ქართველიშვილი დავითის ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ დავით ქართველიშვილთან 

არ უყვარს დეტექტივები, არც სათავგადასავლო ლიტერატურას სწყალობს. მოთხრობებსსიუჟეტებისთვის არ წერს, არც კონკრეტულ ამბებს აღწერს. ლიტერატურას რელიგიის ნაწილად მიიჩნევს. აღარც მიქელანჯელო იზიდავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ "ვიღაც ფიტნესბიჭებს ხატავდა და მოციქულების სახელებს არქმევდა.” არ ესმის ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობისა და სწამს, რომ ქალი მიზნის მისაღწევად, შესაძლოა, კარგი იმპულსი იყოს. ბავშვობაში წიგნებს არ კითხულობდა, რადგან საკუთარი თავგადასავლებით იყო გართული. დღეს ეს ადამიანი მწერალია. 
ჩვენი სტუმარია დავით ქართველიშვილი.

"ჩათლახური დროა, არა?! - მითხრა მამამ, მკითხასავით. 
მაშინღა მივხვდი, რომ მამა ბებერი იყო.”

- ხშირად ლაპარაკობენ თაობებს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე... 
- უბრალოდ, ასაკშია სხვაობა. მამებს, დედებსა და შვილებს შორის განხეთქილების არ მჯერა. აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ასაკოვანი ადამიანი უფრო დუნე ხდება და მეტად საჭიროებს კომფორტს. სულ სხვაა, როცა 23 წლის ბიჭი ხარ. 40-ისა სხვაგვარად აზროვნებს, 60 წლის მამაკაცისთვის კიდევ სხვა ეტაპი დგება. არ მიყვარს, როცა ადამიანებს რაღაც ნიშნით ყოფენ. ნებისმიერი იბადება, ცხოვრობს, ცხოვრებას ამთავრებს და მიდის იქ, სადაც წასასვლელია და სადაც ჯერ არს. ადამიანთა შინაგანი ურთიერთობები იშვიათად იწვევს კონფლიქტს. ეს უფრო სოციალური ვნებათაღელვის შედეგია. შესაძლოა, უფროსი თაობის ადამიანებს სწყინთ, ახალგაზრდებს რომ უფრო გვწყალობენ. ჩვენც დავბერდებით და ახალგაზრდების შემოქმედებას უფრო გაეცნობიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია. დრო კი ნამდვილად ჩათლახურია.

"გამოვისახოთ ალალი პირჯვარი მარჯვნიდან მარცხნივ თარსი-ნავსი-ეშმაკეული რა რომ განგვშორდეს და დავიწყოთ სუფთაA პროზა.”

- გწამთ ეშმაკეული ძალების? 
- რქიანებისა და ალების ნამდვილად არ მჯერა. მწამს იმის, რაც რეალურია - ცდუნებისა და ცოდვის. ვფიქრობ, ეშმაკი ძალიან ლამაზია. ისეთია, ვერც ხვდები, რომ ეშმაკია. კომფორტს გთავაზობს, შენც მიყვები. მერე, უცებ, შეიძლება, გაგინათდეს და მიხვდე, რომ ეშმაკი უბრალოდ ილუზიაა. 
- სუფთა პროზა რაღაა?

- როცა ამას ვწერდი, მჯეროდა სუფთა პროზის, საერთოდ, ლიტერატურის. მწამდა უკვდავების. სხვათა შორის, ქართული ლიტერატურას პრობლემაც ეს არის, რომ მსგავსი სისულელეებისა სჯერათ. მაგალითად, მე რომ მოვკვდები, ქუჩას ჩემს სახელს დაარქმევენ. მერეღა მივხვდი, რომ ლიტერატურა მაშინ იყო კარგი, როცა რელიგიის ნაწილი იყო.როცა ცალკე გამოეყო, რენესანსი კარგ მიმარ­თულებად აღარ მომეჩვენა, რომ არაფერი ვთქვა სიმბოლიზმზე. მიქელანჯელოც იმიტომ აღარ მომწონს, რომ ვიღაც ფიტნესბიჭებს ხატავდა და მათ მოციქულების სახელებს არქმევდა.

"ბიჭს სიუჟეტი უჭირდა, რადგან ცხოვრება ვრცელი იყო...”

- თქვენი სიუჟეტები ცხოვრების გამოძახილია თუ ფანტაზიის ნაყოფი? და საერთოდ, გიჭირთ სიუჟეტის მოფიქრება? 
- მიჭირს ერთადერთი მიზეზის გამო. საბედნიეროდ, ბავშვობაში წიგნებს არ ვკითხულობდი. საშინლად არ მიყვარს დეტექტივები და სათავგადასავლო ლიტერატურა. ჩემი სიუჟეტი ყოველთვის იდეის დონეზეა. არ მიყვარს კონკრეტული ამბების აღწერა. სიუჟეტი იმიტომაც მიჭირს, რომ ხშირად იმ რაღაცების დათმობას მთხოვს, რისთვისაც ვწერ. ჩემი მოთხრობების ამბები ფანტაზიის ნაყოფი არ არის, თუმცა არც რეალურია. ერთია, ჩვენ რომ ვსაუბრობთ - ეს არის ფაქტი. მეორეა, რას ვფიქრობ პარალელურად მე, მესამე - რას ფიქრობთ თქვენ, მეოთხე - რა გამოვა ყველაფერ ამისგან. მოკლედ, დიდი ჩახლართული ამბავია. მომწონს პერსონაჟები, რომლებიც ფიქრობენ. შინაგან სამყაროს მეტ ყურადღებას ვუთმობ. ცხოვრებაში კი, ასე გარეგნულად, ნამდვილად არაფერი ხდება, დასაწერად რომ ღირდეს. რა ვიცი, შეიძლება, მე მაქვს ასეთი ცუდი ცხოვრება.

"იცით, ასეთ თემებზე... დაღლა, სიმარტოვე, საუბარი უცხო ადამიანთან მირჩევნია. ჩვენ რა, ალბათ ვეღარც შევხვდებით, სულს კი მოვითქვამთ...”

- როგორია დათო ქართველიშვილი? 
- ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი. უფრო ჩაკეტილი ვარ - არ იფიქროთ, ბოქლომები მედოს და შიფრი იყოს გასახსნელი. რასაც ვამბობ, იმასვე ვგულისხმობ. მგონი, ცუდი არ უნდა ვიყო. ყოველ შემთხვევაში, ბოროტი ნამდვილად არ ვარ.

"პოსტი - გარყვნილი დიახ, ოღონდ სასიამოვნო თამაშია, სიმამაცეც უნდა.”

- ხშირად ჩართულხართ ამგვარ სასიამოვნო და მამაც თამაშებში? 
- ბავშვობაში კი. ეს მართლა რეალური თამაში იყო. მაშინ, რასაც ვაკეთებდი, მართლა სიმამაცე მეგონა, დღეს კი ვხვდები, რომ სისულელე იყო.

"დღიურები მირანდასთვის... 
... მირანდა ფალავანდაშვილს, რასაკვირველია."
- ვინ არის მირანდა, რომელსაც უძღვენით წიგნი - "დღიურები მირანდასთვის” და მოთხრობა - "აქ კარგია, გულუბრყვილო პროზა”. შეგიძლიათ, უფრო ახლოს გაგვაცნოთ? 
- თავის დროზე, რა თქმა უნდა, არ დაგზარდებოდით. დღეს კი, როგორც იტყვიან, ობიექტური მიზეზების გამო, აღარ შემიძლია. რეალური ადამიანია, რომელიც ახლა ან დუბლინშია, ან პარიზში, ან ბათუმში - არ ვიცი, კავშირი გაწყვეტილია. გასულია მომსახურების ზონიდან.

"...ცხოვრებაში ფულია მთავარი... 
...მაგათ ფული უყვართ. ფულია მთავარი!.. 
...კიდიათ, ფული აქვთ და მიქრიან, ფულია მთავარი!”

- მართლა ასეთი მთავარია ფული? 
- ვფიქრობ, რომ არ არის მთავარი. რაღაც ბანალურ დებილობას ვამბობ. თუმცა, ფულია რევოლუციებისა და ამბოხებების მთავარი მიზეზი. ყველას, ვისაც არა აქვს ფული, ფულიანი ხალხი ჰგონია ბედნიერი. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

"დახუჭე თვალები და დაინახავ..."

- რას ხედავთ? 
- სიშავეს. მერე ფერები იცვლება. დახუჭე თვალი პირდაპირი ნათქვამი არ არის, უფრო მესამე თვალის გახელას ვგულისხმობ. ასე ვხედავ წარსულს, ვჭვრეტ მომავალს. ცხოვრება ხილვაა. მგონია, რომ ერთი ადამიანის მეორისადმი დამოკიდებულებაც ხილვაა. ამიტომაც ვეწინააღმდეგები სიზმრების ახსნას. არ მჯერა მკითხავების, ასტროლოგების... არ მჯერა იმიტომაც, რომ მე ვისიც მჯერა, ის მეუბნება, არ გჯეროდესო და რა ვქნა?!

"უცნაურ წიგნებს კითხულობდა”...

- აბა, წიგნებს არ ვკითხულობდიო? 
- 17 წლიდან მე რომ წიგნებს ვკითხულობდი, ბევრს ცხოვრებაში არ წაუკითხავს. ბავშვობაში საკუთარ თავგადასავლებში ვიყავი ჩაფლული და სხვისი დაწერილი თავგადასავალი რად მინდოდა?! ეს უფრო ჩაკეტილი ბავშვების საქმეა, შინ რომ სხედან. პირველი წიგნი, რომელიც სერიოზულად წავიკითხე, იყო ვოლტერის "კანდიდი”. მას შემდეგ ჩამომიყალიბდა აზრი, რომ გარდა სიუჟეტისა, ლიტერატურა არის ფილოსოფია, რელიგია, ფიქრი... საყვარელი მწერალი ადრე მყავდა. ახლა არიან მწერლები, რომელთაA შემოქმედება მაინტერესებს და ვკითხულობ. ისეთი წიგნი, რომელსაც რამდენჯერმე მიუბრუნდები, წაიკითხავ, ჩაუღრმავდები, ერთადერთია და მას ბიბლია - წმინდა წიგნი ჰქვია. სხვა შემთხვევაში, მიბრუნება არ მჩვევია, ახლის წაკითხვა სჯობს.

"სიმართლე ძველი ფასობს. ძველი სიმართლე სიბრძნეა... სიმართლე პრობლემაა. პრობლემა არ გვინდა. არ გვჭირდება.”

- ხშირად ხვდებით ასეთ პრობლემებს? 
- თავის დროზე რასაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, სიმართლე იყო, რომელიც პრობლემად იქცა და ამისთვის მოკლეს კიდეც. დღეს მისი ნააზრევი სიბრძნეა. პრობლემური არ ვარ, არც ის მომწონს, რაღაცისგან პრობლემას რომ ქმნიან ხოლმე. საზოგადოდ, პრობლემა იმაზე იქმნება, რაც არ არის. არ არის და რას იზამ?! უნდა შეეგუო.

"ახლა ყველგან სატელიტური ანტენებია, ყველგან ასფალტი. ასე თუ გაგრძელდა, მიწა მხოლოდ სასაფლაოებზე დარჩება. არადა, ადამიანს სჭირდება მიწა - ცივილიზაცია მოდის."

- ცუდია, ცივილიზაცია რომ მოდის? 
- ცივილიზაციას კომფორტი მოაქვს და შეუძლებელია, მას რაიმე კარგი არ ემსხვერპლოს. გვსურს, ადამიანებს ერთმანეთთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. ცუდი განვდევნოთ. 23 წლისა ვიყავი კორუფციას და მსგავს სისულელეებს რომ ვებრძოდი. მერე მივხვდი - კარგიც უნდა იყოს და ცუდიც, შავიც და თეთრიც. ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა წაართვა. ჩვენ კი სამოთხე გვინდა. ჯერ უნდა მოკვდე, სამოთხე მერე იქნება.
"შენი ჯიშის ადამიანებს ეგზოტიკურად რომ უყურებ, არც ეგაა კარგი. სვანებს, ხევსურებს. გაწყალდა ლიტერატურა სნობი ქალაქელების მთაგორიანი ნაწარმოებებით.”

- რას იტყვით თანამედროვე ქართულ პროზაზე? 
- ერთ რამეს ვუკვირდები - გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა თუ რომანებში მოქმედება უფრო მთებში ხდება და რეგიონულ ხასიათს ატარებს, ახლა წამოვიდა თბილისური პროზა. ესეც მოსაწყენია, ამომივიდა ყელში. მთავარი ის არის, რომ ჩემმა თაობამ ჯერ ვერ დაწერა "დათა თუთაშხიას”, "ყოველმან ჩემმან მპოვნელმანის” ან თუნდაც "სამოსელი პირველის” მსგავსი ნაწარმოები. მაგრამ, ეგ არაფერი, თუ ღმერთმა გვაცადა და, ალბათ, დაგვაცდის, აუცილებლად დავწერთ.

"დედა... დაიწყებს: რომ მე ვარ უმაქნისი. რომ არ მინდა ადამიანური ცხოვრება. ესე იგი: ვირივით მუშაობა, ჭიანჭველასავით გამრავლება და ძვირფასი ცოლ-შვილის ალყაში ძაღლური სიკვდილი. "მარტო მოთხრობებით ფონს ვერ გახვალ?”, "რომანებით, დე?” "ვერც რომანებით.” "ბაკურ სულაკაური მასე არ ფიქრობს”. "ეგ ვინ ოხერია”. "გამომცემელია. ამბები უყვარს პროზაში.” "ვინც გინდა ის იყოს და რაც გინდა ის უყვარდეს, შენ ნაღდი საქმე უნდა აკეთო’. დედა შემომხედავს: "შენ ნუ გაქვს ეგეთი გამოხედვა, თითქოს შენნაირი გენიოსი მეორე არ იყოს ამ ქვეყანაზე. ვენაცვალე როსტომ ჩხეიძეს, ხომ დაგიწერა, რომ ის ხარ, ღმერთო გამახსენე...” "მე გაგახსენებ, პლაგიატორი, დედა”. "ჰო, და კიდევ უარესი”.

- მტკივნეულად იღებთ კრიტიკას? 
- თუ როსტომ ჩხეიძის მსგავსად არაობიექტურად მაკრიტიკებენ, ვბრაზდები, მერე კი ჩემს თავზე მეცინება. ასეთ კრიტიკას არ ვიღებ. დედას კი სხვა რა ევალება?! კრიტიკოსი უნდა იყოს. ისე კი, კაცი წიგნს რომ გადაშლის, ძალიან კარგად ხვდება, რა დონის მწერალთან აქვს საქმე.

"მერედა მოჯოკრეს. 
ეს თამაში წმინდაწყლის ქალური რამეა. ორუჯრედიანი ტვინი სრულიად კმარა გენია­ლური მოთამაშისთვის. ქა­ლებს კი, როგორც ვიცით, ტვინში უჯრედნახევარი უმუ­შავებთ საშუალოდ, ამიტომაც დიდად ფიქრიანად უჭირავთ კარტი და ჰაზარტშიც არიან ჩაცვენილები (რას ვერჩი ამ ქალებს?)."

- აზარტული ბრძანდებით? და მართლა რას ერჩით ქალებს? 
     - აზარტული არ ვარ, ქალებსაც არაფერს გერჩით, უბრალოდ, ხანდახან საჭიროა პაროდია. არ მესმის ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობისა. ფაქტია, რომ ის, რაც კაცს გამოსდის, ქალს არ ხელეწიფება - ვერ წერს, ვერ ხატავს. რა მოხდა? ეს არაფერი, საჭმელსაც ვერ აკეთებს ისეთ გემრიელს, როგორსაც კაცი ამზადებს. ქალი კარგი იმპულსია რაღაცის შესაქმნელად, მაგრამ არ სურს, იყოს იმპულსი. შეხედულებები შეიცვალა. არ მომწონს კარიერისტი ქალები, დილის 8 საათზე რომ დგებიან და სადღაც მიჰქრიან. კონკრეტულ ადამიანზე მოგახსენებთ - 10 წლის წინ მშვენიერი გოგო იყო, ახლა რაღაც ევროინტეგრაციებზე ლაპარაკობს. ადრე საუბრობდა სიყვარულზე, ბედნიერებაზე...

"შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი თავად რელიგიურად ცხოვრობდეს, სხვას კი ხორციელი ცხოვრებისკენ მოუწოდებდეს?”

- იგივეს გკითხავთ... 
- ჰოო, ეგ რთული საკითხია. ალბათ, კი... როგორ არ შეიძლება?! არ მომწონს ფანატიზმი. ჩემთვის მნიშვნელოვანია შავი სამღვდელოება, უდაბნოში გასული ბერები, რომლებიც არავის ეძახიან თავისთან, აღავლენენ ლოცვებს, არიან წყნარად. აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ადამიანს ცხოვრება ტანჯვად არ უნდა უქციო, რადგან ტანჯვიდან სიხარულამდე გზისა ნაკლებად მჯერა. იტყვიან ხოლმე - ყველამ უნდა ვიმარხულოთ. შენ იმარხულე და მე თავი დამანებე, რა... პასუხისმგებლობა პირადულია.

"ბედნიერება არის უსიზმრო ძილი, როდესაც ცოცხალი ვარ და არც შიგნიდან მღრღნის რამე და არც გარედან და როდესაც შენი ნაწილი ვარ, შენვარ...”

- რა არის თქვენთვის ბედნიერება? 
- ალბათ, აი, ის, რაც დავწერე. სიზმარია ყველაფერი, რასაც გარდამტეხი მნიშვნელობა არა აქვს. რთულია, თქვა, რა არის ბედნიერება. ეგ რომ ვიცოდე, ცოცხალი კი არ ვიქნებოდი...

თეა ყიფშიძე

??????