მესტვირე
საქართველო მოვიარე,
ვადიდე და ვაძლიერე;
ზღვის ოდენა შაირები
სტვირით გავაქვეყნიერე.
დედა-ენაც გავამდიდრე,
კილო გავუმშვენიერე;
გავატკბილე, გავათაფლე,
გავამადლნაყოფიერე;
ტანჯულს გული მოვუშაქრე,
მკვდარი მოვასულიერე;
ჭკვიანს გონი მოვუმატე,
უფრო გავამეცნიერე;
უნუგეშო ვანუგეშე,
უჭკვო მოვაგონიერე;
ვაჟი კაცსა ვაჟკაცობის
წადილი გავუძლიერე;
ლაჩარი გავალომგმირე,
უგრძნო გავაგრძნობიერე;
მრუდს ღალატი შევაზიზღე,
გულქვა გავალმობიერე!
ვირს წიხლი მოვაშლევნე,
ბრიყვი გავაგულხმიერე;
ეშმაკს გული დავუდაღე,
უღვთო მოვაღვთისნიერე;
მტრობა დავწვი, დავანელე,
ძმობა გავაგულძლიერე;
მშვიდობას თაყვანი ვეცი,
კეთილი ვაბედნიერე;
სიყვარული გავამეფე,
მადლი გავასახიერე;
მოძმე მოძმეს შევაყვარე,
გავაკეთილგონიერე;
ერთობა და სიყვარული
გავუმრავალჟამიერე...…
ეგრე, სტვირო, ჩემო სტვირო,
უკარ და იღვთისნიერე:
ავი-მავნე შეარცხვინე,
კარგი მოიმადლიერე,
მძინარას ძილი დაუფრთხე,
უქმი გაასაქმიერე!..