ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

გალაშქრება ლაშარის-ჯვრისა დროშით ექსკლიუზივი

სრულ აიკრიბა თვლები,
ბილიკებ დაჩნდა მთებისა;
კარგად იკიდებს ცხენი ფეხს,
ქუჩზე აღარა სხლტებისა;
ყველგან გაივლის მხედარი:
ზოვებ აღარა სქდებისა.
ლაღო ზაფხულის ბუნებავ,
მამშვენო თვალთა, სმენისა,
თამარ-დედოფლის სახეო,
თავზე გვირგვინი გშვენისა,
გაგინათლებავ ქვეყანა,
ფერი დაგიდვავ ლხენისა.
მკვდართა, მომაკვდავთ იმედო,
სულის ჩამდგმელო, ქშენისა;
მარჯვენა-ბარაქიანო,
ძუძუს ჭირიმე შენისას!..

სამთოდ გავიდა ცხვარ-ძროხა,
არ ედგომლება ბარშია.
ყველასა გვმართებს სიფხიზლე,
ძალის შაკრება მკლავშია;
ერთ მხრივ ლეკები გვესხმიან,
სხვაგნით - ქისტები მთაშია,
გაირეკავენ ცხვარ-ძროხას,
ჩამოჩვეულნი ფშავშია.
ფშაველნიც ამას სჩადიან,
მტრისად ჩამდგარნი კვალშია.
დროა ქისტების დარბევის, -
ხმა გავარდება ხალხშია;
ხატს გაიკითხავს მკითხავი,
ქადაგობს, იცემს თავშია:
„ქისტეთს გადადით, ფშავლებო,
ყველა გამოდით ჯარშია,
ნაქებო ფშავლის შვილებო,
საიმედენო ხმალშია.
დიდი ხანია, ქისტისას
ხარს არ მასჭერით თავიო,
გაუნათლავის ლეშითა
აღარ გამძღარა სვავიო!“

ბატონის სიტყვა საყმოსა
დაუჯდებოდა ჭკვაშია;
სალაშქროდ გული აჩქროლდა,
ვინ ვის აჯობებს ცდაშია.
თოფებს უპირეს ტალები,
ყველამ გალესა ხმალია;
თავს დაიხურეს ჩაჩქნები,
ტანზე ჩაიცვეს რვალია.
ხუზაურ გოგოლაური
შავარდენივით ჩქარია,
იანვარ ელისბარის-ძე
გორის მდრეკელი არია,
სუმელჯი სუმელჯიშვილი -
ამომავალი მთვარია.
სამნი წავიდნენ საჯარეს,
შააღეს ბეღლის კარია;
გამააბრძანეს დროშაი,
წმინდა გიორგის ჯვარია;
წინ ჩამაუძღვენ ლაშქარსა,
ჩამაამწკრიეს ჯარია.
მათურის თავი გადავლეს,
მთებს გაუბერტყეს ნამია;
მოსხლიტეს ქისტის ცხვარ-ძროხა...
მამლის ყიულის ხანია...
მდევრად გამაჰყვნენ ქისტები,
ვისაც უჭრიდა მკლავია.
ის იყო გარიჟრაჟია,
მზემ გააბრუნა ღამია,
ზედი-ზედ დატყვრა მაჟრები,
სიათეების ჩქამია;
ბოლი ჩამოწვა ხევებში,
ბრძოლა შაიქნა ცხარია.
ცხრას ქისტს მასდევდა მარტუა
მახინცაური მწარია.
დამარცხდა ქისტის ლაშქარი,
თან გაჰყვა სისხლის ღვარია.
ლაშარის გორზე შამოდგა
ათასი ქისტის ცხვარია,
ასი კურეტი რქა-თეთრი,
ორასი ნისლა ხარია...
თან მაჰყვა დროშის ჟღერითა
გამარჯვებული ჯარია.
მთაზე დაუსვეს დროშაი,
აჟღრიალებდა ქარია.
ორმოცს მარგილზე დააგეს
ორმოცის ქისტის თავია,
ორასის ქისტის მარჯვენა,
ფარ-ხმალი ნადავლარია.
მოდგა ლაშქარის სამზერლად
უხვად ქალი და რძალია,
ამ ზუვის ვეფხვების გუნდსა
არ მაჰშორდება თვალია.
ერთკნით ხო ცეცხლი დაენთო,
სხვაგან -კი ჰბუგავს ალია.
ადიდეს ლაშარელაი
და თამარ-მეფე წყნარია.
კარგს ყმათ საკარყმოს ასმევენ,
მაიხსენიეს მკვდარია,
პირ-ოფლიანნი, ვინც -კი
ლაშქარს მოკლული არია,
ხატ-თემის ნამუსისადა
ვინც არ დაზოგა თავია!..

1889

??????