ბარნოვი ვასილ
გაზიარება

უძღები 

1
მთლად ახალგაზრდა ვიყავ, ახლად კურსშესრულებული და ქვებიც ვარდისფრად მეჩვენებოდნენ. გული მიმღეროდა, ყველაფერს შევტრფოდი, ყველას შევხაროდი, ვეალერსებოდი. ყვავილობის დრო იყო დალოცვილი! დამენანებოდა იგი წარსული, თუ ცოდვად არ მიმაჩნდეს სინანული. მაინც რა შნო აქვს დანანებას, თუ წარსულს ვეაღარ ეწევი?!
ამ დროს ჩამაბარეს საკმაოდ სამძიმო საქმე: მგლეთში უნდა ავსულიყავ სასწავლებლის დასათვალიერებლად. ეს მოზრდილი სოფელი აღბულაღის დასწვრივ არის გაშენებული, ხრამის ნაპირზე. ქართველობა შერჩენია სოფელს. ქალი იყო მაშინ მგლეთში მასწვალებლად. არ მესმის, რად ამირჩიეს მე, ის კი ვიცი, ჩემზე კარგს ვერვის გაგზავნიდნენ, ჩემზე მარჯვედ და ეშხიანად ვერვინ შეასრულებდა ამ საქმეს.
ისე ვიყავ ხალისით სავსე, ისე მერჯოდა გული, რომ გათენება ვეღარ მოვიცადე; ღამიანად გავუდექ გზას. სოლოლაკის აღმართს რომ ავედი და თბილისს თავს რომ მოვექეცი ისევ ბინდ-ბუნდი იყო. ქალაქს ჯერ არ გაჰღვიძებოდა, გუგუნი კი რამ მოისმოდა გამოურკვეველი: იშმუშნებოდა. რაც ზევით და ზევით ვიწევდი, კოჯრის სიო უფრო ძლიერდებოდა და დასიცხულ კაცს და საგრძნობლად მისისინებდა. როცა ოქროყანას დავუპირდაპიდი, ცა მაშინ შეფერადდა. დუქანი დავინახე გზის პირას და არაყი დავალევინე მეეტლეს, გამოვაფხიზლე. მეც დავლიე: კარგია, სისხლს აჩქროლებს, კაცს ახალისებს. ტაბახმელის დასწვრივ მუშა ნამგალს ატრიალებდა. ხელეური გადმომაგებეს. მანეთი ვაჩუქე და ვაკოცე. ზინზლის სუნი ასდიოდა. სუნნელებით გაჟღენთილი ხელსახოცი მოვისვი ცხვირზხე. რამდენიმე მისახვევ-მოსახვევი კიდევ და მეეტლემ დაჰკივლა ცხენებს: გრიალი მივიტანეთ ფოშტის სადგურზე.

2
გამგედ ყმაწვილკაცი იყო, მიმზიდველი სახის შავ-შავი ახალგაზრდა. შრომა გაეწია, სახლის წინ კოხტა ბაღჩა გაეშენებინა. ამ ბიამან ადგილას საამო რამ კორდად მოჩანდა ეს ამწვანებული საგრილობელი. ბევრი კია არა იყო რა შიგ, მაგრამ ყველაფერს მოსიყვარულე კაცის ხელი ეტყობოდა. მეტადრე მშვენივრად იყო მოწყობილი გუმბათივით მოყვანილი თალარი. ლობიო, ფათალო და გოგრა ძმურად ახვევოდნენ სვეტებს და ბუჩქად შეკრულიყვნენ ზევით. გარს ტანმაღალი ლილიფარა შემოსჯროდა. ისე შეჰხაროდა ყმაწვილკაცი ამ გალაღებულ მცენარეებს, როგორც იონა აყიროს. ბუნების ბინადარ კაცად აგებული, ცხოვრებას ეულად გადმოეგდო ბიამანზე, მაგრამ თავისას არ იშლიდა ის: იქაც ბუნაგობდა. ღიმილივით გადმომეგება. ისე მიმიღო, როგორც ძვირფასი სტუმარი.
- ქალაქიდან გახლავან ესესნი, - მიმითითა თალარაისკენ, - საკუთარი ეტლი აქვთ; დაგვიანებისა ნუ გეფიქრებათ, ეხლავე შეგიბნევინებთ.
გავიხედე ბაღჩის გვერდზე ორი ეტლი იდგა, ისეთი კეწკეწი და სუბუქი, რომ სადგურისა არ უნდა ყოფილიყო ისისნი. მადლობა გადავუხადე მასპინძელს და მივაწოდე ვინაობის ქაღალდი.

3
ბაღჩაში, თალარის გარეთ, ორ ვაჟკაცს ეძინა გაუხდელს. ერთს ევროპულად ეცვა სულ უჯრა-უჯრა, წითელი ყელსახვევი გვერდზე მოჰქცეოდა, თეთრი გულისპირი ღვინითა ჰქონდა შეღებილი, ფართო კალთებიანი ჩალის ქუდი სახეზე ეხურა; ხვრინავდა. მეორე ქართულად იყო მორთული; ქვაზე იყო მიწოლილი, თავქვეშ ლეგა ფაფახი ამოედო; ხანჯალი დასთავქვევებოდა, ქარქაშიდან წამოვარდნილიყო. შიგ თალარში სამ ქალს ეძინა; ზოგს მუთაქა ედო თავით, ზოგს ბალიში, ერთს საბანიც ეხურა. ლოგინი შეპოხილი; ეტყობოდა, იქვე სადგურში მოენახათ, მხოლოდ ერთი ქალი იწვა ფურფუშებით მორთულ სუფთა ბალიშზე; თეთრად გადმოდებულ მძიმე მკლავზე ძვირფასი სამაჯური უბრწყინავდა. თალარის შუა მაგიდას დაჰყრდნობოდა შალშემოხევული ახალგაზრდა და ეძინა. მის წინ უხვად ეყარა ნამუსრავი: ყველი, თევზი, ძეხვი, კუპატები, ძვლები, მწვანილეული, ნაფცქვენები; შიგა და შიგ ბოთლები, ხელსაწმენდები და ათასი სხვა. ონავრობა ჩაედინათ და ნაომრისათვის ჯერ ხელი არავის ეხლო.
ჩვენ ხმაურობაზე თალარში მყოფ ვაჟკაცს გამოეღვიძა; აიღო თავი და ერთხანს გაშტერებული გაფყურებდა სივრცეს, მემრე შეიშმუშნა, თვალები მოიფშვნიტა, გაიღიმა, როცა აათვალ-ჩაათვალიერა სუფრა და გარშემო მწოლარენი. ადგა, თეთრ ქალს საბანი გადახურა. მუქი რამ კაცი იყო, მუჟრიანი; მითეთქილ სახეზე სიმწვანე გადასდიოდა; ფაჩხატი წვერულვაში მოსდებოდა; განივრად გახლეჩილ ბაგეს მომხრო ტუჩები მოსჯროდნენ. სადად ეცვა მიხაკისფერი.
- ქალაქში ცხელა და წუხელ აქ წამოვასხი ეს ჩემი მეგობრები, - მიმითითა იმან და ისე ძმურად გამიღიმა, რომ გული სემავრდა იმაზე.
- ქალები ადგებიან და ჩაი მზად უნდა დავახვედრო, - განაგრძო და გასძახა ბიჭს.
გამოუტანეს ჩაიდანი. დაიწყო ჩაის მზადება. მეც მივეშველე.
- იცი, დათიკო, - მეუბნებოდა ძმურად არჩილი, - ქალების მონადა ვარ გაჩენილი, უცნობნი არიან ისინი თუ შინაურნი. დაიხსომე! დილიდანვე არ უნდა აურიო ქალს გუნება თორემ მთელ დღეს მოგიშხამავს. მეტადრე ა ის თეთრი ქალი! ხედავ რა ფაშაა?! დაახრანტალებს თუ არა, მაშინვე ლუკმა უნდა მიაშველო, თორემ შენ გადაგყლაპავას.
- როგორც ზღაპრული ფაშკუნჯი.
- ერთ ალაგას რომ საჭმელი შემოაკლდა, ზედ მჯდომმა კუნთი გამოიჭრა, ის მიაშველა.
- მერმე ხომ თითონვე გაუმთელა ფაშკუნჯმა, ფრთა რომ მოუსვა.
- მეც მაგ იმედით ვცდილობ, თავს არა ვზოგავ მაგათთვის:
აიშალა ხალხი, გავაჩაღეთ ჩაი, გავხსენით რომი, ისე მოვეწონე არჩილს, რომ თავისი სატრფო ჩემს მზრუნველობას მოანდო. ვლაღობდით, ვიცინოდით, ვხარხარებდით, ვთქართქარებდით. ვის რას ვუშავებდით?!

4
ცოტა ხანში დიდი ხნის მეგობრებივით დავახლოვდით: აღარ გვეთმობოდა ერთმანეთი. არჩილმა მოინდომა მგლეთშიც თან გამომყოლიყო.
- აქ მომეწყინა, ქალაქში დაბრუნება არ მინდა სიცხეებში; მოდი, ერთად ვიმგზავროთ! - მითხრა იმან, როცა გაიგო, სად მივდიოდი.
- სასიამოვნო იქნება! - მივუგე მე. რას ვაგებდი?!
ამფსონებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, სიხარულით ცას დაეწივნენ, მეტადრე ქალები. ქება შეგვასხეს ამისთანა ჰაზრებისათვის. თეთრმა ქალმა ხელი მომცა საკოცნელად.
ჩაის შემდეგ კოჯრისაკენ ავისეირნეთ. ხომ გახსოვთ, რა ახლოა სადგურიდან ის აგარაკი? სულ ნახევარ საათის სავალი თუ იქნება, საუზმისათვის უკანვე დავბრუნდით. სადგურელებიც ჩვენთან შენაყრდნენ. რა სასმელები გვქონდა!
შუადღე გადახრილი იყო, როცა გზას დავადექით. თავიანთ ეტლით წამიყვანეს. არჩილი, თეთრი ქალი და მე ერთ ეტლში ჩასხედით, დანარჩენები მეორეში. მოსიყვარულედ გამოგვეთხოვა სადგურის გამგე. მიჯაჭვული იყო ბეცავი და შეგვნატრიდა თავისუფლებას.
დავეშვით ბორბალოსკენ. თუ გივლიათ აქეთ, გეხსომებათ, რა ფრიალოს ჩასდევს გზატკეცილი. ზევით ბუჩქნარი მოსჯრია გზას და ჰფარავს ხევს, ქვევით და ქვევით კი კლდე არის მოტიტვლებული და გზა საშიში. მოაჯირიც კი არ ჩასდევს ამ სახიფათოს. ქალაქის ქუჩებს ნაჩვევი ცხენები შიშითა თრთოდნენ, ელმაცრი ჩასცქეროდნენ ფრიალოს კლდისკენ იწევდნენ. არჩილი წინ გვეჯდა. ეტლი რომ დათავქვევდა, ძალიან შეკრთა ჩვენი ქალი; როცა ეტლმა ქანაობა დაიწყო ნაპრალებზე და ლოდებზე ქალმა წივილ-კივილი ასტეხა. გვეშინოდა ხმაურობაზე ცხენები არ დამფრთხალიყვნენ, მაგრამ ვეღარ დავაჩუმეთ ქალი. არჩილმა ხეხრი მოიგონა: თითონაც ჩემკენ გადმოჯდა, ქალს აქეთ-იქიდან მოვხვიეთ წელზე ხელი და მუხლებზე გავიმაგრეთ. აღარ ეშინოდა, დამშვიდდა. ვაშლოვნის ხევს რომ გავსცდით მაშინღა ამოვისუნთქეთ თავისუფლად. ბოთლი გავხსენით, მადლოვა შევწირეთ უფალს.
ასურეთი მზით გავიარეთ. საღირაშენში ვახშამი ვჭამეთ და თვალი წავიტყუეთ. ათი საათი იქნებოდა დილისა მგლეთში რომ შევედით.

5
მგლეთი დაფენილ ადგილას ყოფილიყო. ბეგს რასმე გადავადექით და წინ გაგვეშალა სოფელი. გამოჩნდა თეთრი საყდარი, მის ახლოს თეთღადვე შელესილი სახლი. მაშინვე ვიგრძენი სკოლა უნდა ყოფილიყო ის. შევედით ეზოში. გაკვეთილი ჯერ არ გათავებულიყო; ღია ფანჯრიდან მასწავლებლის ხმა გამოდიოდა. შეგვიპატიჟეს. მანამ ტანსაცმელს ვციცვლიდით გაკვეთილებიც გათავდა.
მასწავლებლად ახალგაზრდა ქალი გამოდგა, თეთრ-წითელი თმა ჯალჯივით ეყარა, შუათანბა ტანისა იყო, მკვირავად ჩასხმული. სახე რომ ცოტა მოკლე არა ჰქონიყო სწპორედ ლამაზი იქნებოდა. სანდომი რმ კი სჩანდა, მადიანი. კოხტად დაკვერცხილ ხელებზე ეტყობოდა სუფზთა ცამომავლობა. რწმუნების ქაღალდი რომ მივართვი, ფერმა გადაჰკრა, ლურჯი თვალები დაუგანიერდა და მის სახეს მიმზიდველობა მიემატა ჩემთვის, იქნება იმისთვის, რომ მისმა შეკრთომამ სიბრალული აღძრა ჩემ გულში.
- მოგელოდდით, ბატონო, და შეგირდები არ გავუშვით.
სუფთა ხმა ჰქონდა, წკრილა. გავაცანი სტუმრები.
- მდიდარი ხალხია, განათლებისათვის თავდადებული! მოისურვეს ჩემთან ერთად თქვენი სკოლის ნახვა.
ქალებმა აკოცეს მსაწვალებელს, ვაჟებმა ხელი ჩამოართვეს მოკრძალებით.
ყმაწვილების გამოცდას სამი-ოთხი საათი მოვანდომე. მემრე წიგნთსაცავი, დავთრები და სკოლის ყველა მოწყობილობა გამოვიკვლიე. ბევრი ნაკლი ვნახე, სასწავლელებლს ბერგან ეტყობოდა გამოუცდელი ხელი. მინდოდა ცოტა მკვახედ მენიშნებინა ქალისათვის ყველა ეს რომ დახსომებოდა, მაგრამ მე მხოლოდ ვთხოვდი საქმე გაესწორებინა, რადგან ყველა ჩემ შენიშვნაზე ისე საწყლად გააღებდა იმ დიდრონ თვალებს, რომ გული მიკვდებოდა.
მაინც ყოველვის გული მტკივა, როცა ქალსა ვხედავ ლუკმის საშოვარზე გასულს, გასათხოვარ ლამაზ ქალს. ძნელი საქმეა ჯაფა, დღიური საზრდოსათვის შრომა! ღვთის რისხვა არის ადამიანისათვის მოშაობა, გამჩენისაგან სასჯელად მიცემული. საჭმელის საშოვრად ოფლის ღვრა იმ უბედურ ნაბიჯის შედეგია, რომელიც უნებლიეთ გადადგა კაცმა მდიდარ და თბილ ადგილებიდან მწირ და გრილ ქვეყნებისკენ, რომლებიც აღმოაცენებენ ეკალსა და კუროსთავსა, სადაც ტყავი უნდა შეემოსა ადამიანს, რომ აეტანა იქური სასტიკი ჰავა. მანამდე რა უჭირდა კაცს? ბუნებას თავისი უხვი კალთა მის გარშემო დაებერტყა და ყველაფერი იქვე ჰქონდა საჭმელიც და საგრილობელიც ღვთის ბრძანებით მიცემული ლუკმისათვის ჯაფა! მხოლოდ მონა და მონად დაბადებული შეაქებს ამ შრომას, რომ გული გაიკეთოს სატანჯველში. თქვით, თუ მეტი გზა არ არის, უნდა ვიმუშაოთ, ოფლი ვიწუროთ-თქო, თორემ ჯაფისადმი გულწრფელი ხატობა არ მ,ესმის, არცა მწამს.
შრომა მწარე ხვდერია მამაკაცისა, როგორც უფრო ძლიერისა. შრომას ძალ-ღონე უნდა, ოფლის ღვრა საჭიროა და ეს ძნელია ქალისათვის: იგი ხომ უფრო სუსტია, უფრო მეტ ავადმყოფობათა ბუდე. ქალის დანიშნულება სხვაა: იგი დედაა! იმან უნდა ხორცი შეასხას მომავალს და ააღორძინოს იგი, იმან უნდა ამრავლოს ტომი და განაგრძოს იგი. ეს არი ბუნების ჰაზრი და გამჩენის ნება. ამისათვის არის, რომ სასძლოდ მოწიფულ ქალს შრომა ლუკმაპურისთვის ოფლის ღვრა ვერა ფყოფს გულსავსედ, ვერ აკმაყოფილებს, პურისათვინ დრტვინვაში გატარებული დრო დაკარგულია მისთვის. ერისაღვისაც დაკარგჰულია იგი დრო! მიმდინარე ჟამი უფრო და უფრო აშორებს ქალს მის დანიშნულებას და ასევდიანებს. დარდობს ქალი. მაშ ხელი გაშალოს და ჩამოუაროს, როცა ხედავს, უკეთეს ხანს თავის ცხოვრებისას, იმ ხანს, როცა ძალ-ღონით, ციცოცხლით და სურვილებით სავსეა, როცა შეუძლიან საუკეთესო ნაყოფი გამოიღოს და სიხარულით აღზარდოს იგი ნაყოფი, როცა ხედავს-მეთქი, რომ იმ საუკეთესო ხანას თავის ცხოვრებისას, ყვავილობის ტურფა დროს, სხვა რამ სამეს ანდომებს, უგემურს.
ბუნებაც რისხავცს და სჯის მიზანაცილებულს, მის ურჩს, მის მგმობელსდ, მის უარმყოგელს: სამ-ოთხ წელიწადზე ისე იბუგება აკოკრებული გოგონა, რომ თვლაცრემლი მოსდის გულჩვილს. მსაწვალებლობა ხომ მთლად აშრობ-ახმობს ქალს, სისხლსა სწოვს გულიდან და ჰფიტავს, ფერს უკარგავს, ძარღვს უდუნებს, ვარდს უჭკნობს, სახიდანა შლის, ადუხჭირებს, აბოროტებს. ჩაგიხედნიათ დროთა ბრუნვისაგან მიმჭკნარ ქალწულის გულში? რა ბოღმა ტრიალებს შიგ! სამარის მღილი ღრღნის და ხვფრელავს მის გულს.
აზია ხომ დიდი მცოდნეა ქალთა ბუნებისა და იგი ყოველთვის წინააღმდეგჰო იყო გამოეყვანა ქალი გულქვშრომის მოედანზე და მოეცდინა, აეცდინა უწმინდესს მის მიზნისათვის; აზია ყოველთვის ცდილობდა ადრე შეეყვანა ქალი იმ წალკოტში საცა უხვი ბუნება დაუცხრომლად წარმოშობავს ახალ ქმნილებებს.
თუ გიყვარვარ, გახსოვდეს, რომ აზიელი ხარ! აზია კალთაა დედაჩვენისა! თავმომწონედ აღიარა ეს და ეცადე აზიურ მცნებებზე მოაწყო ცხოვრება. გააუმჯობესეთ იგი მცნებები, ფრთები შეასხით მათ ახალი ძალა მოჰბერეთ მათ, მაგრამ უარნუჰყოფთ, ნუ ამოაგდებთ ფესვებიდან ჩვენ ხეხილს უცხოური ნერგისათვის. ეცადეთ დაიუცვათ და გაავრცელოთ ჩვენი მცნებები, დიდი შრომით და გამოცდილებით, დიდი მოაზრებით დასკვნილი ჭეშმარიტებები!..
მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე სკოლას და ყმაწვილებსა ვსინჯავდი, ჩემი სტუმრები ძალიან წყნარად იყვნენ, ზრდილობიანად იქცეოდნენ და მოწიწეებით. რამდენიმე შესაფერი კიითხვაც მისცეს ბავშვებს და ცოდნაც გამოიჩინეს. თეთრმა ქალმა ორჯერ-სამჯერ მანიშნა და დამაწყნარა, რადგან მაინც ვღელავდი და ხმას ვიმაღლებდი. არჩილი კარზე იყო, რაღაც განკარგულებებს აძლევდა.

6
ხალხი იკრიფებოდა სასწავლებლის ეზოში. მღვდელი, მებატონე, მებატონე, მამასახლისი და ვიღაც ჯარში ნამყოფი მერუსულე ხომ ჩემთან იყვნენ და თვალ-ყურს ადევნებდნენ ყმაწვილების გამოცდას, სხვები იყურებოდბენენ ან კარებს მოსდგომოდნენ. თანდათან ივსებოდა მიდამო, ხმაოურობა მატულობდა.
მოვრჩი საქმეს, გამოეველ და თვალი გადავავლე იქაურობას. საყდრის გვერდზე ცხვრებს აფეშხოვებდნენ, აქეთ დედლებსა ჰფუთქავდნენ. იქით ინდაურებს ასფუფთავებდნენ; ცეცხლი დაეგზნოთ, თხილის შამფურებს სთლიდნენ; მოეზიდნათ პური, ჭურჭელი, ღვინო; სოფლიდან დართული ქალ-რძალი მოეფინებოდა; ბავშვები დარბოდნენ, მიჰქონდ-მოჰქონდათ, ემსახურებოდნენ, მორბედობდნენ; ყბელა სამხადისში იყო. გამიკვირდა! გავიფიქრე, ჩემ დასახვედრად ემზადება-მეთქი ხალსი და მიამა.
არჩილი ჩინარს მიჰყურებოდა და გატაცებით ელპარაკებოდა ქუდმოხრილ ნაცვალს. მალე გამოირკვა საქმე; არჩილი უმასპინძლდებოდა სოფელს. დამინახა, ღიმილით წამოვიდა ჩემკენ.
- მინდა ერთი მოვალხინო სოფელი. ჩემი მოსვლა დავახსომო.
- რამ გაფიქრებინა? ხომ დიდი ხარჯი მოგივა.
- მამაო! - მიუბრუნდა მოძღვარს, - გთხოვთ პარაკლისი გადაგვიხადოთ, სკოლა დაგვილოცოთ!
პარაკლისი ეზოში გადავიხადეთ. შეგირდები გალობდნენ მსაწავლებლის ლოტბარობით. ხალხი ხალისიანად ლოცულობდა. ეშხზე მოსულმა მღვდელმა იაზმაც იხადა და გულიანად გვასხურა წვერმოცვეთილ უსუპით. არჩილი ემთხვია და ოქრო ჩაუდო მოძღვარს. პარაკლისის შემდეგ ორიოდე სიტყვით მიჰმართა ხალხს: გადაულოცა სკოლას ხუთი თუმანი და უსურვა აღორძინება.; სთხოვა ხალხს ეს ღირსსახსოვარი დღე მხიარულად გაეტარებინათ. ღიმილი გადაეფინა ხალხს, მადლობა მოახსენეს. წავდეგი მეც და დავიწყე. ბევრი ვთქვი და კარგები, ხელოვნურად ავკინძე გამონსკული სიტყვები, მაგრამ ვერავინ გავიტაცე, ვერც ავაღელვე: ის სარჩული აკლდა ჩემ ხმას, არჩილმა რომ დაუდო თავის თქმას.
დავსხედით სადილად. სუფრის თავში არჩილი დასვეს. მარჯვნივ მე მოვუჯექ, მარცხნივ მასწავლებელი. შეიქმნა სმა-პურობა, დატრიალდა ჯამი, აგუგუნდა სუფრული, აჟღრიალდა დაირა, ჩამოტრიალდა ახალგაზრდობა, ტაშის ხმა ღრუბელს უწევდა.
არჩილი აუჭიკჭიკდა მსაწავლებელს, ხოტბა შეჰფინა ენატკბილად, ეალერსა რაინდულად, თავს შემოევლო ნარნარად: მეშვიდე ცამდინ აწია გოგონა.
გასჭრა ღვინომ, არია მონასტერი: ყველა მღეროდა, ყველა ცეკვავდა; ერთმანეთს ვეხვეოდით, აღთქმას ვაძლევდით, კეთილს ვპირდებოდით. ბუნებამაც თანაგვიგრძნო: სიხარულით შეიძრა, შეტოკდა, შემოტრიალდა; კარგად მახსოვს, რომ კაკლები ბუქნას უვლიდნენ, ჩინრები თავს გვიკრავდნენ, გვემშვიდობებოდნენ.
მგლეთიდან აღბულაღში წავედით. მთელმა სოფელმა გაგვაცილა. ტკბილად დავშორდით ერთმანეთს, ხვევნა-კოცნით, გამოვეთხოვეთ მსაწავლებელსაც. არ ვიცი, ხელზე ვემთხვიე ქალს თუ გულზე, ის კი მახსოვს, რომ მაღალი მკერდი ტალღასავით ცისფერ ფარჩის ქვეშ.

7
მეორე დღეს მოწყენით იყო არჩილი, მეგონა: ნაბახურევი არის, დათენთილი და მალე გამოცოცხლდება. ვერც საუზმის შემდეგ გამობრუნდა. ამფსონებმა დაინახეს მის შუნლზე ნისლი და ეცადნენ გაფანტვას, თუმცა ამაოდ.
დავათვალიერეთ აგარაკი, ვიგემეთ წყაროები, გავედით სასერტნო ადგილებში, ვსინჯეთ ხალხი, შევიხედეთ სალხინოებში. არჩილი ჩრდილივით დაგვდევდა უკან, უხალისოდ მოაბიჯებდა დაღრეჯილ-მოშვებული. არ იქნა, ვეღარ მოვხარეთ ჩვენკენ. ხომ არა გგონიათ, გაცემული ემძიმებოდა, ნახარჯი ენანებოდა? აბა! დღესაც გუშინდებურად აპნევდა საჭურჭლეს, ყველა სურვილს უსრულებდა ამხანაგებს. მხოლოდ სევდა რამ შემოჰყროდა და დაეღრიჯნა, პირი აღარ უცინოდა.
თეთრი ქალიც ერთ ხანს ეცადა თავის რაინდის გახალისებას, მემრე კი მოშორდა, ზურგი შეაქცია ნაწყენმა, ჩემკენ გადმოიწია; წაძრობილი თათმანიც კი მომიცაცუნა სახეზე, ალბათ, იმისთვის, რომ შური აეძრა არჩილში, მაგრამ იმანაც ყური არ შეიბერტყა. მთლად მომეკედლა ქალი.
- რა დაემართა მა კაცს, რომ ეგრე ჩაჭკნა უეცრად, ვინ რა დაუშავა? - ვკითხე ქალს.
- არაფერი! მხოლოდ გუშინდელმა ვარდის კონამ დაუწყლულა მას გული და ვეღარც მოისვენებს, მანამ მკერდში არ ჩაიჭკნობს ყვავილს.
- რა ყვავილს?
- მსაწავლებელ ქალს! ახლა იმის სურვილი ჩაეჭრა გულში.
- ხუმრობ!
- არა! მთელ ქონებას გადააგდებს, გულის წადილს კი აისრულებს. რამდენჯერ მიცდია! თვეობით უდევნია ციცინათელასათვის, გველის ხვრელში გამძვრალა, ხელში კი ჩაუსრესია პეპელა. მაშინღა დამიბრუნდება.
- მე კი მხოლოდ უბრალო მოქეიფე ვინმე მეგონა.
- რა მოქეიფე, როდესაც ღვინოსაც კი არა სვამს ხეირიანად; ქაღალდსა და სხვა მისთანა ყომარბაზობას არ მისდევს. ჩვენა ვართ მაგისი ბედნიერება. მონაა ხორცისა, ყურმოჭრილი ყმა. დიდი ფული გადუგია ქალებზე. უფრო მეტს წააგებს, მთელ დოვლათს დაანთქამს და მემრე რა დაოვლათს!
სხვებსაც მოეწყინათ არჩილის ალერსი და ფულის ქისადღა გდააქციეს ის. მხოლოდ ხარჯის გასაწევადღა მიჰმართავდნენ.
გზაზე რამდენჯერმე დამიახლოვდა არჩილი, თითქო რაღაც უნდა გაემჟღავნებინა ჩემთვის, მაგრამ ყოყმანობდა, ვერა ჰბედამდა. მეც ძალას აღარ ვატანდი: ვიცოდი, უიმისოდაც არ ამცდებოდა მისი საიდუმლო, ადრე თუ გვიან ჩემთვის უნდა გაეზიარებინა თვისი გულის დარდები.
ჩავედით ქალაქს, დავცვალეთ სადარბაზო ბარათები და დავშორდით ერთმანეთს.

8
დადგა ზაფხული და გახურდა თბილისი, გავარვარდა. თუნუქის ბანებიდან ლაპლაპით ადიოდა ბუღი და უერთდებოდა კლდეებზე ნახურებ ჰაერს; ჯოჯოხეთის სიცხე ტრიალებდა ქუჩებში. მოიტუსა და გაშავდა მიდამო. ვინ დარჩებოდა ზაფხულობით ამ საკირეში, თუ არ დაბმული ან უილაჯო?!
თავისუფლად დავფრინავდი იმ ზაფხულს კოჯრიდან კიკეთს, მანგლისიდან აბასთუმანს, ბორჯომიდან სურამს, სოფლიდან სოფლად. აგარაკებში რამდენჯერმე შემხვდა არჩილი. ამალა ყოველთვის დიდი დასდევდა და მხიარული, თითონ კი გულჩათხრობილი იყო, რაღაც ფიქრით გატაცებული. აგვისტოს მიწურულებში მივაღწიე სურამს. ჩემგან პატივსაცემი კაცი ბუნაგობდა იქ და იმასთან ჩაველ სანახავად. არჩილი დამიხვდა იქ და იცით ვისთან ერთად? კაკატოსთან! გამოცვილილიყო ვაჟკაცი. მის ტანზე რომ ახალთახალი ტანისამოსი ყოველთვის დაჭმუჭნულ-დასრესილი მინახავს, სახე მითელილ-მოთელილი, გრძელი თმა მინაბდული და მხოლოდ თითებით ნავარცხნი, დღეს გაპეწკილ ტალავარში გამოწყობილიყო, თმა კოხტად გადაევარცხნა, სახე დაებან-დაეწმინდა; მთლად გაჭაბუკებულიყო, გახალისებულიყო. მარტო ახლდა კაკატოს. ამალა თან არ ჰყვანდა.
ქალიც ვეღარ ვიცანი: უფრო გამთქვინებულიყო; მოხდენილად ჩაცმული, მღალქუსლიან ყვითელ წაღებზე, სააგარაკო არგნით ხელში კუპატივით გაძეკილი ღაჟღაჟა გოგო ერთიორად ქცეულიყო. ცოტა აჭარბებდა ქცევაში და გამოცდილი თვალი მხოლოდ ამით შიტყობდა, რომ ქალი ამ კეთილ ყოფას იყო შექვსილი, რომ თავისუფლობა და ნავარდობა არ იყო მისი საყოველდღეო ქარგა, რომ იგი შემთხვევით იყო დღეს იალაღზე.
არჩილი და კატო უმიზნოდ არ ამოსულიყვნენ ჩემ ნაცნობთან: ქალს თბილისში გადასვლა მოესურვებინა და სთხოვდნენ მის სასარგებლოდ სიტყვის დაეძრა.
- გარწმუნებთ, ბატონო, რომ შრომას არ დავზოგავ! - ეხვეწებოდა ქალი.
- უთუოს აღორძინდება სასწავლებელი ამ ქალის ხელში. მე თითონ ვითავებ ამ სკოლის მზრუნველობას, უხვ შემწეობას აღმოვუჩენ, არაფერს არ მოვაკლებ! თორემ თითონ თქვენი კეთილი თვალი ნახავს ყველაფერს! - ეუბნებოდა არჩილი.
ნაცნობი ხმას არ იღებდა. უსიამოვნოდ აებრიცა ტუჩი, დასავლეთისაკენ მიეღრიჯნა მომხო ცხვირი, კორტოხის მწვერვალებს მისჩერებოდა. ამ სახიფათო მდგომარეობაში არჩილმა და კაკატომ ისეთი თვალით შემომხედეს, რომ აღარ შეიძლებოდა არ ჩავრეულიყავ საქმეში.
- ვგონებ, პატივსადები უნდა იყოს ამ ბატონების თხოვნა! მე მაინც იმ ჰაზრისა ვარ, მგლეთში კაცი ვინმე უნდა უნდა იყოს მსაწვალებლად, - მოვახსენე.
- რადა?
- იმისთვინ, რომ მარტოხელ ქალს, ისიც ნორჩ და გამოუცდელს, ძალიან უნდა გაუჭირდეს იქ.
- ბატონი ბრძაბდებით, - მიუბრუნდა ნაცნობი არჩილს, - ვეცდები აგისრულოთ თხოვნა.
- თქვენ კი, - მომმართა მე, - ვგონებ შეგიცვლიათ ჰაზრი ამ მცირე ხანში; მოხსენებაში სულ სხავასა ბრძანებდით: ამ ქალზე სწერდით, სოფელს ძალიან უყვარს ის და მასაც შეუთვისებია სოფელიო.
- მართალია, რომ ქალბატონი ეკატერინე გამოჭრილია იმ სოფლის სკოლაზე, მაგრამ მე საზოგადოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ახალგაზრდა ქალებს მივარდნილ აფგილებში ვამწყვდევთ: ვინ უნდა შეჰხვდეს იქ ქალს თავისი საფერი?!
- თუმცა მივარდნილ კლდეებში ბრჭყვინავს ოქრო, მაინც ათასობით მიიკლავენ თავს მის საძებნელად.
- ეგეც მართალი გახლავთ, მაგრამ ვინ იცის, რამდენი მადანია მიუვალ ადგილას ჩამარხული და მხოლოდ შავ კლდეს ანათებს მისი ბრწყინავალება.
ქალ-ვაჟი ძალიან ნასიამოვნები დაბრუნდნენ სურამიდან.

9
კაკატოს სასწავლებელს მალე შეეტყო ფულიანი კაცის მზრუნველობა: მასწავლებლის ყოველივე სურვილი დუყოვნებლივ სრულდებოდა; რა სასწავლო ნივთი ან სახელმძღვანელო არ შეიძინა სკოლამ ამ მცირე ხანში! არჩილის ქისა ღია იყო სასწავლებლისათვის.
თითონ კაკატო არაფერსა თხოულობდა თავისათვის და კმაყოფილი იყო იმ მოწყობილობით, რომელშიაც წინა ოსტატს ეცხოვრნა. არჩილს უნდოდა გაეუმჯობესებინა ქალის ყოფა და მით დაახლოვებიყო მას, მაგრამ ვერაფერს უბედავდა. ეს კეთილი მზუნველი ჯერ იმით უნდა დაკმაყოფილებულიყო, რომ ქალთან შედიოდა ხანდისხან და ელაპარაკებოდა, რასაკვირველია, პედაგოგიურ კითხვებზე. საქმეს მხოლოდ ის აძნელებდა, რომ არჩილს ცოტადღა ახსოვდა ეს საკითხავები და სიტყვას ვერ უსწორებდა ქალს, მასლაათს ვერ უბედავდა. დაჰვიწყებოდა ყველაფერი!
არჩილმა მეექვსემდინ მიაღწია გიმნაზიაში და ადვილადაც სწავლობდა, როდესაც ერთდერთი პატრონი შეიქმნა დიდი მამულისა, მას აქეთ ისეთ ცხოვრებას ეწეოდა, რომ თვის საღვალავისათვისაც კი ვეღარ მიეგნო, თორემ წიგნებისათვის სადღა ეცალა. ეხლა შემთხვევით შეისვენა, თავს დაუკვირდა, მაგრამ გვიანღა იყო: კითხვის ხალისი დაჰკარგოდა, წიგნის შრიალი ეჯავრებოდა. უნდა დაჰმორჩილებოდა ბედს და ქალისათვის დაეთმო პირველობა. ასეცა ჰქმნა: მოწიწებით უსმენდა კაკატოს და თავისი მხრივ მხოლოდ საუკეთესო საკითხავებს თუ სურათს უზიდავდა.
მისჩერებოდა ქალს არჩილი და თანდათან იჟღინთებოდა მისი სურვილით, იმსჭვალებოდა მისი ნდომით. იმის მჯვიდრად ნაგები ტანი, მორღვეული თვალები, ხუჭუჭი თმა, ნაწნავში რიომ ვეღარ ეტეოდა და იბურძგნებოდა, მკერდის ღელვა, ხოხმიკი ტუჩების მოძრაობა - ყველა ეს სასიამოვნოდ აღელვებდა გამოცდილ ვაჟკაცს და აწვალებდა. თითონ ქალი, მისი სხეულის სუნნელება და სავსება იყო არჩილისათვის ტკბილი მუსიკა, თორემ რას ამბობდა ის ან რას კითხულობდა, ეს სულ ერთი იყო მისთვის.
ისე შეუნდა არჩილს ქალი, როგორც მგელს კრავი: სურვილი მოუთმენლად ატოკებდა იმას და ლამის უცაბედად ემოქმედებინა! ძლივსღა იმაგრებდა თავს. იწოდა მით უფრო, რომ ნაჩვევი იყო სურვილების სასყიდლით დაკმაყოფილებას, მაშინვე დაცხრომას. ეხლა შეუძლებელი იყო ალერსის ყიდვა, ამისთანა სურვილის დაჩენაც კი სახიფათო ხდებოდა, რადგან შეიძლებოდა შეეფთხო ეს ახალი მფრინველი და მისი ჭრელი ფრთევიდან ბუმბულიც კი ვეღარ შერჩენოდა ხელში; სიფრთხილე იყო საჭირო, ნიღაბ-აფარებული უნდა დაახლოვებულიყო ქალს, ცხვრის ტყავში შეხვეული უნდა შეჰპარვიყო კრავს. ესეც იქცეოდა არჩილი: შესციცივენდა, ოხრავდა, წმინდა სიყვარულს ახსენებდა; თვალებს უბავდა.
ქალი მაინც ადვილად შეამჩნევდა არჩილის თაღლითობას თუ მის გულში მაინც ყოფილიყო ობოლი მარგალიტო მოთავსებული. თუ მისი გრძნობა მაინც სუფთა ყოფილიყო და გამჭვირვალე, მაგრამ არც მის გულში ჰქონდა საწყალ ამურს ბინა!

10
ქალი სხვა თვალით უყრებდა ჭაბუკს. არჩილი ერთი ჯირკვი კაცი იყო, ნუჟრიანი და თავის აგებულებით ქალს ვერ გაიტაცებდა, ვერც გონებით მოხიბლავდა მსჯელობანაჩვევს; კაკატოს იზიდავდა მხოლოდ მისი გვარიშვილობა და დოვლათი.
განა ესრეთ რაინდს ოცნებობდა კაკატო სასწავლებელში?! მისი ნანატრი ამირანივით ვაჟკაცი იყო შემმართებელი, სავსე გმირული შვენებით, ტარიელივით იყო შმაგქმნილი თავის ნესტანისათვის, ავთანდილივით ზრდილი და ჰაზრიანი, ფრიდონივით ერთგული, ასმათივით თავდადებული; მდიდარი, დევთა საჭურჭლის მექონი.
ოო! მაშინ თვალებს დაუყენებს ამხანაგებს, სწავლაში რომ სჯობიან ეხლა! რა შურით გახეთქავს ამზრდელ ალს, უსამართლოდ რომ ემტერება ახლა ან იმ მანჭია მასწავლებელს, ტუჩს რომ აუკრავს ხოლმე.
რა წამოსაყენებელია იმ სხივოსან ქმნილებასთან ვიღაც არჩილი! მაგრამ რა ქნას ქალმა, როდესაც ცხოვრებამ ულმობელი ხელი სტაცა ყანყრატოში და თითქმის გაგუდა? ცხოვრებამ ნელ-ნელა ჩამოაცალა მისგან წარმოდგენილ რაინდს სიმშვენიერე, გატაცებული სიყვარული, სიბრძნე, ქველობა; ერთი თვისებაღა შერჩა მის რჩეულს და იმ თვისებას კაკატო ვეღარ შეელევა, ეს თვისება არის სიმდიდრე, რომელიც ეხლა ერთადერთ სანატრელ საგნად გახდომია ქალს. პანსიონში ფუფუნებით აზრდილმა მალე შეიგნო ფულის მძლეობა და მისკენღა მიისწრაფოდა მთელის არსებით; ეხლა ოქროს ქისა გაუგორა ბედმა ფეხქვეშა.
- უნდა მაგრა ჩავჭიდო ხელი ამ შემთხვევას! - ფიქრობდა ქალი. - მაშ რა ვქნა, რამ მაცხოვროს? სამი თუმანი ოსდაათ დღეში! ამით უნდა ჩავიცვა, დავიხურო, ვისაზრდოვო, განვითარებული გემო-სურვილი დავიკმაყოფილო, შავ დღეს გავუმკლავდე. დღეში მანეთი! მუშა ვარ კურტნიანი... ამისათვის მთელი ოთხი საათი უნდა ჩავჩიჩინებდე ვიღაც ლაწირაკებს. მემრე რა სუნი მაქვთ ბინძურ ოჯახებიდან! უფროსებსაც თავი უნდა მოვუხარო, უნდა ვმადლობდე, თვალებში შევყურებდე, თორემ ვინ იცის, ჩემ ყოფას რამდენი მშიერი შეჰნატრის სადმე კუთხეში მიჩურთულ-მიდებული.
განა ესე ოცნებობდა კაკატო პანსიონის დარბაზებში! სამი თუმანი ჯიბის ფულადაც არ ჰქოფნიდა მას, ეხლა რომ ოთახი უჭირავს, თავის მოახლესაც არ აკადრებდა იმისთანას. ათ საათზე ადრე ადგომა ვის გაუგონია განათლებული ქალისა?! ნაირ-ნაირი სანოვაგე, ახალ-ახალი ტანთსაცმელი, სამკაული, თეატრი, საკუთარი ეტლი. მითომ რატომ არ უნდა მიჰნიჭებოდა ყველა განვითარებულ ქალს, სუფთა ოჯახის შვილს, ახლად გაფურჩქვნილ მარწყვივით გოგონას? სხვებზე ნაკლებია?! აბა ერთი გავიდეს ცხოვრებაშიდა ეჩვენოს ხალხს! მნათობივით მიიპყრობს ყველას ყურადღებას სხივოსანი. ბატონიშვილი მიალერსება; ნატვრის თვალად გაუგორდება ფეხქვეშ, ზღაპრულ ხალიჩად დაეგება, ჯადო-სუფრად გაეშლება წინ. აკი ამგვარი პასუხი შეუთვალა მარგალიტივით ბიჭს, რომელიც უეცრად განიმსჭვალა მისი სიყვარულით და გაუბედა გულის წადილი:
- შენი ჯამაგირი ხილის ჰულადაც არ მეყოფა და რით უნდა შემინახო, თუნდაც წამოგყვე ვიღაც გლეხის შვილს?
- ჰა, ჰა, ჰა! როგორ გაშრა ახალგაზრდა! თავის ბრალია: სანეკრე რომ ნახა, სახტომიც უნდა გაეზომა: მართლა და რითი უნდა შეენახა ქალბატონი, როდესაც თავის მაღალი შუბლის მეტი არა ებადა რა.
მერე რად გიკვირს კაკატოს საქციელი? ჩჩვილივე მოსხლიტეს ნამდვილ ცხოვრებას. ბროლის სასხლეში ჩასვეს მზეთუნახავი, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, ყველაფერი უზრუნველი ჰქონდა მზამზარეულად, დუგმის შესაკრავადაც კი მახლე ედგა თავს; ისე ზრდიდნენ, თითქო მის სახელობაზე ათი ათასი თუმანი შეუტანიათ ბანკში და დაასრულებს თუ არა, ოქროს ლანგრით მიართმევენ სალაროსაო.წიგნებშიაც ხომ უზრუნველ და დიდებულ ცხოვრებასა ხედავდა, საცა ფული ჩეჩქივით იბნეოდა. საიდანღა უნდა შეეგნო ქალს ნადვილი ცხოვრების ნიშანწყალი? არსაიდან. და აკი ეზიზღა და ემძიმა მას იგი ნამდვილი, თუმცა ცხოვრება კიდევ ხათრიანად მოექცა მას და მაშინვე მთლად არ გადაუშალა თავის მარიფათები.

11
ქალ-ვაჟის ურთიერთობაში ნაზი ამური არ ერია. სად შეეძლო მის ჩჩვილ აგებულობას აეტანა მგლური კავშირი?! შორიდან რომ შენიშნა დაახლოვებულნი, სიხარულით მიფრინდა მათთან და ძალუმად მოზიდა სურვილთა მშვილდი, რომ გაეგმირნა ისინი სიყვარულის ისრით, განუყრელად მიემსჭვალა ერთმანეთისათვის, მაგრამ შეფრთხა: ეშმა რამ დაჰხვეოდა მათ გულზე და იმან შეაკრთო. დარცხვენილი დაბრუნდა უმანკო და დიდ მანძილზე ესმოდა ბილწის ხარხარი.
ნაადრევი კი იყო ეს ხარხარი: ქალ-ვაჟი ჯერ ებრძოდნენ ერთმანეთს და ვინ იყო დარწმუნებული, რომელი სძლევდა? ძალიან კი ცდილობდა არჩილი: სიყვარულის ქურქში ეხვეოდა, სიფრთხილით უახლოვდებოდა, ეპარებოდა.
ფრთხილობდა ჭაბუკი, რადგან კარგად ვერა ხედავდა ქალის გრძნობას, ვერ იცნობდა მისწრაფებას; ბინდ-ბუნდად კი გრძნობდა, რომ ქალი სურვილის თვალით უყურებდა მის დოვლათს და შესაძლებელი იყო ვერცხლის ბრჭყვიალაზე მისი მიტყუება; თანაც ეჭვობდა, ვაითუ, ეხლა მიმტყუნოს ამ ანკესმა და თევზი ხელიდან დამისხლტესო. მაინც სიმდიდრე იყო ერთადერთი ძალა არჩილის ხელში და სცადა მისი სიფრთხილით გადაშლა ქალის წინ. ეს იყო მიზეზი, რომ არჩილს მოხსნილი ჰქონდა ქისა და ყოველ მარჯვე შემთხვევაში ოქროს აპნევდა ქალის გარშემო.
შობის დღესასწაულები იყო მოახლოვებული და ბავშვთა მაშველ საზოგადოებამ კრება მოისურვა ყმაწვილებისათვის საზრუნველ რამე საგანზე. არჩილმა ისარგებლა ამ შემთხვევით და სთხოვა მის ბინაზე შეკრებილიყო ხალხი.
კაკატო ფეხით მივიდა არჩილის სასახლეში. მსახურმა რომ გაუღო კარები და შეიწვია გაკაშკაშებულ დარბაზში, ქალმა უნებლიეთ დაიზედა ზედ: მასწავლებლის უბრალო ტანისამოსში უხერხულად იგრძნო თავი და მოიკუმშა. არჩილი ღიმილით მიეგება ქალს, პატივი სცა, გული გაუკეთა.
კარებები ღია იყო. სტუმრები თავისუფლად დადიოდნენ ოთახებში, ათვალიერებდნენ. დიდებულს სადგომს, ძვირფასი ავეჯით და ნივთებით სავსეს, დიასახლისის ხელიღა აკლდა, რომ თვალმომტაცად აფერადებულიყო.
- რა უხერხულად არის მიყრილი ამოდენა განძი! - ფიქრობდა კაკატო. - ვაი, ერთი ნატვრა ამისრულდეს და მაშინ ნახავთ: ღმერთების სადგომს დავამსგავსებ აქაურობას. და რა ადვილად! ყველაფერი არის, მცოდნე თვალიღა აკლია, გულშემატკივარი ქალის ხელი.
- როგორ მოვაწყობ! იმ ოთახს საპირფარეშოდ ავარჩევ, ბაღის მხარეა სასიამოვნო; არჩილის კაბინეტი იქითა სჯობია: მოშორებული ოთახია და აღარ შემაწუხებს მოურავთან ჯიჯინით; სასადილო ოთახად ესა სჯობია, თუ სამზარეულო ახლოა, - ოცნებობდა ქალი და ყურს არ უგდებდა, რაზე ბაასობდნენ შეკრებილნი.
არჩილი სუბუქი ვახშმით გაუმასპინძლდა სტუმრებს. სუნნელოვანი რამ ღვინო მიართვა ძვირფასი. კაკატო თითონ არჩილმა გამოაცილა. მოწიწებით ჩაისვა ეტლში. ციოდა. თხელ ქათიბში გახვეული ნათბილარი ქალი კანკალმა აიტანა და უნებლიეთ ახლო მიუჯდა კაცს. არჩილმა რომ სითბო იგძნო, გადირია, თავი ვეღარ შეიმაგრა და მადიანად ჩაჰკოცნა ტუჩებში.
- რას შვრები, ყმაწვილო? - შეუტია ქალმა და ქოლგა წაატანა მეეტლეს.
არჩილმა მარჯვედ აუკრა ხელი ქოლგას და შეეხვეწა:
- ნუ მიწყენ კაკატოჯან! შენი ეშხით დამწვარმა ვეღარ შევიკავე თავი, რა ვქნა, რომ მიყვარხარ, რომ ხატი ხარ, სალოცავი ჩემი?! ნუ შემრისხავ, ძვირფასო, ნუ ამიქოლავ შენკენ გზას.
- კარგი, ყმაწვილო! - გამოეხმაურა ქალი მკვახედ და უფრო იქით მიიწია.
- შენ არ იცი, რა გამათახსირებელ ცხოვრებას ვეწეოდი აქამდინ. გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად აღმომიჩნდა და განმინათე გზა ცხოვრებისა, - ჩასჩურჩულებდა აღელვებული ვაჟკაცი, მაგრამ ქალი სულ უკან იწევდა.
- აგერ შენი სადგომიც, გამწყრალი ნუ დამშორდები, ცეცხლს ნუ ჩამიგდებ გულში, მომიტევე შენი მშვენებისაგანვე გამოწვეული შეცდომა! - უთხრა არჩილმა და ცალ მუხლზე დაეცა.
- კმარა, ყმაწვილო! - მიუგო კაკატომ ცოტა რბილად, როცა რბილად, როცა ეტლი შედგა სკოლის კარებზე.
არჩილი მარჯვედ გადმოხტა ეტლიდან და უნდოდა ჩამოესვა ქალი, მაგრამ კაკატომ ხელი არ გაუწოდა ჭაბუკს.

12
არჩილი ჩავარდა ეტლში და შესძახა:
- სალხინოში!
მეეტლემ ხალიასინად გარეკა ცხენები, მაგრამ ბატონმა შუა გზიდან დააბრუნა ის, პირი შინისაკენ აქნევინა. ხასიათმა აღარ მისცა ქეიფში ჩაეფლა ღელვა.
მარტო რომ დაიგულა არჩილმა თავისი თავი ვრცელ სადგომში, ეჩოთირა. ნაჩვევი არ იყო მარტოობას, იშვიათად ბრუნდებოდა ამ დროს და ისიც მარტოდმარტო, მთელ ღამეს ქეიფში ატარებდა მშვენიერებით გარშემორტყმული და გათენებისასღა ბრუნდებოდა შინ გამოსაძინებლად. მაგრამ არჩილს ეხლა მარტოობა ერჩივნა: ისეთი დარდი შემოსწოლიყო, რომელსაც თითონ ეხლა უნდა შეჰბრძოლებოდა, რომელსაც ვერც კი ვისმე გაანდობდა, რომ მოეფიქრებინათ მის მაგივრად.
არჩილი ერთადერთი ვნების მონა იყო და ეს ვნება უფლებდა მასზე: სატრფოსადმი ლტოლვივილება იყო ყოველთვის მისი საგონებელი და ადვილადაც ისრულებდა სურვილს, რადგან საქმე გულჩვილებთან ეჭირა; ეხლაც ისევ ის მისწრაფება აღელვებდა ჭაბუკს, მაგრამ საგანი მიუვალი იყო წინანდელი გზით: კაკატო შეუნდა არჩილს, მოუთმენლად მოესურვა ის, მისი მოპოოება კი წინანდელი საშუალებით არ შეიძლებოდა. ახლა ფულს ხომ არ მისცემდა და თუნდ შეეძლია რა ფონს გავიდოდა? ერთს ხანს გაიფიქრა მოეტაცნა ქალი და კიდეც გაუხარდა, რომ ამ ფიქრს წააწყდა, მაგრამ ამ საქმის მოწყობა შესაძლებელი იყო ფულით, მაგრამ უკანვე დაიხია: სახიფათო იყო ეს საკანონო საქმე. კანონთა ბადეს ძალიან უფრთხოდა არჩილი. მაშ რა უნდა ექნა? ან თავი უნდა დაენებებინა ქალისათვის და გულიდან ამოერეცხა მისი სახე ან ...
- ეჰ, მე რომ კიდეც მოვისურვო კაკატოს თავდანებება, ახლა თავს მანებებინებს მისი სახე?! კაკატო არ მომცემს შვებას; ის ბტონია ჩემი, მე მონა მისი მორჩილი და საით წაუვალ? ფიქრიც კი აღარ შემიძლიან სხვა რაზედმე და როგორ ავუქცევ გზას?!
არჩილი დადიოდა ოთახში, თმას იბურძგნიდა, მაგრამ ფიქრს შეუჩვეველს ჰაზრები ვერ ეფურჩქნებოდნენ, განზე ვერ ეშლებოდნენ, ვერ უფერადდებიოდნენ; მის ტვინს მხოლოდ კაკატოს სურათი ეჭირა მის წინ და თანდათან აბრწყინვებდა მას, ეშხს უმატებდა, უფრო და უფრო სანდომადა ხდიდა; აზიებდა ვაჟკაცს.
მოიქანცა არჩილი და ჩავარდა იმ სავარძელში, რომელშიავ რამდენიმე საათის წინ კაკატო იჯდა. ისე ნათლად წარმოუდგა ქალი, თითქოს მის წინ ცოცხალი დგასო; ხელახლად იგრძნო მისი სუნნელება, მისი სითბო, მისი ტუჩების სინაზე და სურვილით დაიხლაკნა ვაჟკაცი. უნდოდა დაეყვირნა, შველა ეთხოვნა ვისთვისმე, მაგრამ ვინ შველიდა?! ძილი აღარ მიეკარა. ლოგინში უფრო გაუცხოველდა ქალის სურათი, მის გახარებულ ტვინს ცოცხლად მოეჩვენა ჰაერში საყვარელი, ხელი მოხვია ლანდს და ატირდა, რომ ვერ შეიპყრო.
კაკატო თვალწინ ედგა კაცს, მაგრამ ისე კი არა, როგორც პიროვნება, არამედ როგორც ტანი რამ: ის ხედავდა მის თვალებს, მის ბაგეს, მის თმას, თეთრ ყელს, მარგალიტის კბილებს, მის მადლიან სხეულს; არჩილისთვის ამ წუთს ორივე ერთი იყო - არაწმინდა რამ მავნე ბუდობდა ქალში თუ სული ნათელი, აზრდახშული ბინძური რამ ცხოველი თუ ეთერი, ფაქიზი და სულით განათლებული: არჩილს მხოლოდ სიყვარულის სანდომი აგებულება უკლავდა გულს.
ვაჟკაცში ეხლა იმ ველურ არსებას გაეღვიძნა, იმ ხვად წინაპარს, რომელიც შეენარცხებოდა კლდეს, თუ მტერს ახალი ჟინისათვის, თუნდაც ასი სხვა ჰყოლიყო ფარაში.
მაგრამ უწინდელი დრო ხომ აღარ იყო ეხლა, რომ თავის ნებაზე ეარნა; ეხლა წესებით იყო ცხოვრება შემოფარგლული და, მეტი ღონე არა ჰქონოდა, ამ ფარგალში უნდა ემოქმედნა; ხოლო ამ წრიდან ერთადერთი ბილიკი მისდევდა კაკატომდის და ეს ბილიკი ეკლესიაზე გადიოდა.
- ესე უნდა გათავდეს საქმე! ჯვარი უნდა დავიწერო: დატყვევებული ვარ ქალის სურვილით, მოხიბლული, არ შემიძლიან გზა ავუხვიო მას, ავცდე იმ მანათებელ შუქურს. ვაიმე! ვიცი, რომ წმინდაო ღმერთოა ჩემთვის ისაია, მაგრა, რა ვქნა, რა წყალში ჩავარდე, როდესაც კაკატოს გარეშე ყოველივე უკუნია ჩემთვის ამჟამად და ბნელი გარესკნელი...

13
კაკატო სხვანაირ გუნებაზე იყო და სხვასა ფიქრობდა. არც ის იყო ეთეროვანი სურვილებით მეშვიდე ცამდინ აზიდული, სპეტაკ გრძნობებით შუქ შემოსილი; ისიც ქვე იხედებოდა, ქვეყნიურს ჩასჩერებოდა, მიწიურით გამსჭვალულიყო, გარნა მას თვით არჩილზე კი არ ეჭირა ხარბი თვალი მის ჯიბეს მისჩერებოდა.
თვენა გგონიათ იმის დარდში იყო ქალწული რომ არჩილმა შეჰბედა და შეურაცხჰყო იგი! სულაც არა! არჩილმა რომ თავი ვერ შეიმაგრა და მიაეალერსა მას, აქ საოცარი და საწყენი არაფერია. რა გასაკვირველია, რომ იმისთანა მშვენებამ ძალუმად მიიზიდოს ჭაბუკი? საკვირველი ის იქნებოდა, არჩილი არ დაჰმორჩილებოდა მის მიმზიდველ ძალას. როცა ეტლში ჩაუჯდა ვაჟკაცი, ქალმამაშინვე იგრძნო, რა მოხდებოდა და გულში კიდეც უხაროდა, რადგან ეს წინწადგმული ნაბიჯი იყო არჩილის დასაპყრობად. ქალი მხოლოდ იმას ფიქრობდა, რამდენად აზრიანად მოიქცა, რამდენად მარჯვედ გამოიყენა არჩილის მოუთმენლობა.
- იქნება, უფრო მკვახედ უნდა დავხვედროდი, რომ ნდომით ამეპილპილებინა? თუ ემჯობინებოდა რბილად მოვპყრობოდი აღელვებულ ჭაბუკს და გამოთხოვებისას მაინც მეგობრულად ჩამომერთვა ხელი? არა, როგორც მოვიქეც, ისე სჯობია, თორემ სურვილს მიმიხვდებოდა, თავს წავიდოდა.
- როგორ ნაწყენი ჩავარდა ეტლში! იმას ეგონა, კაკატო ოთახშიაო, მე კი კარებს უკან ვიყავ ატუზული და თვალს ვადევნებდი. ჰა, ჰა, ჰა! ეა მარჯვედ გამოვტრიალდი დერეფანში!
- სალხინოში, უბრძანა მეეტლეს. ფაქიზი რამ წალკოტი, კი იქნება ის სალხინო! ეშმაკეული ადგილი იქნება, ქაჯებით სავსე. დამაცა! ხომ გიყვარვარ და რაღა სხვას ეტანები? იქნება, ჩემი უკმეხი ქცევით გული ვატკინე და გაჯავრებული გადიხარა იქით? - ფიქრობდა ქალი და თან ტანისამოსს იცვლიდა: ახლები ხარიხაზე ჩამოჰკიდა, ძველმანი რამ ამოიცვა.
- რა საცოდავი ჩანდა ჩემი კაბა მდიდრულად მორთულ ოთახებში! ოქროსა და აბრეშუმში უნდა იჯდეს ადამიანი, რომ გამოჩნდეს რამე იმისთანა ადგილას. არჩილს იქნება კიდეც ვებრალებოდი ესე უბრალოდ ჩაცმული. ეს ჩემი გვაბანაკიც რომ გაიხუხა! იმის ქურქთან აღარაფერი ჩანდა.
- ვინა თქო, სიღარიბე საძრახისი არ არისო? სულელი ყოფილა! საძრახისია და დიდი უბედურება, ყველა ჭკვათა მყოფელი ადამიანი ვალდებულია განეროს ამ საგმობ სისაძაგლეს... მაშ კაკატო არა ვყოფილვარ, თუ არჩილის სიმდიდრე ხელში არ ვიგდე! ღირსი არა ვარ თუ! სილამაზე მაკლია თუ რამე სხვა? რად უნდა ვიყო მიჩუჩული და სხვები კი ფარფაშობდნენ?!
გვიან დაეძინა კაკტოს. სიზმრად თავისი თავი დიდებულ ადგილასა ნახა, დოვლათით სავსე და გაბვრწყინვებული. მოახლეები თავს ევლებოდნენ. სტუმრები მოსულიყვნენ ძვირფასად მორთულ დარბაზში; კიდევ შემოდიოდნენ, იკრიფებოდნენ. ფეხაკრეფით დადიოდნენ, მოწიწებით უბნობდნენ: დიასახლისის გამოსვლას ელოდნენ. მზად არის კაკატოც, მაისის ვარდივით გაღაღანებული. ერთი კიდევ გადაავლო თვალი თავის თავს სარკეში და აიკრა კაბას ხელი, ნებიჯი გადადგა გასასვლელად... კინაღამ გადმოვარდა ტახტიდან.
გათენებულიყო. შეგირდები შეგროვილიყვნენ სასწავლო ოთახში და ხმაურობდნენ, მასწავლებელს ელოდნენ. ეწყინა, გული ატკინა დაფანტულმა დიდებამ. ისე დაჰნანდა, როგორც მშიერს სიზმრად მოჩვენებული ფლავი.
კაკატო უგუნებოდ ასწავლიდა იმ დღეს; თვალი ფანჯრისაკენ ეჭირა; ყოველ წუთს ელოდდა თავის ფულის ქისას, ვერცხლის მადანს, ოქროს ზოდს, თავის საუნჯეს ულეველს, სალაროს უთვალავს, თავის ძვირფას არჩილს. ამაოდ ელოდდა. არჩილი არსადა ჩანდა.
- არ მოდის, ჯიუტობს! იქნება კიდეც დამივიწყოს, სხვაზე გამცვალოს... თუ არ მოვიდა, გადავირევი... უთუოდ უნდა ვნახო სადმე, უთუოდ!

14
ორივეს მოუთმენლად მოსურვებოდათ ერთმანეთი, ნახვა კი გასძნელებოდათ: ვაჟს ეშინოდა, მთლად არ გამიწყრეს ქალი და გამაძეოსო, ქალი თავის თავს აყვედრიდა, - ცივად მოვეკიდე კაცს და შევაკრთეო. ორივეს შეუძლებლად მიაჩნდა კავშირის გაწყვეტა და გონების თვალით ზვერავდნენ ერთმანეთს, იკვლევდნენ ერთმანეთისაკენ მიმავალ ბილიკს. ამ კვლევამ თეატრში მიიყვანა ისინი.
არჩილი ადრე მივიდა და წინ დაიჭირა ადგილი. შემოტრიალდა, თვალი გადაავლო დარბაზს, მაგრამ კაკატო ვერ დაინახა. ეწყინა, დაბრუნება დააპირა, რადგან მხოლოდ იმ ქალისთვის მისულიყო იქ. მაინც დარჩა პირველ გამოსვლზე: კიდევ იმედი რამ უღვივოდა გულში.
კაკატო ყოყმობდა და იმისთვის შეუგვიანდა, მოქმედება დაწყებული იყო, როდესაც იმან დაიჭირა თავისი ადგილი. მაშინვე შენიშნა არჩილმა და იამა, აღტაცებაში კი არ მოვიდა, არც გული აუქროლდა სიხარულით, მხოლოდ კმაყოფილება იგრძნო: თავისი მისწრაფების დაგანი ნახა იქ. თითონ კაცზე ჯავრიც მოუვიდა.
- აქაო და ფული მაქვსო, პირველ ადგილზე წამომჯდარა, უფრო წინ წაიწევდა, სკამი რომ მდგარიყო, - გაიფიქრა ქალმა.
მოქმედების გათავების შეასწრო არჩილმა თვალი კაკატოს და გაექანა იმისაკენ. ქალმა თავდაჭერით მიიღო ის. ლაპარაკი კომედიის გმირებზე და მათ ურთიერთობაზე ჩამოვარდა. ქალი განყენებულადა სჯიდა საგანს. არჩილმა რამდენჯერმე სცადა უფრო მახლობელ და სასიამოვნო ნიადაგზე დაეყენებინა საუბარი. მაგრამ ამაოდ: ქალი არ აჰყვა. ამან უფრო გაახურა არჩილი. გვერდით მოუჯდა, აღარ მოშორდა. სცენამაც შეუწყო არჩილის ღელვას: სიყვარულის დახასიათებაზე და მის ქება-დიდებაზე იყო სურათი აშენებული და მთლად ააგზნო ჭაბუკი; იგი დაიხარა ქალისაკენ და ჩასჩურჩულა:
- გიგრძცნია ოდესმე სიყვარულის ძალა?
ქალმა ხმა არ გასცა, მხოლოდ შეხედა და ამოიოხრა, კაცმა ეს სათავისოდ გაიგო და თავი მოიწონა; მთლად აპრიალდა; არცილის გულს დაჰკრა იმ ტალღამ, რომელიც გულცივს და ლაჩარსაც კი კეთილს აბედვინებს.
- მიყვარხარ, უშენობა აღარ შემიძლიან: გევედრები მეუღლობას! - ჩაადნა არჩილი ქალს ყურში.
კაკატოს ტკბილად შეესმა ეს ხმები. სიხარულით ძლივს შეიმაგრა თავი; გაწითლდა, თავი დაღუნა. არჩილი მოლოდინად გადაიქცა. ქალმა ცოტა ყოყმანის შემდეგ ხელი გაუწოდა ვაჟკაცს. არჩილმა იქვე დაუკოცნა ქალს ხელები. ამ დროს სცენაზედაც ნარ-ნარად გამოუცხადა თანხმობა მზეთუნახავმა თავის გმირს.
იგრძნო ამურმა, მოფრინდა ქალ-ყრმასთან და სტყორცნა ისარი, რომ შეემსჭვალა განუყრელად ორი გული, მაგრამ გულმა აისხლიტა ფრთიანი. გაუკვირდა ამურს, დაღონდა, ფრთა ჩამოუშვა.

15
კაკატოს ფრთა დაჰკრა ბედმა, სიკეთე ცაუგორა კალთაში და ააყვავა. მადლობა იგრძნო ქალმა ჭაბუკისადმი. სიხარულისაგან აძგერებულმა გულმა ააღაჟღაჟა ისეც ღაღანა გოგონა, ვარდი გადუფურჩქნა ღაწვ-ბაგეზე; ნეტარებამ ყავღა მისცა ქალს და დაამშვენა, მისი მშრალ თვალს სიხარულის ნამი ასხურა.
არჩილმა რომ დახედა დამშვენებულ ქალს, უამა; აღარ დაინანა გრძნობათა ღელვის დროს წარმოთქმული სიტყვა და გული აუთამაშდა. ჭაბუკმა ამ წუთს უფრო მეტად დააფასა ქალი, უფრო მაღლა დააყენა, სანამ ნდომის რამ საგანი უბრალო. სიყვარულის ამგვარი კეთილშობილურო ლტოლვილება იგრძნეს ორივემ და გაეხარდათ.
ისევ გახალისდა ამური, ფრთები შეიკუმშა, ყელი მოიღერა და ზრო გაუსინჯა თავის ისარს, ეგონა ისარმა მიმტყუნაო წეღან, მაგრამ ისრის პირი სწორი იყო და მახვილი. გაუკვირდა პატარას.
გამოქვეყნდა არჩილის დანიშვნის საქმე. ბევრი ააყაყანა ამ ამბავმა.
- ბედი ჰქონია ნათელაანთ ქალს! მართალია, კაცი თვითონ ვერაფერია, მაგრამ მისი დოვლათი გააბედნიერებს მის ცოლსშვილს, - ამბობდა ერთი.
- ღირსიც არის ორჩი, განათლებული და ლამაზი, - ამბობდა მეორე.
- ლამაზი კია არა! თმიანი ქალია, თეთრ-წითელი, მაგრამ ჯმუხია და კოპიტი; მე ქალს ლამაზს არ ვეტყვი: თუ ნარნარი არ არის და წერწეტი.
- თვალი დაუდგათ კაცებს! ლამაზი და კარგი ისა ჰგონიათ, ვინს გაუღიმებთ; ალნად, ოსტატი ნიმეა ქალი და ჩაითრია ახალგაზრდა. თუ ცოლს ირთავდა, ვერ აარჩევდა სიმდიდრითაც და გვარიშვილობითაც შესაფერს? - ამბობდა გასათხოვრების დედა.
- ნახავთ, მა კაცმა რა ჰქნას! თუ აისრულა გულის წადილი, გველანასავით დაუძვრება ხელიდან და ძალიან ადვილადაც, რადგან ქალს ქომაგი არავინა ჰყავს, - სთქვა ავყიამ.
- მოქეიფე ყმაწვილია, მაგრამ მაგის ავკაცობა კი არავის გაოგუნია: არაოდეს არ ჩაიდენს მაგისთანა ავაზაკობას, - აზიებდა ჯიბრიანი.
ქალ-ყრმა ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ვაჟი დაუბრკოლებლივ ჰკრეფავდა ია-ვარდს სათავისოდ გამზადებულ წალკოტში და ტკბილ გემოთღებას მოუთმენლად მოელოდა; ქალს წადილისთვის მიეღწივნა და დაემინებული ელოდდა მომავალს. ლოდინიც არ იქნებოდა მათთვის საჭირო, თუ ყველაფერი არ ჩამოქანებულიყო მათ შუა.
- კაკატო ჩემო! გაანებე სასწავლებელს თავი; რად გინდა, რომ ჩასჩიჩინებ და იღლები.
- დავიცდი! ჯერ ხომ ჯვრისწერა არ შეიძლება და ბარემ ბოლომდის ვასწავლი. სჯობია კიდეც: მანამ ყველაფერს ჩვენ გემოვნებაზე მოვაწყობთ.
- კარგი, საყვარელო!

16
საქორწინოდ ემზადებოდა ქალ-ვაჟი. ბუნაგსა რთავდნენ. ბუდეს აგებდნენ. ქალმა დაუარა არჩილის სასახლეს. დიდძალი მამაპაპეული ავეჯი ამოჩნდა. ყველა ეს განძი გაიწმინდა, შეკეთდა, გაახლდა, თავის ადგილზე დაიდგა. ახალიც ბევრი შეიძინეს. მთელი ერთი თვის განმავლობაში ისეთი ამაბავი იყო არჩილისას, რომ ხელოსნები მოიღალნენ, მსახურები დაიქანცნენ. ქალს აზრიანი თვალი შეაჩნდა და მშვენივრად არჩევდა ნივთს თუ ფარჩას. გახალისდა არჩილიც, მეოჯახე კაცივით ირჯებოდა.
- ბიჭო! მთლად მოაშინაურა ქალმა არჩილი.
- მევ მეგონა, დააფრენს-მეთქი, ის კი, ხედავ, რა საქმიანობას იჩენს!
- სასიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომელ არ ჰმონებდეს?!
ქალი აღარ ეკრძალებოდა არჩილს, დანდობილი მისდევდა თავის დანიშნულს მის სასხლეში: ბევრი საქმე ჰქონდა იქ დიასახლისას. თავს კი იმანკოდ იცავდა და მით უფრო აგიჟებდა ისეც მისთვის ხელქმნილ არჩილს.
მიიწურა დიდმარხვა, ბინის მზადება კი ჯერ არ შეწყვეტილიყო, ქალი თანდათან მუყაითად ეკიდებოდა საქმეს, ყველაფერს თავის ხელით ამზადებდა.
- არჩილ! ეს ფარდა დაბლაა დაშვებული, დახე სადა სცემს ფოჩები.
- მაშ როგორ უნდა, სასურველო?
- სკამი მომაწოდე!
ქალი ავიდა სკამზე, მაგრამ ვერ შესწვდა. არჩილმა მაგიდა მიუთრია. კაკატო რომ ფარდას ასწორებდა, არჩილი უძღები თვალით შესცქეროდა ქალს კოჭებში, რამდენჯერმე კიდეც მოეხვია მას მარმარილოს სვეტებზე. ქალი საქმეში იყო გართული და არ უჯავრდებოდა ჭაბუკს, ოდნავღა იგერებდა. არჩილი წაახალისა ქალის სილბომ; აღელდა, აირია, აპრიალდა და ბუმბულივითა აიტაცა ქალი.
უცანაური ხითხითი გაისმა ოთახში: ეშმა რამ ბილწი ხტოდა ბუხრის თავზე, ჩლიქებს აბაკუნებდა, ხელებს იფშვნეტდა, წვერს აცამცამებდა, ლაშთ იქნევდა, ფრუტუნებდა, კუჭკუჭებდა, კასკასებდა, კვდებოდა სიცილით.
მაისის დამლევს თბილისში ჩამოველ. თავისუფალ დროს ქალაქისაკენ ვიწევდი, სოფლად მოწყენილი გასართობს ვეტანებოდი. სალხინოში სადმე შევიხედე. ჩაკეტილი ოთახიდან სიცილ-თქართქარი. გამოდიოდა, მტლაშა-მტლუში გულიანი. ვინა ქეიფობს-მეთქი, ვიკითხე. ბატონი არჩილი ბრძანდება ვამეყიანიო, მიპასუხეს მოწიწებით. ალბათ უკანასკნელად ლხინობს, ჭაბუკობას ეთხოვება-მეთქი, ვიფიქრე და შევაღე კარები.
- ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - შემომძახეს მოწეიფეებმა.
ძალიან უამათ ჩემი მოსვლა: არჩილი გადამეხვია, თეთრმა ქალმა ლოყა მომიშვირა, ყველამ მომიკითხა. მძიმედ დატვირთული სუფრა ეშალათ. სამოთხეში შესულყვნენ და ქალები ევასებურად ტანისამოსშიღა შვენოდნენ. თვალი მოვავლე კრებულს და არჩილს დავაშტერდი.
- გიკვირს? ტყუილად! მე და ოჯახობა! ჯვარისწერის დრო რომ მოვიდა, გული მომიკვდა, დავიტანჯე.
- კაკატო?
- მიყვარს! ვაჰ, რომ მის თვალებში არ არის მოთავსებული ეს ქალობა, მთელი ქალობა, რომ ყველას მოუალერსო ერთბაშად!
- აზარუ!
- აზბანდარუ!
- დაუკა!
გარე, გარე დავდივარ,
ღამე შინ არ შევდივარ,
ლამაზების გულისათვის
ფეხშიშველა დავდივარ!..
ჩაწმახნა საზანდარმა.

1903 წ.

??????