ადამიანი ხისათვის ხმაა ექსკლიუზივი
ადამიანი ხისათვის ხმაა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი და მუდამმოუსვლელი.
ისიც კი არ შემიძლია, ოთახის მცენარეები მქონდეს.
ზამთრისთვის სულ ერთია საიდან უბერავს ქარი,
ეს ჩემთვისაა გადამწყვეტი.
გუშინ ვფიქრობდი, რომ როდესაც მტკივა, ვცოცხლობ.
დღეს ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საუკეთესო თვისებაა.
წელს არ მოსულა შემოდგომა.
ადამიანებს რა უნდა მოსთხოვო, ძაღლიც კი ისე აღარ ყეფს, როგორც ადრე.
რა ხანია ამ გზას ვადგავარ, სინათლის მთელი წელიწადი.
აი, უკვე მივედი კიდეც:
სისულელეა სიტყვებით საუბარი.
ეს იგივეა,
ცალი ფეხით თოკზე იდგე და ქვემოთ იყურებოდე.