ევა
კლდისა ნაპრალზე ობლად მდგომარე,
მშიერ-მწყურვალი, დასუსტებული,
მსხვერპლი უვიცთა უსამართლობის,
განაკიდარი, მოძულებული,
ღრმა ფიქრში იყო... ხან ცას უმზერდა,
ხან დაჰყურებდა აგორებულ ზღვას,
თითქო ელოდა საშინელს რამეს:
წყლისაგან შთანთქმას, განგების რისხვას.
ზღვა აბობოქრდა, ზეცამ დასჭექა,
კიდითი კიდემ დაიწყო რყევა,
მაგრამ ადამის გვერდის ნამტვრევი
ამაყად იდგა სამსხვერპლოდ _ ევა!
არ ეშინოდა არც ცის, არც ქვეყნის,
ქედს არ უხრიდა უძლეველს ძალას,
რადგან ეძებდა მკურნალ მალამოს,
აღარც უფრთხოდა ნაღველ-სამსალას.
აჰა, დაწყნარდა ზღვა გულ მქუხარე,
ცამ გადიწმინდა შავი ღრუბელი,
გამოჩნდა სხივი... და სიხარულით
მისკენ ააპყრო ევამაც ხელი!