ნადირაძე ნინია
გაზიარება

ფუჯის მთა ექსკლიუზივი

შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო:
შენი მალების სიმართლე ჩემი თითებით ფრთხილად მომესინჯა,
შენს მხრებზე პერანგი ჩემი ხელით შემომეცვა,
შენ კი, თვალებდახუჭულს, გეთქვა:
„რანაირი სიჩუმე სცოდნიათ ხეებს“.
ან ვმსხდარიყავით თურქულ საჩაიეში,
ლამბაქებზე ორ-ორი ნატეხი ხელუხლებელი შაქრით,
საჩაიეს კუთხეში ადამიანივით მდგარიყო ჩილიმი,
წამოსვლისას კი, დაბნეულებს, ფულის გადახდა დაგვვიწყნოდა.
ან დილის 6 საათზე ვმდგარიყავით გემბანზე,
არ გვცოდნოდა იესოზე და 12 კეთილ კაცზე,
ბუდასა და ალაჰზე, წმინდანებსა და მათ მოსაწყენ ცხოვრებაზე,
არ გვცოდნოდა გლობალურ დათბობასა და გენდერულ თანასწორობაზე,
სადაზღვევო პოლისებზე, არჩევნებზე ან რელიგიურ დისკრიმინაციაზე,
არ გვცოდნოდა მიროსლავ ტიხიზე, ნიქ ქეივზე, უიტმენსა და სხვა გენიოსებზე,
არ გვცოდნოდა, რომ სიტყვები დამშრალი მდინარეებია,
რომ სიტყვები დამშრალი, სულნაღაფი მდინარეებია,
რომ სიტყვები აქა-იქ და დროდადრო მოჩქრიალე მდინარეებია,
რომელთაც ხანდახან მაინც გამოვყავართ გზაზე.
გზა კი ისაა, რასაც მერე გადარჩენას ვუწოდებთ ხოლმე.
მაგრამ
რომ არა ჩვენი ერთადყოფნის აბსტრაქცია,
ვინ დამაჯერებდა, რომ ორი ღმერთის მიმდევარს, არაფერი შემიძლია,
ვინ დამაჯერებდა, რომ სიყვარული თვალის დახამხამებას გავს - 
დახუჭავ - ფუჯის მდუმარე მთაა,
გაახელ - დიღმის მასივის ალვის ხეები,
და ვახამხამებ განუწყვეტლივ,
რომ ამ ორმა კადრმა ერთმანეთი მალ-მალე ცვალოს.
და ამიტომაც,
თუ სიცოცხლის სურვილი შემრჩა, შენი ბრალია.
და ამიტომაც,
გულში ლოცვასავით გამუდმებით აღარ გიმეორებ,
რომ მალე დამავიწყდეს, თუ როგორ მიყვარხარ.

??????