ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

ძაღლიკა ხიმიკაური 

(ვუძღვნი ილია ჭავჭავაძეს) 

ხიმიკაურის ჭერხოსა 
ცეცხლი ედება ჯავრისა: 
ნეტავი არ გააგონა 
აბჯრის ჟღრიალი ჯარისა; 
ხმა მოტანილი ლაშქრობის 
გადამავალის ქარისა. 
ლაჭანს წევს ვინმე ხევსური 
ხიმიკაურის გვარისა. 
წინ უდგა ტაბლა ხონჩითა 
პიტალო ნაღველ-ძმარისა. 
არ უნდა ნახოს მზის სხივი, 
აღარც სინათლე მთვარისა. 
ჩამოიყარნენ ღრუბელნი, 
მიწას დაეცნენ შავადა, 
სნეულებს ჰგვანან ისინიც, 
თითქოს დახდილან ავადა. 
ოხვრენ და შფოთვენ გულშია 
უჩუმრად, თავის-თავადა. 
ჯავრი შიგითა, გარეთ-კი 
არ დარჩენილა მწვავადა. 
აღარც ნამი სდით, არც ჭექა, 
აღარსად ელვა იმათი, 
რამ დაადუმათ, არ ვიცი, 
რამ გაუტეხათ ყისმათი?! 

II 
ხევსურთ ვაჟები აჩქროლდენ, 
დგას ლიქოკს ძახილ-ძუხილი. 
რა ამბავია, ნეტარა, 
რაზე შაექნათ წუხილი?! 
რა ხმამ ასტეხა, ნეტავი, 
ასეთი ჭექა-ქუხილი?! 
გულში აქვს ყველას ჩამდგარი 
სალუდე ქვაბის დუღილი. 
- ბარით მოსვლიათ ბარათი, 
ერეკლეს მონაწერია: 
“ჩამოდით, ხევსურთ ვაჟებო, 
ხმლის ქნევა თქვენი ჯერია. 
ქალაქის მიდამოები 
ურჯულოს დაუჭერია.” 
ეს იყო მარტო მიზეზი, 
ამ სიტყვის მოსვლით ღელავდენ. 
ზოგნი ჰლესავდენ ფრანგულებს, 
სხვანი შუბებსა სწვერავდენ. 
მხცოვანნი ხავსიანები 
ჯაჭვის პერანგებს ჰკერავდენ, 
თან კაზმულს ვეფხვის ულვაშით 
ნაკეჭნს ლოყებსა ჰბერავდენ. 
დიაცთ წინ ედგათ ტაგნები, 
ბაკებში ფურებს სწველავდენ... 

III 
განა სულ მუდამ თოვლია, 
პირ-მოღუშული ზამთარი? - 
თქვენც გენახვებათ ბუნება 
ყოოდეს მკვდრეთით ამდგარი, 
ისევა ჰფქვავდეს წისქვილი 
წყალს მოკლებული, დამდგარი, 
გათქვირებული ტაიჭი, - 
ერთს დროს ძვალ-ტყავად გამხდარი 
და კაცი, დაბლა მცოცველი, 
გუშინ გერგეტზე შამდგარი, 
და ბევრჯელ კაი სიზმარი - 
მეტად უმსგავსოდ ამხდარი, 
თვალები თეთრის ქალისა, 
სანთლად კაცთ გულში ჩამდგარი, 
უსხივო, უსინათლონი, 
როგორიც ცვილი დამდნარი, 
და ვეფხვი შეუპოვარი - 
თავის მძლავრ ტოტზე მამკვდარი. 
მოჰშორდა ჯანღი ქვეყანას, 
მზის სხივს მიერგო ნავარდი, 
რა აეხადა გულიდან 
ზედ დახურვილი ნაბადი. 
მთას ჰბოჭავს მაგრა ბჯღალითა 
ბარით ნასროლი ქამანდი. 

ვერცხლის სალტებით მორთული 
ხირიმ-მაჟრები ელავდა, 
ერთურთს ხმალ-ხანჯრებს უსინჯვენ, 
მხედართა გული ღელავდა. 
მოგროვილიყო ლაშქარი, 
ლიქოკის ჭალას სთელავდა. 
ულაყებს თავი აეღოთ, 
ირგვლივ ავლებდენ თვალებსა; 
აწუხებსთ, ვეღარ ითმენენ 
მუხლში მოგროვილს ძალებსა, 
ჩაჰზომვენ მკვიდრის ტოტებით 
კლდიანს არაგვის ჭალებსა, 
დახარჯვა თავის ძალ-ღონის 
იმათაც გაახარებსა. 
ცხენიც მოიკლებს, მხედარი 
რა მანძილს გაატარებსა. 
წესია: გამოჰფხიზლდებათ 
მეორეს დილას მთვრალებსა! 
უყურეთ მანდილ-აკეცილთ 
ბანებზე ხევსურთ ქალებსა, 
ჩამოსცქერიან ლაშქარსა, 
რო მიწას ციდან ვარსკვლავნი. 
ჩამოდის ისრის წვიმადა 
სხივნი, თვალთ გამონაგზავნი, 
ხევსურთა ლაშქრის თავზედა, 
ლოცვა-კურთხევად მისადა. 
“ღმერთო, შენ გაუმარჯვეო!” 
ხმა საზარალო მტრისადა. 
“მომგვარე ნასახელარი!” 
ვინა ლოცულობს ვისადა?! 

IV 
- სადა ხარ, სადა, ძაღლიკავ, 
გამოიხედე გარეთა?! 
ხალხმა დილასავ-დილიან 
თავ ერთად მოვიყარეთა. 
ქუდზედა კაცი მივდივართ, 
შინ რასა ჰგმინავ მწარედა? - 
უძახდა ხალხი ძაღლიკას, 
მიმდგარი ჭერხოს კარზედა. 
- მე ვერ წამოვალ, - ხმა ესმისთ, - 
ასე უთხარით ბატონსა, 
ძაღლიკას გული მკვდარია, 
ჩავარდნილია საგონსა; 
ჯანითაც დაუძლურდაო, 
ვერა სცილდება საწოლსა. 
სხვას ვის რას არგებს, თავისას 
ვეღარ ჰპატრონობს სადგომსა. 
- აქ არ გაგწირავთ, ძმობამა, 
ტყუილად ჰხმარობ ხრიკებსა, 
შენ რო შენთვის ჰბჭობ, ზოგიცა 
ჰკითხე იმ ხევსურთ ბიჭებსა, 
ათასნი სხვანი დასთელვენ 
აქ ჩვენსა დანაბიჯებსა. 
ტყუილად ხანს გვალეინებ, 
შენც ტყუილადა სცდებია. 
განა არ ვიცით, რაცა გწყინს, 
რადაც უკანა სდგებია? 
რა შენი საკადრისია, 
რო ბალღურადა სწყრებია?! 
- რას ასტეხილხართ, კაცებო, 
აღარ მწადიან ომია, 
რაც უნდ ჯარიმა წამართვათ, 
არა ვარ წინამდგომია. 

ქალის მანდილი დამხურეთ, 
თუნდა ჩამაგდეთ წყალშია, 
აღარ მწადიან, გაიგეთ, 
აღარ, გარევა ჯარშია. 
მე ხომ ხმალს ვეღარ მოვიქნევ, 
ქარად მადგება მკლავშია. 
- რას სჩმახავ? - უთხრეს ხევსურთა: - 
შენ უნდა გვედგე თავშია. 
უშენოდ მისვლა ბატონთან 
რას ეგვანება ან კია? 
თავს იქნევს მაინც ძაღლიკა, 
უარს აცხადებს მტკიცედა, 
არ ესმის თხოვნა ხევსურთა, 
სდგას მოუდრეკელ ციხედა. 
წავიდენ შეურაცხყოფით, 
მწყრალად შესჩივლეს ლაშქარსა: 
“ვერ შევასმინეთ ვერაი, 
განზე გაუდგა ამქარსა, 
ვიცით, რაადაც უარობს: 
ძაღლიკა გლოვობს აბჯარსა.” 
მეორე წყება წამოვა, 
წინ გამოუძღვათ ბერდია. 
გამოვლეს ლიქოკის წყალი, 
ამოვლეს ცოტა ფერდია. 
უმშვენებს წელსა დაშნაი, 
ფარს დაუფარავ გვერდია, 
თვალს გტაცებს ყაწიმებისა 
სიტურფე მეტის-მეტია, 
დახავსულ-დაჟანგებული 
იმის მორგვივით ქედია, 
სხვებს რაკი აკლდა შვენება! 
წეღანაც დავიყბედია. 

- არას ჰგავ, ბიბოს სულის მზემ, 
შენი უარზე დადგომა, 
ერთის ხმალაის გულისად 
ჩვენი და ქვეყნის წახდომა. 
აჰა, ჩემ ხმალი შაიბი, 
შენის ფრანგულის ჯიშისა. 
ამისას რითა სჯობია 
ფხა და სიმკვიდრე იმისა. 
ნუ მოგვტეხ მხარსა - თუკი გწამ 
მადლი დღევანდელ დილისა. - 
ეს იყო ბერდიას თხოვნა, 
ბაბურაულის შვილისა: - 
- მითამ სრულ არა გქონია, 
ან გაგტეხია ომშია. 
თავისივ ფიქრი იწამლე, 
კაცო, ჩავარდი გონშია. 
დიდი ხანია ძაღლიკას 
გონი აქვ სრული, საღია: 
რო არ მეწყინოს საწყენი, 
ხომ არ გგონივართ ბალღია? 
თუკი ლაშქარში ვუნდოდი, 
რად გამამართვა ხმალია?! 
გულს რად მიფუჭებს, ისეთი 
ან რა დაადგა ძალია? 
როგორ იკადრა, ან კია, 
გლეხის ნარტყამი მახვილი? 
უმისოდ მისაშველებლად 
სწადიან ჩვენი ძახილი. 

 უიარაღო რას ვარგებ, 
ამას რად არა ფიქრობდა? 
ჩემთვის წელზეით ხმლის შახსნას 
მეფე როგორა კადრობდა? 
განა არ იცი, მე ხმალი 
სახ-კარს და ცოლ-შვილს მერჩივნა? 
იცი კარგადა, ბერდიავ, 
გული როგორაც მეტკივნა. 
- იმისი სამაგიერო 
ვითომ სხვა მოგცა კარგია? 
ერეკლე წელზე შაიბამს 
ხმალსა, თუ არა ვარგია?! 
ეგ შენი ფიქრი და წყრომა 
ტყუილ-უბრალო ბარგია!.. 
უარი უთხრა მაინცა 
გაჯავრებულმა მხედარმა... 
გაწყრომა საიქიოდამ 
როგორ დაუგმოს დედამა?! 
ამ ბერდიაის თხოვნასა 
ჩამოეშველნენ დედანი. 
ერთი მათგანი სხვებს სჭარბობს, 
ღუღუნებს როგორც ქედანი: 
- დიაც ხო არ ხარ, ძაღლიკავ, 
რამდენსა გთხოვენ მხედარნი. 
ქუდი რად გხურავ თავზედა, 
წელზე რადა გრტყავ ხმალია, 
თუკი საბუჩეს იჯდები, 
ვით მწერელ-ჩვილი ქალია?! 
დადედლებული მამალი 
საელდო სანახავია! 
ცოლმაც შაუგმო, კმარამა, 
ქმარს სიტყვა უთხრა ავია: 
- რად გინდა ხმალი, ხმარების 
თუკი არა გაქვ თავია? 
სიკეთე ხმლისა რას გიშველს, 
თუ გულ არ გიძე მწვავია? 
რაღას აუბნებ ქვეყანას, 
სრულ ბიჭობაზე სჩხავია! 
აღელვდა ძაღლიკას გული, 
გამოუცხადა ზავია. 
ცხენსა ჰკითხულობს თავისას... 

მოჰგვარეს ნიავ-ქარია... 
თავს დაიხურა ჩაჩქანი, 
ტანთ რა ჩაიცვა რვალია. 
ჩამოიკიდა წელზედა 
რაღაც ნადურდნი ხმალია, 
სპილოს ტრიანი ხანჯარი, 
ასპინძას ნაშოვარია. 
თან უთხრა ხევსურთ: “ხევსურნო, 
საცა თქვენ, მეც იქ მკვდარია!” 

ადიდებულა არაგვი, 
ადიდებულა მტკვარია. 
მთაში ნაწვიმი რას იზამს? - 
თავქვე წამოვა ღვარია... 
სასიამოვნო ამინდი, 
სასიამოვნო დარია. 
დამდგარა დიდუბეშია 
ფშაველ-ხევსურის ჯარია. 

შეატყობინეს ბატონსა 
ამბავი გასახარია. 
არ გავლო ხანმა, იღება 
დიდი სასახლის კარია. 
გამოჩნდა ლომი ქართლისა, 
მზე-მთვარის მინაგვარია. 
ჯარმა სალამი მიართვა, 
მჭეხრად ჰყვირიან ამასა: 
“ჩვენს ბატონს გაუმარჯოსო, 
მთისა და ბარის მამასა!” 
ჯარსა, შეფრფინვით შემცქირალს, 
პასუხი ესმის ლომისა: 
- თქვენც გაგიმარჯოსთ, ხალისი 
ნუმც დაგელევათ ომისა. 
რა გამიმარჯვებს, თუ თქვენი 
არ შემწევს ძალი, მკლავია?! 
გწადიანთ - გამემარჯვება, 
გინდათ - შემხვდება ავია. 
თქვენ გაგიმარჯოსთ, ჯერ თქვენა, 
ის გამარჯვება ჩემია... 
გემში მსხდომთ ბედი მწარეა 
თუ არა ვარგობს გემია! 
- ვეცდებით, არ გავალაღოთ 
ჩვენს თავზე ჩვენი მტერია! 
გულ-მტკიცედ ამბობს ლაშქარი 
მთიდან მოსული ერია. 

წინ დგას ხევსური ბერდია, 
ხელთ დროშა დაუჭერია. 

VI 
ჩვეულებად აქვს ერეკლეს 
გასინჯვა მხედართ ხმლებისა. 
მცნობია იარაღისა, 
სიტყვა მეტია ქებისა, 
მჭრელსა და ფხა-შეუშლელსა, 
გამმრავლებელსა მკვდრებისა... 
ხიმიკაური თავსა ჰხრის, 
ხალხზე უკანა დგებისა. 
მივიდა ჯერი... ერეკლეს 
პირზე მზე ეფინებისა. 
- აბა, ძაღლიკავ, შენ ხმალიც 
ვნახო, როგორა ჰყურობო. 

იქნება ჟანგს შეაჭამე, 
დღესაც ისევა სწუნობო. 
თუ ესეც ისე იხმარე, 
როგორც წინანდელს ჰხმარობდი 
ასპინძას, როგორც მე გნახე, 
თათრის თავებზე ჰხარობდი, 
ვფიქრობ, რო შაგიყვარდება, 
გაგიბრწყინდება სახეო. 
რად მაგრე დაჰღონებულხარ, 
პირი რად დაიჩმახეო?! - 
თითონ უტაცა ხმლის ვადა, 
ამოსაღებად მოსწია 
ქარქაშიდანა... უყურებს - 
მის ხმალი რკინა როდია. 
ხის ხმალი წამოუღია, 
ერთი უყურეთ მხედარსა! 
ვადა ხმლის, პირი ხისა აქვს 
და იმით ომსა ჰბედავსა! 
ძაღლიკა თავის სარგოსა 
ძალიან შორსა ჰხედავსა... 
ერეკლემ შუბლი შაიკრა, 
სიტყვაც არ უთხრა ერთია... 
ბოლოს-კი ღიმილი მოსდის... 

 ხიმიკაურის ბედია! 
მაშინვე მხლებლებს უბრძანა, 
არ დაახანა ხანია: 
- წადით, აქ ჩამოიტანეთ 
ხიმიკაურის ხმალია. - 
მთელს ლაშქარს მეფეზე ჰრჩება 
და ბრიყვს ხევსურზე თვალია. 
მალე მოართვეს და ისიც 
ძაღლიკას აძლევს ხელშია: 
- ძაღლიკავ, მაინც იძაღლე, 
წაიღე, გერტყას... შენია. 
ვინაც წელზეით შემოგხსნას, 
ის ღმერთს ნუმც დაურჩენია! 
ჰკოცნის ხევსური ერეკლეს 
ხელზე, მუხლებზე ეხვევა. 
არ იცის, სიხარულისგან 
რა ჩოქს და სალამს ეწევა. 
ბოლოს თვის ხმალსაც აკოცა, 
როგორაც შვილმა დედასა, 
მერე მიიკრა გულზედა, 
ეალერსება მეტადა.... 

ერთი უბრალო ხის ხმალი 
გამოდგა იმის ბედადა! 
აღარ ეყოფა ძაღლიკას 
მტრის ჯარი შესახვრეპადა. 

VII 
მთას იქით გადის თოფები, 
კვამლი ედება მიწასა. 
აწითებს სისხლი ნადენი 
დაბლა ხეობის ქვიშასა. 
ცალ-მხრივ ქართველნი იბრძვიან, 
მეორეს მხარეს თათრები. 
აღარა ჰზოგვენ ერთმანეთს, 
ან რა აქვთ დასახათრები! 
მივიდა ჯარი ერთურთში, 
ელავს, წკრიალებს აბჯრები, 
ადის და დადის ორგნითვე 
სისხლში ნაღები ხანჯრები. 
აქებენ ვისმე მეომარს, 
იმის ხმალსა და გარჯასა. 
მეტის-მეტს შეუპოვრობას 
და მოუღალავს მაჯასა: 
როგორც ანწლ-ღოლოიანსა, 
თათრის ჯარს ისე ჰკაფავსა. 

ჰხედავს ბატონი მტერზედა 
იმის ტევებას ვეფხურსა. 
კიდევაც დაასაჩუქრებს 
ყმას თავდადებულს, ერთგულსა. 
თან ამბობს: - მართლაც ცოდვაა 
შეუნდობელი, დიდია, 
მაგისთვის ხმლის ჩამორთმევა, 
რომელიც წელზე ჰკიდია. 
ამბობენ: თოფიც აჩუქა, 
დაოქროილი წვერამდე. 
სხვადასხვა საჩუქრებითა 
იგი აავსო ყელამდე. 
ვინ იყო? სადაურია, 
რომელი მიწა-წყალისა? 
- ძაღლიკა იყო, ძაღლიკა, 
ხიმიკაურის გვარისა. 
 
1902 წ.

??????