ალთანი აჰმედ
გაზიარება

ელენი და პატარა რძალი (მთარგმნელი მანველი ლანა) 

ის, რაც ახლა მე თქვენ უნდა მოგიყვეთ, ნამდვილად მოხდა. საღამოს, როდესაც ხეები თავიანთ აჩრდილებთან მარტონი რჩებიან, ხოლო ზეცა ბაცი ლილისფერი ხდება, იდუმალი ტყის პირას, უბერებელი ჯადოსანივით ლამაზ, ცისფერთვალა ქალისგან მოვისმინე მე ეს ყველაფერი:
_ მამამისს, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე შეერჩია გოგონასთვის სახელად ინჯი, რომლის ბავშვობაც მწერალთა, ხელოვანთა და პოეტთა შორის, ყმაწვილქალობა კი თაყვანისმცემელთა ხალხმრავალ წრეში განვლილა. ოციოდე წლის ინჯი, ძველი ოსმალური გვარის შთამომავალს მიჰყვება ცოლად...

მისი მამამთილი, რესპუბლიკის ცნობილი დეპუტატი, იმ ხანებში ოთხმოც წელს მიტანებული, ცოტა არ იყოს უცნაური, თავის თავში ჩაკეტილი მოხუცი ყოფილა. ყოველი კვირის ოთხშაბათს, საღამოობით, სახლიდან გავიდოდა და ოჯახის წევრებისათვის უცნობ ადამიანებს ხვდებოდა თურმე...
ინჯის გათხოვებიდან დაახლოებით ორი წელი ყოფილა გასული. ერთ დღეს სახლში ტელეფონს დაურეკავს:
_ ,,პატარა რძალო” – მამამთილის გაბზარული ხმა გაუგონია ქალს, _ ,,მე ბეიოღლუში*, კაფე ,,მარკიზში” ვარ, შეგიძლია რომ აქ მოხვიდე?”...
- რა თქმა, უნდა ჩემო ბატონო.
- ოღონდ, არავინ არ უნდა იცოდეს, რომ მე დაგირეკე, შენმა ქმარმაც კი.
- კარგით, ბატონო.
მომზადებულა და ბეიოღლუში წასულა. შესვლისთანავე დაუნახია მამამთილი, რომელიც ,,მარკიზის” მრგვალ მაგიდებიდან ერთ-ერთთან მჯდარა და კონიაკს სვამდა. ნაღვლიანად გამოიყურებოდა თურმე. დარბაზის კედლები, წელიწადის ოთხივე დროის ამსახველი დიდი ზომის სურათებით ყოფილა მორთული. ერთხანს უხმოდ მსხდარან.

ინჯი დაძაბული ელოდა თუ რას იტყოდა მამამთილი.
 _ იმას, რასაც მე ახლა მოგიყვები, ჩვენს შორის დარჩება.
ინჯის თანხმობის ნიშნად თავი დაუქნევია, მამამთილს კი მოყოლა დაუწყვია:
_ახალგაზრდობაში ერთი ბერძენი გოგონა ჰყვარებია, სახელად ელენი, რომელსაც იგივე გრძნობა ჰქონია მის მიმართ. დიდხანს შესტრფოდნენ თურმე ერთმანეთს. მოგვიანებით ვაჟის ოჯახიდან წინააღმდეგობას წასწყდომია წყვილი, აქაოდა, ბერძენ გოგოს რა უნდაო ჩვენს ოჯახში?! შეყვარებულებს ზეწოლისთვის ვერ გაუძლიათ და დაცილებულან. კაცი სხვა ქალიშვილზე დაქორწილებულა და ელენის დავიწყება უცდია. მას შემდეგ წლები გასულა...
ერთ დღეს სამსახურში, უცხო ქალბატონი მისულა და მის პირისპირ დამდგარა. ის ქალი – ელენი ყოფილა... აღელვებით, სინანულით, მივიწყებული ტკივილის ხელახალი გახსენებით შეუთვალიერებით ერთმანეთი.
_ მე გავთხოვდი...
– უთქვამს ელენს. კაცს ხმა არ გაუღია. ელენს გაუგრძელებია – მაგრამ ვერ დაგივიწყე. მამამთილს საპასუხოდ სიტყვა ვერ უპოვნია.
_ შენს უნახავად სიცოცხლე არ შემიძლია – დაუმატებია ელენს, _ აუცილებლად უნდა გნახო ხოლმე.
მამამთილს თხრობა შეუწყვეტია, ინჯისთვის, რომელსაც ,,პატარა რძალს” ეძახდა თვალი მოურიდებია და ერთი კონიაკი კიდევ შეუკვეთია. მის მოტანამდე ორივენი ჩუმად მსხდარან, შემდეგ კი მოხუცს თხრობა გაუგრძელებია.
_ იმ დღიდან მოყოლებული, ყოველი ოთხშაბათის საღამო ხანს, ელენის სახლში დავიწყე სტუმრობა.
ელენი, მისი ქმარი და ინჯის მამამთილი, ერთად სხდებოდნენ თურმე, საუბრობდნენ და სასმელს სვამდნენ. სხვანაირად არაფერი მომხდარა, ჩუმად ერთხელაც არ შეხვედრიან, ერთმანეთს არ შეხებიან. მხოლოდ უსაუბრიათ.
ელენის ქმარი მიმხვდარა, რომ მის ცოლს, ამ კაცის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო და ამ უბერებელი ტრფობის მოწმე, მით უფრო ხელშემწყობი გამხდარა. ინჯის მამამთილს კი ცოლისათვის არაფერი არ მოუყოლია, მხოლოდ ის უცნობებია, რომ ოთხშაბათის საღამოებს ამხანაგებთან ერთად გაატარებდა და ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარ პროტესტს არ მიიღებდა. წლობით გაგრძელებულა ოთხშაბათის შეხვედრები. ეს სიყვარული – სამი ადამიანის საიდუმლოდ ქცეულა...
კაცი ,,მარკიზის” ფანჯრებზე მოხეთქილ წვიმას მისჩერებია.
_ გუშინ ღამით, ისევ მივედი... კარი არავინ არ გამიღო... – შეუსვენია და დარდისაგან გათანგულს დაუმატებია – ელენი ორშაბათს გარდაცვლილა ... 
ტყემ ჩამუქება დაიწყო. ხის წვერებს, ჩამავალი მზის სხივები ფერმკრთალ ვარსკვლავებად შერჩა ...
_ მაშინ კი, მეც მოვითხოვე კონიაკი – თქვა ქალბატონმა ინჯიმ, შემდეგ ხეებს გახედა და გააგრძელა – ცრემლები თავისთავად მეღვრებოდა ღაწვებზე, ვტიროდი ...
ამის თქმა და გაჩუმება ერთი იყო.
იგი საკუთარი თვალებიდან გადმოღვრილ ცისფერ გამონაშუქში ჩაიკარგა თითქოს. მე ხმა არ გამიღია, ჩაშავებულ ხეებს შევხედე მხოლოდ. ღამემ კი, ტყესთან ერთად ორივენი სიმარტოვეში ჩაგვძირა . . .


----------------------------------------
*ბეიოღლუ – სტამბულის ერთ-ერთი ძველი უბანი.

??????