მარკესი გაბრიელ გარსია
გაზიარება

სამი სომნამბულის მწუხარება 

მთარგმნელი გორელაშვილი სოფი 
 
ის ახლა მიტოვებული სახლის შორეულ კუთხეშია. მანამდე ვიღაცამ გვითხრა, რომ ეს ქალი აუჩქარებელ ცხოვრებას უნდა შეჩვეოდა, გემოსა და სუნის გარეშე, სადაც ყველაზე მიმზიდველი – მკაცრი, თითქოს ქვისა და კირისგან გამოთლილი მარტოსულობაა, რომელიც მხრებზე აწვა. იმ დროს ჯერ მისი ნივთებიც არ გვქონდა მოტანილი: ტანსაცმელი, ჯერ კიდევ, ტყის სუნი რომ ასდიოდა და ავდარში ჩასაცმელი მსუბუქი ფეხსაცმელი. 
დიდი ხნის შემდეგ კიდევ სხვა რაღაც გაგვახსენდა, ოდესღაც ეს ქალიც ბავშვი იყო, მაგრამ როცა პირველად გვითხრეს, არ დავიჯერეთ. ახლა, როცა კუთხეში მჯდომ ქალს ვხედავდით,  გაოცებული თვალებით რომ გვიცქერდა და თითი ტუჩებთან მიეტანა, უკვე გვჯეროდა - ისიც იქნებოდა ბავშვი, ეყვარებოდა წვიმის ხანმოკლე სიგრილე და მზეში მასაც ექნებოდა ჩრდილი.
ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა რაღაც დავიჯერეთ იმ საღამოს, მიუხედავად მისი შემაშინებელი შერწყმულობისა ქვესკნელის სამყაროსთან, მაინც სრულიად ადამიანური იყო.  ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა ქალმა ისეთი შემაძრწუნებელი ყვირილი მორთო, თითქოს სხეულში მინა ემსხვრეოდა; გვეძახოდა, თითოეულს სახელით მოგვმართავდა, ტირილით გვიხმობდა, სანამ ყველანი მის გვერდით არ ჩამოვსხედით; მერე ვიმღერეთ, ტაშიც დავუკარით, თითქოს ამ ხმებით შეგვეძლო დამსხვრეული მინის გამთელება. სწორედ მაშინ დავიჯერეთ, რომ ერთ დროს ისიც ბავშვი ყოფილა. მერე ქალი წამოდგა და რატომღაც,  მდინარე და ხეები გაგვახსენა, წინ გადმოიხარა, სახე გამოაჩინა და ჯერ კიდევ
თვალცრემლიანმა გვითხრა:
__ მე აღარასოდეს გავიღიმებ.
ჩვენ, სამივე, ჩუმად გავედით გარეთ, ალბათ იმიტომ, რომ ყველას ერთი და იგივე აზრებიგვიტრიალებდა. შეიძლება ის აზრი, რომ სახლში შუქის ანთება აღარ ღირდა. ქალს მარტო უნდოდა ყოფნა – ბნელ კუთხეში დაჯდომა და ნაწნავის უკანასკნელად დაწვნა, - წინა ცხოვრებიდან, სანამ მხეცად იქცეოდა, მხოლოდ ესღა შემორჩენოდა ადამიანური.
გარეთ, ეზო მწერებით იყო სავსე, იქ ჩამოვსხედით და ამ ქალზე დავიწყეთ ფიქრი.ადრეც ასე ვიქცეოდით. შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველდღე ასე ვსხდებოდით და ვფიქრობდით. 
თუმცა ეს ღამე დანარჩენებისგან განსხვავდებოდა: ქალმა მაშინ გვითხრა, რომ აღარასოდეს გაიღიმებდა და ჩვენ, რადგან მას კარგად ვიცნობდით, მივხვდით, რომ ეს საშინელი სიზმარი სინამდვილედ იქცა. სამკუთხედზე დავსხედით და წარმოვიდგინეთ, რომ შუაში ეს ქალიგვეჯდა, რაღაცნაირი აბსტრაქტული, რომელსაც საათის განუწყვეტელი წიკწიკის მოსმენაც არ შეეძლო, რადგან გაზომილად, წუთებით, წამებით ფერფლად აქცევდა მის არსებობას.  “იმდენი გამბედაობა მაინც გვქონდეს, მისთვის სიკვდილი გვესურვებინა,” – გავიფიქრეთ სამივემ ერთდროულად, მაგრამ მისი საძაგელი, გაყინული სული ისე გვიყვარდა, როგორც საკუთარი დამალული ხასიათი.
ჩვენ უკვე დიდი ხანია გავიზარდეთ. ის კიდევ – უფრო დიდი იყო ჩვენზე. იმ ღამეს ჩვენთან ჯდომა, როგორც საკუთარ შვილებთან, და ვარსკვლავების თანაბარი გულისცემის მოსმენაც შეეძლო. ის, ალბათ, პატივსაცემი ქალბატონიც გახდებოდა, ვინმე პატიოსან ბურჟუაზე რომ გათხოვილიყო ან ღირსეული საყვარელი ჰყოლოდა.
მაგრამ ქალი მიეჩვია ერთ განზომილებაში ცხოვრებას – რომელიც სწორ ხაზს ჰგავდა, ალბათ იმიტომ, რომ მისი შეცდომები და მიღწევები პროფილით ჩანდა. ჩვენ ეს რამდენიმე წლის წინ შევიტყვეთ. ერთხელ, დილით რომ ავდექით, არც კი გაგვკვირვებია, თიხიან ეზოში რომ იწვა გაუნძრევლად და მიწას ღეჭდა. ღიმილით შემოგვხედა; მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილიყო და ასე იწვა, მოუდრეკელი, მიწაში თავჩარგული. მოგვიანებით მივხვდით, რომ ერთადერთი, რაც არ შეცვლილა – შიში იყო, ბუნებრივი შიში სიშორისა და სიცარიელისადმი. მხრებში მოვკიდეთ და ხელში ავიყვანეთ, სულ არ იყო გახევებული,  როგორც თავიდან გვეგონა; პირიქით, რბილი და მოქნილი სხეული ჰქონდა, როგორც ახალ მიცვალებულს.
სახით მზისკენ მივაბრუნეთ – თითქოს სარკის წინ დავაყენეთ, - თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, პირი მიწით მოთხვრილი, რომლის სამარისებური გემო, ალბათ, უკვე ნაცნობი იყო მისთვის. ჩამქრალი მზერა მოგვაპყრო და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აღარ არსებობდა, მაგრამ ხელში მაინც მეჭირა.
ვიღაცამ გვითხრა, რომ ქალი მოკვდა: მისი ცივი და მშვიდი ღიმილი კი დარჩა – ყოველთვის იღიმებოდა, ღამით, სახლში უძილო რომ დაბორიალობდა. გვითხრა, რომ არ იცოდა, ეზოში როგორ აღმოჩნდა. სცხელოდა, თან ჭრიჭინის გამაყრუებელი, მოსაბეზრებელი ხმა ესმოდა,  რომელსაც მის ოთახში შესვლა უნდოდა და ცემენტის იატაკზე ლოყამიბჯენილი, მზად იყო,  ყველა საკვირაო ლოცვა გაეხსენებინა.თუმცა, ჩვენ ვიცოდით, რომ ლოცვებს ვეღარ გაიხსენებდა, რადგან დიდი ხანია დროის შეგრძნება დაეკარგა. უცებ გვითხრა, როცა ჭრიჭინისგან კედელს იცავდა, ამ დროს ღრმად ჩაეძინა. მერე ვიღაცამ მხრებში მოჰკიდა ხელი, კედელი გაწია და სახით მზეს მიუშვირა.
იმ ღამეს, ეზოში რომ ვისხედით, მივხვდით, ქალი აღარასოდეს გაიღიმებდა. თავიდანვე დაგვანაღვლიანა მისმა გულგრილმა სერიოზულობამ და იმ თავისებურმა, აუხსნელმა სურვილმა, რომ კუთხეში ცხოვრება სურდა. 
ისე ძლიერ დავსევდიანდით, როგორც იმ დღეს, პირველად რომ დავინახეთ კუთხეში მჯდომი, როგორც ახლა. გავიგონეთ, როგორ ამბობდა, რომ აღარასოდეს იბორიალებდა სახლში. თავიდან არ დავუჯერეთ, ჩვენ ხომ მთელი თვეების განმავლობაში ვხედავდით, როგორ დადიოდა ოთახიდან ოთახში დღის ნებისმიერ საათში, თავაწეული, მხრებდაშვებული,  არასოდეს ჩერდებოდა და არც იღლებოდა. ღამითაც გვესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, როცა ორ წყვდიადს შორის გაივლიდა, ხშირად გაგვღვიძებია და მისი იდუმალი ფეხის ხმისთვის ყური დაგვიგდია, ვცდილობდით, გონებით გავყოლოდით. ერთხელაც, ქალმა გვითხრა, რომ ადრე,  მრგვალი სარკის სიღრმეში ჩაძირული ჭრიჭინა დაენახა და მის ამოსაყვანად შესულიყო. ვერმივხვდით, ამით რისი თქმა სურდა, მაგრამ დავიჯერეთ, რადგან სველი ტანსაცმელი ისე მიწებებოდა ტანზე, ტბიდან ამოსულს ჰგავდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სახლში მწერების მოსპობა, ქალი რომ აღარ გაეწამებინათ.
კედლები ჩამოვრეცხეთ, ეზოში ბუჩქებიც მოვაჭრევინეთ, თითქოს, ღამის სიჩუმეს ჭუჭყი მოვაცილეთ. ამის მერე ქალს ჭრიჭინები აღარ უხსენებია იმ დღემდე, როცა უკანასკნელადისადილა, სამივე ყურადღებით შეგვათვალიერა, ცემენტის იატაკზე  მოკალათდა და მზერისმოუშორებლად გვითხრა: “მე აქ ვიჯდები.” შევკრთით, რადგან დავინახეთ, რომ ძალიან ემსგავსებოდა ისეთ რაღაცას, სიკვდილი რომ ჰქვია.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შევეჩვიეთ კიდეც, რომ იატაკზე იჯდა, ნახევრად ჩამოშლილი ნაწნავით, თითქოს თავად დაეშალა, მარტოსულობაში წასულს და იქ ჩაკარგულს, თუმცა ჯერ კიდევ ჩანდა და ჩვენ ისევ ვხედავდით. 
ამიტომ დავიჯერეთ, რომ ის აღარასოდეს გაიღიმებდა; ქალმა ეს ისეთივე დარწმუნებით გვითხრა, როგორც ადრე, რომ აღარასოდეს ივლიდა.
ჩვენ უკვე ვხვდებოდით, რომ ცოტა ხანში ქალი გვეტყოდა: “მე ვეღარასოდეს დავინახავ” ან “ვეღარაფერს გავიგონებ”, რადგან მასში ჯერ კიდევ დარჩენილიყო საკმარისი ადამიანურობა, რომ საკუთარი ნებით ჩაექრო თავისი სიცოცხლე; ამ დროს, ნელ-ნელა, სათითაოდ, გრძნობის ორგანოებიც აღარ ემორჩილებოდნენ, ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ჩვენ მას კედელზე მიკრულს დავინახავდით, ცხოვრებაში პირველად დაძინებულს. შეიძლება ეს ჯერ, არცთუ ისე, მალე მოხდება, მაგრამ ჩვენ სამს, ეზოში მსხდომებს, გვინდოდა, იმ ღამეს მისი მკვეთრი,  დაუსრულებელი და მინის მსხვრევის მსგავსი ტირილი გაგვეგონა, რომ ოდნავ მაინც დაგვემშვიდებინა თავი ილუზიით, თითქოს სახლში ბავშვი გაჩნდა. გვინდოდა დაგვეჯერებინა, რომ ის ხელახლა დაიბადა. 

??????