მევიოლინე ქალის სიკვდილი
სულ ოთხმოცდარვა გაფრენა ჰქონდა
დიდ ფრანგ პილოტს ჟან დე ლა ნუის
თავის ორლიდან ნიუ-იორკამდე –
ნიუ-იორკიდან უკან, ორლიმდე
ბედნიერად დასრულებული.
ატლანტიკური ღრუბლების თავზე,
ცაზე, რომელიც უხსოვარ დროში
მონტესუმას და კორტესს უხილავთ,
ზვირთების თავზე, სადაც სიღრმეში
წყალმცენარეებს ზვიგენები შეჰფარებიან,
სადაც გემები არ დაცურავენ,
სადაც დელფინი არ დასრიალებს,
მფრინავი თევზიც წყლის სიღრმეში არ გამოკრთება.
უდაბნოეთში, რომლის ხსენებაც
ბავშვობიდანვე ჟრუანტელს გვგვრიდა,
რუხყვითელი ტალღების თავზე
თეთრ შხეფებშეყრილ ქულა ღრუბლებში
ჟან დე ლა ნუის თავის შტურვალი
გმირის ხელებით ეჭირა მტკიცედ.
ოთხმოცდარვაჯერ დაეშვა იგი
იქ, სადაც კოლუმბს კარაველას კიჩოდან შორით
უცხო ნაპირი არ დაუზვერავს.
პილოტთან ერთად
იმ ხომალდში მსახურობდა
სულ შვიდი კაცი და ორი ქალი.
ოცდათვრამეტ მგზავრს, სავარძლებში მსხდომს,
მათთვის საფრენად მიენდო თავი.
ამერიკელებს, ფრანგებსა და მრავალთა სხვათა,
სულსწრაფ ხალხს, ვისაც
გემი ნელი ეჩვენებოდა.
დღემოკლეთ სურდათ დროის მოგება,
ფულის მოგება - მიწათმორწმუნეთ,
პატივმოყვარეთ დიდება სურდათ,
ძალის დიდება სურდა მოკრივეს,
ვინც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის
სუნთქავდა მხოლოდ, იმას სწყუროდა ჩემპიონობა.
სურდა მსოფლიო ჩემპიონად აღიარება
(ოღონდ ვიცით კი ჩემპიონად ვინ იწოდება?)
ჰოდა, ისიც ხომ დიდებაა,
ზეცის ლაჟვარდში
ერთადერთი ვიოლინო რომ დანანაობს?
მევიოლინეს დახრილ თავზე ჰანგებს დააღვრის,
ქალს, ვისაც ძველი ვიოლინო უძვირფასესი
ნიკაპითა და მხრით უჭირავს ნაზად, სათუთად.
ვიოლინო - ო, ვიოლინო! - ძველთუძველესი
ოსტატს შენთვის არ შეუქმნია.
იგი ხომ თვითონ არ უკრავდა,
მას მხოლოდ ყურთან მიჰქონდა იგი,
ხით და ჰაერით და სიმებით
ის ბგერებს გრძნობდა.
ო, ვიოლინო ხემის გარეშეც ნეტარებით
მას უმღეროდა.
ოთხმოცდამეცხრედ დღეს მოვფრინავ დასავლეთისკენ,
ფიქრობდა გულში დე ლა ნუი და, აი, მის ქვეშ
მწვანედ ხასხასებს პაწაწინა კუნძულთა წყება.
სამხრეთული მთები ნაზია,
კლდოვან კუნძულებს მწვერვალები არ აქვთ მაღალი.
იქნებ, გავბედო და ახლოდან ვიხილო იგი?
თუ უნახავს ვინმეს ციდან ეს სილამაზე?
ნეტავ, რა ჰქვიათ? რუკა სად არის?
სადღაც მივაგდე? არა, აქ არის! სანკტ მიხაელის
კუნძულები ყოფილა თურმე.
რა ლამაზია ეს სახელი. მეც ხომ მაქვს ფრთები,
როგორც მიხაელს, ვინც სატანას მარცხი აგემა.
ახლა ნელ-ნელა ქვემოთ ვეშვები.
როგორ მიყვარხარ, მარტოსულო კუნძულო ჩემო,
როგორც კაცთაგან ყველა სიშორე. –
ო, მეგობრებო! არცერთ თქვენგანს
არ უხილავს შავბნელი ხელი,
იქვე, ახლოს ვერაგულად რომ დაფათურობს,
ფარისევლურად გიალერსებს თითებზე ისე,
რომ საფრთხეს სულ არ ელოდები და მცირე ადგილს
უთმობ შტურვალთან, ზუსტად იმდენს, რამდენიც კმარა
გადახვევა ვეღარ მოასწრო,
ალვერიას კლდე შენს წინ როცა აღიმართება!
ახ! ვინ უმღეროს შეჯახებას ან თუნდაც ვარდნას,
ძველი, ჩამქრალი ვულკანიდან ამოფრქვეულ ცეცხლს,
ან ვინ უმღეროს მოტორის მსხვრევას,
როცა ხელიდან გაუსხლტება მავანს ხომალდი?
უვიოლინოდ ვინ უმღეროს ამას ყველაფერს,
თუკი ვერც მის ფერფლს, ვეღარც თავის ცხვრებს
ვერ იპოვიან ფარის მწყემსები?
მევიოლინე ქალის ფერფლს ხომ ვერ იპოვიან
ვერც პაწაწინა ნორჩი ბატკნები. – ჟინეტ!
ო, ჟინეტ ნევო! ანდრომედასებრ
ვარსკვლავების ქვეშ რომ ხარ ჩასმული,
რომლებიც ცაზე ჩანგისებურად განლაგებულან.
ოღონდაც, ჟინეტ, იქ მარტო ხარ, უვიოლინოდ
და თქვენს სიკვდილს ვერ დაუკრავ საბრალო სულებს,
შენთან ერთად უსახელოდ ზეცაში ასულს.
თუმცა ისინი სხვაგან მაინც იციმციმებენ.
ჩანგში კი მხოლოდ შენი ძმა და შენ იციმციმებთ,
ვისაც ოდესღაც ბავშვურ შიშებს უზიარებდი,
კვლავ და-ძმურად გადაჯაჭვულხართ
თქვენს სიცოცხლეში უკანასკნელ შიშის წინაშე.
მილივლივებდით და ყვიროდით, რომ ანგელოზს
ცეცხლის ალისგან მხოლოდ თქვენთვის
იქნებ როგორმე გადაერჩინა ვიოლინო
სტრადივარიუსის.
შენ ხომ გიპოვეს და შენთან ერთად ვიოლინოც,
გაშეშებული ხუთი თითით რომ ჩაფრენოდი,
ახ, როცა უწინ ნაზად გეჭირა იგი!
გეჭირა და დემონს არაფრით არ ანებებდი.
განა მან მწვერვალს შენი ხომალდი
ამ ნადავლისთვის არ მიანარცხა?
შენც, ვიოლინოს, მძინარეებს მოგაგნეს მერე,
ხელი დაგავლეს და ორივე შინ წაგიყვანეს
კუპერინის, ცეზარ ფრანკის და რაველის
დიდ სამყაროში,
იქ განისვენებთ სამარადისოდ.
მაგრამ თქვენ მაინც დაგტირიან ადამის ძენი,
ოღონდ ტირილი ჩემი არ იყოს,
ვისაც მართლა არ ეხერხება,
მათ სურთ იმ კუნძულს დაადგან ფეხი
და საღამოხანს ალვერიას პიკზე ავიდნენ.
როცა ღრუბლები შეფერადდება,
ისინი მეჩხერ ბალახებში წამოწვებიან
ან ჩაცუცქულნი მშვიდ გარემოს აყურადებენ,
მაგრამ ბალახში ხავერდოვანი მწვანე ფერის
მხოლოდ ხვლიკი დაშარიშურობს
და სადღაც ნაზად იგალობებს ეული ჩიტი.
ან სიოს მოაქვს თევზისა და მარილის სუნი,
წყალმცენარეთა სუნთან შერწყმული.
ცა იღრუბლება, თუმცა დიდხანს მოქუფრულ ღრუბლებს
მეწამული არშიები გარს ახვევია.
გვაცალე კიდევ ცოტახანს წოლა,
გვაცალე ყური მივუგდოთ მანამ,
სანამდე, ჟინეტ, ვიოლინო არ ამღერდება.
ო, ჟინეტ, ხომ არ დაგვიწყებია -
უვნებელ ხელში უვნებელი გიჭირავს იგი.
მაშ, რაღას უცდი, აახმიანე,
იგი ოქროსებრ ბგერებს ჩამოღვრის.
ხემი არა გაქვს? დაგეწვა ხემი?
შენ ვიოლინო გაფითრებულ ლოყასთან მიგაქვს
და იცდი, ვინმე ნეტარი სული
ანგელოზის ხემს როდის მოგაწვდის.
იქნებ იქ, გაღმა, სხვანაირი იციან დაკვრა?
უვიოლინოდ, უხემოდაც კარგად უკრავენ?
იქნებ სულები უხმოდ მღერიან?
სიღატაკესაც არაფერი უჭირავს ხელში,
მაგრამ ვინ მღერის მასავით ამოდ?