რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

წერილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ეფრემ II-ს 

კურთხეულო მღვდელმთავარო!
უფრო კარგი იქნებოდა, მოვსულიყავ პარიზში და უშუალოთ მიმეღო თქვენგან დალოცვა. არ ხერხდება, დამრჩენია კალამს მივმართო. ხელი ქვემორე – ა ღ ს ა რ ე ბ ა დ.
ვარ ქრისტეანი – არა მხოლოდ პასპორტით. გასაგებია, რომ უარესად მაწუხებს გაჭირვებული ყოფა ჩვენდროინდელი საქრესტეანო სამყაროსი. კრიზისი მისი – მასსშივევეა თვითონ. ვერავითარი oicoumen – ური კრება უშველის მას, თუ – თუ იგი არ გადახალისდა შინაგან თვისსა. მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს მოგახსენოთ აქ ჩემი მოსაზრებანი. (მათი მოსმენისას გთხოვთ იცოდეთ, რომ მე არა ვარ არც „ქედმაღალი“ და არც „თავმდაბალი“ – არც ერთი და არც მეორე მიღებული გაგებით).
1. ქრისტეანობა არაა სწავლა ქრისტესი – ეს ქრისტემდეც იყო ცნობილი. ი გ ი : ს წ ა ვ ლ ა ა ქ რ ი ს ტ ე ზ ე . ვეყრდნობი აქ უდიდესს ქრისტეანს: ნესტან აუგუსტინეს. ყოველი მდგენი რელიგიისა იტყოდა: „ესაა“ ჭეშმარიტება! მხოლოდ ერთმა ქვეყანაზე თქვა: „მე“ ვარ ჭეშმარიტება – ქრისტემ. (იოანნე:14,6.). (გადახვევა, არც თუ ზედმეტი. ასეთი წიგნი, როგორიცაა სახარება იოანნესი, ჩვენს პლანეტაზე არ დაწერილა. იოანნეს გარე მე გზას ქრისტეს მიმართ ალბათ ვერ ვიპოვნიდი. სახარება მისი გვიხსნის იმასაც: თუ რატომ უყვარდა იგი მაცხოვარს გამორჩევით. რატომ? სწავლა გადაცემის ნამდვილად მხოლოდ ამ გზით: მოყვარულისაგან – ყვარებულს).
2. ღმერთი პიროვნებაა, ხოლო ზეინდივიდუალური. ვისაც ორგანო არა აქვს ასეთი წარმოდგენისათვის, იგი ღმერთს წარმოისახავს „ანტროპომორფულ“ ვითარ ვ ი ნ მ ე ს და: კონსეკვანტურ გადაიქცევა ღმერთის უარმყოფელად!
3. ქრისტე – პიროვნება – ხომ ინდივიდუალურ მოვლინდა?! გონებისათვის ეს საიდუმლო თითქმის აუხსნელია. ამის გამოა: რომ გრწამდეს ღმერთი ათასჯერ უფრო ადვილია ვიდრე გრწამდეს ქრისტე. ვთქვი „თითქმის“ – ვინაითგან: თუ ერთხელ განიცადე ქრისტე შინაგან, მაშინ სიძნელე იგი გონებითი მოხსნილია რასაკვირველია, მადლიცაა აქ დამხმარე.
4. ადამიანის შექმნა. ესეც „ანტროპომორფურ“ აქვთ წარმოდგენილი. სრულიად მცდარი შეხედულება! ადამიანის გაჩენა გულისხმობს: ღვთიურ წარმოშობას მისსა. აქ აუცილებელია „თეომორფული“ ხილვა, რომლის მიხედვით ადამიანი „იმ თავითვე“ მოქცეულია წიაღში ღვთისა. ამ ხილვის გარე აუხსნელი რჩება: როგორც თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ადამიანისა, ისე მისი პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა !
5. ადამიანი: „ მონა ღვთისა“. სიტყვა „მონა“ უნდა ამოვარდეს ეკლესიის სიტყვარითმისაგან. ერთხელცაა ამოვარდება კიდეც – მიხედვით არა მარტო მეოთხე უხლში თქმულისა, არამედ და უფრო შეგნებით თვითონ ძველი და ახალი აღთქმისა. გავიხსენოთ, იესო უწოდებს თავის თავს „ძე ღვთისა“. იუდეველნი გმობენ ამას. იესო ეუბნება მათ: განა თქვენს საღვთო წერილში არ წერია: „მე ვამბობ: ღმერთები ხართ“? (იოანნე: 10,34.). ნაგულისხმევია, გაგახსენებთ, თქმული 8 ფსალმუნში.
6. პირველცოდვა: შემოჭრა ბოროტისა ყოფაში. მრავალია თეორია ახსნისათვის ამ საიდუმლოსი. არც ერთი მათგანი მართალი არაა. ყოველი მათგანი, ხსნის რა ბოროტის შემოჭრას ყოფაში. ბოლოს მაინც ფაქტის წინაშე დგება: კეთილისა და ბოროტის არსებობისა. ეს საიდუმლო აუხსნელია, ოღონდ იგი პოსტულატია, ურომლისოდაც არც ონტოლოგიაა შესაძლებელი და არც გნოსეოლოგია.
7. ღმერთი – დამსჯელი. დამსჯელი ღმერთი არ შეიძლება იყოს ღმერთი თვით იაჰვე შურისმგებელი კი არაა – მშურველია:
8. ნამდვილი წინამორბედი ქრისტესი არის მ ო ს ე. საუკუნეთა განმავლობაში ოთხი – საიდუმლოება – ქვაკუთხედი მისი ქმნილებისა ვერ აუხსნიათ. (შენიშვნა. როცა ამას ვამბობ ხოლმე, იმართება კითხვა – პასუხი. „თქვენ ახსენით?“ „დიაღ, ავხსენით“. „საითგან იცით?“ „არა უნივერსიტეტებითგან და ბიბლიოთეკებიდან“. „მაშ?“ „ალბათ მომადლებული მაქვს: ვგულისხმობ ცოდნას“. (N o t a l e n e . ის ოთხი საიდუმლო თუ ვერ ახსენი, ვერ ახსნი საიდუმლოებას ებრაელთა ყოფისა) შენიშვნა. ამ ყოფის ერთს საიდუმლოს მიუთითა („გადაკრულ“) მოციქულმა პავლემ: „რომაელთა“: 11, 25. მე ჯერ არ მსმენია: ვინმეს საქრისტეანოში აეხსნას ეს „გადაკრული“.).
კურთხეულო მღვდელმთავარო! რასაც აქ ვწერ, ვეუბნები მთელს საქრისტეანოს. შემთხვევა მეძლევა: თქვენც გითხრათ: უმაღლესს მწყემსს ქრისტეან ქართველთა. სავალალოა მხოლოდ, რომ მოკლედ მიხდება გასაუბრება.
მივმართოთ ახლა საქართველოს.
რომელიმე ხალხის ნიჭი განიზომება ამით: თუ როგორ წარმოუსახავს მისს ზეპიროვნულ გენიას მსოფლიო. წარმოსახული მსოფლიო – მოკლედ: „მსოფლხატი“ – ქართველოლოგიაში ბევრი რამ კეთდება, მნიშვნელოვანი. აქაც: მაქვს ხედვაში ჩვენი ჯურნალი. მე ვარ ჯერ კიდევ, ერთადერთი ავტორი, რომელიც აცნაურებს „მსოფლხატს“ ქართველთა. ამ მსოფლხატს მსოფლხატნი ჩვენი დროის ხალხთა ვერ შეედრებიან სიღრმით.(კერძოთ, რუსებს ვურჩევ უკლონ ტრაბახი, თორემ: თუ წავუყენე მათ მსოფლხატს ჩვენი მსოფლხატი, სასტიკად დამარცხდებიან.ვამბობ ამას როგორც მოყვარული ჭეშმარიტებისა. „რუსოფობას“ ვერავინ დამწამებს „ფობია“ უცხოა ჩემთვის საერთოდ. 1919 წელს მე ერთი წიგნაკიც ვუძღვენი რუსეთის მხარეს, რუსულად დაწერილი. „მხარეს“ – პირველი მაგალითი მსოფლიო ლიტერატურაში! 1920 წელს გამოვიდა ჩემი „ჰაიასტან“. სომხებმა იგი თარგმნეს – საინტერესო დეტალი – როგორც ერევანში, ისე პარიზში!).
ქართველთა მსოფლხატვაში – რად ღირს მარტოდ – მარტო ქართული ენა! ენა, რომელიც ასე დაუსახავს მეათე საუკუნეში ერთს ღრმადჩახედულ გონმეტყველ ქართველს: „...რამეთუ ყოველი საიდუმლოÁ ამას ენასა შინა დამარხულ არს“. (თუ ყოველი არა – მრავალი უთუოდ!).
ხოლო გ უ ლ ი ჩვენი მსოფლხატვისა არის ჯვარი ვ ა ზ ი ს ა – უდიდესი „რეალსიმბოლო“, რომლის სადარი მთელს საქრისრენოს არ მოეპოვება. ( რა იქნებოდა, დიდ ავგუსტინეს რომ ცოდნოდა მისი არსებობა! მისს აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნებოდა!) როცა ქართველს მამულის დასაცავად ხრმალი ეჭირა, მისი მარჯვენის მ ა ჯ ი ს ც ე მ ა ს სწორედ ეს გ უ ლ ი ს ც ე მ ა ამაგრებდა: ჯ ვ ა რ ი ვ ა ზ ი ს ა.
მე რომ შემეკითხონ: რომელ ნაწარმოებში უფრო გრძნობ უფრო ქართველობასო – ვიტყოდი: გიორგი მერჩულეს ძეგლში „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“. ამით ბევრი რამაა თქმული. სიტყვას აღარ გავაგრძელებ: ისეც მივხვდებით, რაა თქმული.
(წაკითხული გექნებათ შესანიშნავი გამოკვლევა პავლე ინგოროყვასი „გიორგი მერჩულე“. დიდი მარჯია საქართველოსი! წაკითხული გექნებათ აგრეთვე შალვა ნუცუბიძის წიგნი „ისტორია ქართული ფილოსოფიისა“. ეს კი დიდი მარცხია – მარცხი დიდი ნიჭით დაჯილდოებული ავტორისა. მარცხი, დიდად მავნებელი. ჩვენი ჟურნალის მომავალ რვეულში გავარჩევ ამ წიგნს – აუღელვებლად, გულდასმით. ამ რაღაც „პანთეისტურ მატერიალიზმისაგან“ – გარწმუნებთ – ნამცეციც აღარ დარჩება).
ვათავებ.
კურთხეულო მღვდელმთავარო!
ღრმად მრწამს: რომ თქვენ პირნათლად შეასრულებთ განგებისაგან რგუნებულ ს ა – ქ მ ე ს . ისე, როგორც ამას ასრულებდნენ საუკუნოებში ჩვენნი მღვდელმთავარნი, რომელნიც აგრეთვე დიდნი მამულისშვილნიც იყვნენ.
პირადი თხოვნა. თქვენ ალბათ ბევრად უმცროსი ხართ ჩემზე – კალენდარით. ასე რომ: მე თქვენზე უფრო ადრე გარდამავალ სამარადისოში. გაიგებთ ჩემს გარდაცვალებას – გადამიხდით პანაშვიდს.
იყავით ნათელმოსილ და მზეგრძელ!
გემთხვევით მარჯვენაზე, რომლისაგან
დალოცვას ვიღებ წარმოსახვით
თქვენი
გ რ ი გ ო ლ რ ო ბ ა ქ ი ძ ე
დამატებანი.
1. მუხლი 4. განკაცება ღვთისა შეუძლებელი იქნებოდა, რომ კაცი „იმ თავითვე“ ღვთის წიაღში არ იყოს „თეომორფულ“ გულვებული. 2. მუხლი 5. იგივე „განკაცება“ წარმოუდგენელია, თუ კაცი „მონაა“. 3. მუხლი 7. ვთქვათ: რაინდმა ჩაიდინა არარაინდული რამ რომ წარხდა! თვითონვე ისჯება!
გრიგოლ რობაქიძის წერილი მის უწმინდესობის, ეფრემ II – ისადმი ჟენევაში 1962 წლის 12 აგვისტოს არის დაწერილი. დოკუმენტი დაცულია თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივშ

??????