ბრაუნი ფელიქს
გაზიარება

წვდომა 

ისწავლე ცნობა საიდუმლო წერილისა,
იმ ათას ამბავს რომ მოგვითხრობს,
რაც თავს ოდესმე გადაგვხდენია.
უფალი ღმერთი სიტყვებით ხომ არ ლაპარაკობს,
ის ქმნილებებში ცხადდება მხოლოდ
მარადიული, წინარეგონი,
სულ მცირედიც რომ არ ავიწყდება.
ნეტავი იმას, ვისაც კითხვა შეძლებია
არკადიაში!
ჩვენ კი ჭენება გვახარებდა ბედაურების,
ქვემოთ, ჭალასთან, ბობოქარი მდინარის პირას
ფართოდ გადაშლილ იალაღებზე,
სადაც ღარიბი გოგონები
ღონიერი თეთრი ხელებით
ან ავლებდნენ ან მზის გულზე
გასათეთრებლად აფენდნენ სარეცხს.
ან მღეროდნენ მწუხრის სიმღერას,
მათი მთელი დღის ნაჯაფარი ფორნებში რომ
იტვირთებოდა
ანდა ეკიდა ხეებს შორის
დუნედ გაბმულ გრძელ-გრძელ თოკებზე.
აქ დაგვეძგერა ნაპერწკალი, ნასროლი თვალით,
აქ მოგვჭრა თვალი მკლავების და
კეფის კანის თეთრად კიაფმა.
ტკბილ-მწყაზარი ხმით ეს თავისკენ მოხმობას ნიშნავს.
მეც ხომ ყოველდღე ვუთვალთვალებ საქმის დროს
გახსნილ გულისპირიდან გამომკრთალი მკერდის სითეთრეს,
აქედან მერგო ეს ბედისწერა, რომელსაც დღემდე
მოვათრევ და მოვეზიდები.
ბრძენი რომ ვიყო, მაშინ ხომ არ გამომრჩებოდა
დაღი, ნიშანი უტყუარი ძუნწი ტუჩ-პირის,
რადგანაც ნდომას ამ ცისქვეშეთში
საფრთხეზე ტკბილი არაფერი მოუგონია.
სიყვარულიც ხომ სიკვდილია, ოღონდ სხვაგვარი,
არა ისეთი, სამუდამოდ თან რომ წაგვიყვანს.
ბევრი რამ იყო საცდუნებელი, შენ კი ხუმრობას არ იშლიდი,
მასხრად იგდებდი ვითომ ცრურწმენას,
გული კი შიშით გეწურებოდა
და შენსას მაინც არ იშლიდი, ბრმა სიჯიუტით
უკეთურებას შენ სჩადიოდი. ამაო იყო ღმერთების გარჯა -
უკეთურებას განრიდებოდი.
მაგრამ რას იზამ, ალბათ ესეც ღვთის ნება იყო,
თორემ გული უფრო ნამცეცა, უფრო ზვიადი გაგიხდებოდა,
გულზვიადობა, რაც პოეტებს მუდამ თანა სდევს,
გარდაქმნის ძალას გიდამბლავებდა.
გწამდეს მარადის, ყველაფერ ამას
ღვთიური ძალა სიკეთით სჩადის,
თუნდაც იმით, რომ ხშირად გვაფრთხობს,
თავისსავე ქმნილს სუდარას რომ გადაგაფარებს.
ო, მე რომ კითხვა შემძლებოდა
გვიან, როდესაც ღამის ჰაერი
ჩაშავებულ წყლის ზედაპირზე დალივლივებდა,
როცა ლერწამში უცხო ხმების დუდუნი ისმის,
იქ, შიგნით ნეტავ რა მოძრაობს, რა იმალება,
აჩრდილებია თუ ჩიტები, ვინ რას გაიგებს?
ეს ყველაფერი კარგად უწყის ერთმა მოხუცმა,
რომელიც მტკიცე ნაბიჯებით ორჩხომელისკენ მიემართება,
პალოდან ჯაჭვს ხსნის გაუჭირვებლად,
უნიჩბო ნავში გულმშვიდად ჯდება.
ნავს არც საჭე აქვს, მაგრამ მოხუცმა
ის ღია ზღვაში უკვე ზვირთებზე გადაატარა.

??????