მაიაშვილი გიორგი
გაზიარება

მოკლე მიმოხილვა წარმოება-აღებ-მიცემისა ჩვენში ძველად და ახლა 

ბატონყმობის გადავარდნამ ბევრნაირად და მრავალგვარად შესცვალა ჩვენი ცხოვრება. მოისპო ბატონყმობა და მასთან ერთად შეირყა ის ბურჯებიცა, რომელზედაც ძველი ცხოვრება იყო დამყარებული, გაჩნდა ახალი ურთიერთობა, მრავალი ახალი გარემოება, რომელსაც ბატონყმობის დროს სრულიად არა ჰქონდა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში.
ბატონყმობის შედეგ დიდი მნიშვნელობა მიეცა ფულს. დღეს ისე არას ეტანებიან, როგორც ფულს. ყველა, რა წოდებისა და ხარისხის კაციც უნდა იყოს, ფულის შეძენას ცდილობს, ფულის შოვნისათვის იღვწის და იდგამს წელებზე ფეხს. ასეა სოფელშიაც და ასეა ქალაქშიაც. ფულს ეტანება თავადიცა და აზნაურიც, გლეხიცა და მღვდელიც.
იმდენი ფული კი, რამდენიც ეხლა ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, წინად არას დროს არა ყოფილა. 30-40 წლის წინად ფული სულ არსად იყო. გლეხკაცის ხელში ფულს სულ ვერა ჰნახავდით. თავად-აზნაურობასაც არა ჰქონდა ფული და არც მისდევდა ფულის შეძენას, ყველაფერი, რაც-კი საჭირო იყო მისთვის, სახლში მოეძებნებოდა. თუ პური და ღვინო ჰქონდა ბლომად, სხვას არაფერს დაეძებდა.
ფულის სიცოტავეს და ნაკლებობას წინანდელ დროში სხვათაშორის ისიც ამტკიცებს, რომ წინად, ბატონყმობის დროს ყოველივე იაფი იყო. მაშინდელი დიდი იაფობა დღეს ზღაპარი ჰგონიათ. ცხადია, რომ იმ დროს ფული ყოფილა ნაკლებად. ფულის ნაკლებობის გამო ვაჭრობა და აღებ-მიცემაც ძლიერ ნაკლებად და მცირედ იყო გავრცელებული, რადგან ვაჭრობისა და აღებ-მიცემის გავრცელებას სხვათაშორის ფული უნდა მრავლად.
მაშ ასე გამოდის, რომ როცა ფული მართლა ცოტა იყო ჩვენში, არავის არ უჭირდა, არავინ არა ჰგრძნობდა მის საჭიროებას და არც არავინ ჩიოდა, რომ ფული ცოტა მაქვსო, ეხლა-კი, როცა ფული ბევრი დატრიალდა, ერთი ათად და ერთი ასად მეტი, როცა დაარსდა ამოდენა ბანკები ფულის გასამრავლებლად, ყველა იმას ვიძახით, რომ ფული ცოტაა, არსად არის და მეტად გვიძნელდება მისი შოვნაო. ზოგი ჰკვირობს კიდეც, ხომ არსად მიდის ფულიო.
რა არის ამ ამოცანის მიზეზი? რისგან არის, რომ, როცა მართლა ბევრი ფულია, ცოტა გვეჩვენება და როცა მართლა ცოტა იყო, მაშინ ბევრიც გვეგონა. ჩემის აზრით, ამისი მიზეზი ის არის, რომ სრულიად და ძირეულად შეიცვალა მეურნეობა ქვეყნისა. ეს მეურნეობა წინად ბუნებური იყო, განცალკევებული და ახლა ფულებურია, ახლა სააღებ-მიცემო შეიქნა და დადგა ის მეუფება ფულისა, რომელიც არის ნიშნობლივი თვისება სააღებ-მიცემო მეურნეობისა.
წინად ყველას თავისი საჭირო თვითონვე მოჰყავდა: საჭმელ-სასმელიც სახლში ჰქონდა, ჩასაცმელ-დასახურავსაც სახლში იკეთებდა. არც არასა ჰყიდდა თითქმის და არც არასა ჰყიდულობდა. ბატონს ყველაფერი, რაც მისთვის საჭირო იყო, სახლშივე ჰქონდა. გლეხსაც აგრეთვე, რასაც ერთი აკეთებდა და რაც ერთს მოჰყვანდა, იმასვე აკეთებდა, ისვე მოჰყვანდა მეორეს, მესამეს და ასე ამ გვარად. გასაყიდიც რომ ჰქონოდა გლეხს, ან ბატონს ვის რას მიჰყიდდა, როდესაც იგივე საქონელი და ქონება სხვასაც ჰქონდა და არც ეჭირვებოდა. ამის გამო ვაჭრობა, აღებ-მიცემა და მრეწველობა შეხუთული იყო. ვაჭრობის შეხუთვის გამო, მისვლა-მოსვლაც ერთმანეთში სრულიად საჭირო არ იყო. ამიტომ გზებიც არ გახლდათ და რაც იყო, ისიც უვარგისი.
რა გასაკვირველია ამის შემდეგ, რომ ცხოვრება შემდგარიყო და შეტბორებულიყო და ზედ ხავსი ჰქონოდა მოკიდებული. რა საჭირო იყო მაშინ ფული? ფული ღონეა, ხერხია გაცვლა-გამოცვლისათვის, აღებ-მიცემისათვის. მაგრამ რაკი ეს ცვლა არ იყო, რაკი აღებ-მიცემა არსადა სჩანდა, რაკი ერთიც იმას აკეთებდა, რასაც სხვა, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მაშინ ფულს წარმოებისათვის. ვისაც ფული ჩაუვარდებოდა მაშინ ხელში, წარმოებასა და საქმეში კი არ გამოიყენებდა ხოლმე, არამედ ჰმალავდა სკივრებში, ჰფლავდა ქილებით მიწაში. ფული მაშინ განძი იყო და სრულიად არა ჰქონდა ის პირდაპირი თვისი მნიშვნელობა, რომ შუამავლობა გაეწია სხვა და სხვა გვარ მწარმოებელთა შორის საეკონომიო ურთ-ერთობაში.
მოვიდა გლეხკაცობის განთავისუფლება, გადავარდა ბატონყმობა და მოისპო ასეთი ყოფაცა. ბატონს ჩამოერთვა მუქთი მუშა. ყმამ უკვე განთავისუფლებულმა, თავისთვის დაიწყო მუშაობა და მხნეობა. ამ ორ შუა ჩადგა ფული შუამავალივითა და მაჭანკალივით. ვისაც რამ უნდოდა გაეკეთებინა, უნდა მუშისთვის დაეძახნა და მუშა კი უფულოდ აღარას აკეთებდა. ფული საჭირო შეიქნა. სადაც უნდა ყოფილიყო, კაცს ფული უნდა ეშოვნა, რომ სასმელ-საჭმელი ჰქონოდა და ჩასაცმელ-დასახურავი. თავად-აზნაურობამ, მართალია, ფული ბლომად აიღო გლეხების განთავისუფლების სამაგიეროდ, მაგრამ ის ფული მალე გაუქრა ხელში: სულ ქეიფსა და ვარხალალოს მოუნდა: ბატონყმობამ თავად-აზნაურობა კეთილ-ცხოვრებას, გამუდმებულს ქეიფსა და საზღვარ-დაუდებელს ლხინსა და ლოთი-ფოთობას შეაჩვია. გაჩნდა თუ არა მის ჯიბეში ფული, მაშინვე, აბა გაუსვათ და გამოუსვათო, აბა ვინ უფრო მოქეიფეა, ვის უფრო მეტი გულ-კეთილობა აქვსო, ვის უფრო უყვარს ტოლ-ამხანაგიო და, შენი მტერი იყოს, ის მიღებული ფული მალე გაჰქრა და სხვის ჯიბეში ჩავიდა წკრიალით. აი ამიტომ არის დღეს თავად-აზნაურობა დაღონებული და დაძმარებული და გამალებული ეძებს ფულს.
ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ გლეხკაცსაც ათას-გვარად დასჭირდა ფული. ფულის მოსაპოვებლად კი მხოლოდ ორი გზაა, როგორც მებატონისათვის, რომელიც ეხლა მარტო მემამულეა, ისე გლეხისათვის: ან უნდა გაჰყიდოს, რაც მოჰყავს სოფლად, ესე იგი, მიჰმართოს ბაზარს, ან უნდა ისესხოს. არის მესამე გზაც: მოჯამაგირედ დადგომა. ამ მესამე გზას უფრო დაადგა თავად-აზნაურობაცა და გლეხობაც. თავად-აზნაურობის შვილები, რომლებსაც არა ჰყოფნიდათ მამულის შემოსავალი, შედიოდნენ, და შედიან დღესაც კერძო და სახელმწიფო სამსახურში. ხოლო ამისათვის საჭიროა სწავლა-განათლება, ცოდნა და მართლაც სწავლა-განათლების შეძენა უპირველეს საჭიროებად გადაიქცა თავად-აზნაურობისათვის. სოფლებიდამ, ვინც მეტია, ვისაც არ ჰყოფნის მამულის შემოსავალი, ის მიდის სამსახურში. მეორე ნაწილი-კი სხვა გვარ განათლებას ეტანება, ისეთს განათლებას, რომელიც სოფელსა და მამულებს კი არ მოაშორებს, არამედ დაამკვიდრებს სოფლად და მისცემს ცოდნასა და მომზადებას მამულის მოვლისას იმ გვარად, რა გვარადაც ახალი ცხოვრება, ახალი ფულებური სააღებ-მიცემო მეურნეობა მოითხოვს. დიდის თანაგრძნობის ღირსია ეს ახლად დაბადებული სურვილი ისეთის სწავლა-განათლების შეძენისა, რომელსაც საგნად აქვს უკეთესი მოვლა მამულებისა, უკეთესი წარმოება სოფლად, უკეთესი სასოფლო მეურნეობა. კიდეც იმიტომ არის, რომ ამ ბოლო დროს თავად-აზნაურობაც და გლეხობაც ასე ძლიერ ეტანება სასოფლო-სამეურნეო განათლებას.
რაც შეეხება გლეხობას, მოჯამაგირეობა და მით ფულის შოვნა აქაც ისეა გავრცელებული, როგორც თავად-აზნაურობაში. გლეხობაც ვინც მეტია და საჭირო არ არის სოფელში სამუშაოდ, ჰგზავნის აქეთ-იქით სამოჯამაგირეოდ. გლეხი დგება მოჯამაგირედ მემამულის ოჯახში, მიდის ქალაქ ადგილას მოჯამაგირედ, ხელოსნად, მუშაობს რკინის გზებზე, დადის ქირაზე და, ბოლოს, იგი ვაჭრობა მრეწველობაშიაც იღებს მონაწილეობას. მოჯამაგირეობაში მოგებულ ფულს ხმარობს ვაჭრობაში, თავის საკუთარსა და კერძო საქმეში. წინად სხვაზე დამოკიდებული, ახლა თან-და თან საკუთარ საქმის პატრონია, საკუთარი ვაჭრობა აქვს, საკუთარი აღებ-მიცემა, საკუთარი სავაჭრო, ან სამრეწველო საქმე. ეს გარემოება დიდის ყურადღების ღირსია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ჩვენს საგანს არ შეეხება.
ჩვენ ისევ იმ საგანს უნდა დაუბრუნდეთ, როგორ და რა გზით შეიძლება გამრავლდეს ქვეყანაში ფული, ესე იგი, ვაჭრობისა და აღებ-მიცემის გაძლიერებას და საკრედიტო ანუ ფულის სასესხებელ დაწესებულებათა გახშირებას. ჩვენებურ ბანკებს საიმისო დიდი მნიშვნელობა არა ჰქონია ჩვენს ცხოვრებაში, რადგან გლეხკაცობის უმრავლესობა კარგა ხანს ვერ სესხულობდა იქიდამ ფულს და არც მამული ჰქონდა დასაგირავებელი. ბანკები დაარსდა უფრო იმიტომ, რომ შემწეობა გაეწია თავად-აზნაურთა მეურნეობისათვის, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ. მაგრამ მოსალოდნელის შემწეობის მაგიერ, ბანკიდამ აღებული ვალი უფრო მძიმე ტვირთად დააწვა თავად-აზნაურთა მამულებს. თავად-აზნაურობას ისღა თუ დარჩენია ნუგეშათ, რომ მარტო იმას არ დაემართა ასეთი საქმე, მთელის ქვეყნიერების თავად-აზნაურობა ანუ მათი მამულებიც დიდის ვალებით არის დატვირთული. ისტორია საადგილ-მამულო ბანკებისა ევროპაშიცა და რუსეთშიც შეურყევლად ამტკიცებს, რომ მხოლოდ იშვიათად მოხმარებია თავად-აზნაურს ბანკში ნასესხები ფული და გაუსწორებია მისი საქმეები. თავად-აზნაური ბანკის ვალს იმიტომ კი არ იღებს, რომ თავის მამულსა და მიწა-წყალს მოახმაროს, განაკარგოს, გაანაყოფიეროს, არამედ იმიტომ, რომ თავის ღირსების შესაფერად იცხოვროს და სახელი და ეხტიბარი არ გაიტეხოს. ასე ცხოვრებას რა სჯობია, მაგრამ ხათაბალა ეს არის, მაგ სახელის დევნას ის მოსდევს, რომ მამული თავად-აზნაურობისა სწრაფად გადადის სხვის ხელში. ეს ისეთი ამბავია, რომ არ იქნებოდა ურიგო დაფიქრებულიყვნენ მის გამო ისინი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, თავად-აზნაურობა თვით განგებით არის მოწოდებული ქვეყნის წარმატებისათვისო.
ვაჭრობისა და აღებ-მიცემის გაძლიერება ჩვენში უეჭველია. თან და თან წინანდელი მეურნეობა ჰკარგავს თავის თვისებას ბუნებურის წარმოებისას. ეს მეურნეობა ნაწილოვანდება და ბევრი სხვა ახალი წარმოებაც ჩნდება. ამ გარემოებას ის მოსდევს, რომ ქვეყანა უფრო უმატებს წარმოებას და ეს მატება წარმოებისა ორის გზით მიდის. ერთი გზა ის არის, რომ წინანდელი, მამა-პაპეული წარმოება მატულობს და მატულობს ამ წარმოებაში თვით ამაგი და გარჯაცა. ჩვენ ვამბობთ სასოფლო მეურნეობის თაობაზედ. მეორე გზა ის არის, რომ სხვა, სულ ახალი წარმოება ჩნდება, ისეთი წარმოება, რომლის ხსენებაც არ იყო წინად. ამ ორმა გზამ დაჰბადა შეძლება და ღონე, რასაც აუცილებლად მოჰყვა გონებრივი და ზნეობრივი წარმატება. აქამდე ჩვენებურს მწარმოებელს, თავის საჭიროებათა გარდა, ახლო ბაზარი ჰქონდა სახეში და იქ ჰფიქრობდა თავის ნაამაგევის გასაღებას; ეხლა კი აღებ-მიცემის გაძლიერებამ თვალ-წინ დაუყენა უფრო შორეული ბაზრები, ისეთი ბაზრებიც კი, რომელიც ზღვებსა და ცხრა მთას იქით არის. ჩვენს წარმოებაზე მოქმედობს ეხლა არა მარტო ახლო-მახლო ბაზრის საჭიროება, არამედ საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნილებაცა. აუარებელი მინდვრები გადაიქცა სასიმინდეებათ და სიმინდის მოყვანამ უკან დააყენა სხვა ჭირნახულის მოყვანა; ზოგან აუარებელი თუთუნი ითესება; იქ თუთით გაივსო ბაღები და აბრეშუმის მოყვანას გამოეკიდნენ; აქ ვენახებს ატანენ ძალას; ერთგან ხეხილის ბაღებს აშენებენ, მეორეგან ქვა-ნახშირისა და ქვა-გუნდის მეტს არას აწარმოებენ თითქმის. სად იყო ეს ამბავი ძველად, ბატონყმობის დროს. მაშინდელმა მეურნეობამ არ იცოდა ქვეყნის ამაგის დანაწილოვანება (ჰფპლტკტყბტ ნჰელფ): თითეული აკეთებდა იმასვე, რასაც ყველა აკეთებდა. ხოლო ყველანი რასაც კი აკეთებდნენ, მეტად უხერხულად და უშნოდ აკეთებდნენ. მას უკან კი, რაკი ამაგის დანაწილოვანება ჩამოვარდა, ქვეყნის წარმოებაც დაიყო თავ-თავის ნაწილებად და მორიგდა თემ-თემად. ერთგვარმა წარმოებამ ერთგან მოიკიდა ფეხი, მეორე გვარმა - მეორეგან. საცა რომლისთვისაც უკეთესი იყო და სამჯობინარო, იქ გაიდგა ფესვი. ასეთი დანაწილება ამაგისა, ასეთი მორიგება წარმოებისა ქვეყანაში ახალისებს წარმოებას იმიტომ, რომ რაკი სულ ერთგვარს საქმეს ადგიხარ, იმ საქმეში ოსტატდები და ხელოვანდები კიდეცა და, მაშასადამე, მეტსაც მოიჭირნახულებ, შენს ამაგს მეტი ნაყოფიც მოაქვს. ამავე დანაწილებას ამაგისას და მორიგებას წარმოებისას მოსდევს ისიცა, რომ სპობს და აქრობს ქვეყანაში პირველ ყოფილს განკერძოებას, განცალკევებას, რომლის გამო საეკონომიო წარმატება ვერ გასცილებია მცირე წრეს ადგილობრივ საჭიროება-მოთხოვნილებისას. მხოლოდ ამაგის დანაწილოვანებას მოსდევს ვრცელი, ფრთაგაშლილი წარმატება აღებ-მიცემისა და წარმოება-მრეწველობისა. ამ გარემოებას თავისი მავნებელი თვისებაც კი აქვს ახლანდელს საეკონომიო წესწყობილების ვითარებაში, მაგრამ თუ ისტორიულის მხრით გავსჩხრეკთ საგანს, ვერ უარ-ვყოფთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდად მოქმედობს ერის ცხოვრების წესწყობილებაზე. ვაჭრობისა და აღებ-მიცემის გაძლიერების გამო, რომელიც მოჰყვა ამაგის დანაწილოვანებას, სიმინდის მწარმოებელი, მაგალითად, იმერეთში ამ ჟამად ამერიკასა და საფრანგეთის მოსავალს უფრო უყურებს, ვიდრე ქართლ-კახეთისას; თვალი შავი ზღვისკენ უჭირავს, გული უცხოელების ბაზრისაკენ აქვს, იმიტომ რომ ის ბაზარი ჰკვებავს და აცხოვრებს. წინად არ იცოდა, ან თუ იცოდა, არას დასდევდა, რა მეურნეობა ჰქონდა შორეულ საფრანგეთის რომელსამე ბურჟუას. ეხლა კი იმ ბურჟუას ნებაყოფლობაზეა დამოკიდებული, რა უფრო მოიყვანოს ჩვენებურმა მწარმოებელმა, რას უფრო მიაქციოს ყურადღება, პურსა, თუ ღვინოს, აბრეშუმსა თუ მატყლს, ბამბას, თუ სიმინდს. ჩვენებურმა მწარმოებელმა ანგარიში დაიწყო, ვარაუდს მოჰყვა. მისი წარმოების ხასიათი და თვისება, თვითონ მის ნებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ბაზრის საჭიროებაზეა. რაც სარფა, რაც სახეიროა, ის უნდა მოიყვანოს, იმას უნდა მიაქციოს ყურადღება. ერთის სიტყვით ბაზარია მისი ხელმძღვანელი.
წინად მწარმოებელს თითქმის მარტო თავისთვის მოჰყავდა, რაც ესაჭიროებოდა; ეხლა კი თითქმის სულ საბაზროდ, ბაზარში გასატანად მოჰყავს. წინად ჰყიდდა, ბაზარში გაჰქონდა, რაც მეტი რჩებოდა, თვით ჰყიდულობდა ძალიან ცოტა რამეს, რადგან ყოველივე საჭირო სახმარებელი თვითონვე მოჰყავდა. ეხლა კი ყველა-გვარი თავის ნაამაგევი ბაზარში გააქვს და უნდა ფულად აქციოს. ამიტომ, რაც თითონ მისთვის არის საჭირო, ფულით ჰყიდულობს. წინად ფულის მოხმარება და მნიშვნელობა არც-კი იცოდა და ეხლა კი ყველაფერს ფულითა ჰზომავს, ფულითა რწყავს, ყველაფერს ფულად აფასებს, იმისთანა რამესაც-კი, რასაც წინად ვერც გაჰყიდდა, ვერც იყიდდა - მაგალითად: სიყვარული, სახელი, სათნოება, ნიჭი, ტალანტი და სხვანი.
ცხადია, რომ ასეთმა ძირეულმა შეცვლამ ერის ცხოვრებისამ დაჰბადა მრავალი ახალი ამბავი და გარემოება, როგორც საეკონომიო ცხოვრებაში, ისე საზოგადოებურშიაც. მხოლოდ ამ დროიდამ იწყება განცხოველება, გამოფხიზლება ჩვენის ცხოვრებისა და იბადება სასარგებლოცა და მავნებელი ვითარებაცა. ერთიცა და მეორეც თან სდევს ძირეულს ცვლილებას ჩვენის ქვეყნის საეკონომიო წყობილებისას. ერთის მხრით განათლებას ვეტანებით, ვგრძნობთ ერთობას ეკონომიურისა, ზნეობრივისა და გონებრივის ინტერესებისას, თუნდა ერთი ქართლელი ვიყოთ, ან კახელი და მეორე მეგრელი, ან იმერელი. ამ ერთობის გრძნობიდამ ის აზრიცა, რომ სამშობლოც ერთი გვაქვს, ერიც ერთი ვართ. მაგრამ მეორეს მხრით თავს იჩენს ზნეობრივის პრინციპების დაუდგრომლობა, ძლიერდება ხელ-მრუდობა, უპატივცემლობა სხვისის საკუთრებისა. ეს სიკეთეცა და უკეთურობაც ნიშნობლივი თვისებაა დაუდუღებელის, დაუწყნარებელის დრო-ჟამისა. გავა დრო, უმეტესს წარმატებაში შევა ცხოვრება და მტკიცე საფუძველზე დამყარდება საზოგადოებრივი წესწყობილებაც.

1890

??????