ნადირაძე ნინია
გაზიარება

*** მინდორში ვდგავარ ექსკლიუზივი

მინდორში ვდგავარ.
რაც დავთესე, იმასვე ვიმკი.
აი, ჩემი ოქროს ზვინები, ესენიც კი ცისკენ იწევენ –
მზე ამათ ძირშია წამოწოლილი და სიესტა უდგას.
აი, სარეველები, ვთხარე და ვთხარე – ვერ გამოვლიე.
აი, ხორბალი – ქვიშასავით ფეხქვეშ მეყრება.
აი, მრავალძარღვები – გულზე დავიდე და ვერ მოარჩინა.
შუადღე ჰორიზონტზე ჩირქივით ფეთქავს.
შენ თუ დაგთესე, შენ თუ ჩაგრგე ჩემი ბავშვობის ფოსოში,
აბა, სადა ხარ, სად ამოყვავდი და გაიშალე,
სად მოგიწიო მოსავლად,
რომელია შენი მტკაველი მიწა, სად მოგიკითხო...
მაგრამ აბა, როგორ მოგაგნებ,
როგორ მოგიმკი,
როცა იმხელა ხარ, ცას შენი მხრები დიდი ექნება.
ჰოდა, ვდგავარ მინდორში ფეხშიშველი და თვალებდახუჭული ვჩურჩულებ:
მოდი, მოვარდი, მეხუთე მხარის ქარივით შემოლეწე ჩემი ტოროსები,
ლეკვივით ამიხილე თვალები და ისე ჩამყვირე,
ისე ჩამღმუვლე შენი თავი, რომ ცაში თავქვე ჩამაპირქვავო.
მინდორში ვდგავარ.
რაც დავთესე იმასვე ვიმკი.
ვერ დავამთავრეთ ეს ამბავი,
ვერ ჩავაქრეთ ცეცხლი ვერასდროს.
და ახლა იმასღა ვფიქრობ -
ერთადერთი, რაც დაგვრჩენია –
დავიბრალოთ, რაც არ მომხდარა.

??????