დუმბაძე ნოდარ
გაზიარება

უმადური ექსკლიუზივი

სოფელ წიფნაგვარაში, ბერეჟიანების საგვარეულო სასაფლაოზე იმდენი ასწელგადასული ბერეჟიანი იწვა, რომ გუდულის ასი წელი არავის გახსენებია. სხვას კი არა, თვითონ გუდულისაც არ გახსენებია თავისი დაბადების დღე. იგი იმ დილით ლონგინოზა მამალთან ერთად ადგა. ჯერ ფეხებში გაბლანდულ მეზობლის ძაღლს გაებაასა.
- აბა, შენ იცი, წუწკალია, რამდენ კვერცხს ამაცლი დღეს ბუდიდან.
- მერე ქანდარიდან გადმოფრენილი მამალი აავსო საყვედურებით. 
- ძილს რომ არ მაცლი და მეფაფხურები ყოველ დილას, იმ დედლებს მიხედო გირჩევნია, არდალიონა ბროკიშვილის მამალი რომ უქაჩავს თვალებს. - საყვედურებს რომ მორჩა, ეზო გაიარა და ქუხნა-სახლში შევიდა. კერიასთან დაიჩოქა, ნაცარში გახვეული ნაკვერცხალი გამოჩხრიკა, ზედ ხმელი ფიჩხი დააყარა. უბერა, უბერა სული და, შუაცეცხლი რომ კარგად გააჩაღა, წყლით სავსე თუნგი მიუდგა. ოდნავ რომ შეთბა წყალი, სარძევე ქოთანში გადაასხა, მარჯვენა მკლავი დაიკაპიწა და ბოსლის კარი შეაღო. 
ბაგაზე მიბმულმა ძროხამ ვეებერთელა თვალები მიანათა პატრონს და დაიზმუვლა.
- გაგიმარჯოს, ბატონო! - მიესალმა გუდული ძროხას და ხელი დაჰკრა გავაზე. ძროხამ ცოხნა შეაჩერა, ზლაზვნით წამოდგა და მშრალში მიდგა. რძის მისაცემად მოემზადა. გუდულიმ სამფეხა სკამი ლაჯებში ამოიდო და ძროხის დამჭკნარ ჯიქანს მიუჯდა.
ცოტა მისცა ძროხამ რძე.
- სულ წახვედი ხელიდან, შე უბედურო! - უსაყვედურა ძროხას გუდულიმ და რქაზე ბაწარი შეხსნა.
 - რა ვქნა, დავბერდი. - იმართლა თავი ძროხამ.
გუდულიმ ჭიშკარი გაუღო და მოჩალულ ნაყანევში გადადენა.
- წადი, შენ გაიარე მშიერი მგლის უკანალში, ძროხა კი არა, თხა ხარ...
ძროხა წავიდა და უგემურად დაუწყო წიწკნა ქეცმორეულ ბალახს.
***

- გამარჯობა, გუდული!
გუდული ოდის კიბეზე იჯდა, გვერდით რძიანი ქოთანი ედგა, ცნობისმოყვარე ბავშვივით ორ მთას შორის ამოწვერილ მზეს უცქერდა და არაფერზე არ ფიქრობდა.
 - გამარჯობა, გუდული!
გუდულიმ იქით გაიხედა, საიდანაც სალამი მოესმა. მსხლის ძირში უჩა მელიმონაძე იდგა და თავს იფხანდა.
 - რამდენჯერ უნდა გასწავლო, ბიჭო, მე შენ, გუდულის ნუ მეძახი, გუდული ბაბუა დამიძახე-მეთქი?! 
- გამარჯობა, გუდული ბაბუა!
- გაგიმარჯოს!
- დედამ შემოგითვალა, უჩას მურაბა აჭამეო! - გადასცა უჩამ დანაბარები.
გუდულის გაეღიმა:
 - რძე არაო?
- მურაბაო! - გაუმეორა უჩამ.
- აბა, რძეს სანამ არ დალევ, მურაბას არ გაჭმევ! - უთხრა გუდულიმ.
- ჩამახედე! - თხოვა უჩამ და ქოთანში თავი ჩარგო, - დედამ მითხრა, ნუ სვამ უდღეურ ხბოსავით გუდული ბერეჟიანის უდუღარ რძეს, თორემ ბრუცელოზი დაგემართებაო. - თქვა უჩამ, ქოთნიდან  თავი ამოჰყო.
- რა ესმის, ბიჭო დედაშენს? არ იცი შენ, ყველა ქალის ჭკუა თხამ ბარდზე რომ მიაჭამა? უდუღარი რძით ვარ გაზრდილი, მე რომ მიყურებ! - გაუჯავრდა გუდული და ქოთანი მიაწოდა.
უჩამ ამოიოხრა და ქოთანი პირზე მიიყუდა. გუდული უყურებდა, როგორ იბერებოდა ბუყბუყით უჩას პატარა მუცელი და სიცილს ძლივს იკავებდა. ბოლოს უჩამ ერთი ამოიქშინა, რძით გათეთრებული საულვაშე პერანგის სახელოთი შეიხოცა და ქოთანი გუდულის გაუწოდა.
- მომეხმარე პატარა შენც! - სთხოვა. გუდულიმ ქოთანი ჩამოართვა და მზეს გახედა.
- ბიჭო, უჩა! სკოლაში წასვლას არ აპირებ დღეს?
- კვირაა დღეს. - გაუღიმა უჩამ.
- შაბათია, ბიჭო! - წარბი შეიკრა გუდულიმ.
- კვირაა! - არ დაიშალა უჩამ.
- ვაი, შენ ჩემო თავო! - დაირტყა მუხლზე ხელი გუდულიმ.
- რა იყო, გუდული ბაბუა, შენთვის სულ ერთი არაა შაბათი და კვირა? კლასში შენ არ დადიხარ და... - დაამშვიდა უჩამ.
- რიცხვი რომელია? 
- რიცხვი 28, დღე - კვირა, თვე - ნოემბერი, წელიწადი - 1970. - ჩამოუკაკლა უჩამ და ისევ გაიღიმა.
- ვაი, შენ ჩემო თავო! - გაიმეორა გუდულიმ და ადგა.
გაკვირვებული უჩასთვის ყურადღება არ მიუქცევია, ზალაში შევიდა და თავის საწოლის თავზე მილურსმნულ კალენდარს მიაჩერდა. დიდხანს უყურა. ბოლოს კალენდრიდან ფურცელი მოხია, აივანზე დაბრუნდა და ისევ ქვის კიბეზე ჩამოჯდა.
 - რა იყო, გუდული ბაბუა? - გვერდით მიუჯდა უჩა. იდაყვი კალთაზე ჩამოადო და ქვევიდან ახედა ცნობისმოყვარე თვალებით. გუდულიმ ხმა არ გასცა, გულისჯიბიდან სათვალე ამოიღო, გაიკეთა და ისე, როგორც ეწერა კალენდრის ფურცელზე, თავიდან ბოლომდე ასო-ასო ჩაიკითხა.
დიდი ოქტომბრის რევოლუციის 53-ე წელი 28 ნოემბერი - კვირა
                მზე - ამოდის - 8:06
                                          ჩადის - 17:32
                  დღის ხანგრძლივობა - 9:26
                  ახალი მთვარე 24 ნოემბერს 
                            ამოდის - 10:55
                             ჩადის - 20:31
                            1820 - დაიბადა ფრიდრიხ ენგელსი

ახლა კალენდრის მეორე მხარეს დაბეჭდილი ამბავი ჩაიკითხა გულდასმით:
იცით თუ არა?..
ერთ დღეში ადამიანი 20 ათასამდე ნაბიჯს გადის, ერთი წლის განმავლობაში კი ეს ციფრი 7 მილიონს აღწევს, ასე რომ, 70 წლის მანძილზე ნაბიჯთა რაოდენობა შეადგენს 500 მილიონს. ეს გზა - დაახლოებით 384 ათასი კმ - უდრის მანძილს დედამიწიდან მთვარემდე - გუდულიმ ცას ახედა და მზე შეხვდა. ახლა დასავლეთით გაიხედა, დალეული მთვარე დაინახა. მზე და მთვარე ერთად იყვნენ ცაზე, მაგრამ მზე იმ წუთში, რატომღაც, უფრო ახლოს მოეჩვენა გუდულის, ვიდრე მთვარე. კითხვა განაგრძო: - 384 კმ დედამიწის 9 ეკვატორზე მეტია, მაშასადამე, 70 წლის მანძილზზე ადამიანს შეუძლია 9-ჯერ გარშემოუაროს დედამიწას. - გუდულის თავბრუ დაეხვა.
70 წლის მანძილზე 9-ჯერ, 100 წლის მანძილზე?.. 100 წლის მანძილზე, ალბათ ათჯერ, თერთმეტჯერ... - გუდულიმ ფეხებზე დაიხედა, მუხლები ოდანავ აუთრთოლდა, საშინელი დაღლილობა იგრძნო უცებ, თითქოს ახლა, ამ წუთში შემოეაროს დედამიწისთვის მეთორმეტეჯერ, დაძარღვული ხელები ძვლად ქცეულ მუხლისთავებზე დაიწყო და დიდხანს, დიდხანს, დიდხანს ეფერა, ვიდრე თრთოლვამ არ გაუარა.
- გეყურებათ? რომ გვევლო ამ ასი წლის მანძილზე მე და თქვენ თურმე: წიფნაგვარიდან ოზურგეთამდე, ოზურგეთიდან ბათუმამდე, ბათუმიდან მოსკოვზე, მოსკოვიდან გერმანიაზე, გერმანიიდან ამერიკაზე, მერე იქითა მხრიდან იაპონიაზე, ოზურგეთზე და ისევ წიფნაგვარზე გავლით, ამ დალოცვილ დედამიწას თორმეტჯერ შემოუვლიდით თურმე გარშემო. - გუდული დაფიქრდა. - არ მოხერხდა, - გუდულიმ სინანულით გაიღიმა,  - არ მოხერხდა, მაგრამ მაღალი ღმერთია მოწამე, ამ ხნის განმავლობაში წუთი არ გავჩერებულვართ მე და თქვენ. - გუდული ისევ დაფიქრდა და კვლავ გაეღიმა: - გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში სულ ერთ ადგილზე გვივლია... ისე კი, ბევრი გვივლია. ჰო, რა ბედი გვიქსოვია. მაგრამ არ ვნანობ, იმისათვისაც მადლობელი ვარ, ეს 100 წელიწადი ასე დაუღალავად რომ დაგქონდათ ჩემი ძვალი და ხორცი შუკიდან შუკაში, ეზოდან - ეზოში და სამეზობლოში, დიდი მადლობელი ვარ თქვენი, ბატონო, დიდი მადლობელი! - თქვა გუდულიმ ხმამაღლა და ისევ დაისვა ხელები გამხმარ მუხლისთავებზე.
1970 წლის 28 ნოემბერს დილის რვა საათზე ასი წელი შეუსრულდა გუდული ბერეჟიანს. გაახსენდა ეს გუდულის და გული აუფართქალდა უცებ ბუდეში დაჭერილი ჩიტივით. გაუკვირდა და შეეშინდა გუდულის. ახალგაზრდობაში ემართებოდა ასე: სოფლის მოედანზე გამოსულს, მიზანში სროლის წინ ემართებოდა, ცხენზე შეჯდომის წინ ემართებოდა მარულაზე. ზოსიმე ქერქაძის ტყუპებთან ჭიდაობის წინ ემართებოდა და მათი დის, თალიკოს დანახვაზე ემართებოდა  გუდულის ასეთი გულის ფრიალი, ახლა რომ აუფართქალდა. შეშინდა გუდული, არ ამომივარდეს გული ბუდიდანო და ხელი იტაცა მარცხენა ძუძუზე. ნახევარ წუთს იფართქალა გულმა. მთელმა ახალგაზრდობამ გაიარა გუდულის თვალწინ ამ ნახევარ წუთში და თითქოს გასხლტა ხელიდანო, გაფრინდა უცებ გული, სუნთქვა შეეკრა გუდულის და ცივმა ოფლმა გამოჟონა შუბლზე. ბუმბულივით მსუბუქი გახდა, თითქოს ჰაერს შეერიაო, მიილია და უცებ ჩიტივით  კვლავ მობრუნდა გული ბუდეში, ფრთები გაისწორა, კარგად დაიბუდა და დაიწყო თავისი ჩვეულებრივი,  მიყრუებული, მაგრამ ზომიერი და დინჯი საქმიანობა. შეკრული სუნთქვა გაეხსნა გუდულის. ფილტვები გრილი, კამკამა ჰაერით აევსო, ცივი ოფლი სახელოთი მოიწმინდა, შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა.
- მადლობელი ვარ, ბატონო, შენი, დიდი მადლობელი! - თქვა და გულს ხელით მოეფერა.
ბერეჟიანებისათვის ღვთით ნაბოძები 100 წელი შეასრულა ერთი საათის წინ და ახლა თავისი შნოთი და მარიფათით სასიცოცხლო ასმეერთე წელიწადს შეუდგა გუდული ბერეჟიანი. 

***
ეზოში ჩავიდა გუდული, ღარისაკენ მიმავალი ბილიკი გაიარა, შუა ნაყანევში მივიდა და თავის კბილა მსხლის ჩრდილში დაჯდა. უჩა თან მიჰყვა.
- აგი წალდი არ ტკივა ამ მსხალს, გუდული ბაბუა? - ჰკითხა უჩამ და ხიდან ნიკურტით დარჭობილი წალდი ამოაძრო.
დაიწყო, გაიფიქრა გუდულიმ, მზის ჩასვლამდე ახლა მილიონ შეკითხვას მომცემს.
- ხე თუ წალდს და ნაჯახს გრძნობს, უჩა ბაბუა, დაღუპულა ჩვენი საქმე და ისაა, ტყუილა ცდილობს კაცი მაშინ ცოდვების მონანიებას ღვთის წინაშე. - გუდული ახალი კითხვისთვის მოემზადა, მაგრამ უჩამ არაფერი ჰკითხა. წალდის აპარპარებულ პირს ფრთხილად დაუსვა ცერი და თვითონვე უპასუხა თავისსავე კითხვას.
- გრძნობს, აბა არ გრძნობს?! - თქვა და გვერდით მიუჯდა.
     გუდული დაფიქრდა და უჩას ცეცხლივით წეთელ თავზე ხელი დაადო.
- უჩა, ამ დილით შენს გუდული ბაბუას 100 წელი შეუსრულდა.
უჩამ მოხედა გუდულის და გაუღიმა.
- რა გაცინებს, ბიჭო?
- ასი წლის არ იყავი, გუდული ბაბუა, შარშან და იმის წინ?
- შარშან და იმის წინ ასის რავა ვიყავი, შე მამაძაღლო! - ეწყინა გუდულის.
- აბა, რამდენის იყავი?
- შარშან ოთხმოცდაცხრამეტის. დღეს გავხდი ასი წლის.
- სულ ასეთი არ იყავი? - გაუღიმა ისევ უჩამ.
- ნუ იცინი, ბიჭო, უდღეურივით, სულ ასეთი მამაშენი იყო, თუ კარგია!
- დედამ თქვა შენზე, მაგას ხანი არც ემატება და არც აკლდება, დრო გააჩერა მაგ შეჩვენებულმაო.
გუდულიმ თვალებში ჩახედა ბავშვს და შიგ თავისი ჭინკასავით ბავშვობა დაინახა, მერე თვალი აარიდა უჩას და ისე ჰკითხა, თითქოს სხვას ეკითხებაო:
- არ კვდებაო, აბა?
- არაო.
- დრო გააჩერაო?
- კი, გააჩერაო.
- დროს მე კი არა, ასი უღელი ხარ-კამეჩი ვერ გააჩერებს, უჩა ბაბუა - სინანულით გააქნია თავი გუდულიმ.
- აბა, რა გააჩერებს დროს? - დაინტერესდა უჩა.
- დრო მოვა და მისით გაჩერდება ალბათ. - თქვა გუდულიმ და თავისსავე ნათქვამზე გაეცინა.
უჩამაც გაიცინა და მოლზე გულაღმა გაწვა.
- შეხედე, გუდული ბაბუა, მზე და მთვარე ერთადაა ცაზე! - გაახედა უჩამ.
- ვნახე, ბაბუა, უკვე!
- როგორაა მერე მაგი, დღე და ღამე რომაა ერთად ცაზე? - ჰკითხა უჩამ.
„გადამრევს ეს ბიჭი“, - გაიფიქრა გუდულიმ და წაუყრუა.
- როგორაა? - არ მოეშვა უჩა.
- ეს ცა ღვთის თვალია და ყველაფერს იტევს დალოცვილი, დღესაც და ღამესაც. - აუხსნა გუდულიმ.
- როგორაა ღვთის თვალი?
- ნუ გაიკრიფე, ბიჭო, ენად! - გაჯავრდა გუდული.
- როგორაა? - არ დაიშალა უჩამ. გუდულის სასტიკად დასცხა და საყელო შეიხსნა.
- როგორაა და შენ ხომ გაქვს თვალი? - ჰკითხა უჩას უცებ.
- აბა რაა ეს? - მიიტანა სალოკი თითი თვალთან უჩამ.
- დახუჭე, აბა! 
უჩამ სწრაფად დახუჭა თვალები.
- რა ქნა?
- დაღამდა.
- გაახილე!
უჩამ გაახილა თვალები.
- ახლა?
- გათენდა! - თქვა უჩამ და გაიღიმა.
- ჰოდა, ასეა ღვთის თვალიც. - ამოისუნთქვა შვებით გუდულიმ.
- მერე, მე და მაგი ერთი ვართ? - ჰკითხა უჩამ და წამოჯდა.
- ერთი ხართ, ბაბუა, აბა რა ხართ! შენია ეს ქვეყანა და რა დადის ზედ შენი ფასი?! - დაუმტკიცა სამყარო გუდულიმ და ცეცხლმოკიდებულ ჯირკივით უჩას თავი გულში ჩაიკრა. უჩას კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა გუდულისთვის, მაგრამ გუდულიმ ხელი ააფარა დაფჩენილ პირზე და დაემუქრა: - აღარ მკითხო არაფერი, თორემ შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ.
- კიდევ ერთს გკითხავ და მეტს არა! - გამოიბდღვნა ყელი უჩამ...
- მიდი, ოღონდ ერთის მეტი არ მკითხო! - გააფრთხილა გუდულიმ.
- დედაჩემმა მითხრა ამ დილით, მამაშენი, დათოიე მელიმონაძე ყაჩაღია, აბრაგი, ხვადაგი და ძაღლიშვილი, მკვდარია მაგი ჩვენთვისო. მართალია?
გუდულის პირი გაუშრა, რა უნდა უთხრას ახლა ამ ლეკვივით პატარა ბიჭს, აბრაიალებული ჯირკვივით რომ აქვს მისი თავი მკერდზე მიხუტებული, ბებერ ძვლებს რომ უთბობს და ცნობისმოყვარე თვალს არ აცილებს!
- მართალია, ბაბუა, მაგრამ შენ არ უნდა გაიმეორო მაგი, მაინც მამაა შენი. - ძლივს მოაბრუნა ენა გუდულიმ.
- რატომ?
- შენისთანა ბაღანას რომ მიატოვებს კაცი და სხვა ქალს რომ გაეკიდება სტავროპოლში, ხვადაგია, ბაბუა, აბა რაა?
უჩამ არაფერი აღარ ჰკითხა გუდულის, ადგა და ჭიშკრისკენ წავიდა თავჩაღუნული.
„არ უნდა მეთქვა. მაგას მამამისი ანგელოსი ჰგონია. რა იცის, ქრისტეს ძვლის მტკვერელი რომაა“,  - გაიფიქრა გუდულიმ და გული აეწვა.
- ბიჭო უჩა! - დაუძახა გუდულიმ.
უჩას არ მოუხედია.
- მობრუნდი, უჩა, ბაბუა!
უჩა გაჩერდა, მაგრამ უკან მაინც არ მოიხედა. - მოიხედე, ბიჭო, ხვადაგი კი არა, ტარიელია მამაშენი, ფრიდონია და ავთანდილი.ხუმრობა არ იცი, შე მამაძაღლო?!
უჩამ უნდობლად გამოხედა გუდულის წარბებქვეშიდან, ხომ არ მატყუებსო.
გუდულიმ გაუღიმა.
- მოდი, ბაბაუა, მოდი! - დაუქნია ხელი.
უჩა ნელი ნაბიჯით დაიძრა გუდულისკენ და უცებ გუდული გაშტერდა... ჯერ ეგონა მეჩვენებაო. მაგრამ რომ აღარ შეწყდა ეს შემაძრწუნებელი შეგრძნება, მდუღარესავით რომ ეღვრებოდა გაციებულ სხეულზე, გუდული მიხვდა, რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყო. - ღმერთო, ნუ მიზამ ამას! - სთხოვა ღმერთს გუდულიმ, მაგრამ ღმერთი ულმობელი იყო. გუდული ბერეჟიანი შემზარავ სისველეს გრძნობდა ლაჯებში. - უჩა ბაბუა, მიშველე! - აღმოხდა მისდა უნებურად და ვიდრე უჩა მიირბენდა, იგი ორივე მუხლზე დაეშვა ხის ძირში მლოცველივით და აქვითინდა.

***
გავიდა ერთი საათი. გუდულის დაკარგული ხმა დაუბრუნდა.
- წადი, ბაბუა შენ და დამტოვე მარტო!
- წავალ და დედას დავუძახებ , აგერაა კიტოულაში, სიმინდის ანაგერაზე.
- არაფერი არ მიჭირს მე, ნურავის დაუძახებ.
- წავალ მე და დედას ვეტყვი.
- არაფერი არ მტკივა, ბიჭო!
- აბა, რატომ ტიროდი, თუ არ გტკივა?
- მოგატყუილე და გამოგცადე, ვნახოთ ერთი, თუ უყვარხარ უჩას-მეთქი.
- დღეს რავა სულ მატყუილებ?
- რა ვქნა, გამოვბჟუტურდი ბერიკაცი. წადი აწი და დამტოვე მარტო, დასვენება მინდა ახლა მე.
უჩა წავიდა. ჭიშკართან მაინც მოტრიალდა.
- წადი, ბაბუა, წადი! - უთხრა მშვიდი ხმით გუდულიმ.
უჩა ეზოდან გადავიდა.

***
იდგა გაუნძრევლად, ხეს მიყრდნობილი გუდული და გაშტერებული დასცქეროდა დედამიწას. არაფერზე არ ფიქრობდა. მისი გონება დაშრეტილი იყო სრულებით და მხოლოდ უხარმაზარი სიცარიელე ესვენა შიგ. ირგვლივ ყველაფერი დუმდა. სოფელი, საქონელი, მცენარე, ცაც და დედამიწაც. გუდული ხედავდა, როგორ ცვიოდა მის თვალწინ მსხლის ნაყოფი და როგორ სკდებოდა მოლზე დაცემისას, მაგრამ ხმა არ ჰქონდა. გუდული ხედავდა, როგორ გამოდიოდა ღარიდან წყალი და  არ ჩხრიალებდა. ხედავდა, როგორ ათამაშებდა ჩალის ფუჩეჩს ნიავი, მაგრამ შრიალი არ ისმოდა.ხედავდა, როგორ ეძახდა ჭიშკარზე მომდგარი, კისერწაგრძელებული, ძროხა და ზმუილი არ ესმოდა. ხედავდა, როგორ იბათქუნებდა გვერდებზე ძლიერ ფრთებს ღოებეზე გასული ლონგინოზა მამალი, თვალებგადმოკარკლული როგორ აფჩენდა პირს, მაგრამ ყივილი არ ესმოდა. მკვდარი იყო ყველა და ყველაფერი. იყო მხოლოდ მოლოდინი, სულის მღრღნელი, გაუთავებელი, დაუსრულებელი, მუშტად შეკრული, შიშნარევი და სადღაც შუბლთან გაჩხერილი მოლოდინი. მხარით ხეს მიყრდნობილი, მკლავებჩამოყრილი და გაქვავებული გუდული თავად გავდა ხეს; დაკოჟრილს, ბებერს, გამოხრულს, ჭიანს, რომელიც უკვე საუკუნეა დგას და ნაჯახიან კაცს ელოდება. - ავაი, გუდული ბერეჟიანო, ავაი!
აღარ ახსოვს გუდულის რამდენ ხანს იდგა ასე. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო ისევ, როდესაც იმ შიშნარევ მოლოდინსა და ტკივილს ერთი წვეთი იმედი ჩაეღვარა. ჩაეღვარა იმედი და ისევ აუფართქალდა გული. იმედი მოფრინდა საიდანღაც, ბუდეში ჩაუჯდა გულს და ოდნავ მიაჩოჩა. იმედმა გაუხსნა კარი ყველაფერს. ჯერ საკუთარი გულისცემა გაიგონა გუდულიმ. მერე ფუჩეჩის შრიალი, მერე ძროხის ზმუილი, მერე წყლის ჩხრიალი და ლონგინოზა მამლის ყივილიც გაიგონა ბოლოს.
- ასე, თქვე დალოცვილებო! - ჩურჩულით თქვა გუდულიმ და გაუბედავად დაიძრა ადგილიდან. ოდისაკენ წავიდა. არაფერი არ მომხდარა, არ განმეორებულა, ალბათ რაღაც უნებურად, შემთხვევით მოხდა ყოველივე... შეიძლება სულაც არ მომხდარა...
გუდული კიბეზე შედგა. ერთი საფეხური აიარა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე საფეხურზე შედგა გუდული და ისევ მოკვდა ყველაფერი გარშემო, ისევ გაჩერდა დრო და სამყარო.
„დრო გააჩერა მაგ შეჩვენებულმა!“ - გაახსენდა უჩას დედის ნათქვამი და სიმწრის ოფლმა დაასხა.
ხელმეორედ იგრძნო შემზარავი სისველე ლაჯებში გუდული ბერეჟიანმა და მუხლმოკვეთილი დაეშვა ქვის კიბეზე.

***

- გამარჯობა, გუდული ბატონო!
გუდული გამოერკვა.
- რა იყო, ქსენია? - არ ესიამოვნა გუდულის უჩას დედის დანახვა. ახლა, ამ წუთში, როგორც არასდროს, ისე უნდოდა მარტო ყოფნა.
- უჩამ მითხრა, გუდული ბაბუა, მგონი, ცუდად არისო!
- არაფერია, ქსენია, გული ამიჩქარდა პატარა და გადამიარა უკვე.
- რამე რომ არ გნებავთ, გუდული ბატონო.ექიმს დავუძახებ აგერ.
- არაფერი ქსენია! – „დაიწყება აწი ექიმი, ექთანი და საავადმყოფო.“ - დენივით გაუარა ტვინში გუდულის.
- ვალერიანის წვეთები გნებავს იქნებ?
- არა, ქსენია! – „გათავდა ცხოვრება, ვის რად უნდა ვალერიანის წვეთებით შენახული სიცოცხლე?“
- ვალიდოლი?
- არც ვალიდოლი!
- რა ვქნა, აბა, რა წყალში ჩავარდე?
„ეს პირველია, აწი შეწუხდება ქვეყანა, მტერი და მოყვარე“, - გაიფიქრა გუდულიმ.
- წადი, ქსენია, შენს საქმეს მიხედე, მე არაფერი მიშავს.
- რაღაცა უთქვამს იმ არგასაზრდელს სიკვდილის თაობაზე, ვითომ მე მეკადრებინოს, ენას ამოვაძრობ, გუდული ბატონო, შენ თუ მეტყვი!
- როგორ გეკადრება, ქსენია! – „რამდენი ლაპარაკი სცოდნია ამ ქალს, ადრე არასდროს შემიმჩნევია“, - გაიფიქრა გუდულიმ.
- ვისი პირიდან გაიგონა მაგ შეჩვენებულმა, იმის პირს დავაყარე მიწა.
„როგორ იმეტებს თავს, მე ხომ ვიცი, მაგისი ნათქვამია, უჩა ტყუილს არ მეტყოდა“, - გაიფიქრა გუდულიმ.
- ნუ იწყევლები, ქალო, წადი შენ საქმეს მიხედე! - შეკრა წარბი გუდულიმ.
- ასი წლის გამხდარხარ დღეს, გუდული ბატონო, ღმერთმა კიდევ ას წელს ასე ჯანმრთელი და საღ-სალამათი გამყოფოს, როგორც ახლა ხარ. - დალოცა ქსენიამ.
- გმადლობთ, ქსენია, - გული აეწვა გუდულის.
- თქვენები არ ჩამოვლენ, გუდული ბატონო, ქალაქიდან? ასი წელი არაა ასე წასაყრუებელი თარიღი.
- კი ჩამოვლენ, ქსენია!.. „ერთ თვეს, ორ თვეს, სამ თვეს, მერე ავადმყოფი არავის არ უყვარს“, - გაიფიქრა გუდულიმ.
- შვილები მყავსო, შენ უნდა თქვა, გუდული ბატონო, ერთი - ბათუმშია, მეორე - ფოთში, მესამე - ქუთაისში, მეოთხე - თბილისში, ოსმალოს ჯარივით, აღებული აქვთ მთელი საქართველო. ყველა ლამაზი, ყველა ნასწავლი, შვილიშვილი რამდენი გყავს, გუდული ბატონო?
- წელს 23 გახდა შვილთაშვილებიანად, მაგრამ რად გინდა? ჩემთვის არც ერთი არ დარჩა.
- მაინც ბედნიერი კაცი ხარ, გუდული ბატონო.
- კი ვარ ბედნიერი, კი!.. „ღმერთო, როდის გაათავებს ლაპარაკს ეს დალოცვილი“.
- წავალ ახლა მე და უჩას გამოგიგზავნი.
- ნუ შეწუხდები, ქსენია, პატარას დავისვენებ და მე თვითონ გეახლები.
- თუ დაგჭირდი, არ მომერიდო, გუდული ბატონო, როგორც შენ შვილს, ისე დამიძახე.
- არ მოგერიდები, ქსენია!
- მშვიდობით ბრძანდებოდე, აბა!
- აგაშენოს ღმერთმა!
ქსენია წავიდა. გუდულიმ თვალი გააყოლა. იგი მიდიოდა საღი, ჯანმრთელი, სავსე და ასხმული მსხმოიარე ხესავით. გუდული კი იჯდა ქვის კიბეზე ჩირივით და უკანასკნელ სინედლეს ატანდა დასავლეთისაკენ გადახრილ მზის სხივებს.
რა უბედურებაა, მოხუცი კაცი ჯანმრთელ და ახალგაზრდა კაცს რომ დაინახავს, მაშინ გაახსენდება საკუთარი სიბერეც და სატკივარიც. მოხუცი და ავადმყოფი იმდია, შვებაა, რაღაც შეღავათია, ახალგაზრდა და ჯანმრთელი კი - სიმარტოვე, სინანული და გულისტკივილი წასული დროისა და ახალგაზრდობის გამო. პირიქით კი უნდა იყოს თითქოს. დღეს, უჩა რომ გულში ჩაიკრა, ასჯერ მაინც ინატრა უჩუმრად: - ღმერთო, ოღონდ ახლა ამის ხნის მქენი და წაიღე რაც გინდა იმ დღეების საფასურად. - ახლა ჭიშკრისკენ მიმავალ ქსენიას რომ უცქერდა, იგივე გაიფიქრა, - ღმერთო, ახლა ამ ქალის ხანი მომეცი და რაც გინდა მთხოვე ამ თხოვნის საფასურად. - გუდულიმ იგრძნო, როგორ აენთო სირცხვილისგან ლოყები. შერცხვა გუდული ბერეჟიანს, არაფრად რომ არ ჩაუთვალა ღმერთს ის ასი წელი, შერცხვა და მაინც ინატრა.

***
მზის ჩასვლამდე კიდევ სამჯერ იგრძნო გუდულიმ შემზარავი სისველე ლაჯებში. მაშინ ადგა გუდული ბერეჟიანი, პირი ჩამავალი მზისკენ ჰქნა და როდესაც მზე ჰორიზონტზე დაჯდა და პირჩაღმა დამხობილ ახალგამომწვარ დერგს დაემსგავსა, მდაბლად დაუკრა თავი და მოიყარა მის წინაშე.
- მშვიდობით, მზეო ბატონო, დიდი, უზენაესი და უმაღლესი მადლობა შენ!
- რისთვის? - გაუკვირდა მზეს.
- ყველაფრისთვის, მზეო ბატონო, თუნდაც იმისთვის, ასი წლის ყველა ღამე რომ გამითენე! - გაახსენა გუდულიმ.
- ალალი იყოს შენზე! - არ დაამადლა მზემ და ჩავიდა.
- მადლობა, მზეო ბატონო, უზენაესი მადლობა!

***
გუდულიმ ჭიშკარი გაუღო ძროხას და ბოსელში შეუძღვა. ძროხა ბოგირზე შედგა. 
გუდული დაფიქრდა, მერე ბაწარი მიწაზე დააგდო, ძროხას ქედიდან გავამდე ხელი დაუსვა, ლორწოიანი დრუნჩიდან ფუჩეჩი ააცალა და ლამაზი შუბლი მოფხანა. ძროხამ შეხედა და რძის მისაცემად მოემზადა.
- დღეს არ მოგწველი, დაწექი და დაისვენე, ისედაც მადლობელი ვარ შენი, ბატონო! - უთხრა გუდულიმ.
- რისთვის? - ჰკითხა გაკვირვებულმა ძროხამ.
- თუნდაც იმისთვის, ყოველ  დილით თითო ჭიქა რძეს რომ მაძლევდი.
- შეგარგოს ღმერთმა! - უთხრა ძროხამ და დაწვა.
- მადლობა, ძროხავ ბატონო, უზომო მადლობა!

***
ოდის უკან გავიდა გუდული და დაბუდებულ ქათმებს ვიდრე კარს მიუხურავდა, ლონგინოზა მამალს ბიბილო მოქაჩა. ლონგინოზამ შაურიანების სისხო თვალები ააპარპალა და ბიბილო შეათამაშა.
- ხვალ რომელ საათზეც გინდა, იმ საათზე იყივლე, ლონგინოზ ბატონო, ახლა კი მშვიდობით ბრძანდებოდე და მადლობელი ვარ შენი, დიდი მადლობელი.
- რისთვის? - გაუკვირდა ლონგინოზა მამალს.
- თონდაც იმისთვის, ყოველ დილა რომ მაღვიძებდი.
- ალალი იყოს შენზე! - უთხრა ლონგინოზამ და დაიძინა.
- დიდი მადლობა, ბატონო ლონგინოზ, უღრმესი მადლობა!

***
გუდულიმ ჭრაქი ქვაზე დადგა. ფაქიზად შემოაჭრა თიხა ჭურისთვის, ბელტი თოხის გვერდით დაალაგა. ჭურის წინ მუხლზე დაეშვა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ახადა როგო. მძლავრად ამოისუნთქა ოცდაათფუთიანმა ჭურმა და შუშხუნა ცოლიკაურის ძლიერი ჭავლი შეაორთქლა სახეში გუდულის. გუდულიმ ღრმად ჩაისუნთქა თვალისა და გონის დამაბინდებელი ჰაერი და ჭურში ჩაიხედა. მაცდური თვალით ამოხედა ჭურმა. გუდულიმ კოპე აიღო, ჭურში ჩაუშვა და ხელის კანკალით გვერდი წაუქცია. ღვინომ ბუყბუყით აავსო კოპე.
- დაილოცოს შენი ზედაშე, შენი ფსკერი, შენი როგო და შენი მაცოცხლებელი ვაზი, ბატონო. მადლობელი ვარ შენი, დიდი მადლობელი! - ჩასძახა ჭურს გუდულიმ და კოპეს ტუჩი შეახო.
- რისთვის? - ამოსძახა განცვიფრებულმა ჭურმა.
- იმისთვის, რომ ასი წლის მანძილზე ყველა ლხინი და მწუხარება შენ გამაცილებინე პატიოსნად.
- ალალი იყოს შენზე! - თქვა ჭურმა და ღრმად ამოისუნთქა.
- მადლობელი ვარ, ბატონო, უსაზღვრო მადლობელი!

***
დაბალ სუფრას უზის გუდული, ხელში ღვინით სავსე ჯამი უჭირავს, აივნის ბოყვზე მიმაგრებული ჭრაქის ნათელი შარავანდედივით ადგას თავზე, ჩამქრალ თვალთაგან ჩამოდენილი ცრემლი ნიკაპთან ესკვნება და სუფრაზე დაწყობილ ნაცრის კვერსა და ნახევარ წველა ყველს შესანდობარივით ეღვრება - ტირის გუდული ბერეჟიანი.
მთელი კარ-მიდამო დაიარა გუდულიმ ერთი საათის წინ. გუთანი ნახა - გაცვეთილა გუთანი ნახა .  ნაჯახი ნახა - ყუაზე დასული ნაჯახი. ნამგალი ნახა - განახევრებული ნამგალი. ბარი ნახა  - საპონივით გალეული ბარი. დანა უდევს გუდულის სუფრაზე, ჩავლადრის დანა, ქაღალდივით თხელი და სიფრიფანა. ვაი შენ, გუდულის თავო, რკინა გაცვეთილა, რკინა და კაცს რაღა მოუვიდოდა?!
ამ ღვინის მადლს ფიცავს გუდული, სიცოცხლე არ ენანება, დრო ენანება, დრო, რომელიც სიკვდილზე ფიქრში ეხარჯება. იცის გუდულიმ, ავად რომ არ არის, არაფერი სატკივარი რომ არ აქვს. უბრალოდ, გათავდა გუდული და მეტი არაფერი. იმ გუთანივით გაცვდა გუდული, იმ ნაჯახივით დავიდა ყუაზე, იმ ნამგალივით განახევრდა, იმ ბარივით გაილია, იმ ჩავლადრის დანასავით თხელი და სიფრიფანა გახდა.
ცას და მიწას, სახლსა და კარს, ფერსა და სხივს, ხესა და ბალახს, ძაღლსა და ღორს, ყველაფერს დაემშვიდობა დღეს გუდული. ყველაზე დიდხანს მის კბილა მსხლის ხეს ემშვიდობებოდა გუდული.
- მშვიდობით, ბატონო! - უთხრა გუდულიმ მსხალს და ხელი შეახო. - ყველაზე სრულყოფილი და სრულქმნილი ჩვენ შორის შენ ხარ, ხეო! ფესვი დედამიწის გულში გიდგას, მხრებზე ცა გებჯინება, ასჯერ დაგბელე, ასჯერ ამოიყორა, მარტო ჩემს, სამი თაობის ნაგრამს უჩრდილობე და ვინ იცის, კიდევ რამდენს უჩრდილობებ. რამდენი წელია ნაყოფს იძლევი და ჯერ ტანში ჭია არ შეგჯდომია. მთელი სოფლის ნახევარზე მეტი ფრთოსანისა და მგალობელის სახლი და საყდარი ხარ, სინედლე, ფილტვი და გული ხარ ჩემი სახლ-კარისა, მადლობელი ვარ შენი, ბატონო, დიდი მადლობელი.
რისთვისო, არ უკითხავს ხეს, ხემ იცოდა თავისი ფასი, უბრალოდ - ალალი იყოს შენზეო, - უთხრა და თვალი მილულა.
- იდიდე, ბუნებავ, რა ბედნიერებაა, ყოველივე ეს რომ რჩება ქვეყანაზე და კაცთან ერთად არ კვდება, - გაიფიქრა გუდულიმ.
ახლა გულს ლოცავდა გუდული თავისას, მარჯვენას, თვალს, ყურსა და გონებას.
- მადლობელი ვარ, ბატონო, თქვენი, დიდი მადლობელი.
- რისთვის? - ჰკითხა გაკვირვებულმა გულმა.
- როგორ თუ რისთვის?! - გაუკვირდა გუდულის. - ასი წელი რომ თვალი არ დამშრეტია, ყური არ დამგდომია, მკლავი არ გამხმობია, გონი არ დამიკარგავს და ერთხელაც არ ჩაგიმუხლია შენ, ეს არაფერია?
- ალალი იყოს შენზე, გუდული, ალალი! - უთხრა უზომოდ დაღლილმა გულმა და დასასვენებლად მოემზადა.
- დიდი მადლობა, ბატონო, უზენაესი მადლობა!

***
ახლა ადგება გუდული და იმ ბავშვს და დედას დაემშვიდობება. დაუძახებს, მაგრამ რომ აღარ ახსოვს გუდულის იმ ბავშვის დედის სახელი? ღმერთო, გაახსენე, რა ჰქვია იმ ბავშვის დედას! იმ ბავშვს მაინც რაღა ჰქვია? ღმერთო, ნუ უზამ გუდული ბერეჟიანს ამას, ნუ დაუკარგავ ცნობიერებას და გონს, რა ჰქვია იმ ბავშვს, გაახსენე...
ულმობელი იყო ღმერთი, არ გაახსენა გუდულის არც ბავშვისა და არც ბავშვის დედის სახელი.
მაშინ ადგა გუდული, მკერდზე ყველა ღილი შეიხსნა და აივნის მოაჯირს მიადგა.
- მეზობელო! - დაიძახა მან.
- გისმენ, გუდული ბატონო!
- რომელი ხარ?
- ქსენია ვარ, გუდული ბატონო, ვერ მიცანი?
„ქსენია, ქსენია, ქსენია ქვიებია დალოცვილს“
- ბავშვი შინაა?
- უჩაზე მეკითხები, ბატონო?
„უჩა, უჩა, რა ბედნიერებაა, უჩა ჰქვია იმ მამაძაღლს უჩა“.
- ქსენია ჩემს სახლში ახლა რაღაცა მოხდება და ბავშვი არ დაგეზაფროს.
- რას ბრძანებ, გუდული ბატონო?!
- გაფიცებ ქალობას, არ გამოუშვა ბიჭი და არ აჩვენო ჩემი თავი, სანამ სოფლის კაცები არ მოვლენ.
- რას აპირებ, გუდული ბატონო? ხუმრობ ალბათ, მაგრამ რომ არ იცოდი ადრე ასეთი ხუმრობა!
- მშვიდობით, ქსენია, ღმერთია მოწამე, ყველა მიყვარხართ და მადლიერი ვარ ყველასი, უზომო მადლიერი.
- გუდული ბატონო!
გუდული ოდაში შევიდა და კარი გაიხურა.
- გუდული ბატონო, გუდული!..
ბერეჟიანის ეზოში თოფი გავარდა. ხმა ისეთი ძლიერი იყო, მთელი სოფლის ფანჯრებმა ზრიალი გაიღეს.

***
მილეთის ხალხი დაესწრო გუდული ბერეჟიანის დაკრძალვას. ჭირისუფალიც არ აკლდა, მაგრამ თავს ტირილით მაინცდამაინც არავინ იკლავდა. ის კი არა, გუდულის უფროსი ვაჟი დიმიტრი, იმის მაგივრად, მიცვალებულის სასახლესთან მდგარიყო, მსხლის ძირში იდგა დაიღლიავებული, ვატერლოზე გაწბილებული ნოპოლეონივით და მოსამძიმრეებს იქ იღებდა.
- ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას, დიმიტრი ბატონო! - მივუსამძიმრე მე და ხელი გავუწოდე.
- არ მითხრათ, ბატონო ნოდარ, არ მითხრათ, მოგვჭრა თავი მაგ უმადურმა. ურჯულო თათარი არ მოექცევა ქრისტიანს ისე, მაგი რომ შვილებს მოგვექცა.
- დიახ, კია ცოტა მოულოდნელი ამბავი, - ჩავურთე სიტყვა.
- მოულოდნელი კი არა, საარაკო, ბატონო. რა პირით ჩავიდე თბილისში? რითი ავხსნა ეს ამბავი? არ ინება ჩვენთან ცხოვრება, დედათქვენის საფლავს ვერ მივატოვებო. ძროხაო, ქათამიო... რა გახდა ბატონო, ეს გაძვალტყავებული ძროხა, დაფეხვილი მამალი და წაქცეული სახლი?.. უჩას ვერ შეველევიო, ბატონო, ისიც კი მკადრა შარშან.
- უჩა ვინაა, ბატონო? - ვკითხე ზრდილობისთვის.
- ვიცი და არ ვამბობ? მეზობლის ბავშვია. მაგან კი არა, მამამისმა მიატოვა მუცელში და ეს რა ჭირისუფალი გამოუჩნდა ასეთი?.. ესეც რომ არ იყოს, უჩა მელიმონაძე ვის დაკარგვია, მასეთი უჩა რვა მყავს სახლში.
- დიახ, მძიმე სურათია! - დავემოწმე და წასვლა დავაპირე.
- კლებოდა მაინც რამე, - არ გამიშვა დიმიტრიმ. - იმ ზაფხულს ჩემმა ცოლმა თბილი საცვალი ჩამოუტანა პარიზიდან, ჩაცმა გინდა, დახურვა... ვის ღირსებია ასეთი დასაფლავება ამ სოფელში?.. მაგრამ უმადური იყო მისი დღე და მოსწრება და ასე უმადურად გაათავა სიცოცხლეც.
- არც კი ვიცი, როგორ განუგეშოთ, დიმიტრი ბატონო! - შევწუხდი მე.
- არა, ბატონო, ჩემი ნუგეში არ შეიძლება, მაგრამ თქვენი მაინც მადლობელი ვარ, რომ არ დაიზარეთ შეწუხდით.
- რა საკადრისია, მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
- რას ბრძანებთ, აგერ სეფაში მობრძანდით და ბოლომდე დაგვაფასეთ ბარემ. მიტუშა, მიხედე სტუმარს, - ჩააბარა ჩემი თავი დიმიტრიმ მთვრალ მერიქიფეს.
ბატონო დიმიტრი ხმამაღლა ლაპარაკობდა იმიტომ, რომ დაკრძალვა რადიოფიცირებული იყო, მსხალზე ჩამოკიდებული რეპროდუქტორი კი, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა უკრავდა მოცარტის რექვიემს და გუდული ბერეჟიანის სატირლად მოსულ ხალხს ლაპარაკში ხელს უშლიდა.
როგორც იქნა, ხელიდან დავუძვერი მთვრალ მიტუშას და შეუმჩნევლად ჭიშკრისაკენ გავიპარე. ზედ ჭიშკართან, ღობის ძირში ჩამჯდარ, შვიდიოდე წლის წითელთმიან ბიჭს მოვკარი თვალი. მას მუხლებში ჩაერგო თავი და გულამოსკვნილი ტიროდა.
- რა გქვია, ბიჭიკო, შენ? - ვკითხე და თავზე ხელი გადავუსვი.
- უჩა მქვია მე, მელიმონიძე! - ამომხედა მან, მერე თავისი ჭორფლიანი ცხვირ-პირი ისევ მუხლებში ჩარგო და ტირილი განაგრძო.
- გაიზარდე დიდი ბიჭი! - დავლოცე და ეზოდან გადავედი. უკან რომ მოვიხედე, ახლა სხვას უყვებოდა დიმიტრი რაღაცას, მაგრამ მსხალზე ჩამოკიდებული რეპროდუქტორი, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა უკრავდა მოცარტის რექვიემს და ვერაფერი ვერ გავარჩიე.

??????