არტლი რობერტო
გაზიარება

კუზიანი (მთარგმნელი კუპატაძე ქეთი) 

ქალბატონი X-ის სახლში რიგოლეტოს, ანუ კუზიანის მიმართ ჩემს საქციელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ნაირ-ნაირმა გაზვიადებულმა ჭორებმა იმ ხანად ბევრს შეაძულა ჩემი თავი. 
მიუხედავად ამისა, რომ არა რიგოლეტოს მკვლელობა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ცხოვრებაში პრობლემები არ უნდა მქონოდა. კუზიანისთვის ყელში წვდომა და მისი დახრჩობა ჩემთვის უფრო დამღუპველი და წინდაუხედავი საქციელი აღმოჩნდა, ვიდრე ხალხის სიკეთეზე მზრუნველი ადამიანის მოკვლა იქნებოდა. 
დამეხვიენ პოლიციელები, მოსამართლეები და ჟურნალისტები. ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული (ვუკვირდები რა მათ მართლმსაჯულების კანონებს), რომ ამ ხალხმა რიგოლეტო ერის წინამძღვრად, გენიოსად, ან ფილანთროპად არ აღიარა.

სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ამ გარეწარის დასაცავად სასამართლოს მიერ მიღებული ზომები, მაშინ როცა მის დასასჯელად უთვალავი პანღურიც კი არ იკმარებდა. 
ვიცი, უარესებიც ხდება ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს სულაც არ მანუგეშებს. ზიზღით შევცქერი ციხის ჭუჭყიან კედლებს უარესი მომავლის მოლოდინში. ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედი, ამდენი ტანჯვა-ვაება უნდა მოეტანა ჩემთვის ამ ერთ ხეიბარს. 
მახსოვს (ეს ინფორმაცია დააინტერესებთ ალბათ თეოსოფიითა და მეტაფიზიკით გატაცებულთ), ჩემს ყურადღებას ბავშვობიდან ბავშვობიდან იქცევდნენ კუზიანები. ისინი ერთდროულად მეჯავრებოდნენ და მაჯადოებდნენ, ისევე როგორც მეცხრე სართულის აივანი, რომლიდანაც ღია სივრცე მიხმობდა. მის მოაჯირთან არა ერთხელ მივსულვარ შიშით გულაფანცქალებული.

წარმომედგინა, რომ სუნთქვაშეკრული ვეშვებოდი უფსკრულში. მახინჯის ყურება ჩემში გულისამრევ გრძნობას იწვევდა და საკუთარი თავი ინვალიდი, გროტესკული და ამაზრზენი არსება მეგონა, ყველასაგან მიტოვებული, ძაღლების ბუნაგში მცხოვრები, რომელსაც დაუნდობელი ბიჭები დასდევდნენ სახრეებით ხელში და მზად იყვნენ მისთვის კუზში დანები გაეყარათ. 
საშინელებაა..., ყველა კუზიანი უეჭველად ბოროტი, ეშმაკეული და ღვარძლიანია..., ასე რომ, რიგოლეტოს დახრჩობით, მჯერა, კეთილი სამსახური გავუწიე საზოგადოებას - დავიხსენი ყველა ჩემებურად გულჩვილი ადამიანი საშიში და შემაძრწუნებელი სანახაობისაგან. 
ისიც უნდა ითქვას, რომ კუზიანი მეტისმეტად დაუნდობელი ადამიანი იყო. იმდენად დაუნდობელი, რომ ყოველდღე იძულებული ვიყავი გამემეორებინა: 
- მისმინე, რიგოლეტო, ნუ იქნები ასეთი უკუღმართი. მე მაინც ნუ დამანახებ, როგორ უშენ სახრეს საწყალ ღორს. რა დაგიშავა საცოდავმა? არაფერი.

არ ვარ მართალი?
- თქვენ რა გადარდებთ?
- არაფერი დაუშავებია და შენ მაინც ჯიუტად, ძალით, ულმობლად ჯავრს იყრი საწყალ ცხოველზე...
- მსიამოვნებს. ახლა პირში ბენზინს შევასხამ და მერე კი ცეცხლს წავუკიდებ - მიპასუხებდა, სახრეს გადაუჭერდა ცხოველს ზურგზე და თან თეატრის დემონივით კბილებს ააკრაჭუნებდა. მე კი ვეუბნებოდი:
- წაგახრჩობ, რიგოლეტო. როგორც მამა, ისე გაფრთხილებ, მისმინე, რიგოლეტო. შენ გეუბნები...
ეს ჩემი სიტყვები იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ჩემი მოთხოვნების უგულებელყოფაში, საკუთარი დამცინავი და გესლიანი ხასიათის ყოველწუთიერ გამოვლინებაში იგი სიამოვნებას ჰპოვებდა. მიბეგვის მუქარაც და იმის თქმაც კი, რომ ერთი დარტყმით შევუნგრევდი კუზს, არ ჭრიდა.

რიგოლეტო ჯიუტად განაგრძობდა უზნეობას. 

ჩემს ამჟამინდელ ყოფაზე ფიქრისას, ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ჩემივე სისულელით ყოველივე ეს დეტალურად ვუამბე ჟურნალისტებს. 
იმედი მქონდა, რომ გამიგებდნენ და გამოჩნდებოდა ადვოკატი, რომელიც ჩემს შელახულ რეპუტაციას აღადგენდა. ამ უბადრუკებმა კი მხოლოდ ეშმაკეული დაინახეს ჩემში. დაწერეს, რომ ჩემი ქცევის კარგად გაანალიზებისას აშკარად იკვეთებოდა ჩემი გარყვნილი და ცინიკური ხასიათი. 
ცხადია ჩემი საქციელი ქალბატონი X-ის სახლში გოთას პროექტის წევრისათვის შესაფერისი არ ყოფილა. არა, ამის თქმა გულწრფელად შემიძლია.

მაგრამ, ჩემი დაუძინებელი მტრები ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან, რის გამოც ჩემს გარშემო ტყუილი და გაუგებრობა იკიდებდა ფეხს. ცილისმწამებელნი ხალხს არწმუნებენ, რომ ეშმაკიული და ნაძირალა ვარ, რასაც იმითაც ასაბუთებენ, რომ მათ ხალისით ვუყვები ხოლმე ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ისტორიებს. თითქოს ხალისიანობა სწორედ სულიერად ჯანმრთელი და თანამგრძნობი, თბილი გულის მქონე ადამიანის თვისება არ იყოს. 
მეორეს მხრივ, თუ გნებავთ გაცხრილოთ ჩემი ქმედებანი, საცერს სახელად ტანჯვა შეარქვით. მრავალტანჯული კაცი ვარ. არ უარვყოფ, რომ ეს ტანჯვა ჩემივე გადაჭარბებულად მგრძნობიარე ხასიათითაა ზოგჯერ გამოწვეული. როცა ვინმესთან ერთად ვარ, ყოველთვის ვცდილობ მისი ქვეცნობიერების ამოკითხვას და, სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ.

ადამიანის სულში დამინახავს სიძულვილის სიწითლე, სიყვარულის სიმწვანე, ისევე როგორც, ღრუბლის ქოჩორში შეინიშნება ხოლმე მთვარის ფერმკრთალი სხივები. ყოფილა ხალხი, რომელსაც უთქვამს: 
- გახსოვთ, სამი წლის წინათ მითხარით, რომ ამა და ამ პრობლემაზე ვფიქრობდი? არ შემცდარხართ. - ასე მიმოგზაურია ქალებსა და კაცებს შორის, აღმიქვამს შიში, რომელიც ამძაფრებდა მათ ინსტინქტებს, და სურვილი, რომელიც აფერხებდა მათ მისწრაფებებს. ყოველივე ამას ვხედავდი მათი თვალების წამწამთა ჩრდილში, მათი ზედა ტუჩის კრთომაში, მათი ქუთუთოების თითქმის შეუმჩნეველ მოძრაობაში. ვხედავდი იმას, თუ რა სწყუროდათ, რას მალავდნენ და რას განიცდიდნენ. მაშინ, როდესაც ამ ქალთა და კაცთა სული მთლიანად გამჭვირვალე იყო ჩემთვის, მე სრულიად ეულად ვგრძნობდი თავს. 
ძალაუნებურად ვხედავდი ადამიანთა სულის ნალექს.

საქციელი, რომელიც გარედან უმნიშვნელო ჩანდა, და ხალხი, რომელიც ნათესავების აზრით კეთილი და სრულყოფილი იყო, მე, როგორც იესო ქრისტე იტყოდა, მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით სავსე შეფეთქილ საფლავებს მაგონებდა. ნელ-ნელა სისასტიკეში გადაიზარდა ჩემი თანდაყოლილი სიკეთე და ვიქეცი მელანქოლიური და ირონიული სულის ადამიანად. 
მაგრამ, ვცილდები იმ თემას, რაზეც მსურს ვისაუბრო - იმ მომენტს, რომელიც ჩემს უბედურებათა დასაწყისად იქცა. პრობლემები დამეწყო მაშინ, როდესაც ქალბატონი X-ის სახლში უსინდისო კუზიანის მიყვანა გადავწყვიტე. 
მე ქალბატონი X-ის ერთ-ერთი ქალიშვილის საქმრო ვიყავი. უცნაური იყო, რომ ამ ოჯახს დამაახლოვა ქალბატონი X-ის ეშმაკობამ. იგი გამორჩეული ტაქტით ახერხებდა ჩვენთვის ჭიქა წყალზე უარის თქმას და სანაცვლოდ, თითქოსდა წამლად, ალკოჰოლური სასმელის შემოთავაზებას.

წარმოიდგინეთ, რა მემართებოდა მწყურვალს. ყველანაირად ვცდილობდი დალევის სურვილი დამეთრგუნა. მოწმეებიც კი მყავს და ყოველივე ამას ჩემი ნამუსის მოსაწმენდად ვამბობ. მაშინ კი, როდესაც ჩემსა და მის ქალიშვილს შორის გაუგებრობა მოხდა, ურთიერთობის შესანარჩუნებლად ისეთ ზომებს მივმართე, რომლებმაც საოცრად აღაშფოთა მათი ოჯახის ახლობლები. უცნაურია. ბევრ დედას სჩვევია ამგვარი საქციელი, როდესაც საქმე ქალიშვილსა და სასიძოს ეხება და გულუბრყვილო კაცი - თუ ერთი წუთით მაინც გონს მოვა - დაინახავს შემზარავ სინამდვილეს - რომ მისი ურთიერთობა ქალთან გაცილებით შორს წასულა, ვიდრე საზოგადოება ამას დასაშვებად თვლის. 
ახლა კი კუზიანს დავუბრუნდეთ და განვსაზღვროთ მისი როლი ამ ამბავში.

პირველად, როცა ჩემს სახლში მოვიდა, გალეწილი მთვრალი იყო და ყოველგვარი პატივისცემის გარეშე მიესალმა მოხუც მოსამსახურეს, რომელიც მის შემოპატიჟებას ცდილობდა. ისეთ ხმაზე აყვირდა, რომ გამვლელ-გამოვლელთაც კი ესმოდათ: 
- სად არის მუსიკა, რომლითაც უნდა აღგენიშნათ ჩემი მობრძანება? იმის მაგივრად, რომ პატარა ბიჭები დამხვედროდნენ ღამის ქოთნებით, გამომეგება ვიღაც უკბილო და ბინძური ბებერი? და თქვენ ამ სახლში ცხოვრობთ? - როდესაც ახლად შეღებილი კედლები დაინახა, წამოიძახა: - ეს ხომ სახლს კი არა ბაზრობას ჰგავს! უბრალოდ ამაზრზენია. ნუთუ არ შეგეძლოთ სახლი გაგენიავებინათ, ხომ იცოდით რომ უნდა მოვსულიყავი?! ვერ ხვდებით, რომ სახლში ძველი სკიპიდარის სუნი დგას? თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ამ პიროვნების სახე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ასე მოურიდებლად შემოიჭრა. თუმცა დამიჯერეთ, ბატონებო, ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება. 
მახსოვს, კუზიანი კაფეში გავიცანი. ზუსტად მახსოვს. მე მაგიდასთან ვიჯექი ჩაფიქრებული და ცხვირი ყავაში მქონდა ჩარგული.

თავი რომ ავწიე, დავინახე ვიღაც გონჯი - ფეხებგაფარჩხული იჯდა, სახელოებიანი პერანგი ეცვა და ყურადღებით მათვალიერებდა. მისი ჯდომის მანერა ყოვლად უკულტურო იყო - სკამი შემოეტრიალებინა და იდაყვებით მის ზურგს დაყრდნობოდა. სცხელოდა, პიჯაკი გაეხადა და პერანგის ამარა, თავხედურად, თავისი კუპრივით შავი, მორბენალი თვალებით შეყურებდა ბილიარდის მაგიდასთან მდგომ მოთამაშეებს. იმდენად დაბალი იყო, რომ მხრებით მაგიდას ძლივს წვდებოდა. ხან თამაშის მსვლელობით ტკბებოდა, ხან კი თავის მაჯის საათს დახედავდა, გეგონებოდათ ის დრო, რომელსაც მისი საათი აჩვენებდა, განსხვავდებოდა ამ დაწესებულების კედელზე ჩამოკიდებული უშველებელი საათის დროისაგან. 
მაგრამ, ყველაზე თვალშისაცემი, რა თქმა უნდა, მისი კუზის გარდა, კვადრატული ფორმის თავი იყო, მრისხანე გამომეტყველების მქონე გრძელი სახით. მას თავის ქალა სახედრისა ჰქონდა, სახე კი - ცხენის.


რამდენიმე წუთი ინტერესით ვაკვირდებოდი, თითქოს ჩემს წინ გომბეშოს ამოეყვინთა. მან კი, უწყინარი ტონით მომმართა: 
- უკაცრავად, ბატონო, ასანთი ხომ არ გექნებათ?
გავუღიმე და ასანთის კოლოფი მივაწოდე. ხეიბარმა უკვე სანახევროდ ჩამწვარ სიგარას მოუკიდა, თან მაკვირდებოდა. ბოლოს მითხრა: 
- რა სიმპატიური ახალგაზრდა ბრძანდებით. ალბათ ქალებს ძალიან მოსწონხართ. 
ქათინაურების მოსმენა ყველასთვის სასიამოვნოა, მაშინაც კი, როდესაც კუზიანი გეუბნებათ. თავაზიანად ვუპასუხე, რომ მართალი იყო, და რომ ერთი ძალიან ლამაზი საცოლეც მყავდა, თუმცა კი დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ვუყვარდი.

რაზეც უცნობმა, რომელსაც ჩემთვის უკვე რიგოლეტო შევარქვი, დამრიგებლური ტონით მიპასუხა: 
- არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, რომ თქვენ რქადადგმულ ქმართა მოდგმისა ხართ. - და სანამ მე, მისი კადნიერი კომენტარით გაოგნებული აზრზე მოვიდოდი, დაამატა: - მე საცოლე არასდროს მყოლია, ბატონო. დამერწმუნეთ, მართალს ვამბობ...
- ეჭვი არ მეპარება - გავუღიმე გულმოსულმა - ეჭვიც არ მეპარება. 
- ძალიან კარგი, ბატონო... გულს დამწყვეტდა თქვენთან უთანხმოება...
სანამ ლაპარაკობდა, იმას ვფიქრობდი, თუ რა ჯობდა - ავმდგარიყავი და სილა გამეწნა, თუ რაც კი ყავა მქონდა ჭიქაში დარჩენილი, სახეში შემესხა. გონზე მოსულმა, ჩავთვალე, რომ ჩხუბის დაწყება იქ არ ღირდა - წაგებული ისევ მე დავრჩებოდი. ვარჩიე გავცლოდი ამ გომბეშოს, რომელიც თავისი მოურიდებლობით მხიბლავდა, მან კი ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა, გრაციოზული ღიმილით დამაჯილოდვა და მომახსენა: 
- ეს მაჯის საათი ოცდახუთი პესო ღირდა...; ეს ჰალსტუხი ძალიან გამძლეა და მასში რვა პესო მივეცი...; ხედავთ ამ ბოტებს? ოცდათორმეტი პესო, ჩემო ბატონო.

ვინ იტყვის რომ უქნარა ვარ? არავინ! არ ვარ მართალი?
- დიახ, მართალი ბრძანდებით. 
ცოტა ხნით თვალები მძიმედ დახუჭა, მერე დათვივით თავი მიატრიალ-მოატრიალა და ჩვეული კითხვა-პასუხი განაგრძო.
- რა სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია შენი საიდუმლოებანი ხალხს გაუმხილო, არა? როგორ ფიქრობთ, ბატონო, ბევრია, ვისაც ჩემსავით ძალუძს უდარდელად დაჯდეს კაფეში და უცნობებს ემუსაიფოს? არა! და რატომ გგონიათ რომ ამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია?
- არ ვიცი...
- იმიტომ, რომ ჩემი სახე ღვთაებრივ კეთილშობილებას ასხივებს. 
ამ დასკვნით უაღრესად კმაყოფილმა ეშმაკისეულმა მასხარამ ხელები მოიფშვნიტა, თვითდაჯერებული სახით გარეშემო მიმოიხედა და განაგრძო: 
- მე ისეთივე კარგი ვარ, როგორც ფრანგული პური და ისეთივე თავისნათქვამა, როგორც ხუთი თვის ორსული ქალი. საკმარისია ერთხელ შემომხედოთ და მიხვდებით, რომ ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, რომლებიც ათასში ერთხელ ღმერთის მიერ წარმოგზავნილნი, გაჭირვებული ხალხის სანუგეშოდ გამოჩნდებიან ხოლმე ამ პლანეტაზე. თუმცა კი არ მწამს წმინდა ღვთისმშობლის, სიკეთე გადმოსჩქეფს ჩემგან ისევე, რომგორც თაფლოვანი მცენარისაგან მანანის ნექტარი. 
მე განცვიფრებისაგან თვალები მიფართოვდებოდა, რიგოლეტო კი განაგრძობდა: 
- შემეძლო ადვოკატი ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვარ, იმიტომ რომ არ ვისწავლე. ჩემს ოჯახში ცნობილი ვიყავი, როგორც ფეხსაცმლის წმენდის პროფესიონალი.


- ფეხსაცმლის წმენდის?
- დიახ, ფეხსაცმელს ვუკრიალებდი ყველას..., რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო, რადგან მარტომ მივაღწიე ამ წარმატებას. თუ გეხამუშათ პროფესიონალი რომ ვთქვი? ვესტიბიულის მსახურს “ფეხსაცმლის მოვლის სპეციალისტს” არ ეძახიან? პარიკმახერს - “თმის ექსპერტს”, და ცეკვის მასწავლებელს კი - “პროფესიონალ cafishio”-ს?...
ეს უეჭველად ყველაზე ჭკუამხიარული თაღლითი იყო, რომელიც ცხოვრებაში შემხვედროდა. 
- და ამჟამად რას აკეთებთ?
- მფარველების დახმარებით სპორტულ ლატარიას ვათამაშებ, ბატონო.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემი კლიენტი გახდებით. გაინტერესებთ?
- არა, გმადლობთ...
- ხომ არ მოწევთ, ბატონო?
- რატომაც არა.
სანამ მე მოვუკიდე მის მოცემულ სიგარას, რიგოლეტომ მოკლე ხელი ჩემს სკამზე დააყრდნო და მითხრა:
- მე ახალი მეგობრების გაჩენის წინააღმდეგი ვარ, ხალხი ხშირად უტაქტო და გაუზრდელია, მაგრამ თქვენ განსხვავდებით... კარგი ადამიანი ჩანხართ და მსურს თქვენთან მეგობრობა - ეს თქვა და მიატოვა საკუთარი სკამი, რომ ჩემს მაგიდაზე შემოსკუპებულიყო. 
ალბათ, ახლა მაინც უკვე აღარ გაქვთ ეჭვი, რომ რიგოლეტო ერთ-ერთი ყველაზე თავხედი ადამიანთაგანი იყო ამ ქვეყანაზე.

ამან იმჟამად იმდენად მომხიბლა, რომ თავი ვერ შევიკავე და კუზზე ერთი-ორჯერ მეგობრულად მოვუთათუნე ხელი. ჯერ შემკრთალმა შემომხედა, მერე მიხვდა, გამიღიმა და დაამატა: 
- თქვენ მაინც გამოიყენეთ რამეში, ბატონო, მე სულ არაფერში მარგია!
ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ჩემს საცოლეს ისეთივე გატაცებით არ ვუყვარდი, როგორითაც მე მიყვარდა.. ისე შევფოფინებდი, თითქოს ზებუნებრივი არსება ყოფილიყო. იყო მომენტები, როდესაც მეგონა, რომ ის ჩემი ისეთივე განუყრელი ნაწილი იყო, როგორც მდინარისთვის მის კალაპოტის ცენტრში მოხვედრილი სალი კლდე. ასე მეგონა, რომ წყლის ორი ნაკადი ვიყავით, რომლებიც ყოველდღიურად პატარავდებოდა, რადგან კლდე იზრდებოდა. ვყოყმანობდი, მყვარებოდა თუ გამეწყვიტა მასთან ურთიერთობა. გესმით? ორი ადამიანის ცხოვრება ქცეულიყო ორად გაყოფილ ნიაღვრად და ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებდა კლდის დანგრევას.

სალმა კლდემ, ისე რომ თვითონ არაფერი დაკლებია, ორად გაყოფილ მდინარეს სული შეუხუთა და დაამარცხა. 
ბუნებრივია, პირველივე შეხვედრიდან მან ცივი ღიმილით მაგრძნობინა თავისი ძალაუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გეტყვით ზუსტად რა გზებით მოახერხა მისი მონა-მორჩილი გავეხადე, ერთი რამ ცხადი იყო - მის გარშემო შექმნილი ატმოსფერო მთრგუნავდა; თავს ვგრძნობდი, როგორც საბრალო, მდაბიო არსება. 
რაღა თქმა უნდა, ვერ გამებედა მისი კოცნა. მეგონა, რომ ჩემი ალერსი მისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. გამოგიტყდებით, ხშირად წარმომედგინა, რომ სხვა ეალერსებოდა. ახლა ვხვდები, რომ ეს უკუღმართი ფანტაზია ისევ და ისევ ჩემი უგუნურებით იყო გამოწვეული.


ამ უცნაური ცვლილებების გამო, რომლებიც ჩემმა სიყვარულმა მოიტანა, თანდათანობით შემძულდა ჩემი მომავალი სიდედრი. ალბათ უსამართლოდ, ამ ქალს ვადანაშაულებდი ჩემს ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისათვის. თუკი მე სასურველი საქმრო ვიყავი იმ ოჯახში, ეს წყეული ბებრის დამსახურება იყო. სულ მალე ჩვენს შორის ის ურთიერთობა დამყარდა, რომელზეც არაერთხელ მსმენია სხვებისაგან - მათ სახლში მაყოვნებდა არა სიყვარული ახალგაზრდა ქალისადმი, არამედ დედამისის სიძულვილი, რომელიც ჩემს მიმართ აგრესიულობას დუმილით გამოხატავდა; საათობით ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად რეალური იყო იმჟამად ჩვენი დაქორწინება. უსამართლოდ დამცირებული ვუყურებდი დედის სახის გამომეტყველებას, მავიწყდებოდა, რომ იქვე ჩემთვის სანუკვარი ადამიანი იჯდა და მზად იყო ნებისმიერი ჩემი სურვილი აღესრულებინა. შეშფოთებული ვაკვირდებოდი მოხუცის დანაოჭებულ და მიწისფერ, ბრინჯაოს ქანდაკებასავით უმოძრაო სახის ნაკვთებს და მის შავ, ცოცხალ და მოურიდებელ თვალებს. უმოძრაო და მკაცრი სახე, მისი მოყვითალო ნაოჭებით დაღარული ლოყები, თვალები, რომლებიც მზერას მარიდებდნენ და მისაღები ოთახის პლაფონს მიშტერებოდნენ, შავმოსილი ფიგურა - ყველაფერი მოხუცის უსაზღვრო ნებისყოფაზე მეტყველებდა.

მისი ენერგიული და ომახიანი ხმა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იყო. 
ხანდახან ვფიქრობდი, რომ მასაც ვეჯავრებოდი. ჩვენი სულიერი სიახლოვე საეჭვოდ უჩანდა და ეშინოდა, ჩემზე დამყარებული იმედები ფუჭი არ გამომდგარიყო. თუმცა, რაც უფრო იზრდებოდა ჩვენს შორის გაუცხოება, რომელიც საბოლოოდ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა, ქალბატონი X-ი მით უფრო თავაზიანად მეპყრობოდა; იგი ჩემდამი თითქმის ყოველთვის დიდ ყურადღებას გამოხატავდა, ინტერესდებოდა ჩემი ჯანმრთელობით და თავისი საქციელით გულჩვილ მარტოხელა დედებს მაგონებდა - უშველებელი ობობასავით მატყვევებდა მის მიერ მოქსოვილ ვალდებულებათა ქსელში; მოურიდებელი და შავი თვალებით მუდმივი ყურადღების ქვეშ მაქცევდა - განუწყვეტლივ იქექებოდა ჩემს სულში და გამოწვლილვით აანალიზებდა ყოველ ჩემს ნაბიჯს. ხანდახან, როდესაც გაურკვევლობა მისთვის აუტანელი ხდებოდა, ფრთხილად შემომაპარებდა ხოლმე: 
- არ მეშვებიან მეგობრები, მეკითხებიან, თხოვდება თუ არა ჩემი ქალიშვილი..., მე კი, რა ვუპასუხო?! ან კი: - უმჯობესი იქნებოდა, რომ ჩემს გოგოს დაეწყო მზითევზე ფიქრი, არა? 
ქალბატონი X-ი ამას ამბობდა და თან ცდილობდა ჩემი თვალის დახამხამებით ან სახის ერთი პატარა ნერვის გატოკებით მიმხვდარიყო, ვაპირებდი თუ არა მის მიერ ძალით თავმოხვეული პირობის შესრულებას. გრძნობდა, რომ სიმართლეს თვალს ვერ გაუსწორებდა და ერჩივნა ერწმუნა ჩემი პატიოსნება. საკუთარ თავს ძალას ატანდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ მის თავაზიან საუბარში ხანდახან გაბრაზებული ტონიც გამოკრთებოდა ხოლმე.

ასეთ დროს იგი სწრაფად ამეტყველდებოდა, გეგონებოდათ ნაჩქარევად განდობთ ამა თუ იმ ჭორსა თუ საიდუმლოსო. ლაპარაკისას თავს მარჯვნივ ხრიდა, ენით გამშრალ ტუჩებს ისველებდა და ვერ ფარავდა ცხოველურ ინსტინქტს, რომელიც მასში ჩემი მოკვლის ან სასტიკად დასჯის ჟინს გამოეწვია. 
მოძალადეც იყო და უნამუსოც: მარწმუნებდა, რომ იზიარებდა ჩემს შეხედულებებს, რომლებიც სინამდვილეში მისთვის მიუღებელი იყო. მერწმუნეთ, ორ ადამიანს ერთმანეთი შეიძლება შესძულდეს სულ ერთი განსხვავებული აზრის გამო. ყველა ჩვენგანის ქვეცნობიერებაში დალექილი ღვარძლი და ზიზღი, თუ სხვა გზა ვერ იპოვა, განსხვავებული იდეების სარქველით მოახერხებს ზედაპირზე ამოხეთქვას. 
ქალი, რომელსაც სძულდა ბოლშევიკები, ყურადღებით მისმენდა ხოლმე, როდესაც ტროცკისა და სტალინის განხეთქილებაზე ვსაუბრობდი; საბოლოოდ, ლენინითაც კი დავაინტერესე ჩვენი კონსერვატორული მთავრობის მასხარების ეს მხურვალე მხარდამჭერი. 
მისი ინტერესი და მოჩვენებითი მზადყოფნა, რომ ჩემ პატივსაცემად შეეძლო აზროვნებაც კი შეეცვალა, ყალბი იყო.

თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი ამ ქალბატონის წინაშე, რომელიც მე რომ მეთქვა დღეზე ღამეაო, მიპასუხებდა: 
- მართალი ბრძანდებით, ვერც კი შევამჩნიე, რომ მზე უკვე ჩასულა.


მოკლედ რომ ვთქვათ, მისი ერთადერთი სურვილი ჩემი დაოჯახება იყო. მას მერე სახლიდანაც წიხლისკვრით გამაგდებდა და პასუხსაც მაგებინებდა გაჭიანურებული ნიშნობისათვის.
იგი თანდათან ხვეწდა და ამაგრებდა ჩემს გარშემო ნაქსოვ ხლართს, უხილავი ბაწრით მაბამდა. ყოველდღიურად კიდევ ერთ კვანძს ამატებდა თავის ბადეს. მე კი მოწყენილი ვუყურებდი, თუ როგორ ასალაშინებდნენ ჩემი კუბოს ფიცრებს, რომლითაც მალე ალბათ მიწას მიმაბარებდნენ. 
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ იმათ სახლში დარჩენის შემდეგ, ის ცოტაოდენი პატიოსნებაც კი, რაც შემრჩენოდა, უკვალოდ გაქრებოდა. ორი ქალი - დედაცა და შვილიც - მითრევდა თავიანთი მდაბიო, ამაო და უფერული არსებობის ამყაყებულ ჭაობში - ჩვენი საზოგადოების უზარმაზარ წყალსაცავში, სადაც ეკონომიური პრობლემებით დატვირთული, ცოცხალ მანქანებად ქცეული კაცები იხრჩობოდნენ; კაცები, რომელთაც ცოლები და სიდედრები განუწყვეტლივ საყვედურობდნენ სახლში ცოტა ფულის შემოტანისა და გვიან დაბრუნებისათვის.


დიდი ხანია მივხვდი, რომ ამგვარი მონობისთვის არ ვარ გაჩენილი. შესაძლებელია, იმით დავასრულო, რომ მატარებლის ლიანდაგებთან ან ტრიალ მინდორში მეძინოს და არასდროს მქონდეს ძვირადღირებული მანქანა, რომლის უკანა სკამზე ჩემი პატარა შვილი იჯდება. ჩემთვის ამ ტიპის სიამაყე გაუგებარია. ერთადერთი გრძნობა, რომელიც მიჩნდება ვიღაც ოჯახის კაცის დანახვისას, არის სირცხვილი და შებრალება. ხშირად მითქვამს, რომ ის ხალხი, რომელსაც თავი ბედნიერი ჰგონია, სულელი უნდა იყოს-თქო სიხარულის მაგივრად, ბავშვის დაბადებისას ცხარე ცრემლებს უნდა ვღვრიდეთ - ამ ქვეყანას მოევლინა კიდევ ერთი საწყალი და სუსტი არსება, რომელიც წლების მანძილზე, მწირი, ბედნიერი წუთების გარდა, ათასგვარ ტანჯვასა და ტკივილს გამოივლის. 
ასე რომ, მაშინ, როდესაც ეს \"მშვენიერი არსება”, ჩემზე მოჯაჭვული, თვით ოცნებობდა ვარდისფერ მომავალზე, მე მარადმწვანე მირონის ხეს მივშტერებოდი და იმაზე ვფიქრობდი, თუ სად მომეძებნა ფხაალესილი ყამა, რომ ობობის ქსელის სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ნაქსოვი ხლართი გამერღვია. ქსოვილის გაჭრის ხერხი სწორედ მაშინ მომაგონდა, როდესაც კუზიანი გავიცანი.


ერთი \"აზრი” მომივიდა თავში - აზრი, რომელიც თავიდან ბალახის ფესვივით პატარა იყო, მაგრამ თანდათან გაიზარდა ჩემს გონებაში, დაიტოტა და ფესვი გაიდგა ჩემი ტვინის ყველაზე შორეულ უჯრედებში. ეს \"აზრი” ჯერ უცნაურიც კი იყო, მაგრამ, მერედამერე გავითავისე ისე, რომ მალე სრულიად ბუნებრივი მეჩვენა და მის განხორციელებაზე დავიწყე ფიქრი. 
ეს ერთობ ვერაგული იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩემი საცოლის სახლში მიმეყვანა კუზიანი, რომელსაც უნდა გამოეწვია არნახული, კატასტროფული შედეგების მქონე სკანდალი. შესაძლო განხეთქილების გამომწვევი მიზეზების ძიებისას, აზრად მომივიდა ჩემი საცოლისათვის ყოვლად დამამცირებელი, თუმცა ფრიად საინტერესო იდეა: ახალგაზრდა ქალს, კუზიანისადმი თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით, რაც რა თქმა უნდა ყალბი და ნაძალადევი იქნებოდა, მისთვის უნდა ეკოცნა. პირველი კოცნა, რომელიც ჯერ მეც კი არ მეგემა, წილად უნდა ხვდომოდა ამაზრზენ არსებას - გონჯს, რომლისადმიც არავის არასდროს გამოეჩინა კეთილგანწყობა და რომლისთვისაც უცხო იყო ამქვეყნიური სიტკბოება. 
ამ \"აზრით” (თუ ასეთ ცბიერ იდეას \"აზრი” შეიძლება დავარქვათ) აღტაცებული გავემართე კაფეში რიგოლეტოს სანახავად. ჩემს გვერდით რომ მოკალათდა, განვუცხადე: 
- ძვირფასო მეგობარო, რამდენადაც ვიცი, არც ერთ ქალს არ უკოცნია თქვენთვის და არა მგონია, რომ მომავალში ვინმემ გაკოცოთ.

ნუ შემაწყვეტინებთ! მე ძალიან მიყვარს ჩემი საცოლე, მაგრამ ვეჭვობ, რომ მასაც ვუყვარდე. იმდენად მიყვარს, რომ გამოგიტყდებით, კოცნა ჯერ ვერც კი გამიბედავს. მსურს, დავრწმუნდე მის სიყვარულში. ამისთვის კი აუცილებელია, რომ მან ჯერ თქვენ გაკოცოთ. რას ფიქრობთ?
კუზიანი ცოტა არ იყოს შეკრთა, შეყოყმანდა და ბოლოს, გაბღენძილმა მიპასუხა: 
- მე რა ხეირი მექნება ბატონო ამ უსიამოვნო საქმის შესრულებისათვის?
- როგორ თუ უსიამოვნო?
- აბა რა! თუ თქვენ გგონიათ, რომ რახან კუზიანი ვარ, ამგვარი შეურაცხყოფის ატანა უნდა შემეძლოს?! თქვენ ამ ქალიშვილის სახლში მიმიყვანთ და როგორც ურჩხულს ისე გააცნობთ ჩემს თავს: \"საყვარელო, გაიცანი, ეს ჩემი კუზიანი აქლემია.”
- მე ჩემს საცოლეს შენობით არ მივმართავ!
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მე კი რას გავაკეთებ? სულელივით დავაღებ პირს, სანამ თქვენ ჩემს გარეგნობაზე ისაუბრებთ? არა, ბატონო. დიდი მადლობა! პატივს ვცემ თქვენს კეთილ განზრახვას, მაგრამ უარს გეუბნებით.

გარდა ამისა, თქვენ არ მითხარით, რომ არასდროს გიკოცნიათ თქვენი საცოლისათვის? 
- ეგ რაღა შუაშია?
- როგორ?! რატომ გგონიათ, რომ მსიამოვნებს როცა მკოცნიან? იქნებ სულაც არ მომწონს. და თუ ეს ასეა, ძალას რატომ მატანთ? რახან კუზიანი ვარ, გგონიათ, რომ ადამიანური გრძნობები არ გამაჩნია? 
რიგოლეტოს წინააღმდეგობამ აღმაშფოთა და მკვახედ მივუგე: 
- ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სწორედ თქვენმა კუზმა და სიმახინჯემ მომაფიქრა ეს იდეა?! თუ ჩემი საცოლე დამთანხმდა, თქვენ დაგრჩებათ ლამაზი მოგონება. ყველგან შეგეძლებათ თქვათ, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე სათუთი არსება გაიცანით. ვერ ხვდებით? ეს ხომ მისთვის პირველი კოცნა იქნება!
- ეს საიდანღა იცით, რომ მას ჯერ არავისთვის უკოცნია?
ერთი წუთის მანძილზე უმოძრაოდ ვიყავი. მერე კი, გაშმაგებულმა ამ უგუნური ადამიანის პასუხებით, რომლებიც არღვევდნენ ჩემს გეგმებს, ვუყვირე: 
- რა დაგემართა, რიგოლეტო. რატომ ჯიუტობ?
- ნუ მეძახით რიგოლეტოს! ჯერ არ მომიცია თქვენთვის უფლება, რომ მეტსახელებით მომმართოთ!
- რომ იცოდე, ყველაზე თავხედი ხეიბარი ხარ ამ ქვეყანაზე!
კუზიანმა მშვიდად მომიგო: 
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენი სიტყვები და საქციელი შეურაცხმყოფელია. 
- ნუ სულელობ, რიგოლეტო! არავინ არ შეურაცხგყოფს.

ერთი მასხარა რამე ხარ, არ იცი? მასხარა და პარაზიტი! თუ ღმერთი გწამს, კეთილშობილ ადამიანად ნუ მოგაქვს თავი. 
- კატეგორიულად ვაპროტესტებ, ბატონო!
- რაც გინდა ის ქენი, მაგრამ მომისმინე. უსირცხვილო პარაზიტი ხარ, ყველამ იცის. სისხლს სწოვ ყველას, ვინც კი კაფეში შემოდის და გამოუცდელობით იწყებს შენი ტკბილი საუბრის მოსმენას. დარწმუნებული ვარ, რომ მთელს ბუენოს-აირესში არ მოიძებნება შენი რანგისა და მასშტაბის ცინიკოსი. რა უფლებით თხოულობ რაიმე ანაზღაურებას, როდესაც მომყვები სახლში, რომლის სადარბაზოს დაგვის ღირსიც კი არა ხარ.

ამაზე დიდი ჯილდო რა გინდა, წმინდანი სახეზე გაკოცებს, სახეზე, რომელიც შენი უსირცხვილობის სარკეა.


- შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ!
- რიგოლეტო, ბოლოს და ბოლოს, თანახმა ხარ თუ არა?
- თუ ის არ მაკოცებს და საერთოდ უყურადღებოდ დამტოვებს?
- ოც პესოს გაჩუქებ. 
- როდის მივდივართ?
-ხვალ..., თმა შეიჭერი და ფრჩხილები გაისუფთავე...
- მაშინ ხუთი პესო ახლავე მომეცით...
- ათი აიღე.
საღამოს ცხრა საათზე, რიგოლეტოსთან ერთად ჩემი საცოლის სახლისაკენ გავეშურე. კუზიანს აუტანლად ბევრი სუნამო დაესხა და იასამნისფერი ჰალსტუხი გაეკეთებინა.
უვარსკვლავო და ქარიანი ღამე იყო. მოციმციმე ელექტრონათურები მოწყენილად ანათებდნენ. თავბრუდამხვევი ღრუბლების მწკრივი ცაში იფანტებოდა. 
ცუდ ხასიათზე ვიყავი, მოვიწყინე. ისე ჩქარა მივაბიჯებდი, რომ კოჭლი სირბილით მომდევდა, ზოგჯერ პიჯაკის კიდეზე წამატანდა ხელს და საწყალი ხმით მეტყოდა: 
- შემიბრალეთ, ნუ დამაოსეთ!
იმდენად გაშმაგებული ვიყავი, მისი დახმარება რომ არ მჭირვებოდა, ერთი მაგრად ამოვარტყამდი პანღურს და შორს მოვისროდი.

ქარაშოტი არ წყდებოდა. კაციშვილი არ ჩანდა ქუჩებში და გაპენტილი ღრუბლებით სავსე ცის მკრთალი შუქი კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდიდა სახლების მგლოვიარე ფასადებს. 
გზაზე ერთი გაზეთიც კი არ ეგდო. გეგონებოდათ, ქალაქში აჩრდილების ბრბოს გაერბინა და იგი ლანდების საუფლოდ ექცია. ქუჩებში მივაბიჯებდი და თავი ტყეში მეგონა. ქარი ხის კენწეროებს აშრიალებდა, წყეული გონჯი კი უკან მომყვებოდა და ცდილობდა არ დაკარგულიყო - ეს საძაგელი ხეიბარი ადამიანის სხეულში ჩასახლებული ეშმაკივით იყო, ჩემს დასაღუპავად წარმოგზავნილი. 
მე კი მოწყენილი ვიყავი.

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მოწყენილი. ვიცოდი, რომ ჩემი ქმედებით სასტიკად ვამცირებდი იმ გულქვა, ანგარიშიან ადამიანს. ვიცოდი, რომ ეს საქციელი სამუდამოდ დაგვაშორებდა. დაცარიელებული ქუჩებით მიმავალი, ამას ვეუბნებოდი ჩემს თავს: 
- რიგოლეტო რომ ჩემი ძმა ყოფილიყო, ასე ხომ ვერ მოვექცეოდი. 
ვიცოდი, ჩემი ძმა რომ ყოფილიყო მთელი ცხოვრების მანძილზე სათუთად მოვუვლიდი. სევდით დავუდგებოდი გვერდში იმ დღეებში, როდესაც ხალხი მას თავიანთი მზერით შეურაცხყოფდა. მეტიც, იმ ქალსაც რომელსაც დღეს მე ვუყვარდი, რიგოლეტო ეყვარებოდა.


უცბად გავჩერდი განათებულ სადარბაზოსთან: 
- აქ ცხოვრობს. 
გულისცემა ამიჩქარდა. რიგოლეტო გაიჭიმა, თავისი მშვენიერი ჰალსტუხი გაისწორა და მითხრა: 
- გახსოვდეთ, ეს თქვენი იდეა იყო. რამე რომ იყოს, დამნაშავე თქვენ ხართ...
ოქროსფერ ოთახში ჩემი მოხდენილი საცოლე გამოჩნდა. მიღიმოდა და თან მშვიდი გამომეტყველებით მათვალიერებდა. სწორედ ისეთი სახით შემომცქეროდა, რომელიც მაშინ ჰქონდა, როდესაც მისი თანდასწრებით აზრის გამოთქმის უფლება პირველად ვითხოვე. ეს სხვაობა მისი კანის ღიმილს (მხოლოდ კანს შეუძლია ასეთი მომხიბლავი ღიმილი აღბეჭდოს სახეზე) და ანგარიშიან გონებას და ცივ თვალებს შორის ჩემში ყოველთვის უცნაურ გრძნობას იწვევდა.


სიხარულით გამომეგება, მაგრამ კუზიანი რომ შენიშნა, გაოცებული შედგა. 
- ელზა, გაიცანი, ჩემი მეგობარია, რიგოლეტო. 
- ნუ შეურაცხმყოფთ, ბატონო! კარგად იცით, რომ რიგოლეტო არ მქვია. 
- ხმა გაიკმინდე!
ელზას სახე დაუგრძელდა. ისე მიყურებდა, თითქოს მეც უცხო ვყოფილიყავი. კუზიანი ოქროსფერ სავარძელთან მივიყვანე და ვუთხარი: 
- აქ დაჯექი და არ გაინძრე. 
ხეიბარმა ფეხები ჩვეულებრისამებრ გაფარჩხა, ქუდი მუხლზე დაიდო და შავგვრემანი სახით სასაცილო ჩინურ მანდარინს დაემსგავსა.

ელზა პირღია მიშტერებოდა ამ უაზრო არსებას. 
მშვიდად დავიწყე ლაპარაკი: 
- ელზა - ვუთხარი - ელზა, მე ეჭვი მეპარება თქვენს სიყვარულში. ნუ შეგაშინებთ ეს არამზადა აქ რომ ზის და გვისმენს. მომისმინეთ: მე ეჭვი მეპარება... არ ვიცი რატომ..., მაგრამ ეჭვი მეპარება რომ გიყვარვართ... საწყენია... ვიცი...

მერწმუნეთ, მანიშნეთ რამით, რომ გიყვარვართ და მთელი ცხოვრება თქვენი მონა ვიქნები.
რა თქმა უნდა, \"მთელი ცხოვრება” რას ნიშნავდა არც მე ვიცოდი, მაგრამ ამ ფრაზამ იმდენად მომხიბლა, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორე: 
- დიახ, თქვენი მონა ვიქნები მთელი ცხოვრება. არ გეგონოთ რომ მთვრალი ვარ. თუ გინდათ შემამოწმეთ. 
ელზასკენ მივიწიე, მან კი უკან დაიხია. სწორედ ამ დროს უბადრუკმა კოჭლმა თავის ქუდზე თითებით სამხედრო მარშის დაკვრა დაიწყო. 
გავაფრთხილე რომ ჩუმად ყოფილიყო და ისევ ელზას მივუბრუნდი: 
- ელზა, ერთადერთი რასაც გთხოვთ ის არის, რომ რიგოლეტოს აკოცოთ.. 
ქალს თვალები გაუფართოვდა.

ერთი წუთით შეყოყმანდა და მერე გამწარებულმა მითხრა: 
- წადით.
- მაგრამ...
- თუ შეიძლება, წადით..., მომცილდით!
ალბათ საქმე სხვანაირად წარიმართებოდა, ის რომ არ მომხდარიყო რასაც ახლა გიამბობთ. რიგოლეტო, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა, უცებ წამოხტა და წამოიძახა: 
- ასე ნუ გაკადნიერდებით, ქალბატონო... ვერ დავუშვებ, რომ უსამართლოდ მოეპყროთ ჩემს პატიოსან მეგობარს. უმოწყალო ადამიანი ყოფილხართ. ქვის გული გქონიათ! არ ხართ ღირსი რომ ჩემი მეგობრის საცოლე იყოთ!
ბევრს სჯერა, რომ ყოველივე ეს წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო. მე კი ნამდვილად არ მოველოდი რომ ასე მოხდებოდა. რიგოლეტოს როშვით გამხიარულებული სავარძელში ჩავვარდი და ვხითხითებდი.

რიგოლეტო კი, ოთახის შუაგულში გაჯგიმული, ალეწილი სახითა და გაშლილი ხელებით ყვიროდა: 
- რატომ უთხარით უარი თქვენს საქმროს? ამგვარი საქციელი თქვენნაირ ქალბატონს არ შეეფერება. არც კი გრცხვენიათ!
სიცილისაგან დაუძლურებულმა, მხოლოდ ამის თქმა შევძელი: 
- გაჩუმდი, რიგოლეტო, გაჩუმდი!
კუზიანი გაცხარდა: 
- მომეცით უფლება, ბატონო..., ქალაქურ წესებს ნუ მასწავლით! - მერე ისევ მიუბრუნდა ელზას, რომელიც სირცხვილისაგან გაწითლებული ოთახის კარებთან ატუზულიყო და მიუგო: - ქალბატონო, გაფრთხილებთ, გირჩევნიათ მაკოცოთ!
ელზას მოთმინება აღარ ეყო, ყვირილით გაიქცა ოთახიდან, რომელშიც სასწრაფოდ შემოვარდნენ მისი მშობლები. დედამისს ხელში ხელსახოცი ეჭირა. 
გგონიათ, რომ კოჭლი დაშოშმინდა? ნურას უკაცრავად. გამაყრუებელი ხმით იყვირა: 
- თქვენ აქ რა გინდათ?! მე აქ ფილანთროპიული მიზნით ვარ მოსული! არ მომეკაროთ! სანამ ისინი ნაბიჯის გადადგმას მოასწრებდნენ, რომ ფანჯრიდან გადაეგდოთ, რევოლვერი ამოიღო და დაუმიზნა. 
ყველას შეეშინდა, უკვე გიჟი ეგონათ. მე კი, შიშისაგან გაშეშებულნი რომ დავინახე იმედი მომეცა.

შექმნილ სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებდი, სცენა კი საოცრად მომხიბლავი და თვალწარმტაცი იყო. კუზიანი ამას მიხვდა და გამხნევდა. 
- მე აქ ფილანთროპიული მიზნით მოვედი! ელზას კოცნა კაცობრიობის მხრიდან ჩემთვის ბოდიშის მოხდის ტოლფასი იქნება. სანამ მაკოცებდეს, ჩაი მომართვით კონიაკით. ნუთუ არა გრცხვენიათ, რომ ასე ცუდად იღებთ სტუმარს! ცხვირს ნუ ჭმუხნით, ქალბატონო! სუნამო მასხია. ჩაი მომიტანეთ!
აჰ, რიგოლეტო. მე მაბრალებენ გიჟი ხარო.

აბა რომელი ჭკუაზე მყოფი იცინებდა შენს საქციელზე?!
- დაგაპატიმრებთ იცოდეთ...
- თქვენ ზრდილობის ნატამალი არ გაგაჩნიათ - განაგრძობდა კუზიანი - თქვენი ვალია მიმიღოთ როგორც კეთილშობილი ადამიანი. კუზიანი რომ ვარ, არ ნიშნავს რომ უფლება გაქვთ აბუჩად ამიგდოთ. მე ფილანთროპიული მიზნით მოვსულვარ. ჩემი მეგობრის საცოლე ვალდებულია მაკოცოს. მეც მეტი არაფერი მინდა. მისი კოცნა საზოგადოების მიერ ჩემთვის მოყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა იყოს. 
რიგოლეტო უსათუოდ გაგიჟებული იყო.

ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება, ბატონებო. 
არ ჩერდებოდა: 
- ბატონო... მე ვარ...
ხან ერთი მაყურებელი შემოდიოდა ოთახში, ხან მეორე. მე მეტი აღარაფერი მახსოვს. ჟურნალისტები რომ დავინახე, ამბობენ, გული წამივიდა. შესაძლებელია. 
ახლა კი მიხვდით ალბათ, რატომ სჯიდა ცხოველს ყოველდღიურად ეშმაკეული, წყეული კუზიანი და რატომ მოვუგრიხე ბოლოს კისერი..

??????