ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)
გაზიარება

ცრემლთა ისხარნი 

ცრემლთა ისხარნი, მოსისხარნი ჩვენდა არენით,
ილმენით გულნი ჭირნახულნი, შეგვიწყნარენით!
უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით,
უჭნობნი ვარდნი, ესგვარ დარდნი, დავიბძარენით -
არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით!

როს გვაგონდებით, შევღონდებით, ლომნო ყმა-ძმანო,
თანზრდილნო სწორნო, განაშორნო, საყვარლად კმანო!
ვა კიდეგანთა, ესდენ თქმათა გლოვისა ხმანო,
ატადის კალოს, სავალალოს, სადა ხართ, თქმანო!
დაგვბერნა ქარმან დაუწყნარმან, ზღვად ვიფარენით!

დაბერდა ყური, სევდის ჭური რა ჰპოვა სოფლით,
დაბინდნა თვალნი, შეუმკრთალნი, ცრემლით და ოფლით,
დადგესცა ხელნი, მარჯვედ წრფელნი, შორნი საყოფლით,
ხელმწიფე, გული ცეცხლდაგული, სულით გამყოფლით,
ჭირსამცა თქვენსა თუ გალხენსა, მოიხმარენით!

დღე ვნატრით მზესა, სიამესა, დილა თქვენ გარებს,
ღამე მთოვარე, ქველ მოარე, ხასიათ გვარებს,
ცისკარ-მთიები, სხვა ციები პირველ გახარებს
და მერმე ჩრდილოს სასიკვდილოს ღრუბელს დაჰფარებს!
ამ დღე-ღამითა და ჟამითა დაემწარენით!

სიზმარს ვემონვით ძილშეკონვით, ნუთუმცა გნახეთ,
სახე უსახო, სავახვახო ეს განვიზრახეთ,
სხვამცა პატრონი, ანუ დრონი, ვერღა დავსახეთ,
ყარიბთა ბანი, გზის საბანი, ეკლით შევსჩმახეთ!
მოყვასთა ცრემლნი სწვიმეთ ცხელნი, მტერთ იხარენით!

??????