ქიქოძე არჩილის ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ არჩილ ქიქოძესთან 

დრო მისთვის კალენდარია.მუდმივად ცდილობს, წინასწარ დაგეგმოს ყველაფერი, მაგრამ არაფერი გამოსდის. თავშეკავებული და სიტყვაძუნწია. პატარა ქალ-ვაჟსაც კი ზედმეტს არაფერს ეტყვის. ჩანს, მკაცრი მამა არ არის, თუმცა აშკარაა, ყველაზე მეტად მათი ბედნიერებისთვის იბრძვის. მშვიდი და გაწონასწორებულია. იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე მწერლების თავშეყრის ადგილას. მუდამ საქმეებშია ჩაფლული, რომელთაგან ყველაზე დიდ სიამოვნებასა და ბედნიერებას წერა ანიჭებს. სურს, ამბები უსაშველოდგრძელი, დაუსრულებელი იყოს, მაგრამ ხშირად კალამი არ ემორჩილება. ის სვამს წერტილს და მუზისგან ორკვირიან შვებულებას იღებს. 
ვსხედვართ ოთახში, რომლის აივანიც მდინარე ვერეს გადაჰყურებს. თითქოს თბილისში არც ვართ. აქაურობა წალკოტს უფრო ჰგავს და ამ წალკოტში ნელ-ნელა იშლება ის სამყარო, რომელიც არჩილ ქიქოძეს ეკუთვნის.

"ჯერ ინდიელებს რა უყვეს?! არა ,ესენი ხალხი არ არიან. ჩვენი გადაჯიშება უნდათ. ეგრეც იქნება ერთ ათ წელიწადში..."
-ამბობენ, პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეაო, თუმცა, ნებსით თუ უნებლიედ, თითოეული ჩვენგანი მაინც ებმება ამ თამაშში. ცოტა ხნის წინ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ესტუმრა. როგორ აღიქვი ეს ფაქტი და ფიქრობ თუ არა, რომ მისი აქ მოგზაურობის ამბავი ოდესმე გადაგეღობება სამწერლო ასპარეზზე? 
- ალბათ, ვერაფერში გადამეღობება. რაში უნდა გადამეღობოს?! თუმცა იმ დღეებში ისეთი საინტერესო ამბებიც ხდებოდა, აღსაწერად რომ ღირს. ეს ფაქტი შემეხო იმდენად, რამდენადაც ჩემგან ფოტოები იყიდეს და რაღაც ხეირი ვნახე. ისე კი, სიმართლე გითხრა, ბუში  არ მიყვარს, ამიტომაც არა მგონია, ეს დღეები ოდესმე ჩემი მოთხრობის ნაწილად იქცეს. არ გეგონოს, ამერიკელების საწინააღმდეგო მქონდეს რამე, უფრო იმ ხალხზე ვწერ, მათთან რომ მუშაობს.

"ძნელად იღებდნენ სიახლეს ან ახალ ადამიანს..."
-მწერალთაგან ბევრი კარჩაკეტილი, უკარებაა. მავანისთვის ეს კარგად მორგებული ნიღაბიცაა. თავად როგორ ეგუები სიახლეს, ადვილად შედიხართ კონტაქტში თუ ეს მართლა სამწერლობო სენია? 
- სიახლეს ძნელად ვეგუები და ადამიანებთან კონტაქტში შესვლაც მიჭირს. საერთო სენზე რომ მეკითხები, არც ვიცი, რა გიპასუხო. ჩემი უახლოესი მეგობარი, გაგა ნახუცრიშვილიც მწერალია და შესანიშნავად ახერხებს ადამიანებთან ურთიერთობას. როცა წერას იწყებ, ალბათ, მთლად დალაგებულიც არ ხარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თავიდან გამომდინარე, ასეთ დასკვნამდე მივდივარ. ამისგან დისკომფორტს ნამდვილად არ ვგრძნობ. პირიქით, ხანდახან მეხმარება კიდეც, რადგან ამის გამო ბევრი რამე თავიდან ამიცილებია. არც ვიცი, არის კი ასეთი სენი?

"გვანადირებს, გვათევზავებს, წუთით არ გვშორდება, უფრო სწორად, არ გვიშორებს და ნებას გვაძლევს, მისი ცხოვრებით ვიცხოვროთ..."
- ალბათ, ხშირად გიწევს სხვისი (შენი გმირების) ცხოვრებით ცხოვრება. ყველაზე უკეთ შენ გეცოდინება, რა უყვართ და სძულთ მათ?
- ვიზეც ვწერ - გვანადირებს, გვათევზავებს-მეთქი, რეალური პიროვნებაა, რომელთანაც მართლაც კარგ დროს ვატარებდი. იგი დღესდღეობით აღარ ცხოვრობს ჯავახეთში. რაც შეეხება ჩემი გმირების ცხოვრებას, რა გითხრა. სხვის ტყავში ნამდვილად არ ვჯდები. ასეთი რამ არ მჩვევია. თუ ჩემს გმირს ვერ მივაკვლიე, თუ მისი სახე არადამაჯერებელი გამომივიდა, წერას აღარც ვაგრძელებ და მას სამუდამოდ ვივიწყებ. ძირითადად, პერსონაჟები ჩემი ნაცნობები არიან, ან ამ ნაცნობთა კრებული. მართალი გითხრა, ამაზე არც მიფიქრია. უპირველესად, ალბათ, მაინც საკუთარ თავსა და განცდებზე წერ.

"ვადიკა იმ ერთადერთ და განუმეორებელ ასაკშია, როცა ადამიანი ღირსეულად, ამპარტავნობის გარეშე, იღებს ალერსს და თაყვანისცემას." 
- შენი დებიუტი სამი წლის წინ შედგა. მანამდე რატომ არ ჩანდი, როდის დაიწყე წერა და გადაწყვიტე, ნაფიქრი სააშკარაოზე გამოგეტანა? 
- სხვათა შორის, მანამდე მქონდა ერთი წიგნი გამოცემული, მგონი, 1996 წელს. მას "ბიჭები" ერქვა. წერა კი ზუსტად მახსოვს როდის დავიწყე - 1993 წლის 4 თუ 5 ნოემბერს. ასე კარგად იმიტომ მახსოვს, რომ მეორე დღეს ჩემი ძმაკაცის დაბადების დღე იყო და რაღაც ისე გამოვიდა, თითქოს საჩუქარი გავუკეთე, თუმცა მისთვის ნამდვილად არ დამიწერია. ასე დაემთხვა. ერთი მეგობარი მყავს, სულ ჩამჩიჩინებდა, შენ წერას დაიწყებო და, აჰა, დავიწყე კიდეც. მანამდე კი ვცხოვრობდი დანარჩენებივით, ჩვეულებრივად. ვიყავი, რა.

"...ქუჩური ესმოდა და უყვარდა. შებერტყილიც იყო და შემყვანიც. როცა ჭირდებოდა, კილომეტრიან ენას გადმოაგდებდა ხოლმე."
- გესმის და გიყვარს ქუჩური? და საერთოდ, უფრო ხშირად წერ იმაზე, რაც გიყვარს და გესმის თუ, რაც არ გიყვარს და არც გესმის? 
-შეიძლება, მართლა არ მიყვარდეს რამე, მაგრამ თუ არც მესმის და არ ვიცი, იმაზე ნამდვილად ვერაფერს ვერასოდეს დავწერ. თუ მაინცდამაინც ქუჩურზე მეკითხები, გეტყვი, რომ მეც ვიდექი ქუჩაში, მაგრამ ამას რომ მოვაყოლო, ასეთი და ისეთი ვიყავი-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებ.

"დილიდანვე გრძნობდა, რომ ამ ღამით რაღაც უნდა მომხდარიყო. ერთი ამბავი დამთავრებულიყო და ახალი დაწყებულიყო."
- რა გრძნობა გეუფლება, როცა ერთ ამბავს ამთავრებ და ახალს იწყებ? 
- როცა ვწერ, ძალიან კარგად ვარ. მე მგონი, ასე კარგად არასოდეს ვგრძნობ თავს, თუმცა ეს იმას სრულებით არ ნიშნავს, რომ თუ არ ვწერ, ცუდად ვარ. ისე გამოდის, რომ იშვიათად ვწერ ხოლმე. როცა არ ვმუშაობ, ასე მგონია, რომ ყველაფერი ეს ჩემი დაწერილი არ არის. ჩემს სამწერლო სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი მაქვს. ვკითხულობ და ვფიქრობ, რომ ამ მოთხრობების ავტორი უცნობი კაცია. წერის პროცესს შეიძლება ბედნიერებაც კი დაარქვა. სხვათა შორის, ვჩქარობ ხოლმე. მინდა, რაც შეიძლება სწრაფად დავამთავრო და წავუკითხო ჩემს ცოლს, დედაჩემს, ძმაკაცს... მოთხრობის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ორი კვირა ვქეიფობ ხოლმე.

"შეიძლება, ქალისთვის ხელი არ გქონდეს ნახლები, ნაკოცნიც არ გქონდეს, არც იცნობდე, მაგრამ იცოდე, რომ შენია! თუ მოინდომე - შენია." 
- ვისთვის და რისთვის გიბრძოლია და მოგინდომებია,  შენი რომ გამხდარიყო? 
- ეს რა რთული კითხვებია?.. მოდი, გიპასუხებ, რისთვის ვიბრძოლებ. ოჯახისთვის ნაღდად ვიბრძოლებ, მეგობრებისთვისაც. რაღაც ადგილებისთვის არ დავყრი ფარ-ხმალს. მოკლედ, ყველაფერ იმისთვის, რაც ჩემია. ალბათ, ადამიანების უმრავლესობის მსგავსად, მეც მესაკუთრე ვარ.

"უკან დასაბრუნებელ ბილეთში ნებისმიერი საფასურის გადამხდელია."
- მოგდომებია წარსულში დაბრუნება რისამე თავიდან დაწყებისა და ახლებურად წარმართვის მიზნით? 
- ძალიან ხშირად. ყველაზე ხშირად ალბათ, სწორედ ეგ მომდომებია. ბევრიც მიფიქრია წარსულში დაბრუნებაზე. იმდენ რამეს დავიწყებდი თავიდან და შევცვლიდი... არ მკითხო, რას. მაინც ვერ გიპასუხებ.

"ახლა უკვე იცოდა, ყველაფერს დამსახურება რომ უნდოდა."
- როგორ ფიქრობ, რა მიიღე ცხოვრებისგან დამსახურებულად და თუ მიიჩნევ, რომ რაიმე დაუმსახურებლად შეიფერე? 
- გამიჭირდება პასუხის გაცემა. აი, მაგალითად, ახლა ის შევიფერე, რომ ვზივარ და ჭკვიანი სახით რაღაცებს გეუბნები. ალბათ, ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. რაც არ დამიმსახურებია, ის არც მიმიღია. მგონი, ასეა.
"მისთვის დრო მხოლოდ მიდის - არ გარბის."
- რა არის შენთვის დრო - ჩართული წამზომი, ისტორია, უბრალოდ ჩავლილი საათები თუ რისამე შიში? 
- დრო? კარგი, ბატონო. ჩემთვის დრო, უპირველესად, კალენდარია. დრო არის: დაგეგმილი გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. თუმცა, ეს გეგმები უფრო ხშირად არ სრულდება ხოლმე. ვიწყებ ფიქრს - ზაფხულში წავალ აქ, ზამთარში - იქ და წლები ისე გადის, რომ ხან ვახერხებ აქა-იქ წასვლას, ხან - ვერა. ეს, ალბათ, ოცნებაა. სექტემბერში ჯავახეთში მინდა, ოქტომბერში - ხევსურეთში, თებერვალში - გარეჯაში, მაგრამ მხოლოდ სურვილი საქმეს ვერ შველის. დრო სწრაფად გადის. შიშის გრძნობა კი, რამდენიც გენებოს. ბევრი რამის მეშინია. ალბათ, სიკვდილისაც. ვფიქრობ, ერთი დიდი შიშისგან მოდის დანარჩენი შიშები და პიროვნებებზე ნაწილდება. ბავშვებზე ვნერვიულობ ხოლმე, მეშინია მათი ქუჩაზე გადასვლის. მაგრად ვნერვიულობდი ჩემი გოგო ბაღში რომ უნდა წასულიყო, პირველად შეეცნო საზოგადოება, შეხებოდა ბევრი ცუდი და ამასთან, კარგიც.

"ეს მხოლოდ ძველი და უსაშველოდ გრძელი ამბის გაგრძელებაა. დასასრულამდე კი ჯერ ძალიან, ძალიან შორია..."
- თუ გაქვს ისეთი, თუნდაც უსაშველოდ გრძელი, ამბები, რომლის დამთავრებაც გულით გწადია, მაგრამ ვერა და ვერ უბრუნდები? 
- ალბათ, პირიქით. ბევრი ამბავია ისეთი, რომ მინდა, არ დასრულდეს და მთავრდება.

"ნათდება მთელი თბილისი, ქალაქი, სადაც ისინი ყველანი დაიბადნენ, გაიზარდნენ და რომელიც სიგიჟემდე უყვართ, ქალაქი, რომელშიც ამდენი საინტერესო ამბავი ხდება და სადაც ვერასოდეს მიხვდები, თუ რას მოგიტანს ხვალინდელი დღე."
- თუ შეგიძლია დაგვიხატო ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღე?  რა გხიბლავს და გაღიზიანებს თბილისში? 
- ოცნებებში არასოდეს ვყოფილვარ ჩაძირული. უკეთეს ურთიერთობებს მოვსწრებივარ, მაგრამ მათი გარომანტიზირება არასოდეს მიცდია და არც მიყვარს. საერთოდ, ბავშვობიდანვე დანარჩენი საქართველო ყოველთვის უფრო მიყვარდა, ვიდრე თბილისი. რომ ვთქვა, ამ ქალაქში რაიმე მაღიზიანებს-მეთქი, არ ვიქნები მართალი. შეიძლება, ადამიანი გაღიზიანებდეს. არმოწონება სხვა რამეა. ბევრი რამ არ მომწონს, თუმცა რაც ამ ქალაქს სჭირს, ის, ალბათ, მთელ ქვეყანაზე ვრცელდება, მთელ ქვეყანაზე კი არა, ხომ ხედავ, რა ხდება? გლობალიზაცია და ამბები.  თბილისში მიყვარს ხალხი, ჩემი მეგობრები, ნათესავები. ადრე ბევრს დავდიოდი ფეხით და ალბათ, ეს ქალაქიც მაშინ უფრო მეტად მიყვარდა. ძალიან მიყვარს ჩემი სახლიც, პირველად გვაქვს ჩვენი ბინა, გულით გავაკეთეთ და ესეც ხომ თბილისშია?! 
 
"უბედურება ის იყო, თვითონ კაი მოყოლა რო არ შეეძლო."
- შენი აზრით, ის, ვისაც აქვს ნიჭი, ჩინებულად აღწეროს და მოყვეს ესა თუ ის ამბავი, შეძლებს, მწერლის მძიმე კალამი ზიდოს? ანუ კარგად თხრობა კარგი წერის საწინდარია? 
- მართალი გითხრა, მოყოლის ნიჭი, მართლა არ მაქვს. მას კი, ვისაც შეუძლია, ამბები კარგად მოყვეს, ალბათ, ახლოს დგას მწერლობასთან. ამბობენ, მწერლებს დიდად არ ეხერხებათ ეს საქმეო. პირდაპირ გკითხავ - გიო ახვლედიანი როგორი მთხრობელი და მწერალია? პასუხს თავად გავცემ - ორივე საქმეში მაგარია. ის კი ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება თუ არა, რომ კარგად თხრობა კარგი წერის საწინდრად იქცეს.

"ხო წერ რაღაცეებს? არა, რატო დაგცინი?მე მაგრად მომეწონა, განსაკუთრებით აი ის... გეფიცები, არ გეკაიფები. კიდე გააკეთებ შენ კაი რაღაცეებს."
- ვინ არის შენი მოთხრობების პირველი შემფასებელი და ვინმეს თუ გაუტარებიხარ კრიტიკის ქარცეცხლში? 
როცა წერა დავიწყე, ჩემი პირველი შემფასებელი დედაჩემი იყო. რაც ცოლი მოვიყვანე, პირველობაც მას ვარგუნე. შეიძლება, კრიტიკის ქარცეცხლში ვინმეს გავუტარებივარ, მაგრამ ჩემთვის პირდაპირ არავის არაფერი უთქვამს. ხშირად მომხდარა ისეც, რომ რაღაც არ მოწონებიათ. გააჩნია, ვინ არის ის, ვინც ცალკეული დეტალების შეცვლას მთხოვს. დედაჩემისა და ჩემი მეუღლის ნათქვამს თითქმის ყოველთვის ვითვალისწინებ. ერთადერთხელ მოხდა ისე, რომ მეუღლემ მთხოვა, გინება ამომეღო. მე კი ჩემს აზრზე დავრჩი. მივიჩნიე, რომ ის საჭირო იყო.

"ჩაიწერე, ეგება გამოგადგეს სადმე...
...შეგიძლია, ეს ფრაზაც ჩაწერო...
...შეგიძლია ესევე ჩაწერო..."
- გჩვევია თითოეული დეტალის გულდაგულ დაკვირვება, შემდეგ ჩანიშვნა და მოთხრობაში გამოყენება? 
- კი, ნაღდად მჩვევია. უამრავი რვეული მაქვს ასეთი ჩანაწერებით სავსე. განსაკუთრებით ვინიშნავ დიალექტს, მოწონებულ სიტყვებს, ფრაზას, ხანდახან - ემოციასაც. მგონი, კარგია. ხშირად მეხმარება. რასაც წერ, არაფერი იკარგება, მერე აუცილებლად გამოგადგება რაღაცაში.

"ვხედავ, მაგრამ ჩემი თვალით რომ ენახა, ჯობდა..."
- რა უფრო მეტია შენს მოთხრობებში - მონაყოლი, მოგონილი თუ საკუთარი თვალით ნანახი? 
-ალბათ, სამივე ერთნაირად. რომელიმეს უპირატესობას ვერ მივანიჭებ. ერთ რამეს ვიტყვი - არც ერთი ამბავი არ მაქვს, რეალურად მომხადარი ზუსტად აღმეწეროს. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, თითოეული ისტორია მართლა დამაჯერებელი და ნამდვილი, გმირები - რეალური, ემოცია კი ცოცხალი იყოს. გამონაგონის გარეშე მოთხრობა არ არსებობს. მონაყოლიც ხშირად გამომდგომია. ბაბუაჩემი სულ მიამბობდა რაღაც ამბებს, განსაკუთრებით ორი ამბავი უყვარდა და მთხოვდა, დამეწერა. მე კი სურვილი ვერ ავუსრულე.

"ამიტომაა საჭირო სიფრთხილე და კიდე სიფრთხილე, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული მაცდური..."
- თავად თუ გაფრთხობს ვინმე ან რამე? 
- ადამიანებს ვუფრთხი. არის ხალხი, ვისაც ვერიდები. ვუფრთხი ცუდის გაკეთებას.

"მე იმ ერთობაზე გელაპარაკები, ბევრი ხალხი სიყვარულით როა გაერთიანებული. იქ შეიძლება, სხვა რამეებიც იყოს, მაგრამ სიყვარულია მთავარი - უმაგისოდ არ არსებობს, ეგეთი ერთობის გემოს ერთხელ რო გაიგებ და მერე რო წაგართმევენ, მაგაზე მწარე არაფერია..."
- "ერი”, "ერთობა” - ეს ის სიტყვებია, რომელთაც ხშირად მიმართავ ხოლმე. სამშობლო სოფელ-ქვეყანაა, მამოძრავებელი ძალა კი - სიყვარული. ოდესმე თუ გიგრძვნია თავი დამცირებული ერის შვილად, რომლის სამშობლოზეც აღარც სოფელი ითქმის და არც - ქვეყანა? 
- რომ გითხრა, ჩემი ბოლო წიგნის სათაური - "სოფელ-ქვეყანა" - მომწონს-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. დამცირებულის არა, მაგრამ დამარცხებული ხალხის შვილად კი ვიგრძენი თავი 1993 წელს, როცა ვერტმფრენიდან სვანეთის უღელტეხილზე მიმავალი ხალხი დავინახე. ნაკადი მთელ სიგრძეზე გაჭიმულიყო. ისიც კი არ ვიცოდი, თუ "ერს" და "ერთობას" ხშირად ვხმარობდი. ერთობა ერთ-ერთი იმ მაცდურთაგანია, მუდმივად რომ გიზიდავს. სულ გინდა, რაღაცის ნაწილი იყო. ალბათ, ესეც ადამიანის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. მარტო როგორც კი რჩები, გერხევა. ახლა რომ მახსენდება, ერს უფრო ირონიულ კონტექსტში მოვიხსენიებ ხოლმე.

"უკვე მივიწყებული მწერალია და თანაც მარტო სიკვდილზე წერს."
- არასოდეს გენატრება მივიწყებული მწერლები, რომელთა გახსენება გინდათ ხოლმე თუნდაც იმიტომ, რომ წარსულში უამრავი გრძნობა დაბადეს? 
- პრინციპში, სულ ერთსა და იმავეს ვკითხულობ. მხოლოდ მაშინ ვიღებ ხელში ახალ წიგნს, თუ სადმე მივემგზავრები. მიყვარს ძველებთან მიბრუნება. სიამოვნებას მგვრის. ამ დროს ჩემს თავს ვიხსენებ ისეთს, როგორიც აღარ ვარ და ვეღარც ვიქნები. როცა რაიონში რომელიმე ინტელიგენტის სახლში ვჩერდები, ზუსტად ვიცი, მისი წიგნის თაროზე ქართულად ნათარგმნი პროსპერ მერიმე იდება. ვარაუდი ყოველთვის მიმართლებს და ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს ხოლმე. ავიღებ და... ხშირად, ასე მიმიკვლევია ჩემი ბავშვობისდროინდელი წიგნებისთვის. მიყვარს "მაუგლის" კითხვა და ახლა ჩინებული საბაბი მაქვს - ბავშვებს ვანათლებ. გამორიცხულია, ფოლკნერის "დათვს" არ მივუბრუნდე, მიყვარს ლიოსას რომანები, აკუტაგავას მოთხრობები...

"ბავშვობიდან მაგრა მეხერხებოდა წერა, თავისუფალი თემები და ეგეთი რამეები."
- შეიძლება, თავისუფალი თემა მოთხრობას ჰგავდეს და პირიქით? და თუ დაგიწერია ასეთი თემა ან მოთხრობა? 
- თავისუფალი თემების წერა მართლაც მეხერხებოდა. სკოლაში ძალიან კარგი პედაგოგი და არაჩვეულებრივი პიროვნება, ქალბატონი ვენერა მამაცაშვილი მასწავლიდა, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. თურმე, რაც კი რამ დამიწერია, ყველაფერი უგროვებია და სკოლა რომ დავამთავრე, ეს რვეულები მაჩუქა. აი, კიდევ ერთი გზა, გავიხსენო საკუთარი თავი და წარსული, რას ვაკეთებდი, როგორი ვიყავი. თავისუფალი თემა მართლა შეიძლება, მოთხრობას ჰგავდეს, მაგრამ თუ მოთხრობა ჰგავს თავისუფალ თემას, მაშინ რაღა მოთხრობა გამოდის?!

"ეგრეა ძმაო, ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ და შენ კიდევ სულ სახლში ზიხარ. გაზეთი რო გაზეთია, იმასაც არ კითხულობ."
- ყოველი ახალი ინფორმაციის გაგება ახალ იმპულსს აღძრავს ადამიანში, ახალი წიგნი საღერღელს შლის. ხომ არ გაგვანდობდი ბოლოს გაგებულ ინფორმაციასა და წაკითხული წიგნის სათაურს? რა შეგმატა ან ერთმა ან - მეორემ? 
- ყოველდღიურად იმდენი ინფორმაცია მესმის... სამწუხაროდ, ტელევიზიით ვერაფერს გაიგებ გასახარს. ყველაფერი ეს კი არ გმატებს, პირიქით - გაცარიელებს. ბოლოს აკუნინის "ალმასის ოთხთვალა" წავიკითხე და ბევრი რამ შემძინა.

"მზემამსწრალ ეშმაკივით ვარ. რომელი ცოდვების მოსანანიავებლად შამხვდა ამდენ ტვირთი?"
- შენმა პერსონაჟებმა ლამის მთელი საქართველო მოიარეს, ხან მთად არიან, ხან - ბარად. მაინც სოფლის ამბები სჭარბობს. მართალი გითხრა, ისიც კი მიკვირს, სხვადასხვა კუთხის ზნე-ჩვეულებანი და კილო-კავი ასე კარგად რომ იცი. იქნებ, იმიტომ წერ მათზე, რომ ისინი ყველასგან მივიწყებულნი არიან და გეშინია, ერთ დღესაც მწირად დარჩენილები მიწამ არ ჩაყლაპოს?
- სამწუხაროდ, მთელი საქართველო ვერ მოიარეს. ჩემთვის სოფელზე წერა ძალიან ადვილია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოფელი ძალიან მიყვარს, მეორეც, ყველაფერი ხელისგულზე მოჩანს. არ არიან შენიღბულები. ყველამ იცის, ვინ ვინ არის. ამიტომ ყველაფერ ამაზე წერა ადვილიც არის და სასიამოვნოც. საერთოდ, ვწერ იმ კუთხეებზე, რომელთა მიმართ გამძაფრებული გრძნობები მაქვს. მართალი გითხრა, ეს მოთხრობა ("წასვლა"), საიდანაც ციტატა მოიყვანე, განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის. ალბათ, იმიტომ, რომ ხევსურები მიყვარს ძალიან. სხვათა შორის, მოთხრობას ხევსურული კორექტურა გაუკეთდა. ჩემი მეგობარი შამილ შეთეკაური დავიხმარე და მგონი, ამიტომაც გამოვიდა ლამაზი.

"ყველაზე ადვილი ნივთის შეყვარებაა, მერე ცხოველის და ბოლოს - ადამიანის. უცხო ადამიანის შეყვარება კი ყველაზე ძნელია, ჩემო ბატონო!"
- ნივთი, რომელიც ყველაზე ადვილად შეიყვარე და დღემდე ერთგული ხარ, ცხოველი, რომელიც მდუმარე მეგობრად იქციე და ადამიანი, რომლის გარეშეც თავი ვერ წარმოგიდგენია...
- ერთი ჯოხი მაქვს, სულ თან დავატარებ. იმიტომ კი არა, რომ მიყვარს, უბრალოდ, შევეჩვიე. მყავდა ძაღლიც, რომელსაც სათანადოდ ვერ მოვუარე და გავაჩუქე. სოფელში სულ დაბმული იყო და შემეცოდა. მეუღლის, შვილებისა და საერთოდ, ოჯახის გარეშე კი თავი მართლა ვერ წარმომიდგენია. არავინ ელოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახის კაცი გამოვედი.

"მკურნალი ექიმივით მე მიჭირავს ყურადღებიანი ხელი ამ ქალაქის პულსზე და მე გეუბნებით, რომ არაფერი იცვლება. ქეიფობენ, კიდევ იქეიფებენ და ყველაფერიც ფეხებზე ჰკიდიათ. ასეთია ჩემი დიაგნოზი..."
- შენი პერსონაჟის მსგავსად, ვფიქრობ, შენც მკურნალი ექიმივით ხარ. მწერალი, რომლის ერთ-ერთი გატაცება იმავე პერსონაჟის პროფესია - ფოტოგრაფიაა. რამდენად გეხმარება ეს უკანასკნელი წერაში და თუ უსვამ ხოლმე ვინმეს "დიაგნოზებს"? 
- ძალიან კარგ ვარიანტს, ხერხს მივაგენი - აქვეა "ფუჯი", სადაც ხშირად მივდივარ ხოლმე რაღაც-რაღაცების დასაბეჭდად. იქ მომუშავე ბაბუას იმდენჯერ შემოუჩივლია, აღარ შემიძლია სულ ქეიფები და ქეიფებიო, რომ იდეამ ამიტაცა. ფოტოგრაფია წერაში არ მეხმარება, ვიდეოკამერით თუ გადავიღე რამე, ბოლომდე დავიღუპე და ეგ არის. ასე მგონია, თუკი რაღაც გადავიღე, იმის დაწერა არ შეიძლება. სხვათა შორის, ხევსურეთში  გამიმართლა. ორი ოჯახის წასვლას საკუთარი თვალით ვუყურებდი და გული მწყდებოდა, კამერა რომ სხვა სოფელში დამრჩენოდა. არადა, რომ გადამეღო, დარწმუნებული ვარ, "წასვლას" ვეღარ დავწერდი. ფოტოები კი სხვა გრძნობებს აღძრავს ჩემში - ვუყურებ და მენატრება ის ადგილები, ხალხი, ხედები... ასე რომ, მთლად ექიმი არა ვარ, ვინმეს დიაგნოზი დავუსვა.

"პასუხი ხომ თავისით მოდის, შეკითხვისდაუსმელად."
- მე რომ კითხვა არ დაგისვა, რა პასუხს გამცემ თავისთავად? 
- აბა, რა ვიცი.

თეა ყიფშიძე

??????