ქუთაისი. ილიას საღამო
27 ოქტომბერს ჩვენი ქალაქის თეატრში გაიმართა სალიტერატურო და სამუსიკო, ილიას საღამო. შესდგებოდა სამი განყოფილებისაგან: პირველ განყოფილებაში გვირგვინებით და ყვავილებით შემკულ ილიას სურათს გარშემო იდგნენ ილიას თხუზულებების გმირები და მათ შორის გ.ბ.ს.თ. ხუნდაძე. ი. მეუნარგია, კოლა ერისთავი და ნ. დავითაშვილისა.
ფარდის ახდისთანავე ს. ხუნდაძემ მიმართა დიდებული პოეტის სურათს თავის საკუთარი ლექსით, რომელშიც გატარებული იყო აზრი ილიას სიდიადის და უკვდავების შესახებ. თითქმის ამ ნაირივე ლექსით მიესალმა კ. ერისთავი. შემდეგ სურათის წინ დააწყვეს გვირგვინები და ფარდაც ჩამოეშვა. ამავე განყოფილებაში, ფარდის მეორედ ახდის შემდეგ , მშვენივრად წაიკითხა ილიას “ნანა”ქ.ნ. დავითაშვილისამ. მაგრამ ყველაზე უფრო საყურადღებო ამ განყოფილებაში იყო მეუნარგიას “ნანახი და გაგონილის” წაკითხვა ილიას შესახებ.
თავის “ნანახში დაგაგონილში”ბ. იონა მეუნარგიამ გააცნო დამსწრე საზოგადოებას ილიას ცხოვრებიდან სხვა და სხვა ეპიზოდები რომლებშიაც ილია იხატებოდა როგორც ადამიანი და როგორც მოქალაქე.
ბ. იონა შეეხო ილიას ახალგაზრდობას და დამსწრეთა გასაოცებლად თავის სიტყვა მან ასე დაამთავრა: “მან ლიბერალობა ოქროს ჯაჭვზე გაცვალაო” ე.ი. მწერლობას თავი დაანება და სახელმწიფო სამსახურს მიაშურაო. ეს თუმცა ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ ილიას პატივსაცელმლად გამართულ საღამოზე ბევრს უადგილოდ ეჩვენა ასეთი აზრის გამოთქმა და საზოგადოებაში ალგ-ალაგ უკმაყოფილება გაისმა.
კიდევ კარგი, ამით რომ დაკმაყოფილებულიყო ბ. იონა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, მან ბატონმა იონამ, თავიდან დაწყებული ბოლომდე მოსდგა ილიას და სულ მიწასთან გაასწორა. მოიყვანა რამდენიმე მაგალითი მისი ჯიუტობის დასამტკიცებლად, მოიგონა მისი ხელმოჭერილობა საქველმოქმედო საქმიანობისათვის, მაშინ როდესაც ის თითო ღამეში ხშირად ათას-ხუთას მანეთობით აგებდა ბანქოს თამაშში იონას უნდოდა საზოგადოებისათვის დაემტკიცებინა, რომ ილია შესანიშნავი დიალექტიკი იყო და ამის დასასაბუთებლად მოგონა დამსწრეთ ილიასა და ძმათა მაჩაბელთა შორის ამტყდარი უთანხმოებანი თბილისის სათავად-აზნაურო ბანკის საქმეებში. აქ მან პირდაპირ განაცხადა, რომ თუმცა ხშირად სიმართლე ივ. მაჩაბლის მხარეზე იყოო, მაგრამ ილიამ თავის შეუბრალებელი დიალექტიკის შემწეობით მაჩაბელი გასჭყლიტაო. გვიკვირს რად დასჭირდა მეუნარგიას ასეთი მოგონებების წაკითხვა ილიას პატივსაცემლად გამართულ საღამოზე? როგორც ბ. იონას მოგონებებიდან სჩანს, ილიას პირველ ხანში ლიბერალობა ოქროს ჯაჭვში გაუცვლია, შემდეგ კი 1875 წლიდან პოეტს ბანკირობა დაუწყია. ბ. იონამ ისიც უსაყვედურა დიდებულ პოეტს და სთქვა: “პოეტი და საანგარიშო ჩოთქი როგორ უნდა მოთავსებულიყვნენ ერთადო”!
ბ. იონას აზრით ილია არც პუბლიცისტი ყოფილა, მაინც და მაინც დიდებული. ამის დასამტკიცებლად, ბ. იონამ დიდხანს ილაპარაკა ილიას მეთაურობის შესახებ გაზეთში და ის აზრი გამოსთქვა, რომ ილია მეტად გაჭიანურებულ მეთაურებს სტამბავდა გაზეთში და ეს კი მოსაწონი არ არისო. თავის აზრი რომ უფრო დაემტკიცებინა მას, საფრანგეთის პუბლიცისტ ჟორარდენსაც კი შეადარა ილია და დაასკვნა, რომ აი როგორი უნდა იყოს პუბლიცისტიო. ერთი სიტყვით, ბ. მეუნარგიამ თავის “ნახულში და გაგონილში” ილიას თითქმის მარტო უარყოფითი მხარეებს მიაქცია ყურადღება და ამ გარემოებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. რაც ბ. იონამ თქვა, სხვა “ვინმეს რომ ეთქვა, მგონია საქართველოში აღარ დააყენებდნენ. (ხაზი ჩვენია-ს.ც) ბ. იონას კი-არაფერი. ამით დასრულდა პირველი განყოფილება.
მეორე განყოფილებაში ცოცხლად ჩაატარეს ბ. შალიკაშვილმა, ქ. ქ. ჯავახიშვილისამ და ქავთარაძისამ სცენა “კაცია ადამიანიდან”- ლუარსაბსა და დარეჯანს შორის.
მესამე განყოფილებაში მშვენიერი სანახავი იყო აპოთეოზი. ილიას სურათის გარშემო ჩვენ ვხედავდით მისი თხზულებების უკვდავ ტიპებს. შუაში, სურათის ქვეშ თეთრად ჩაცმულ მუზას ხელში ლირა ეჭირა. ეს სურათი დასაწყისში კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაგრამ როდესაც ქანდაკებასავით გაქვავებულმა პირებმა დაიწყეს ილიას ლექსების დეკლამაცია, ეს კი რაღაც უხერხულად ეჩვენა საზოგადოებას. მართლაც და რა შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა სურათს. როდესაც გაქვავებული ადამიანები თვალების დაუხამხამებლად კითხულობდნენ გრძნობებით სავსე ლექსებს? მხოლოდ კოლა ერისთავმა დაარღვია სურათის უმოძრაობა და თავისებურად, მღელვარებით და აღტაცებით წაიკითხა ლექსი. რაც შეეხება ბ. შალიკაშვილს, რომელიც აჩრდილის სახით უნდა გამოცხადებოდა სცენაზე მყოფთ და “აჩრდილიდან” უნდა წაეკითხა რამდენიმე ადგილი, მან გადააჭარბა და აჩრდილი კი არა, უფრო გაბედული მეომარი გეგონებოდათ.
საღამოს საზოგადოება კარგა ბლომად დაესწრო, თუმცა იმდენი არა, რამდენსაც მოველოდით (ხაზი ჩვენია-ს.ც.). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აქაური სასწავლებლების უფროსებმა ნება დართეს უფროს მოსწავლეებს საღამოზე დასწრებოდნენ. მგონი ეს ისე ძნელი არ იქნებოდა, რომ მოენდომებიათ სასწავლებლების უფროსებს, რომელთა შორისაც უმეტესობა ქართველები არიან.
შემთხვევით დამსწრე.
გაზ. “ალი” № 3. 5. ნოემბერი, 1908 წ.