ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა 

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, 
თავმიდებული აჭარის კალთებს. 
რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, 
თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს. 

სხვას თუ არ უნდა ამის გაგება, 
შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, - 
რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება, 
არამედ კაცი რწმენით და იჭვით. 

და შემდეგშიაც ავიტან მრავალს 
უამინდობას, წყურვილს, სიცივეს, 
ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს - 
დიდი იმედის შუქს მოციმციმეს.

??????