დამატებანი
როგორც ამ წიგნაკში ვნახეთ, ი. მეუნარგია თავისთავს “ქართულის მწერლობის მეწვრილმანეს”, უწოდებს და “სამახსოვრო უბის წიგნაკებს” დაატარებს, რომ მის ფურცლებზე ამა თუ იმ მწერლის ცხოვრებიდან, შეხვედრებიდან ან საუბრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები მოხაზოს. მისი აზრით, ასეთი მნიშვნელოვანი მომენტებია მწერლის ცხოვრებაში მისი მოსწრებული სიტყვები, ან, როგორც თვითონ მეუნარგია უწოდებს “ნაკვესები”.
სიტყვა “ნაკვესი” როგორც თვითონ მეუნარგია გვაცნობს (ამავე შრომაში) ილიას მიერ არის გამოგონილი. როდესაც ილია გაზეთ “ივერიის” გამოცემას შესდგომია, ერთერთ თანამშრომლად ი. მეუნარგიაც მიუწვევია. რომელიც, სხვათა შორის, თავისი შეკრებილი ისტორიულ და სამწერლო ნაკვესებს “ლელოს” ფსევდონიმით ბეჭდავდა.
თუ როგორ აფასებდა ამ “ნაკვესებს” ილია, ამის შესახებ თვით ილიას პირადი ბარათი (მეუნარგიასადმი მიწერილი 1885წ.) მოგვითხრობს, რომელიც ამ წიგნშივეა მოყვანილი.
ჩვენ კი ვცსილობთ დავუმატოთ აქვე ზოგიერთი რამ, ნაკვესები იქნება ის თუ სხვა სახის ცნობა იმავ სამახსოვრო წიგნაკიდან, ილიას შესახებ ჯერ გამოუქვეყნებელი და უცნობი.
აი ესენი:
1884 წ.
გუშინ საადგილმამულო ბანკში კრება იყო ქართული თეატრის შესახებ.ბევრი გრძლად და ცხარედ ლაპარაკობდა რა ვიცი რას, უმეტესობა კი სდუმდა.
ილიამ გადახედა ჩაფიქრებულად და მდუმარედ მსხდომარეთ დაუთხრა თავის მეზობელს:
Господа, вот где сила!..
1887 წელს თელავში გარდაიცვალა მოლექსე იოსებ დავითაშვილი, რომლის პანაშვიდზე თბილისში, აკაკიმ სიტყვა წარმოსთქვა.
-აკაკის სიტყვა დავითაშვილის დასაფლავებაზე ისეთი ხამუტია რომელიც ვისაც გინდა იქ მყოფს დაედგმოდათ სთქვა ილიამ, რომელსაც აკაკის სიტყვა არ მოსწონებოდა თურმე.
1891 წ.
ვანო მაჩაბელმა მიამბო:
ამას წინათ ილია დაბრუნდა რუსეთიდამ. ბანკში რომ სემოვიდა, შემოვეხვიენით და ველაპარაკეთ. საქმის გარემოება, რომ გვიამბო, ანტონ ფურცელაძემ კითხა ილიას:
-სხვა, რა ამბავია რუსეთში?
-რა უნდა იყოს, უპასუხა ილიამ, რუსეთში აწმყო არ არსებობს, რუსეთი მომავლით ცხოვრობს.
-არა-თუ?
-ჰო, დედა არ წამიწყდეს, დაასაბუთა ილიამ, რომელიც მუდამ დედის სულს იფიცავდა.
30 აპრილი 1901 წ.
დღეს სადილად ვიყავით მიწვეულნი იაკობ გოგებაშვილთან, სადილზე იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ანტ. ფურცელაძე, ვახტანგ თუდაევი, ნიკო ცხვედაძე, პეტრე უმიკაშვილი და მე(მეუნარგია, ს. ც.)
სადილის წინ სანამ მასპინძელი სადილის თადარიგისათვის სხვა ოთახებში დადიოდა, ილიამ ზალაში თვალი მოჰკრა ერთს წიგნს “Ревматизм и подагра” Паленштехера.
-ვაი ჩვენი ბრალი, ახლა ამას წაიკითხავს იაკობი და ამ ავადმყოფობას გაიჩენსო, სთქვა ი ლ ი ა მ.
ერთსა და ერთს საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე არტილერიის გენერალმა თავ. ხიმშიევმა ილაპარაკა ილიას წინააღმდეგ. სხვათა შორის იმან სთქვა:
-Со стороны кн. Чавчавадзе ето является давлением на обшее собрание...
ილიამ უპასუხა:
-Я бы желал знать, о каком ето давление изволит говорить кн. Химшиев. Если он говорит о давлении логики, ето да будет мое, позвольте мне сказать ему, что против такого давлениа никакая тяжелая артиллерия не могла-бы ничего сделать.
ზალიკო ჭავჭავაძემ დეპეშა მოსწერა ილიას,-სად არის ჩემი ძმა იასე, შემატყობინეო.
ილიამ პასუხად მისწერა:
-Сначала уплатите за ответ.
ექვთიმე ხელაძე: ბატონო ილია, შეარიგეთ ანტონ ფურცელაძე და ნიკო დიასამიძე.
ილია: მე რა ვარ?..
ხელაძე: საქართველოს მამა ხარ.
ილია: მე საკუთრი შვილი ვერ გამიკეთებია და საქართველოს მამობა როგორ უნდა გავუწიო?
24 აგვისტო 1882 წ.
საგურამოში ვიყავი ილიასთან . ჩემს ოთახში სტოლ ქვეშ ჰამაკი ვიპოვე, გავიტანე გარეთ, კაკლის ტოტებში გავაბი და გავწექი. ილია კაკლის ქვეშ იყო წამოწოლილი და “ილიადას” კითხულობდა მე: ვიშ, სწორედ ინგლისელის მოგონილია ეს ჰამაკი.
ილია: არა, ამერიკელის
მე: ამერიკა და ანგლია ვის გაუყვია?
ილია: ოკეანეს
ილიამ თქვა:
“ ვეფხის ტყაოსანი” ზღვა არის, ყველას ეყოფა მისი სიმდიდრე რომ ისწავლიდნენ.
დიდი ფსიქოლოგიური მომენტია:-პირველად რომ დაიბარა ნესტან-დარეჯანმა ტარიელი, მარტო შეხედა და დაითხოვა, ვერ ელაპარაკა.
ავთანდილს თავისი სიყვარული დათრგუნვილი აქვს, расчитано, მაგრამ ძილში მაინც წამოიძახებს.
ბარემ ესეც დავუმატოთ, უფრო მეუნარგიაა მაგრამ მაინც ილიაზეა ლაპარაკი და იმავე ბოხჩიდანაა ამოღებული საიდანაც ზემო მოყვანილი სტრიქონები:
22 ივლისი, 1883წ.
გუშინ საგურამოდან დავბრუნდი. იმერელი კაცისათვის ქართლის ცხოვრებაში სუყველაფერი საინტერესოა. მე პირველად გუშინ გავიგონე ქართლელი კაცის დაძახების კილო. თითონ ილიამ დაუძახა ბალკონიდან ბიჭს:
-თეედოო, ააააი თედო!
ლიჩხუმელი რომ ყოფილიყო, ასე დაუძახებდა:
-თეეეედოოოო-თედო”
მეგრელი:
-ვოო თედო უიი.
გურული:
-თედო უი!
რვეულის ერთ კიდეზე ი. მეუნარგიას ასე მიუწერია:
“აკაკის ილია არ მოსწონდა ისე, როგორც: მიქელანჯელოს რაფაელი არ მოსწონდა, კორნელის-რასინი, ვიქტორ ჰიუგოს-ლამარტინი, ლამარტინს-ალფრედ მიუსე, ბეთჰოვენს-რასინი...
ილია ჭავჭავაძე ულმობელი გუშაგია თავისი ენისა. იგი ტრფიალია ქართულის ენისა. იმას უნდა ქართულმა ენამ სამარადისოდ შეინახოს თვისი ქართული პირისსახე, თავის არსებაშივე იპოვოს სურათი განძლიერებისა და განვითარებისა..
...აკაკი სულ მუდამ თავისუფალი კაცი იყო, იშთა-იშთა მღერალი, მწერალი, მოლაპარაკე, მოსიარულე; ერთად-ერთი თანამდებობა, რომელიც იმას ქონია მის სიცოცხლეში ქართული ტრუპპის რეჟისორობა იყო, მაგრამ გამბეტას იმდენ ხანს არ შერჩენია მინისტრობა რამდენადაც იმას რეჟისორობა. ამასთან... “იტყოდეს ენა ჩემი კადნიერად ანუ მივსცნე მე იმას ქებანი სიცრუისანი”... აკაკის სულ მუდამ ჩანგი არ უჭირავს ხელში და სამშობლოსა და ერს არ უმღერის, ხანდახან და ხანდახანზე უფრო ხშირად იმას, როგორც ილიას (ხაზი ჩვენია-ს.ც.)-რამეთუ კაცნი ვართ, სათამაშო ქაღალდიც უჭირავს ხელში”...