ჩხეიძე როსტომ
გაზიარება

მეზღვაური უნაგირზე 

ამ სახელწოდებით ჯეკ ლონდონს მემუარების შექმნა ჰქონდა განზრახული.
მემუარები დაუწერელი დარჩება, მაგრამ ეს სახელწოდება მაინც არ დაიკარგება და ირვინგ სტოუნი სწორედ ასე დაასათაურებს ბიოგრაფიულ რომანს ჯეკ ლონდონზე.
მეზღვაური უნაგირზე...
თითქოს შეცბუნებულ დაწყვილებად მოჩანს: რა უნდა მეზღვაურს უნაგირზე?! თუ “უნაგირი” ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებას გულისხმობს, მეზღვაურის ხსენებასთან ერთად განა შესაძლო არ იყო უფრო შესაფერისი სიმბოლოს გამოძებნა?
იქნებ სწორედ ამის გარეგნულ შეუსაბამობაშია საძიებელი ამერიკელი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მრწამსის თავისებურება.!..
ჯეკ ლონდონმა უკეთ იცოდა, თუ როგორ განესაზღვრა თავისი ბედი და მისი სიმბოლური ფორმულა.
ირვინგ სტოუნი ხელუხლებლად სტოვებს ამ განსაზღვრებას, რადგანაც ჯეკ ლონდონის ცხოვრებასა და სულიერებაში წვდომა უდასტურებს ფორმულის სიზუსტესა და სიღრმეს.
“მეზღვაური უნაგირზე” ბედისწერის ტრაგიზმს გულისხმობს, ამაღლებული იდეალისა და რეალობის უმძაფრეს ჭიდილს, მწერლის სიცოცხლის განწირულებას რომ მოასწავებს.
მეზღვაურად ისედაც ყოველთვის საკუთარ თავს ხედავდა: წყლის, ზღვის სტიქია სიყმაწვილიდანვე აჯადოებდა, თავისკენ ეწეოდა და, შემთხვევა მიეცემოდა თუ არა, იქით მიილტვოდა, ხამანწკებზე ნადირობა რა სათქმელია, მერე სულაც დედამიწის შემოვლას განიზრახავს იახტით და ტალღების ტორტმანში მოჰკიდებს ხელს “მარტინ იდენს” - რომანს, ყველაზე სრულყოფილად რომ უნდა გამოხატოს ჯეკ ლონდონის მხატვრული მრწამსიც და სულის ყველაზე დაფარული შრეებიც.
რა მიხვედრა უნდა: რომანის მთავარი გმირი მეზღვაური იქნება. მოქმედება გემზე არ ხდება და მარტინის მეზღვაურული ცხოვრების ცალკეული სურათები თუ გაკრთება, ისიც გახსენებებში, მაგრამ მეზღვაურობა ხელობას კი არა, უპირველესად პერსონაჟის სულის დაუოკებელ სწრაფვას გამოხატავს, თავდაუზოგავ ძიებას შეუცნობლისაკენ.
ზღვა კომპოზიციურ ჩარჩოს ქმნის: იქიდან შემოდგამს ფეხს მარტინი საოცნებო ცხოვრებაში და მერე კი კვლავ იმ სტიქიას უბრუნდება, მის წიაღში შთაინთქმის, რადგანაც ოცნებას უმოწყალოდ შეემუსრება ფრთები.
არადა, თითქოს მიწვდა მიუწვდომელს. რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა, ხელშესახები გამხდარა, და მარტინი ცხოვრების ფსკერიდან ერთბაშად გაუტოლდება იმ სახელებს, კაცობრიობის სულიერი ამაღლებისათვის რომ იღვწოდნენ.
... შენ ამოხვედი იმ ტალახიდან, მარტინ იდენ... კაშკაშა სინათლემ თვალებზე ლიბრი მოგაცილა, მხრებით ვარსკვლავებსა სწვდები, ნამდვილ ცხოვრებას ეზიარე და ბრძოლით ართმევ უზენაეს მემკვიდრეობას იმ ძალებს, რომელთაც იგი საუკუნეების განმავლობაში უპყრიათ”, - ასე საკუთარ თავს მიმართავს, აღტაცებულიც და შეცბუნებულიც ერთდროულად ასეთი არაჩვეულებურივი გარდატეხით. ოდნავადაც არაფერს აზვიადებს, და თუკი მართლა ვარსკვლავებს შეწვდომა არა, მაშ, რანაირად გადმოენაცვლებია მის ხელში უზენაეს მემკვიდრეობას, რეალურად და არა მოჩვენებითად!..
მარტინი იდეალური სახეა თავგანწირული ჯაფისა და იშვიათი ნებისყოფის, მონუმენტური ფიგურა, რომანტიკული ეპოსიდან გადმოსული და ნიცშეს ზეკაცის იერითაც შეძერწილი.
ერთბაშად გაუტოლდებაო...
ჭაბუკი, ვინც წერა-კითხვასაც ვერ ახერხებს ხეირიანად, ამერიკასა და მთელ სამყაროს საუკეთესო მწერლად მოევლინება, და მის ასეთ აღზევებაში არაფერია ფანტასტიკური - მარტინის ძიებისა და ამაღლების გზა რეალისტის კალმითაა გამოკვეთილი და ჯეკ ლონდონს არ დასჭირვებია რაიმეს გამოგონება თუ შელამაზება. იგი ხომ საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ წლებს იხსენებს და მარტინ იდენის სახეში თავის ზოგიერთ პიროვნულ თვისებას კი არ აქსოვს, არამედ მთელ ხასიათს.
“შენ ამოხვედი ამ ტალახიდან” - ეს ჯეკ ლონდონი გაოგნებულა ცხოვრების სულ სხვა დინებაში მოხვედრით; და როცა მის ბიოგრაფიას ვაკვირდებით, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დაახლოებით ისეთივე სასწაულია, როგორც მიუნჰაუზენის მიერ საკუთარი თავის ამოთრევა ჭაობიდან, ეს შტეფან ცვაიგის მეტაფორული ფრაზაა, ბალზაკზე ნათქვამი, მაგრამ ჯეკ ლონდონის ტალანტის ამოფრქვევასაც ისე მიესადაგება, თავს ვერ შეიკავებ გამეორებისაგან.
ამ ტალანტს რედაქტორ-გამომცემელთა მიერ აღმართული ჯებირები რას დაუდგებოდა და თურმე იოლად არ გაურღვევია და “მარტინ იდენის” კომპოზიციური ქარგა და ბირთვი სწორედ ეს შეუპოვარი ბრძოლაა სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლისათვის, რკინის ნებისყოფა ამსხვრევს ყოველგვარ წინააღმდეგობას და აურაცხელი იმედგაცრუება და სიმწარე ანაზღაურდება განსაცვიფრებელი აღზევებით.
“მხრებით ვარსკვლავებსა სწვდება” - რწმენის სიმტკიცის გამოხატულებაა, საკუთარი სულის შეცნობით მოგვრილი ჩვენება და წინასწარი, კეთილისმაუწყებელი ნიშანი, რომ ფერხთქვეშ გართხმულს იხილავს რედაქციებსა და გამომცემლობებს და ახალ სიტყვას მიაწვდენს ადამიანებს.
ირწმუნებიან, რომ ჩვენი საუკუნის 10-იანი წლების დამდეგს ჯეკ ლონდონზე უფრო პოპულარული მწერალი მსოფლიოში არა ყოფილა. ქუხს მისი სახელი ამერიკაშიც და ევროპის კონტინენტსაც გადმოწვდენია, ყოველწლიურად ქვეყნდება მისი ახალი წიგნი, ყოველწლიურადვე ითარგმნება ათობით ენაზე, აღტაცებით ეხმაურება სალიტერატურო კრიტიკაც და მკითხველთა წრეებიც, და მწერლის ფოტოსურათებიც მოსდებია ქვეყნიერებას. მისკენ კი დაძრულა უთვალავი ბარათი, რომელთაც ჯეკი უპასუხოდ არა ტოვებს, ისედაც წერაში ჩაფლულს, ძილი რომ განუდევნია.
არა ვარ ნაყოფიერიო, - ამტკიცებდა, - ეგაა, ყოველდღიურად ვწერ, შეუსვენებლივ, და არც შაბათ-კვირა ვიციო. არადა, გასაკვირი იყო მაშინაც და გასაკვირია დღესაც, 17 წლის მანძილზე შექმნილი 590 წიგნი - ნოველები, მოთხრობები და რომანები, ყველგან რომ ინარჩუნებს თავისებურ ხიბლსა და სილამაზეს.
ქუხილი გადაივლის, მისი ქმნილებებით გამოწვეული განსაკუთრებული ვნებათაღელვაც ჩაცხრება და ის უზენაესი მემკვიდრეობა, რაც წამიერად ხელთ იპყრო, სხვებისაკენ გადაინაცვლებს, მაგრამ ჯეკ ლონდონი მაინც შეინარჩუნებს თავს ვარსკვლავთა შორის, თვითონვე რომ შეიგრძნო, თუ როგორ მისწვდა მხრებით. საუკეთესო მიღწევანი მისი ბელეტრისტული ხელოვნებისა სამუდამოდ დარჩება კლასიკურ ნიმუშად და ზნეობრივ მატიანედ, როგორც აუცილებლობა ახალგაზრდობის სულიერი ჩამოყალიბების, ამაღლებული იდეალების შთანერგვისათვის.
სიუჟეტები და თხრობის მანერა მისი მოთხრობებისა სათავგადასავლოა და ამითაც მიმზიდველი. ოღონდ სტილი და ხედვა რეალისტურია და ეს თანაზომიერი და მოხდენილი შერწყმა ქმნის სწორედ ჯეკ ლონდონის მხატვრული წარმოსახვის თავისებურებასაც და ხიბლსაც.
მოთხრობები უმთავრესად ორ რკალს მოიცავს, თავისუფლებისაკენ სწრაფვის ორი ხატი და გარემო რომ გამოსახავს: ზღვა და ალიასკა - ჩრდილოური ოდისეის ციკლის შთამაგონებელი, ყველაზე ღრმად და ექსპრესიულად მის მიერ გააზრებული და აღბეჭდილი მხატვრულ სიტყვაში.
ხელმოცარულმა ოქროსმაძიებლობამ აპოვნინა ლიტერატურული ოქრო და მანამდელი სულიერი დუღილი მიზანდასახულად წარმართა იმ გზისაკენ, რომელზე შედგომითაც ჯეკ ლონდონს საკუთარი თავი უნდა შეექმნა.
და კიდევ უსაზღვრო ვნებით დაიწყებს გამოძერწვას.
რა არის მაინც ის იდუმალი ფანტომი, ადამიანს რომ დაყვება და არ ასვენებს; და, თუკი საკმარისი ნებისყოფა აღმოაჩნდება, მისთვისვე მოულოდნელ სამყაროში შეუძღვება. ეს შინაგანი ძახილი არ აძლევდა მოსვენებას ჯეკ ლონდონსაც, როცა თვით ალიასკაზე, ყინვა-ყიამეთში წიგნებს დაეძებდა - უძნელეს გზაზე, ხიფათსა და გულისგამაწვრილებელ ცდაში, იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთისას. იქ ნამდვილად არა ყოფილა წიგნებში შთანთქმის გარემო და განწყობილება, მაგრამ ჯეკი თვითონვე შექმნის განწყობილებასაც და აუცილებლობასაც, რადგან მწერლობა ბედისწერად წარმოუდგება, ბედისწერა კი არ მოითმენს მარტოოდენ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობას. წარმოსახვა ფერმკრთალია წიგნიერების გარეშე. სიცოცხლის ჟინს ოსტატის ხელი უნდა წარმართავდეს.
ალიასკა - თავისი უჩვეულობით, ისევე, როგორც მისეული ზღვა - თავისი სიბობოქრით, ვერასოდეს დამკვიდრდება ლიტერატურაში, თუ ახლებური ხედვით და სტილით არ განათდა და ისეთ მხატვრულ სამოსელში არ მოექცა, განუმეორებლობის ტვიფარი რომ დაჩნევია.
და ჰა, ჩამოყალიბებული და დახვეწილია ახალი სტილიც და, იმავდროულად, დამსხვრეულია ყველა დაბრკოლებაც.
დიდების მწვერვალზე ატყორცნილ მარტინ იდენს მძაფრად შეახსენებს თავს საკუთარი სიყმაწვილე, ორბორტიან ქურთუკში გამოწყობილი და ფარფლისქუდიანი, თავზეხელაღებული ბიჭის სახით რომ ეცხადება, და ისეთ სინანულს გრძნობს, თითქოს ეღალატოს იმ თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკისათვის.
ეს თვითონ ჯეკ ლონდონის კრთომაა, უკიდურესად გამახვილებული პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი პიროვნებისა და, საერთოდ, ადამიანობის მიმართ, რათა ვარსკვლავებთან შეტოლებისას არ დაივიწყოს და არ გაუქრეს სულში ჩაბუდებული ყმაწვილი - თავისი უზომო გატაცებით, სიალალით, თავისუფლებისაკენ სწრაფვით, იმ საწყისით, კიდეც რომ უნდა შთააგონოს ჩრდილოეთის ოდისეაც და ზღვაზე ხეტიალიც და კიდეც ასულდგმულოს მისი შემოქმედების ეს ორი ძირითადი ნაკადი.
მაგრამ არც ჯეკ ლონდონს და არც მის გმირს არაფერი აქვთ სასინანულო და მოსარიდებელი იმ თავზეხელაღებული ბიჭის წინაშე, რადგანაც მისი სახება უცვლელად შეინარჩუნეს თავიანთ არსებაში.
ის ბიჭი აწყდებოდა კედლებს მათ სულში, აქეზებდა და, ერთი მხრივ, თუ წიგნები უნდა მოვლენოდათ შემწედ და გზის გამკვალავად, მეორე მხრივ, სიყვარული: მარცხიანი და მაინც აღმტაცი და შუქურასავით წინ წამძღოლი. არა, საპასუხო გრძნობა ჯეკმაც ისევე გამოიწვია ქალისაგან, როგორც მისმა გმირმა, მაგრამ წრფელი ძაფები უმოწყალოდ შეიმუსრება ოჯახების მიერ და ეს მწარე იმედგაცრუება სულიერ კრიზისად გარდაესახებათ.
მარტინს სრული აპათია ეუფლება, დიდების მწვერვალი უბადრუკ ქიმერად ეჩვენება და სიცოცხლის აზრსაც კარგავს. მხოლოდ ზღვა თუ უშველის, როგორც სამუდამო თავშესაფარი, როგორც განმკურნავი იმ სნეულებისაგან, სიცოცხლე რომ დარქმევია. კიდევ კარგი, ადამიანის არსებობას დასასრული რომ აქვს, თორემ რა გააძლებინებდა სულიერი გვემისაგან გატანჯულს.
მარტინის თვითმკვლელობის სცენა ნატურალისტური შემზარაობით არის წარმოსახული, ჯეკ ლონდონი ხელშესახებად გრძნობს ამ აღსასრულის ყოველ რეალიასა თუ ელფერს, და უკანასკნელ წამს გმირის ტვინში ჩაღვრილი თვალისმომჭრელი, კაშკაშა სინათლეც თითქოს დასტურია მისი გადაწყვეტილების უტყუარობისა. ვიდრე გონებას დაკარგავდეს, იოტისოდენადაც არ განიცდის სინანულს და გაჭიანურებული ეჩვენება ყოველი წამი, რაც სიკვდილს აშორებს.
მარტინ იდენი ინდივიდუალისტია და ამიტომაც მარცხდებაო, - ასე ხსნიდა ჯეკ ლონდონი გმირის ბუნებასაც და რომანის ფინალის კანონზომიერებასაც, და მიაჩნდა, რომ თვითონ, როგორც პიროვნება, აქ დაშორდა მარტინ იდენის ხასიათს, გაემიჯნა ინდივიდუალიზმს და ჰპოვა სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრი.
სჯეროდა: ჩიხში არ მოვემწყვდევიო, - რადგანაც ეყრდნობოდა დარვინის, ნიცშეს, მარქსისა და სპენსერის ფილოსოფიურ მოძღვრებებს და ყველაზე რეალურ გზად კი აღიარებდა ცხოვრების მოწყობას საყოველთაო გათანაბრების წესით. არადა, სწორედ აქ იფარებოდა ის ჩიხი თუ ის უფსკრული, რომელსაც გაურბოდა, და ის მოძღვარნიც, სრულიად განსხვავებულნი ერთმანეთისაგან, არამცთუ ვერ გაუადვილებენ ჭეშმარიტებისაკენ სავალ ბილიკებს, სულ ჩაუქუფრავენ სინამდვილეს და ღმერთს მოკლებული გარემოს ანაბარა მიატოვებენ.
თავიდან ჯეკ ლონდონი ვერავითარ უსიამოვნებას ვერ იგრძნობს და ისე ჩინებულად მოერგება ამ რეალობას, ისე ბატონ-პატრონად და ქომაგად მიიჩნევს თავს, თითქოს სწორედ მასზეა ზედგამოჭრილი ცხოვრების ასეთი წესიო. სამყარო ბორგავდა, ცხოვრების ნირის მკვეთრ შეცვლას მოასწავებდა, მაგრამ ჯეკი სად დალოდებოდა საყოველთაო ცვლილებებს და თვითონვე შეეცადა ბედნიერი ყოფა შეექმნა ადამიანებისათვის აქ მაინც, თავის მამულში, ექვს რანჩოს რომ შეიძენს და გაამთლიანებს.
ეს უნდა ყოფილიყო იდეალური საზოგადოება, მისი ოცნების ხორცშესხმა, და იახტით მოგზაურობისას, თან “მარტინ იდენს” რომ უჯდა და თან ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით ივსებოდა, ფიქრით ახლადშეძენილ მამულსაც დასტრიალებდა და იმ სახლსაც, რომელსაც რანჩოები უნდა შემოემტკიცებინა. მისთვის ის მხოლოდ საცხოვრებელს თუ თავშესაფარს არა ნიშნავდა, უფრო მეტი იყო, თითქოს სიმბოლური აზრითაც გაჟღენთილი და სახელწოდებაც ამიტომ შეურჩია: მგლის სახლი. მგელს ალიასკას მკვიდრნი ყველა თეთრკანიანს ეძახდნენ, და ჯეკიც ოქროსმაძიებლობისას მათ თვალში მგლად გამოიყურებოდა. ახლა ეს მოაგონდა და სახლის სახელად შესაფერისად მიიჩნია გარეგნული ეგზოტიკითაც და შინაარსობრივი ტევადობითაც.
მის ნაწერებში სიჭაბუკის იმ დღეების სახსოვრად ეს სახელიც არაერთხელ გაიელვებს და ერთ-ერთი რომანის სათაურში “ზღვის მგელი” მართლაც მარჯვედ შეერწყა ორი ვნება - ოქროსმაძიებლისა და მეზღვაურის, მაგრამ სახლი და სამკვიდრო უფრო განაზოგადებდა შერქმეული სახელწოდების მნიშვნელობას და ახლადნაგები შენობა თითქოს ამითაც ძველ ციხე-სიმაგრეებს ემსგავსებოდა.
სახლი ჯეკის პროექტით აშენდება, თვით წვრილმანებამდე რომ იყო ყოველივე გათვალისწინებული და კიდეც დადგება ის დღე, ნანატრი და ნაოცნებარი, როცა ჯეკ ლონდონი მგლის სახლის ბინადარი შეიქნება მრავალრიცხოვან სტუმრებთან და ხიზნებთან ერთად. ამ შენობის კარი არასოდეს იკეტებოდა და სტუმრებს ნება ეძლეოდათ თვეობით და წლობით ეცხოვრათ იქ. მამულში დამკვიდრებულ მუშახელსაც ისეთი საუკეთესო პირობები შეუქმნა, მანამდე რომ არ ღირსებიათ.
არადა, სახლსა და მამულს შენახვა ესაჭიროებოდა და, რაკიღა სხვა არავინ წუხდა თუ ცდილობდა რაიმეს, ჯეკ ლონდონმა ითავა მის მაცხოვრებელთა სრული კეთილდღეობა და ამ სინამდვილის შენარჩუნება იმ სახით, რასაც ჯიუტი ნებისყოფით მიაღწია.
ყველა ხელებში შეჰყურებდა. ის უთვალავი ადამიანიც მას მისჩერებოდა და მისგან მოელოდა შველას, ვისაც სმენოდა ჯეკ ლონდონის არნახული გულკეთილობა, და დაუსრულებლად დიოდა ხალხიც და ბარათიც ბარათზე მოდიოდა მგლის სახლში. ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ, თავს აცოდებდნენ. ჯეკს ხვეწნა რად უნდოდა, ისედაც მათთვის გადამდგარიყო, რასაც შოულობდა, გულუხვად არიგებდა, თვითონ არაფერი რჩებოდა და არცა ნაღვლობდა, სიკეთეს თესდა ულევად და უანგარიშოდ და ეს იმხელა შვებასა და კმაყოფილებას ანიჭებდა, თავგადაკლულ გარჯას რაღას დაგიდევდა.
ხელგაშლილი მარტინიც არის, მაგრამ ჯეკმა ძალიან გადააჭარბა თავის პერსონაჟს.
“ფული” - გამოეშვირათ ხელი.
“ფული” - წიოდა ტელეგრამები.
ამხელა ჰონორარი ამერიკაში მაშინ სხვას არავის ღირსებია, ევროპიდანაც დაძრულიყო - თარგმანი თარგმანს რომ ემატებოდა, მაგრამ ხარჯებმაც ბევრად წააჭარბა შემოსავალს და ჯეკ ლონდონი ისე გაიხლართება ვალებში, რომ გასტუმრების იმედი თვალდათვალ გაქრება.
მაინც ბედს არ ეპუება. არჩეული გზიდან გადახვევა არაფრის დიდებით არა სურს და ზედ ეხლება ოცნებას - თავის სამკვიდრებელში შექმნას ბედნიერება და კეთილდღეობა.
რედაქტორები და გამომცემელნი ძალიან ეფერებიან, წინასწარ სთავაზობენ დიდ გასამრჯელოს, ოღონდ დაპირდეს, ახალ თხზულებას თქვენ მოგართმევთო. არც თემას უთანხმებენ, არც იდეას. ენდობიან და არც ის ეეჭვებათ, რომ მკითხველები დაიტაცებენ მის ყოველ ახალ წიგნს.
კრიტიკა და მკითხველი ერთსულოვანია და მისი ამდენი წიგნიდან მხოლოდ ერთს შეხვდებიან ცოტა ცივად და ამრეზით. რა გგონიათ? - “მარტინ იდენს”. არა, მოწონებით მასაც მოიწონებენ, მაგრამ რაღაც არ ეჭაშნიკებათ, და ეს ერთგვარი ათვალწუნებაც კანონზომიერია, როცა ასეთი უშეღავათობითაა მხილებული საზოგადოების სიყალბე და სულიერი სიცარიელე.
და მაინც: ჯეკ ლონდონი ადრინდელივით ინარჩუნებს პირველი მწერლის სავარძელს და მეტოქეობასაც ვერავინ უწევს.
მიუხედავად იმისა, რომ ასე ბევრს წერს, ჯეკ ლონდონს ჩავარდნა არა ჰქონია და ესეც უჩვეულოა, მით უმეტეს, აურაცხელი მთხოვნელი სულ მეტად და მეტად ურთულებს მოღვაწეობას.
- ფული, ფული, ფული...
ძველებურად ვეღარ ასდის ყველას და უკვე დრტვინავენ მის კარმიდამოში, ჩოჩქოლობენ, იყვედრებიან. პატრონი ვითომ თვითონ არის, მაგრამ სინამდვილეში ხიზნები გაუბატონდნენ და ჯეკ ლონდონს უკვე მათი დაშოშმინება უხდება. ასე როდემდე უნდა გასტანოს? იქნებ დაირეკოს ყველა, ხელი აუკრას მთხოვნელებს, ცეცხლში გადაუძახოს ბარათები და ტელეგრამები? მაგრამ ჯეკი ისევ იდეალს ასდევნებია, სჯერა, სიკეთე თავისას გაიტანს და ძალდაუტანებლად ჩაკლავს ადამიანის სულში სიძულვილს, წვრილმანობას, ორპირობას, უმადურობას...
სიკეთეს სიავით უხდიან, ის კი სიავეს კვლავ სიკეთით პასუხობს.
დრტვინვა არა და არ ცხრება და ერთხელაც მეზობლად გადასულ ჯეკ ლონდონთან გულამოვარდნილი მივარდება ვიღაც: შენს სახლს ცეცხლი უკიდიაო.
მგლის სახლი იწვოდა, ყოველი მხრიდან ავარდნილი ცეცხლის ენები ცასა წვდებოდა და არავინ იყო მიმკარებელი. უმწეო და გაოგნებული დგას ჯეკი და გულში ჩაღვრილი ცრემლებით შეჰყურებს როგორ ინაცრება ნანინანატრი შენობა.
ვერაფრით ვერ დაუჯერებია, რომ განზრახ გადაუწვეს სახლი. ვერც ბედისწერის განაჩენს ხედავს, თვალნათლივ მინიშნებას მისი ოცნების გარდუვალ მარცხზე. ის ჩიხი, რაც მხატვრული მრწამსით გაარღვია და ადამიანის სულიერი ამაღლებისათვის მეტად ფასეული ქმნილებანი დაუტოვა შთამომავლობას, რეალობაში გადაულახავი აღმოჩნდება და ჯეკ ლონდონმა ბოლოს და ბოლოს უნდა იგრძნოს, რომ მარტოხელაა უმადურობით გაჟღენთილ გარემოში, მარტინ იდენივით ამოვარდნილი საზოგადოებიდან; და ადამიანთა კეთილდღეობა კი მათთვის თავგადადებული პიროვნებისთვის სისხლის გამოწურვა ყოფილა და სხვა არაფერი.
ალბათ პირველად მაშინ მოისაკლისა ღმერთი, მატერიალისტური დოქტრინებისაგან გათანგულმა იგრძნო უზენაესი საიდუმლოებისაკენ სწრაფვის აუცილებლობა, სახარებაც მაშინ მოიძია და იესო ქრისტეზე რომანის დაწერაც განიზრახა. მის ქაღალდებში მხოლოდ სათაურს წააწყდებიან, მაგრამ თავისთავად ეს სახელწოდებაც “ქრისტე” რაღაც დიდი შემობრუნების სურვილს უნდა მიგვანიშნებდეს.
მაგრამ გვიანღაა.
მეზღვაური უნაგირზე მოქცეულა და ამ შეუსაბამობამ ტრაგიკულად უნდა იჩინოს თავი.
“ფული” - ძველებურად ჩაბღავის ყურში ყველა და ყველაფერი და, ვიდრე პირში სული უდგას ისევ ისე უნდა ფანტოს.
უჩვეულო გარჯით მოპოვებული და მგლის სახლის აღდგენაზეც ჯიუტად და ამაოდ იოცნებოს.
არა, ცხოვრების წესს ვეღარ შეცვლის, მაგრამ უზომო გულისტკივილსაც რომ ვეღარ ელევა!..
ამასობაში რკალი იკვრის, ვიწროვდება და ჯეკ ლონდონსაც ყელში უჭერს საბელი.
შემთხვევით? კანონოზომიერად? ატყდება ერთი ალიაქოთი და დიდხანს, დიდხანს ვერ ჩაცხრება: ოპიუმის დოზა მეტი მოუვიდა და თავისი ნებით გამოესალმა სიცოცხლესო.
ირვინგ სტოუნს არ ეეჭვებოდა: თვითმკვლელობით დაასრულა არსებობაო. ყველა არ დაუჯერებს და მტკიცებას დაიწყებენ: აზვიადებს, ბიოგრაფიული რომანის ფინალი რომ მეტი დრამატიზმით განემსჭვალაო.
მაგრამ სტოუნი არც შეცდებოდა და არც ხელოვნურად გადაასხვაფერებდა მწერლის აღსასრულს. ის, რაც თვალნათლივ ჩანდა, შეუძლებელია ჭოჭმანს იწვევდეს. ღრმად ჩაწვდომა ჯეკ ლონდონის პიროვნულ ბუნებასა და ცხოვრების ყაიდაში სწორედ კანონზომიერებას ადასტურებდა ასეთი ნაბიჯისა, სიცოცხლის ჯაჭვის თანმიმდევრულ უკანასკნელ რგოლს.
თუმც რა დასტური ჭირდება იმას, რაც მარტინ იდენის ბედშია წინასწარვე განჭვრეტილი. მართალია, მაშინ ჯეკი ინტუიციურად მიწვდა ბედისწერის გარდუვალობას და არც თავს უტყდებოდა, მარტინი სრული სიზუსტით რომ იმეორებდა მწერლის ხასიათს, მაგრამ საკუთარ არსებას ვინ გაქცევია და “მარტინ იდენის” ფინალი წინასწარმეტყველური სურათია ჯეკ ლონდონის სიკვდილისწინა წუთებისა.
ალბათ არც ჯეკი განიცდიდა იოტისოდენა სინანულს და გაჭიანურებული ეჩვენებოდა ყოველი წამი, რაც აღსასრულს აშორებდა.
და ჰა, კიდეც იგრძნო თვალისმომჭრელი, კაშკაშა სინათლე, ტვინში რომ ჩაეღვარა, და ისიც მოეჩვენა, თითქოს უშველებელი, გაუთავებელი კიბიდან ეშვებოდა სადღაც ძირს, შორს წყვდიადში. და როგორც კი ეს იგრძნო, გონიც დაკარგა.

??????