შადური ვანო
გაზიარება

ალექსანდრე პუშკინი 

ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი [26. V (6.VI). 1799, მოსკოვი, — 29. 1 (10. II). 1837, პეტერბურგი] გახლავთ ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი. მისი მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, ხოლო დედა — ნადეჟდა ოსიპის ასული — პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი. 1811 წ. შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პოეტის პატრიოტულ მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 წ. სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. 
პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა, იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. განიცდიდა დერჟავინის, ჟუკოვსკის, ბატიუშკოვის, რადიშჩევის გავლენას; კრიტიკულად ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში. 
1814 წლიდან პუშკინის ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პეტერბურგში მისი ცხოვრების დასაწყისი (1817—20) დაემთხვა დეკაბრისტთა მოძრაობის აღმავლობის პერიოდს. პოეტს პირადი და იდეური კავშირი ჰქონდა დეკაბრისტებთან, მონაწილეობდა ლიტერატურულ გაერთიანებაში “მწვანე ლამპა”. დეკაბრისტული იდეები აისახა მის ლექსებში: “თავისუფლება” (1817), “ჩაადაევს”, “ზღაპრები” (ორივე 1818), “სოფელი” (1819), რომლებიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერთა სახით და გავლენიანმა მეგობრებმა იხსნეს ციმბირში გადასახლებისაგან. 1820 წ. იგი მაინც გადაასახლეს, ოღონდ სამხრეთ რუსეთში. იმხანად დაამთავრა პოემა “რუსლან და ლიუდმილა” (გამოქვეყნდა 1820), რომელშიც ფოლკლორთან დაკავშირებული ზღაპრული ამბავი რეალურ სინამდვილეს დაუახლოვა და ხალხური ენით გადმოსცა. რეაქციული კრიტიკა აღაშფოთა პოემის “მდაბალმა” სტილმა და ენამ, მოწინავე საზოგადოება კი აღტაცებით შეხვდა ამ თხზულებას. 
1820 წ. პუშკინს ნება დართეს, გენერალ ნ. რაევსკის ოჯახთან ერთად გამგზავრებულიყო კავკასიის მინერალურ წყლებზე, შემდეგ კი — ყირიმში. 1820 —23 წლები პუშკინმა გაატარა კიშინიოვში, მაშინდელ “დეკაბრისტების ბუდეში”. აქ დაუახლოვდა პ. პესტელს, ვ. რაევსკის, მ. ორლოვსა და სხვ. 1820—23 წლებში შექმნა ე.წ. “სამხრეთული პოემები” (“კავკასიის ტყვე”, “ბახჩისარაის შადრევანი”, “ყაჩაღი ძმები”). 1823 წლიდან ოდესაში გადაიყვანეს. 
პუშკინმა რუსულ ლიტერატურაში პირველმა, წარმოსახა თავისი დროის ტიპური გმირი, პირველმა აღწერა კავკასიის ბუნება და მთიელთა ყოფა-ცხოვრება. მისი რომანტიზმის გარდამავალი ხასიათი აღიბეჭდა პოემაში “ბოშები” (1824), რომელშიც ახლებურად არის გაშუქებული რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კონფლიქტი “გმირსა” და “ბრბოს” შორის, გაკრიტიკებულია რომანტიკული ინდივიდუალიზმი. 1824 წ. პოეტი ოდესიდან გადაასახლეს სოფელ მიხაილოვსკოეში, სადაც დაწერა პირველი რეალისტური ტრაგედია რუსულ მწერლობაში “ბორის გოდუნოვი” (1825), რომელშიც XVI—XVII სს-ის მიჯნის სოციალური მოვლენები იშვიათი მხატვრული ძალით დაგვიხატა.
ნიკოლოზ I-მა გადაწყვიტა დაეახლოვებინა თავისუფლების მოყვარე პუშკინი და კარის მეხოტბედ ექცია იგი, 1826 წ. გადასახლებიდანაც კი გაათავისუფლა. 
პუშკინი შეეცადა პოეტური სიტყვით გავლენა მოეხდინა მეფეზე. ლექსში “სტანსები” (1826) ნიკოლოზ I-ს სამაგალითოდ უსახავდა პეტრე I-ის მოღვაწეობას. სწორედ პეტრე I-ს ეძღვნება მისი რომანი “პეტრე დიდის ზანგი” (1827) და პოემა “პოლტავა” (1828). 
პუშკინი მალე დარწმუნდა მეფის ცბიერებაში. ნიკოლოზ I-ის მითითებით მას “ბორის გოდუნოვის” დაბეჭდვაზე უარი უთხრეს, პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს და დედაქალაქიდან უნებართვოდ გასვლა აუკრძალეს. 
პუშკინის წინაშე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა საკითხი პოეტის დანიშნულებისა და როლის, შემოქმედის თავისუფლების შესახებ (ლექსები: “წინასწარმეტყველი”, 1826; “პოეტი”, 1827; “პოეტი და ბრბო”, 1828). გადასახლებულ დეკაბრისტებს მიუძღვნა ლექსები: “არიონი”, “1827 წლის 19 ოქტომბერი”, პოეტური მიმართვები პუშჩინისადმი, ციმბირში მყოფი დეკაბრისტებისადმი და სხვ. 1830 წ. შემოდგომაზე სოფ. ბოლდინოში პოეტმა დაამთავრა პოემა “ევგენი ონეგინი” (დაიწყო 1823), რომლის მთავარმა გმირმა დასაბამი მისცა “ზედმეტი ადამიანის” სახეს რუსულ მწერლობაში. მხატვრულად სრულყოფილ, ნოვატორული ფორმის ამ “რომანში ლექსად” აისახა იმდროინდელი რუსული სინამდვილე, დედაქალაქის “მაღალი საზოგადოებისა” და პროვინციელი თავად-აზნაურების ყოფა. ავტორმა ონეგინის სკეპტიციზმსა და ლენსკის უნიადაგო რომანტიზმს დაუპირისპირა ტატიანა ლარინა, რომლის მაღალი ზნეობა ბუნებასთან, ხალხის ზნე-ჩვეულებებთან სიახლოვემ განაპირობა. 
“ბელკინის მოთხრობებით” პუშკინი რუსული რეალისტური პროზის ფუძემდებლად მოგვევლინა. მოთხრობებში: “სადგურის ზედამხედველი”, “მეკუბოვე” და სხვ. დიდი თანაგრძნობით დაგვიხატა ე.წ. “პატარა ადამიანების” ცხოვრება. მსოფლიო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტების მიხედვით არის შექმნილი “პატარა ტრაგედიები” (“ძუნწი რაინდი”, “ქვის სტუმარი”, “მოცარტი და სალიერი”, “ლხინი ჟამიანობის დროს”), რომლებსაც ახლებური, რეალისტური ჟღერადობა მიანიჭა.
1831 წლის თებერვალში პუშკინმა ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა. ცოლ-ქმრის სასახლესთან დაახლოების მიზნით ნიკოლოზ I-მა 1833 წ. პოეტს უბოძა მისი ასაკისა და მდგომარეობისათვის დამამცირებელი კამერ-იუნკრის საკარისკაცო წოდება. პოეტი იძულებული გახდა, ევლო სასახლეში, სადაც ცოლ-ქმარი მალე მოექცა ინტრიგებისა და ჭორების ქსელში. კონფლიქტი პუშკინსა და “მაღალ საზოგადოებას” შორის დამთავრდა პოეტის დუელით მისი ცოლის თაყვანისმცემელ ოფიცერ დანტესთან. 1837 წ. 27 იანვარს (8 თებერვალი) სასიკვდილოდ დაჭრილი პოეტი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
განუწყვეტელი შეფარული დევნისა და მძიმე ცენზურული პირობების მიუხედავად, პუშკინი ბევრს მუშაობდა. პოემაში “ბრინჯაოს მხედარი” (1833) იგი კვლავ პეტრე I-ის თემას დაუბრუნდა და თავისებურად გააშუქა სახელმწიფოებრივი და პიროვნული ინტერესების პრობლემა. მის 30-იანი წლების შემოქმედებაში ბატონყმობისა და გლეხთა მოძრაობის თემას განსაკუთრებული ადგილი უკავია (მოთხრობები: “სოფელ გორიუხინოს ისტორია”, 1830; “დუბროვსკი”, 1833; “კაპიტნის ქალიშვილი”, 1833—36 და სხვა). რუსი ხალხის ფსიქოლოგიასა და ყოფის, რუსული ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ცოდნა გამოავლინა პუშკინმა თავის ზღაპრებში სალთან მეფის, მებადურისა და ოქროს თევზის, ოქროს მამლის შესახებ (1831—34) და სხვ. სიცოცხლის მიწურულს სევდიან განცდებთან ერთად გადმოგვცა სიცოცხლის მარადიულობის ღრმა რწმენა, იწინასწარმეტყველა თავისი პოეტური უკვდავება (ლექსები: “კვლავ ვინახულე ის კუთხე”, “ძეგლი აღვიგე ხელთუქმნელი, მარადიული”). 
ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლის დროიდან გამჟღავნებული ცხოველი ინტერესი საქართველოსადმი პუშკინს გაუმძაფრდა 1825 წლის შემდეგ, როცა აქ გადმოასახლეს ბევრი დეკაბრისტი. 1829 წ. იგი ხელისუფლების ნებადაურთველად გამოემგზავრა თბილისისაკენ, სადაც 27 მაისს ჩამოვიდა. სამ კვირამდე დაყო თბილისში, გაეცნო საქართველოს ბუნებას, ისტორიას, კულტურას. ნარკვევში “მოგზაურობა არზრუმში” გააკრიტიკა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა. საქართველოს მიუძღვნა ლექსები: “საქართველოს მთებზე”, “მონასტერი ყაზბეგზე”, “კავკასიონი”, “ზვავი” და სხვ.
თბილისის პრესაში პუშკინის სახელი პირველად 1829 წ. გამოჩნდა. ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში მისმა პოეზიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში. პოეტის ლექსები თარგმნეს ა. ჭავჭავაძემ, გ. ორბელიანმა, ს. რაზმაძემ; შემდგომში — ი. ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა, რ. ერისთავმა, აგრეთვე ტ. ტაბიძემ, პ. იაშვილმა, ვლ. გაფრინდაშვილმა და სხვა პოეტებმა. 1899 წლიდან ცალკე წიგნებად გამოიცა პუშკინის თხზულებათა თარგმანები. პოეტის დაბადების 100 წლისთავს უძღვნა ი. ჭავჭავაძემ გაზ. “ივერიის” საგანგებო ნომერი. საინტერესოა, რომ პუშკინის შთამომავალთა ერთი შტო (გვარად სვანიძე) ცხოვრობს საქართველოში.

??????