ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * დღისით არაბი ექსკლიუზივი

დღისით არაბი უკურნავმა დასწვა წყურვილმა,
აქლემის ყელზე დაკიდულა ზარის წკარუნი,
კუზნი მაღალნი აზიდულან და აწურვილან,
ზარის წკარუნი სულს ეღვრება - ცხელი წყარონი.

არსად იმედი... ამომშრალთა თვალთა წვალება
და უდაბნოში გათანგული გველი ისვენებს
და ირგვლივ ქვიშა, როგორც მიწის გარდაცვალება
და სადღაც მიწა, მცენარენი - მიწის სისველე.

მიდის არაბი... ბოლოს ქვიშას ბინდი ეცემა,
მერე არაბიც დაეცემა ქვიშას ბინდივით,
დაეცემა და დაქანცული ძილს მიეცემა,
აქლემის კუზნი - წაქცეული პირამიდები...

დაღლილ თვალებში დაიბუდა უცხო სიზმარმა;
ეზმანა მთები და მდინარე ღუის ლომივით
და მერე ბარად ჩამოვარდა და გაიზმორა,
გაექცა ველებს ლომის ბრდღვნინვით და ნახტომებით.
გათენდა ბოლოს... გაიღვიძა მზემ უწინარეს,
ლომი ღუოდა კაცის ძვლებზე, როგორც მდინარე...

1957

??????