ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ
როცა აკაკის, “კაცია ადამიანის”დამწერსაც მწერლობაშიც მარტო ილია რომ დაეძახოს მგონია არა წახდეს რა. თუ რუსულად ილია გრიგოლის-ძე ითქმის, ჩვენთვის მარტო ილია როგორღაც უფრო მოხერხებულია, უფრო ქართულია.
ილია იყო ღარიბი ოჯახის შვილი. იმ დროებში, როცა ის დაიბადა(1837წ.) ჭავჭავაძიანთ გვარში დოვლათიანი სახლი მარტო ერთი სახლი იყო, ალექსანდრე გარსევანის შვილის, საქართველოს მგოსნის, რომლის ოჯახისაგან გამოვიდნენ სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე, ნინო გრიბოედოვისა, თამარ ბატონიშვილისა- ერეკლეს მეუღლე, ბარონესა ნიკოლაი და სხვ. ამ დროებში “კნიაზიანთ” ოჯახს კახეთში მარტო ალექსანდრეს ოჯახს ეძახდნენ. სხვების სიმდიდრე მარტო პური და ღვინო იყო. ილიას მამა გრიგოლიც, შექსპირის თქმისა არ იყოს, მარტო სისხლით იყო მდიდარი და არა ქონებით. მეტ სახელად გრიგოლს თურმე პაჭუას ეძახდნენ გრიგოლი ერთ დროს ოფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რამდენათმე განათლებული კაცი იყო. დედამისი, სახელად მაგდანი, იყო სომხის ქალი, ბებურიშვილის ასული. საიდან არის სომეხი, შეიძლება გრიგორიანი იყო და იმიტომ ეძახდნენ. ბებურიშვილი სომეხი?
ნიადაგი და ატმოსფერა კარგი ჰქონდა მომავალს მგოსანს, რომ ამ პირობებში მას ჩანერგოდა გულში მამულის და ენის სიყვარული.
ილიას რუსეთშიაც განსხვავებულ დროს შეხვდა მისვლა, როგორც ჩვენს დროში შემდეგ იაპონიასთან წაგებულის ომისა, სულ ყველაფერი რყევაშია და მიისწრაფის ახლის სუკეთესო ცხოვრებისადმი, ის იმ დროს, შემდეგ ევროპის კოალიციისაგან დამარცხებისა, რუსეთი ახლის წესწყობილებისადმი მიისწრაფოდა. თავიდათავი მოთხოვნილება მაშინდელის საზოგადოების საუკეთესო ნაწილისა იყო გლეხთა განთავისუფლება.
უნივერსტეტი სათაურში უდგა იმ დროისათვის საჭირო რეფორმების შემოღების საქმეს და სწორედ მაშინ, როცა გლეხთა განთავისუფლების საქმე თავდებოდა, სტუდენტებმა არეულობა მოახდინეს.
ამ არეულობას მოყვა ილიას საქართველოში დაბრუნება.
რეფორმის წინა დროებში აქ ილიას ან რა ადგილის შოვნა შეეძლო თავის ცოდნისა და ჰაზრების საქმეში გამოსაყენებლად. ჟურნალ-გაზეთობა ამ დროს ჯერ საქმე არ იყო.
“ცისკარი” კი იბეჭდებოდა მაგრამ ჟურნალს მკითხველი არ ყავდა. დაბეჭდილ ნომრებს რედაქტორი თითონ უგზავნიდა გავლენიან, მწერლობის მოყვარე ნაცნობებს-გრიგოლ ორბელიანს, გიორგი მუხრან ბატონს, მიხეილ თუმანოვს, კოლხიდელს, და პლატონ იოსელიანს და მათი შემწეობით დიდი გაჭირვებით არსებობდა ის თვითონ, მისი მესტამბეები და მისი ჟურნალი. თანამშრომლებისათვის ფული არ მოეძეოდა რედაქტორს და არც იყო მოსალოდნელი ახლო მომავლში, რადგანაც საზოგადო ცხოვრების პირობები ასეთი იყო მაშინ საქართველოში. ქართული ვერსად უშველიდა.
სამსობლოში ჩამოსულ ილიას გზაზე სვეტი დაუხვდა, რომელზედაც ეწერა: მარჯვნივ წახვალ ჩინოვნიკი იქნები და მაძღარი, მარცხნივ წახვალ, მწერალი იქნები და მშიერი.
რომ მარჯვნივ წასვლა, ე. ი. შესაფერი ადგილის შოვნა არც ისე ადვილი იყო იმ დროს, ბუნებრივმა მიდრეკილებამ ილია წაიყვანა მარცხენა გზით. ილიამ ჯერ ცოტახანს “ცისკარში” ბეჭდა მისი ნაწერები და შემდეგ 1863 წელს საკუთარი ჟურნალი გამოსცა “საქართველოს მოამბე”.
ამ ჟურნალში დაბეჭდა პირველად ილიამ “კაცია-ადამიანი”, “გლახის ნაამბობი”, “რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან” და ბევრი სხვა ჩინებული ლექსები.
აქვე დაიბეჭდა ნაწერები ვიქტორ ჰიუგოსი, პრუდონისა, ბასტიასი, ბელინსკისა და სხვ.
ახალმა ჟურნალმა ახალი სიტყვა გააგონა ქართველ საზოგადოებას. ეს სიტყვა მით უფრო მნიშვნელოვანი იყო და დროზე ნათქვამი რომ საქართველოშიც მზადდებოდა ამ დროსგლეხთ განთავისუფლება-ორი წლის წინათ რუსეთში მომხდარი.
ახალი სიტყვა ძველებს არ მოეწონათ. რატომ?
და ასტყდა ძველსა და ახალს შორის კამათი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოიწვია ილიასა და გრიგოლ ორბელიანის ცნობილი პოლემიკა.
ძველ თაობას არ მოსწონდა არც ილიას ჟურნალი და არც ილიას სიტყვები. ამ დროს თავად-აზნაურთა ყრილობაზე, როგორც ქრისტეფორე მამაცოვი მოწმობს ერთს კრებაზე, საცა ილია ამტკიცებდა, რომ-გლეხები მიწიანად უნდა გავანთავისუფლოთო, ვიღაც თავადი იმას ხანჯლით მივარდა ისე, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსს დაუპირა მოკვლა ვიღაც კანდელაკმა ქუთაისში იმავე მიზეზის გამო.
“საქართველოს მოამბე” რომ გამოვიდა, ბატონიშვილს ერეკლეს წაეკითხა ჟურნალი და ეთქვა თავისიანებში: დემოკრატიული ჟურნალი არისო.
სასახლის კაცს, გიო სუმბათოვს, ამისათვის ყური მოეკრა, დაეხსომებია და როცა შემთხვევემ ნება მისცა, ეთქვა ილიასათვის:
-ილიავ, წავიკითხე შენი ჟურნალი და უნდა გითხრა, დემოკრატიჩესკი არის.
-როგორ თუ დემოკრატიჩესკი?
-ისე დემოკრატიჩესკი.
-მაშ რა გინდა იყოს?
-არისტოკრატიჩესკი.
-ეს თუნდ ბატონიშვილს ერეკლეს ეთქმის, მაგრამ შენ რაო ჩემო?
-ვითომ და რათაო?
-აბა რა გაქვს შენ არისტოკრატიჩესკი, აი თუ გინდა თავი (დიდი შნოს პატრონი არ იყო).
-თავი კი განზე იყოს, მაგრამ შენი ჟურნალი კი მაინც დემოკრატიჩესკი არის განუმეორა სუმბათოვმა.
“საქართველოს მოამბემ” ზემო თქმული მიზეზის გამო დიდხანს ვერ იცოცხლა. საშუალება რომ შემოაკლდა ილიამ “საქართველოს მოამბის” გამოცემას თავი ანება. მარცხენა გზით სიარულისაგან რომ არაფერი გამოუვიდა, ილია მარჯვნისაკენ გაემართა.
“ლიბერალობა ოქროს ჯაჭვზე გასცვალა”.
1864 წლის დამლევს ილია გაგზავნეს იმერეთს, ქუთაისის გენერალ გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ, რომელმაც დაავალა მას გამოერკვია რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის, ბატონ-ყმობისაგან წარმომდგარი.
როცა ბატონ-ყმობა მოისპო და საგლეხო დაწესებულებები დამკვიდრდა თბილისის გუბერნიაში (4 ნოემბერი 1864წ.), ილია დანიშნეს მომრიგებელ შუამავლად დუშეთის მაზრაში.
ამაზე უკეთესს ადგილს ილიასათვის კაცი ვერ კი წარმოიდგენდა. მომრიგებელი შუამავალი, კანონმდებლის აზრით, გლეხკაცის მამაა, მისი “მფარველი ანგელოზი” როგორც ამბობდნენ იმ დროებში, როცა თანამდებობა არსდებოდა. კანონი იმას სდებს იაროს სოფელ-სოფელ და ადგილზე გაარჩიოს ნაბატონევთა და გლეხთა შორი მომხდარი ცილობა. ის არის ობლის პატრონი, სოფლის მართვა-გამგეობის მეთვალყურე, მასწავლებელი და მოძღვარი გლეხკაცობისა. ილიაც სწორედ საამისოდ იყო დაგეშილი და მერე ის დაინიშნა მომრიგებელ შუამავლად არა სადმე სომხეთში, როგორც დღეს არის მაგალითად, გადავარდნილი, ილია ჭყონია, დუტუ მეგრელი, არამედ თავისიანებში, არაგვის პირად, მცხეთიდან ორ ნაბიჯზე, მთიულეთის ახლოს, მყინვარის კალთებზე, სადაც ის პოვნიდა ყოველგვარ მასალას, როგორც მგოსანი, ენის მოყვარე, მამულის ერთგული; მარტო მთიულეთი და მისი პოეზია რად ღირდა მგოსნისთვის და ილიას მისი ადგილი არა სხვა სახელმწიფო სამსახურზე არ უნდა გაეცვალა, მაგრამ არ ვიცი რა იყო მიზეზი, როცა ჩვენში შემოვიდა სასამართლოს რეფორმა (1868), ილიამ შუამავლობას თავი დაანება და ის დანიშნულ იქნა დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ.
მომრიგებელ შუამავლად ყოფნის დროს ამბავი მე არა გამიგონია ილიასაგან. მხოლოდ, ერთხელ, როცა ჩინოვნიკების ქუდის კაკარდაზე ჩამოვარდა სადღაც ლაპარაკი, ილიამ მთიულების გულუბრყვილობის ნიმუშად გვიამბო, თქვენთან პატივი, ბატონებო და შემდეგი:
პოსრედნილად რომ ვიყავი, ერთხელ ანაზდეულად მომიხდა მთიულეთს მისვლა, საცა კვირა დღეს ხალხი მოგროვილიყო ერთს სოფლის სასამართლოში. რაღაც საქმის გამო მე მამასახლისს ვუბრძანე დაებარებია ერთი გლეხი, რომელიც შორი-ახლო იდგა იქიდამ. მამასახლისმა ბრძანება გზირს გადასცა. გზირი იქვე მიდგა განზე ,და რაც ძალი და ღონე გააჩნდა, ხმა-მაღლა დაუძახა დაბარებულს. დაბარებულმა დაბლიდამ იყო თუ მაღლიდამ ხმა მისცა გზირს და მათ შორის გაიმართა ამ გვარი მიძახილ-მოძახილი:
-გიბარებენ ჩქარა!
- ვინ მიბარებს?
-ჩინოვნიკი.
-ვინ ჩინოვნიკი?
-აი ქუდზე რომ ქათმის...რაღაცა აქვს ის გიბარებს.
ამის გამგონე ილია იტყოდა, ვითომ და ნაპოლეონის გენერალმა ვატერლოუს მინდვრიდამ სიტყვა რომ შეუთვალა ინგლისელებს რით იყო ამ სიტყვაზე უფრო გემრიელიო,.
მომრიგებელ მოსამართლეთ ყოფნის დროიდან მოგონება უფრო საინტერესოა.
თითონ ილიამ გვიამბო:
მოსამართლედ რომ ვიყავი ერთი გლეხი მიწას ედავებოდა ყაზბეგს.-ბატონო, მიწა ჩემია, თეიმურაზ მეფის დროსა მაქვს ნაყიდი, მოწმეცა მყავს და ახლა ყაზბეგი მართმევს, მიშველე დამიფარეო შემომჩივლა გლეხმა.
მე დავიბარე გლეხისაგან ნახსენები მოწმე.
-შენ მოწმე ხარ, რომ ესა და ეს მიწა ამ გლეხს აქვს ნაყიდი-თეიმურაზ მეფის დროს?
-დიახ, შენი ჭირიმე, მოწმე ვარ, თუნდ დამაფიცეთ, ფრჩხილის საკვეთი ამიღია.
თურმე ძველი ჩვეულება ყოფილა, როცა მიწას იყიდდა ვინმე, დამსწრე მოწმეს ფრჩხილს მოსჭრიდნენ. ამისათვის გასამრჯელოს აძლევდნენ იმას- და ეს მოწმე ვალდებული იყო უფროსი შვილისათვის ეამბა ამ ნაყიდობის ამბავი. შვილი შვილიშვილს გადასცმდა და ამგვარად ნასყიდობის ისტორია გადადიოდა მოდგმიდამ მოდგმაზე. თუ ვისმე შვილი არ ეყოლებოდა იმათთვის უნდა ეამბნა ვინც გვარში უფროსი იქნებოდა.
ილიას ეს ჩვეულება მეტად არ გაეგონა, ძლიერ მოეწონა და მოწმის ჩვენების თანახმად სადაო მიწა გლეხს მიუსაჯა.
ყაზბეგმა აპელაცია გადაიტანა, საცა სწერდა: მომრიგებელ მოსამართლემ მკვდრები ააყენა მიწიდამ და ჩვენება ჩამოართვაო, Мертвых допрашивает-ო.
ამაზე ილია იტყოდა: ბაბილონში აგურზე იპოვეს წარწერა ეს და ეს მამული ნასყიდია და ამ ნასყიდობის მოწმეა ეს-და ეს, რომლის ფრჩხილი ამ აგურში არისო. გატეხეს აგური და შიგ ფრჩხილი ნახესო.
მეორე მოგონებაც ილია მოსამართლისაგან განაგონი: ერთჯერ ილია ერთი ძმის მაგიერ მეორე გაასამართლა და საპატიმროში ჩასვა.
ვიღც ზაქარიას ბრალდებოდა ხეების მოპარვა. საქმის გარჩევის დროს მოსამართლემ ბრალდებულის გვარი მოიკითხა.
-მე გახლავარ ბატონო, წამოიძახა გლეხმა.
შენ წაიღე ხეები?
დიახ ბატონო წავიღე.
რა კი დანაშაული ეჭვს გარეშე იყო, იქვე განჩინება დავსწერე და ბრალდებული საპატიმროში გავაგზავნე. ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნა არ გაეთავებინა დასჯილს, რომ ჩემთან მოვიდა მისი ძმა.
-შენ ვინ ხარ?
-ესა და ეს ზაქარია გახლავარ ბატონო.
-როგორ ზაქარია, ის ხომ ციხეში არის?
-არა შენი ჭირიმე, ციხეში ჩემი ძმა გავგზავნე, მე საქმეები მქონდა ქალაქში და არ მეცალაო, მიპასუხა გლეხ-კაცმა.
მომრიგებელ მოსამართლედ ილია დარჩა 6 თუ 7 წელი.
1874 წელს ილიამ სულ დაანება თავი სახელმწიფო სამსახურს და შეუდგა თბილისის საადგილმამულო ბანკის საქმეს. ამ წელს თბილისის თავად-აზნაურთა კრებამ ის აირჩია კომისიის წევრად, რომელსაც დაევალა ბანკის წესდების შედგენა და როცა ეს წესდება თავად-აზნაურობამ მოიწონა, ილიამ მათსავე მინდობილობით გაემგზავრა პეტერბურგს და იქ მისი მეცადინეობით ეს წესდება დამტკიცდა. შემდეგს 1875 წელს ამ წესდების თანახმად თბილისში გაიხსნა საადგილ-მამულო ბანკი და ილია არჩეულ იქნა ამ ბანკის გამგეობის თავჯდომარეთ.
ამის შემდეგ ილიას გაეხსნა ფართო ასპარეზი მოღვაწეობისა საქართველს საქმეთა სასარგებლოდ. ამ დღიდამ მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში თბილისში ქართული საზოგადო საქმე ისეთი არა დაწყებულა რა, საცა ილია თავკაცად არ ყოფილიყოს, თავ-მრჩევლად, საქმის გადამწყვეტად. ვიდრე დიმიტრი ყიფიანი ცოცხალი იყო, ვიდრე გაბრიელ ეპისკოპოსი მეტყველებდა, ვიდრე გრიგოლ ორბელიანი ზემოდან დაყურებდა ახალთა თაობათა, ილია ჭავჭავაძეზე მაღლა კიდევ თუ იხსენებოდა სხვისი სახელი, მაგრამ მას შენდეგ რაკი ესენი მიიცვალნენ ილია დარჩა პირველ კაცად საქართველოში.
ამას იქით ილია არის: ილია ბანკირი, ილია რედაქტორი, ილია წერაკითხვის საზოგადოების თავჯდომარე, ილია დრამატიული საზოგადოების თავჯდომარე, ილია სათავადაზნაურო სკოლების გამგეობის წევრი, თავჯდომარის ამხანაგი, ილია მწერალი, ილია მოლექსე, ილია წარმომადგენელი ქართულის მწერლობისა, მასპინძელი უცხოელთა სტუმარ-მწერალთა და სხვადასხვა.
მე აქ ილიას ცხოვრებას არა ვწერ, ილიას ცხოვრების მასალას ვაქუჩებ, რომელიც ან თითონ ილიასაგან გამიგონია, ან მისთა თანამედროვეთაგან მსმენია, ან მე თითომ ჩემის თვალით მინახავს და ამიტომ ჩემს ნანახს და განაგონს ილიას ცხოვრებიდან მე აქ მხოლოდ დაახლოებით ქრონოლოგიურად, მაგრამ მაინც უსისტემოდ ვსწერ. მე ხომ მეწვრილმანე ვარ ქართულის მწერლობისა და ჩემგან შეკრებილი წვრილმანებით მე თქვენ ილიას სურათი ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ნათლად დაგანახეთ, მე ჩემს ვალს ქართულს მწერლობაში მოხდილად მივიჩნევ.
მე გავიცანი ილია პირველად 1879 წელს.
ამ წლიდამ დაწყებული დღემდე მისი სიკვდილისა მე ილიას კეთილგანწყობილებას არ მოვკლებილვარ. პირველ 4-5 წელს, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, მე მასთან უფრო ხშირი მისვლა-მოსვლა მქონდა ჯერ როგორც წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრს და საქმის მწარმოებელს და შემდეგ როგორც გაზეთების თანამშრომელს.
სამწუხაროდ, იმ დროებიდამ ჩემ სამახსოვრო წიგნში არაფერი თითქმის არ ჩამიწერია ილიას ცხოვრებიდან მაშინ ჯერ არ მქონდა განზრახული შემედგინა ჩვენი მწერლების ცხოვრების აღწერა და ბევრი რამ ილიას ცხოვრებიდამ, რასაც დღეს შეეძლო მისი ბიოგრაფიის გახალისება მე მიმავიწყდა. მხოლოდ შემდეგში, როცა მე მივყავი ხელი ორბელიანის, ბარათაშვილის, გიორგი ერისთავის და სხვათა ცხოვრების აღწერას, მე ყოველს შეყრაზე ილიას ვუყურებდი და ვუსმენდი, როგრც მსხვერპლს “მუშტრის თვალით” და როცა მისგან მოვდიოდი შინ, მის ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს სამახსოვრო წიგნში.
სულ ყველაფერი რასაც აქ მოვახსენებ მსმენელს, ან არის ამოღებული ჩემის სამახსოვრო წიგნიდამ, ან თითონ საკუთარის ჩემის მეხსიერებიდამ, და არაფერი არ ურევია აქ, რაც სხვის კალამს ეკუთვნოდეს, სხისი ნაწერებიდამ იყოს ამოღებული.
გარნა არც კი ვიცი საიდამ დავიწყო წერა, რა რიგზე ამოვწერო სამახსოვრო წიგნიდამ, ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ.
მგონია ისვ ისა სჯობია თავიდამ დავიწყო, ათადამ-ბაბადამ, როგორც თითონ ილიას უყვარდა თქმა, ესე იგი შინ მივიდე მასთან და ჯერ შინაური კაცი დაგანახოთ.
ილია ჯერ იდგა ახალ, ბებუთოვის ქუჩაზე, სტაროსელსკის სახლის პირდაპირ. მერე ოთხმოციან წლების მეორე ნახევარში ის გადავიდა კუკიას, თავის დის ლიზა საგინოვის სახლში, ბოლოს დროს იმან იყიდა საკუთარი სახლი ანდრიას ქუჩაზე.
ილიას არ ჰქონდა ფართოდ გაშლილი სტუმრიანი სახლი. მასთან თქვენ ვერ შეხვდებოდით ქალაქის მაღალ საზოგადოებას, Велико-светская пувлика-ს. მისს სალონში თქვენ შეეყრებოდით მხოლოდ მწერლებს, არტისტებს, საზოგადო მოღვაწეთ, ქალთაგან მარტო ნათესავებს.
თუ რამე საღამო გაკეთდებოდა მასთან ან წვეულება იქნებოდა, მომსვლელები ამათ წრიდან იყო.
ილია იყო თავაზიანი კაცი, პურმარილიანი მომლხენი. მას პირადად და მის სუფრას, რომელსაც ქართული კერძი თავის დღეში არ განშორებია, მუდამ ქართველი მოსამსახურენი მსახურობდნენ. საქართველოს საუკეთესო კაცს და მამულის მოყვარეს, მუდამ სწავლული და მამულის მოყვარე მოსამსახურე ებედებოდა.
თვითონ ილიამ გვიამბო: ერეკლე ბატონიშვილს ვაჟი რომ დაებადა დილა ადრიანათ ჩემთან შემოიჭრა ბიჭი და ჩვენს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა:
მომილოცავს ბატონო!
რა, ბიჭო?
-ბატონის რძალს ვაჟი ეყოლა ამ დილას.
1884-ს იყოთუ 85-ს, როცა ილია წამოვიდა სამეგრელოს,მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლიდ, ილია ისე გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას და ჩემთან ცაიშში სულ “ფარინა”, ფარინა” იმღერა დაფერხულით გული შეიჯერა.
ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი, მძიმე. აუჩქარებელი ხშირად ნიშნავს ზარმაცს და ეს თვისება- ზარმაცობა - ღმერთო შენ შეგცოდე და ილიას ცილისწამებად არ უნდა მიეთვალოს.
დიმიტრი ყიფიანმა მოსწერა იმას ერთხელ ქვიშხეთიდამ სამდურავი, რას უგვიანებ წერა-კითხვის საქმეებსო. სხვა რომ ვერა მოახერხა რა თავის გასამართლებელი, ილიამ პასუხად მისწერა მცხოვანს პატრიოტს, არაფერია, ყველაფერს მოვასწრებითო,-რუსთაველმა სთქვაო: “თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”.
მეორე მაგალითი: 1890-წელს, როცა ქალაქმა ბათუმმა ითხოვა, თბილისის სააზნაურო ბანკს ნება მისცემოდა მიეღო გირაოდ ბათუმის მამულები, ფინანსთა მინისტრიქალაქს ჩამოვიდ, მაგრამ ილია არ წრსდგა მასტნ და არ წარუდგინა ამ საგანზე მოხსენება. როცა ამის გამო საქმის გარდაწყვეტა დაგვიანდა და ილიას უსაყვედურეს რატომ მინისტრი არ ნახეო, პასუხად სთქვა: “ვერც ჩემი მისვლა დააჩქარებდა საქმეს და ვერც ჩემი მიუსვლელობა დააბრკოლებდაო.”
მაგრამ ილია, როგორც ეს შეეფერება პოეტს, ხშირად და ადვილად მოდის აღტაცებაში და ეძლევა პათოსს ხანდახან სულ უბრალო მიეზების გამო.
-ვაა.. ვერ წარმოიდგენ.. მითხრა ერთხელ იმან, რაღაც შემთხვევის გამო, ბრაზილიის იმპერატორმა დონ პედრომ შეუთვალა ვიქტორ-ჰიუგოს ( აქ მგოსანი წამოდგა ზეზე და გამოიჭიმა მთელის მისის სიმაღლით): შენი ნახვა და გაცნობა მწადიანო. ამის პასუხად ჰიუგომ შეუთვალა მიფეს: მე სადარბაზოდ არავისთან არ დავდივარო. მაშინ იმპერატორმა და მისმა ტახტის მემკვიდრემ თითონ ინახულეს დიდი მგოსანი. ვიზიტის დროს როცა მასპინძელმა სიტყვაზე “ თქვენო უდიდებულესობაო”უთხრა მეფეს, მეფემ სიყვა შეაწყვეტინა მგოსანს და უთხრა თავის მემკვიდრეს: Сын мой, помни, здес нет другого вепичества кроме Виктора Гюго... ეს სიტყვები ილიამ დიდის ამბის-ყოფით წარმოსთქვა, ეტყობოდა სიხარული, რომ ქვეყნის მბრძანებელი ასეთ გვარად ემორჩილებოდა სიტყვისა და ლექსთა მეფეს, როგორიც იყო ვ. ჰიუგო.
ლაპარაკში ილია უძლეველი იყო. მის დიალექტიკას, მის მოსწრებულ სიტყვებს, მის მდიდარს ლექსიკონს ჩვენს ქართველობაში წინ ვერავინ უდგებოდა. ვის არ ახსოვს მისი სიტყვები საადგილმამულო ბანკის წევრთა საზოგადო კრებებზე წინააღმდეგ ძმათა მაჩაბელთა, ბევრნი გრძნობდენენ რომ სიმართლე ვანო მაჩაბლისაკენ იყო მაგრამ ილიამ გაჭეჭყა ის თავის დიაკექტიკით და მოსწრებული სიტყვებით.
აი ერთი მაგალითი ილიას უძლეველობისა ლაპარაკში. “ვის-რამიანის” ბეჭდვა რომ იწყებოდა უკანასკნელი რედაქციის დადგენა და ვარიანტების ერთი ერთმანეთთან შეთანხმება მიანდეს ილია ჭავჭავაძეს., პეტრე უმიკაშვილს და ალ. სარაჯიშვილს. ერთს უძველეს ვარიანტში ამათ დაინახეს, რომ უ-ს ბრჯგუ არ აქვს. ილიას მეტი რა უნდოდა, ჩვეულებრივის ახტაცებით იმან დაიჯინა უ უბრჯგუოდ დავბეჭდოთო, უმიკაშვილი თითონ თაყვანისმცემელი იყო ყოველგვარის არქაულის ფორმისა, მაგრამ ასე გასინჯეთ იმას კი შეეშინდა ამგვარის გადაწყვეტილებისა. რადგანაც კორექტორი ის იყო, ეშინოდა ბრჯგუს განდევნა იმისათვის არ დეწადიმებინათ რადგანაც კორექტორი ის იყო, იმან დასწერა ამ საგანზე დადგენილი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერინა ილიასა და სარაჯიშვილს. მერე წიგნი დაიბეჭდა.
მაგრამ შენი მტერი ის რომ დაიბეჭდა, თქვენ თითონ გადაშალეთ წიგნი და დაინახეთ შიგ რაები სწერია. წარმოიდგინეთ თუ რა სიტყვები გამოვიდოდა თუ ბრჯგუ არ ექნებოდა უ-ნით დაწერილ სიტყვებს: ჩვენ, -ჩუენ; მოსვენება-მოსუენება; გამოკვება-გამოი.
-ილიას, ეს რა გიქნიათ, როგორ დაგიბეჭდნიათ-ჰკითხეს პოეტს.
-წარმოიდგინეთ: მე რომ რუსეთში ვიყავი პეტრეს გაუკეთებია. პეტრე, ეს რასა ჰგავს, როგორ დაგიბეჭდნია?
-მე ისე დავბეჭდე, როგორც შენ გადასწყვიტე...
-თავის დღეში მე ამგვარი დაბეჭდვა არ მიფიქრია.
გიფიქრია კი არა, გითქვამს კიდეც და ხელიც მოგიწერია, უთხრა გაჯავრებით პეტრემ და გაიხსნა უბის ჯიბე. ამოიღო მანდედამ ხელმოწერილი ბარათი და თვალწინ დაუდვა.
-თავის დღეში მე ეს არ მითქვამს, მე სხვა რიგად დაწერილი მეგონა, უთხრა მაინც ილიამ და იმდენი ილაპარაკა, სანამ საწყალი პეტრე დამნაშავედ არ გამოიყვანა.
ილია ხელმოჭერილი კაცი იყო, სულ იმას სჩიოდა მეტი აღარავართ ამ საქველმოქმედო საღამოებისაგანო, საცა ჩვენ და სასარგებლოდაც უნდა გავმართოთ წარმოდგენაო და სხვა ამგვარები. უცნობი ქალი ან კაცი რომ მოვიდოდა მასთან იმას სულ იმის ეშინოდა ვაი თუ ფული მთხოვოსო. ერთხელ საადგილ-მამულო ბანკში მასთნ მოვიდა პლატონ იოსელიანის ცოლისაგან მოგზვნილი ქალი, ილიას ეგონა მთხოვნელი არისო და მიღების უარზე დადგა, მაგრამ მოგზავნილმა შემოუთვალა: პლატონ იოსელიანისაგან დარჩენილი ნაწერი მომაქვს თქვენს ჟურნალში დასაბეჭდათო და პოეტს გადასცა-”მეფე გიორგის ცხოვრება”, იოსელიანისაგან შედგენილი, შემდეგში “ივერიის” ნომრებში დაბეჭდილი.
მაგრამ ამ ხელმოჭერილ კაცს სულ არაფარად მიაჩნდა ასობით და ათასობით ფულის წაგება ბანქოს თამაშში.
ოთხმოციან წლების დამდეგს ილია თითქმის ყოველ საღამოს თამაშობდა. ჩვეულებრივი მისი პარტნიორები იყვნენ: გიორგი შარვაშიძე (დიმიტრიჩი), კონსტანტინე რეიტერი, კოლა ერისათვი, დავით ალავიშვილი. კრუჟოკში ან კლუბში ის ხშირი სტუმარი არ იყო. იქ თუ წავიდოდა ის მხოლოდ ზაფხულობით. მე ხშირად გამოვსულვარ დილა ადრიანათ ალექსანდრეს ბაღში და შევყრილვარ ილიას კუკიიდამ მომავალს შემდეგ ღამის თამაშში გატარებისა.
განსვენებული ილია ხონელისაგან გამიგონია: ილიამ მთელი ღამე თურმე ითამაშა სადღაც კლუბში და ათასხუთასი მანეთი წააგო. შინ რომ დაბრუნდა და ეტლის გასასტუმრებლად ქისა ამოიღო, შიგ ნაშალი ვერ იპოვა, ერთი თუმნიანი-ღა შერჩენოდა იმას გაუტეხელი.
-ეჰ საცა სხვა წავიდა ესეც წავიდესო, გაივლო მგოსნმა გულში და გაუწვდინა ქუჩერს თუმნიანი.
-აჰა წაიღე, უთხრა პოეტმა.
ბატონო აქ ერთითუმანია.
არაფერია, წაიღე განუმეორა მან.
-გეტყობა კნიაზო, წუხელის მოგიგიათ, ღმერთმა ყოველთვის ასე მოგაგებინოსო, დაუმადლა სულგრძელ მგოსანს თვალგაპრიალებულმა ქუჩერმა.
ახლა უნდა გადავიდე ილიას რედაქტორობაზე და გაზეთზე, მაგრამ ჯერ მოისმინეთ ეს რამდენიმე ნაწყვეტიც ჩემი დღიურიდამ A baton rompu.
გაზეთის ივერიის გამოცემას რომ მოკიდა ხელი ილიამ, ის დიდს ფაცა-ფუცში იყო. მე იმ დროს პეტერბურგში ვიყავი დროებით და -რადგანაც გაზეთში თანამშრომლობა მქონდა აღთქმული (სხვათა შორის გაზეთში უნდა დაწყებულიყო ჩემგან შეკრებილი ისტორიული და სამწერლო ნაკვესების ბეჭდვა, რომელზედაც ფსევდონიმად ლელო ეწერათ. თითონ სათაური (ნაკვესი) ილიასაგან არის გამოგონილი, მაგრამ ფსევდონიმი არ მოსწონდა). 20 დეკ. 1885-წელს ილია წერდა თბილისიდან:
“დაგვანებე, ჩემო იონავ თავი და დაგვაობლე ამისთანა გაჭირვების დღეს... მაგრამ რა გაეწყობა? თურმე სოფელი ასეა. თუმცა შენ ბევრს გვაკლიხარ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას არ ვიშლით და ვჩხირკედელაობთ 1-ს იანვრისათვის. ვნახოთ ღერძი ბედისა როგორ დაიწყებს ტრიალსო. გიგზავნი გამოცხადებულს და ყოველგან გაგზავნილს უწყებას ჩვენის ახლის გაზეთის გამოცემის თაობაზედ. ზოგიერთმა ჩვენგან ახლად შემოღებულმა სიტყვებმა და ტერმინებმა მოწონების და დაწუნების ღაღადი მოჰფინეს ჩვენს სალიტერატურო არე-მარეს. ჩვენ ვნუგეშობთ და ვამბობთ: Значит, свет нас заметил. უარარაობას კიდევ ესა სჯობია. ახ ნეტავი ეხლა ჩვენთან იყო. ყინვამ მაგ უმადურ და უსიხარულო ქვეყნისა გული არ გაგიყინოს და არ დაგვღუპოს შენდამი მსასოებელნი.
შენი ფსევდონიმი არც ერთი არ მომეწონა. აქ მოვიგონეთ ორი ფსევდონიმი: 1.”მე ვარ და ჩემი ნაბადი” თუმცა გრძელია, მაგრამ შენზედ ზედ გამოჭრილია;
2) “აბედი”, ვითომ ნაკვესმა შენ ცეცხლი მოგიკიდა როგორც აბედს და შენ ჩვენ გადმოგვეცი. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ აკაკი წერეთელს საბუთს მისცემს ქართული აბედი რუსულ обед-ად გადააქციოს; მაინც შენ სხვის სადილების მაძებარს გეძახოდა და დაქცინოდა. ორში ერთი ამოირჩიე და ტელეგრაფით მაცნობე.
ასოებისათვის ფული საჭირო არ არის, რადგანაც თვითონ ასოები აქ ჩამოვასხმევინეთ და ძალიან ცოტა განსხვავება აქვს მანდაურებთან. წიგნები რაც საჭირო იყო, დავიბარეთ, ვიდრე შენი წერილი მომივიდოდა.
ნიკოლაძესა სთხოვე და შეეხვეწე ჩემმაგიერ, ჩვენს გაზეთს თავისი ნაწერებით შეეწიოს. მომიტევოს ამჟამად, რომ საკუთარს წერილს არა ვსწერ. ეგ იმისთანა კაცი არ არის, რომ ამის გამო გაგვწბილდეს და გულიდამ ამოიღოს ჩვენი გაზეთი, წვრილმანმა წერილმანს მოუკიდოს ცეცხლი.
ქაღალდის თაობაზე სერებრიაკოვს წერილი მივწერე და პასუხს ველი. ჯერ ხანად Новое обозрение-ს ფორმატის ქაღალდს ვიხმარებთ.
კაცო, რატომ არა გვწერ, -ეგ ჩვენი მუხრან ბატონი რას სჩადის და როგორ მიჰყავს ჩვენი საზოგადო საქმეები. შენგან მიკვირს და მეოცება. ღმერთსა ვთხოვ, რომ სამერმისოდ არც ერთი შემემთხვას შენგან და არც მეორე. ასე ჩემო იონავ, იყავ მშვიდობით და დღეგრძელობით და არ დაივიწყო, რომ შენ ერთად ერთი მეგობარი გყავს და ის ერთად ერთი-შენი ილია ჭავჭავაძეა”.
20 დეკემბერი.
P. s. მოუთმენლად ველი შენს სტატიას. ილიკომ მოგიკითხა. მოიკითხე ყველანი, ჩემი ნაცნობები.
“ივერიის”პირველი ნომერი გამოვიდა 1 იანვარს 1886-წ.
“ივერიას” რედაქცია ამ დროს კუკიის ქუჩაზე იყო მოთავსებული პოეტის დის ლიზა საგინოვის სახლში. დაბლა იყო გამართული გაზეთის სტამბა, მაღლა იყო რედაქცია და იდგა თვით რედაქტორი.
რომ ახვიდოდით მეორე სართულზე, მარცხენა კარებს შეყავდით თქვენ გაზეთის რედაქციაში და მარჯვენას ილიას სადგომში. სადგომის ყურეში შესვლისთანავე, მარცხნივ იყო რედაქტორის კაბინეტი-პატარა ტანის ოთახი- სწორედ ისე იყო მოწყობილი, როგორც ეს შეეფერებოდა მის პატრონს-პოეტს დამამულის მოყვარე რედაქტორს.
შეხვიდოდით თუ არა კაბინეტში, ყველაზე უწინ თქვენს ყურადღებას იქცევდა ფერადის სურათებით აჭრელებული ჭერი ოთახისა. ჭერის ოთხ კუთხეზე იყო დახატული ფართო მედალიონები მეფის ლუარსაბისა, დიმიტრი თავდადებულის, გიორგი თამარის მამისა და დავით აღმაშენებლისა, შუაში იდგა წმინდა ნინოსი.
კედელზე ეკიდა: მეფე ერეკლე, გორგასლანი.
კედლებზედვე: სოფლის გლეხკაცი და ყასაბი გაბაევისა, მურილლიოს გრავიურა, მითოლოგიური სურათები.
კაბინეტი სავსე იყო შკაფებით, სტოლებით,წიგნებით, ქანდაკებებით.
რომ მიიხედ-მოიხედავდით, დაინახავდით: ერთგან შექსპირის ბიუსტს, სხვაგან გიოტესას, კიდევ სხვაგან რუსთაველისას, გარიბალდისა.
იქა-აქ კედლებზე: კაკაბს და ხოხბოდს.
და რადგანაც ნამდვილს ქართველს ძველთაგან ანდერძად უწერია, თქვენ ამ კაბინეტში ნახავდით რვა ყანწს, ერთს მეორეე უდიდესს.
მთავარი სტოლი კაბინეტში სავსეა რაგინდარათი: წიგენებით, გაზეთებით, სამწერლო იარაღებით, სულ ყველაფერი ამ დიდ სტოლზე არეულ დარეულია, რომ აქაც გამართებულიყო ნათქვამი პოეტურს დაუდევნელობაზე. აი აგერ დიდი ამომშრალი საწერელი, რომელშიაც ვირაცას მეორე მომცრო ტანის საწერელი ჩაუდგავს, აი სველი ქანდაკება, რომელსაც რქაზე პოეტის ჩაჩი აქვს წამოცმული. აი გადაშლილი წიგნი, პაპიროსის ნამწვრით შუა გულში, აი გლობუსი, საანგარიშე, სათვალე, გაზეთის ორიგინალები, ვეებერთელა წითელი კარანდაში...
თუ საღამოა, ამ სტოლთან თითონ რედაქტორი ზის და აქ ამ ვიწრო ქარხანაში მზადდება დღეს ის აზრი, რომელიც ხვალ შეიძლება სახელმძღვანელოდ გახდეს ყველა ქართველისათვის ბაქოდამ დაწყებული სოხუმამდის და კავკასიის გარეთაც.
როგორც გაზეთის თავი-მესვეური ილია, დიდად ნაყოფიერი იყო, ის ბევრსა სწერდა და გრძლად სწერდა. გრძლად წერა, სამწუხაროდ, მისი ნაკლულევანება იყო.
გაზეთი წიგნი არ არის, რომ კაცი დაუჯდეს იმას და იკითხოს. გაზეთის სტატია თუ ჟურნალის სტატიად გახადა კაცმა რაც უნდა კარგად იყოს ის დაწერილი, თვისს ღირსებას კარგავს.
გაზეთი თქვენ ბულვარზე სადმე იყიდეთ, გზა გზა მიმავლად იმას თვალი გადაავლეთ ან მიჯექით სადმე, ზელტერის წყლით სიცხიდამ სული მოუიბრუნეთ და უფრო მეტი ხანი მოანდომეთ იმას, რომ წაიკითხოთ ტელეგრამები, ახალი ამბები, მცირე შენიშვნები და ბოლოს თუნდ მეთაური წერილი. მაგრამ თუ ეს წერილი გრძელია არა ადვილად საკითხი, გაყოლებით დაწერილი, წინასიტყვაობით, სხვადასხვა წინადადებებით ერთმანეთში აცმულ გადაბმული, რომელსაც აჭრელებენ: “როგორცა ვთქვი”, “რომელიც რომ” და სხვა ამგვარები, თქვენ იმას ვერ წაიკითხავთ.
და თუ წაიკითხავთ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ბევრი დრო გქონიათ.
უმეტესობა კი ათის მკითხველიდამ ცხრამ, ამ სტატიას არ წაიკითხავს.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის თუ შაირზე მარტო სთქვა რუსთაველმა, ალბათ იმიტომ რომ მეთორმეტე საუკუნეში არც გაზეთები იყო და არც მოწინავე სტატიები.
მე ხელთ არა მაქვს ილიას გაზეთის “ივერიის” კოლექცია და მაგალითს აქ ვეღარ მოვიყვან, მაგრამ ისე მახსოვს, რომ იშვიათია ილიას მოწინავეს არ ეჭიროს გაზეთში ორი სამი სვეტი, ხან ოთხი, ხუთი, ექვსი.
გაზეთს ქვეყანა კითხულობს და ქვეყანას ამ გაუთავებლის სტატიებისათვის არა სცალია.
ფრანცუზები იტყვიან: ქუანდ ვოუს ვოულერ დირე: ილ პლეუტ, დიტეს ილ პლეუტ. ეს ქართულად ასე ითარგმნება: თუ გინდათ სთქვათ, რომ წვიმს სთქვით სწვიმს. და ნუ მოყვებით ათადა-ბაბადა ნუ დაიწყებთ ციდამ, ღრუბლიდა, ჰაერიდამ, სთქვით მოკლედ: წვიმს.
ისევე ითქმის საზოგადოდ იმ გვარ მეთაურ წერილებზე რომელსაც ეკუთნოდა ილიას წერილები. ეს წერილები მოკლედ და პირდაპირ ვერ ეუბნებოდნენ მკითხველს იმას, რისი თქმაც მის დამწერს უნდოდა და რაც, როგორც პოეტს მას შეეძლო.
მეშინია მეტის თქმა არ გამომივიდეს, მაგრამ არ შემიძლია შემთხვევით არ ვისარგებლო და ამ გრძელ მოწინავეებზე ორი-სამი სიტყვა კიდევ არა ვსთქვა. ყოველი გაზეთის ნომერი, რომელშიაც გრძელი მოწინავე წერილია დაბეჭდილი წვალებაა ჩემთვის.
ერთი დიდი, საფრანგეთის ფილოსოფოსი, ოგიუსტ კონტი ამბობს: მწერალს არ უნდა ჰქონდეს უფლება ათამაშოს მკითხველი თავის სურვილისამებრ, სწეროს როგორც იმას უნდა. ყვალაფერი კანონს და ზომას უნდა ემორჩილებოდეს, უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ყოველს ფრაზაში ქვემდებარე იყოს, შესმენილი, დამატებითი სიტყვა და კიდევ არ მახსოვს რა და შემდეგ ფრაზა თავდებოდეს, მძიმე დაესმებოდეს. როცა მე ვხედავ ოთხი-ხუთ სვეტიან მოწინავე წერილებს გაზეზთში, მეც ის ცხოვრებაში განუხორციელებელი ფიქრი მომდის, როგორც კონტს, რომ შეიძლებოდეს ამ გრძელი მოწინავეების შემოკლება, თუნდ ისეთ გვარად როგორმე, როგორც მაგალითად სახელმწიფო სათათბიროში ამოკლებენ ორატორის სიტყვებს ხუთი წამის ლაპარაკის შემოღებით.
ჩემი იდეალი გაზეზთის მოწინავე წერილების მწერლისა არის საფრანგეთის ჟურნალისტი ჟირარდენი. აი როგორ ახასიათებს ჟირარდენის წერას საფრანგეთისავე მწერალი დანკური:
“ის (ჟირარდენი იწყებს რამე საგანზე ლაპარაკს, წამოაყენებს წინ ერთ აზრს, თეზიზს. მოუსვამს კალამს და ორ სტრიქონში-საქმის ექსპოზიცია მზად არის. ორი-სამი სტრიქონი და ჟორარდენი შუაგულ კითხვამდის არის მიწევნილი. ამის შემდეგ ის გადადის დასკვნაზე, ის წინდაწინ ხედავს თუ თქვენ მასთან არა ხართ თანახმა და თქვენსკენ მოიწევა. თქვენ შეიძლება ამაზე ესა და ეს მითხრათ; ახ, რაგავარად მებრალებით და ის მტრად აქცევს ჩვენს ნათქვამს ან დაანახვებს სხვებს რომ თქვენი ნათქვამი მტრად აქცია და გასწევს და გასწევს. კიდევ ორი სტრიქონი. გათავდა? არა იმას კიდევ აქვს სათქმელი უკანასკნელი სიტყვა, კიდევ უნდა გაისრლოს უკანასკნელი ისარი. ახლა მაინც გათავდა? არა. ერთი სტრიქონი კიდევ და ამ სტრიქონში სულ ბევრი-ბევრი სამი სიტყვა, ხანდახან ორი და ხშირად ერთი. ჰა და გათავებულ მოწინავეს ხელი მოაწერა”.
ამგვარად ილიას არ უწერია.
ილია რედაქტორი თავის ნაწერს სანამ დასაბეჭდათ გაგზავნიდეს, უკითხავს თავის თანამშრომლებს და ყოველგავრ რჩევას სიამოვნებით ითვისებს.
ნინო მუხრან-ბატონის დასაფლავების გამო მოწინავე წერილი რომ დაბეჭდა ილიამ “ივერიაში”, მეორე დღეს მკითხა:
-წაიკითხე ჩემი წერილი?
-წავიკითხე გუშინ ღამე სტამბაში და ძალიან მომეწონა. მხოლოდ რომ გენებებიათ და სამღვთო წერილის სიტყვაც ჩაგეტანებინათ- შიგ შრომის მოყვარე ქალის თაობაზე დაწერილი, წერილი ბევრს მოიგებდა.
-რა სიტყვები?
-ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა.
-ოხ, მართლა რომ კარგი იქნებოდა და რატომ ეს სიტყვები არ მიაწერე რაკი სტამბაში მოხვედრილხარ, მითხრა ნაღვლით რედაქტორმა, საზოგადოდ დეკლამაციის მოყვარემ.
სხვის ნაწერებს ის თავაზიანათ ეპყრობოდა, მხოლოდ ენის მხრით კი რედაქტორი ულმობელია, მეტადრე იმერეთიდამ გამოდგზავნილი კორესპონდენციების და წერილების კითხვის დროს.
ენის მხრით ილია მართლა რომ კანონმდებელია ქართულის ენისა.
ვიღაცამ უსაყვედურა ვიქტორ ჰიუგოს: ეს სიტყვა ფრანგული არ არისო.
-არ არის, მაგრამ იქნებაო, თავმომწონებით უპასუხა საფრანგეთის დიდმა მგოსანმა.
იგივე ითქმის ილიაზე და ქართულ ენაზე.
სანამ ილიამ არ დაუშალა ჩვენებს, ჩვენში ამბობდნენ: უფალი კერესელიძე, უფალი მესხი, ეს უფალი ან იყო ამოღებული სამღვთო წერილიდამ, ან იყო ნათარგმნი რუსული სიტყვიდამ “Господин”.ილიამ სთქვა: “უფალი მესხი”-ს თქმას “ბატონი მესხის”-ს თქმა არა სჯობიაო? და ეს სიტყვა მას აქეთ დაკანონდა ჩვენში და ამ სიტყვას ისე მაგრად აქვს მოკიდებული ფესვი ჩვენს ენაში, რომ ენას ვერ განდევნის ეხლა ჩვენის ენიდამ ვერც “ამხანაგი” და ვერც “ მეგობარი” ისე, როგორც ვერ განდევნეს ფრანგულის ენიდამ “მონსიეურ” ვერც დიდი რევოლუციის ციტოყენ-მა და ვერც კომუნის ჩომპაგნონ”-მა .
მისგან მოგონილი სიტყვებთაგან მახსოვს: სულთა სწრაფვა, თვალთა ხედვის ისარი.
იმას არ მოსწონს იმერულ წერილებში სიტყვები- “ვღებულობ”, “ამნაირად”,საცა ეს სიტყვები მოხვდება ილიას, მაშინვე შლის და სამაგიეროდ ზემოდან აწერს, სიტყვებს: “ვიღებ”, “ამ გვარად”..
საცა ჩვენ ჩვეულებრივათ ვწერთ “მაგრამ”-ს ილიას ხშირად-”გარნა”-ს სწერს.
იმასვე ეკუთვნის, მგონია, ეს “ჰსჩადის”, რომელსაც ეხლამდის ვერ შევთვისებივარ, რომელიც არც ერთ ძველს წიგნში სადმე არ წამიკითხავს, არც ხალხში გამიგონია სურამის აქეთ მაინც. გადაღმაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხში “ჰსჩადის” ითქმოდეს, შეიძლება თქვან ჩადის, სიტყვიდამ ჩასვლა, მაგრამ “ჰჩადის” ქალაქში უნდა იყოს გაზვიადებული.
როგორც რედაქტორს ილიას მუდამ ერთი აზრი აქვს, გაზეთი არავის პირადობას უმართებულოდ არ შეეხოს. ამ მხრით ის დაშინებულია გაზეთის “დროების” განურჩევლობით.
სხვისი პირადობის დამცველს თავის გაზეთში, ილიას არ უნდოდა რომ თითონ უმართებულოდ ეხსენებია ვინმე სხვის გაზეთში. როდესაც ნიკო ნიკოლაძემ “Новое обозрение”-ში ერთი წერილი დასწერა მისი პიროვნების შესახებ ილიამ თავი შეურაწყობილად მიიჩნია და ორი თვისი ამხანაგი მიუგზავნა სეკუნდანტებად ნიკოლაძეს-კოლა ერისთავი და სოსიკო შალიკოვი. ამან პასუხად ჭავჭავაძეს გაუგზავნა ორი თვისი ამხანაგი, დათიკო გურამიშვილი და ნიკოლოზ სიმბორსკი და მათ შორის გაიმართა დუელი. მოწინააღმდეგენი დადგნენ ბარიერზე გატენილის ფიშტოებით და ყველაფერი იმ წერტილამდის იყო მოყვანილი, საცა ტყვია უნდა გავარდნილიყო, მაგრამ ამ დროს სიმბორსკიმ უკანასკნელის შერიგების სიტყვით მიმართა დეულიანტებს და დუელი მორიგებით დამთავრდა.
არ ვიცი ამ ორში ვინ ვის მოსთხოვა ბოდიში, რადგანაც მათი შერიგების პროტოკოლი არ გამოქვეყნებულა. როგორც გამიგონია, ჭავჭავაძეს უნდა ეთქვას: მე შეურაწყოფილად მივიჩნიე ჩემი თავი მარტო იმისათვის რომ ნიკოლაძეს თუნდ ერთი წამით შეეძლო ეფიქრა, რომ რაც “ივერიაში” დაიბეჭდა ის ჩემის თანხმობით იყოო. ნიკოლაძეს ამაზე უნდა ეთქვას: თუ ეს ასეა, მაშ, რაც მე ჩემს გაზეთში ვთქვი ჭავჭავაძის შესახებ უკან მიმაქვსო.
რედაქციაზე და გაზეთზე ლაპარაკს აქ ჩვენ უნდა დაურთოდ აკაკის სიტყვებიც:
აკაკი თამარაშენში იყო მაჩაბლისას და დაძინების დროს “ივერიას” კითხულობდა. კითხვის დროს აკაკის მიეძინა და გაზეთს სამთლიდამ ცეცხლი მოედო.
-ფუ, ფუ, ფუო და ერთის ყოფით გააქრო ალი პოეტმა.
-მადლობა ღმერთს, წყალნარევი გაზეთია, თორემ ვერ დავაგროვებდიო, ამა მგოსანმა ილიას მოწინააღმდეგე ბანკის დირექტორს.
ილიას, როგორც ბანკირს, ქართულ მწერლობასთან და ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს და ამიტომ მის მოღვაწეობაზე თბილისის საადგილმამულო ბანკში, მე აქ დიდს არას ვიტყვი. პოეზია და ანგარიში, ქნარი და ჩოთქი როგორღაც ერთმანეთთან ვერ მიდიან, გარნა არ უნდა დავივიწყო, რომ ილია საზოგადო მოღვაწეა და რომ მისმა გონებამ და შრომამ მისგან დაწყებული და წარმართული ბანკი იმ ზომამდის მიიყვანა, რომ დღეს ბანკის დამფუძნებელთ უკვე დაუბრუნდა უკანვე ძირის თანხა და როგორც ახლა, ამ წასვლაზე თბილისში შევტყვე, შარშან ბანკს ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ ოთხასი-ათასი მანეთის ზარალი დაუფარავთ და კიდევ დარჩენილა წმინდა შემოსავალი ორასი ათასი მანეთი. ილიას ბანკის მოგებით უდგია დღეს სული ყველა, თბილისის თავადაზნაურთა დაწესებულებათ.
დრო და ადგილი ნებას არ მაძლევს აქ ილიას ნაწერებზე ვილაპარაკო და ამით გავათავებ ამ ჩემს მოგონებას პოეტის ცხოვრებიდამ, თუმცა სამახსოვრო წიგნში ჯერ კიდევ არ გამომლეევია მასალა ილიას შესახებ.
დასასრულ ორი-სამი სიტყვა ილიას საგურამოში ცხოვრებიდამ.
ილია ყოველ ზაფხულს ამოდიოდა საგურამოს, დასასვენებლად. აქ ქონდა იმას ერთი, პატარ, ქვის სახლი, რომელიც გადაყურებდა არაგვის ხეობას. სახლის წინა ბალკონიდამ მგოსანს თვალწინ ედგა მშვენიერი-პანორამა კავკასიის მთებისა და ქვემოთ არაგვის ხეობისა.
ილია აქ ისვენებდა ქალაქის საქმეთაგან დამშრალი. ყოველ 20 ივლისს, მის დღეობაზე აქ მოდიოდა მასთან მოსალოცავათ დიდ-ძალი ხალხი ქალაქიდამ და ხანდახან იმერეთიდანაც.
აქ, საგურამოში უახლოვდებოდა ილია ხალხის ცხოვრებას და ენას.
ყოველ შეყრაზე და გამოლაპარაკებაზე სოფლის ხალხთან ილიას, როგორ ფუტკარს, საზრდო გამოქონდა ხალხიდამ თავის სიტყვიერებისათვის. დღეს ამა და ამ გლეხმა ლაპარაკში ესა და ეს ჩემთვის უცნობი სიტყვა სთქვაო, იტყოდა მგოსანი. ერთ ამგვარ სიტყვად მახსოვს იყო სიტყვა პეიტარი. ჰაზრით გამოდიოდა, რომ პეიტარი კაცის წოდება უნდა ყოფილიყო და რომ ჩავიხედეთ ლექსიკონში აღმოჩნდა რომ პეიტარი საქონლის ექიმს რქმევია.
ხალხი იყო ილიასათვის წყარო მოკამკამე ენისა და გამოთქმის.