ იყვნენ პუტანკები კლასიკური ან დღევანდელი გაგებით. ისინი არ ითხოვდნენ ფულს სექსის სანაცვლოდ და ხშირ შემთხვევაში რესტორანში დაპატიჟებითაც კმაყოფილდებოდნენ. იმ კმაყოფილ და ბედნიერ ქალებს (ძირითადად), ჰქონდათ თმის უცნაური, დაკოსილი ვარცხნილობა და გიჟდებოდნენ ცეკვებზე. ხოლო თმის ვარცხნილობის გავლენით გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, თბილისის საპარიკმახეროების ვიტრინებზეც კი არსებობდა საკმაოდ სურეალისტური შინარსის განცხადებები: “ვაკეთებთ პოლონურ ქოჩორ ბუჩქს…”

პოლონეთი მაგარი ქვეყანა იყო და რუსებს ყოველთვის ებრძოდა, მაგრამ მაშინაც კი, როცა პოლონელებს ხვრეტდნენ თავისუფლების გამო, პოლონელი ბარიგები საბჭოთა საქართველომდეც კი აღწევდნენ კომერციული მიზნების განსახორციელებლად. მოსკოვის დამოკიდებულებაც პოლონეთის მიმართ იცვლებოდა ხოლმე და თუ ზოგჯერ პოლონეთის საზღვარი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი, არცთუ იშვიათად გახსნიდნენ ხოლმე და ათასობით საბჭოთა ტურისტს, პოლონეთში უშვებდნენ. მათ შორის იყვნენ ქართველებიც (შეიძლება სხვებზე მეტნიც) და მათ პოლონეთიდან ნამდვილი საღეჭი რეზინები ჩამოჰქონდათ – ისეთები, როგორიც გოზალას ჰქონდა ან ისეთები, თბილისის სახელმწიფო ცირკთან რომ ჰყიდდნენ რომელიღაც მომთაბარე თუ მოხეტიალე ტომის ქალები. ცირკის მისადგომებთან (რომელიც ბოლოს ქართველ პუტანკებს დარჩათ), ჯადოსნური ჟუვაჩკებიც კი იყიდებოდა, მაგრამ თვითონ ცირკში მოხვედრა, ერთობ პრობლემატურიც კი იყო, თუ თბილისში საგასტროლოდ (მაგალითად) იგორ კიო ჩამოდიოდა. რადგან სხვა შოუ და სანახაობა არ არსებობდა, არათუ კიოს ცირკს, ოთარ რატიანის წარმოდგენასაც კი, მთელი თბილისი და საქართველო ესწრებოდა დიდიან-პატარიანად. უფროსებიც ისევე სიამოვნებითა და სიხარულით დადიოდნენ ცირკში, როგორც პატარები და ბავშვებისაგან განსხვავებით, ქართველ მამებს, ცირკისაკენ გული (და თვალები), სხვა მიზეზის გამოც მიუწევდათ. ცირკი იყო ერთადერთი ადგილი მაშინ, სადაც შიშველი ქალების ნახვა შეიძლებოდა, თუმცა აკრობატებს შორის, ასაკოვანი ქალებიც იყვნენ ხოლმე და მალაყების შესრულებისას, მათ გამო, ხალხი ღელავდა კიდეც. ამ აღელვებულ ხალხს კიდევ უფრო ძაბავდა ხოლმე ორკესტრი, რომელიც ცოცხლად ასრულებდა მკაცრად განსაზღვრულ რეპერტუარს, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი მშვიდობიანად სრულდებოდა. ხალხიც იშლებოდა, დედები და ბავშვები სახლში მიდიოდნენ ბუშტებით. მამები კი ყვავილებით ხელში, ცირკის უკანა გამოსასვლელთან ელოდნენ თავგანწირულ აკრობატებს. აკრობატი ქალები (რუსები ან ზოგადად სლავები) სასტუმროში ცხოვრობდნენ საბურთალოზე, სადაც შამპანურით აღინიშნებოდა ხოლმე ყოველი წარმოდგენის წარმატებული დამთავრება…

შამპანურის სმა მაშინდელ თბილისსა და სრულიად საქართველოში, გარდა იმისა, რომ ერთგვარი მოდა გახლდათ, ლოგიკურიც იყო, რადგან სამოცდაათიან წლებში, საბჭოური სოცშეჯიბრების გამო (გარდამავალი დროშების მოლოდინში მოსკოვიდან), ქართული ღვინო უბრალოდ წაახდინეს. ღვინის სამშობლო საქართველოში, სადაც შვიდი ათასი წლის მანძილზე, ყოველთვის არსებობდა კარგი ღვინო, XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში, კარგი ღვინო უბრალოდ, გაქრა. ქართველ მეღვინეებს პირდაპირ ავალებდა საქართველოს საბჭოთა მთავრობა, გაეზარდა ღვინოს რაოდენობა ხარისხის ხარჯზე და საქართველოში გაჩნდა ღვინო, რომელსაც დაუჯერებელი, ენითაღუწერელი სუნი და გემო ჰქონდა.

ჩვენი ქვეყნის ძველ დამპყრობლებს შორის ასურიელები, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მომთხოვნები იყვნენ და მოხარკე ქვეყნებს მხოლოდ ოქროთი ახდევინებდნენ ყოველწლიურ ბეგარას, მაგრამ ქართველებისაგან (გამონაკლისის სახით), ოქროს ნაცვლად ღვინოს ითხოვდნენ და ეს ოქრო-ღვინო, ქართველმა კომუნისტებმა (გარდამავალ დროშებს დახარბებულებმა), გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ისე წაახდინეს, რომ ღვინის ხარისხი საქართველოში, დღემდე ვერ აღუდგენიათ. (სხვათა შორის, ცნობილი ანეგდოტი გარეჯთან დაკავშირებით, როცა ჩვენ უნივერსიტეტის წინ პირველი მიტინგები მოვაწყვეთ, ნამდვილი ამბავია და ზუსტად ასახავს შევარდნაძის ეპოქის ცვლილებებს საქართველოში. სწორედ ერთ-ერთი პირველი მიტინგის დროს უნივერსიტეტთან გამოვლილმა ტაქსის მძღოლმა რომ იკითხა, რამ გაამწარა ეს სტუდენტებიო და როცა უთხრეს გარეჯის ამბავს აპროტესტებენო, გულწრფელად დაგვლოცა და გულწრფელადვე თქვა ის ლეგენდარული ფრაზა – თქვენ გენაცვალეთ ჯიგარში, თორე გარეჯი ისე წაახდინეს, აღარც დაილევაო. მაშინ ერთ-ერთ სამარკო ღვინოს “გარეჯი” ერქვა და ზოგჯერ მართლა საშინელება იყო ხოლმე, თუმცა ჩვენ, სტუდენტები, მაინც ვსვამდით უფროსებისაგან განსხვავებით). საუკეთესო ღვინოებსმიჩვეულმა ქართველებმა კი კატეგორიული უარი თქვეს წახდენილი ღვინოს მირთმევაზე და შამპანურებს მიეძალნენ. შამპანური კი, მოგეხსენებათ, სწორედ ის გაზიანი სითხეა, რომელიც უნდა წრუპო და ქართველებს კი სასმელის წრუპვა რომ შეეძლოთ, აქამდე ევროკავშირშიც მიგვიღებდნენ. მაშინ (მით უმეტეს) არსად ეჩქარებოდათ ქართველებს და შამპანურს მიირთმევდნენ განსხვავებულებით, ყანწებითაც კი და ადვილი წარმოსადგენია, როგორი გაწვალებული იქნებოდა ნაბახუსევზე ქართველი კაცი, რომელსაც წინა საღამოს გაზი ახრჩობდა, დილით კი პახმელია ტანჯავდა. კუჭისა და სწორნაწლავის მასიური პრობლემებიც საქართველოში სწორედ მაშინ გაჩნდა პირველად და ახლა ქართველი მამაკაცების უმრავლესობას ცისტიტი და პროსტატიტიც აწვალებს. მართალია, ამ უკანასკნელი დარდების გამომწვევი მიზეზები უფრო გვიანდელია (მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებისა), მაგრამ ნებისმიერი დაავადება (ყველაზე ადვილად) იმ სხეულში იკიდებს ფეხს, სადაც სხვა მეზობელი ორგანოს დაავადება უკვე არსებობს.

არსებობდა თბილისის ცირკის ალტერნატივაც, სადაც ასევე შეიძლებოდა თითქმის შიშველი ქალების ნახვაც და ეს იყო ქალაქ თელავის სასტუმრო “ინტურისტის” რესტორანი. არავინ იცის, რატომ (ალბათ, კერძო კახური ინიციატივის გამო), მაგრამ თელავის “ინტურისტში” რიგის ვარიეტეს ქალები ცეკვავდნენ და იმ ქალების სანახავად (და არა მხოლოდ სანახავად), კაცები თბილისიდან (და არა მხოლოდ თბილისიდან), სიამოვნებით ჩადიოდნენ. ვარიეტე რიგიდან კი იყო, მაგრამ ის ქალები, რასაკვირველია, რუსები იყვნენ და არა ლატვიელები და უკანაც აღარ დაბრუნებულან. რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის სად იცხოვრებდნენ, რიგაში თუ კახეთში და ზოგი მათგანი კურდღელაურში დასახლდა (მოგვიანებით) და ზოგიც თელავში გათხოვდა, ხაშლამის გაკეთებაც ისწავლა და ზედ მარილის მოყრაც.

მარილი კი (მგონი) ერთადერთი გამოგონება იყო საბჭოთა კავშირში, რისი დეფიციტიც არ არსებობდა (აღზევანს გასვლა ნამდვილად არ ჭირდებოდა), თუმცა, სხვა ნებისმიერი პროდუქტი პრობლემა იყო და ბოლოს, (სწორედ სამოცდაათიან წლებში) ტალონებიც კი შემოიღეს კარაქზე, შაქარზე თუ ბრინჯზე. თუმცა ყველაზე სევდიანი მაინც ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი იყო და საბჭოთა ადამიანები თვითონაც ხუმრობდნენ ხოლმე ამ თემაზე, მაგრამ როცა ტუალეტში (საკუთარ თავთან მაინც) მარტო რჩებოდნენ, აღარ ეღიმებოდათ, რადგან ტუალეტის ქაღალდის გარეშე ცხოვრება, ყოვლისგამძლე საბჭოთა მოსახლეობისთვისაც კი, ძალიან ძნელი იყო. ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობა მაინც ახერხებდა ტუალეტის ქაღალდის მოპოვებას მხოლოდ მათთვის ცნობილი გზებითა და ხერხებით. საბჭოთა კავშირში საერთოდ არ არსებობდა სადაზღვევო სისტემა, მაგრამ ქართველები (სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის), თვითონვე ზრუნავდნენ დაზღვევაზე და ამიტომაც საბჭოთა საქართველოში თითქმის არ იყო საოჯახო ტუალეტი, სადაც ვერ აღმოაჩენდით წიგნებს, ჟურნალებს და გაზეთებს. სადაზღვევო დანიშნულება ძირითადად გაზეთებს ჰქონდათ (საბჭოთა ტყუილებს სინამდვილეში) და წიგნებსა და ჟურნალებს კი ქართველი ხალხი (იმ პროცესის პარალელურად) გატაცებით კითხულობდა. ქართველი პატრიოტების საკმაო ნაწილს, მაშინვე ახარებდა ლიტერატურის აღმოჩენა ქართულ ტუალეტებში და პატრიოტები ამაყობდნენ იმით, რომ ქართველები სწავლა-განათლებას ტუალეტებშიც კი ეწაფებოდნენ, დრო რომ არ დაეკარგათ. თუმცა, დრო რომ გავიდა, საქართველო ისევ დამოუკიდებელი რომ გახდა (დეკლარირების დონეზე მაინც) და საკუთარი ჭკუა-გონების ამარა დავრჩით, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტუალეტში მიღებული განათლება, კარგი სახელმწიფოს შესაქმნელად, საკმარისი მართლაც არ არის…

ცნობილი ამბავია, მაგრამ მაინც: გურიიდან თბილისში ყაბალახით ჩამოსულმა დიმიტრი ვანიძემ რუსთაველზე (მაშინდელი გოლოვინსკის პროსპექტზე) გასეირნება გადაწყვიტა. ასე, თავზე ყაბალახწაკრულმა გაიარ-გამოიარა და მიტროფანე ლაღიძის წყლის),მირთმევა რომ გადაწყვიტა, ვიღაც თბილისელმა კინტომ ღიმილით ჰკითხა – ძიაჯან, თავი ხომ არა გტკივაო. დიმიტრი ვანიძემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და იმ გაღიმებულ კინტოს ისეთი მუშტი უთავაზა, რომ კინტო გოლოვინსკზე გაიშხლართა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და დიმიტრი ვანიძეს ხულიგნობისთვის უჩივლა. ბატონი დიმიტრი დააპატიმრეს და ჰაუპტვახტაზე მიაბრძანეს (სადაც ახლა კინო რუსთაველია, იქ იდგა მაშინ ჰაუპტვახტი), მაგრამ მალევე გაუშვეს, რადგან ქართველებმა თავდების გამოსასყიდი გადაიხადეს. მალევე შედგა სასამართლოც, სადაც გაკვირვებული კინტო მოსამართლეს მონდომებით უხსნიდა: ერთიც ვნახოთ მოვდივარ გოლოვინსკზედ და რასა ვხედავ – კაცს თავი აქვს ქალივით წაკრული და ოხრამს, რა უნდა მეფიქრნა, ზნაჩიტ თავი სტკივა, ეგრე არ არის?

ზაფხული იყო და ივლისის ბოლოს კი თბილისში, ზოგჯერ, კამიუს სიცხეც კი დგება ხოლმე და იქნებ დიმიტრი ვანიძეც ამ სიცხის გამო ოხრავდა, თუმცა მოსამართლე იმ თბილისელ კინტოზე ნაკლებად გაკვირვებული როდი იყო – თუ ბრალდებულს მართლა სიცხე აწუხებდა (ანუ ცხელოდა), მაშ თავწაკრული რატომ დაუყვებოდა ისედაც დახუთულ გოლოვინსკსს?

თავის მხრივ გაკვირვებული იყო დიმიტრი ვანიძეც, რადგან გურიასა და აჭარაში (ან სხვაგან, დასავლეთ საქართველოში) ყაბალახთავშეკრული კაცის ნახვა, განა რა გასაკვირი იყო, თუნდაც, ზაფხულში, ივლისის ბოლოს?

ამიტომაც მოსამართლე ცოტა დაბნეული ჩანდა, რადგან იურიდიული განათლება ლაიპციგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული და არც გურიაში, არც აჭარაში (და საერთოდ დასავლეთ საქართველოში) ნამყოფიც არ იყო. სამაგიეროდ, ქართველი სტუდენტები გურიიდან, აჭარიდან თუ იმერეთიდან (საერთოდ დასავლეთ საქართველოდან), ისე ხვდებოდნენ ევროპის უნივერსიტეტებში რომ თბილისში ნამყოფები არ იყვნენ და უცნაური ამაში, არაფერი იყო მაშინ, რადგან თბილისის გამო, საქართველომ თავკომბალას ფორმა (და შინაარსი) მხოლოდ საბჭოთა პერიოდში მიიღო. საბჭოთა ხელისუფლებამდე, ქართველები ისე ცხოვრობდნენ, როგორც ახლანდელი ევროპელები და ხონელისთვის (მაშინ) ხონი ისევე იყო სამყაროს ცენტრი, როგორც ახლა ბარსელონელისთვის ბარსელონა, მილანელისთვის მილანი და მანჩესტერელისთვის – მანჩესტერია. ხონელისთვის თუ ბათუმელისთვის, ქუთაისელისთვის თუ ოზურგეთელისთვის, თბილისი მხოლოდ ადმინისტრაციული დედაქალაქი იყო და არა ყველა ქართველის საერთო საცხოვრებელი ოცნება. ამიტომაც, ქართული კულტურა იქმნებოდა საქართველოს ნებისმიერ სოფელსა და ქალაქში და არა მხოლოდ და მხოლოდ (და მაინცდამაინც) თბილისში. საბჭოთა პერიოდში კი ეს ბალანსი და ჰარმონია უხეშად დაარღვიეს ქართველმა კომუნისტებმა, რომლებმაც მიწებჩამორთმეული ადამიანები მასიურად ჩამოასახლეს თბილისში მშობლიური სოფლებიდან, რასაც თბილისის მოსახლეობის ისეთი ზრდა მოჰყვა რომ კომუნისტები იძულებულები გახდნენ, კორპუსების მასივები აეშენებინათ მათთვის და იქ დაესახლებინათ ყოფილი გლეხები. საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა ნებისმიერი ბოროტგანმზრახველი დამპრყობელი, ვინც ხვდებოდა რომ საუკუნეების მანძილზე ამ ქვეყნის მთავარი ღერძი სწორედ გლეხი იყო და მის გადარჩენის მთავარი საიდუმლო კი – მიწა. სწორედ მიწას მოწყვეტილი ქართველი ხდებოდა საბჭოთა ადამიანი, რისი მიღწევაც კომუნისტებმა მას შემდეგ ძალიან ადვილად შეძლეს, რაც საუკეთესო ქართველები დახვრიტეს ან ბანაკებში გადაასახლეს. ამიტომაც გაუკვირდა თბილისელ კინტოს (ერთი საუკუნით ადრე) არათბილისელის დანახვა გოლოვინსკზე ივლისის სიცხეში, მაგრამ მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, უკვე პირიქით იყო – რუსთაველზე თბილისელის დანახვა ხდებოდა იშვიათი და ქართველები ტუალეტის ქაღალდის მოპოვებას, მაინც (თითქმის) ყოველთვის ახერხებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის მოგვარების ნაწილი იყო, რადგან ტუალეტის შემდეგ ხელები ხომ უნდა დაგებანა (აუცილებლად) და ხელების დაბანას კი მოგეხსენებათ, საპონი სჭირდებოდა. როცა საბჭოთა მაღაზიების დახლებიდან საპნები ქრებოდა (დეფიციტის ამბავში), ქართველი დედები და ბებიები (სადღაც გადამალულ), თითქმის კახური აგურის ზომის სარეცხის საპნებს ამოაძრობდნენ ხოლმე. ზოგიერთ ოჯახში შამპუნებიც ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე ხშირი, მაინც საპნების შეგროვება იყო და ამ საქმიანობით (ძირითადად) გოგოები იყვნენ დაკავებული, რომლებიც უცხოურ, არომატულ საპნებს აგროვებდნენ. ბიჭები კი (ძირითადად) აგროვებდნენ მარკებსა და მანქანების მოდელებსა და პატარა მოდელების გამოშვება (სამოცდაათიან წლებში) თბილისის სათამაშოების ქარხანაშიც დაიწყეს. ქარხანა ერქვა თუ ფაბრიკა, ახლა რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან ცუდი ნამდვილად არ იყო და მეტიც – ზოგიერთი მოდელი მართლა მონდომებით გაკეთებულს ჰგავდა, რასაც ბავშვებიც გრძნობდნენ, ხედავდნენ და უხაროდათ. “სიხარული” ერქვა კიდეც იმ მანქანებს და რომ ამოატრიალებდი, ქართულადაც ეწერა სახელი, მაგრამ უცხოურ, (გაცილებით დახვეწილ მოდელებს), რასაკვირველია, გაცილებით მეტი სიხარული მოჰქონდა ქართველი (და არა მარტო ქართველი) პატარებისთვის. პატარებზე იყო კიდეც გათვლილი ნებისმიერი საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც უფროსებს ჩააგონებდა, რომ ეს საბჭოური, უღრუბლო ცა, მათი შვილების ბედნიერებისთვის, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება. ქართველ მშობლებსაც სიამოვნებით სჯეროდათ, რომ მათი შვილების უღრუბლო და მშვიდობიანი ცა მთავარი უპირატესობა იყო, რასაც საბჭოთა ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობდა კაპიტალისტური დასავლეთისაგან განსხვავებით და მშობლებიც იძულებული იყვნენ ლექსები ეწერათ. ქართველებს სამშობლოზე ლექსების წერა ყოველთვის უყვარდათ (არასოდეს ეზარებოდათ) და პატრიოტიზმის გამოვლენადაც კი მიიჩნევდნენ. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ სწორედ მაშინ, სამოცდაათიან წლებში, საქართველოს უკიდეგანო სიყვარულზე, ყველაზე მეტი ლექსი დაიწერა და წამახალისებელი ფაქტორი კი იყო დისიდენტური ელფერი, რომელიც მაშინდელ პოეზიას დაჰკრავდა. ქართველებს ეჩვენებოდათ, რომ ქართული პოეზია საქართველოს გადასარჩენად იბრძოდა კრემლის ნებართვის გარეშე და განსხვავებულ ფილმებსა და სპექტაკლებს, მათ ავტორებს, გმირობად უთვლიდნენ. სინამდვილეში ეს ქართული ნიჭის გამორჩეული წარმატებები იყო საბჭოურ სივრცეში და არა გმირობა, რადგან მოსკოვის ნებართვის გარეშე (სინამდვილეში) რიგით დისერტაციასაც კი ვერ დაიცავდა რიგითი ქართველი მეცნიერი და ასპირანტი. თუმცა ეს ვერაგული ხრიკი (დაპყრობილების კულტურული მიშვებისა), რუსების მოგონილი არ იყო და თითქმის ყველა იმპერიის თვისება იყო სწორედ იმპერიის შენარჩუნების მიზნით. ინგლისელები (მაგალითად) ოსკარ უაილდის დადგმას ლონდონში კრძალავდნენ, მაგრამ არა დუბლინში, რომ ირლანდიელებს ცოტა გული მოეფხანათ და მთავარზე არ ეფიქრათ – ირლანდია დაპყრობილი იყო ინგლისელების მიერ და საქართველო კი მხოლოდ ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიისა. ეს შედარებითი, პროვინციული ლიბერალიზმი, კრემლიდან შეგნებულად ნებადართული მურაბა იყო, რომელიც წარმატებით ატკბობდა ქართული ხასიათის ამბიციურ და ამპარტავნულ ბუნებას, თორემ, ვინც საქართველოს თავისუფლებაზე ხმამაღლა ოცნებობდა, ოცნების სასჯელს ციმბირში იხდიდა (ან უფრო შორსაც) და საქართველოს ბუნებაც ისევე ენატრებოდა, როგორც მურაბა და კომპოტი.

სხვათა შორის, გასული საუკუნის გასრულებასთან ერთად, საბჭოთა რუსეთთან (ოფიციალურად) გამომშვიდობების შემდეგ, თბილისელები ნელ-ნელა კომპოტსა და მურაბასაც გამოემშვიდობნენ და უფრო სწორად კი, დაემშვიდობნენ ტრადიციას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა საქართველოში და აგერ სულ ახლახანს, ჩვენს თვალწინ გაქრა. არადა ზაფხულობით მთელს თბილისში ძალიან არომატული სუნი ტრიალებდა ხოლმე, რადგან დედები და ბებიები ზამთრისთვის ემზადებოდნენ და მურაბებს ხარშავდნენ და კომპოტებს ათუხთუხებდნენ, მერე ქილებში ხუფავდნენ და ზამთარი მათ, ვეღარც აშინებდა. იქ სადაც იყო ჩაი და მურაბა, იყო თბილი ზამთარიც და თბილისის ფანჯრებს ჭირხლი ედებოდა ხოლმე, (რაც შეიძლება, ცენტრალური გათბობის ბრალი იყო) და ის ჭირხლიც, ბოლოს მურაბასავით გაქრა. გაქრნენ თოლიებიც, მტკვარს რომ ამოუყვებოდნენ ხოლმე ალბათ, კასპიის ზღვიდან და გაქრა ახლადაყვავებული ნუშისა და ატმის სუნიც თბილისის ქუჩებში, როცა გაზაფხული ტროტუარებზე კვირტებს დახეთქავდა ხოლმე და ეს მძაფრი სუნი მთელს ქალაქს აბრუებდა. გვიან გაზაფხულზე კი, როცა მაისის ჟუჟუნა წვეთებს ხანმოკლე, მაგრამ გემრიელი წვიმა შეცვლიდა, ისეთი სუნი ავარდებოდა თბილისის ქუჩებიდან, რომ მერე ასფალტებსაც კი რჩებოდა ხოლმე, ერთი დღით მაინც რაღაც ძალიან სასიამოვნო, რაღაც ზეიმის მსგავსი.

თუმცა სხვა ზეიმებიც იყო – ბოლშევიკური დღესასწაულები, რომელთაც მთელს საბჭოთა კავშირში დიდი მონდომებით აღნიშნავდნენ ხოლმე და განსაკუთრებით ემზადებოდნენ შვიდი ნოემბრისა და პირველი მაისისათვის. 7 ნოემბერს აღნიშნავდნენ ოქტომბრის რევოლუციის იუბილეებს, რადგან კალენდარი იმთავითვე შეცვალეს და ოქტომბრის რევოლუციას ნოემბერში ზეიმობდნენ. უფრო ღიმილისმომგვრეული კი ის იყო, რომ სინამდვილეში რევოლუცია თებერვალში, რამდენიმე თვით ადრე მოხდა (პეტერბურგში) და რაც ოქტომბერში იკადრეს ბოლშევიკებმა, (სახელმწიფო გადატრიალების გზით) ხელისუფლების ძალის გამოყენებით უზურპაცია იყო და სხვა არაფერი. თუმცა, კომუნისტებს სულაც არ აწუხებდათ სიმართლე და ოქტომბრის დიდ ტყუილსაც ისეთი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ, რომ ისტორიის არმცოდნე ადამიანს მართლა ეგონებოდა, რომ 1917 წლის 7 ნოემბერს პეტროგრადში რევოლუცია მოხდა. თბილისში კი 7 ნოემბერს ყოველთვის ციოდა ხოლმე და რეპეტიციებზე გამოყვანილი თეთრპერანგიანი სკოლის მოწაფეებიც სიცივისაგან კანკალებდნენ, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ რადგან გაკვეთილებს აცდენდნენ, ხოლო სკოლის მოწაფისათვის, გაცდენილ გაკვეთილზე კარგი გაკვეთილი, არც მაშინ არსებობდა.

ჩვენ არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო, მიუხედავად იმისა რომ უკვე მეხუთეკლასელებს გვქონდა რაღაც პროტესტისმაგვარი – თუმცა ჯერ გაურკვეველი და ბუნდოვანი, ისეთივე ბუნდოვანი, როგორც თავად ის ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობდით.

არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო, რადგან ჩვენ გვიმალავდნენ იმას, რისი გაგებაც გვსურდა ჯერ კიდევ ძალიან პატარებს და ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ჩვენი სამშობლო ორჯერ დაიპყრო ყველაზე საშინელმა, ყველაზე დაუნდობელმა მტერმა, რაც კი ბუნებაში შეიძლება არსებობდეს და მან წაგვართვა მთავარი, რისთვისაც ადამიანი იბადება.

თავისუფლებასთან ერთად წაგვართვა სხვა უფლებებიც და ჩვენ უბრალოდ გვიმალავდნენ საკუთარ სამშობლოს, რომელიც საბჭოთა იმპერიის მხოლოდ ერთ-ერთი პროვინცია იყო. სამაგიეროდ, არ გვიმალავდნენ, რომ ამერიკაში (მაგალითად) ზანგებსა და ინდიელებს სასტიკად ავიწროებდნენ, ჩაგრავდნენ და აწამებდნენ და ჩვენ არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო.

ამიტომაც, დავიწყეთ იქიდან, სადაც დაჩაგრულები გვეგულებოდნენ და თორმეტი წლის ასაკში, რამდენიმე თანაკლასელთან ერთად, რამდენჯერმე (ღამით) ჩვენი უბნის კედლები, საპროტესტო პროკლამაციებით ავაჭრელეთ. ხელნაწერ პროკლამაციებს ხეებზეც ვაკრავდით და კატეგორიულად ვითხოვდით ინდიელების გათავისუფლებას. პროკლამაციების გავრცელება რომ მოგვბეზრდა, ჩვენმა კლასელმა გიო ახვლედიანმა ხელნაწერი გაზეთის გამოცემა დაიწყო, რომლის რედაქტორი და მხატვარიც თვითონვე იყო, ჩვენ კი მხოლოდ სტატიების სათაურებს ვარჩევდით და ესეც რომ მოგვბეზრდა, ნორჩ ლენინელს მივადექით.

ნორჩი ლენინელი (მაშინდელ საქართველოში) ერთადერთი საბავშვო გაზეთი იყო და იქ კი ძირითადად ქართული თეატრის შესახებ ვბეჭდავდი პატარა და სამარცხვინო წერილებს, მაგრამ გაზეთის რედაქციამ “არტეკის” საგზურით მაინც დამაჯილდოვა და მახსოვს, როგორ ვინერვიულე ყირიმში გამგზავრების წინ.

“არტეკი” საერთაშორისო პიონერული ბანაკი იყო და მართლაც მშვენიერი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, სადაც პიონერ-ხელმძღვანელებად მთელი საბჭოთა კავშირიდან (ძირითადად რუსეთიდან) უჯანმრთელეს გოგონებს არჩევდნენ. პიონერხელმძღვანელების უმრავლესობა ოცი-ოცდაორი წლის ქალები იყვნენ და შებინდებისთანავე მთელი “არტეკის” ტერიტორიაზე საშინელება ტრიალებდა, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო (მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდით) ამ საყოველთაო სიამოვნებაში მონაწილეობას ვერ ვღებულობდი და როგორც ჩანს, ნელ-ნელა გაბოროტება დავიწყე. ჩემს გაბოროტებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ რაზმის ხელმძღვანელმა, სადაც მოვხვდი, რატომღაც ქართულ ენაზე საუბარი აგვიკრძალა მე და ლევან ტრაპაიძეს და ამან ჩვენში საშინელი პროტესტი გამოიწვია. სერგეი ეიზენშტეინის ჯავშნოსან “პოტიომკინზე” არაფერი იმის მსგავსი არ მომხდარა, რაც ჩვენ “არტეკში” მოვიმოქმედეთ და ქართული ენის დასაცავად, ჩვენს მხარეზე, ყველა არარუსი ბავშვი გადმოვიბირეთ. როგორც ჩანს, არამზადობისაკენ მიდრეკილება იმთავითვე მქონდა და როგორც ამბოხების მეთაური, გაკავებულ მდგომარეობაში მიმგვარეს მთელი “არტეკის” დირექტორს.

“არტეკი” მაშინ თხუთმეტ უზარმაზარ ბანაკს აერთიანებდა, უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა სამხრეთ ყირიმში და მთელი “არტეკის” დირექტორი კი, რანგითა და მდგომარეობით, საკავშირო პოლიტბიუროს წევრებს დიდად არ ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ჩემი შეშინებული სახე, როცა დირექტორმა მაგიდას მუშტი დაარტყა და ჩემს მშობლებს სამსახურიდან მოხსნით დაემუქრა. ჩემი “არტეკიდან” გარიცხვის ბრძანება იქვე, ჩემს თვალწინ დაწერა და ერთადერთი, რაზეც გული დამწყდა, ჩემი ასაკი, უფრო სწორედ ზემოხსენებული უასაკობა იყო.

ამ ამბავს ასე დეტალურად და დაწვრილებით იმიტომ ვიხსენებ, რომ “არტეკის” ინციდენტიდან ათიოდე წლის შემდეგ, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა ასეთ მასიურ მოვლენად იქცა, მაშინაც მრავლად იყვნენ ადამიანები და ახლაც არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც სჯეროდა და სჯერა, უკვირდა და უკვირს, რატომ ითვლებოდნენ რუსები ჩვენს დამპყრობლებად, როცა მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ “რუს ქალებს ყოველთვის ჩვენ ვტყნავდით”.

ჩვენი უბედურებაც ზუსტად ეგ იყო, რომ სექსუალური საკითხი “ვინ-ვის”, ჩვენს სასარგებლოდ, მხოლოდ ილუზიურად წყდებოდა და იქ, “არტეკშიც”, ასაკით რომ ცოტა უფროსი ვყოფილიყავი ან დაახლოებით მაინც რომ მცოდნოდა რა უნდა მექნა, ალბათ, არც მე დამზოგავდნენ პიონერხელმძღვანელები. სინამდვილეში კი მშვენიერმა რუსმა ქალებმა თორმეტი წლის ბავშვებს მშობლიურ ენაზე საუბარი აგვიკრძალეს და ამ ანომალიის ნამდვილი მიზეზი მხოლოდ თბილისში დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე სწორედ იმ დღეს, რუსთაველის პროსპექტზე დემონსტრაცია რომ დაიწყო და და ჩვენი სკოლის კარიც საგულდაგულოდ ჩაკეტეს. უფროსკლასელები ფანჯრებიდან ხტებოდნენ და რუსთაველისკენ გარბოდნენ, სადაც სტუდენტები მშობლიურ ენას იცავდნენ და მახსოვს როგორ ვინატრე სტუდენტობა…

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდით იყო ის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა გავმხდარიყავით, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ფაკულტეტზე ან კონკრეტულ პროფესიაზე არც მიფიქრია და დღესაც არ მჯერა, რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში, ანუ სკოლის დამთავრებისთანავე, ადამიანმა შეიძლება ზუსტად იცოდეს საკუთარი სამომავლო არჩევანი. ყველა წესს, ბუნებრივია, გამონაკლისი აქვს და შეიძლება ვიღაცამ იცის ან ხვდება (ჩვიდმეტი წლის ასაკში), ვინ ან რა უნდა იყოს მომავალში, მაგრამ უმრავლესობა მაშინ, მხოლოდ იმიტომ ხდებოდა სტუდენტი, რომ ეს იმდროინდელ საზოგადოებაში აუცილებლობად ითვლებოდა. ჩვენს ძვირფას მშობლებს სხვაგვარი არჩევანი წარმოუდგენლად მიაჩნდათ და ახლაც მახსოვს ჩემი მშობლების გაოცებისაგან გაფართოებული თვალები, როცა მოკრძალებული ვარაუდი გამოვთქვი – იქნებ წელს არსად ჩავაბარო-მეთქი. მახსოვს საპასუხო ფრაზა “ხალხს რა ვუთხრათ, შვილო” და მივხვდი, რომ იმის ახსნას, ნორმალურ ქვეყნებში რატომ ხდებიან სტუდენტები ჩვენგან განსხვავებით ოცი წლის ასაკში და უფრო გვიან, აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც იძულებული გავხდი უნივერსიტეტის მიმღები კომისია შემეწუხებინა (საბუთები ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე, რადგან ბიჭებს ურიგოდ იღებდნენ). ალბათ, ვერ შევძლებ იმის აღწერასა და გადმოცემას, რაც მაშინ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მისადგომებთან ხდებოდა – როცა თბილისური საშინელი ივლისის სიცხეში, ალბერ კამიუს სიცხეს რომ უფრო ჰგავდა, გაოფლიანებული ქართველი მშობლები გასაოცარი მონდომებით ელოდნენ საგამოცდო შედეგებს. სამწუხარო (და ტრაგიკულიც) ის გახლავთ, რომ დღემდე ქართველი მშობელი, მისი დამოკიდებულების გამო დიპლომის მიმართ, მართლაც რადიკალურად განსხვავებულია დანარჩენი სამყაროსაგან და ქართველი მშობელი კვლავ ერთადერთი და განუმეორებელია მთელს მსოფლიოში, რომელიც (მართლაც სამწუხაროდ) ისევ მზადაა ფული იმაში გადაიხადოს, რომ შვილი უსწავლელი დარჩეს…

ზემოთქმულს იმიტომ ვიხსენებ, რომ ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა და ხდება, პირდაპირ კავშირშია ჩვენს უცნაურ აზროვნებასა და ცნობიერებასთან, რომელსაც ათეული წლების მანძილზე ის აბსურდული გარემო აყალიბებდა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. იმ ტრაგიკომიკური სამყაროს გააზრებას, დედამიწის ერთი მეექვსედი გაუგონარი ექსპერიმენტით რომ შეაწუხა, კიდევ მრავალი წელი და სერიოზული დრო დასჭირდება.

ერთის თქმა კი ამთავითვე შეიძლება – ჩვენთვის, ქართველებისთვის, არსებობის საბჭოური სისტემა, აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა და არცერთ დროსა და ეპოქაში ქართველი კაცი ისე არ დაძაბუნებულა, როგორც XX საუკუნის მეორე ნახევარში. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს (დაწყებული 1921 წლიდან) იმ ქართველთა ფიზიკური განადგურება (დახვრეტა თუ გადასახლება), ვისაც რაღაცის შექმნა შეეძლო, (ანუ უბრალოდ აზროვნებდა), ბოლშევიკებმა ძლევამოსილად დაასრულეს და ქართული საზოგადოებისაგან მასა შექმნეს. შექმნეს სწორედ ის მორჩილი მასა, რომელიც ბრმა და ერთგული შემსრულებელი იყო კომუნისტური პარტიის მგზნებარე და სწორუპოვარი გადაწყვეტილებებისა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდნენ გამონაკლისები – ადამიანები, ვინც კომპრომისზე არ წასულან და დინების საწინააღმდეგოდ იცხოვრეს, მაგრამ ძირითადი ნაწილისათვის ეს იყო სახელმწიფო, რომელიც ადამიანს საარსებო მინიმუმს დუმილის გამო აძლევდა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მუშაობდა თუ არა ადამიანი. ქმნიდა თუ არა, საარსებო ხელფასს მაინც იღებდა და ადამიანში კვდებოდა უმთავრესი – უნარი ინიციატივისა, რომლის დეფიციტსა და აქედან გამომდინარე შედეგს, ჩვენი უფროსი თაობა ახლა განსაკუთრებით გრძნობს – როცა საკუთარი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით და აღმოვაჩინეთ რომ უმრავლესობას არც გვსურს და არც შეგვიძლია.

ჩვენი საზოგადოების სერიოზულ ნაწილს იმ ჭეშმარიტების სერიოზულად შეხსენება კვლავ სჭირდება, რომ სამყაროში ყველაზე ფასეული სწორედ ადამიანია. სწორედ ის ადამიანი, რომლის სიცოცხლეც სრულიად გაუფასურდა საბჭოთა კავშირის შექმნისთანავე და ალბათ, კაცობრიობის ისტორიას, საკუთარი მოქალაქეების ფიზიკურად მოსპობის ასეთი სასტიკი ანალოგი, არც მოეპოვება.

გარდა ფიზიკური განადგურებისა, საბჭოთა ხელისუფლების უდიდესი მტრობა საკუთარი ხალხის მიმართ, კოლექტივიზაციის იდეა და რეალიზაცია იყო (შემთხვევითი არ გახლდათ ჰიტლერის აღფრთოვანება კოლექტიური მეურნეობის პრინციპით). ზემოთქმულის გამო, განსაკუთრებით მტკივნეული ქართველი კაცის განშორება აღმოჩნდა ქართულ მიწასთან, რომელიც ყველაფერთან ერთად, სულიერი საზრდოც იყო მისთვის და ცხოვრების წესის განმსაზღვრელიც. ამ მიწასთან ქართველ კაცს სრულიად სხვა, გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა და საუკუნეების მანძილზე იმდენად ასაზრდოებდა მას, რომ ჩვენს წინაპარს აზრადაც არ მოსვლია, სხვა მცირერიცხოვან (ან მცირემიწიან) ხალხთა დარად, უცხო ქვეყნები დაელაშქრა ან დაეზვერა მაინც (ჰოლანდიელთა, პორტუგალიელთა თუ ინგლისელთაგან განსხვავებით, ქართველებს იმავე მიზნით არათუ გემი, ნავიც კი არ გამოუთლიათ და უპირველესად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ, არ სჭირდებოდათ. ვინ იცის დაეზარათ კიდეც).

გასაბჭოების შემდეგ ქართველი კაცი მიწას მოწყვიტეს და 1921 წელს ბოლშევიკურ რუსეთს უკვე მეორედ რომ არ დაეპყრო საქართველო, ანუ რომ არ ყოფილიყო სამოცდაათი საბჭოური წელიწადი ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ჩვენი პატარა ქვეყანა, მსოფლიოში თუ არა, ევროპაში მაინც ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფო იქნებოდა. ამ განაცხადს ორი უმყარესი საფუძველი – ნიჭი და შრომა უდევს საფუძვლად, ხელოვნურად რომ ჩაკლეს ქართველ კაცში კომუნისტებმა და მოარული ფრაზაც ქართველი კაცის სიზარმაცის შესახებ, მათ მიერ არის მოგონილი და თანაც აბსოლუტურად შეგნებულად. შრომის კულტურა და მისადმი სიყვარულიც (შინაგანი მოთხოვნილებაც) გამიზნულად მოსპეს მასში, რადგან ქართველი კაცი ერთდროულად ვაზის მომვლელი, ოჯახის მამა და სვეტიცხოვლის აღმშენებელი, შეუძლებელია ზარმაცი ყოფილიყო.

ქართველის (და საერთოდ, საბჭოთა მოქალაქის) გაზარმაცება კარგად დაგეგმილი და გათვლილი მიზანი გახლდათ, რის პირდაპირ შედეგსაც, ჩვენი უფროსი თაობის ნოსტალგიის სახით, ხშირად ვიმკით. მათი ეს ნოსტალგია, რა თქმა უნდა, ანგარებას, პრაგმატიზმსა და პრიმიტიულ მატერიალიზმს ეყრდნობა. სამწუხაროდ, ისინი დღესაც მისტირიან საბჭოთა საქართველოს, როცა და სადაც კარგი ყველი მხოლოდ სამ მანეთამდე ღირდა (და აღარ ახსოვთ, რომ მხოლოდ ორმანეთიანი იყიდებოდა), თბილისი-მოსკოვის რეისზე თვითმფრინავის ბილეთი 37 მანეთი ჯდებოდა (აღარ ახსოვთ, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი ბილეთს ვერ იშოვიდა), სასტუმრო ერთი ღამით ხუთი მანეთი არც უჯდებოდა ერთ კაცს (და აღარ ახსოვთ, შიგ რომ არ უშვებდნენ)…

მათ აღარ ახსოვთ, რომ დანარჩენ სამყაროს გელა ჩარკვიანის თვალებით უყურებდნენ; საკუთარ მანქანებს (შიშისაგან) სიდედრების სახელზე აფორმებდნენ, ფულს მიწასა თუ მუთაქებში მალავდნენ და წლიდან წლამდე სუხიშვილების გასტროლებს ელოდებოდნენ – იქნებ ჯინსებიც ჩამოიტანონო; აღარ ახსოვთ, როგორ დაატარებდნენ პარადებზე ლენინის პორტრეტებს დღისით და როგორ წერდნენ ღამ-ღამობით ანონიმურ წერილებს მეზობლებსა და ახლობლებზე, აღარ ახსოვთ ყრილობებზე როგორი მონდომებით უკრავდნენ ტაშს ყველანაირ სისულელეს და როგორ აჭერინებდნენ ერთმანეთს, თუნდაც ანეგდოტების გამო, განსხვავებული აზრის გამო, სიტყვის გამო, ფიქრის გამო.

აღარ ახსოვთ, როგორ ადებილებდნენ მოსახლეობას კომუნიზმის მოლოდინში და ცხვრებივით მიერეკებოდნენ საარჩევნო სპექტაკლებზე.

შეიძლება, სწორედ რომ ახსოვთ მონობა, რომელსაც საშინელი თვისება აქვს და მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია. ურჩევნია იყოს მონა, ხელისუფლებამ ის ყბადაღებული 120 მანეთი უხადოს ყოველთვიურად და იყოს ჩუმად. იყოს ჩუმად და არ იაზროვნოს, თუნდაც არაფრის გამო მიიღოს ხელფასი, თუნდაც მინიმალური და არ იფიქროს თავისუფლებაზე. იმ თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობაა უპირველესად და მონები უბრალოდ გაურბიან მას, უბრალოდ, არჩევენ ბელადს ან პრეზიდენტს, რომელიც მათ ნაცვლად იაზროვნებს და ისინი ცხვრებივით მიყვებიან უკან.

ადამიანს კი ღმერთი ფიქრისთვის აჩენს და ფიქრი საწყისია თავისუფლების. თავისუფლების, რომელიც ადამიანსა და პიროვნებას, ერსა და ქვეყანას საკუთარი რაობისა და თვითმყოფადობის, კულტურისა და სულიერების შესანარჩუნებლად სჭირდება. სჭირდება, რადგან თავისუფლება თავად არის უზენაესი აზრი სიცოცხლისა და სამწუხაროზე სამწუხაროა, რომ დღესაც ადამიანებს ჩვენს ირგვლივ, ამ უმარტივესი ჭეშმარიტების შეხსენება სჭირდებათ. სამწუხაროზე სამწუხაროა, რომ დღესაც ჩვენს ირგვლივ იმ საშინელ აზრს გაიგონებთ, იყო თუ არა საჭირო თავისუფლებისათვის ბრძოლა და ღირდა თუ არა ამდენ ტკივილად. სვანურ ფოლკლორში საოცარი ფრაზაა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მითუმეტეს, თავისუფლებისათვის. და თუ ჩვენ ბრძოლის გზაზე შეცდომები დავუშვით, ეს ჩვენი ბრალია და არა თავისუფლების. მითუმეტეს, თუ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ შორსაა და მის მოპოვებას ერთი თაობის თავგანწირვა შეიძლება არც ეყოს.

ჩვენი დროის ბრძოლაც თავისუფლებისათვის სწორედ იქიდან დაიწყო, სადაც იგი ორი საუკუნის წინ დამთავრდა და ახლაც მახსოვს ეს დაუვიწყარი სცენა – ვდგავართ უნივერსიტეტის წინ პირველკურსელები და ზემოდან ფანტელებივით მოფრინავენ თეთრი ფურცლები. მაშინ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით აღნიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავი და პირველად ვნახე ნამდვილი პროკლამაცია. მახსოვს სიხარული იმის გამო, რომ რაღაც ხდებოდა, ვიღაცას პროტესტის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცოდით ვისთან მივსულიყავით, ვისთვის გვეთქვა, რომ საქართველოს ისტორიას ჩვენც ვსწავლობდით და უკვე ჩვენც ვიცოდით, როგორი ტრაგიკული აღმოჩნდა ქართველი ერისათვის გეორგიევსკში ხელმოწერილი ტრაქტატი. ისიც მშვენივრად ვიცოდით, რომ ტრაქტატის მუხლები რუსებმა უხეშად დაარღვიეს და 1801 წლიდან ჩვენი სამშობლო რუსეთის იმპერიაში აღმოჩნდა. სწორედ იმ დღეს დაიწყო საქართველოში (რუსეთის წინააღმდეგ) ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ეროვნული მოძრაობა საქართველოში დაიწყო 1801 წელს და არა გუშინ ან გუშინწინ, როგორც ეს მატყუარა ისტორიკოსებს და ქართველ პოლიტიკოსებს ჰგონიათ. მოძრაობა დაიწყო აჯანყებებით, რომელმაც საქართველოს რამდენიმე კუთხე მოიცვა და სხვადასხვა ფორმითა თუ შინაარსით, რამდენიმე ათეულ წელს გასტანა. XX საუკუნის დასაწყისში, რაც უფრო უხეშად შემოდიოდა რუსული ჩექმა ჩვენში, უფრო მეტად იზრდებოდა წინააღმდეგობა ქართველების მხრიდან და გრძელდებოდა მანამ, სანამ ყველაზე საზიზღარმა (მტერთა შორის) ვორონცოვმა ზუსტად არ ამოიცნო ჩვენი დამარცხების უებარი წამალი – მედლები და ორდენები, თანამდებობები და წოდებები – ყველა ამქვეყნიური პრიმიტიული “სიკეთე”, რის გამოც კონფორმისტმა ქართველებმა (თავად უკვე დაპყრობილებმა) სხვების დაპყრობასა და დამონებაშიც დაიწყეს მონაწილეობის მიღება და საკუთარი ეროვნული მოძრაობა, რუსეთის სამსახურზე გაცვალეს.

თუმცა, მაშინაც იყვნენ ადამიანები (მთელი თაობა) ვისთვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც, XX საუკუნეში, უკვე ხელმეორედ, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები, ვისაც სწამდა, რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა, დაპყრობილი სამშობლოა …

მაშინაც, როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა თავისუფლებისთვის, მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც, დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც, ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც, გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც, სხვებიც – ადამიანები, რომლებსაც სძულდათ კონფორმიზმი და უყვარდათ თავისუფლება…

ვიცოდით რომ ასეთი კაცი იყო მერაბ კოსტავა – ადამიანი, რომელიც შორეული ციმბირის საშინელ ბანაკში იჯდა, მაგრამ მაინც არ ტყდებოდა.

ჩვენი პირველი სტუდენტური მიტინგის მოთხოვნაც – მერაბ კოსტავას გათავისუფლება იყო და მიტინგისათვის მზადება ჩუმად დავიწყეთ…

იმ პირველ მიტინგს, რომელიც ჩვენი დროის უნივერსიტეტში საგულდაგულოდ დავგეგმეთ, მხოლოდ ერთი და კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდა – მერაბ კოსტავას გათავისუფლება, მაგრამ თავად მიტინგისათვის მზადება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა (გასაგები მიზეზების გამო) და ჩემს თანაკურსელ თამუნა თითმერიასთან ერთად მანამ ვბჭობდით მომავალი მიტინგის დეტალების შესახებ, სანამ მერაბ კოსტავა არ გაათავისუფლეს.

ქართველი პოლიტპატიმრები მანამდეც არსებობდნენ და ყბადაღებული ორმოცდამეთვრამეტე მუხლით, შორეული რუსეთის შორეულ ბანაკებში მათ არაერთი ცივი ზამთარი გაატარეს, მაგრამ ჩვენი დროის საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა მათ შესახებ და ეს უპირველესად მათი დამსახურება იყო და არის, რადგან სამშობლოში დაბრუნებულებს არავინ შეუწუხებიათ იმის შეხსენებით, რომ თავიანთი სიცოცხლის ათეული წლები საბჭოთა ციხეებში გაატარეს და ამის გამო ვიღაცაზე მეტი ეკუთვნით. ყველაზე უპრეტენზიო და უამბიციო ქართველ პატიმართა შორის სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ყველაზე ღირსეულად გაუძლო საბჭოურ საპყრობილეებს და რამაც მერაბ კოსტავაში, გაცნობისთანავე გამაკვირვა, არგაბოროტება იყო. იგი ისეთივე კეთილშობილი დაბრუნდა შორეული ბანაკებიდან, როგორიც დაპატიმრებამდე იყო და პირველად 1987 წლის 12 ოქტომბერს ვნახეთ ილია ჭავჭავაძის საფლავზე. (მერაბ კოსტავა გამაცნო ძვირფასმა ქალბატონმა, ჩვენმა პროფესორმა ცირა ჩიკვაიძემ და მახსოვს წვიმდა, ხელს ვართმევდი ცოცხალ ლეგენდას და ვიყავი ძალიან ამაყი).

მერაბ კოსტავას, მის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე (თუ მოკვლამდე), ხშირად ვხვდებოდით ხოლმე და ძალიან ხშირად და დიდხანსაც გვისაუბრია ყველაფერზე, რაც გვაწუხებდა. რამდენჯერმე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთადაც ვიმოგზაურეთ და ყველგან მიგრძვნია მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. იმის თვითმხილველიც არაერთხელ გავმხდარვარ, როგორ უყვარდათ იგი – მართლა გმირი და ადამიანი, რომელიც ვერ გატეხეს…

რასაკვირველია, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას არაკეთილი დამოკიდებულება ჰქონდა განსხვავებულად, არასაბჭოურად მოაზროვნეების მიმართ, მაგრამ მერაბ კოსტავა, პიროვნული თვისებების გამო, ამ მხრივაც გამორჩეული იყო და მის მიმართ პატივისცემა (ზოგჯერ) იმათაც კი ჰქონდათ, ვისაც უბრალოდ მისი სიძულვილი ევალებოდა. სიძულვილის გამო (თუმცა, სიყვარულის სახელით), უდანაშაულოდ თუ არა, უკანონოდ მაინც, ადამიანები ახლაც სხედან საქრთველოს ციხეებში, მაგრამ თავისუფლებაზე მეოცნებე ძველ და ახალ პატიმრებს შორის ძნელად თუ ვინმე შეედრება თავისუფლებისათვის ბრძოლის “შიშველ სატევარს”…

ეს ფრაზა მერაბ კოსტავას შესახებ, ჩვენი არ არის და აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის – კაცს, რომელიც ჩვენი სტუდენტობის დროს (საერთო მღელვარების წინ), უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი აუდიტორია (მითუმეტეს რიცხობრივად) არცერთ ჩვენს ლექტორს არ ჰყოლია. ბატონი აკაკის ლექციები უნივერსიტეტის ჩვეულებრივ აუდიტორიაში დაიწყო, მერე სააქტო დარბაზში გაგრძელდა და (იქაც რომ ვერ დავეტიეთ) ვერის ბაღში, საკალათბურთო დარბაზში გადავინაცვლეთ. ხუმრობდნენ კიდეც – ასე თუ გაგრძელდა, “დინამოს” სტადიონზე მოგვიწევს სიარულიო და იმ ხუმრობაში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი, რადგან ინტერესი აკაკი ბაქრაძის ლექციების მიმართ განსაკუთრებით დიდი იყო. ამ, ერთი შეხედვით, აუღელვებელ (განათლებულსა და ჭკვიან კაცს) და მშვენიერ მთხრობელსაც, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და, რაც მთავარია, საუბარი (თუნდაც, ინფორმაციულად) ისეთ თემებსა და საგნებს შეეხებოდა, რაც ჩვენი თაობის დიდი ნაწილისათვის მანამდე უცნობი იყო.

თუმცა, პირადად ჩემთვის ახლა არის უცნობი და გაუგებარი რატომ ცდილობენ ხოლმე ზოგიერთები იმ ფაქტის უარყოფას, რომ ჩვენი თაობის აზროვნებისა თუ შეხედულებების ფორმირებაში სწორედ აკაკი ბაქრაძემ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი.

თუმცა პირადად ბატონი აკაკი იმ პოპულარულ ლექციებამდე გავიცანით და ჩვენს გაცნობასაც საკმაოდ თავშესაქცევი ისტორია ჰქონდა.

საბჭოთა ხელისუფლებას (მოგეხსენებათ) არა მარტო პოლიტპატიმრებისთვის ეხერხებოდა მიწისქვეშა ბრალდებების წაყენება, თავადაც სიამოვნებით თხრიდა გვირაბებს და სწორედ ჩვენი სტუდენტობის წლებში, უდიდესი მონდომებით დაიწყეს კავკასიონის გათხრა. ტრანსკავკასიური რკინიგზის მაგისტრალს მაშინვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები – ჯერ იდეას და მერე კი მშენებლობას და მათ შორის ბატონი აკაკიც იყო და აწყურიდან ახლადდაბრუნებულებმა პირდაპირ მას მივაკითხეთ.

აკაკი ბაქრაძე მანამდე ნანახი არ გვყავდა. მაგრამ ვიცოდით, რომ ძველი კინოსტუდიის შენობაში მუშაობდა (ჩვენი მშობლები “გოსკიპრომს” რომ ეძახდნენ) და ერთ დღესაც ლექციების შემდეგ, ბევრნი მივლაგდით.

გვითხრეს შემობრძანდითო – აგერ ბატონი აკაკის კაბინეტიო და უზარმაზარი დარბაზის კარი შეგვიღეს (მას შემდეგ სად აღარ დავაბოტებდით, მაგრამ ამხელა კაბინეტი აღარც შეგვხვედრია). გრძელი მაგიდის თავში კაცი იჯდა და რამდენადაც მახსოვს, ჩაის მიირთმევდა. ერთი კი გავიფიქრე, ხელისუფლებისათვის აშკარად არასაიმედო პიროვნებასა და ელემენტს (როგორც თავად ეძახდნენ) ამხელა კაბინეტი როგორ გამოუყვეს-მეთქი, მაგრამ არ შევიმჩნიე და იმ გრძელ მაგიდას შემოვუსხედით. ნახევარი საათი ჩვენ ვლაპარაკობდით, რა თქმა უნდა, სხაპასხუპითა და მონდომებით და რა თქმა უნდა, ერთმანეთს სიტყვის თქმას არ ვაცლიდით (ხუმრობა ხომ არ იყო – დღისით, მზისით, კავკასიონს ხვრეტდნენ).

იმ კაცმა კი (ჩვენ რომ აკაკი ბაქრაძე გვეგონა) გვაცალა და ნახევარი საათი გვისმინა და ყელში რომ ამოუვიდა, ჩვენს კოლექტიურ მონოლოგში კითხვა ჩააკვეხა – ბოდიში და თქვენ რომელი აკაკი გინდოდათო. ვუპასუხეთ ყველამ ერთად და ჩვენს მასპინძელს, მშვენიერი და კეთილი ღიმილით გაუბრწყინდა სახე – ბაქრაძე სხვენში ზის, მე აკაკი დვალიშვილი ვარო.

არ ხუმრობდა – ჭერზე მიდგმულ კიბეს რიგრიგობით ავყევით და აკაკი ბაქრაძის ოთახს მართლა სხვენზე მივაგენით, თუმცა, ბოლო წუთამდე ვეჭვობდით, რომ ქვემოთ, უბრალოდ, გვეხუმრნენ და ზემოთ კარლსონი დაგვხვდებოდა. ოთახი იმდენად პატარა იყო რომ თავად ბატონი აკაკი ძლივს ეტეოდა და ჩვენ სადღა განვლაგდებოდით და ფაქტიურად კიბეზე ჩამოკონწიალებულებმა მოვისმინეთ მისი მოსაზრებები.

აწყურში კი ზაფხულობით დავდიოდით ხოლმე შრომითი სემესტრის სანაცვლოდ, სადაც ქართველი სტუდენტები მრავლად მიჰყავდათ რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში სრულიად გაურკვეველი შენობების ასაგებად.

ჩვენ პირველივე კურსზე უარი ვთქვით ამგვარ აბსურდულ სემესტრებში მონაწილეობის მიღებაზე და საკუთარი, ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზეთ უნივერსიტეტის დირექციას – გვემუშავა ქართული ძეგლების აღდგენაზე და მესხეთსა და ჯავახეთში რამდენიმე დაუვიწყარი ივლისი გავატარეთ.

ძირითადად ვმუშაობდით აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის გაწმენდასა და რესტავრაციაზე და სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ოროსანი სტუდენტები ვიყავით და ზაფხულის თაკარა მზის ქვეშ მუშაობა, როგორც გამოუსწორებელ ოროსნებს, უნივერსიტეტის ხელმღვანელობისგან, უბრალოდ, მოსჯილი გვქონდა. მერე, როცა დარწმუნდნენ, რომ ადამიანი, საკუთარი სურვილის გარეშე, შეუძლებელია, ასეთი მონდომებით მუშაობდეს, ეჭვი უფრო სერიოზულ მიზნებზე მიიტანეს და სოფელში თამარ მეფის ვერსიაც გაჩნდა – მოსახლეობის ნაწილმა ნელ-ნელა დაიჯერა, რომ ვეძებდით თამარ მეფის საფლავს და გარიგებაც (ზეპირი ურთიერთშეთანხმებით) ორივე მხარისათვის მისაღები აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია (ლეგენდის თანახმად), თამარ მეფის კუბო (ანუ სასახლე) ოქროსი იყო და თუ მივაგნებდით და აღმოვაჩენდით (შეთანხმების თანახმად), თამარი ჩვენ უნდა წაგვეყვანა, ოქროს კუბო კი ადგილობრივ მოსახლეობას რჩებოდა. აწყურელებისაგან (მიუხედავად ზემოთქმულისა) კარგის მეტი არაფერი გვახსოვს და თუ თავიდან, როგორც ოროსნები, აშკარად ვებრალებოდით და პურ-ღვინოს არ გვაკლებდნენ, მერე დავმეგობრდით კიდეც და ნებისმიერი ჩვენგანისათვის იქ გატარებული ივლისის დღეები ჩვენი ცხოვრების უმშვენიერეს ნაწილად იქცა. რაც შეეხება ღამეებს (რა დაგვაძინებდა), სასიამოვნოდ დაღლილებს რამდენჯერ დაგვთენებია ყველა იმ თემასა თუ საგანზე საუბარსა და კამათში, რაც უკვე გვაღელვებდა და გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ მესხეთში ჩვენი თავშეყრა, თანდათანობით სერიოზულ ანტისაბჭოურ ბუდედ იქცა. თანდათანობით ჩვენი გაკონტროლებაც შეუძლებელი გახდა და პარტიული თუ კომკავშირული ხელმძღვანელობაც შეეგუა იმ აზრს, რომ ჩვენგან საბჭოთა მოქალაქეებს ვეღარ გამოზრდიდნენ. თუმცა, რამდენიმე კონფლიქტი ცენტრიდან ჩამობრძანებულ რევიზია-კომისიასთან მაინც გვქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მესხეთში მართლა არსებობდა ჩვენი სტუდენტობის დასაწყისშივე თავისუფლების პატარა კუნძული…

შესაძლოა, რომ იმ კუნძულის შექმნა თვითონ საბჭოთა ხელისუფლებამ განაპირობა იმ აბსურდული რეჟიმის გამო, რომელიც საბჭოთა საზღვრების სიახლოვეს მოქმედებდა – სოფელ აწყურის შესასვლელთან საბჭოთა ჯარი იდგა (თავისი შლაგბაუმით) და მესხეთში შესვლა (იქ მცხოვრებთა გარდა) არცერთ ქართველს არ შეეძლო სპეციალური საშვის გარეშე. სხვათა შორის, ახლა რომ კმაყოფილები წამოვიპლაკებით ხოლმე გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე, იქაც იგივე რეჟიმი მოქმედებდა მაშინ და ჭოროხის ხიდის იქით რუსეთის არმია არავის უშვებდა…

თავისუფლებას კი ერთი ძვირფასი თვისება აქვს – გემოს თუ გაუგებ, მერე მისი მოთხოვნილება გამუდმებით გაწუხებს და მხოლოდ ერთი პატარა კუნძულის არსებობა, ისიც მხოლოდ ზაფხულში, უკვე აღარ გვაკმაყოფილებდა. ყოველ შემთხვევაში პირადად, წვიმასა თუ თოვლში (თუნდაც, ზოგიერთი ლექციის ხარჯზე), მითუმეტეს შაბათ-კვირას, როგორც კი ამის საშუალება გამოჩნდებოდა, მივდიოდი იქ, სადაც ჩემთვის მაშინ სამშობლო დაიწყო.

გარეჯის მსგავსი, მგონი, მერეც არაფერი მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ვიხეტიალე სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ დავით გარეჯის უდაბნოს მართლა ძნელად თუ რამე შეედრება, როგორც ადამიანისა და ბუნების თანაარსებობის საოცარ მაგალითს, სადაც სრულიად სხვა, ერთადერთი და განუმეორებელი გარემო და ენერგეტიკა არსებობს და მარადიულ საიდუმლოდ რჩება ჩვენი გონებისა და ჭკუისათვის…

მაშინაც გარეჯი საიდუმლო იყო, როცა პირველად ვნახე პირველ კურსზე და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მომწყინდება გარეჯში თუნდაც მისი სიჩუმის მოსმენა…

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე მონასტერს მოიცავს და კლდეში გამოკვეთილი სენაკებისა და ეკლესიების შესწავლასა და აღდგენაზე მაშინ საოცარი ადამიანები მუშაობდნენ – რესტავრატორები, რომლებსაც სიამოვნებით შევუერთდი და მერაბ ბუჩუკურის ჯგუფთან ერთად გატარებული დღეების გახსენებაც კი, უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. რესტავრატორებს შორის მხოლოდ მე ვიყავი არაპროფესიონალი, მაგრამ რიგითი მუშის ამპლუაც დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდა, რადგან საბჭოთა ჯარების მიერ განადგურებული და დანგრეული კულტურის შენარჩუნებას ვცდილობდით.

მაგრამ უნიკალურ ქართულ ფრესკებზე ზრუნვა, მათი გამაგრება თუ რესტავრაცია არც ისე იოლი იყო გასაგები მიზეზების გამო – დავით გარეჯის ტერიტორიაზე 1948 წლიდან სამხედრო პოლიგონი არსებობდა და არათუ ექსპედიციების მოწყობა, ერთი მონასტრიდან მეორემდე გადაადგილებაც კი, ზოგჯერ პრობლემა იყო. იყო ისეთი დღეებიც, როცა ლავრიდან ბერთუბანში დილით მივდიოდით ჩუმად სროლების დაწყებამდე და კლდეში გამოკვეთილ სენაკებში ისე ვმუშაობდით, ვცდილობდით სამხედროებს არ შევემჩნიეთ. იყო შემთხვევა, როცა მიხვდნენ რასაც ვაკეთებდით და პირდაპირ გვესროლეს. მაშინ მთელი დღე გამოქვაბულებში გავატარეთ და საშინელი სროლის გამო, დაღამებამდე გარეთ გამოხედვაც კი ვერ შევძელით. იყო ღამეებიც, როცა კლდის თავზე ჩამოწოლილები აფეთქების ადგილებს ვიმახსოვრებდით, რომ დილით გასროლილი ჭურვები მოგვეგროვებინა და თბილისამდე ჩამოგვეტანა, როგორც ნივთმტკიცება. საქმე ის გახლდათ, რომ მიტინგებამდე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამაოდ დავდიოდით დაწესებულებიდან დაწესებულებამდე იმის იმედით, რომ უფროსების მხრიდან თანადგომას მაინც მივაღწევდით. უმრავლესობას ყველაზე მარტივი (ოფიციალური) არგუმენტი ჰქონდა იმისათვის, რომ ზედმეტ პრობლემებს მორიდებოდა – დაამტკიცეთ, რომ ისვრიანო და სამხედროებიც ერთი პერიოდი ღამის წვრთნებზე გადავიდნენ. კვალის დაფარვაც მოგვიანებით დაიწყეს (მიტინგის შემდეგ), თორემ მანამდე მოსარიდებელი რა ჰქონდათ და ბერთუბნის მთავარ ეკლესიაში, თამარ მეფის ფრესკაზე, რუსული ენის ნებისმიერ მცოდნეს შეეძლო იმ ოფიცრის გვარის წაკითხვა, რომელმაც საგულდაგულოდ დაუმიზნა თამარ მეფის უნიკალურ ფრესკას და რამდენჯერმე ესროლა…

ჩვენს პროტესტებზე საბჭოთა არმიას სრულიად სხვადასხვაგვარი რეაქციები ჰქონდა და ერთხელ, გარეჯში, არც მეტი, არც ნაკლები, ტანკით მოგვადგნენ. იქაური მუზეუმის მაშინდელი დირექტორი ილო ქვლივიძე, რომელმაც რამდენიმე წლის მანძილზე თითქმის მარტომ შეინარჩუნა გარეჯის ლავრა, მაშინ ნაჯახით გადაუდგა ტანკს და არასდროს დამავიწყდება მისი გაგიჟებული სახე, სისხლიანი თვალები და მზადყოფნა მართლა ბოლომდე, მართლა უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისა…

თუმცა, იყო სხვაგვარი რეაქციაც და ერთ საღამოს მონასტერში ამიერკავკასიის ჯარების მაშინდელი სარდალი გენერალი მაკაშოვი გვესტუმრა – ამ საოცრების დანგრევას მე როგორ მაბრალებთო, თქვა და ცრემლი მოერია. ჩვენ გაოცებისაგან პირები დავაღეთ და გახარებულებმა მისთვის გადამალული ხაშმის საფერავიც გავიმეტეთ. შუაღამემდე სვამდა განსხვავებული ჯამებით საქართველოს სადღეგრძელოს და ტიროდა – საქართველო ისე მიყვარს, გარეჯს როგორ დავანგრევ, ეგ რამ გაფიქრებინათო. სვამდა და ტიროდა. ჩვენც ვტიროდით. მე თან ვსვამდი, თან ვლოცულობდი – ღმერთო, ყველაფერი მაპატიე, რაც ამ კაცზე ცუდი მიფიქრია-მეთქი…

მთავარი სინანულია და მეორე დღეს დარცხვენილი, თავჩაღუნული და მონანიე რომ ვბრუნდებოდით თბილისში, ავტომატმომარჯვებულმა სამხედროებმა დაგვაპატიმრეს – უფროსის ბრძანებაა, ვინც პოლიგონის ფუნქციონირებას ხელს უშლის, დააკავეთო. მიგვიყვანეს შტაბში და “პახმელიაზე” თავდასიებული მაკაშოვი დაგვხვდა – უნდა დაგხვრიტოთ, მაინც ვერავინ გაიგებსო. თავიდან ვიფიქრეთ, ხუმრობდა, მაგრამ მაგიდას რომ მუშტი დაარტყა და ტუჩის ორივე კუთხეში დუჟი მოადგა, მივხვდი ჩვენი საქმე ცუდად იყო და წუხანდელი ღამე გავახსენე გაუბედავად. ღვინო კი კარგი იყო, მაგრამ თქვენ არ მახსოვხართო – დედამოტყნულმა მაკაშოვმა თვალისდაუხამხამებლად, აუღელვებლად იცრუა და მისი ბრძანებითვე მთელი დღე პატიმრობაში გავატარეთ.

რამდენიმე წლის შემდეგ (ერაყის ომი რომ დაიწყო), როცა ოფიციალური რუსეთი ოფიციალურად არ ერეოდა ერაყის კონფლიქტში, ამერიკული კოსმოსური თანამგზავრიდან სწორედ ის ფოტოკადრი დააფიქსირეს, ჩვენი ნაცნობი გენერალი მაკაშოვი, სადამ ჰუსეინის სასახლის ეზოში დიქტატორის ვაჟს ასუჯრიან შაშს რომ ეთამაშებოდა (ჭადრაკი, მოგეხსენებათ იდევნებოდა)…

სხვათა შორის, ეს ის ვაჟია, მოგვიანებით ჰუსეინმა თავად რომ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ მისი მკურნალობის ხარჯები მაინც საკუთარ თავზე აიღო…

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, რასაკვირველია, ჩვენამდე და ჩვენ გარდა, სხვა დამცველებიც ჰყავდა (მათ შორის, მოსკოვშიც) და (მაგალითად) იქ მოღვაწე ქართველი გენერალი არჩილ გელოვანი, გარეჯის გადარჩენას ჯერ კიდევ სტალინის დროს ცდილობდა. თუმცა, ყველაზე გამორჩეული და ენერგიული ამ თვალსაზრისით, მაინც ზვიად გამსახურდია იყო, რომელმაც გარეჯში სამხედრო პოლიგონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციანი წლების თვითგამოცემებში გაილაშქრა. სამოცდაათიან წლებში მას სხვებიც შეუერთდნენ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ნაციონალური მოძრაობა მაშინ, ისეთი მასიური და მრავალრიცხოვანი, როგორც ოთხმოციანი წლების ბოლოს, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა. ამიტომაც, ჩვენი მშობლების თაობიდან ერთეულების ძალისხმევა და თავგანწირვა, შეიძლება, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო თავისუფლების გზაზე, ვიდრე ჩვენი დროის საყოველთაო აღტკინება.

გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს კი, როცა ნებადართული ლიბერალიზაცია საბჭოურ პროვინციებსაც შეეხო, ბუნებრივია, რომ სითამამე (როგორც ადამიანური თვისება), ჩვენი საზოგადოების გაცილებით დიდ ნაწილს შინაგან მოთხოვნილებად ექცა. მაგრამ მანამდე, როცა რეჟიმი არნახული სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა, სამართლიანობისა თუ თავისუფლების ხმამაღალი წყურვილი მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ. ის ერთეულები, მართლაც, გამორჩეულები იყვნენ და საზოგადოების დიდი ნაწილი, თუ აქტიურად არ ერეოდა მაშინდელ ეროვნულ მოძრაობაში, ფაქტია, რომ აშკარად თანაუგრძნობდა ქართველ დისიდენტებს. ფაქტია ისიც (თუმცა გადმოცემით ვიცი), რომ სწორედ თანაგრძნობის გამო, 1978 წელს ზვიად გამსახურდიას სატელევიზიო მონანიებამ იმდროინდელი საზოგადოების საკმაო ნაწილში გულწრფელი სინანული და წყენა გამოიწვია. ჩვენი სტუდენტობის დროს (მიტინგებამდე) სიონის ეზოში (როგორც წესი კვირაობით), უფროსი და საშუალო ასაკის ძველი დისიდენტები იკრიბებოდნენ ხოლმე და კარგად მახსოვს, რომ ზვიად გამსახურდია, მუდამ განცალკევებით, სევდიანი და ჩაფიქრებული იდგა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდია და თავის დაკვრით ან ხელის ჩამორთმევით ვესალმებოდით ხოლმე. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ და მე ეს, უბრალოდ, არ მომწონდა, რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ ერთადერთი, ვის მიმართაც ადამიანი მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს, საკუთარი თავია.

ამიტომაც, მგონია, რომ იმ განცხადების გავრცელება მაშინდელ თბილისში, რომელსაც მერაბ კოსტავა აწერდა ხელს ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად, სრულიად ზედმეტი იყო, რადგან უკეთილშობილესი მერაბ კოსტავა არათუ ბავშვობის მეგობრის ნაცვლად, ნებისმიერი ქართველის გამოც ჩაჯდებოდა ციხეში, თუნდაც, ათი წლით. ეს ყველამ მშვენივრად იცოდა საქართველოში და მერაბ კოსტავამ, მართლაც, ათი წელი გაატარა ციმბირის ყველაზე ცივ ბანაკებში ზვიად გამსახურდიასაგან განსხვავებით. ალბათ, ამის გამო გაჩნდა კიდეც ცნობილი შავი ხუმრობა მაშინვე, როცა გამსახურდიას მომხრეებმა 1978 წლის გამსახურდიას სატელევიზიო მონანიება საბჭოთა რეჟიმის ზეწოლას დააბრალეს. ძეწოლა, რასაკვირველია, ყოველთვის იყო, მაგრამ ქართველების ნაწილმა მაინც არ დაიჯერა, რომ ის ნემსები, რომელიც გამსახურდიას გაუკეთეს ზემოქმედების მიზნით, ცოტა ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას და სწორედ მაშინ გაუთავდათ, მერაბ კოსტავას რომ დაუპირეს დისკრედიტაცია.

იყო სხვა ვერსიებიც, მაგრამ სრულიად ზედმეტი, რადგან ზვიად გამსახურდია მაინც გახდა საქართველოს პრეზიდენტი და ქართველებმაც სწორედ ის დაიჯერეს, რისი დაჯერებაც თვითონ სურდათ.

მეც იმთავითვე მჯეროდა, რომ ადამიანი კეთილი არსება უფროა, ვიდრე ბოროტი და პირველივე მიტინგზე ისეთი სისასტიკით დაგვარბიეს, რომ გულწრფელად გამიკვირდა.

პირველი მიტინგი, როცა სასტიკად დაგვარბიეს და გაკვირვებულები დავრჩით, 1987 წლის 27 დეკემბერს დიდუბის პანთეონში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ მიტინგის მონაწილეები და მხარდამჭერები ძალიან ცოტანი ვიყავით და დამსწრეთა ძირითად ნაწილს უშიშროების წარმომადგენლები შეადგენდნენ. უნივერსიტეტიდან ვიყავით კურსელები და მეგობრები: ლაშა ხეცურიანი, კახა ბუაჩიძე და მე, და მონაწილეთაგან ყველაზე აქტიურები – გია ჭანტურია და ირაკლი შენგელაია მახსოვს. მახსოვს, უჩა ძიძავაც, რომელიც სერიოზული მონდომებით ჩხუბობდა მილიციელებთან და პირადად, გაშლილი ხელის გემო და სიმწარე პირველად სწორედ იმ დღეს გავიგე. თუმცა, მუშტი, რა თქმა უნდა, მანამდეც მომხვედრია, მაგრამ გაშლილ ხელს ნამდვილად არ ველოდი, ისევე, როგორც ასეთ სისასტიკესა და დაუნდობლობას ჩვენი მილიციის მხრიდან. თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების ქცევასა და ამგვარ რეაქციას გულბოროტებით ნამდვილად არ ვხსნიდი და, თუ რუსეთში უკვე იგრძნობოდა (თუნდაც უმნიშვნელო) ლიბერალიზაცია, საქართველო კვლავ რჩებოდა (უპირველესად, გონებრივი დეფიციტის გამო) საბჭოური აბსურდის ბასტიონად. აბსურდში კი, ყველაზე მკვეთრად თვალშისაცემი (რაც არსებობდა) იყო შიში, საშინელი შიში ყოველგვარი ცვლილებების მიმართ და მაშინდელ ხელისუფლებასაც, წარმოუდგენლად ეშინოდა ნებისმიერი მიტინგის. სიმართლე რომ ვთქვა, მიტინგების დიდი ტრფიალი არც არასოდეს ვყოფილვარ და ყველა საპროტესტო აქცია, რაც სტუდენტობის დროს მოვაწყეთ, ჩვენის მხრივ იძულებითი ნაბიჯი იყო და იმ ჩვენს პირველ მიტინგამდეც, კარგა ხანს ვიარეთ რედაქციიდან რედაქციამდე წერილით ხელში. იმ წერილშიც არაფერი განსაკუთრებული (ან საშიში) ნამდვილად არ ეწერა – იყო თხოვნა და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, დასანგრევად არ გაეწირათ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. მაგრამ წერილი, რა თქმა უნდა, არავინ დაბეჭდა (არცერთმა გაზეთმა) და როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე, ჩვენც იძულებულები გავხდით, უკიდურესი ზომებისათვის მიგვემართა.

მიტინგისათვის მზადება, ჩვენი ჭკუით, კონსპირაციულად დავიწყეთ, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა და რამდენიმე დღით ადრე მერაბ კოსტავამ გვთხოვა, სადმე სასაუბროდ შევხვედროდით. წავედით თედო ისაკაძე და მე, შევხვდით მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მთაწმინდაზე, ეგრეთ წოდებულ ახალ გზაზე. კოსტავა დუმდა, არაფერი უთქვამს, გამსახურდიამ კი პირდაპირ გვკითხა, რატომ ვაპირებდით მიტინგის ჩატარებას მათ გარეშე (სიტყვა “ნებართვა” არ უხსენებია – ცოდვას ვერ ვიტყვი). მე არაფერი მითქვამს, ვდუმდი გაოგნებული. ისაკაძე შეეცადა იმის ახსნას, რომ სამშობლო ყველასია და გამოუვიდა თუ არა, ზუსტად არ მახსოვს. მახსოვს ჩემი კითხვა – საიდან გაიგეს ინფორმაცია ჩვენი მიტინგის შესახებ. მაინტერესებდა პასუხი, რადგან მაშინ თბილისში იყო ძალზედ მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ყველა ინსტიტუტში, კურსსა თუ ჯგუფში, უშიშროებას ვიღაც ჰყავდა თავისიანი და ჩემი მოკლე ჭკუით, იქნებ ამოვიცნო-მეთქი.

ერთმანეთს საკმაოდ თბილად დავშორდით (კონსპირაციის ფარგლებში), უფრო მეტიც, გამსახურდიამ ბოლოს გაგვიღიმა და იხუმრა კიდეც – იქნებ მიტინგზე მოსვლაც დამიშალოთო. მაგდენს ნამდვილად ვერ ვიკადრებდით და ჩვენც გაღიმებულებმა სულგრძელად დავპატიჟეთ ჩვენს პირველ მიტინგზე, რომელიც 1988 წლის 24 თებერვალს, უნივერსიტეტის წინ ჩატარდა. ხალხი, რა თქმა უნდა, ბევრი არ დასწრებია და ეს გასაგებიც იყო, რადგან მაშინ, ჯერ კიდევ საშიში იყო ყოველგვარი ანტისაბჭოური აქტიურობა და დამსჯელი აპარატიც ჯერ ისევ ძლიერად მოქმედებდა. რასაკვირველია, უფროსი თაობის დისიდენტები მობრძანდნენ და მიტინგს დაესწრნენ. იქვე იდგნენ და როგორც შევთანხმდით, სიტყვით გამოსვლა არ მოუთხოვიათ. არც ვიცი, როგორ მოვიქცეოდით, ამის სურვილი რომ გასჩენოდათ, მაგრამ ძალიან გვინდოდა ეს ყოფილიყო მხოლოდ სტუდენტური მიტინგი, რადგან ვგრძნობდით, რომ ასეთ შემთხვევაში გაცილებით რთული პრობლემა ვიქნებოდით ხელისუფლებისათვის. თავად კი, ამას ადვილად იმიტომ მივხვდი, რომ პირველივე დაბარებაზე (სადაც ჯერ არს) თქვენი ლიდერები დაასახელეთო – მითხრეს. რამდენჯერმე კითხვა რომ გამიმეორეს და ვერც ერთხელ ვერავინ დავასახელე, ჩათვალეს, რომ ვერ გამომტეხეს და ვერც დაიჯერებდნენ, რომ ლიდერებს მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო არ ვასახელებდი, რომ ლიდერი, უბრალოდ, არ გვყავდა. მათთვის წარმოდგენაც კი ძნელი იყო იმისა, რომ სხვების კარნახის გარეშე დამოუკიდებლად ვაზროვნებდით და გადაწყვეტილებებსაც ვიღებდით. მათთვის, ვისაც მთელი ცხოვრება მონობასა და სხვების დიქტატში ჰქონდა გატარებული, მართლა ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ჩვენ, მეორეკურსელი ლაწირაკები, დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამდით და თანაც, ამ ნაბიჯების არ გვეშინოდა. (სხვათა შორის, ყელში რომ ამომივიდა ერთი და იგივე შეკითხვა, რამდენიმე ლიდერი ბოლოს მაინც დავასახელე: ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გრიგოლ ხანძთელი, შოთა რუსთაველი, ნიკო ფიროსმანი და ა. შ.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მოწადინებული დამსწრე, ისეთი მონდომებით აწვალებდა ამ დროს კალამს, რომ არ გამღიმებოდა, ალბათ, გამარჯვებული სახით ჩაიწერდა კიდეც იმ მშვენიერ სიას…).

ჩვენს ლიდერებს კი იმიტომ ეძებდნენ, რომ სატელევიზიო გადაცემისთვის უკვე მომზადებული ჰქონდათ შესაბამისი ფრაზები მიტინგის შემდეგ: “აიყოლიეს რა…”, “ჩაითრიეს რა”, “შეაცდინეს რა” და ა. შ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (როგორი პატარა ჭკუაც არ უნდა მქონდეს), მაინც საკუთარი ჭკუის წვალება მირჩევნია სხვების კარნახით ცხოვრებას და დარწმუნებულიც ვარ, რომ ღმერთი ადამიანს სწორედ იმიტომ აჩენს, ტვინი რომ გაანძრიოს და იაზროვნოს…

მგონი, ამის ყველაზე მეტად ეშინოდა საბჭოთა ხელისუფლებას და იმ ჩვენი პირველი მიტინგის შემდეგ, სასწრაფოდ მოიწვიეს მაშინდელი ცეკას ბიუროს კრება, როგორმე მიტინგის ფაქტი რომ აღარ განმეორებულიყო და მოძრაობაც მასიური არ გამხდარიყო.

იმ დღესაც გარეჯში, კერძოდ ნათლისმცემლის მონასტერში ვმუშაობდით, როცა ჰორიზონტზე მანქანა გამოჩნდა უცნობი ადამიანებით და დასვრილი ჯინსებითა და ჭუჭყიანი ბათინკებით გამოქვაბულიდან პირდაპირ ცეკაში, ბიუროს სხდომაზე “ვოლგით” მიგვაშავეს. შესვლისთანავე მივხვდი, რომ გარეჯის საკითხს ჩვენს გასაგონად და მოსასმენად განიხილავდნენ, რათა ეჭვი არ შეგვპარვოდა, რომ ისტორიულ ძეგლზე ხელისუფლება სერიოზულად ზრუნავდა. საკითხის განხილვისას, უცებ, პაუზა გააკეთეს და ერთ-ერთმა (ალბათ ინსტრუქტორმა) სასწრაფო ელვა ანუ დეპეშა წაგვიკითხა, რომელსაც ვიღაც მშობელი მაშინდელ ცეკას მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს უგზავნიდა და შველას თხოვდა – ვიღუპები, ჩემი ბავშვი ზვიად გამსახურდიამ ჩაითრია და იქნებ, როგორმე მიშველოთო.

აშკარა იყო, ყველაზე მეტად ჩვენს გასაგონად წაიკითხეს მშობლის ცრემლები და ცეკას მდივნები სიტყვის თქმასა და უმკაცრესი აზრის გამოხატვას არ აცლიდნენ ერთმანეთს – აი, გამსახურდიამ ბავშვებიც დაღუპა და საჭიროა მისი იზოლაცია და ა. შ.

ჩემსავით თუ არა, არანაკლებ ტალახიანმა ფიქრია ჩიხრაძემ შემატყო, გინების დაწყებას რომ ვაპირებდი, დამასწრო და ხელი ასწია – შეკითხვა მაქვსო. ის ბავშვი რამდენი წლისაა, გამსახურდიამ რომ ჩაითრიაო. ჩაიხედეს ფურცლებში და ოცდაცხრა წლის გახლავთ, სკოლის პედაგოგიაო…

ისეთი ხარხარი ამიტყდა, ახალჩაძინებული ალექსი ინაური გავაღვიძე და პატიაშვილმაც ისე დაუბრიალა თვალები ელვამომარჯვებულ (ალბათ) ინსტრუქტორს, იმ დეპეშას, ჩვენი რომ არ მორიდებოდა, იქვე სხაპასხუპით შეჭამდა, ალბათ, ის გათეთრებული ინსტრუქტორი…

სწორედ იმ დღეს და იქ, პირველად ვნახე ცოცხალი ინაური და იმ ბიუროს სხდომაზე მას, მართლა ჩაეძინა. ოღონდ, ეძინა ცალთვალდახუჭულს და მეორე ღიად, ალბათ, სამორიგეოდ ჰქონდა დატოვებული. თუმცა, ბატონი ალექსი მაშინ უკვე ასაკოვანი კაცი იყო და ზემოთქმულში არაფერია გასაკვირი. მიუხედავად წლებისა, მისი ისევე ეშინოდათ, როგორც მანამდე და სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა ისედაც დაშინებულ ყურს. მაგრამ პირადად, სამიოდე თვის შემდეგ იმ ჩვენი პირველი მიტინგიდან, უფრო ახლოს გავიცანი ალექსი ინაური და მომეჩვენა, რომ როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, უკვე მომტყდარი იყო. ყოველ შემთხვევაში, ნაღდად არ შემშინებია და ჩვენი შეხვედრა და გაცნობაც უცნაურად და უჩვეულოდ მოხდა…

მათ შორის, ვისაც მადლობა ეთქმის ჩვენი სტუდენტობის დროინდელი გარეჯისათვის, უპირველესად ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს (ერობაში ირაკლი მახარაძეს), რომელიც ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა დავითის უდაბნოში და გარეჯის გადარჩენაშიც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.

მეუფე დავითის უმცროსი შვილი გიორგი მხოლოდ რამდენიმე თვისა იყო, როცა თბილისიდან გარეჯში წაიყვანეს და იგი იქ გაიზარდა. ზაფხულობით თელავში, დედულეთში მიყავდათ ხოლმე და იქიდან გემრიელი კახური აქცენტით ბრუნდებოდა. გიორგის პატარაობიდან აჩვევდნენ ლოცვაზე დგომასა და ეკლესიის მიმართ მოწიწებას და მისთვის, პატრიარქზე დიდი ადამიანი სამყაროში არ არსებობდა, რომლის ფოტოებიც ყველა ოთახში იყო გაკრული. ერთხელაც სამზარულოში სამი წლის გიორგი მახარაძემ შემოაბოტა და კახური მახვილებითა და თელავური აქცენტით გვახარა – კათოლიკოზი ჩამოიდაო…

ჩვენ მოულოდნელობისაგან დავიბენით კიდეც, რადგან უწმინდესის ჩამობრძანებას, როგორც წესი, წინასწარ გვატყობინებდნენ ხოლმე. გამოვვარდით სახლიდან და იქვე, შენობასთან გაჩერებულ მანქანასთან ალექსი ინაური დავინახეთ. ფორმა ეცვა და, როგორც ჩანს, მოწიწებით რომ გაუღეს მანქანის კარი, პატარა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს იყო კათოლიკოსი და ამიტომაც ექცეოდნენ ასეთი ხაზგასმული მოკრძალებით. ცოცხალი ინაურის დანახვაზე, რა უნდა მეფიქრა, მაგრამ ჩემს დასაჭერად თუ თვითონ ალექსი ინაური (თავისი მანქანით) შეწუხდებოდა, რას წარმოვიდგენდი. მაგრამ ხელი რომ ჩამოგვართვა და როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ გაგვიღიმა, ერთი ძველი, რუსულენოვანი ანეგდოტი გამახსენდა. ველურ, ამერიკულ დასავლეთში, კოვბოების პატარა ქალაქში, გიჟივით დააჭენებს ცხენს იარაღასხმული მხედარი. ქალაქში ახლადჩამოსული კაცი თვალს გააყოლებს მხედარს და ვინ არისო იკითხავს:

- “неуловимый Джо!” – ეტყვიან სერიოზულად.

- “А почему не могут его поймать?” – გაიკვირვებს ახლადჩამოსული.

- “А кому он на хуй нужен!..”

არც ისეთი ამპარტავნები ვიყავით და არც ისეთი ბრიყვები, რომ მართლა გვეფიქრა – ჩვენს დასაპატიმრებლად თვითონ უშიშროების მთავარი გენერალი ჩამოვიდოდა თბილისიდან და ინაურმა ბერთუბანში გაყოლა გვთხოვა ნიკო ნიკოლოზიშვილს და მე. რომ დავრწმუნდით, დაპატიმრებას ნამდვილად არ გვიპირებდა, გზაში თავი არ დაგვიზოგავს და, რაც კი ცუდი გაგვახსენდა საბჭოთა რეჟიმზე, ყველაფერი ჩამოვთვალეთ.. სიმართლე ვთქვა, ხმა არ ამოუღია და აშკარად, ეს უფრო ცუდი იყო. ხანდახან მოიხდიდა ხოლმე ქუდს და უზარმაზარი თვალებით გვაკვირდებოდა. მგონი, გიჟები უფრო ვეგონეთ, ვიდრე დისიდენტები და უფრო გავთამამდი – ბერთუბნის მონასტერი “ძვირფასი” ქართველი კომუნისტების წყალობით ოციანი წლებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და გასაგები მიზეზების გამო, ალბათ, ყველაზე მეტად დაინგრა და განადგურდა. ალექსი ინაურსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გზაში უკვე თქმულის შემდეგ, ისიც რომ შევაპარე, ბოდიში და ბერთუბანი ხომ არ დაგვებრუნებინა-მეთქი, გენერლის ქუდი კიდევ ერთელ მოიხადა, მარჯვენა ხელი მოიჩრდილა და, რამდენს ლაპარაკობ, ბიჭო, არ დაგიჭირონო – ღიმილნარევი ხმით მითხრა. თქვენ თუ არ დამიჭერთ, სხვა ვინ ოხერი-მეთქი…

იმ დღეს ცოცხალი ალექსი ინაური კი მეორედ ვნახე, მაგრამ მანამდე უამრავი რამ მსმენოდა მის შესახებ და ბერთუბნიდან უკან მომავალ გზაზე ისიც კი ვთხოვე, ნიკიტა ხრუშჩოვის დაკავების ამბავი მოეყოლა. გადმოცემით ვიცოდი, რომ ხრუშჩოვის დაპატიმრების ოპერაციას ინაური ხელმძღვანელობდა, მაგრამ ბატონმა ალექსიმ უარი გვითხრა, ჯერ ადრეა და რომ მომხსნიან, ყველაფერს მოგიყვებიო. თქვენ ვინ მოგხსნით-მეთქი, – აღარ მიწუწუნია და რამდენიმე წლის შემდეგ (როცა საქართველოს უშიშროების ხელმძღვანელი აღარ იყო), მისი დაპირება გამახსენდა (სინამდვილეში არც დამვიწყებია) და სახლში მივაკითხე “იბერვიზიის” ოპერატორთან ერთად…

მაშინ ტელეკომპანია “იბერვიზია” ახალი გახსნილი იყო და ამიტომაც, დახმარებისთვის სწორედ მათ მივმართე – დარწმუნებული ვიყავი, რომ უნიკალური ჩანაწერის გაკეთებას შევძლებდით, თუ ბატონ ალექსი ინაურს ინტერვიუზე დავითანხმებდი. “იბერვიზიიდან” ოპერატორი კი სიამოვნებით გამომაყოლეს, მაგრამ ინაურების კარის ზღურბლზე ოჯახის დანარჩენი წევრები გაოცებულები გადამეღობნენ. ბატონი ალექსი უკვე ისე მძიმედ იყო (მასპინძლების ახსნა-განმარტებით), რომ ვეღარ ლაპარაკობდა, თუმცა, მე მაინც ვთხოვე მათ, უკვე ჰორიზონტალურ გენერალთან ოთახში შეშვება, რადგან, მინდოდა, რომ რამდენიმე შეკითხვა მაინც დამესვა ინაურისთვის და ჩემი ვარაუდით, იგი თავის დაქნევით ან თვალებით მაინც მოგვიყვებოდა ერთ-ორ ტკბილ ამბავს. ოჯახის წევრებმა, რა თქმა უნდა, გენერალი არც გვანახეს – სხვა დროს გამოიარეთო და კარიც გამოგვიხურეს. სხვა დრო კი, აღარც მოსულა, რადგან ცოტა ხანში ალექსი ინაური გარდაიცვალა და, ალბათ, უამრავი საიდუმლოც საფლავში ჩაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უკვე რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალეთ, ის უამრავი საიდუმლო ისევ ამოუხსნელია და, სამწუხაროდ, საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონი არ მიიღო. დღემდე ხელისუფლება მხოლოდ იმ პოლიტიკოსებზე აქვეყნებს ხოლმე კომპრომატებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და თუ რომელიმე ქვეყნის რომელიმე აგენტი ჩვენი ხელისუფლების საჯარო მომხრეა, მაშინ მის მოღვაწეობას საქართველოში, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არადა, ერთი-ორი აგენტის გამომჟღავნებაც დიდი სამსახური იქნებოდა ჩვენთვის, რადგან ისინი პოსტსაბჭოური საქართველოს ხელისუფლებაშიც საკმარისად არიან (ოპოზიციისა არ იყოს) და თუ ხელისუფლება ლუსტრაციის კანონს არ მიიღებს, მაშინ არჩევნების წინ, გვირილები მაინც უნდა დაურიგონ ხოლმე ამომრჩევლებს და საქართველოს მოქალაქეებსაც (სანამ ბიულეტენებს შემოხაზავენ) იმის საშუალება მაინც ექნებათ, რომ გვირილების ფურცლებით იმარჩიელონ: არის აგენტი, არ არის აგენტი…
საქართველოში ადამიანებს დღემდე იმით აშინებენ, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებისთანავე, ხალხი ერთმანეთს დაერევა და მასიური შურისძიება დაიწყება ყოფილი თუ მოქმედი აგენტების მიმართ. სინამდვილეში, ლუსტრაციის კანონი, აგენტების სიების პრესაში გამოქვეყნებას კი არ ნიშნავს, არამედ, უცხო ქვეყნის აგენტების ჩამოშორებას საქართველოს ხელისუფლებისაგან და მათ, უბრალოდ, აეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობების დაკავება. ასე მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ლუსტრაციის კანონმა დააჩქარა დემოკრატიზაციისა და, შესაბამისად, ამ ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი. ერთ-ერთ ქვეყანაში იყო რადიკალური შემთხვევაც, სადაც ლუსტრაციის კანონის მიღების შემდეგ, გაზეთებშიც კი გამოაქვეყნეს სხვა ქვეყნების აგენტების სიები, მაგრამ განსაკუთრებულად მძიმე შედეგები, არც ამ რადიკალიზმს მოჰყოლია და პირიქით – ვაცლავ ჰაველის ჩეხეთი, სხვებთან შედარებით, კიდევ უფრო სწრაფად დაწინაურდა.
თუმცა, ჩვენ რომ მაინც მშვიდად ვიყოთ და ზემოთქმულიც გამოვრიცხოთ, კრემლის აგენტების ძველი და ახალი სიები, შეგვიძლია, არც გამოვაქვეყნოთ და ლუსტრაციის კანონის მიღებით, მთავარ მიზანს მივაღწიოთ და აგენტებსაც ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ.
ვინმეს თუ გული დაწყდება მათთან დამშვიდობების გამო, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ კაგებეს საზრიანობასა და უძლეველობაზე თვითონ საბჭოთა ხელისუფლება მონდომებით ავრცელდებდა აზრს ადამიანების დაშინების მიზნით.

მოგვიანებით, როცა რამდენიმე წარმომადგენელი ამ ორგანიზაციისა პირადად გავიცანი, ბავშვობიდანვე გაგონილი ლეგენდები მათი გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ, ნელ-ნელა გაუჩინარდა. არ ვიცი, მე მხვდებოდნენ ყველაზე სუსტები თუ ჩემს მოსატყუებლად იდებილებდნენ თავს, მაგრამ ფაქტია, რომ მათთან საუბარიც კი მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იყო ჩემთვის და მეტი არაფერი. უფრო სწორად, ახლა მეღიმება, თორემ მაშინ, სტუდენტობისას, პირველად რომ დამიბარეს და მკითხეს, რა კავშირი გაქვთ ლეო ლეჩხუმელთანო, ნამდვილად არ გამღიმებია. შეიძლება, მაშინვე იმიტომაც არ გამეღიმა, რომ ვერაფრით გავიხსენე ვინ იყო ლეო ლეჩხუმელი და ვიფიქრე, რომ, ალბათ, სამედიცინოს ან გეპეის სტუდენტია, რომელსაც სახეზე კი ვიცნობ, მაგრამ სახელი და გვარი აღარ მახსოვს-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერებდა. ის კაციც, ვინც ამ შეკითხვით მომმართავდა, ძალიან სერიოზული გამომეტყველებით, დაბეჯითებით მიმეორებდა, რომ დანამდვილებით იცოდა (ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე) ლეო ლეჩხუმელთან ჩვენი თანამშრომლობის შესახებ და ჩვენი გულწრფელი აღიარება, ჩვენთვისვე იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. რასაკვირველია, ვერაფრით ვაღიარე რაიმე კავშირი ვინმე ლეო ლეჩხუმელთან და მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ლეო ლეჩხუმელი “ამერიკის ხმის” იმ ქართველი თანამშრომლის ფსევდონიმი იყო, რომელმაც ამერიკული რადიოს ეთერში დაწვრილებით აღწერა ჩვენი სტუდენტური მიტინგი და ჩვენს შესახებაც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ქართველი სტუდენტებისთვის ეს ფაქტი ჯერ ისევ სარისკო და ცოტა საშიში იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მყოფი მიხეილ გორბაჩოვი ლიბერალიზაციის ტკბილი ზღაპრებით უკვე მთელს მსოფლიოს აბრუებდა. მოსკოვისაგან განსხვავებით, თბილისსა და საქართველოში, ოდნავაც არ იგრძნობოდა ეგრეთ წოდებული გარდაქმნის რაიმე ნიშნები და სახელმწიფო აპარატი, ძველებური მონდომებით დევნიდა ყველანაირ განსხვავებულ აზრს. ყოველ შემთხვევაში, ლიტველი, ლატვიელი თუ ესტონელი კომუნისტებისაგან განსხვავებით, ქართველი კომუნისტებისათვის მართლაც დაუჯერებელი იყო, რომ დრო იცვლებოდა, რომელსაც მათ ალღოც კი ვერ აუღეს და არჩევანი ხალხის სასარგებლოდ, უბრალოდ, ვერ გააკეთეს.
ფაქტია, რომ სისხლის დაღვრამდე (9 აპრილამდე) თავისუფლება (ქართულ პრესასა თუ ტელევიზიაში) ოდნავადაც არ იგრძნობოდა (გარდა, იშვიათი შემთხვევების) და ამ ვაკუუმის, თუნდაც, მინიმალურით შევსება, თავად გადავწყვიტეთ. უნივერსიტეტის რექტორატმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა (ალბათ, უფრო ზემოთ შეთანხმებით) და უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში ორი ფურცელი დაგვითმო. მიტინგის ხსენებაც კი, იმდენად თავზარდამცემი იყო მათთვის, რომ აშკარად არჩიეს საგაზეთო კომპრომისი. თუმცა, ჩვენ მათზე ნაძირლები აღმოვჩნდით და საკუთარი პრესაც მოვიპოვეთ და არც მიტინგებზე გვითქვამს უარი. ჩვენი გაზეთიც იმდენად პოპულარული გახდა მთელს საქართველოში, რომ წერილებს ყველა კუთხიდან ვიღებდით და მოვლენების ასეთ განვითარებას, ალბათ, ბატონი ვახტანგ გოგუაძეც არ მოელოდა. ვახტანგ გოგუაძე მაშინ უნივერსიტეტის პრორექტორი იყო და შეიძლება, თვითონვე უთხრა სადღაც ზემოთ (ჩვენი არსებობით შეწუხებულ გვამებს) – ამ გზააბნეულ სტუდენტებს მე მივხედავო და მართლა ძალიან მზრუნველი მამასავით გვერდიდან არ გვშორდებოდა. პირადად მე, რამდენჯერაც დამინახავდა უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტის მისადგომებთან, აუცილებლად მთხოვდა ან თვალებით მაინც მანიშნებდა – “საროჩკა” ჩაიტანე შარვალშიო და მე, მაინც, ჯიუტად ამოჩაჩული დავდიოდი უნივერსიტეტში და თავიდან კი ვბრაზდებოდი ხოლმე ამას ვინ ეკითხება-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე და უბრალოდ მეღიმებოდა. ზოგიერთები მერეც ბრაზობდნენ ხოლმე და, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებით, არ დაიჯერეს რომ ვახტანგ გოგუაძე კრემლის აგენტი კი არა, ხშირად უცნაური და ახირებული, მაგრამ ნამდვილად უბოროტო ადამიანი იყო. მგონი, სხვებზეც იგივეს ფიქრობდა ზოგჯერ სრულიად გულუბრყვილოდ და ერთხელ ლექციიდანაც კი გამომიყვანეს, პრორექტორი გიბარებსო და ბატონმა ვახტანგმა პირდაპირ მითხრა სასწრაფო და გადაუდებელი საქმე გვაქვსო. აგერ ეს წერილი წაიკითხე, თუ დაეთანხმები, ხელი მოაწერე და დღესვე მოსკოვში უნდა გავგზავნოთ, ხვალ უკვე გვიანი იქნებაო. წერილი იყო მოკლე და ვახტანგ გოგუაძე (ჩვენი სახელითაც) მადლობას უხდიდა მიხეილ გორბაჩოვს იმის გამო, რომ მან გულთან ასე ახლოს მიიტანა ქართველი ხალხის სატკივარი და გარეჯიდან დაუყონებლივ გაიყვანა საბჭოთა არმიის ნაწილები. ჯერ კი გამეცინა, მაგრამ მერე მაინც ვკითხე – ჯარი რომ ჯერ არ გაუყვანიათ, მადლობა რაში უნდა გადავუხადოთ-მეთქი და ბატონი ვახტანგი ძალიან გაბრაზდა. მერე კი ძალიან სერიოზული სახით ძალიან გულწრფელი ფრაზა მითხრა – ჯერ არ გაუყვანიათ, მაგრამ მადლობას რომ წინასწარ გადავუხდით, გორბაჩოვს აუცილებლად შერცხვება და ჯარსაც აუცილებლად გაიყვანსო…
იმ ჩვენი სტუდენტური გაზეთის არსებობა კი, ნამდვილად ვახტანგ გოგუაძის დამსახურება იყო და რედაქტორი ირმა რატიანიც მიღებული მასალების წაკითხვასაც ძლივს ასწრებდა. წერილებს მართლა მთელი საქართველოდან გვწერდნენ, რადგან ჩვენი გაზეთის ალტერნატივა მაშინდელ საქართველოში არ არსებობდა რამდენიმე სამიზდატის გარდა. არსებობდა მხოლოდ საბჭოური პერიოდიკა, რომელსაც ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა, ჩვენ კი ისეთ მასალებსაც კი ვბეჭდავდით, ზოგიერთებს მათი წაკითხვაც რომ ეშინოდათ.
თუმცა, შიში ნელ-ნელა ქრებოდა საქართველოში და იზრდებოდა მოთხოვნილება თავისუფალი პრესის მიმართ და ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა არამიანცის საავადმყოფოში აღმოვჩნდი ერთ-ერთი ჩვენი მიტინგის შემდეგ. კარდიოლოგიის განყოფილებაში კატეგორიულად განმიმარტეს, რომ მინიმუმ ერთი თვე მაინც იქ უნდა გამეტარებინა და მოწყენილობისაგან გაზეთის გამოშვება გადავწყვიტე. იმ კედლის გაზეთს დავარქვი “ავადმყოფის ხმა” და პირველი ნომერი რამდენიმე დღის შემდეგ დერეფნის კედელზე ჩამოვკიდე. გაზეთს ჰქონდა დევიზიც – “საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოში” და რამდენიმე პატარა და არასერიოზულ სტატიასაც მოიცავდა ხუმრობანარევი ფინალით – მეორე ნომრისთვის მასალებს ვამზადებთ და თუ გამოგვეხმაურებით, ამა და ამ პალატის კარი შეგიძლიათ დაუკაკუნებლადაც შემოაღოთ-მეთქი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი ხუმრობის გამო მინანია, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული შეცდომა იყო და სტატიებითხელდამშვენებული ავადმყოფები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მეზობელი განყოფილებებიდანაც მაკითხავდნენ. მოჰქონდათ პოლიტიკური და ეკონომიკური წერილები, ლექსები და მოთხრობები, მოგონებები სტალინზე და ანასტას მიქოიანზეც კი. როგორც ჩანს, ხმა ჩვენი გაზეთის არსებობის შესახებ სხვა საავადმყოფოებშიც გავრცელდა, რადგან ცოტა ხანში, უკვე სხვა საავადმყოფოებიდანაც ვიღებდით მასალებს და ლექსებსა და წერილებს გვიგზავნიდნენ არა მხოლოდ ავადმყოფები, არამედ ექიმებიც და ექთნებიც კი.
ჰოდა, რა ძნელი იქნებოდა იმის მიხვედრა, რომ უკვე ჩიხში ვიყავი, მკურნალობასაც აზრი არ ჰქონდა, დარეჯან-ექიმიც სულ ამაოდ დასცქეროდა ჩემი გულის კარდიოგრამას და გამწერეთ-მეთქი, – განყოფილების გამგეს ვთხოვე.
ერთ კვირაში გამწერეს…

საკუთარი სტუდენტური გაზეთი უკვე გვქონდა, მაგრამ მიტინგების გემოც უკვე ვიცოდით და ამიტომ გული ქუჩისკენაც მიგვიწევდა. თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან დასაწყისში მართლა ცოტანი ვიყავით და მიტინგების დასარბევად მოსულ მილიციელებთან გამკლავება, საკმაოდ გვიჭირდა. იმდენად გვიჭირდა (დასაწყისში) და იმდენად ცოტანი ვიყავით, რომ ჩვენი თანაკურსელი და მეგობარი გოგონები, არანაკლები მონდომებით ჩხუბობდნენ ხოლმე (ჩვენთან ერთად) და ისიც უნდა ითქვას, რომ მილიციელებს ზოგჯერ გოგონებთან გამკლავება უფრო უჭირდათ, ვიდრე ბიჭებთან. ზოგჯერ კი ჩვენი ძვირფასი ლექტორებიც გვეხმარებოდნენ ხოლმე თავისი მძიმე პორტფელებით, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა.

იშვიათად (მაგრამ მაინც) ისიც ხდებოდა, რომ ზოგიერთები ხალხმრავალ ადგილებში (შიშის გამო) არც კი გვესალმებოდნენ და მათი სახელები უბრალოდ დავივიწყე.

სამაგიეროდ კარგად მახსოვს მათი ლექციებიც კი, ვინც სრულიად სხვა სამყაროს გვთავაზობდა სტუდენტებს და ჩვენი თავისუფლების დასაწყისიც, შეუძლებელია, ამ ლექტორებსაც არ უკავშირდებოდეს. შეუძლებელია თენგიზ კიკაჩეიშვილისა თუ გიორგი ჯაფარიძის ლექციების დავიწყება, მაგრამ პირადად (სამართლიანობისათვის) იმის გახსენებაც აუცილებლად მიმაჩნია, რაც ლექციების შემდეგ ხდებოდა, როცა საღამოობით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის ბოლო სართულზე არნახულ ფილმებს უჩვენებდნენ ხოლმე. არნახულს იმიტომ, რომ იმ ფილმების დიდ ნაწილს საბჭოთა მაყურებელი, უბრალოდ, ვერ იხილავდა ვერც კინოთეატრებში და ვერც ტელეეკრანებზე და მით უმეტეს, ვერ მოისმენდა გოგი გვახარიას კომენტარებს, რომელიც მაშინ ჩვენი ლექტორი იყო.

მაშინ უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს (პარალელურად), მეორე ფაკულტეტზეც შეეძლო სწავლა და ხელოვნებათმცოდნეობა სულაც არ ამირჩევია შემთხვევით, რადგან მაშინ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არანაკლებ საინტერესო ლექციები ტარდებოდა, ვიდრე პირველ კორპუსში, თუმცა უნივერსიტეტს ყოველთვის იმ კორპუსს უწოდებდნენ, რომელიც ცხვედაძემ და კლდიაშვილმა ააშენეს. ჩვენთვისაც უნივერსიტეტი ერქვა პირველ კორპუსს და როცა უნივერსიტეტი გვენატრებოდა (მაგალითად ზაფხულობით, არდადეგების დროს), ყოველთვის ვარაზისხევის შენობას ვგულისხმობდით. თუმცა დასაძინებლად უნივერსიტეტში ზამთარშიც ბევრჯერ დავრჩენილვართ და ერთხელ (ირაკლი დოჩანაშვილთან ერთად) საპროფესოროშიც გაგვეღვიძა და გაგვაღვიძა სწორედ ბატონმა ლეო მენაბდემ, ვისთანაც იმ დღეს გამოცდა გვქონდა. არ ვიცი ახლაც თუ ისე უყვართ უნივერსიტეტი, რომ განსხვავებულების შემდეგ სახლში წასვლა ეზარებათ და უნივერსიტეტში დასაძინებლად იპარებიან. ძალიან მეეჭვება, რომ ზემოთქმული ახლაც ხდებოდეს, რადგან რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის მისადგომებთან ისეთი გაძლიერებული დაცვა დააყენეს, რომ შიგნით შეღწევა არათუ ღამით, დღისითაც კი ძალიან ძნელი იყო. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ სწორედ მაშინ უნივერსიტეტს ტაძარი დაარქვეს და სამყაროში არც არსებობს სხვა ტაძარი, შიგნით შესვლისათვის საშვს რომ ითხოვდნენ. არც სხვა უნივერსიტეტი არსებობს დედამიწაზე (ისეთი), პოლიცია რომ იცავდეს სტუდენტებისაგან და სინამდვილეში ხომ უნივერსიტეტი ყველაზე ღია ადგილი უნდა იყოს ქვეყანაში და საქართველოშიც უნივერსიტეტი იმიტომ დააარსეს, რომ ადამიანებს უპირველესად თავისუფლება ესწავლათ.

თუმცა თვითონ სიტყვა თავისუფლება (საქართველოსთან მიმართებაში), პირველად უნივერსიტეტის გარეთ მოვისმინე, მაგრამ იქვე, ჭავჭავაძის პროსპექტზე, სადაც ირაკლი ბათიაშვილის მამა ცხოვრობდა. ბატონ დიმიტრი ბათიაშვილის ბინაში კვირაში ერთხელ ეგრეთ წოდებული ხუთშაბათობები იმართებოდა ქართველი დისიდენტების მონაწილეობით და პირადად ამ საიდუმლო კრებაზე პირველად ირაკლი ბათიაშვილმა დამპატიჟა. თვითონ ირაკლი კი უნივერსიტეტის გადაღმა, ჩაის სახლის წინ იდგა ხოლმე შუადღისას, როგორც ახალგაზრდა დენდი-ფილოსოფოსი, რომელსაც კისერში მუდმივად ჰქონდა ჩაფენილი თავისი განუყრელი კაშნე და გოგოებიც გიჟდებოდნენ ხოლმე ირაკლი ბათიაშვილზე, ისე მოსწონდათ. იყვნენ გამონაკლისებიც და ჩვენი მეგობარი და თანაკურსელი მაკო ჭოღოშვილი ამბობდა ხოლმე – ასეთი პრანჭია ბიჭები საერთოდ არ მომწონსო, მაგრამ როცა მიტინგებმა რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლეს 1988 წლის ნოემბერში და ასი ათასი ადამიანის წინაშე ირაკლი ბათიაშვილიც გამოვიდა სიტყვით, მაკომ ჩვენს წინ მდგარ ქალბატონს ზრდილობიანად სთხოვა – ცოტა იქით გაიწიეთო.

ის ქალბატონი აღშფოთდა (თანაც დაუყონებლივ) და საკმაოდ უხეშადაც უპასუხა ჩვენს მეგობარს – გენაცვალე, აქ ხალხი მოსასმენად დადის და არა საყურებლადო. მაკომ კი მისთვის ჩვეული იუმორით, ძალიან მშვიდად უპასუხა დიდაქტიკოს ქალბატონს – დიდი ბოდიში, მაგრამ მე ირაკლი ბათიაშვილის სანახავად ვარ მოსული და თუ შეიძლება ცოტა გვერდით გაიწიეთო…

თუმცა ეს იყო მოგვიანებით, მანამდე კი ბათიაშვილების სახლში პირველად მოვისმინე ხმამაღლა გამოთქმული აზრი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და არასოდეს დამავიწყდება რამდენიმე დღის შემდეგ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ადამიანების რეაქცია, როცა მათ ზურაბ ჭავჭავაძემ ძალიან მარტივი ჭეშმარიტება გაანდო – მალე საქართველო დამოუკიდებელი გახდება და არ გაიკვირვოთო. გაკვირვება არც ერქვა იმ სამარისებულ დუმილს, რომელმაც მაშინ იქ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დაისადგურა და მახსოვს, რომ ადამიანებს უბრალოდ ძალიან შეეშინდათ დამოუკიდებლობის ხსენებისაც კი. მას შემდეგ ადამიანების უმრავლესობას საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში), ჩემის დაკვირვებით, ყველაზე მეტად ისევ თავისუფლების ეშინიათ და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არის ჩვენში ამდენი აგრესია და სიძულვილი. როდინდელ ამბავს ვყვები, მაგრამ ახლაც ქართველების დიდ ნაწილს, განსხვავებული აზრის ატანაც კი, უბრალოდ არ შეუძლია და ადვილი წარმოსადგენია როგორი გასაკვირი იქნებოდა მაშინდელი ცეკას პირველი მდივნისათვის ყველაფერი, რაც მაშინ მან უნივერსიტეტში ნახა და მოისმინა.

ჩვენი პირველი მიტინგების შემდეგ, ჯუმბერ პატიაშვილი (1988 წლის გაზაფხულზე) უნივერსიტეტს პირველად ეწვია და მისთვის აშკარად მოულოდნელი იყო ჩვენი აზრები და სითამამე ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მაშინდელ საქართველოს აწუხებდა. ბატონი ჯუმბერი, სინამდვილეში, სულაც არ იყო ისეთი ცუდი ადამიანი, როგორი ცუდი მისიის შესრულებამაც შემდგომში მას მოუწია, მაგრამ 9 აპრილთან დაკავშირებით ის მაინც მთავარი პასუხისმგებელი პირია, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი დამნაშავე სხვა იყო.

9 აპრილამდე კი ჯუმბერ პატიაშვილი (განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობაში), აშკარა პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მან, ამ პოპულარობის გამოყენება, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. ჯუმბერ პატიაშვილმა, სამწუხაროდ, არ დაიჯერა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი დაწყებული და რაც მთავარია, შეუქცევადი იყო და მშვენიერი შანსი იმისა, რომ XX საუკუნის საქართველოს ისტორიაში უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ფიგურად ქცეულიყო, უბრალოდ დაკარგა და ხელიდან გაუშვა. გასაგებია, რომ ჩვენი (ან თუნდაც ყველაზე კეთილისმსურველთა) რჩევა ბატონ ჯუმბერს არაფერში გამოადგებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უბრალოდ არ გაითვალისწინებდა. მაგრამ მას მშვენიერი მაგალითი ჰქონდა ბალტიის ქვეყნების სახით და პირადად, მახსოვს, როგორ მშურდა განსაკუთრებით ლიტველების. ბრაზაუსკასი, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტი იყო და უფრო მეტიც, ლიტვის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახლდათ, არამარტო გაბედულად, საოცრად გონივრულად მოიქცა და საკუთარი ხალხის ლიდერად იქცა თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ბრაზაუსკასმა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა და ჩათრევას, ისევ ჩაყოლა ამჯობინა. პატიაშვილმა კი, ლიტველი კოლეგისაგან განსხვავებით, ვერ გააცნობიერა დრო, რომლის შეჩერება მართლაც შეუძლებელია და ლიდერობაზეც უარი თქვა. მოგვიანებით ამ უარს (შეგნებულსა თუ უნებლიეს) არამარტო სამწუხარო, ტრაგიკული შედეგებიც მოჰყვა ცხრა აპრილის სახით და მაშინ პატიაშვილიც ისე რომ მოქცეულიყო, როგორც მანამდე უნგრეთისა თუ ჩეხეთის ლიდერები მოიქცნენ, მოგვიანებით ჯუმბერ პატიაშვილიც საქართველოს პრეზიდენტიც გახდებოდა.

ბატონმა ჯუმბერმა კი ჯერ კიდევ 1988 წლის გაზაფხულზე პირველი შეცდომა დაუშვა და ლიდერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას, არაპირდაპირ დაუპირისპირდა. ქართულ პრესაში გაჩნდა წერილები და პასკვილები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, მაგრამ ისეთი უსუსური და ბრიყვული, რომელსაც მხოლოდ უკურეაქცია მოჰყვა – ჩვენი საზოგადოების ის ნაწილიც კი, ვინც ზვიად გამსახურდიას თავის დროზე არც კი ესალმებოდა, მის დამცველად და ქომაგად იქცა. ალბათ ზოგიერთი წერილი, ალბათ ზოგიერთი რედაქტორის ინიციატივითაც იბეჭდებოდა პატიაშვილის საამებლად მაგრამ ფაქტია, რომ პატიაშვილს არაფერი გაუკეთებია ამ შეცდომის გამოსასწორებლად. ფაქტია ისიც, რომ კომუნისტური ხელისუფლების ყოვლად უგუნურ კამპანიას შესაბამისი შედეგი მოჰყვა და ზვიად გამსახურდია გმირად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება ისე მოიქცა, როგორც ასეთ შემთხვევაში იქცევა ხოლმე – იგი ხელისუფლების მხრიდან დაჩაგრულის მხარეს აღმოჩნდა. ჯუმბერ პატიაშვილის უნივერსიტეტში პირველმობრძანების დროსაც ეს დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო. ამიტომაც ამბავი მისი უნივერსიტეტში სტუმრობისა, ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელს თბილისში, მიუხედავად იმისა, ის შეხვედრა ტელევიზიით (გასაგები მიზეზების გამო) არ გადაუციათ. ტელევიზიით აჩვენეს მხოლოდ მეორე შეხვედრა, რომელიც ისევ უნივერსიტეტში, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ, 1988 წლის სექტემბრის ბოლოს შედგა. მაშინ კი ადამიანებმა (არა მხოლოდ თბილისში) იმ დროისათვის სრულიად უჩვეულო მოვლენა აღმოაჩინეს – თურმე შესაძლებელია, ცეკას პირველ მდივანსაც კი არ დაეთანხმო და ეკამათო კიდეც. უფრო მეტიც – ასეთი ტუტუცი სტუდენტები თურმე მართლა არსებობენ უნივერსიტეტში (და როგორც მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ჩვენს შესახებ დაბეჭდეს კიდეც), ისინი უფრო და უფრო ტუტუცდებიან. სხვა გაზეთში კიდევ უფრო რადიკალური აზრიც დაიწერა – ამ ბავშვების პოპულარობას დროულად თუ არ აღვუდექით წინ, თავსაც დაიღუპავენ და ჩვენც დაგვღუპავენო (ეტყობა მაშინ მართლა ბავშვი ვიყავი, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება არ დავიჯერე). თუმცა უკვე გვიან იყო და ჩვენი სახელები თბილისში და არა მხოლოდ თბილისში (სამწუხაროდ), უკვე იცოდნენ. თანაც ჩვენს შესახებ აშკარად გაზვიადებული წარმოდგენები ჰქონდათ და იმ 1988 წლის გაზაფხულის დადგომასაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება შეშინებული თუ არა, საკმაოდ შეშფოთებული მაინც ელოდა. მათ მოლოდინს ისიც ამძაფრებდა, რომ (როგორც ცნობილია) ჩვენებური გაზაფხული სუსტი ნერვებისა და ნებისყოფის ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს და ქართველები თუ მეტნაკლებად შეგუებულები არიან თბილისური კლიმატის თავისებურებებს, უცხოელებს არაერთხელ გამოუმჟღავნებიათ აქაური გაზაფხულის მავნე გავლენა. მაგალითისთვის ცნობილია, რომ სწორედ აქ, მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელმა (თბილისური გაზაფხულით აფორიაქებულმა) ფეოდორ ჩერენკოვმა, ფეხშიშველმა შემოირბინა ჩვენი ქალაქის ქუჩები, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბუცები (მატჩის წინ) თანაგუნდელმა იური გავრილოვმა მოჰპარა და როგორც შემდგომ ფეოდორმა პარტიულ ხელმძღვანელებს განუცხადა – თბილისის ქუჩებში სწორედ თავის დაკარგულ ბუცებს ეძებდა. ჩერენკოვი მას შემდეგ თბილისში აღარც ჩამოუყვანიათ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მის ფსიქიკაზე თბილისური გაზაფხული მკვეთრად უარყოფითად მოქმედებდა. როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნაწილიც დარწმუნებული იყო, რომ გაზაფხულზე (რადგან ნორმალურებად არ მიგვიჩნევდნენ) ჩვენც განსაკუთრებით გაგვიმძაფრდებოდა მიტინგების მოთხოვნილება და შიშსაც, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი და ფართო თვალები აქვს. აზრად რომ არ მოგვსვლია, იმ დღეებშიც ეგონათ ხოლმე რომ რაღაც საშინელება გვქონდა ჩაფიქრებული და მანამდე რომ საერთოდ არ გახსენებიათ, მიტინგების შემდეგ, ყოველ შაბათ-კვირას, მშვენიერი ექსკურსიები დაგვიგეგმეს. აშკარად ცდილობდნენ (შეძლებისდაგვარად) თბილისიდან ხშირად გავეყვანეთ უნივერსიტეტის კუთვნილი ავტობუსით და ტყე-ტყე და სოფელ-სოფელ სიარულით საკმაოდ კმაყოფილები ვიყავით. ჰქონდათ სხვა, ალტერნატიული მეთოდიც – სწორედ იმ დროს, როცა მათი ვარაუდით, მიტინგი უნდა გამართულიყო, ტელევიზიით მაყურებელს ისეთ ფილმებს სთავაზობდნენ, ადრე რომ თვითონვე კრძალავდნენ, მაგრამ ამ გზამ და საშუალებამ არ გაამართლა და მოძრაობა დღითიდღე უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა.

კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, რისიც (აგრეთვე აშკარად) ეშინოდა ხელისუფლებას, იყო დისიდენტური და სტუდენტური მოძრაობის გაერთიანება, მაგრამ ჩვენ არ ვჩქარობდით, რადგან გვეგონა, რომ სტუდენტური მოძრაობა დისიდენტების გარეშე გაცილებით ძლიერი იქნებოდა. თუმცა მათთან ურთიერთობა, რასაკვირველია გვქონდა (კოორდინირების ჩათვლით) და ხშირადაც ვხვდებოდით ერთმანეთს. ისინიც ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც ჩვენ და ისინიც ჩვენსავით რთული ადამიანები იყვნენ ძალიან ხშირად. ყველაზე ადვილი იყო ირაკლი წერეთლის გაგება, რომელიც ძალიან გულახდილად სწორედ იმას ამბობდა ხოლმე, რასაც ფიქრობდა. პირადად მეც გულახდილად მირჩევდა ხოლმე (უნივერსიტეტის წინ), რომ არ ვყოფილიყავი ასეთი ემოციური და რადიკალური და სანამ მომიწოდებდა სიმშვიდისა და რაციონალურობისაკენ, ჩვენს გარშემოც ნელ-ნელა სტუდენტები გროვდებოდნენ ხოლმე და ხალხის მომატებასთან ერთად, ირაკლი წერეთელი ხმასაც უმატებდა ხოლმე და ბოლოს კი ბედნიერი ირაკლი სრულიად განწირული ხმით ყვიროდა საყვარელ ლოზუნგს: ქაჯეთის ციხე უნდა დაინგრეს!

რასაკვირველია, ამ მოწოდებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა “ვეფხისტყაოსანთან” და ქაჯეთის ციხე მხოლოდ ცეკას მაშინდელ შენობას ნიშნავდა, მაგრამ პირადად (სხვებთან შედარებით), მაინც ყველაზე მეტად მისი მოსვლა მიხაროდა ხოლმე უნივერსიტეტში და უპირველესად მისი გულწრფელობის გამო. ზოგიერთები დაუფარავად ამბობდნენ კიდეც, რომ გიჟიაო და უპირველესად კი იმის გამო, რომ ირაკლი წერეთელი საქართველოს ნატოში შესვლას იმთავითვე ითხოვდა. ვინც ამის გამო მას დასცინოდა კიდეც, რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე (ტელევიზიით) ფოთის პორტში, როცა ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი (ბუშტებითა და ყვავილებით ხელში) ნატოს სამხედრო გემს ხვდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე იურიდიულად დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში ისინიც კი აღმოჩნდნენ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას მთელი ცხოვრება ებრძოდა, ხოლო ირაკლი წერეთელს კი პატიმრობას უსჯიდა სწორედ დამოუკიდებლობის გამო. თვითონ ირაკლის, იმ წლების სანაცვლოდ, არასოდეს არაფერი მოუთხოვია და ამიტომაც, როგორც კი ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის ურთიერთობა იძაბებოდა ხოლმე, ყველაზე მეტად ირაკლი წერეთლის იმედი მქონდა.

ერთხელაც, როცა მართლა ძალიან სერიოზული საფრთხე დაემუქრა ჩვენი მოძრაობის ერთიანობას, დაპირისპირებული ლიდერები შესარიგებლად უნივერსიტეტში მოვიწვიეთ. ყველანი დროულად მოვიდნენ და ირაკლი წერეთელმა კი ცოტა დაგვიანებით შემოაღო აუდიტორიის კარი და მაშინვე მიხურა. მეც მაშინვე წამოვდექი და გარეთ გავედი. წერეთელი დერეფანში ძალიან გაბრაზებული დამხვდა იმის გამო, რომ აუდიტორიაში ზვიად გამსახურდიას ცოლიც იჯდა. ცოლი რა შუაშია, წავიდეს და კაცები დავსხდებით და ყველაფერზე დავილაპარაკებთო. აუდიტორიაში დავბრუნდი და ბატონ ზვიადს ყურში ვუჩურჩულე – წერეთელი არ შემოდის, ალბათ არც შემოვა, თუ თქვენ ქალბატონ მანანას არ ეტყვით, რომ აუდიტორია დატოვოს-მეთქი. გამსახურდიამ ჯერ თავის მეუღლეს გახედა, მერე კი ცალყბად, მისთვის დამახასიათებელი ღიმილით მიჩურჩულა – გენაცვალე, იმ წერეთელს გადაეცი, რომ თუ ასე ძალიან უნდა, თვითონვე უთხრას მანანას და ვნახოთ ერთი, ვის მოუწევს აქაურობის დატოვებაო.

მერე გაიცინა და მეც გამეცინა. გარეთ კიდევ ერთხელ გავედი, მაგრამ ირაკლი წერეთელი შემოსვლაზე მაინც ვერ დავითანხმე და ის შეხვედრაც, რა თქმა უნდა, უშედეგოდ დასრულდა. თუმცა მაშინ იმაზე არც მიფიქრია, რომ ამ კინკლაობას (ზოგჯერ სრულიად უსაფუძვლოს), შესაძლო იყო რაიმე ცუდი, მძიმე და სერიოზული შედეგი მოჰყოლოდა მომავალში, რადგან არცთუ იშვიათად, ლიდერებს შორის დაპირისპირება, უბრალოდ, რომელიმე მათგანის უცნაური ახირების ბრალი იყო.

მახსოვს ისიც, რომ ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს თბილისში ხმა გავრცელდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას და სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული მოძრაობის ლიდერები ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე შეიკრიბნენ. შეხვედრაზე დასწრების საშუალება სამ სტუდენტსაც მოგვცეს, მაგრამ არა კამათში მონაწილეობის უფლებით და ჩვენთვის, ესეც ძალიან დიდი პატივი იყო.

ჯერ გაკვრით ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე და ბოლოს კი მთავარი საკითხის განხილვაც დაიწყო – რამდენიმე დღეში თბილისს რონალდ რეიგანი ესტუმრებოდა (სახელმწიფო მდივნის თანხლებით) და საჭირო იყო უამრავი დეტალის შეთანხმება…

პირველი უთანხმოებაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის (რომელიც პირადად მახსოვს), თბილისში რონალდ რეიგანის სავარაუდო ჩამოსვლას მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა, ჭორმაც კი მისი სტუმრობის შესახებ, ისეთი ვნებათაღელვები გამოიწვია, რომ ალბათ რეიგანის ჩამოსვლის შემთხვევაში, ერთმანეთს სამუდამოდ დაკარგავდნენ.
გასაგები იყო, რომ იგი ჯერ თბილისში ჩამოფრინდებოდა, მაგრამ გავრცელებული ჭორის თანახმად, რამდენიმე დღით აპირებდა საქართველოში დარჩენას ჩვენი ქვეყნის გაცნობის მიზნით.
ამიტომაც ირაკლი წერეთელმა იმთავითვე მოითხოვა რონალდ რეიგანის ზემო იმერეთში წაყვანა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებმა სხვა მარშრუტებიც დაასახელეს, და მათ შორის, სვანეთი, რაჭა და მესხეთი.
წერეთელი დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ რეიგანის ქართული მარშრუტიდან ზემო იმერეთის ამოღების შემთხვევაში, რადიკალური ზომებით იმუქრებოდა (იქვე, მოსამზადებელ შეკრებებზე) და სპეციალურად ასეთი შემთხვევისთვის გამოთქვამდა კიდეც ულტრარადიკალურ მოწოდებას – “ზემო იმერეთი ან არაფერი!”. სხვათა შორის, ლოზუნგური რადიკალიზმი იმთავითვე დამახასიათებელი იყო ჩვენი მოძრაობისათვის და სულაც არ იყო შემთხვევითი უფრო გვიანდელი ინერციაც – “მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!”. თუმცა მაშინ ქართველებს ჯერ კიდევ არ ეშინოდათ ამერიკელების (ყოველ შემთხვევაში, იმას ჯერ არ ამბობდნენ, რომ ამერიკელები შემოვლენ და მართლმადიდებლობას წაგვართმევენო) და რონალდ რეიგანის ჩამოსვლასაც სერიოზული მოლოდინი უსწრებდა წინ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის. ახლა ადვილია ხუმრობა, მაგრამ მაშინ სულაც არ ხუმრობდნენ და ზემო იმერეთის საკითხიც სერიოზული განხილვისა და კამათის საგანი იყო, რადგან ეს (ან სხვა საკითხი) მხოლოდ საბაბი ხდებოდა მათთვის და მიზეზი კი მრავალსაუკუნოვანი ქართული პრობლემა გახლდათ, რომელიც დასაწყისშივე ანაწევრებდა საქართველოს ეროვნულ მოძრაობას.
ამიტომაც სიმართლეს ვიტყვი, რომ მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, რომ ამ სისუსტეს – განხეთქილებასა თუ დაპირისპირებას ლიდერებს შორის, შეიძლებოდა ტრაგიკული შედეგებიც მოჰყოლოდა, თუმცა ერთი რამ კი მესმოდა, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის, შეიძლებოდა, ხელისუფლებისათვის ბრძოლაში გადაზრდილიყო და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა.
ამიტომაც ირაკლი წერეთელი ყოველთვის კეთილად მახსენდება და ზოგიერთებისაგან განსხვავებით, მას ძალაუფლებისათვის მართლა არ უბრძოლია და ახლაც მახსოვს მისი გულწრფელი ხმა, როცა ათასობით მომიტინგეს მიმართავდა ყველაზე ომახიანად – “ახლა ჩვენ აქედან დავიძრებით და შემაძრწუნებლად მოვედებით თბილისის ქუჩებს!”…
წერეთელს მართლა გულწრფელად უყვარდა თბილისის ქუჩებში შემაძრწუნებლად მოძრაობა (და არა საკუთარი თავი მოძრაობაში – როგორც ამას მერაბ კოსტავა ამბობდა ხოლმე) და ირაკლის მართლა გულწრფელად სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მერე იმ დამოუკიდებლობით სულ სხვა ადამიანებმაც ისარგებლეს და ახლაც კი, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც არა მხოლოდ ირაკლი წერეთელს, საქართველოს დამოუკიდებლობასაც მონდომებით ებრძოდნენ.
ყველაზე მონდომებული კი (და ალბათ წარმატებულიც), მაშინდელი კაგებე ხმების გავრცელებაში იყო და როგორც ახლა ხდება, მაშინაც (ზოგჯერ) ადამიანები ტყუილს უფრო ადვილად იჯერებდნენ ხოლმე, ვიდრე სიმართლეს.
ერთხელაც, როცა ირაკლი წერეთელი ახალი გამოსული იყო ციხიდან (შედარებით გამხდარიც იყო) და ბევრნიც ჯერ კიდევ ვერ ცნობდნენ სახეზე, უნივერსიტეტში მოვიდა ჩვენს მიტინგზე და მისთვის ჩვეული ემოციურობით სიტყვა წარმოთქვა. სტუდენტებმა ტაში დაუკრეს და ირაკლიმაც სიტყვის გაგრძელება დააპირა, მაგრამ უცებ ხალხიდან ვიღაც ქალმა ხმამაღლა, ყველას გასაგონად იყვირა – რას უსმენთ ამ გიჟსო და მიტინგმაც იხუვლა. იმ ქალბატონს საკმაოდ აგრესიულად მიმართეს დამსწრეებმა და მიტინგის დატოვებაც მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაინც იმეორებდა უცნაურ ფრაზას – დამიჯერეთ ხალხო, დედა ვარ და ვიცი რასაც ვამბობო…
არც მაშინ და არც მერე ირაკლისთვის არ მიკითხავს, იყო თუ არა ის ქალბატონი მართლა მისი დედა, რადგან დედაჩემიც იგივე აზრის იყო ჩემს შესახებ (მგონი, ახლაც იგივე აზრისაა) და სულაც არ მაკვირვებდა ადამიანების (თუნდაც მშობლების) დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ეს არ იყო ქართული გამონაკლისი და მთელს სამყაროში ყველას, ვინც დინების წინააღმდეგ მიდიოდა, გიჟებს უწოდებდნენ, მაგრამ სწორედ ისინი, ვისაც გიჟებს უწოდებდნენ, ქვეყნებსა და საზოგადოებებს ცვლიდნენ და ახალ სახელმწიფოებსაც ქმნიდნენ და ქმნიან.
თუმცა იყო სხვა მიზეზიც, რის გამოც იმთავითვე არ მქონდა პროტესტის გრძნობა ჩვენი კრიტიკის მიმართ და პირიქით – პირადად მიხაროდა კიდეც, რომ სერიოზულ ადამიანად საერთოდ არ მთვლიდნენ. მახსოვს შემთხვევაც, როცა ზურა ჭავჭავაძეს კაგებეში ჩემზე ჰკითხეს თუ იცნობო და ზურამ (რასაც ჩემზე ფიქრობდა) გულწრფელად უპასუხა – ვიცნობ და ძალიან კარგი ბიჭიაო. შეკითხვის ავტორს უთქვამს, ჩვენ სულ სხვა ინფორმაცია გვაქვს და ეგ ბიჭი, მგონი, ცოტა ვერ არისო…
ზურამ ეს ამბავი რომ მომიყვა, მართლა გულით გავიხარე, რადგან გიჟი არა მარტო ალექსი ინაურს (ალბათ, მისივე გავლენით), სხვებსაც ვეგონე და ეს ჩემთვის აშკარად მომგებიანი იყო – რამდენადაც არასერიოზულად ჩამთვლიდა კაგებე, იმდენადვე არასერიოზული დამოკიდებულება ექნებოდა ჩემს მიმართ ხელისუფლებას და ზურა ჭავჭავაძემაც (იქ და მაშინ) სულ ტყუილად დამიცვა.
თუმცა ზურა ისეთი ადამიანი იყო, ნებისმიერ დროს დამიცავდა მეც და სხვებსაც და ერთადერთი, ვისი დაცვაც არასოდეს უცდია, საკუთარი თავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას არცთუ იშვიათად უპირისპირდებოდნენ. სხვათა შორის, საქართველოში რომ ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა, ამას თვითონ ზურას თვისებები განაპირობებდა, რადგან ის იყო ჭკვიანი და განათლებული, კეთილშობილი და ლამაზი კაცი და თანაც ჭავჭავაძე.
ასეთები კი ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, არ უყვართ და მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი უმრავლესობას არ ეთანხმებიან და მაინც ჯიუტად არიან მშვიდობის და არა ომის მომხრე. ზურა ჭავჭავაძე კი ყოველთვის იყო მშვიდობის მომხრე და ყოველთვის სჯეროდა, რომ არცერთი ადამიანი არ იქნება ჩვენი მტერი, თუ ჩვენ მათ მოვუსმენთ და იმის გაგებასაც შევეცდებით, რაც მათ აწუხებთ. ჩვენ კი მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ჩვენ რა გვაწუხებდა, რა პრობლემები გვქონდა (მხოლოდ ჩვენ) და სასწრაფოდ გვინდოდა ყველა პრობლემის მოგვარება. დაუყონებლივ გვინდოდა საქართველოსაგან შვეიცარიის შექმნა და ზურა ჭავჭავაძეს კი ძალიან არ მოსწონდა ჩვენი სულსწრაფობა, აჩქარება და მოუთმენლობა. ამიტომაც ზურა ჭავჭავაძე თითქმის ერთადერთი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის (იყვნენ სხვებიც, მაგრამ ცოტანი), ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მართლა ცდილობდა ისეთი ურთიერთობის მიღწევას, ომსა და სისხლისღვრას რომ აგვაცილებდა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ, რადგან თბილისში (მრავალათასიან მიტინგებზეც კი), სრულიად სხვა აზრები და მოწოდებები ისმოდა არაქართველების გასაგონად. უცნაურია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ზურა ჭავჭავაძე ფრაზას, რომელსაც ახლაც არ დაუკარგავს აზრი და მნიშვნელობა და სინამდვილეში ვერავის ვაიძულებთ ჩვენთან ერთად იცხოვროს ერთ ჭერქვეშ და გამოსავალიც ერთადერთია – შევქმნათ სხვებისთვისაც მიმზიდველი სახელმწიფო…

ერთხელაც სტუდენტური ზაფხული გვაქვს და მიგვიზიდა კახეთმა.
სოფელ გავაზში ისე დავთვერით, რომ ლევან თითმერიასთან ერთად გამთენიისკენ ყვარელში აღმოვჩნდი და ყვარლის სასადილოს ლუდი რას გვიშველიდა. როგორც ხდება ხოლმე (გაჭირვების დროს), ზურა ჭავჭავაძე გამახსენდა, რადგან რატომღაც მეგონა, რომ ყვარელში მათ სახლი ჰქონდათ და ვიფიქრე მივალთ, ოჯახს დავლოცავთ და ამ დასიებულ თავებსაც ვუწამლებთ-მეთქი. ამიტომაც პირველივე შემხვედრს ვკითხეთ სად შეიძლებოდა ზურა ჭავჭავაძის ნახვა და იმ პირველივე შემხვედრმა უგემრიელესი კახურით გვკითხა – რომელი ზურასიო. ჩვენც დავუკონკრეტეთ ნიკო ჭავჭავაძის ბიჭისო და იმანაც დაბეჯითებით გაიშვირა მარჯვენა ხელი – ორივენი ემანდ არიან, ეკლესიაშიო.
ეკლესია იქვე იყო და სიხარულითაც შევედით შიგნით, მაგრამ ცარიელი დაგვხვდა (ასეთებიც ხდებოდა მაშინ) და მაშინვე უკან გამოვედით და იმ ტკბილ მოხუცსაც იქიდანვე გამოვძახეთ, რომ ეკლესიაში არავინ იყო. კარქა ნახეთო, – იმ ტკბილმა კაცმაც ტკბილად, ადგილიდანვე დაგვარიგა და ისევ შევედით და კარქა ვნახეთ. საკურთხევლის წინ ორი საფლავი იყო: ერთზე ეწერა ნიკო ჭავჭავაძე და მეორეზე კი – ზურაბ ჭავჭავაძე.
ახლაც არ ვიცი (დაღესტნის ყოფილი გუბერნატორის საფლავი რომ გვაჩვენა), გვეხუმრა თუ საქართველოს უახლესი მომავალი იწინასწარმეტყველა იმ ტკბილმა კახელმა კაცმა, რადგან მაშინ ორივენი (ვისაც ვეძებდით) ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ: ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძეც და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერიც – ზურა ჭავჭავაძეც.
ყველაზე რჩეული ადამიანიც (მგონი, არ ვაჭარბებ), სწორედ ზურამ გამაცნო სოხუმში და მას შემდეგ აფხაზეთში აღარ ვყოფილვარ და აღარც ვოვა ვეკუა მინახავს, რომელიც ერთი წლის შემდეგ, მოკლეს კიდეც. როცა გავიცანი, მაშინ უკვე იძაბებოდა ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდები იყო, ზღვაში არცერთხელ არ ჩავსულვარ. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ახლაც ვამაყობ იმით, რომ ბოლოს აფხაზეთში დასასვენებლად არ ვყოფილვარ და ჩემთვის აფხაზეთი კურორტი კი არა, ჩემი სამშობლოს ნაწილი იყო და არის. (აფხაზეთში დაბრუნებაც იმიტომ კი არ მინდა, რომ (როგორც ერთმა ჩვენმა ბომონდის ვარსკვლავმა ბრძანა) ბიჭვინთის პლაჟზე წამოვიპლაკო, არამედ იმისათვის. რომ აფხაზები უბიხებივით არ გაქრნენ).
მახსოვს, მაშინ ამის გამო ვოვა ვეკუას გაეღიმა კიდეც, მაგრამ არ გაკვირვებია და პირიქით – მე გამაკვირვა ამ საოცარმა ადამიანმა, რომელსაც აფხაზები ქართველებივით უყვარდა (რაც ქართველებში იშვიათია) და ახლაც მგონია, რომ ომის დაწყებამდე იმიტომ მოკლეს სწორედ ვოვა ვეკუა, რომ ქართველებისაგან მტრის ხატი უფრო ადვილად შეექმნათ მათ, ვისაც ომი სჭირდებოდა.
ომს კი თავისი კანონები აქვს და რაც მერე მოხდა, იმის შეცვლა უკვე შეუძლებელია, თუმცა, რასაც ვოვა ვეკუა მანამდე ამბობდა, დღესაც ისეთივე წამალია, როგორც მაშინ, რადგან ახლაც მაშინდელივით გვჯერა, რომ აფხაზები (როგორც ერთი სტადიონი ხალხი) საიდანღაც ჩამოეთრიენ და რომ მოვინდომოთ, ერთ დღეში გადავუვლით. ვოვა ვეკუა რომ გავიცანი, სოხუმში უკვე იცოდნენ, რომ თბილისის მიტინგებზე ასეთ უცნაურ აზრებს გამოვთქვამდით აფხაზების შესახებ და ბატონი ვოვა კი არ გვსაყვედურობდა, უბრალოდ გაოგნებული იყო ჩვენი დაგრეხილი ცოდნით და სრულიად გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ვოვა ვეკუაზე ზრდილობიანი ადამიანი, აღარასოდეს შემხვედრია. მეტიც – მგონია, რომ ის იყო მისტიური და ლეგენდარული კოლხეთის კლასიკური წარმომადგენელი და მისი სახით მაშინ სულ სხვა, ნამდვილი სამეგრელო აღმოვაჩინე, რომელსაც ბავშვობიდან ვეძებდი.
ბავშვობიდან იმიტომ, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა პირველად წამიყვანა საყვარელმა ბებიამ სამეგრელოში და სოფელში ჩასვლისთანავე ცეცხლზე ღომის ქვაბი შემოდგა. მე კი მომცა ანკესი და თვალი ჩამიკრა – სანამ ღომი მოიხარშება, აგერ ჩვენს პირდაპირ რომ ღობეა, იმას გადაახტები და იქ რომ პატარა წყალი დაგხვდება, იქ ჩაუშვებ მაგ ანკესს და რაც მალე და ბევრ თევზს ამოყრი, შენთვისაც უკეთესი იქნება და ჩემთვისაცო. გადავახტი მითითებულ ღობეს, მართლა დამხვდა პატარა ტბა თუ წყალსაცავი და ჩავუშვი ანკესი, მაგრამ თევზმა დაიგვიანა თუ მე ვერ გამოვდექი დროული მეთევზე, ვიღაც კაცი ჯოხით გამომეკიდა. ჩვენი ეზოს ჭიშკრამდე მსდია და სახლიდან ღომის ჩოგნით გამოვარდნილი ბებიაჩემი რომ დაინახა, მხოლოდ მაშინ დამანება თავი. მაშინ მეგრული არ მესმოდა კარგად და ამიტომაც დღემდე არ ვიცი რას ეუბნებოდა ის გამხეცებული კაცი ჩემს ძვირფას ბებიას და იმას ხომ მაინც ვერ დავიჯერებდი, რომ ბებიაჩემმა, ღომის მოხარშვამდე, მეზობლის ეზოში გადამაგზავნა თევზების მოსაპარად…
ვოვა ვეკუას გაცნობის შემდეგ კი, უბრალოდ, არ მჯერა, რომ ბუნებაში ცუდი მეგრელებიც არსებობენ. მაშინ კი სოხუმში, ვოვა ვეკუას მეუღლეც გავიცანით, რომელიც ვოვას მოკვლის შემდეგ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ოლღა გურამიშვილი და ილიას მკვლელობაც შემთხვევით არ გამხსენებია. დარწმუნებული ვარ, რომ ვოვა ვეკუა ყველაზე მეტად ჰგავდა იმ იდეალურ ქართველს, რომელზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა…

გია ჭანტურია მგონი უფრო ადრე გავიცანით, ვიდრე დანარჩენები და გია გავიცანით სიონის ეზოში, ჯერ კიდევ ჩვენს პირველ მიტინგებამდე, სადაც ისიც მოვიდა სხვა, ძველ დისიდენტებთან ერთად და იქვე, შორიახლოს დადგა. როგორც შეთანხმებულები ვიყავით, სიტყვა არ მოუთხოვია მაგრამ შემატყო, რომ ვღელავდი, მოვიდა, ხელი გადამხვია და უბრალოდ გამამხნევა.
არ შეგეშინდესო და არ შემშინებია არც მაშინ და არც მერე და ახლაც მგონია, რომ ეს მისი დამსახურებაც იყო, რადგან გია ჭანტურია გადამდებად უშიშარი იყო. თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს და ბევრჯერ გვისაუბრია, უფრო ხშირად გვიკამათია რადგან ხშირად არ ვეთანხმებოდი ხოლმე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ის იყო ისეთი ლიდერი, რომელიც ნებისმიერ ეროვნულ მოძრაობას ჰაერივით სჭირდება. ჰაერი და თავისუფლება კი, ალბათ მას ჩვენზე მეტად სჭირდებოდა, როცა ის პატიმარი იყო და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შეუძლია სხვისი თავისუფლების გამო, საკუთარი თავისუფლება დათმოს და რამდენიმე წელი ციხეში გაატაროს, აუცილებლად იმსახურებს ადგილს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში.
თუმცა გია ჭანტურიას, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებისაგან, ერთი ისეთი თვისებაც გამოარჩევდა, რაც პირადად ჩემთვის მაშინაც მნიშვნელოვანი იყო და ახლა კი განსაკუთრებით ფასეულია. მას ძალიან უყვარდა როკი და ჩემსავით სჯეროდა, რომ ის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს როკი არ აინტერესებთ, არ ვითარდება, რადგან იმ ქვეყანაში არც პროტესტანტები ჩნდებიან და ადამიანებიც ნებისმიერ რეჟიმებს ეგუებიან. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ როკი ახლაც არ გვაქვს საქართველოში და მხოლოდ როკის გვირაბი გვაქვს, რომელსაც ვერც ვაკონტროლებთ და ასეც რომ არ იყოს, მხოლოდ გვირაბებით შორს ვერ წავალთ…
1993 წელს, როცა გია ჭანტურია მოკლეს, იგი იყო სრულიად სხვა, საკმაოდ განსხვავებული იმ გია ჭანტურიასაგან, ერთხელ სტუდენტობისას, ყველაზე იაფფასიან ლუდხანაში რომ დამპატიჟა და რამდენი ჭიქაც დავლიეთ, იმდენი ქვეყანა გავათავისუფლეთ სრულიად უპრობლემოდ.
მერე, მოგვიანებით, მართლა პოლიტიკოსად რომ იქცა და როგორ გაიზარდაო – აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მისი თანაპარტიელები, იგი ჩემთვის ისევე გაუცხოვდა, როგორც სხვა პოლიტიკოსები და გია ჭანტურია რომ არ მოეკლათ, ალბათ საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა.
შეიძლება ამიტომაც მოკლეს.
შეიძლება მოკლეს მერაბ კოსტავაც და ის მოარული აზრი, რომ ავტოკატასტროფა მოწყობილი იყო, ყოველთვის იარსებებს, თუმცა შემიძლია გავიხსენო ისიც, რომ ერთ საღამოს გარეჯიდან თბილისისკენ მომავალ იმ მანქანას გამოვყევით, რომელსაც თამრიკო ჩხეიძე ძალიან ცუდად მართავდა. წინ მერაბ კოსტავა იჯდა, უკან ირაკლი წერეთელი და მე ვისხედით და მაშინ უბრალოდ გადავრჩით. მაგრამ მანქანისაგან განსხვავებით, თამრიკო ჩხეიძე 1978 წელს მშვენივრად მართავდა სტუდენტურ მოძრაობას და მერე, როცა ჩვენ გავხდით პირველკურსელები, ის უკვე ყოფილი სტუდენტი იყო, მაგრამ უნივერსიტეტში მაინც არსებობდა ლეგენდა თამრიკო ჩხეიძის შესახებ.
თუმცა მაშინდელ უნივერსიტეტსა და მთელს საქართველოშიც ყველაზე დიდი ლეგენდა მაინც მერაბ კოსტავა იყო და ციხიდან კი ბევრნი გამოსულან, მაგრამ ის მაინც ყველასაგან განსხვავებულად მოიქცა, როცა პირველად გაათავისუფლეს. მაშინ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მეგობრებთან ერთად პირველად დააპატიმრეს და მართალია, ის პირველი პატიმრობა ხანმოკლე იყო, მაგრამ სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ ჩვიდმეტი წლის მერაბ კოსტავას მუსიკა მონატრებოდა. მას ძალიან უყვარდა მუსიკა და ციხიდან გამოსული შინ კი არ წავიდა, არამედ ახლობელ სხირტლაძეებთან, სადაც როიალი ეგულებოდა. მერე იჯდა სტუმრად თავისუფალი და ბედნიერი მერაბ კოსტავა და უკრავდა მოცარტს. სხვათა შორის 1921 წელს, როცა რუსეთის საოკუპაციო არმია ქუთაისში შევიდა, ქუთაისელები პროტესტის ნიშნად მოცარტს უკრავდნენ და სიცივის მიუხედავად თურმე ამიტომაც სახლების კარები და ფანჯრები ბოლომდე და ფართოდ ჰქონდათ გამოღებული. მაშინდელ ქუთაისში როიალის გარეშე სახლი და ოჯახი არ არსებობდა რასაკვირველია და მეთერთმეტე არმიის გაოგნებულმა ჯარისკაცებმაც პირდაღებულებმა ჩაიარეს ქუთაისის ქუჩებში.
მოცარტისა და საქართველოს ეროვნული მოძრაობის გზები კიდევ ერთხელ 1988 წლის 29 ნოემბერს გადაიკვეთა, როცა ორასიათასი ადამიანის გასაგონად, გია ჭანტურიამ განწირული ხმით იყვირა, კრემლს უკან დავახევინეთო, მაგრამ ისე იყვირა, რომ დარწმუნებული ვიყავი რომ კრემლის კედელთან ვიდექით და შიშველი ხელებით ვაწვებოდით ჩვენს მიერვე შეტორტმანებულ ბოროტების იმპერიას.
ხალხი ცოტა რომ დაწყნარდა, სწორედ მაშინ მითხრა გვერდით მდგომმა ბიძინა გიორგობიანმა – საქართველო რომ საბოლოოდ გათავისუფლდება, მთელს რუსთაველზე ხმის გამაძლიერებლები დავაყენოთ და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია ჩავრთოთო. მე მაშინვე ქუთაისის ამბავი გამახსენდა რასაკვირველია და ტრადიციას ნუ დავარღვევთ-მეთქი და ისევ მოცარტი მოვითხოვე, მაგრამ ბიძინა მაინც გაჯიუტდა – ისე გაჯიუტდა თითქოს დამოუკიდებლობის პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ეს ერთადერთი საკითხი რჩებოდა ღიად.
ზემოთქმულში „დამნაშავე“ კი უპირველესად გია ჭანტურია იყო, რომელსაც გასაოცარი ენერგია ჰქონდა მასების ამბოხებისა და თავადაც ჰგავდა ორტეგა ი გასეტის იმ დაუვიწყარ წიგნს.

არც დამავიწყდება 1988 წლის 26 მაისი, როცა პირველად ვნახე ტრანსპარანტი, რომელიც გია ჭანტურიას ჰქონდა აღმართული ერეკლეს მოედანზე და ზედ დიდი ასოებით ეწერა სრულიად ჯადოსნური ფრაზა – გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!..
მაშინ, 1988 წლის 26 მაისს, პირველად უნდა აღგვენიშნა დამოუკიდებლობის დღე საჯაროდ, სამოცდაათწლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ და მზადებაც დემონსტრაციისათვის, სერიოზული მონდომებით დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვფრთხილობდით, ინფორმაცია ხელისუფლებას მაინც ჰქონდა და ჩვენი დაგეგმილი მიტინგის ჩასაშლელად ისინიც არანაკლები სერიოზულობით ემზადებოდნენ. ალბათ, სრულიად არაშემთხვევით, ჩათვლები და გამოცდები ძვირფასმა ლექტორებმა ერთ დღეს, მაინცდამაინც 26 მაისს დაგვინიშნეს და აუდიტორიაში მოსაფიქრებლად მჯდარს, ის იყო საგამოცდო ფურცლის ღეჭვა უნდა დამეწყო, რომ კარი გაიღო და ისეთი ჰაბიტუსისა და ჩაცმულობის ადამიანები შემოვიდნენ, რომ სულ ადვილად მივხვდი საიდანაც იყვნენ და ინსტინქტურად წამოვიწიე.
ბოდიში მომითხოვია (გვარს არ დავასახელებ) და ჩვენი კოლმეურნეობის ერთ-ერთ მაშინდელ თავმჯდომარესთან მიმიყვანეს კაბინეტში და ისიც პირდაპირ საქმეზე გადავიდა. იმ ცეკას იმ მდივანმა ძალიან კმაყოფილმა მითხრა, – დანამდვილებით ვიცი რომ მიტინგის მოწყობას აპირებთო და ჩემი პასუხის მოლოდინში ძალიან გამარჯვებული სახით გადახედა დანარჩენებს. (ჯერ ეს რა იყო და ის დანარჩენები რა იქნებოდნენ იმ დაბალი და პრიალა შუბლებით). რომ გამეღიმა, ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოიარა და ისე მკითხა: დიდი დარბაზი რომ დაგითმოთ, მიკროფონით და სცენით, რას იტყვითო?
რა უნდა მეთქვა – მაშინ საქართველოში მხოლოდ ერთადერთი მეგაფონი იყო კერძო მფლობელობაში და ისიც ვაჟა მთავრიშვილს ჰქონდა, რომელიც ცხოვრობდა რუსთავში და ამიტომაც მიტინგებზე ყოველთვის აგვიანებდა. ხუმრობდნენ კიდეც, ალბათ ფეხით მოდის თბილისამდეო და რასაკვირველია სცენიან-მიკროფონიანი დარბაზი აშკარად უკეთესი იყო ჩვენთვის. თუმცა იმის დაჯერება, რომ საბჭოთა ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღნიშვნის უფლებას მართლა მოგვცემდა, ცოტა რთული იყო, მაგრამ იმ კაბინეტის გვამებს მაინც ზრდილობიანად დავემშვიდობე. კიდევ უფრო ძნელი დასაჯერებელი ის გახლდათ, რომ იმ კაბინეტიდან გამოსული, იქვე დამაპატიმრეს და დიღომში, მილიციის სამმართველოში მიმარბენინეს. გაოგნებისაგან შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვახერხე და კარი რომ შეაღეს, გრძელი მაგიდის თავში რომან გვენცაძე ვიცანი. გვენცაძის გვერდით კი ვარლამ შადური იჯდა ისეთი ბედნიერი სახით, თითქოს ჩემი სახით ყველაზე საშიში რეციდივისტი ჰყავდათ დაპატიმრებული და ჩემი შეყვანისთანავე ტელეფონმა დარეკა. შადურმა ყურმილი აიღო და შენ გეძახიანო – ღიმილით გადმომცა. ის ცეკას მდივანი (გვარს კიდევ ერთხელ არ დავასახელებ), ვისი კაბინეტის მისადგომებთანაც ათი წუთის წინ ასე მუხანათურად დამაპატიმრეს, მანდ როგორ მოხვდიო, – “გაოცებული” მეკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე გაოცებული და დაბნეული ადამიანი იმ წამს, დედამიწის ზურგზეც ძნელი მოსაძებნი იყო, მაინც (ჩემი ჭკუით რასაკვირველია) ყველაზე ლოგიკური კითხვა დავუსვი იმ ცეკას მდივანს – თქვენ საიდან იცით, მე რომ აქ ვარ-მეთქი…
ყურმილი დავკიდე და ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა მთელი სხეული და ცრემლებიც მომადგა არა დაკავების, არამედ სწორედ მუხანათობის გამო. რომან გვენცაძემ (რომელსაც მიტინგებიდან უკვე ვიცნობდი) შინაურულად ჩამიკრა თვალი და სიგარეტი მომაწევინა. იმავე მიტინგებიდან ვარლამ შადურსაც ვიცნობდი, მაგრამ გვენცაძისაგან განსხვავებით ჩვენს მიმართ აგრესიასაც ამჟღავნებდა ხოლმე. რამდენჯერაც უნივერსიტეტში მოვიდოდა, რამდენიც არ უნდა ვყოფილიყავით, (ვმდგარიყავით ან ვმსხდარიყავით), მაინცდამაინც მე ამომარჩევდა ხოლმე და შენა ხარ დასახვრეტიო, – თითის ქნევით მეუბნებოდა. მოგვიანებით, როცა იგი ცოცხალი აღარ იყო, მათი სიძე გავხდი (შადურები ჩემი ცოლის ნათესავები არიან) და როგორც ჩანს, წინასწარ გრძნობდა სანათესაოს მომავალ დარდსა და უბედურებას.
თუმცა, მაშინ 1988 წლის 26 მაისს, დიღომში, მილიციის სამმართველოში ბატონ ვარლამს არანაირი აგრესია აღარ გამოუმჟღავნებია ჩემს მიმართ და ალბათ იმის გამო, რომ უკვე იქ ვიყავი და რაღა აზრი ჰქონდა. სამაგიეროდ რომან გვენცაძე ძალიან აქტიურობდა – მელაპარაკებოდა პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, ქალებზე და ბოლოს, ხუმრობა რომ დაიწყო, ჭაბუა ამირეჯიბს “დათა თუთაშხია” არათუ დაწერილი, წაკითხულიც არა აქვსო, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო. მივხვდი, რომ დასაპატიმრებლად კი არ დამაკავეს, არამედ დროის გაყვანის მიზნით და ეს ყველაზე მეტად არ მაწყობდა, რადგან ოთხ საათზე მეტროში უნდა შევხვედროდი სხვა ლიდერებს და სტუდენტები იქ უნდა წამეყვანა, სადაც მიტინგი დაინიშნებოდა. მიტინგის ჩატარების ადგილი, წინასწარ და საბოლოოდ, შეგნებულად არ იყო გადაწყვეტილი და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად სწორედ ის არ უნდოდათ, რომ დისიდენტებს იმ დღეს სტუდენტებიც შეერთებოდნენ. ამას მერე მივხვდი, რომან გვენცაძემ მეორე ღერიც რომ მომაწევინა და ისევ თვალი ჩამიკრა, – დილით შენსავით ყველანი დავიჭირეთ და მერე გავუშვითო. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა თუ უკვე გაუშვით, მე აქ რაღა მინდა-მეთქი, – რომ გავიკვირვე, რომან გვენცაძემ მესამე ღერი შემომთავაზა – შენ ის თუ იცი, ბოლო, მეშვიდე სერიაში დათა რომ მეწისქვილეს ელაპარაკება, გარეთ ძაღლი ვის უყეფსო.
სხეული ისევ (და თან ისე) დამეჭიმა, რომ პასუხის თავიც აღარ მქონდა და ბატონ რომანს ბავშვივით გაუხარდა – ჭაბუასაც დავუსვი ეგ კითხვა და პასუხი იმანაც არ იცისო…
ხუთი საათისათვის, ანუ მაშინ, როცა მეტროს კონსპირაციას აზრი აღარ ჰქონდა, მათი ვარაუდით კი სტუდენტები ვეღარ მიიღებდნენ მიტინგში მონაწილეობას, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ერეკლე მეფის მოედანზე მიმიყვანეს და მომიტინგეებს იქ შევუერთდი. სწორედ იქ ვნახე პირველად ლოზუნგი, რომელსაც მონდომებით ართმევდნენ გია ჭანტურიას და რომელზეც ნაჩქარევად, მაგრამ გარკვევით ეწერა: “გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!..”

1988 წლის 26 მაისის დილას, სანამ იმდღევანდელი ფათერაკებიანი თავგადასავალი დაიწყებოდა, ენერგიულად შევაღე უნივერსიტეტის კომკავშირის მთავარი ოთახის კარი და მასპინძლებს ხმამაღლა, ომახიანად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე. მახსოვს მათი გაოცებული სახეები, საპასუხო სიჩუმე და ეჭვი იმისა, თუ კონკრეტულად რომელი მათგანი მყავდა ჩათრეული ეროვნულ მოძრაობაში. სიმართლე რომ ვთქვა, მიუხედავად ღია თუ ფარული დაპირისპირებისა და ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, თვითონ უნივერსიტეტში ზოგიერთ კომკავშირელთან საკმაოდ ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები მაინც გვქონდა. კომკავშირელი აქტივისტების დახარისხებითაც იმთავითვე ვხალისობდით ხოლმე, რადგან მათ შორის მხოლოდ ერთეულებს სჯეროდათ, რომ კაცობრიობის ნათელი მომავალი მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციას უკავშირდებოდა. ბევრისთვის კი კომკავშირული ასპარეზი, უმოკლესი გზა და საშუალება იყო შემდგომი პარტიული კარიერისთვის და მათ გარდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც უბრალოდ არ იცოდა რა უნდა ექნა ზოგადად თუ კონკრეტულად და კომკავშირული მოღვაწეობით იქცევდა თავს.
შეიძლება ამის გამოც (სხვა მიზეზებთან ერთად) უნივერსიტეტის კომკავშირის ისტორია (სხვებთან შედარებით) მშვიდობიანად გასრულდა იმავე 1988 წლის ზაფხულში, როცა გიგა ამაშუკელმა კომკავშირის ბილეთების საჯარო აუტოდაფე მოაწყო ირაკლი ცინცაძესთან ერთად. თუმცა იყო რამდენიმე ალტერნატიული დასასრულიც და კომკავშირის ბილეთების ნაწილი (მაგალითად) მტკვარმა წაიღო კასპიის ზღვის მიმართულებით.
იმავე 1988 წლის სექტემბრის დასაწყისში, ისე საგრძნობლად გაიზარდა ხელისუფლებით უკმაყოფილო სტუდენტების რიცხვი რომ უკვე კომკავშირის აქტივისტებმაც დაიწყეს ფიქრი კომკავშირის ბილეთების გადამალვაზე და სასტუმრო საქართველოსთან მომხდარი შეტაკების შემდეგ კი – მათ უგზოუკვლოდ გაქრობაზეც.
იმ დღეს ფილარმონიისკენ იმიტომ წავედით, რომ ფილარმონიაში მიმდინარე კონფერენციაზე მოსკოვიდან ჩამოსულმა ევგენი პრიმაკოვმა მატყუარები გვიწოდა ქართველ სტუდენტებს და მილიციამ კი სასტუმრო საქართველოსთან გზა გადაგვიკეტა. ჩხუბი მაშინვე დაიწყო და მახსოვს გოჩა საითიძემ ისეთი მონდომებით იჩხუბა, რომ ტრანსპორტის მოძრაობაც შეფერხდა, გაჩერებული ტროლეიბუსებიდან კი მგზავრები შემოგვეშველნენ, თუმცა მილიციის კორდონი მაინც ვერ გავარღვიეთ. მაგრადაც გვცემეს, მაგრამ ვიყავით საშინლად კმაყოფილები, რადგან გავარღვიეთ მთავარი – შიში, რომელიც ჯერ კიდევ მასიურად არსებობდა საქართველოში და ევგენი პრიმაკოვის გინებით გული ვიჯერეთ.
მიუხედავად თბილისური წარმომავლობისა, ევგენი პრიმაკოვი ტიპიური იმპერიალისტია და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გაცილებით აგრესიულია საქართველოს მიმართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა რუსი. იმ დღესაც, როცა მაინც შევძელით მისი ნახვა და იმის თქმა, რასაც ვფიქრობდი მის შესახებ, მახსოვს მისი გაოგნებული სახე მოულოდნელობის გამო და ალბათ, ასეთივე გამომეტყველება ჰქონდა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პირველად გაიგო, რომ ქართველი სიძე ეყოლებოდა. ევგენი პრიმაკოვის ის ქართველი სიძე ჩვენი მეგობარია და ჩვენებური ტრადიციისამებრ, მათ საქორწილო მოგზაურობას ჩვენი საერთო მეგობარი, თამაზ (იგივე კოკო) კაპანაძე ახლდა თან. პირველი ღამე კოკომ, ახალშეუღლებულთა სიახლოვეს, მეზობელ ოთახში გაატარა, სადაც ბოლთას სცემდა და ყოველ ათ წუთში ერთხელ ჩურჩულით უკაკუნებდა სიძე-პატარძალს: აფხაზეთი არ დაგავიწყდეს, ბიჭო…
საბჭოთა არმია რომ დავით გარეჯის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსს ანგრევდა, ასეთი სისასტიკისა, არათუ ევგენი პრიმაკოვს, ჩვენს საყვარელ ლექტორებსაც არ სჯეროდათ და ერთხელ ჩვენმა ძვირფასმა დეკანმა, ცხონებულმა კორნელი დანელიამ მკითხა, რამე ნივთმტკიცება თუ გაქვთო. მაშინ უკვე ღამ-ღამობით ისროდნენ (ვითომ კვალის დასამალად) და მთელი ღამე უდაბნოს ქედზე ჩასაფრებულები იმ ადგილებს ვიმახსოვრებდით, სადაც რაკეტები ეცემოდა.
მერე დილით, რუსებმა რომ ვარჯიში დაამთავრეს, წინაღამითნასროლი რაკეტის ტიპის ერთ-ერთი “სნარიადი” ამოვთხარეთ და თბილისში წამოვიღეთ. ასე, მხარზერაკეტაგადებული მივადექი კიდეც მშობლიურ უნივერსიტეტს და მოპოვებული ნივთმტკიცება ბატონი კორნელის კაბინეტში ჩამოვდგი. ყველაფერს დაგიჯერებთ, ოღონდ ამას აქ ნუ დამიტოვებთო და ისევ ფიქრია ჩიხრაძემ მოიფიქრა – ეს სნარიადი ირაკლი ციციშვილს მივუტანოთო. ბატონი ირაკლი მაშინ ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო და ისიც პრიმაკოვივით არ იჯერებდა, რომ რუსები რამის დანგრევას იკადრებდნენ.

მივადექით სამსახურში და თვალები ისე გაუფართოვდა ჩვენი დანახვისას, რომ მდივანმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა და მერე გავიგეთ, რომ გულის ინფარქტი ჰქონდა. დედაჩემმა მე დამაბრალა ყველაფერი და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც გამაგზავნა ვაშლებით ხელდამშვენებული…
1988 წლის 21 და 22 სექტემბერს კი უნივერსიტეტის ეზო სავსე იყო სტუდენტებით და ორი დღის მანძილზე, მართლაც იმ დროისათვის გრანდიოზული მიტინგები იმართებოდა. უნივერსიტეტელების გარდა, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შემოგვიერთდნენ და უკვე იგრძნობოდა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ სწორედ იმ 21 სექტემბერს პირველად დავაფიქსირე ტენდენცია, თუ როგორ ცდილობდნენ უკვე გაჩენილი, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იმის ახსნასა და დამტკიცებას ხალხისთვის, რომ ამ აქციის ორგანიზატორები სწორედ და მხოლოდ ისინი იყვნენ და არავინ სხვა.
ხელისუფლება კი უკვე სერიოზულად შეშფოთდა, სერიოზულად იგრძნო საშიშროება იმისა, რომ სერიოზული მოძრაობა დაიწყო და ოქტომბერში ჯუმბერ პატიაშვილი კვლავ უნივერსიტეტს ეწვია.
უნივერსიტეტში იყო ერთი ლექტორი, რომელიც პატიაშვილს პირველი ეგებებოდა ხოლმე, უღიმოდა საჯაროდ და მის საამებლად, ზვიად გამსახურდიას ლანძღავდა. გამსახურდიას დროს ის ლექტორი (გვარის დასახელებისთვის მაინც ვერ ვიმეტებ) ზვიადის უკან იჯდა ხოლმე პრეზიდიუმში და შევარდნაძეს ლანძღავდა. შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ კი მე გადამიდგა ერთხელ უნივერსიტეტში და ბატონ ედუარდზე აუგს როგორ ბედავო და ქალივით დამწყევლა.
როგორც ჩანს, პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მონები კი რჩებიან და ჩვენი უბედურებაც სწორედ ეგ არის, რომ მონები ყოველთვის ახალ ბელადს თუ არა, ახალ პრეზიდენტს მაინც ეძებენ და თუ ვერ პოულობენ, თვითონვე ქმნიან…
1988 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში ჯუმბერ პატიაშვილის სტუმრობა, რამდენიმე დღის შემდეგ ტელევიზიით გადაიცა და მოსახლეობაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ადამიანებისთვის, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ტოტალიტარულ გარემოში გაატარა, უბრალოდ, დაუჯერებელი იყო ის, რასაც ცისფერ ეკრანზე ხედავდა – ცეკას პირველ მდივანს ხმამაღლა, დღისით, მზისით ვიღაც სტუდენტები ეკამათებოდნენ და რაც ყველაზე მთავარი იყო, მათ იქვე, დარბაზში, ტრიბუნის მისადგომებთან არავინ ხვრეტდა. თავად უნივერსიტეტშიც, უფროს თაობას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა ჩვენს თავხედობაზე და მაინც იმედოვნებდა, რომ საბჭოთა რეალობა მარადიული და უსასრულო იქნებოდა.
ტელევიზიით უნივერსიტეტის შეხვედრის ჩვენებას ბუნებრივი შედეგი მოჰყვა – ხალხს, გარკვეულწილად, შიშის სინდრომი მოეხსნა და მიტინგების მსმენელთა და მონაწილეთა რიცხვი ი არნახულად გაიზარდა. ჯერ იპოდრომზე, 1988 წლის ნოემბრის ბოლოს კი რუსთაველის პროსპექტზე გამოსული ადამიანების რაოდენობა მართლაც დაუჯერებელი იყო. მთავრობის სახლის წინ ზღვად ქცეული ხალხის მასა, მართლაც უსასრულო იყო და პროსპექტის ორივე მხარეს ჩარიგებულ ჭადრებს სკოლის მოწაფეები და სტუდენტები ლექსებითა და მოწოდებებით აჭრელებდნენ. თავად აქცია კი წინა საღამოს, 22 ნოემბერს დაიწყო და აქციის ორგანიზატორები ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ. დასაწყისში რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა მხოლოდ, მაგრამ მათი რიცხვი კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა და როგორც მიკროფონში აცხადებდნენ ხოლმე, ბოლოსკენ მოშიმშილეთა რაოდენობამ ცხრაასს მიაღწია. მიტინგებს, ძირითადად, გია ჭანტურია უძღვებოდა და სიტუაციასაც თავად ხელმძღვანელობდა. ყოველ შემთხვევაში, სურვილი ლიდერობისა აშკარად ჰქონდა და მშვენივრადაც ართმევდა თავს ამ რთულ ფუნქციას. განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში ჯერ არ იყო სერიოზული და მიკროფონთან სხვა ლიდერებსაც ნახავდით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ შიმშილობა, როგორც უკიდურესი ფორმა პროტესტისა, ალბათ მხოლოდ ციხეშია გამართლებული, როცა სხვა საშუალება ბრძოლისა აღარ არსებობს, ჩვენ მაინც გვიხაროდა ამდენი ბედნიერი სახის დანახვა.

სწავლა შეწყდა და ქალაქი პარალიზებული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პროსპექტზე ერთი მინაც კი არ ჩამსხვრეულა, არანაირი ექსცესი არ მომხდარა და ამ შინაგან დისციპლინასა და წესრიგს, როგორც ჩანს, თავად ის საოცრად ამაღლებული განწყობილება განაპირობებდა, რომელიც ადამიანებში აშკარად იგრძნობოდა. იგრძნობოდა ერთგვარი შიშიც ფინალისა, რადგან არავინ იცოდა, რითი გასრულდებოდა ყოველივე და მომავლის ბუნდოვანება ცოტა დაძაბულს ხდიდა სიტუაციას. თუმცა, ერთი შეხედვით ეს არ ჩანდა და პირიქით მხიარულება, სიმღერა და იუმორი თანამდევი აღმოჩნდა იმ დროისათვის მართლაც გრანდიოზული აქციისათვის.
სწავლა თითქმის ყველგან შეწყდა იმ ერთი კვირის მანძილზე, მაგრამ ქარხნები მაინც მუშაობდნენ და ყოველდღე (ძირითადად ირაკლი წერეთლის ინიციატივით და მოწოდებით) ხალხის უზარმაზარი მასა დაიძრებოდა ხოლმე ამა თუ იმ ქარხნის გასაფიცად. 25 ან 26 ნოემბერს (ზუსტად ვერ ვიხსენებ), უნივერსიტეტში, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეკრება უნდა გამართულიყო და ვაკის მხრიდან შენობას რომ მივუახლოვდი, რუსთაველიდან უნივერსიტეტისკენ მოძრავი ზღვა დავინახე.
გაოგნებული ვუყურებდი ხალხს, რომელიც ოცდამეთერთმეტე ქარხნის გასაფიცად მიდიოდა (ძალიან მხიარულად) და ვიღაცის რჩევით, უნივერსიტეტშიც შემოიარეს, ჩაუხვიეს ვარაზისხევში და კიბეებთან შეჩერდნენ. მერაბ კოსტავამ ომახიანად მიმართა სრულიად გადაჭედილ ვარაზისხევს:
- მეგობრებო, აქ, უნივერსიტეტში, ამ წუთებში განიხილავენ ხუდონჰესის მშენებლობის საკითხს, რომელიც არ უნდა აშენდეს!
ტაშის ხმამ მთელი ვერა და ვაკე შეაზანზარა და ისევ სამარისებური სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ეროვნული მოძრაობის ვიღაც (როგორც ჩანს ყველაზე გულწრფელმა) წევრმა მიამიტურად იკითხა: მაინც რომ ააშენონ?
ასეთი სიჩუმის მომსწრე მანამდე არ ვყოფილვარ და ამ საშინელ სიჩუმეში პაუზა (პასუხის მოლოდინში) უსაშველოდ გაიწელა.
- რომ ააშენონ? – კითხვა გაიმეორა მერაბ კოსტავამ, ცოტა ხანს იფიქრა, მერე, როგორც სჩვეოდა, მარჯენა ხელი ზეაღმართა და ომახიანად დასჭექა:
- თუ ააშენებენ, ჩვენ მაინც დავანგრევთ!
მახსოვს ადამიანთა უბედნიერესი სახეები, რომელთაც უსწრაფესად გადაჭრეს (ერთ-ერთი) ურთულესი პრობლემა და კმაყოფილები დაუყვნენ ვარაზისხევს ოცდამეთერთმეტე ქარხნის მიმართულებით. ჩვენც, ბედნიერი სახეებითა და კუნტრუშით გავყევით ათი ათასობით ადამიანს და აღარც გაგვხსენებია უნივერსიტეტში შეკრებილი მეცნიერებისა და სპეციალისტების აზრი, რადგან ხუდონჰესის პრობლემა ჩვენთვის, (მათ გარეშეც) უკვე მოგვარებული იყო.
იუმორი ფაბრიკა-ქარხნების გაფიცვასაც ახლდა თან, როცა შეშინებული დირექტორები თუ პარტკომები ასეთი მასის დანახვისას საწყობებში იმალებოდნენ და მათზე განაწყენებულ მუშებს კი ისინი იქიდან მუჯლუგუნებით ამოყავდათ. თავდახრილ დამნაშავეებს წარუდგენდნენ ხოლმე მოძრაობის ლიდერებს და ისინიც დირექტორებსა და პარტკომებს იქვე, რამდენიმე წუთში უხსნიდნენ დამოუკიდებლობის ყველა სიკეთეს. უკმაყოფილო მუშებს სხვადასხვა პრეტენზიები ჰქონდათ – ზოგს ხელფასი ეცოტავებოდა, ზოგს ბინას უგვიანებდნენ. ზვიად გამსახურდია, ჩვეული იუმორით, წერეთელთან აგზავნიდა ხოლმე უბინაოებს – თუ ჩვენი იდეებისთვის არ გცალიათ, სოციალურ პრობლემებს, გენაცვალე, აგერ ირაკლი კურირებსო…
მიუხედავად შიმშილისა, მთავრობის სახლის წინაც არ ეზარებოდათ ხუმრობა და ამაში არაბუნებრივი არაფერი იყო. თუმცა ოფიციალური პრესა სერიოზულად შეეცადა ჭორების გავრცელებას ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით და გაზეთ კომუნისტში ისიც კი დაწერეს რომ ღამ-ღამობით მოშიმშილეები ვნებებისაგან თავს ვერ იკავებენო. რასაკვირველია იმას გულისხმობდნენ რომ მოშიმშილეებს შორის (მათივე ენით რომ ვთქვათ) სექსუალურ კავშირებსაც ჰქონდა ადგილი და მაშინ სექსი ისეთივე დანაშაულად ითვლებოდა საქართველოში, როგორც ახლა სექსისაგან თავშეკავება. საბჭოთა ხელისუფლებას კი იმ პუბლიკაციით იმის თქმა უნდოდა, რომ რუსთაველზე სინამდვილეში პატრიოტები კი არ შიმშილობდნენ, არამედ სექსუალური მანიაკები და აღვირახსნილი სტუდენტები. ცხონებულმა ზურა საყვარელიძემაც იმ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად უწყინარი ხუმრობა მოიგონა, ოღონდ თვითონ ისე ხუმრობდა ხოლმე ამაზე, რომ არც კი ეღიმებოდა. რომან გვენცაძე ყოველ დილით ხომ იბარებსო ზეპირ მოხსენებას იმ მორიგე მილიციელისაგან, ვინც წინა ღამეს რუსთაველზე დატოვეს მოშიმშილეებთან და ბატონი რომანი რომ შეეკითხება – აბა, გუშღამ რა ხდებოდაო, უფროსს ხომ არ მოატყულებს ის რიგითი მილიციელი და ალბათ სიმართლესაც “ჩესტის” აღებით მოახსენებსო:
- ტყვნა და შიმშილი, უფროსო!..

რაღაი ზემოთ ტყემალი ვახსენეთ, ბარემ მაშინდელი სექსის დარდსაც ვიტყვი იმიტომ, რომ ეროვნულმა მოძრაობამ მაშინ რადიკალურად შეცვალა ამ საკითხისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულება და, მით უმეტეს, ამ პრობლემის მოგვარების გზები.
პრობლემაც ძველი იყო და ის გზაც, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსემ გაიარა ორი ათასს ქართველთან ერთად საქართველოდან რუსეთის დედაქალაქამდე, თუმცა უკან მხოლოდ ერთი ქართველი მამაკაცი დაბრუნდა. ამ გზას ვახტანგ მეფის მერეც გადიოდნენ ქართველი კაცები (ჩვენი მამების თაობის ჩათვლით) და სწორედ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე გაჩნდა საქართველოში ერთი ძალიან სევდიანი ანეგდოტი:
ქართველი მამა წაიყვანს თავის ვაჟიშვილს დასავაჟკაცებლად მოსკოვში (საბჭოთა პერიოდში ასეთი რამეები მართლა ხდებოდა ხოლმე) და სასტუმროს ნომრიდან გამოსული შვილი ცრემლმორეული შესჩივლებს საყვარელ აღმზრდელს – ამათ რატომ უნდა გამოვეყოთ, მამი…
უცნაურია მაგრამ მაშინ პატრიოტიზმის გაგება რადიკალურად გაემიჯნა სექსის ჯანმრთელ ფენომენს და ხშირ შემთხვევაში ღიადაც დაუპირისპირდა. მახსოვს, რომ სწორედ მაშინ, ჩვენი პირველი მიტინგების შემდეგ, ერთი მშვენიერი გოგო მომეწონა, რომელმაც ფიზიკურ სიახლოვეზე კატეგორიული უარი მითხრა და ძალიან გულნატკენმაც დასძინა – მე შენ მართლა პატრიოტი მეგონეო…
როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის პატრიოტი იგივე იმპოტენტი იყო და მათთვის პატრიოტიზმი სრულიად შეუთავსებელი იყო სექსუალურ ჯანმრთელობასთან. თუმცა მახსოვს უფრო რთული შემთხვევაც და ერთი უნივერსიტეტელი ნაცნობი ძალიან ამაყად გამომიტყდა – არც ტოლსტოი მაქვს წაკითხული და არც დოსტოევსკი და საერთოდ, რუსულ ლიტერატურას არც არასოდეს წავიკითხავო. რატომ-მეთქი, – გავიკვირვე და იმიტომ, რომ პატრიოტი ვარო. მაშინ დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ ზემოთქმული პატრიოტიზმი კი არა, იდიოტიზმი უფრო იყო და ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ სამშობლოს სიყვარული ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს და ძალიან დიდი სიფრთხილე და ზომიერება სჭირდება.
ეს ყველაფერი კი ტყემალმა გამახსენა და მაშინ აბა ტყემალს ვინ გაეკარებოდა, თუკი ასობით ადამიანს სჯეროდა, რომ შიმშილით იმპერიების დამარცხება შეგვეძლო. 1988 წლის ნოემბრის გრანდიოზული აქციაც კრემლის დანგრევით დასრულდა, როცა 29 ნოემბერს რადიოქსელში ხმამაღლა და ომახიანად წაგვიკითხეს დანებებული მიხეილ გორბაჩოვის მიმართვა ქართველი ერისადმი და მთავრობის სახლის წინ თავმოყრილმა მრავალმა ათასმა ადამიანმა სიხარულის არგაგონილი ყიჟინა დასცა. შიმშილობის იმ ბოლო დღეს, 29 ნოემბერს, გია ჭანტურიამ სიხარულით ამცნო დემონსტრანტებს, რომ კრემლმა უკან დაიხია და ჩვენ გვჯეროდა, რომ სინამდვილეში ვიდექით მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის წინ და შიშველი ხელებით ვაწვებოდით კრემლის კედლებს. რასაკვირველია გვქონდა ეჭვი, რომ მართლა გორბაჩოვმა კი არ მოგვწერა ის წერილი, არამედ ადგილობრივმა ბოლშევიკებმა შეადგინეს ჩვენი დასაშოშმინებელი უსტარი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვირწმუნეთ საკუთარი გამარჯვებისა და სიმღერ-სიმღერით დავიშალეთ თბილისის ქუჩებში.

1988 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებით მომრავლდნენ და ეროვნული მოძრაობის ყოველ აქტიურ წევრს (ძირითად ნაწილს) სურდა, რომ საკუთარი პარტია ჰქონოდა და იმ პარტიის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტი თავად ყოფილიყო. ისინი ყოველდღიურად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, იბადებოდნენ და იკარგებოდნენ… მათი ნაწილი, მართლაც, უცნაური იყო და ერთი პარტია რუსთაველის პროსპექტზე დაჟინებით გვთხოვდა, უარი გვეთქვა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე და მთავრობის სახლის წინ ყუთიც კი იდგა, სადაც საბჭოთა პასპორტი უნდა ჩაგეგდო. მაგრამ იმ პარტიის წევრებს ერთი თვის მერე გაახსენდათ, რომ პასპორტი ადამიანს მაინც სჭირდება და მოსახლეობისადმი მიმართვის ტექსტიც შეცვალეს – ახლა, იმ ყუთთან რომ კაცი იჯდა, იმისთვის უნდა გეთქვა (თუნდაც ყურში), რომ აღარ გინდოდა საბჭოთა მოქალაქეობა და პასპორტის ჩაგდება აუცილებელი აღარ იყო. იმ ყუთში თვეების მანძილზე მხოლოდ სამად-სამი ჩაგდებული პასპორტი იმ პარტიის წევრებს ეკუთვნოდათ, სამი ადამიანისგან რომ შედგებოდა, ამ აქციის ორგანიზატორები რომ იყვნენ და თავიანთი პასპორტები, უბრალოდ, აღარაფერში ჭირდებოდათ. სხვათა შორის, სამკაციანი პარტია მეოცე საუკუნის დასაწყისშიც (მართლა) არსებობდა საქართველოში და მაშინდელი პარლამენტის (იგივე დამფუძნებელი კრების) ოქმებშიც დასტურდება მათი გვარები: ზანდუკელი, სუნდუკიანცი და ჩემოდანოვი…
თუმცა რეკორდი მაინც ჩვენი დროისა იყო, რადგან მაშინ ორწევრიანი პარტიაც კი გაჩნდა, რომლის წევრებიც რიგრიგობით და პერმანენტულად შიმშილობდნენ. არ აზუსტებდნენ რას ითხოვდნენ, მაგრამ ჰქონდათ ერთადგილიანი კარავი, რომელსაც სამაიას ბაღში გაშლიდნენ ხოლმე და ერთ დილასაც მორიგე მოშიმშილეს ღია ცის ქვეშ გაეღვიძა. მას კარავი დამწვარი დახვდა (მთლიანად) და მთელი ქალაქი საპროტესტო აქციებით აიკლეს – ხელისუფლება ღიად და აშკარად გვებრძვის – პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ცეცხლი წაუკიდესო. იყო მუქარა მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომის შესახებ, იყო ცემა და მოწოდებები, ხელისუფლების დამხობის მიზნით და ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ დამწვარმა მოშიმშილემ არ აღიარა – დაღლილი ვიყავი (შიმშილისგან) და იმ ღამეს სიგარეტით ხელში ჩამეძინაო…
არადა იმავე გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საქართველოს მიტინგებისა და დემონსტრაციების, მართლაც, გრანდიოზულმა ტალღამ გადაუარა, შორეულ ირლანდიაში პოლიტიკური მოტივით, მართლა ბოლომდე შიმშილობდნენ ადამიანები და მაშინ იმ აქციას 62 ირლანდიელის სიცოცხლე შეეწირა. შიმშილი არასოდეს ყოფილა ჩვენი საქმე და რაც შენი საქმე არ არის, იმას ბოლომდე ვერც ვერასოდეს მიიყვან. ხოლო რაც ჩვენი საქმე იყო ისტორიულად, ახლაც ყველაზე კარგად გამოსდით ქართველებს და 1989 წლის 25 თებერვალს ჩვენმა მორაგბეებმა ისე იჩხუბეს საბჭოთა მილიციის წინააღმდეგ, როგორც ახლა ებრძვიან ხოლმე რუსეთის ნაკრებს.
საპროტესტო აქცია ეროვნულ-დემოკრატებმა სპეციალურად სერგო ორჯონიკიძის ძეგლთან დანიშნეს და მამუკა გიორგაძეს მორაგბეები მოჰყვნენ და შეტაკება იყო ძალიან სასტიკი.

საქართველოს გასაბჭოების (და სინამდვილეში ანექსიის) დღეს ბოლშევიკები განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ ხოლმე. 1989 წლის 25 თებერვალი კი, პირველად უახლესი საქართველოს ისტორიაში, არაოფიციალურად გამოცხადდა გლოვის დღედ და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებაც ამიტომაც იყო იმ დღეს განსაკუთრებულად დაუნდობელი. ჩვენ ვაპირებდით ქაშუეთთან შეკრებას და უნივერსიტეტამდე მსვლელობის მოწყობას, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში დიდი მიტინგით უნდა დასრულებულიყო. ქაშუეთთან შეკრება კი შევძელით, მაგრამ უნივერსიტეტისაკენ მსვლელობით მოძრაობა ძალიან გაგვიჭირდა. ყოველ ოც ნაბიჯში გვიხდებოდა მილიციასთან და ჯართან შეტაკება და ბრძოლა. გზადაგზა ჩხუბში (ორივე მხრიდან) იმდენი ხალხი მონაწილეობდა, სახეების გარჩევა ჭირდა და საშინელ კივილსა და უბედურებაში, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ჩემს წინ დედაჩემი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სახეზე ყველაფერი შემატყო, ხმა არ ამოუღია და მხოლოდ თვალებითა და თავის მოძრაობით მანიშნა, სახლში წამოდიო. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი და ტალღამ ერთმანეთს დაგვაშორა. ყველაფერი ერთმანეთში აირია და სადღაც რუსთაველის თეატრთან, კვლავ შემთხვევით, ისევ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. გამომეტყველება, რა თქმა უნდა, წაშლილი მქონდა და დედაჩემმა ზუსტად ისეთივე მოძრაობა გააკეთა თავით და თვალებითაც იგივე მითხრა – სახლში წამოდიო. პასუხის გაცემა კვლავ ვერ მოვასწარი და არეულობამ კვლავ დაგვაშორა ერთმანეთს. ზემელზე განსაკუთრებული მონდომებით გვცემეს, თუმცა, ჩვენი შეჩერება მაინც ვერ შეძლეს და გზას უნივერსიტეტისაკენ მაინც მივიკვლევდით. დედაჩემი ეპიზოდურად კიდევ შემხვდა რამდენჯერმე და ზუსტად ის გააკეთა, რაც მანამდე. ვიცოდი კიდეც, რომ თავს არ დამანებებდა, რადგან დედაჩემს (ისევე, როგორც ყველა ქართველ დედას) ძალიან უნდა, რომ მისმა შვილმა ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს, მაგრამ ურჩევნია (როგორც ყველა ქართველ დედას) ამ ბედნიერებისათვის სხვისმა შვილმა იბრძოლოს.
ჩვენ კი გავაღწიეთ უნივერსიტეტამდე (რამდენიმე კაცმა), მაგრამ ჩაის სახლთან (ჩაის სახლი ცალკე ისტორიაა) ავტობუსებით გადაკეტეს გზა და კორდონის გარღვევა უკვე შეუძლებელი გახდა. ხალხის ზღვა ავტობუსებს იქით აღმოჩნდა და აქეთ – მილიცია, რომან გვენცაძე, ჩემი რამდენიმე მეგობარი და მე. რომან გვენცაძე, მეგაფონით ხელში, ხმამაღლა აძლევდა მითითებებს თავის მილიციელებს და გაუბედავად ვთხოვე, იქნებ ნამდვილი მეგაფონი ხელში დამაჭერინოთ-მეთქი. ბატონ რომანს გაეღიმა, “მეგაფონის უნახავი” მიწოდა, მაგრამ მაინც მათხოვა და ირაკლი წერეთელი კი ჩემზე ხამი გამოდგა. ის მეგაფონი ხელიდან გამომგლიჯა, კორდონთან მიირბინა და ბრძანების მოლოდინში მყოფ მილიციელებს ხმამაღლა მისცა მითითება – კორდონი გაეხსნათ და ხალხი გამოეტარებინათ.
ხალხის ტალღას დედაჩემიც გამოჰყვა და რომან გვენცაძესთან ერთად, კარგა ხანს გვსდიეს მეგაფონის დასაბრუნებლად. სწორედ იმ დღეს, მიტინგის დაწყებამდე ირაკლი წერეთელი ღიმილით დაპირდა ბატონ რომანს – დამოუკიდებელ საქართველოში პოლიციის უფროსად სწორედ თქვენ დაგნიშნავთო…
ის ოცდახუთი თებერვალი მგონი ყველაზე მაგარი დღე იყო ჩვენთვის და ქართველი მორაგბეებიც განსაკუთრებულად მგონი მას შემდეგ შემიყვარდნენ. ჩვენ მოვახერხეთ ჩაგვეშალა დაპყრობის დღე, რომელსაც ქართველი კომუნისტები 1921 წლიდან ზეიმით აღნიშნავდნენ ხოლმე და ეს მგონი იყო ჩვენი პირველი ნამდვილი გამარჯვება. თუმცა ეს არ იყო რუსეთის მიერ საქართველოს პირველი დაპყრობა და იმ პირველ ანექსიას, ტრაგიზმის გარდა, ერთი კომიკური დეტალიც ახლდა თან, რომელსაც ყოველთვის გვიმალავდნენ.
რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს მანიფესტი ქართველ თავადაზნაურობას 1801 წელს სიონის ტაძარში წაუკითხეს და ვინაიდან მაშინ რუსული არავინ იცოდა (გარსევან ჭავჭავაძის გარდა), ქართველებმაც ვერ გაიგეს, რომ იმ მანიფესტით მათი მშობლიური სამეფო უქმდებოდა (დამოუკიდებელ ტახტთან ერთად) და ამიტომაც მანიფესტი მშვიდად და აუღელვებლად მოისმინეს. მაგრამ მანიფესტის ბოლოს იყო იმპერატორ ალექსანდრეს ტიტულების ჩამონათვალი, რომელიც ქართველებისთვის სრულიად მოულოდნელი სიტყვებით დამთავრდა. იმ მიწების კონკრეტული დასახელების შემდეგ, რომელიც ალექსანდრეს მფლობელობაში შედიოდა, ნახმარი იყო სიტყვა პროჩიე, რომელიც ორჯერ მეორდებოდა, რადგან მათი ჩამონათვალი ძალიან დიდი იყო. მოკლედ, მანიფესტი სრულდებოდა რუსეთის იმპერატორის ზოგადი ტიტულით, რომელიც იყო მფლობელი იმდენი მიწებისა, რომ ყველას ვერც მოიხსენიებდნენ – ი პროჩიე ი პროჩიე…
ამ დროს ქართული საზოგადოება თურმე ჯერ დაიძაბა და მერე უცებ ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა – ამ სიტყვას ჩვენ როგორ გვაკადრებს რუსეთის ხელმწიფეო და ხმლის ამოღებაც დააპირა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ქართველ თავად-აზნაურობას სიონში შესვლამდე ჩამოართვეს იარაღი და გარეთ კი შეიარაღებული რუსის ჯარი იდგა. სიონი ალყაში იყო და შეურაცხყოფილი ქართველები კი გაოგნებული უსმენდნენ რუსი გენერლის ახალ ბრძანებას მათი დაპატიმრების შესახებ. ერეკლე მეფე ცოცხალი აღარ იყო და სოლომონ ლიონიძეს აბა ვინ დაუჯერებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უკვე დანგრეული ჰქონდათ ბაგრატის ტაძარი და ბაგრატის დანგრევას კი დღემდე თურქებს აბრალებენ ჩვენი ისტორიკოსები…

9 აპრილის შემდეგ რამდენიმე დღე მართლაც ვიმალებოდი, მაგრამ დანამდვილებით არც კი ვიცოდი დამიჭერდნენ თუ არა და როგორც მოგვიანებით დავადგინე, თავდაპირველად დასაპატიმრებელთა ორმოცკაციანი სია არსებობდა, რომელიც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო შეამცირეს და ბოლოს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს. როგორც კიდევ უფრო მოგვიანებით გავიგე, ჩემი თავდების ავტორი, თავისივე ინიციატივით, იყო ჩვენი სახელოვანი მხატვარი (და არა მარტო მხატვარი) ზურაბ წერეთელი, რომელმაც ჩათვალა, რომ ციხე ჩემზე უარყოფითად უფრო იმოქმედებდა, ვიდრე დადებითად. ამ სადავო საკითხზე კამათს, რა თქმა უნდა, არ შევუდგები, რადგან მადლობის გარდა, უბრალოდ არაფერი მეთქმის.
14 აპრილს კი თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა ვინმე რაზუმოვსკისთან ერთად, რომელიც (როგორც შევარდნაძემ მაშინ თქვა) მონდომებით ტიროდა ჩვენი ტრაგედიის გამო. ბატონი ედუარდი (იმ პერიოდში) ამხანაგი შევარდნაძე იყო და მისი ჩამოსვლის ამბავი ვახტანგ გოგოუაძემ შეგვატყობინა. უნივერსიტეტამდე (წინა ღამით) კინოსტუდიაში იყო შეხვედრა და ყველაზე მეტად გურამ პეტრიაშვილის ემოციური და გულწრფელი გამოსვლა დამამახსოვრდა. მახსოვს შევარდნაძის გაოცებული სახე, განსაკუთრებით ირაკლი შენგელაიას მოსმენისას, რომელმაც ჩანთიდან ადამიანის უფლებათა ყველა ის დეკლარაცია ამოიღო, რაც კაცობრიობას ჟენევასა თუ ჰელსინკში მიუღია და ხმამაღლა წაიკითხა. წაიკითხა რაც მთავარია ზეპირად და გაოცებულმა რაზუმოვსკიმ იმ საღამოს მოულოდნელი სათავისო აღმოჩენა გააკეთა, რომ თურმე ადამიანებს (მათ შორის ქართველებს), უფლებები გააჩნიათ და მათ შორის არჩევანის უფლება – იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში.
შეხვედრა საკმაოდ გაიწელა და კომენდანტის საათის დაწყებას კი აღარაფერი უკლდა. ჩვენც ავჩქარდით, თუმცა სათქმელი კიდევ ბევრი გვქონდა შევარდნაძისთვის, რომელიც დაგვპირდა, რომ უნივერსიტეტში აუცილებლად მოვიდოდა. მეორე დღეს, 93-ე აუდიტორიაში მართლაც შედგა შეხვედრა, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა და საქართველოში დღემდე ახსოვთ იმ შეხვედრის დეტალები. სიტყვით მეც გამოვედი, მაგრამ გაცილებით საინტერესო ამბავი იმ შეხვედრის დამთავრების შემდეგ მოხდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. 93-ე აუდიტორიიდან გამოსულებმა შენობიდან გასვლაც დავაპირეთ, ვიღაც რომ მოვიდა და გვითხრა – თუ შეიძლება რექტორის კაბინეტში ჩაბრძანდითო და იქ, შევარდნაძის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა. შევარდნაძემ კი პირდაპირ გვითხრა სათქმელი, რის გამოც რექტორის ოთახში გველოდებოდა – ვიცი, რომ ძალიან გძულვართ, მაგრამ საქართველო მეც ძალიან მიყვარს და მალე ყველას დაგიმტკიცებთო. არც გამეღიმებოდა, ვახტანგ გოგუაძის ძალიან კმაყოფილი სახე რომ არ დამენახა, რომლის პოლიტიკურ შეხედულებებზე ისედაც მეღიმებოდა ხოლმე. ჩემმა უადგილო ღიმილმა კი განსაკუთრებით ჩვენი მაშინდელი რექტორი ბატონი ნოდარ ამაღლობელი შეაშფოთა, რომელიც მაინც ყოველთვის შეშფოთებული იყო ხოლმე.
საუბარი (უფრო სწორად მონოლოგი) შევარდნაძემ მერეც გააგრძელა, როცა უნივერსიტეტის მთავარი კარებისკენ დავიძარით და როცა იგივე გამიმეორა და მეც ვუპასუხე, მაგრამ ახლა უკვე ძალიან სერიოზული სახით: საქართველოსთვის რამე კარგის გაკეთება თუ გინდათ, ვინ გიშლით-მეთქი.
ხოლო როცა მთავარი კარებიც გამოვიარეთ, დიდი კიბის სიახლოვეს (გარეთ) საკმაოდ ბევრი ხალხი დაგვხვდა. როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ უნივერსიტეტში შეხვედრა იყო შევარდნაძესთან და მოულოდნელად, ხმამაღლა და მონდომებით (ქვემოდან) ვიღაცამ დამარცვლით შეაგინა ბატონ ედუარდს. დავაკვირდი შევარდნაძის რეაქციას და მას არც შეუმჩნევია (თითქოს მე მაგინებდნენ და არა მას), ისე გააგრძელა საუბარი და ახლა ვიღაც სხვამ (იქ მომლოდინე ხალხიდან) წინაზე უფრო ხმამაღლა და რთულად შეაგინა. შევარდნაძეს არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება (ან მე ვერ დავაფიქსირე რეაქცია) და მარცხნივ დაეშვა, სადაც მანქანა ელოდებოდა. დაიძრა თუ არა დაცვასთან ერთად, სწორედ იქ, სადაც დასალევი წყლის “ფანტანია” ეზოში, სასადილომდე), ვიღაც ასაკოვანი, მაგრამ სიმპათიური ქალი გადაუდგა მას. ბოდიში მოუხადა შევარდნაძეს და ძალიან მოკრძალებით ჰკითხა ბატონ ედუარდს – მართალია თუ არა, რომ თვითმფრინავის ბიჭები არ დაუხვრეტავთ და ცოცხლები არიანო.

შევარდნაძემ თქვა ზუსტად ორი სიტყვა – ღმერთმა ქნას, – გატრიალდა და წავიდა.
ალბათ რამდენიმე წუთი მაინც გაუნძრევლად ვიდექით მეც და ის ქალბატონიც და სხვებიც – გაოგნებულები პასუხისგან და საშინლად დაბნეულები იმის გამო, რაც მოვისმინეთ და ყველანი ისევ იმ უცნობის ხმამ გამოგვაფხიზლა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაგინა შევარდნაძეს, მაგრამ ამჯერად ისე, რომ არც მანამდე და არც მერე, მსგავსი არც მსმენია.
ცხრა აპრილის შემდეგ, თბილისში მხოლოდ ერთი კვირით მოქმედებდა კომენდანტის საათი და ერთი კვირის შემდეგ კი უნივერსიტეტის ეზოში აღარ იდგა ტანკი,რომელზეც ვიღაცამ ფაშისტურად ცნობილი “სვასტიკა” მიახატა თეთრი ცარცით. ტანკები ქალაქიდან გავიდნენ და საქართველოში კი დარჩნენ ძალიან სევდიანი ადამიანები იმის გამო, რომ თავისუფლებას მეოცე საუკუნის ბოლოსაც მსხვერპლი დასჭირდა, თუმცა დაღვრილმა სისხლმა კიდევ უფრო მიგვაახლოვა ნანატრ თავისუფლებასთან და ერთმანეთთან კი მართლა დააახლოვა ადამიანები, ვინც დაიჯერა, რომ მალე საქართველოში ყველაფერი შეიცვლებოდა.
პირველ რიგში კი შეცვალეს ჯუმბერ პატიაშვილი და მის ნაცვლად გივი გუმბარიძე დანიშნეს. ამ უცნობი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ადამიანმა, საკმაოდ ჭკვიანურად, გონივრულად და თანმიმდევრულად შეძლო თავისი საქმის გაკეთება – ეროვნული მოძრაობის მოთხოვნებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია. პირიქით – იმაზე მეტი დაუთმო ყველას, ვიდრე მოძრაობის რომელიმე ლიდერი მოელოდა და შეცდომებიც დაიწყო.ჩვენი მოძრაობის ლიდერებმა აშკარად იგრძნეს ხელისუფლების სადავეებთან სიახლოვე და ამღვრეულ სიტუაციაში თევზის დაჭერაც მოსინჯეს.
ზოგიერთებსაც მაშინვე შეეტყოთ, რომ თავისუფლებას სულ ადვილად გაცვლიდნენ ხელისუფლებაში და ასეთები სამწუხაროდ საკმარისად აღმოჩნდნენ.
ჩვენ კი ძველებურად ვიკრიბებოდით უნივერსიტეტში და ძველებურად ვმღეროდით,მაგრამ უკვე აღარ გვარბევდნენ, არც გვიჭერდნენ და როდემდე უნდა გვემღერა. ბატონ გივი გუმბარიძესაც ალბათ ეცინებოდა, როცა ხედავდა ადამიანების სამომავლო თადარიგს ხელისუფლებაში მოსასვლელად და ყველაზე მეტად კი ალბათ მაინც ჩვენზე ეცინებოდა, რადგან ჩვენ ისევ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ სხვებიც არაფერში გაცვლიდნენ თავისუფლებასა და თბილისის მტვრიან, მაგრამ უძვირფასეს ქუჩებს.
9 აპრილის შემდეგ საქართველოში, და კონკრეტულად თბილისში, ახალი და უჩვეულო ესთეტიკა გაჩნდა ამ სიტყვის პირობითი გაგებით – დაიწერა ლექსები და სიმღერები, სადღეგრძელოები და ჟესტები,მაგრამ გამომეტყველების ცვლილებასაც და წვერის მოხშირებასაც ბუნებრივი თუ ლოგიკური ახსნა ჰქონდა, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ იმ ახალ ესთეტიკაში,ჩემთვის აშკარად სამწუხარო ტენდენციაც გამოიკვეთა.
ცხრა აპრილის ტრაგედიას განსაკუთრებით სიმღერებში მოჰყვა ჩვენი ცნობიერების ტრაგიკული კონცენტრირება მხოლოდ წარსულზე და შესაბამისი შინაარსისა და მოტივის საესტრადო რეპერტუარი გაჩნდა.მახსოვს,იმ პერიოდში გაუთავებლად ისმოდა (ტელევიზიითა და რადიოთი) გულამოსკვნილი სიმღერა “მოდი,დავით!”, რომელიც სიუჟეტურად დავით აღმაშენებლის მოხმობასთან იყო დაკავშირებული და მიუხედავად იმისა,რომ ყველანი დარწმუნებულნი ვიყავით, რომ დავით მეფე (მით უმეტეს ფიზიკურად) ჩვენთან ვეღარ იქნებოდა, მაინც ვეძახდით საშველად. წარსულის პატივისცემასა და ხსოვნაში, თავისთავად არაფერია ცუდი, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა მხოლოდ წარსულის ანაბარა რჩები და აწმყოსადმი პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია. თავისუფლება კი უპირველესად პასუხისმგებლობაა და ამიტომაც ადამიანებს ყველაზე მეტად, თავისუფლების ეშინიათ. ამიტომაც დღემდე არსებობს საქართველოში გმირისა და ბელადის მოლოდინი და მოთხოვნილება და უამრავ ადამიანს ახლაც სურს, რომ ისევ ცოტნე დადიანმა წაისვას თაფლი მის ნაცვლად, თვითონ კი კაკლის ჩრდილში იწვეს და სხვები ქმნიდნენ კარგ საქართველოს.
მაშინაც, 1989 წლის ზაფხულში, ლიტველები ჩვენზე კარგი მოქალაქეები იყვნენ და თანაც იმდენად კარგი მოქალაქეები, რომ მიტინგებს მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ ატარებდნენ და ლიტვაში ჩასულებმა ჩვენც მივიღეთ მათ აქციებში მონაწილეობა. მერე საღამოს ვილნიუსის ქუჩებშიც გავისეირნეთ და ვილნიუსის მთავარ მოედანზე იმ ლიტველი მოშიმშილის კარავიც ვნახეთ, რომელიც ქართველებისაგან განსხვავებით მართლა შიმშილობდა ლიტვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ნამდვილი მოშიმშილე ნანახი არ გვყავდა (მიუხედავად საყოველთაო შიმშილობებისა დედა საქართველოში) და ირაკლი კაკაბაძემ თქვა – კარავში შევიხედოთ და ეს ლიტველი კაცი გავამხნევოთ, ორმოცდასამი დღეა შიმშილობსო. რიგი კი იდგა, მაგრამ ურიგოდ გაგვატარეს მოძმე ქართველები და კარავში შევიჭვრიტეთ. ლიტველი პატრიოტი საკმაოდ დაუძლურებული იყო და კარვის შუაში იწვა. კარგად დავაკვირდი და თვალებს არ დავუჯერე – ლიტველი მოშიმშილისაგან მარჯვნივ გია ბარამიძე წამოწოლილიყო და მარცხნივ – ზურა ჟვანია. რასაკვირველია სიცილისაგან თავი ვერ შევიკავე და ორივემ პირთან საჩვენებელი თითები მიიტანეს – ნუ ხმაურობ, ხომ ხედავ, კაცი შიმშილობსო. რა დამაკავებდა, გარეთ გამოვედი და იმავე მოედანზე ხარხარისაგან გორაობა რომ დავიწყე, ჟვანიაც გარეთ გამოვიდა ძალიან შეწუხებული სახით და ძალიან სერიოზული სახითვე ამიხსნა – სასტუმრო ვერ ვიშოვეთ და ორი დღით ამ პატიოსანმა კაცმა შეგვიფარაო.
მაშინ საბჭოთა პერიოდში სასტუმროში მოხვედრა მართლა ძნელი იყო, რადგან კომუნისტები ადამიანებს სასტუმროში არ უშვებდნენ და კრემლში უნდა გყოლოდა კარგი ნაცნობი, რომ სასტუმროს ნომერი მოეცათ რიგითი მოქალაქისათვის. გია ბარამიძე და ზურა ჟვანია კი, ხელისუფლებაში მოხვედრამდე, მწვანეები იყვნენ და აღმოჩნდა, რომ ლიტველ მწვანეებთან ერთად მდინარეზე ნავებში უნდა ეცხოვრათ, მაგრამ ფეხს იმიტომ ითრევდნენ, რომ მოსალოდნელი ნესტი აფრთხობდათ. მაშინ კი ერიდებოდნენ და მერე კი ალბათ რამდენჯერ უნატრიათ ის დრო, როცა მათ ადამიანები ერქვათ და არა ხელისუფლება და სხვა ადამიანები კი მდინარეზე ეპატიჟებოდნენ მზის ჩასვლის სანახავად. კიდევ კარგი, რომ წავიდნენ და ეგ მაინც შერჩათ, ჩვენ კი თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით და მახსოვს აეროპორტის გზაზე ლიტველ ტაქსის მძღოლს ძალიან უცნაურად გაეღიმა, როცა გაიგო რომ ქართველები ვიყავით. ღიმილის მიზეზი რომ ვკითხეთ, გულწრფელად გაკვირვებულმა გვკითხა – იმდენი ჭკუა როგორ არ გეყოთ, ცხრა აპრილს რუსებს თავი რომ დაახოცინეთო. როგორც ჩანს, ჭკვიან ლიტველებს მაინც ეგონათ, რომ რუსები მხოლოდ უჭკუო ქართველებს ხოცავდნენ მიტინგებზე (ზოგჯერ მეც ასე მეგონა), მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ რუსებმა ვილნიუსშიც იგივე ჩაიდინეს, რაც თბილისში და ლიტველებიც დარწმუნდნენ, რომ რუსებისთვის ყველაფერი სულერთია…

პირველი ნამდვილი დისკი ლაშა ფხაკაძემ მაჩუქა ბავშვობაში და იმ დისკის ყდაზე ჯორჯ ბენსონი ეხატა თავისი ჯადოსნური გიტარით. სხვებს, კლასშიც და უბანშიც, ძირითადად ლურჯი და თხელი ფირფიტები ჰქონდათ, მე კი ნამდვილი დისკი – დიდი და მწვანე.
ჯორჯ ბენსონმა ნამდვილი მუსიკა შემაყვარა და კარგისა და ცუდის გარჩევაც, მგონი, მაშინ ვისწავლე. ამიტომაც ვფიქრობ ხოლმე, რომ ქართველებმა ერთად და გულწრფელად ბოლოს ცხრა აპრილის შემდეგ იმღერეს (ალბათ ქვინსი ჯონსის გავლენით) და მერე აღარც კი მინახავს ასე გულწრფელად მომღერალი რომელიმე სხვა ქართველი. ის კლიპიც (ტიტების შესახებ) ახლახან კიდევ ერთხელ აჩვენეს ტელევიზიით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთავარია, ადამიანი გულწრფელი იყოს და იყოს თუნდაც ისე უცნაურად შემოსილი, როგორც იმ კლიპში დგანან ქართული ესტრადის მაშინდელი ვარსკვლავები. კარგად რომ დააკვირდე იმ კლიპს, სრულიად სხვა ეპოქაა და ცოტა ღიმილის მომგვრელიც, მაგრამ მაინც საუკეთესო, რადგან მაშინ არა მხოლოდ გულწრფელები ვიყავით, არამედ ცამდე მართლებიც, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გვქონდა იარაღი, რომლითაც მერე ერთმანეთი უნდა დაგვეხოცა. სწორედ ამიტომ (სანამ იარაღს დაგვირიგებდნენ), ჩვენ ვიყავით ძალიან ძლიერები და უიარაღოდ, მართლა შიშველი ხელებით მოვიპოვეთ ძალიან დიდი გამარჯვება – ძალიან მალე ცხრა აპრილის შემდეგ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გასრულდა. მართალია, კომუნისტური რეჟიმი 1990 წლის 28 ოქტომბერს მხოლოდ იურიდიულად დამთავრდა, მაგრამ ცოტა ხნით ადრე ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. თუმცა ძველი, ტაშითა და ყიჟინით ჩამოგდებული საბჭოური ძეგლების ნაცვლად, ახალი და სხვა ძეგლების აღმართვის მსურველები მაშინვე გაჩნდნენ საქართველოში. როგორც ჩანს, კერპთაყვანისმცემლობა მარადიული ქართული სისუსტეა.
ლენინისა თუ ორჯონიკიძის ძეგლები თბილისში უკვე აღარ იდგა, მაგრამ იმ ძეგლების კვარცხლბეკები კიდევ კარგა ხანს იყო დარჩენილი და იმის საშიშროებაც, რომ ზედ ვინმე შეხტებოდა, დიდხანს არსებობდა. განსაკუთრებით საშიში კი იმთავითვე იყო რუსთაველზე, ახლანდელი პარლამენტის შენობის წინ დატოვებული ორი კვარცხლბეკი, რომლებზეც ადრე ნამგალდაურომომარჯვებული მშრომელები იდგნენ. ძეგლები აიღეს, მაგრამ უზარმაზარი კვარცხლბეკები მაინც დატოვეს და კონკურსიც გამოაცხადეს ახალი კერპების შესაქმნელად. მომავალი ძეგლების მაკეტები იქვე, მაშინდელი მხატვრის სახლში გამოფინეს და ზვიად გამსახურდიამ თვითონვე, ღიმილით მაჩვენა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი მოქანდაკის ნამუშევარი – კვარცხლბეკზე მუშტმოღერებული ზვიად გამსახურდიას მომავალი ძეგლი იდგა.
- ასე მებრძვიან გენაცვალე, – მითხრა სიცილით და მეც ბევრი ვიცინე, მაგრამ სასაცილო რომ არ იყო მეოცე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა, მოგვიანებით საბოლოოდ დავრწმუნდი. თვითონ ზვიად გამსახურდია კი, როგორც ჩანს, ჩვენზე ადრე მიხვდა, საიდან გვემუქრებოდა ყველაზე მთავარი საშიშროება და საქართველოს პირველ პრეზიდენტსაც ყველაზე მონდომებით (ცოტა ხანში) სწორედ ისინი ესროდნენ, ვინც მას მანამდე მესიას უწოდებდა.
1990 წლის 27 ოქტომბერს, სწორედ არჩევნების წინა საღამოს ჭავჭავაძის პროსპექტზე ჩავლილ შავ ვოლგას (და შიგ მჯდომ ძვი-რფას გვამს), ჩემმა მეგობარმა მარჯვენა ხელით ზუსტად ის მოძრაობა გაუკეთა, რაც ტარტაროზმა ჰოპემ – ჩვენ, 1981 წლის 13 მა-ისს დიუსელდორფში, როცა პირველი გოლი გაგვიტანა თასების მფლობელთა თასის ფინალში.
იმ ჩემმა მეგობარმა იმ ქართველ საბჭოთა ჩინოვნიკს მერე მონდომებითაც შეაგინა და ხმამაღლაც მიაძახა, – ხვალიდან აღარ იარსებებთო!
მოულოდნელად კი იქვე მდგომმა საკმაოდ ასაკოვანმა ქალბატონმა გაკვირვებით შეგვათვალიერა და მშვიდად გვკითხა: კი, მაგრამ, ამ შავ “ვოლგებში” ხვალიდან ხომ სხვები ჩასხდებიანო…
არაფერი გვითქვამს საპასუხოდ მშვენიერი ქალბატონისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ცამდე მართალი იყო, ჩვენ მაინც გვახარებდა კომუნისტების მომავალი მარცხი და გვიხაროდა დასასრული იმ ხელისუფლებისა, რომელმაც აურაცხელი ბოროტება ჩაიდინა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში. ამიტომაც 1990 წლის 28 ოქტომბერი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე იყო და ჩვენს ქვეყანაში იმ დღიდან მართლაც ახალი ერა დაიწყო. თუმცა, ყველაფერი ახალი აუცილებლად წარმატებულს სულაც არ ნიშნავს და რა გასაკვირი იყო, რომ უამრავი პრობლემა დახვედროდა ახალ ეროვნულ ხელისუფლებას.

1918 წლის დამოუკიდებლობის პერიოდთან შედარებით, ზვიად გამსახურდიას მთავრობას ის აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რომ ამ ხელისუფლებაში ძირითადად თავისუფალ საქართველოზე მეოცნებე ადამიანები მაინც მოხვდნენ. 1918 წელს კი მაშინდელ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ძირითადად ის ქართველი სოციალ-დემოკრატები შეადგენდნენ, რუსეთისაგან საქართველოს გამოხსნაზე არასოდეს რომ არც უფიქრიათ. რევაზ გაბაშვილის ცნობილ მოგონებათა წიგნში არის კიდეც ერთი სასაცილო და თანაც სამარცხვინო ეპიზოდი, რომელსაც წიგნის ავტორი ვორონცოვის ყოფილ სასახლეში თვითონვე შეესწრო. კედელზე გაკრულ საქართველოს რუკასთან მდგარი პავლე ინგოროყვა ჯოხით აჩვენებდა ერთ-ერთ მაშინდელ მინისტრს კახეთს და იქვე უყვებოდა მას საქართველოს ისტორიას. ის მინისტრი კი, გულწრფელად გაკვირვებული და გახარებული შლიდა ხელებს, – კაი დიდი მხარე კი ყოფილა ეს კახეთიო…
1990 წელს, სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით, ჩვენმა მინისტრებმა საქართველოს ისტორია მაინც იცოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორე უკიდურესობის პრობლემა არსებობდა, რადგან პოსტსაბჭოურ საქართველოში დანარჩენ სამყაროზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდათ. საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი, სრულიად იზოლირებული ქვეყანა იყო და ამიტომაც ახლად გამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამთავრობო დელეგაციები უცხოეთში, ზოგჯერ სრულიად სხვა, სრულიად უცნობ სამყაროში ხვდებოდნენ. ასე აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დელეგაციის წევრები ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ორმოცდამეთვრამეტე ქუჩის მისადგომებთან. მართალია, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ისინი ვაშინგტონში გააგზავნა, მაგრამ ოფიციალური შეხვედრების დამთავრების შემდეგ სამი ზედმეტი დღე ჰქონდათ დარჩენილი თვითმფრინავის რეისამდე და რატომ არ უნდა ენახათ, ვთქვათ, ნიუ-იორკი.
მოკლედ, მანჰეტენზე იმდენი ისეირნეს ჩვენმა ჩინოვნიკმა თანამემამულეებმა, სანამ ორმოცდამეთვრამეტე ქუჩაზე არ აღმოჩნდნენ, სადაც ცოტა მეძვირე, მაგრამ დედამიწის ყველაზე ლამაზი პუტანკები დგანან. იქვე, ორმოცდამეთვრამეტე ქუჩასთან ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების სასტუმროებია და ამიტომაც რჩეული პუტანკები აქ დასადგომად, არამხოლოდ სრულიად ამერიკიდან, მთელი მსოფლიოდანაც ჩამოდიან. აქ ისეთი ლამაზი ქალები დგანან (მაშინ იდგნენ ხოლმე), რომ შეიძლება ცუდად გახდე, მაგრამ ჩვენი დელეგაციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ცუდად კი არა, ქართველი ჩინოვნიკები ძალიან კარგად გახდნენ მათი დანახვისას და ამ უძველესი პროფესიის უმშვენიერესი წარმომადგენლები სასტუმროში მიიწვიეს. ქართველი მამაკაცი, მოგეხსენებათ, ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ამ უძველეს პროფესიას, დანარჩენი კაცობრიობისაგან განსხვავებით, სრულიად პოეტურად უყურებს და ამიტომაც ჩვენი დელეგაციის წევრებმა ჯერ მათი პატივისცემა გადაწყვიტეს. თანაც ისინი პოსტსაბჭოური საქართველოდან იყვნენ და ქალებთან ურთიერთობის მხოლოდ ის წესები იცოდნენ, რომელიც მოსკოვიდან ახსოვდათ – ჯერ დალევა, მერე სექსი.
მგონი, ადვილი წარმოსადგენია ნიუ-იორკელი პუტანკების გაკვირვებული სახეები, როცა მათ აღმოაჩინეს, რომ ეს უცნაური კლიენტები, რომლებიც უკვე მათი დედმამიშვილების სადღეგრძელოს ამბობდნენ (სავსე ჭიქებით ხელში), სულ არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ კლიენტებს და, რაც მთავარია, სულ არ ეჩქარებოდათ. ხოლო როცა სადღეგრძელოების წარმოთქმისას იმ უცნაურმა კაცებმა ფეხზე წამოდგომა დაიწყეს, ორმოცდამეთვრამეტე ქუჩის პუტანკები მიხვდნენ, რომ აქ დიდი ფულის გაკეთება შეიძლებოდა.
ასეც მოხდა – მოგეხსენებათ, ქართველ კაცს ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ვისკი ამარცხებს და თიშავს და ქართული სამთავრობო დელეგაციის წევრებს რამდენ ხანს ეძინათ, არავინ იცის. ფაქტია, როცა გაიღვიძეს, აღმოაჩინეს, რომ საშინელი გაძარცულები იყვნენ და სინამდვილეში ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეს, გარდა ტრუსეულისა, რომელიც ქართველ მამაკაცებს ზედ ემოსათ. ბედნიერმა პუტანკებმა არამხოლოდ ფული და ხელის საათები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელებიც კი წაიღეს და ასე შიშველი და გაუბედურებულები დაგვტოვეს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის პირისპირ.
(მერე, შევარდნაძის დროს ვენეციაში მივლინებით გაგზავნილმა ერთმა ქართველმა მინისტრმა სასტუმროს ფანჯრიდან ქუჩაში რომ გადაიხედა, ისტორიული ფრაზა თქვა – აქანე წყალდიდობა ყოფილაო, – და ძალიან დაწყდა გული, რომ სწორედ მის ვიზიტს დაემთხვა ვენეციის მარადიული თავისებურება).
იყო სხვა, არანაკლებ თავშესაქცევი ისტორიებიც, მაგრამ მათ გახსენებას აზრი არა აქვს, რადგან ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და პრეზიდენტობის ეპოქიდან მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები დარჩება საქართველოს ისტორიაში.
როგორც არ უნდა გვახსოვდეს ჩვენი სუბიექტური შთაბეჭდილებები და მაშინდელი ხელისუფლების შეცდომები, მაინც ობიექტური ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს სწორედ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით აღიდგინა საქართველომ დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. ნებისმიერი ადამიანისა და ნებისმიერი ქვეყნისთვის კი თავისუფლებაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არც არაფერი არსებობს…

ზვიად გამსახურდიას დროინდელი საქართველოს ხელისუფლება, კორუფციის თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავდებოდა შევარდნაძის მთავრობისა და შემდგომი დროის ჩინოვნიკებისგან.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მთავრობაშიც ალბათ იყვნენ კორუმპირებული ადამიანები, მაგრამ მასობრივი კორუფცია, რომელმაც მერე შევარდნაძის ხელისუფლება თითქმის მთლიანად მოიცვა, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, უბრალოდ, არ არსებობდა. შეიძლება მოგესმინა საშინელი ან სასაცილო სისულელე გამსახურდიას რომელიმე მინისტრის ან მისი რომელიმე ცნობილი მხარდამჭერისაგან, მაგრამ ეროვნული ხელისუფლების უმრავლესობა მართლა ძალიან პატიოსანი ადამიანებისაგან შედგებოდა. ახლანდელი, ჯიპებსა და გემებზე ამხედრებული ჩინოვნიკებისათვის ალბათ დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების წევრები დღესაც ფეხით დადიან და ისევ ის ბუკლეს პიჯაკები აცვიათ, ოცი წლის წინ რომ ეცვათ.
თუმცა სასაცილო ფრაზებს ძალიან ხშირად მოისმენდით ხოლმე და ზვიად გამსახურდია სულ ახალი გაპრეზიდენტებული იყო, მისი ერთ-ერთი ცნობილი მხარდამჭერისაგან ერთ-ერთი ცნობილი საოცრება რომ მოვისმინე უნივერსიტეტში. ის (ჩემთვის) ძალიან საყვარელი ადამიანი ძალიან გულწრფელად ამბობდა, – კრემლი ასე ადვილად თავს არ დაგვანებებს და რამე ახალ პროვოკაციას აუცილებლად შემოგვიგდებსო. მაინც რასო, – ჩააცივდა ერთ-ერთი სტუდენტი და ბატონმა გურამ პეტრიაშვილმაც სიამოვნებით გაშალა მაშინ სრულიად ტაბუირებული თემა. ბატონმა გურამმა თქვა, – ამჯერად ალბათ მოსკოვი სექსის შემოგდებას შეეცდება საქართველოში და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში სექსი არასოდეს ყოფილაო. რადგან ბატონი გურამ პეტრიაშვილი (პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა) მშვენიერი საბავშვო ზღაპრების წერითაც იყო დაკავებული, ამიტომაც კარგა ხანს ვფიქრობდი, რომ მაშინ უნივერსიტეტში წარმოთქმული იმ ფრაზის ახსნა სწორედ ზღაპრებში უნდა მეძებნა. კარგა ხანს მეგონა კიდეც, რომ ბატონ გურამს (ასაკის მიუხედავად) ზღაპრებიდან ახსოვდა, რომ ბავშვებს კომბოსტოში პოულობენ მშობლები ან მშობლებისთვის ისინი წეროებს მოჰყავთ შორეული ქვეყნებიდან. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ბატონი გურამი მართალი იყო და სექსი საქართველოში მართლა არ არსებობდა. თვითონ გურამ პეტრიაშვილი კი, მოლანდებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მონატრებით კი მართლა მომენატრა, რადგან ვიცი, რომ თვითონ მას ძალიან ენატრება თავისი ქვეყანა და ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, ძალიან საბრალოა. ჩემი პოზიციები (განსაკუთრებით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ) ახლაც ისევე რადიკალურად განსხვავდება გურამ პეტრიაშვილის შეხედულებებისაგან, როგორც მაშინ განსხვავდებოდა, მაგრამ არც ერთი პრობლემა არ იყო საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისათვის ტყვია გვესროლა. ამიტომაც მგონია, რომ იმ ძალადობას, მაინც არანაირი გამართლება არ აქვს და იმ გამოუსწორებელი შეცდომის შედეგებს ახლაც ვიმკით.
იმ 1991 წლის დეკემბერში კი გუდამაყარში მივდიოდი ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად და ძალიან მიხაროდა, რადგან გოდერძი ჩოხელმა დაგვპატიჟა და თვითონ მასპინძელიც ჩვენ მოგვყვებოდა. პირველ ღამეს ფასანაურში დავრჩით გოდერძის ნათესავებთან და ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო, როგორც გოდერძის სადღეგრძელოები. დილით კი ორღობეში ჩამოვლილმა მთიულმა ბებომ ბრაზიანად გვითხრა, – ქალაქში ომი დაიწყოო, – და აჩქარებით გაგვშორდა. ჩვენც აჩქარებით დავემშვიდობეთ მასპინძლებს და თბილისში დავბრუნდით. მეორე დღესვე მიტინგიც გავმართეთ უნივერსიტეტის ეზოში და იქვე აღმოვაჩინე კიდეც, რომ ომი საქართველოში მართლა ძალიან ბევრს სურდა. როცა მშვიდობასა და ომის დაუყონებლივ შეწყვეტაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მიტინგზე მოსული ხალხიც მაშინვე შემოგვეცალა. უნივერსიტეტის წინ სულ რამდენიმე ადამიანი დავრჩით და ჩვენს შორის ყველაზე თავგანწირული მაინც გია აბესაძე აღმოჩნდა, რომელმაც რუსთაველის პროსპექტზე თავი დემონსტრაციულად დაიწვა. მან თავი მოიკლა პროტესტის ნიშნად და არც კი ვიცი, ასეთი მსხვერპლი თუ ახსოვს სხვა რომელიმე ქვეყნის სამოქალაქო ომის ისტორიას.

თუმცა, კლასიკური გაგებით, თბილისის ომი არ იყო სამოქალაქო ომი, ისევე, როგორც კლასიკური აჯანყება ან რევოლუციური ამბოხი. ეს იყო ერთგვარი სინთეზი უამრავი მახასიათებლისა და, როცა რუსთაველის პროსპექტზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, არცთუ ძალიან მოშორებით, თითქმის მეზობელ უბნებში ადამიანები სხვა ცხოვრებითაც ცხოვრობდნენ. მაგრამ ისინიც კი, მაინც მიდიოდნენ ხოლმე რუსთაველზე ნამდვილი ომის სანახავად და თბილისის ომს გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე მონაწილე. სხვა ნიშნებითაც ეს იყო ქართულად უცნაური და განსხვავებული ომი და მახსოვს ცნობისმოყვარეებს შორის ვიდექით რუსთაველის თეატრის წინ, როცა ვერის მხრიდან ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელსაც რაღაც ავზი ჰქონდა ჩამოკიდებული. ავზი ისეთი დიდი იყო, რომ ხალხმა სისულელეების ლაპარაკიც კი დაიწყო მაშინვე და ვიღაცამ თქვა, – ალბათ ვერელების ვერტალიოტიაო. მაგრამ ვიღაცა იქვე შეეკამათა კიდეც – ვერელების კი არა, ჩემი ახლობელი ვაკელების არის და რულთან ბუბა კიკაბიძე ზისო. ვერტმფრენის საჭეს ვინ მართავდა, ვერ ვხედავდით, მაგრამ ნათელი იყო, რომ კარგი არაფერი ხდებოდა (იმ ავზის გამო) და ის ავზი პარლამენტისა და პირველი სკოლის შენობებს შორის ჩამოაგდეს. კიდევ კარგი, რომ არ აფეთქდა, რადგან, როგორც მერე გავიგეთ, საწვავით სავსე იყო და პარლამენტის აფეთქებას აპირებდნენ, მაგრამ, შესაძლოა, მართლა მანამდე ჩამოუვარდათ.
თუმცა მსხვერპლი ისედაც, უმაგისოდაც დიდი იყო და, რაც მთავარია, ომი წაგებული ჰქონდა ორივე მხარეს, რადგან შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა და საკუთარ ქვეყანას კი ომს ვერასოდეს მოუგებ.
მაშინდელი საერთაშორისო ვითარებაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის არის ხოლმე, როცა შენს ქვეყანას ნგრევისთვის შენ თვითონ იმეტებ და მერე სხვების დახმარებას ელოდები. იმ ზამთარს იმ საერთაშორისო სამყარომ კი გვცნო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, როგორც მაშინ, 1921 წელს, როცა საქართველო პირველად დავკარგეთ მეოცე საუკუნეში.
იმ დღეს თურმე სერგი ერისთავს ქუთაისში, ზედ თეთრ ხიდზე შეხვდა ნაცნობი, რომელმაც პირველმა ახარა მას ახალი ამბავი და თანაც ხმამაღლა, სხვების გასაგონადაც იყვირა, – ერთა ლიგამ გვცნოო.
იმ დღეს რუსეთის მეთერთმეტე არმია საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოსული იყო და ამიტომაც სერგი ერისთავმა სევდიანი ღიმილით აუხსნა იმ მახარობელ ქუთაისელს, რასაც ნიშნავდა ეს დაგვიანებული ცნობა:
- ეგ ახლა იგივეა, მე რომ ადიდებულ რიონს მივქონდე, ხელს რომ საშველად გიქნევდე და შენ რომ ამ ხიდიდან მეძახდე, – გიცანი, რავა არ გიცანიო…
მეოცე საუკუნის ბოლოს კი უკვე მეორედ დავკარგეთ საქართველო და რუსეთის იმპერია ისევ უკან დაბრუნდა, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო კიდეც, რადგან საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მსოფლიოს ორ ყველაზე დიდ იმპერიას, რუსეთსა და ამერიკას, ერთდროულად გამოუცხადა ყველაზე პრინციპული და შეურიგებელი ომი.
მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მამა-ბუში იყო და ამერიკაში სულ ორი თვით ადრე ჩასულ ირაკლი კაკაბაძეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეფონით სთხოვეს, რომ იქნებ ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ ეშიმშილა მამა-ბუშის გადადგომის მოთხოვნით. მოგეხსენებათ, რომ სამშობლოსთვის სიკვდილი გაცილებით ადვილია, ვიდრე სამშობლოსთვის სიცოცხლე (და მით უმეტეს საქართველოსთვის) და ირაკლი კაკაბაძეც ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ თავისი დიაბეტი გაახსენდა მაშინვე და მაშინვე იმასაც მიხვდა, რომ შიმშილობის აქციას ეფექტური შედეგი არ ექნებოდა.
მაშინო (ისევ თბილისიდან სთხოვეს), იქნებ სხვა ვინმე პატრიოტი მოძებნოთ, რომელიც თეთრი სახლის წინ იშიმშილებს და ბუშის გადადგომას მოითხოვსო. ირაკლი კაკაბაძემ უთხრა, – ამერიკაში ჯერ ახალი ჩამოსული ვარ და მხოლოდ ბონდო კეკელიას ვიცნობ, რომელიც ოთხმოცდაცამეტი წლის არის და შიმშილი რომ დაიწყოს, ამ საღამოსვე მოკვდება და აზრი არა აქვს, ბუშის გადაყენებას მაინც ვერ მივაღწევთო. შეიძლება კაკაბაძეს დაუჯერეს კიდეც და ფაქტია, რომ აღარ დაურეკავთ, მაგრამ ისედაც დაგვიანებული იყო რაიმე მცდელობა, რადგან მამა-ბუშს უკვე ნათქვამი ჰქონდა ზვიად გამსახურდიას შესახებ თავისი ცნობილი ფრაზა.
ჩემთვის პირიქით იყო და არის, და ისინი, ვინც დინების წინააღმდეგ მიდიან, ყველაზე საინტერესო ადამიანები არიან კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტები მხოლოდ იმ არაამერიკელ ლიდერებს უჭერენ მხარს, ვინც მათთვის სასურველ ისტორიას ქმნიან. ზვიად გამსახურდიას კი ყველაზე მეტად საქართველოს ისტორია აინტერესებდა, რომელსაც ქმნიდა კიდეც, მაგრამ ამერიკელები და რუსები რას გვაპატიებდნენ, როცა ქართველებმაც კი არ აპატიეს პირველ პრეზიდენტს ძალიან უბრალო შეცდომები, როცა მთავარი და მეათეხარისხოვანი ერთმანეთისაგან, უბრალოდ, ვერ გავარჩიეთ.
იქნებ იმ შეცდომებზე ლაპარაკობდნენ კიდეც ზვიად გამსახურდია და მისი ვაჟი ვენაში, სადაც პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებამდე გროზნოდან ჩავიდა. ისინი მთელი დღე ისხდნენ ვენის ტრამვაის ვაგონში, სულ ბოლო სკამზე და საუბრობდნენ საქართველოზე, ალბათ ისე სევდიანად, რომ ტრამვაის ვატმანი მხოლოდ გახედავდა ხოლმე მათ და არ ეუბნებოდა, რომ ეს უკვე ბოლო გაჩერებაა.
ვინ იცის, რამდენჯერ შემოუარა იმ ტრამვაიმ ავსტრიის წვიმიან დედაქალაქს და იქნებ ზვიად გამსახურდიამაც დანამდვილებით იცოდა, რომ იგი საქართველოში სიკვდილთან შესახვედრად ბრუნდებოდა.
ის კი ფაქტია, რომ საქართველოში დაბრუნებული პირველი პრეზიდენტის გზა ერთნაირად ჰგავდა წიგნებში მთვარის შუქზე გადალახულ ადიდებულ ენგურს და ძველი კოლხური მითოსის რომელიღაც მისტერიას.
შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა ველურ შთაბეჭდილებასაც ტოვებდეს მისი ცხოვრების ერთი სიკვდილისწინა ეპიზოდი მეოცე საუკუნის ბოლოს, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდი, მგონი, ყველაზე ბევრისმთქმელია პირადად ჩემთვის.
როდესაც რუსეთის არმიის ნაწილებმა დასავლეთ საქართველოში შემოსვლა დაიწყეს, ზვიად გამსახურდია მისმა თანმხლებმა პირებმა მთიან სამეგრელოში აიყვანეს. ერთი ღამე მათ ტყეშიც კი გაატარეს, მაგრამ კარავში დაძინება შეუძლებელი იყო, რადგან ტყეში მოშიებული ნადირიც ბევრი იყო და პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები მთელი ღამე ალმოდებული ჩირაღდნებით ცდილობდნენ მათ მოგერიებას.
სამეგრელოში დასრულდა კიდეც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, მასთან ერთად კი ის ეპოქაც გასრულდა, რომელმაც მეორედ მეოცე საუკუნეში დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს, სამწუხაროდ – მხოლოდ ძალიან მცირე ხნით.
რუსებმა, რასაკვირველია, მათთვის ძალიან წარმატებით გამოიყენეს ქართული ხასიათის რამდენიმე თავისებურება და საერთო ქართული სისუსტეები: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომები, ქართული ამბიციები და ამპარტავნობა, სულსწრაფობა და მოკლემხედველობა, შური და გაუტანლობა, სიზარმაცე და გაუნათლებლობა…
დანარჩენი მსოფლიოც მაშინ ისევე შეხვდა რუსულ აგრესიას, როგორც მანამდე ან მერე, რადგან უკვე მშვენიერ სავარძელში მოკალათებული, ევროპისა თუ ამერიკის ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ წარმოიდგენდა მთიანი სამეგრელოს იმ ტყეს, სადაც მეოცე საუკუნის ბოლოს მათი ქართველი კოლეგა, ჩირაღდნით ხელში ებრძოდა ველურ სიბნელეს.
ისიც მიფიქრია, რომ შეიძლება სხვებისთვის თავისუფლების მიღწევას სულაც არ დასჭირვებია ამდენი თავგანწირვა და სისხლი თუ ცრემლი, რაც ქართველებმა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საუკუნეების მანძილზე გაიღეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ.
უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და მგონი იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი მაინც ხვდება (შინაგანი ინტუიციით მაინც), რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს…

??????