ცაზე ვკიდივარ ექსკლიუზივი
ცაზე ვკიდივარ.
გასვრილ ფეხებზე ფიზიკა ისევ
მიზიდულობის კანონს მიმტკიცებს.
მაქვს განცდა ქარის...
განცდა მაქვს ქარის,
ქარის, ღმერთში ნაგუბარის.
ცაზე ვკიდივარ უკუღმა...
და ნუ ჩამომხსნი, ასე გიყვარდე...
თორმეტი შვილი მინდა მყავდეს,
თორმეტი ზეცა მინდა მქონდეს,
თორმეტივე ჩემივე ფერის,
თორმეტჯერ თვითონ მოვკვდები და
თორმეტი ამბორით გაგცემ-
-ოღონდ მანამდე,
თორმეტ სამყაროში ვიმოგზაურებ,
თორმეტჯერ მაინც მიღალატებენ,
იმ თორმეტ შვილსაც იმას ვასწავლი,
რაც მე მასწავლეს.
მერე დრო მოვა... მოვა ქარიც..
მამლის ყივილზე დავეკიდები ცაზე ყულფივით.
გვირილებიან სუდარაზე გადამაწვინე,
უთხარი წვიმას, რომ მოვიდეს და
ამ სახეზე თეთრი ხელები ჩამომაფაროს.
შენ კი, ჩემი სულეთის მგზავრო,
ფიქრგაუხდელად გაიარე გეციმანია,
ამისთვის დრო გაქვს,
მე ნუ მიყურებ, დიდი ხანია
იუდადაც აღარ ვვარგივარ.
ვერც სახლი ვაგე, ვერც ხე დავრგე, ვერც პური ვთესე,
(სიკეთეზე ზედმეტია სიტყვაც რომ ითქვას).
"უფალო, ღმერთო ჩემო, ვუწყი, რამეთუ არა ვარ ღირს,
რაითა სართულსა ქუეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე,
რამეთუ სრულიად ოხერ და დაცემულ არს,
და არა გაქუს ჩემ შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო."
უბრალოდ ახლა ცაზე ვკიდივარ უკუღმა
და პირველი სიკვდილი მოდის...
და ნუ ჩამომხსნი, გიყვარდე ასე...