მაიაშვილი გიორგი
გაზიარება

წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ 

მოღვაწეთა მიმართ
 
1
თქვენ შენიშნავდით, რასაკვირველია, იმ მნიშვნელობით სავსე მოვლენას, რომ ყოველ განათლებულ ხალხის ლიტერატურა ბეჯითად იღწვის ამ უკანასკნელს დროს ეკონომიურ წყობილების და ვითარების გამოკვლევისა და გამორკვევისათვის. აგრეთვე, თუ აკვირდებოდით ევროპის სხვა და სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკურს ცხოვრებას, შენიშნავდით, რომ პარტიებს შორის ბრძოლა განცხოველდა და გაცხარდა იმიტომ, რომ ეს ბრძოლა თითქმის სრულიად გამოწვეულია ამ პარტიების აზრების სხვადასხვაობით ეკონომიურს საგნებზე. მე არ ავხირდები და არ ვიტყვი, რომ მრავალი სხვადასხვა გვარი აზრი და საქმე არ გამხდარა საგნად გაცხარებულის ბაასისა პარტიებს შორის, მაგრამ მთავარს ძარღვს ამ ბაასისას ყველგან მაინც ეკონომიური საგნები შეადგენდა, ის ეკონომიური საგნები, რომელსაც აქამომდე ასე უყურადღებოდ სტოვებდენ.
მართლაც, შეხედეთ რა ხდებოდა ამ მოკლე დროში და რა ხდება დღესაც სამს დიად განათლებულს ევროპის ქვეყნებში, რომელნიც მეთაურებად ითვლებიან ევროპიულის საზოგადოებრივის მოძრაობისა და აზრისა, ე. ი. ინგლისში, საფრანგეთში და გერმანიაში.
ინგლისში უმთავრეს საგნად, მთავარს საზოგადოებრივ მოვლენად ითვლება დიაღ ცნობილი ირლანდიის საქმე. ეს საქმე გამხდარა ყოველდღიურ მასალად ჟურნალ-გაზეთობისა, მასზედ არის მიქცეული ყურადღება მთავრობისა, მისი ზრუნვა და ზომიერებანი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, უთუოდ ამ საქმის ისტორია; მოგეხსენებათ აგრეთვე, რომ ეს მწვავე საგანი გახდა მიზეზი ბიკონსფილდის კონსერვატიკული სამინისტროს დაცემისა, რომლის მაგიერ შესდგა ლიბერალური სამინისტრო გლადსტონის თავმჯდომარეობით. ამისათვის საჭიროდ აღარ ვსთვლი მოგითხრათ კერძოობითნი დაწვლილებანი ამ საგნის შესახებ, თუმცა მათაც ღრმა საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ინტერესი აქვთ. თქვენს ყურადღებას მივაპყრობ მომეტებულად მას, რაც ამ საგანს სარჩულად დასდებია, რაც შეადგენს მის საფუძველს, მის სულსა და გულს. რისთვის და რა საწადელისთვის სწარმოებს დღეს გაცხარებული ბრძოლა ირლანდიაში? როგორია ხასიათი და მიმართულება ირლანდიელთ მოძრაობისა. პოლიტიკური მოძრაობაა ეს მოძრაობა, თუ რომელიმე სხვა გვარი?
ირლანდია ინგლისის ბატონობასა და დამოკიდებულებაშია; მას არა აქვს თავისი დამოუკიდებელი პარლამენტი; იგი შევიწროებულია და მოკლებული ბევრს გვარს თავის ეროვნულს უფლებას და სრულიად დამოკიდებულია თავის ბედნიერი ბატონების და გამარჯვებულ ინგლისელების ნება-ყოფლობაზე. ადვილად წარმოსადგენია, იფიქროს კაცმა, რომ ამ გვარს მდგომარეობაში, ირლანდიის მოძრაობის მიზეზი პოლიტიკური ხასიათისა უნდა იყვეს უსათუოდ. მართლაც რომელი სურვილი და წადილია უფრო კანონიერი, უფრო ბუნებრივი ისე, როგორც სურვილი ხალხისა, რომ იგი იყვეს თავისუფალი, დამოუკიდებელი უცხო მფლობელობისა და ბატონობისაგან, რომ მას ჰმართავდეს და განაგებდეს საკუთარი მართებლობა, ჰქონდეს საკუთარი ცხოვრება თავის საკუთარის მოთხოვნილებისამებრ და არა მოწერილობისამებრ უცხო ხალხის მმართებლობისა და ხელმწიფებისა! თუმც ეს ასეა, მაგრამ მაინცა და მაინც არა სურვილი ეროვნული დამოუკიდებლობისა შეადგენს მთავარს სალტოლველოს ირლანდიელთ მოძრაობისას, არამედ ხალხის ეკონომიურ ურთიერთობის გადაკეთება და აწინდელის მის წყობილების შეცვლა შეადგენს მთავარს ძარღვს ირლანდიელთ მოძრაობის პროგრამისას. შეცვლა სამიწა-წყლო ურთიერთობისა, გადაცემა მიწა-წყლისა ლენდ-ლორდების მიერ მიწად მომქმედთ ხელში, - აი საწადელი და სალტოლველო ირლანდიის ხალხისა. მე სრულიად არ უარ-ვყოფ, რომ ირლანდიელთ ეროვნულის განთავისუფლების სურვილიც აქვთ, მე მინდა მხოლოდ აღვნიშნო სხვილის ასოებით ის უეჭველი ფაქტი, რომ ეკონომიურმა შეწუხებამ გამოიყვანა ხალხი გაბრუებისაგან, აღამხედრა საბრძოლველად და მისცა ფერი და სიცხოველე მთლად მოძრაობას. სამამულო ღალა, აგრარული ხასიათის მკვლელობანი, აგრარული ანუ სამამულო კავშირი, მებატონეები და მიწა, მიწა-და მებატონეები - აი რა შეადგენს განუწყვეტელს და დაუშრობელს თემას ირლანდიის მოძრაობის მოთავეთათვის, აი რა შეადგენს ამ საგნის სიღრმესა და სიგანეს. უეჭველია, რომ ბრძოლის სიცხარე, მედგრობა წარმოსდგება იმისგანაც, რომ იგი შედეგია დიდი-ხნის სიმძულვარისა ირლანდიელთა ინგლისელთა მიმართ, დაჩაგრულთა დამჩაგვრელთა მიმართ, დაძლეულთა გამარჯვებულთა მიმართ. მაგრამ ბოლოს მაინც არა ეროვნულმა სიმძულვარემ, არა ქვეყნის პოლიტიკურმა ვითარებამ ააშფოთა ხალხი და ააჯანყა იგი. ამ სახით მოთავენი ირლანდიის მოძრაობისა, თუმცა სრულიადაც გულ-გრილად არ უცქერიან ეროვნულს თავისუფლებას, მაინც მათ ყველაზე უწინარეს გამოჰფინეს დროშა ეკონომიური, როგორც ნიშანი ხალხის სურვილისა და მოთხოვნილებათა. მაშინ როდესაც სხვაგან, ეროვნულ მოძრაობის დროს, მაგ. იტალიაში, დავიწყებული იქნა ხალხის ყოველი არსებითი ინტერესები, თვინიერ ეროვნულ დამოუკიდებლობისა, ჩვეულებრივ, მოღვაწენი და მოასპარეზენი ნაციონალურის ბრძოლისა იყვნენ ხოლმე ყოვლად პატიოსანნი კაცნი, ხალხის მოყვარენი და მის ინტერესების დამცველნი. მაგრამ, რაკი ხედავდენ თავის ქვეყნის პოლიტიკურს დაჩაგრულობას, ივიწყებდენ ყოველისფერს, თვინიერ ამ შევიწროებულის მდგომარეობისა. ამ დაჩაგრულობით შემსჭვალულნი, იკვლევდნენ იგინი სამოქმედო პროგრამას, რომლის ქვა-კუთხედს შეადგენდა ხოლმე დაცემული ვინაობის კვლავ აღდგენა. ამ მხოლოობითი საგნით გატაცებულნი ივიწყებდნენ ხალხის ეკონომიურ მდგომარეობას და სტოვებდენ მას უწინდებურს არა სანატრელს მდგომარეობაში, ან არა ოდნავ სცვლიდნენ საკეთილოდ, ანუ სხვაფრივ რომ ვთქვათ: იგინი არ იკვლევდენ ცხადათ საზოგადოებრივ მოვლენათა მნიშვნელობას და სცდებოდნენ. პატრიოტები, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, ხედავდენ მხოლოდ ეროვნულ მონობის უმზგავსოებას და რადგან ვერ მიხვედრილიყვნენ, სად ბუდობს უმზგავსოების ფესვი და მთავარი მიზეზი, ეძლეოდნენ აღშფოთებულს თავის გრძნობას, ჰგონებდენ მას შეგინებულად და ამ სახით ხალხის ინტერესების შეგნება ხდებოდა მათთვის შეუძლებელი. ამ გვარი მოქმედების შედეგი ის იყო ხოლმე, რომ უცხო მმართებლობა განიდევნებოდა და მის ნაცვლად საკუთარი ეროვნული მმართველობა იქნებოდა ხოლმე დაყენებული; უცხო მოხელენი და ჩინოვნიკობა ნელ-ნელა ეთხოვებოდნენ თავიანთ სამსახურს, რომელსაც უტოვებდნენ ადგილობრივ, “პატრიოტულ” ხელის უფალთ, ჩონივნიკობას, სახელმწიფოს ცხოვრება კი ამით არ იცვლებოდა, ძველებურადვე მიტრიალებდა და ყოველის თავის სიმძიმით აწვებოდა იმავე ხალხს, რომელიც წუთის წინად ისე გაცხარებული იბრძოდა და მამაცურად სისხლსა ჰღვრიდა თავისუფლების მოპოვებისათვის. სახტად დარჩენილი ხალხი პირველ ხანებში, შემდეგ მწარე გამოცდილებით რწმუნდებოდა, რომ ცვლილება ცხოვრების მარტოოდენ გარეგან პირობათა, გადაძრობა მარტო ოდენ პოლიტიკურის სამოსელისა გარეშე ღრმა ეკონომიურ ცვლილებათა, ცხოვრების დედა-ბურჯთა შეუცვლელად, თავის დღეში ვერ მოსწევს ხალხს სასურველს თავისუფლებას და აი ხალხის გონება და აზრი კვალად წუხილით იღწვოდა და ჭირნახულობდა; ხალხის ცნობიერება კვალად ორ-კეცის ძალით იღვიძებდა; კვალად იწყებოდა დაუსრულებელი ძებნა თავისუფლებისა, ვიდრე უკეთესნი წარმომადგენელნი ხალხისა მტკიცედ არ დაასკვნიდნენ, რომ მხოლოდ ღრმა ეკონომიური ცვლილებისათვის ბრძოლა არის გზა ნამდვილი თავისუფლებისადმი, მხოლოდ საუკეთესო ეკონომიურის წეს-წყობილების დამყარება ეროვნულს დამოუკიდებლობითურთ, რასაკვირველია, ნამდვილად გაანთავისუფლებს ხალხს და მისცემს მას ჭეშმარიტს თავისუფლებას.
ამ აზრის საუკეთესო საბუთად ჩაითვლება ეხლანდელი მდგომარეობა იტალიისა. ყველამ იცის, რა გაჭირვებულ მდგომარეობაშიაც არის იტალიის ხალხი, იცის, რა სიღატაკით ცხოვრობს იგი და რა უილაჯობით, ათას გვარ სენით და ავადმყოფობით არის სავსე მისი სვე-უბედური არსებობა. ყველას გაეგონება, რომ ეს გაჭირვება ატანს ხალხს ძალას და ატოვებინებს მშვენიერებით სავსე თავის ტურფა ქვეყანას, რომელიც მან თავის სისხლით დაიცვა და უცხო მტარვალთ ხელიდამ გამოჰგლიჯა. მის მაგიერ იგი მიდის, მიემგზავრება და ასახლებს ჭაობიან და თითქმის გაუტეხელის ტყით დაბურულს ველებს სამხრეთ ამერიკისას. დიაღ, საყურადღებოა და საგულისხმიერო ამ მხრივ პასუხი ლომბარდიის მცხოვრებელთა, რომელიც მათ მოახსენეს შინაგან-საქმეთა მინისტრს, როცა იგი ყოველის ღონისძიებით სცდილობდა დაეყოლია ხალხი, რომ არ გადასახლებულიყო და არ დაეტოვებინა თავისი ძვირფასი სამშობლო.
- როგორ გგონიათ, თქვენ, ბ. მინისტრო, რა არის ერი! - ჰკითხავდნენ იგინი მინისტრს. “ბრბო საწყალთა და გაბეჩავებულთა?!” - თუ ასეა, მაშინ სწორედ ჩვენც ერი ვართ. შემოგვხედეთ, რა გამხდარნი ვართ და რა ფერი გვაძევს სახეზე, როგორ დასნეულებული და დაუძლურებულია ჩვენი ჯანი უჯიათი შრომით და უჭმელ-უსმელობით. ჩვენ ვთესავთ და ვმკით ჭირნახულსა, მაგრამ ვერა ვჭამთ კი თეთრს პურს; ჩვენ დავამუშავებთ ხოლმე ვენახებს, მაგრამ ღვინოს კი ვერა ვსვამთ; ჩვენი მოშენებულია საქონელი, მაგრამ ხორცს კი ვერა ვჭამთ ჩვენის შეუძლებლობით და ხელ-მოკლობით, დაბრანძულნი დავდივართ და ვცხოვრობთ ნაგვიან და ბინძურ სადგომებში; ზამთრით გვაწუხებს სიცივე, ზაფხულით - სიმშილი, ერთადერთი საჭმელი ჩვენი იტალიაში სიმინდია, მაგრამ ესეც ყოველთვის საკმარისად და მაძღრისათ არა გვაქვს, რადგან ძლიერ ძვირათა ჰღირს დიდის სახელმწიფო გადასახადისა და ხარჯისა გამო. ჩვენ მრავლად, თითქო ბუზები ვიყვნეთ, გვწყვეტს ცივებ-ცხელება და სახადები. ბოლო მოგეხსენებათ ყველა ამაებისა: უდროვო სიკვდილი ჩვენი საავათ-მყოფოში, ან და ჩვენ საცოდავ ქოხებში. და თქვენ, ბ. მინისტრო, ყოველივე ამის მცოდნე და შემმეცნებელი, გვირჩევ, ნუ დავანებებთ თავს ჩვენს სამშობლოს! მაგრამ განა დაერქმევა სამშობლო იმ ქვეყანას, სადაც არ შეიძლება იცხოვრო შრომით, თუნდ წელებზე ფეხს იდგამდე?
ასეთია შედეგები იქ, საცა გულ-გრილად უყურებენ და შესაბამ ყურადღებას არ აქცევენ ეკონომიურს საგნებს, ეკონომიურს ტკივილებს და გატაცებულნი არიან მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობით. ამ გვარსავე რიგისა და კატეგორიის მოვლენათ ემსგავსება ახლად განთავისუფლებულ ბოლგარიის ცხოვრებიდამ დასახელებული ფაქტები; ამავე მიზეზითვე აიხსნება და ეპოვება თავი და ბოლო ხალხის დრტვინვას და უკმაყოფილებას სერბიის სამთავროში. კაცს ეგონება, რომ ეს ხალხნი ეხლა უნდა იყვნენ ლხინში და განცხრომაში, ეხლა უნდა დღესასწაულობდნენ თავიანთ განთავისუფლების პირველს ტკბილს ხანას, მაგრამ ნამდვილად კი ასე არ არის. ნამდვილად კი ხალხის დრტვინვა არ შემწყდარა, ეკონომიური არეულ-დარეულობა ისევე აწევს ხალხს მძიმე ტვირთად, რომელიც ცოტად აცხადებს თავის კმაყოფილებას ეროვნულ დამოუკიდებლობის გარეგან ბრწყინვა-ცისკროვანებისათვის და ახალის, სამეფო ხარჯის მომატებისათვის. სამწუხაროდ, აქ არც დრო მაქვს, არც ადგილი, რომ საკმარისის დაწვლილებით შევჩერდე ამ გვარ ფაქტების გამორკვევაზე, თუმცა კი ამ გამორკვევას დიდი, ღრმა, საგულისხმიერო აზრი ექმნებოდა ჩვენთვის, ქართველთათვის. ეს ფაქტები და სხვანი მრავალნი ესევე გვარნი დაურღვეველის სიცხადით ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტნი მებრძოლნი ხალხის სიკეთისათვის, პატრიოტნი, ძალუმი მოყვარენი თავის სამშობლოსი, თვისსავე საკუთარის ხელით უთხრიან ორმოს ძვირფასს თავის ქვეყანას, უკეთუ ივიწყებენ ხალხის ეკონომიურს ინტერესებს და აძლევენ უაღრეს მნიშვნელობას გარეგან პირობებს და ვითარებას ხალხის ცხოვრებისას, უკეთუ გამოსდგომიან მხოლოდ ეროვნულს იდეებს და ტრადიციებს.
საბედნიეროდ, ირლანდიელმა პატრიოტებმა აიცილეს თავიდამ ეს შეცდომა და თავის პროგრამაში უაღრესი მნიშვნელობა მისცეს ეკონომიურს წყობილებას, რაც უფრო შეესაბამება თვით ხალხის ცხოვრებასაც, რომლის მთავარს ძარღვსაც შეადგენს ეკონომიური მოვლენანი, (ამ შემთხვევაში - სამიწა-წყლო ურთი-ერთობა). მხოლოდ ამ მოვლენათა შემდეგ შეიძლება მიაქციოს საზოგადო მოღვაწეთა დასმა ყურადღება ცხოვრების პოლიტიკურ და ეროვნულ მოვლენათა, რადგან ეს უკანასკნელნი პირ-და-პირს შედეგს წარმოადგენენ ეკონომიურს მოვლენათა. მხოლოდ ამ გვარის რიგიანის შეგნებით საქმისა აიხსნება ის გასაოცარი ძალა და სიცხოველე, რომელიც მიეცა ირლანდიელთაგან დაწყებულს საქმეს, ის ვრცელი ხასიათი, რომელიც მწარედ აფიქრებს ინგლისელებს. აბა ბრძოლა ყოფილიყო მხოლოდ პოლიტიკური, აბა ირლანდიელთა საქმე არ შეჰხებოდა ეკონომიურს ინტერესებს ინგლისელ მდიდრებისას, თუ თქვენ შენიშნავდით იმ გაცოფებულს წინააღმდეგობას ირლანდიელთა მიმართ, იმ გაბრაზებას და საერთო გამწარებულს მითქმა-მოთქმას ინგლისის საზოგადოებისას და თვით პარლამენტისას, რომელსაც ეხლა ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით ამ ქვეყანაში. ინგლისელი მუშა კაცი კი, პირიქით, სულ სხვაფრივ უყურებს ამ საქმეს. იგი არ იზიარებს არც ინგლისის მმართველთა გაბრაზებას, არც მათ მუქარას ირლანდიელთა მიმართ. მწარედ გაჰყვირიან და იმუქრებიან არა ინგლისელი მუშები, რომელთა ჯიბეს არაფერი დააკლდება ირლანდიის განთავისუფლებით, - არამედ ჰყვირიან და ჰგოდებენ ინგლისის მიწათ-მფლობელნი, რომელთ ჯიბე გრძნობს შევიწროებას ირლანდიის მოძრაობისა გამო. ხოლო საინტერესო და საგულისხმიერო აი რა არის: როცა მეტის უფლებით შეჭურვილთა ნივთიერი ინტერესი რაიმე საშიშროებაშია, მაშინ მათ შორის ყოველი პარტიობა ისპობა და ყველანი: ლიბერალნიც, კონსერვატორნიც ერთ-ხმად ჰყვირიან და ჰღაღადებენ: “დასჯილ იქმნას ირლანდია”! თვით ის ინგლისის სტამბა, რომელიც თავის უხუცესის წარმომადგენლის პირით (თიმეს) ჰქადაგებდა იტალიის ხალხის მოძრაობის დროს: “დროა დაჩაგრულ ერთ შეიგნონ, რომ თავისუფალს ხალხს არ შეუძლიან არ თანაუგრძნოს მათ, ვინც ჰკვნესის მონების ჯაჭვით შებორკილიო, რომ თავისუფლება ისეთი უხუმარი თამაშობაა, რომლის დროსაც, ძველი ბერძნების თქმით, უნდა მოქმედობდნენ ხანჯლითა და ცულითა და არა სალიზღობელი და მახვილი ეპიგრამებითა, ან პეტაციებითო”, - დღეს იგივე სტამბა შვებით იხარებს და ვაშას დასძახის მთავრობას ირლანდიის მოძრაობის ბელადთა და მოთავეთა დატუსაღებისათვის. ყოველივე თავისუფლება და მისი მოთხოვნილებანი, ყოველი პლიტიკურად მონიჭებულნი უფლებანი და პოლიტიკური თავაზიანობაც დავიწყებულ და უკუ-ტყორცნილ იქნებიან ხოლმე თვით თავისუფლების მომხრეთა და მოყვარეთა მიერ, როდესაც საასპარეზოდ გამოდის სცენაზე ეკონომიური და არა პოლიტიკური საგანი და ამით კიდევ კვალად სიმტკიცე ეძლევა იმ აზრს, რომ პოლიტიკური თავისუფლება და ეკონომიური მონობა-დაჩაგრულობა ადვილად თავსდებიან ერთად ერთსა და იმავე ქვეყანაში. ეს კიდევ ცოტაა: მოისურვებს თუ არა ხალხი ეკონომიურ დაჩაგრულობას თავი დაახწიოს, მაშინვე ყოველსავე პოლიტიკურს თავისუფლებას შორს ისვრიან, როგორც მტერს, ისინივე, ვინც გუშინ და გუშინ წინ მაღლა აფრიალებდა პოლიტიკურ თავისუფლების დროშას. პოლიტიკური თავისუფლება, თუ შეძენილა და მინიჭებია ხალხს, პირობით მინიჭებია, რომ მან საზღვარს არ გადააცილოს, ე. ი. იგი თავისუფლება ბოროტად არ მოიხმაროს მეტის უფლებით შეჭურვილთა წინააღმდეგ. კარგიც ეს არის და პატიოსანიც! ასე გამოდის: თუ სასარგებლოა შენთვის, ჰქადაგობ თავისუფლებას, თუ იგი შეეხო საზიანოდ შენს სარგებლობას - სდევნე იგი, დაჰგმე და ისწრაფოდე აღმოფხრად მისსა. თავისუფლება უსაჭიროესი საგანია, მაგრამ ამ საგნით სარგებლობა ეთავაზება ეკონომიურად ძლიერს თავის ინტერესების დასაცველად. ასეთი გახლავთ ეს ქებული პოლიტიკური თავისუფლება ბურჟუაზიისა! ასეთია მისი სიღრმე და სიგანე, მისი ხატება.
საფრანგეთში მკვიდრად და საბოლოოდ დამყარდა რესპუბლიკა. არა ვთვლი საჭიროდ მოვიყვანო მრავალი საბუთი და ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნივთიერი მდგომარეობა ხალხისა მაინც ერთი ბეწვითაც არ შეცვლილა და არ განკარგებულა, თუ კიდევაც არ გაუარესებულა ფრთეთა ქვეშ რესპუბლიკანურ დაწესებულებათა. მართალია, ჩვენ ვიცით და გაზეთებშიც ვკითხულობთ, რომ ეროვნულმა სიმდიდრემ საფრანგეთში დიდათ იმატა რესპუბლიკის მკვიდრად დამყარების შემდეგ. მაგრამ სრული უმეცარი უნდა იყვეს კაცი ეკონომიურ საგნებისა და მოვლენათა, ან და გაზეთში მბღაჯნელებზედ მეტი არა უნდა იცოდეს რა კაცმა, იმ მბღაჯნელებზე, რომელნიც ბჭობენ ათას გვარ მათთვის სრულიად გაუგებარს საგნებზე, რომ გააერთიანოს, ერთ ცნებად მიიღოს კაცმა ეროვნული სიმდიდრე და ხალხის დოვლათი, აღყვავება წარმოებისა და მრეწველობისა და მშრომელი ხალხის მდგომარეობის განკარგება. აწ ყველასათვის, ვინც ჩაფიქრებით უღრმავდება და ბჭობს ამ საგნებზე, ცხადი და დიდი ხანია დამტკიცებული ჭეშმარიტებაა, მტკიცედ აღიარებული ეკონომიურის მეცნიერების მიერ, რომ ეროვნულის სიმდიდრის ზრდა, მშობლიურის მრეწველობის აღორძინება აწინდელ ხალხთა ეკონომიური ცხოვრების ვითარების მეოხებით, ჰნიშნავს მეტის უფლების მექონეთა გამდიდრებას და ხალხის გაღარიბებას, ანუ სხვაფრივ რომ ვსთქვათ: ეროვნული სიმდიდრე და ხალხის სიმდიდრე ბუნებრივნი მტერნი არიან; პირველი აღნიშნავს ხარისხს ბურჟუაზიის დოვლათისას და საზოგადოდ მეტის უფლების მექონეთა კეთილდღეობას, ხოლო მეორე - ხარისხს ხალხის კეთილ-დღეობისას. ვინ დაიწყებს სჯას რომელიმე აზრის მფლობელის ბრილიანტების მიხედვით მის ქვეშევრდომ ხალხის კეთილ-დღეობაზე; პირიქით, ყოველმა შემეცნებულმა და გაგებულმა კაცმა იცის, რომ ეს ბრილიანტები შეძენილია ხალხის გაღატაკებით და გაბედოვლათებით. სწორედ ამ გვარადვე, ბატონ-ყმობის დროს, არავინ არ განსჯიდა ყმის კეთილ-დღეობაზე ბატონის სიმდიდრის მიხედვით. რაც კაცთა ჯგუფი და წრე, ხალხის შრომით მცხოვრები, უფრო მდიდარია და უზრუნველი ნივთიერად, მით უფრო ცუდია და არა სანეტარო მდგომარეობა ხალხისა, - აი ჭეშმარიტება, შემუშავებული მეცნიერებისაგან, როგორც საქმის ფაქტიკურის გამოკვლევით, ისე თეორეთიკულ და ანალიტიკურ მოსაზრებათა შემწეობით. ამისათვის ჩვენ ვერ შეგვარყევს და გზას ვერ შეგვიშლის საცოდავი გადაცემ-გადმოცემა არა ჩვეულებრივს აღორძინებაზე რესპუბლიკანურ საფრანგეთის მრეწველობისა და წარმოებისა. ჩვენ ვიცით ჭეშმარიტი აზრი ამ ფაქტისა, ჩვენ ვიცით, რა ფასით არის ნასყიდი იგი მრეწველობის აღორძინება და ამისათვის არ შევხარით მას.
აი აქ უნდა მოიძებნოს გამოცნობა იმ პირველ-შეხედვით გაუგებარის მოვლენისა, რომ, თუმცა სრულიად აღუსრულდათ ფრანცუზებს თავიანთი უგულითადესი სურვილი თავისუფალ რესპუბლიკანურ წეს-წყობილებათა დამყარებისა, მაინც გულწრფელ რესპუბლიკელთა შორის სდგება პარტიები, რომელნიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი ქვეყნის მდგომარეობითა და ფიცხელნი მოსურნენი ცვლილებისა. თვით ფაქტი ამ გვარი პარტიების არსებობისა და მათ აღორძინებისა თანა-მედროვე საფრანგეთში ცხადად გვიჩვენებს, რომ ხალხი დრტვინავს თავის მდგომარეობაზე და უკმაყოფილობს. მაშინ როდესაც ყოველნი, ბურჟუაზიულის გულის-თქმით აღტყინებულნი, ერთდებიან თავიანთ საერთო ინტერესების დასაცველად ერთს დიდს რესპუბლიკანურ პარტიად, გამბეტას წინამძღოლობით, ამ ბურჟუაზიის ქადაგისა და ქურუმისა, - ნამდვილნი წარმომადგენელნი ხალხის ჭეშმარიტი ინტერესებისა, განზიდულნი და განლტოლვილნი მათგან ერთ პარტიად იკრიფებიან და სცდილობენ იბრძოლონ სასიკვდილოდ და სასიცოცხლოდ რესპუბლიკელ პარტიის ბურჟუაზიულ უმრავლესობის წინააღმდეგ. პოლიტიკური სურვილი რესუბლიკელ პარტიისა და აგრეთვე თვით ხალხისაც სრულიად დაკმაყოფილებულია ახლა და ამ მხრივ არაფერი დიდი სადავიდარაბო საგანი აღარ არსებობს. ახლა პროგრესიულ პარტიის გამოსაცდელად წამოყენებულია ეკონომიური წყობილება და ის საგანი, თუ როგორ ეკიდება იგი პარტია ხალხის ნივთიერ ინტერესებს და არასოდეს ბრძოლა მარტო პოლიტიკურის პრინციპებისათვის არა ყოფილა ისეთი მედგარი და შეურიგებელი, როგორც ბრძოლა ეკონომიური ინტერესებისათვის. თავისუფალ პოლიტიკურ დაწესებულებათა მქონე ქვეყანაში, წვრიმალი გარჩევანი პოლიტიკურს რწმენათა რესპუბლიკანელ პარტიის სხვა და სხვა ფრაქციათა შორის, ჰქრება და ნელდება სრულიად; მებრძოლთა პარტიებს ჰყოფს ამ შემთხვევაში ეკონომიური საგნები, რომელთაც აქვთ ცხოველი და არსობითი მნიშვნელობა ხალხისათვის. აი ამასა ვხედავთ ეხლა ჩვენ ნიშან-დობლივ საფრანგეთში. ეხლა აღარ არიან იქ მონარხიელნი ანუ ერთ-მთავრობის მომხრენი და რესპუბლიკელნი, კონსერვატორნი და ლიბერალნი, ზომიერნი და შეურიგებელნი. ეხლა იქ იბრძვიან მომხრენი ბურჟუაზიისა და მოყვარე-მოკეთენი ხალხისა. პირველნი - ბურჟუაზიის ეკონომიურ ინტერესებისათვის, მეორენი - ხალხის ნივთიერ კეთილ-დღეობისათვის.

* *
გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრების განცხოველება და კერძოდ არჩევნების ბრძოლის დროს არაჩვეულებრივი გაცხარება რომ პირდაპირ შედეგია მებრძოლთა პარტიების ეკონომიური პროგრამისა - ეს ყველასათვის ცხადია. თავად ბისმარკმა ძალიან კარგად შეიგნო, რომ სოციალური საქმე შეადგენს ქვა-კუთხედს თანამედროვე ცხოვრებისას, რომ იგი ბატონობს სხვათა საქმეთა-შორის და რომ მარტო მას აქვს მერმისი და მომავალი. ადვილი მისახვედრია ამ სახით, რად ჩაბღუჯა მან ამ საქმესაც ხელი, ისე როგორც სხვა ყოველგვარს საქმესაც სახელმწიფოში მოხვია მაგრად თავისი მკლავები; მან თვით მოიწადინა ამ საქმის გადაწყვეტა თავისებურად, თავის სურვილისამებრ და ამით განზრახვა აქვს ააცილოს თავიდამ, ეს საქმე სოციალისტებს, რომელთა წინააღმდეგ მან უკვე გამართა ჯერ-ჯერობით “მცირე გარშემორტყმით ომი” - (малая осадная воина ). იგი ჰფიქრობს შეჰქმნას და გააჩინოს სახელმწიფო ანუ მმართებლობის სოციალიზმი, რომ ამით მოაკლოს მომხიბლველი ძალა და გავლენა სოციალისტების პარტიას და თანაგრძნობა აღძრას მუშა ხალხში მთავრობის ეკონომიურ ზომიერებისა და განკარგულებისადმი. ამ გვარის საქმის მოწყობით მან საშინლად გააბოროტა ყოველგვარის მიმართულების ლიბერალურნი წარმომადგენელნი ბურჟუაზიისა, რადგან მართებლობის სოციალიზმის განხორციელებისათვის იგი სხვათა შორის სთვლიდა საჭიროდ, როგორც ცნობილია, რომ მარტო მთავრობას ეკისრნა თუთუნისა და თამბაქოს წარმოება და გასაღება და კიდევ, რომ მთავრობისავე მეცადინეობით მუშების უზრუნველყოფა და დაზღვევება (страхование рабочих и тибачая монополия) დაწესებილიყო. ცხადია, რომ ბურჟუაზიის წარმომადგენლებს არ ეპიტნავებოდათ ეს განზრახვა ბისმარკისა, რადგან მის ასრულებით ბურჟუაზიის ჯიბეს საგრძნობელი სისუსტე დაეტყობოდა. ბურჟუაზიას ხუმრობა აღარ ეგონა ეს ეკონომიური ჩხირ-კედელაობა გუშინ მისგანვე სათაყვანებელის კანცლერისა, შეშინდა და ერთხმად აყავყავდა: “გვძარცვავენ, გვარბევენ! გვიშველეთო!” ლიბერალნი მას განზე გაუდგნენ, და არც თვით მუშები იქმნენ მოსყიდულნი ბისმარკის იაფი და არაძვირი დაპირებით და ფეშქაშებით. მათ არა სწამდათ არც ძალა და არც მნიშვნელობა ზომიერებისა, არა სწამდათ, რომ სოციალური საგნის გადაწყვეტა შეიძლებოდეს ზე-მომავალი გზით. იგინი ფიქრობენ, რომ თამბაქოს წარმოების მონოპოლია გაამდიდრებს ხაზინას და არავითარს სარგებლობას არ მოუტანს მუშა ხალხს, როგორც ცდილობს ბისმარკი დაარწმუნოს იგი; პირიქით, სახელმწიფო შემოსავლის გაძლიერება გადააქცევს მას დამოუკიდებლად და უარესს მტარვალად; რადგან ფული საკმაოდ ექმნება, მისთვის საჭირო აღარ იქმნება რეიხსტაგი, რომლის თანხმობით შეიძლება მხოლოდ დამტკიცდეს სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის აღრიცხვის სია. (ბიუჯეტი). აი ამისათვის შეწუხდა ბისმარკი, რომ არჩევანის დროს გამართულს ბრძოლას მოჰყვა მისთვის არა სასურველი შედეგი.
სოციალურ საქმეს, როგორც მიუცილებელს და საჭირო საგანს, რომელსაც უსათუოდ უნდა ადგილი ჰქონდეს ეხლანდელს პარტიების პოლიტიკურს პროგრამაში, კეთილ-ინებეს და მიაქციეს თავიანთი ყურადღება გერმანიის თვით კლერიკალურმა პარტიებმაც: კათოლიკებისამაც და პროტესტანტებისამაც. ერთნიც და მეორენიც სთვლიან საჭიროდ მიემხრონ დაჩაგრულს მხარეს, ხალხს და ჰქადაგობენ სიმართლეს და კაცთ-მოყვარეობას უკანასკნელის მიმართ. იგინი ამტკიცებენ, რომ ქრისტიანობას ყოველთვის დაჩაგრულთა და გაძრცვნილთა მხარე სჭერია, რომ იგი ჰგმობს ომს ყოველთა და ყოველთადმი და მოიწვევს საზოგადოების სხვა და სხვა წრეთა და წოდებათა თანხმობისა და ძმობისათვის ურთიერთ დათმობით და თავაზით. რეაქციონელი სოციალისტები, როგორც მათ ზოგიერთნი ეძახიან, თავიანთი აზრების პრაქტიკულად გავრცელებისათვის მუშა ხალხთან ურთიერთობას და დამოკიდებულებას სცდილობენ, აფუძნებენ მუშების საზოგადოებას, საქველმოქმედო დაწესებულებათა და თავიანთ გაზეთებსაც სცემენ. ერთს ამ გაზეთთაგანს ჰქვიან “სახელმწიფო სოციალისტი” (შტაატს შოციალისტ).
ყველა ეს ფაქტები საკმაოდ ცხადათ ამტკიცებენ იმ ჩემს აზრს, რომ ევროპის აწინდელი პოლიტიკური განცხოველება პირდაპირი შედეგია ეკონომიურის საგნებისა, რომელნიც ცხოვრებამ ყველა საგნებზე წინ წამოსწია. შემეძლო მრავალი სხვა მოსაზრება კიდევ მომეყვანა ჩემის აზრის დასამტკიცებლად, მაგრამ ეს აზრი ისე ცხადია, ისე სათვალ-ჩინოა, რომ კაცი ან უნდა ბრმა იყვეს, ან განზრახ თვალთ იბრმავებდეს, რომ ვერ დაინახოს და ვერ შეიგნოს მოვლენათა ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
ეს ლაქუცი მუშა-ხალხის წინაშე, ეს თვალნი, მშრომელთადმი მიპყრობილნი, ეს სახელმწიფო ზომანი, მიღებულნი იმ ანგარიშით, რომ მათი თანაგრძნობა და სიმპატია მიიზიდონ, - სუყველა ეს განა ცხადათ არ ამტკიცებს, რომ ევროპიულ საზოგადოების და სახელმწიფოების ცნობიერება გამორკვეულა და დამდგარა იმ აზრზედ, რომ ეკონომიური წეს-წყობილება, ვითარება უპირატესი საგანია და საფუძველი არის სრულიად სახალხო და სახელმწიფო ცხოვრებისა.
ამ მხრივ დიდი ღვაწლი მიუძღვის სხვათა შორის მეცნიერებას და ლიტერატურას. მოწინავე წარმომადგენელნი, როგორც ერთის, ისე მეორისა დაუღალავად შეასმინებდნენ საზოგადოებას და სახელმწიფო კაცებს, რომ ასეთ თუ ისეთ გვარს ეკონომიურს წეს-წყობილებაზეა დამოკიდებული მსვლელობა ქვეყნის ცხოვრებისა, მისი მეხანიზმი. ეს აზრი უკვე დამყარდა და მტკიცედ დაისადგურა მან იმ მეცნიერთა და ლიტერატორთა გონებაში, რომელნიც ყველაზე მომეტებულად თავისუფლად მოაზრეობდნენ და ყველაზე ნაკლებ იყვნენ მოცულნი ცრუ-მორწმუნეობით. აი სხვათა შორის რით აიხსნება სიმრავლე სტატიებისა და ტრაქტატებისა ეკონომიურს საგნებზე ამ უკანასკნელ დროს. ყოველი დარბაისელი და შეგნებული ჟურნალი, თუ კი ჰსურს რომ გავლენა და ხმა მოიპოვოს, ვრცელს ალაგს უწილადებს მათ გარჩევას; ყოველი ახალი გაზეთი ისწრაფვის აუწყოს მკითხველს წინდაწინვე, რომ იგი მომეტებულს ყურადღებას მიაქცევს “დღიურის ვარამისა და ტკივილის” ახსნას, ე. ი. იმავე ეკონომიურს საგნებს. თავის მხრით მეცნიერნი და მსწავლულნი თავიანთ თხზულებათა საგნად ჰხდიან ხალხის ეკონომიურს ცხოვრებას. დისერტაციებიც კი, რომელნიც იწერებიან მეცნიერების ხარისხის მოსაპოვებლად და ჩვეულებრივ არ შეეხებიან დღიურ საჭიროებათა, მხარს ვერ უქცევენ ამ დაწყევლილს ეკონომიურს საგნებს. ასეთია საზოგადო ცნობიერება, ასეთია საზოგადო ატმოსფერო.

* * *
ასეთ მდგომარეობაშივეა საქმე სხვათა შორის რუსეთშიაც, სადაც ყოველი ძალა და ღონე საზოგადოებრივ მოღვაწეთა ამ მხრივ მიიმართება. თქვენ არ შეგეძლოთ არ შეგენიშნათ, რომ საუკეთესო რუსული ჟურნალები ადგანან მათ გარკვევისა და გადაწყვეტის საქმეს, როგორც პუბლიცისტიკურ თხზულებების შემწეობით, ისე სამხატვრო ბელეტრისტულ ნაწარმოების მეოხებით. თქვენ მოგეხსენებათ, რა შეუშურველი და არა სანეტარო მდგომარეობაა რუსეთის ეკონომიური მდგომარეობა. არავისთვის საიდუმლოებას არ შეადგენს, რომ რუსეთის ხალხი შთავარდნილია უკიდურეს გაჭირვებაში და სიღატაკეში, რომ მას არ შეუძლიან თავის საჭიროებას გასწვდეს, რადგან მას მცირესაგან მცირე საგლეხო ნადელები აქვს და ეს სიმცირე ნადელებისა ხელს უშლის მას დამოუკიდებელი მეურნეობა ჰქონდეს. რუსის გლეხი წელშია მოხრილი და ძლივსღა ჰსუნთქავს სახელმწიფო გადასახადების ტვირთის ქვეშ. იგი მუშაობს, წელებზედ ფეხს იდგამს თითქმის და მაინც უილაჯოა მეტის-მეტი სამძიმო ეკონომიურ და სახელმწიფო ცხოვრების ვითარების გამო. შრომა მისი უდოვლათო და უნაყოფოა, რის ვაი-ვაგლახით შეძენილი მიწა 19 თებერვლის დებულებისამებრ არ აძლევს მას იმოდენა შემოსავალს, რომ სახელმწიფო ხარჯი გაისტუმროს და თავის მეურნეობის საჭიროებასაც გასწვდეს; სხვაგან სიარულიც სამუშაოდ ვერ ჰშველის მის გაჭირვებულს მდგომარეობას. სახელმწიფო შენობა, სახელმწიფო წეს-წყობილების აგებულება შეირყა და დაინძრა ხალხის ესე გვარ მდგომარეობისა გამო, იმ ხალხის, რომლის მხრებზედაც სრულიად სახელმწიფო დამყარებულია. საზოგადოების მაღალმა წრეებმა იგრძნეს ეს უეცარი ნგრევა, შეშინდნენ და შეშფოთდნენ. პირველ საქმედ იგინი ძირს ჩამოეშვნენ დაბალ ხალხთან და მოუსვენრობით ცდილობდნენ შეეტყოთ ამ ნგრევის მიზეზი. შესდგენ მმართებლობის მიერ სხვა და სხვა გვარი კამისიები ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის გამოსაძიებლად. ერობამ, ანუ უკეთ ვსთქვათ თემობამაც, მიაქცია თავის მხრითაც ყურადღება ამ საშურო საქმეს. გაჩაღდა გაცხარებული მუშაობა. თემობის გამგეობასთან ერთად დაარსდნენ სტატისტიკური განყოფილებანი, რომელთა სრული მოღვაწეობა მიქცეულ იქმნა იმ ეკონომიურ პირობების გამოკვლევაზე, რომელშიაც სცხოვრობს რუსის ხალხი. თვით მეცნიერული საზოგადოებანი ძლეულ იქმნენ დროთა-ვითარებისაგან, დაემორჩილნენ საჭიროებას და ამ მხრივ მიმართეს თავისი მუშაობა. “თავისუფალ ეკონომიურ საზოგადოებამ” საგნად დაიდო ყოველმხრივი შესწავლა რუსეთში გავრცელებულის ერთ-გვარის მიწად მფლობელობისა, რომელსაც საერთო მიწადმფლობელობა ჰქვიან, რუსული “ობშჩინისა”. ამისათვის მან გამოსცა კითხვებად დალაგებული პროგრამა ამ საგანზე ცნობათა შესაკრებად და უკვე დაბეჭდა კიდეც თვით ცნობათა კრებულის პირველი ტომი. ყოველივე ამ მეცადინეობის შედეგი, როგორც მთავრობის მხრივ, ისე საზოგადოებრივ დაწესებულებათა მიერ, იყო გამოქვეყნება აუარებელის და ძვირფასის მასალისა გლეხის ეკონომიურის ცხოვრების ყოველ-მხრივი შესწავლისათვის.
ამ მხრივ იყო მიმართული აგრეთვე თანხმობითი მოღვაწეობა კერძო პირთა და მშრომელთა; მათ თავის გამოკვლევით და ძიებით მოჰფინეს ნათელი ხალხის ცხოვრების ისეთ მხარეთა, გაიცნეს და გამოაქვეყნეს ისეთი უცნაური და საოცარი ფაქტები ხალხის ეკონომიურ ყოფა-ცხოვრებიდამ, რომელთ არსებობა წარმოსადგენი არც კი იყო წინად. დღეს ამ ფაქტების ძალით თან-და-თან იძულებულნი გახდნენ ახირებული ოპტიმისტები, ეს ცრუ დამცველნი თავიანთის ქვეყნის “დიდებისა და ბრწყინვალებისა”, ეს პატრიოტები თავიანთის ქვეყნისა და სამშობლოსი, როგორც ისინი თავიანთ თავს ეძახიან, - იძულებულნი გახდნენ, ვამბობთ, შედრკენ, უკან დაიხიონ და მწუხარებით გადააგდ-გადმოაგდონ ჭაღარა შერთული და გამოცდილებით დამარაგებული თავნი თვისნი. მართალია, განზრახვა და საწადელი, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სხვა-და-სხვა დაწესებულებანი და კერძო პირნი ეკონომიურ გამოკვლევასა და ძიების დროს იყო სხვა-და-სხვა, მრავალ-გვარი და ერთმანეთის წინააღმდეგიც, მაგრამ მაინც და მაინც გამოკვლევათა შედეგი არავითარს ეჭვს აღარ ჰბადავს მასზედ, რომ ხალხის მდგომარეობა დიდად გაჭირვებული და სასო-წარკვეთილი მდგომარეობაა.
ნუთუ მართლა, ხალხის უკიდურესი მდგომარეობა პირდაპირ შედეგია საგლეხო რეფორმისა, რომელიც 19 თებერვალს 1861 წელს იქნა გამოცხადებული? ებადება ყველას თავში ეს მწარე დამაფიქრებელი კითხვა. რა გვარად უნდა შესდგომოდა ამ გვარი ბოლო რეფორმას, რომლის საგნად იყო გლეხთა კეთილ-დღეობა, მათი მოქალაქეობრივი განთავისუფლება, გონებითი და ზნეობითი განვითარება. სად არის ეს შავ-ბედითი წინააღმდეგობა. - კვალად იჭვნეულობენ ამ საგანზედ ისინი, ვინც გატაცებულნი იყვნენ გარეგნობით და საქმეს ღრმად არ უფიქრდებოდნენ. - წინააღმდეგობა უნდა აიხსნას ჩვენის არა-შესაწყნარებლის და დამღუპველის გაუგებრობით საზოგადოებრივ მოვლენათა ჭეშმარიტის აზრისა, - იძლევიან პასუხს ისინი, ვინც პირ და პირ, ცნობიერად და არა პირ-მოფერებით უცქერის ხალხის ცხოვრების მოვლენათა.
ისინი უჩვენებენ იმ მოვლენას, რომ საგლეხო რეფორმამ ორგვარი ხასიათი მიიღო და რომ ამ ორგვარობამ შესძღვნა რუსეთს ფრიად გაჭირვებული მდგომარეობა გლეხისა. ისინი დაურღვევლად ამტკიცებენ იმ მტკიცედ აღიარებულს ფაქტს, რომ რეფორმის მოღვაწენი გატაცებულ იქმნენ ევროპულ ქვეყნების წარმოებისა და მრეწველობის წარმატებით და მოინდომეს არა თუ მარტო განთავისუფლება ხალხისა ბატონ-ყმობისაგან, არა თუ მხოლოდ წაქეზება და წახალისება გლეხის შრომისა, არამედ ამ საგნებთან ერთად მათ ისიც დაიდვეს საგნად, რომ მფარველობა აღმოეჩინათ და წაეხალისებინათ შინაური და მშრობლიური მრეწველობა (Отечественная промышленность). ამით ეს მოქმედნი რეფორმისა დიდათ შესცდნენ და თვისის გულუბრყვილობითა ჰგონებდნენ, რომ ამ გვარად ისინი აღაყვავებენ და განავითარებენ ქვეყანას ეკონომიურად. ამ ცრუ იმედით დაიწყო ძალით მოსილთა მიერ შეწევნა და ყოველ-გვარი წახალისება კაპიტალისტებისა და ფულის პატრონებისა, რომელთაგან ელოდნენ ყოველ-გვარს წყალობას ქვეყნისათვის. გაჩაღდა გახელებული სარკინიგზო მოღვაწეობა, დაარსდა ბანაკები, აქციონერული და საკრედიტო დაწესებულებანი: დაიხარჯა დიდ ძალი ფული და შეიძლება სახელმწიფო შემოსავალ-გასავლიდამ რკინის-გზების გაყვანისა და მართვა-გამგეობისათვის, უცხო ქვეყნებთან აღებისა კი არა მიცემობის ვაჭრობის ( вывозная торговля) გაძლიერებისა და წახალისებისათვის. სრულიად საეკონომიო და საფინანსო პოლიტიკა რეფორმის შემდეგის დროს განმავლობაში იმით სულდგმულობდა, რომ შეექმნა და გაეძლიერებინა კაპიტალისტების წოდება და მომრეწველთ და მოვაჭრეთ წრე იმ ხალხისაგან, რომელიც ამ გვარისავე საქმეს ადგა წინადვე მცირედ. ამ დაწყობილობათა საწადელათ ის იყო მიღებული, რომ ძლიერს მომრეწველთა წრეს და წოდებას ეკისრნა ორგანოვანობა სახალხო და სახელმწიფო მეურნეობისა, რომ ამ სახით დაახლოვებოდა რუსეთი დასავლეთ-ევროპის სახელმწიფოთა ტიპს.

* * *
ამის გარდა, რეფორმაციულის ღვაწლის ხსენებულ ორგვარობისა და ორ-ნაირობისა გამო, არაფერი არ გარიგდა და არ გაკეთდა რეფორმის უმთავრესის მიზნის მისაღწევად - სოფლის ყოფა-ცხოვრების განკეთილებისათვის. გლეხობას მიეცა ძალიან მცირე ნადელები და მათი გამოსასყიდი ფასი კი ისე დიდი დაიდო, რომ სრულიად მოუხერხებელი შეიქმნა მისთვის ფიქრი და ზრუნვა დამოუკიდებელ მეურნეობისათვის. საგლეხო რეფორმის მოწაღმართენი კი დარწმუნებულნი იყვნენ და ფიქრობდენ წინდაუხედავად, თუმცა კი გულ-წრფელად გატაცებულნი, ოღონდ კი განთავისუფლდეს ხალხი ბატონ-ყმობიდგან, ოღონდ კი დაიმსხვრეს საუკუნოებით ნაჭედნი ბორკილნიო, რომელიც რკინის ბეჭედივით გარს შემოჰხვევია ხალხის ცხოვრებასო, და მერე ხალხი ნეტარად და უზრუნველად იცხოვრებსო. მაგრამ ბოლოს კი ისე გამოვიდა, რომ ხალხის მდგომარეობა თუ არ გაუარესდა, არანაირად არ გაუკეთესებულა; რომ ხალხს ერთის ველურის და გამხეცებულის ბატონის მაგივრად, მეორეც მოახვიეს თავზედ. ეს მეორე გახლავთ უფრო ლიბერალი და ენა-მეტყველი მუზმუზელა ვაჭარი, რომელიც დღეს არა, ხვალ გადაიქცევა ნამდვილ კაპიტალისტად და რომელსაც უკვე ყოველი ღონე და კულტურული სახსრები ხელთ ექნება ხალხის სრულის და სისტემატურის ძარცვა-ყვლეფისათვის.
მაშინვე, საგლეხო რეფორმის დროსვე, იყვნენ კაცნი, რომელნიც აფრთხილებდნენ რეფორმის მოღვაწეთა. ისინი ეუბნებოდნენ მათ, რომ საგანი ისე არ არის დადგენილი, როგორც უნდა იყვესო; რომ მისი გარდაწყვეტა სასურველი გარდაწყვეტა არ იქნებაო, რადგან ეგ სასურველი გარდაწყვეტა იმაზედ არის დამოკიდებული, რა გვარს საეკონომიო შეხედულებასა და ეკონომიურს პრინციპებს დაუდებთ სარჩულად განზრახულს რეფორმასაო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უკეთუ ეკონომიური მხარე რეფორმისა არ იქნება რიგიანად შემუშავებული და გამორკვეულიო, თუ რეფორმატორები შეშინდებიან ან მოერიდებიან მას, რომ გადასაწყვეტი საქმე საძნელოა და რთული და არ გადაწყვეტავენ მას რადიკალურად და ერთბაშად ეხლავე, მაშინ რეფორმა გადაიქცევა არარად. მაშინ მოსალოდნელ სიკეთისა და ნეტარების მაგიერ, ხელთ დაგვრჩება ხალხის უარესი შეწუხება, მოვესწრებით მის უარესს გაღარიბებას. მაგრამ, საუბედუროდ, რეფორმატორებმა ვერ გამოიჩინეს საკმარისი სულის სიძლიერე. მათ არ მიიღეს გონივრული რჩევა ეკონომიურის ლიტერატურის წარმომადგენელთა, რომელთაც იგინი უპასუხებდნენ, რომ საჭიროა შეთანხმდეს და შეწყობილ იქმნას ინტერესები სხვა-და-სხვა წოდებათაო. რომ ამ საქმეში მონაწილე წოდებანი თანაბრად უნდა იყვნენ დაკმაყოფილებულნიო. გადასაწყვეტი საგანი რთული კი არ უნდა გახადოთ, არამედ შეძლებისამებრ უნდა გამარტივდეს და ისე გადასწყდეს; ჯერ ხალხი განთავისუფლდეს პოლიტიკურად, მოქალაქეობრივი უფლებანი მიენიჭოს და მერე შეიძლება დამატებითი ზომიერებანი იქმნეს მიღებული რეფორმის ეკონომიურის ნაწილის გადასაწყვეტადაო. ამ სახით საგანი “გამარტივებულ იქმნა”, რჩევანი “გამოუცდელ და ახირებულ” იდეალისტებისა უარ-ყოფილნი და უყურადღებოდ დატოვებულნი შეიქმნენ. რეფორმა მოხდა, ხორც-შესხმულ ფაქტად გადაიქცა და აი რუსეთი დღეს გაბეჩავებული ეზიდება მძიმე ტვირთს ამ გვარად საგნის “გამარტივებისას” და ცხოვრება ამართლებს იმ იდეალისტებს და “გამოუცდელ” ეკონომისტებს, რომელნიც წინასწარვე გრძნობდნენ, რა გამწარებული ცხოვრებაც მოჰყვებოდა მარტივად საგნის გადაწყვეტას.
მეორეს მხრით, ჩვენ ვიცით რა ხასიათისა და მიმართულებისანიც არიან “დამატებითი ზომიერებანი”, რომელთაც უნდა შეემთავრებინათ და დაეგვირგვინებინათ გლეხთა რეფორმის საქმე. ვიცით, საითაც აქვთ მათ თავი მიმართული, ვის ინტერესების დამცველათაც გამოცხადებულან და ამის გამო უფრო მეტის სიმტკიცით ვაღვიარებთ ჩვენს აზრს ამ გვარის “ფრთა-მოკვეცილ რეფორმისა და მის გამარტივების" წინააღმდეგ.
ახლა, მრავალ გამოკვლევათა და გამოძიებათა შემდეგ, შემდეგ ბეჯითი შესწავლისა და შემეცნებისა იმ კანონთა და წესთა, რომელთაც ექვემდებარება საზოგადოებრივი ცხოვრება, რუსნი, მწარედ გამოცდილნი და თავის ქვეყნის ბედ-კრულობის მომსწრენი, თან-და-თან რწმუნდებიან, რომ ეკონომიურ ცხოვრების უყურადღებოდ დატოვება ძვირად უჯდება ქვეყანას, მისთვის მხარის აქცევა დამღუპველს და ძნელად გასასწორებელს შეცდომას წარმოადგენს და რომ გარეგანი სახე საზოგადოებრივის ცხოვრებისა მტკიცედ შეესაბამება მატერიალურ ცხოვრების პირობათა და ვითარებასა. ყოველი რეფორმა, ცხოვრების რომელ მხარესაც გინდა შეეხებოდეს, დარჩება უქმად და ნაყოფს ვერ გამოიღებს, თუ იგი მტკიცედ შემეცნებულ და ცხადად გამოთქმულ პრინციპზედ არ არის დამყარებული.
აი როგორ გამოსთქვამს მოკლედ თავის შეხედულებას ამ საგანზე ერთი უდიდესი და უღრმესად შემეცნებული კაცი ჩვენის დრო და საუკუნისა. კაცი ისეთი, რომლის სრულიადმა და მტკიცე-მეცნიერულმა წარმოდგენამ მსოფლიოზე (миросозерцание) ჰქმნა დიდი ძლევა. “პირველი საგანი, რომელსაც მე მივმართე ჩემი ეჭვების გასაფანტველად, - მოგვითხრობს იგი თავის გამოკვლევათა მსვლელობაზე, - იყო კრიტიკულად განხილვა გეგელის სწავლა-მოძღვრებისა “უფლების” ფილოსოფიაზე (гегелвская философия права). ამ გარჩევის და განხილვის შემწეობით მე დავასკვენი, რომ უფლებრივი ურთი-ერთობანი და აგრეთვე პოლიტიკური ფორმები არ წარმოიშობება, არ მომდინარეობს იურიდიკულს და პოლიტიკურს საფუძველთაგან და არც შეიძლება მათზედ იყვეს დამყარებული. უფრო არ შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ იგი უფლებრივი ურთი-ერთობანი წარმოსდგნენ და მომდინარეობენ ესრედ-წოდებულ კაცობრიობის სულის ზოგად განვითარებისაგან. მათი საფუძველი და დასაბამი არის მატერიალური, ქონებრივი, თვით რეალურის ცხოვრების ურთი-ერთობანი, რომელთაც ერთად თავ-მოკრეფით გეგელი “მოქალაქეობრივს საზოგადოებას” ეძახის, მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელ და ფრანციელ მწერალთა მიხედულობით. ხოლო ანატომიას მოქალაქობრივის საზოგადოებისას წარმოადგენს პოლიტიკური ეკონომია. ასე შეიძლება გამოიხატოს მოკლედ ის აზრები, რომელნიც მე დავასკვენი მის (პოლიტიკურის ეკონომიის) შესწავლის შემდეგ: მატერიალურის წარმოების დროს კაცთა შორის არსდება ერთ-გვარი ურთი-ერთობა, წარმოებრივი ურთი-ერთობა (производственные отношения). ეს უკანასკნელი მუდამ და ყოველთვის შეესაბამება, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ფარდს წარმოადგენს შრომის იმ ნაყოფიერებისას, შემოქმედობისას, რომელიც დღეს კაცის ეკონომიურ ძალთა განვითარების წყალობით არსებობს. სულ ერთად, თავმოკრეფით აღებული წარმოებრივი ურთი-ერთობანი შეადგენენ ეკონომიურს სტრუქტურას საზოგადოებისას, რეალურს საძირკველს, რომელზედაც აგებულია პოლიტიკური და ეკონომიური შენობა და რომელსაც შეეფარდება და შეესაბამება რომელნიმე ცნობილნი ფორმები საზოგადოებრივის ცნობიერობისა. ამ სახით წარმოებრივის წესზედ დამოკიდებულია სოციალური, პოლიტიკური და სულიერი პროცესები ცხოვრებისა. ამ უკანასკნელთ არსებობა არამც თუ არ ჰკიდია კაცის ცნობიერობაზედ, არამედ პირიქით, თვით იგი, ცნობიერება მათგან არის დამოკიდებული. შრომის ნაყოფიერობისა და შემოქმედობის რომელსამე ცნობილს ხარისხზედ მისი ძალანი შეებრძოლებიან ხოლმე კაცთა შორის დამყარებულ წარმოებრივს ურთი-ერთობას. ამისათვის იგინი სრულიად და მძლავრად ეწინააღმდეგებიან მასაც, რაც შეადგენს იურიდიკულს სახეს, იურიდიკულს გამოხატულებას, ანუ ფორმებს წარმოებრივის ურთიერთობისას, ესე იგი ეწინააღმდეგებიან ქონებრივს წესებს. ამ დროს წარმოებრივი ურთიერთობანი კაცთა შორის აღარ შეესაბამებიან შრომის ნაყოფიერებას, შემოქმედობას და ავიწროვებენ მას. აქედან წარმოსდგება და აქ ეძლევა დასაბამი ხალხთა ამბოხებას და აღრეულობას. ცვლილებისათანავე ეკონომიურის საძირკვლისა იცვლება ნელ-ნელ ანუ სიჩქარით თვით დიადი შენობა მასზედ აგებული და დამყარებული. ამ ამბოხებათა შესწავლის დროს მუდამ საჭიროა მტკიცედ განისაზღვროს ის ცვლილება, რომელიც მომხდარა წარმოების პირობათა შესახებ და მტკიცედ-მეცნიერულად აღიარებულ უნდა იქმნას. ეს ერთის მხრით და მეორეს მხრით, ესევე განსაზღვრული და მეცნიერულად აღიარებული უნდა იქმნას ის ცვლილებაც, რომელიც მოხდა იურიდიკულ, პოლიტიკურ, რელიგიურ, ესტეტიკურ, ფილოსოფიურ, ერთის სიტყვით - იდეოლოგიურს ფორმების შესახებ, იმ იდეოლოგიურ ფორმებისა, რომლებშიც გამოხვეულია აზრი შებრძოლებისა, რომელთ შემწეობით ამ აზრს გზა გაუკვლევია კაცობრიულ ცნობიერებამდე და რომლებშიაც ფარულად ჰსწარმოობს ბრძოლა იმ ხსენებულის მატერიალურ შეჯახების გულისათვის. თვითვეულ კაცზე იმის მიხედვით კი არა ვჰსჯით, რასაც ის თავის-თავზედ ჰფიქრობს; აგრეთვე არ შეიძლება განვსაჯოთ აღრეულობათა ეპოქაზე მის (ეპოქის) საკუთარის თვით ცნობით. პირიქით, თავათ ეგ თვით ცნობა უნდა იქმნას აღსნილი მატერიალურ ცხოვრების წინააღმდეგობათაგან, უნდა იქმნას შეგნებული იმ შებრძოლების შემეცნებით, რომელიც მომხდარა წარმოების პირობათა და შრომის ნაყოფიერების ვითარებასა შორის. საზოგადოებრივი ფორმაცია არას დროს არ განჰქრება და არ გადაშენდება, ვიდრე არ განვითარებულა შრომის ნაყოფიერობის ძალა, რომელსაც იგი აძლევს საკმარისს ალაგს და თავისუფლებას განმტკიცებისათვის. ახალი წარმოებრივი ურთი-ერთობანი არ გაჩნდებიან ძველ ურთი-ერთობათა სამაგიეროდ, ვიდრე მატერიალური პირობანი მათის არსებობისა არ შემუშავებულან და არ გაჩენილან ძველის საზოგადოების მიერ. აი რისთვის დაიდებს ხოლმე წინ კაცობრიობა გადასაწყვეტად მხოლოდ ადვილად შესასრულებელს საქმეს, განხორციელებისათვის მხოლოდ ადვილად მოსახერხებელს საგანს. ბეჯითი დაკვირვება გვამცნევს და გვიმტკიცებს, რომ გადასაწყვეტად საგანი გაჩენილა და წამოყენებულა იქ და მაშინ, სადაც და როდესაც მატერიალური პირობანი მის გადაწყვეტისათვის ან უკვე მზად ყოფილან, ან ცხოვრების მიერ მზადდებიან და აზრის მიერ შესაძლებელია შემეცნებულ იქმნენ ამ დამზადების დროს”.
სხვა სიტყვებით რომ ვსთქვათ, ისე როგორც იტყვის და განმარტავს ამ ღრმა მოაზრეს ერთი კომმენტატორთაგანი, ასე გამოვა: “ცვლილება იმ ურთი-ერთობისა კაცსა და ბუნებას შორის, რომელიც შეადგენს მთავარს შინაარსს და დაუშრობელს წყაროს შრომის ნაყოფიერებისას და შემოქმედობისას, გამოიწვევს ცვლილებას კაცთა შორის ეკონომიურს ურთიერთობისას; ხოლო ეს ცვლილება თავის მხრით გამოიწვევს ცვლილებას იურიდიკულ, პოლიტიკურ და ყოფა-ცხოვრებითს ურთიერთობისას მათთა შორისვე”.
ამ სახით, როდესაც ხალხთა წოდებათა შორის ეკონომიურად დაჩაგვრა ძლიერდება, როდესაც ძლიერდება მათი ქონებათა უთანასწორობა, მათთან ერთად ძლიერდება პოლიტიკური დაჩაგვრაც. ეკონომიური ცხოვრების უსწორ-მასწოროდ მიმდინარეობა ხალხს აგრძნობინებს, თუმცა წინად ბუნდად, რომ მის ცხოვრების პირობანი არ არიან ნორმალურნი. შემდეგ ამას თან და თან უფრო ცხადათა გრძნობს ხალხი და ებადება სურვილი შესცვალოს, დაამსხვრიოს ეკონომიური ბორკილები, რომელნიც უშლიან იმის შრომის ნაყოფიერობას წესიერად მიმდინარეობდეს. ვისი ინტერესებიც ამნაირად ეკონომიურის ცხოვრების შეცვლით, საშიშროებაში ჩავარდება, ისინი საზარლად ძრწუნდებიან და ღელდებიან. და რადგანაც იურიდიკული და პოლიტიკური ფორმები სრულიად შეეხამებიან და შეესაბამებიან მატერიალურს ცხოვრების საძირკველს, ე. ი. რადგანაც იურიდიკული და პოლიტიკური დაწესებულებანი არიან ერთგულნი გუშაგნი აწმყო ეკონომიურის ცხოვრებისა, რომელსაც იგინი ფხიზლად და ერთგულად ჰყარაულობენ, - ამისათვის რა წამსაც კი შენიშნავენ ხალხს ეკონომიურის ცხოვრების შეცვლის სურვილს, მაშინვე ეს გუშაგნი სცემენ ნაღარას, ისხამენ აბჯარს და გამოდიან მიმდინარე ეკონომიურის ცხოვრების დასაცველად.

* * *
ესევე შინაგანი გუშაგნი, რომელთაც გამოუცდელი თვალი ვერ შენიშნავს, იცავენ განწყობილებას გამარჯვებულ და დამონავებულ ქვეყნების და ნაციების შორის (მე არ ვამბობ ორ ხალხთა შორის დამოკიდებულებაზედ - ეს სულ სხვა არის). თუ ერთხელვე არსებობს დამოკიდებულება ერთის ქვეყნისა მეორეზედ, მაშინ, რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება ერთ-ერთი მათგანისათვის არის უსათუოდ სასარგებლო; თუ რომ ასე არ იყოს, და ორივე ქვეყანა ამ დამოკიდებულებაში ხედავდეს თავისთვის ზარალს, მაშინ ეს დამოკიდებულება მოისპობოდა და მათ შორის საქმე მშვიდობით გათავდებოდა. ზოგჯერ კაცს ჰგონია, რომ გამარჯვებული ქვეყანა თავის დამონავებულ ქვეყნიდამ არაფერს სარგებლობას არა ხედავდეს, ეს ხომ სიგიჟე იქნება. არა განა? ან იქნება ეს იმიტომ მოსდიოდეს რომელსამე დიდ-სულოვნობით გატაცებულს ერს, რომ ჰსურდეს შეეწიოს თავის უძლურს მეზობელს? იქნება ასედაც ხდებოდეს - მე ეს არ ვიცი. მაგრამ პირუთვნელი ისტორია და საუკუნოების გამოცდილებანი კი სრულიად სხვას გვაუწყებენ; ისინი გვეუბნებიან, რომ წინანდელს ზარალს გამარჯვებულის ერისას შემდეგში მოგება ასჯერ და ათასჯერ სჭარბობს. აი ამ მოსაზრებით ერთი ქვეყანა, ვითომ დიდ-სულოვნობით, ხარჯავს ფულს “ველურის ხალხის” გასანათლებლად და გასავითარებლად. ესევე სჩადის ანგარიშიანი ვაჭარი, რომ მოიპოვოს ნდობა თავის მუშტრების წინაშე, ჰყიდის საქონელს ძლიერ იაფად, თითქმის ზარალით. იმ იმედით, რომ შემდეგში ერთი-ორად აიყენებს მათგან თავის ზარალს.
აქედამ ცხადათა სჩანს, რომ იმ მიზეზებს, რისთვისაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანაზედ უფლობს, ეკონომიური თვისება აქვს, თუმცა შეიძლება სხვა პოლიტიკური მიზეზებიც ჰქონდეს; მხოლოდ და მარტო მატერიალურს სარგებლობისათვის, რომელსაც ან ამ თავითვე იღებს და ან მომავალში მოელის გამარჯვებული ერი, არ ერიდება იგი არავითარ უსიამოვნებას, სხვაზედ გაბატონების დროს. მართალია, ამავე დროს მთელი ქვეყანა იჩაგრება, სუყველა მცხოვრებნი დამორჩილებულნი არიან, მაგრამ ეს დაჩაგვრა და დამონავება ისე ძლიერ არავის აწვება კისერზედ, როგორც ისევ იმავე მრავალ-ტანჯულს და დიდ-სულოვან უბრალო ხალხს. ყოველი ქვეყანა, რომელიც ბედისაგან ასე სასტიკად არის დასჯილი თავის ისტორიულის შეცდომებისა გამო და უნდა ნათლად გამოიკვლიოს თავის დამოკიდებულება, თავისი სამწუხარო მდგომარეობა, უნდა უსათუოდ დაადგეს ერთად ერთს სწორე გზას, ეკონომიურის წყობილების და თავის ცხოვრების მატერიალურის ვითარების გაგებისას. მოწინავე და გონიერთ ქვეყნის წინამძღოლთ, რომელთაც უყვართ თავისი სამშობლო, თავისი ხალხი, უნდა დაუახლოვდნენ ამ ხალხს, გულ-მოდგინედ გაუშინჯონ ბედისაგან დასმული იარები, გამოიკვლიონ მისი სამწუხარო მდგომარეობა და ნამდვილ მეცნიერულად გაიგონ: რა გავლენა ჰქონდა დამოკიდებულებას ხალხის ეკონომიურს ცხოვრებაზედ, რა ცვლილებანი მოახდინა მან იმის ყოფა-ცხოვრებაზედ და ეკონომიურს ურთი-ერთობაზედ წარსულ დროსთან შედარებით, ანუ უფრო მეცნიერულად რომ ვსთქვათ, შესცვალა თუ არა ახალმა დამოკიდებულმა მდგომარეობამ დაჩაგრული ქვეყნის წარმოების პირობანი და თუ შესცვალა, რა გზით? თან მოჰყვება თუ არა ამ მატერიალურ პირობების შეცვლას შესაფერი ცვლილება ხალხისათვის მძიმე და აუტანელის შენობისა, რომელიც ამართულია და აგებული ხალხის ცხოვრების მატერიალურს საძირკველზე, ზემო-მოყვანილის მოაზრეს თქმისა არ იყვეს. რომ ჩემს სიტყვას ცრუ მნიშვნელობა არ მისცენ, აქვე ვიტყვი, რომ მე უარს არა ვყოფ, რომ პოლიტიკურს ცხოვრების ფორმებს აქვსთ ერთი-ერთმანეთზედ გავლენა. მართალია, რომ ეკონომიურ წყობილებას აქვს გავლენა პოლიტიკურს წყობილებაზედ და ეს გავლენა მასში სჩანს, რომ პირველი მეორეს მოაწყობს თავის მოთხოვნილებათა გვარად, მაგრამ ისიც მართალია, რომ პოლიტიკური დაწესებულებანიც, თავის მხრით, როგორც მცველნი ეკონომიურის ცხოვრების საძირკველისა, ცდილობენ ასე თუ ისე იმოქმედონ მასზედ და დაუმორჩილონ პოლიტიკურს ცხოვრებას. ესეც სწორედ ისეა, როგორც იმ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც მატერიალური უსწორმასწორობა აგებინებს კაცს, რომ მატერიალურის წარმოების საშუალებანი უვარგისი არიან, მაშინ თვითონ კაციც ამ გამორკვეული აზრის გავლენის ქვეშ იმყოფება და ცდილობს რამე ზედმოქმედება იქონიოს უსწორ-მასწორობის მოსპობაზე.
აი ამისათვისაც ყოველი პოლიტიკური ანუ ნაციონალური ამბოხება იღებს დასაწყისს იმ ეკონომიურის წყობილებათაგან, რომელნიც ხალხში მოქმედობენ. საზოგადოების წინამძღოლნი, გატაცებულნი პოლიტიკურის ან ნაციონალურის საქმით, ისე ინთქებიან პოლიტიკურის ბრძოლის მორევში, რომ თვითონაც ვეღარ გრძნობენ, თუ საიდგან იძენენ მოქმედების ძალას, რა პირობათა ძალით დაიბადა ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელშიაც ისინი მხურვალე მონაწილეობას იღებენ. საჭიროა მხოლოდ გაცუდდეს და გაუვარგისდეს საშუალებანი მატერიალურის წარმოებისა, რომ იმავ წამსვე დაიწყოს და გაძლიერდეს პოლიტიკური ამბოხებაც, და რაც უფრო ეკონომიური წყობილება გაუვარგისდება, მით უფრო უარესად გაძლიერდება პოლიტიკური მოძრაობა. რასაკვირველია, პოლიტიკურ მომქმედ პირთ ჰგონიათ (ეს ცოტა არ არის აკმაყოფილებს იმათ თავმოყვარეობას), რომ პოლიტიკური მოძრაობა და ამბოხება იმათის მოქმედების წყალობით ხდება, მაგრამ ის კი არ იციან, რომ თვითონ ისინი არიან წარმოშობილნი პოლიტიკურის მოძრაობისაგან, რომლის ფესვი და ძირი იმალება ეკონომიურის ცხოვრების გაუვარგისებაში და მატერიალურის წარმოების შევიწროებაში.
მე ამით არ ვამტკიცებ, რომ საზოგადოების ბელადთა პოლიტიკურს მოქმედებას არა აქვს არავითარი გავლენა პოლიტიკურს მოძრაობაზედ და ფორმებზედ. პირიქით, მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ მათის წყალობით პოლიტიკური მოძრაობა თავდაპირველადვე ვერ იგებს, თუ ნამდვილად საიდგან წარმოსდგა და ამისთვისაც ღობე-ყორეს ედება ხოლმე, სანამ, მრავალთა შეცდომათა შემდეგ, არ მიხვდება, რომ დაამყაროს თავის პროგრამა ეკონომიურს პრინციპებზე, რომელნიც გვასწავლიან ხალხის მატერიალურ ყოფა-ცხოვრების განვითარების კანონებს. ყოველს მოძრაობას პირველად პოლიტიკური ან ნაციონალური ხასიათი აქვს და ეხება ცხოვრების გარეგანს ფორმებს, რადგანაც ეს მოძრაობა იწყობა მცხოვრებლების განვითარებულ პირთაგან, რომელნიც საზოგადო ცხოვრების კითხვების ახსნას მხოლოდ თავიანთ გარეშემო ეძებენ. ბევრი, ძლიერ ბევრი ისტორიული შეცდომებია საჭირო, რომ მოძრაობის მოთავენი მიხვდნენ ნამდვილს მიზეზს თავიანთი მამულის საქმეების მოუწყობლობისას, ხალხის ეკონომიურს წყობილობის დიდს მნიშვნელობას.
მეორეს მხრით ყელამდის საქმით სავსე ხალხი, რომელიც წელებზედ ფეხს იდგამს და ისე შოულობს თავის სახლობისთვის ერთს ლუკმა პურს, თავის დღეში არ მიიღებდა და არც მიიღებს მონაწილეობას საზოგადო მოძრაობაში, თუ რომ ზოგჯერ ინსტიქტურად და ზოგჯერ მოძრაობის ბელადთა ჩაგონებით, არა გრძნობდეს, რომ დაწყობილს მოძრაობას საგნად აქვს იმის ცხოვრების გაუმჯობესება და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. მართალია, ის ამაში ბევრჯერ სტყუვდება, მაგრამ საჭიროა დიდი ხნის ისტორიული გამოცდილება, რომ იგი დარწმუნდეს, რომ მოძრაობას, დაწყობილს ხალხის ინტერესებისათვის, თან მოსდევს უარესად ხალხის დაჩაგვრა და შებორკილება ზოგჯერ იმ ბელადთაგანვე, რომელნიც ამ მოძრაობით უსვინდისოდ სარგებლობენ თავის ინტერესებისათვის და ზოგჯერ კიდევ იმ ბელადთაგან, რომელნიც თუმცა ნამდვილად თანა-უგრძნობენ ხალხის ინტერესებს, მაგრამ საქმეს კი წინადვე ნამდვილს გზაზედ არ აყენებენ. არც ერთს საზოგადო მოძრაობას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, თუ რომ ხალხი იმაში ასე თუ ისე მონაწილეობას არ იღებს; ხალხი აძლევს მოძრაობას დიდს ძალას და მნიშვნელობას. ხალხი დარწმუნებულია, რომ ეკონომიურ საგნებს, რომელნიც შეეხებიან იმის ტანჯულს ცხოვრებას, უჭირავთ უპირატესი ადგილი მოძრაობაში, რისთვისაც იგი იწყობს ბრძოლას, მაგრამ, საუბედუროდ, უფრო ხშირად ბრუნდება შინ მოტყუებული და გაბრაზებული იმ პირებზედ, რომელთაც ხელში ჩაიგდეს მოძრაობა და წინამძღოლობა მისი.
ასეთ ისტორიულს გამოცდილებათ, ასეთ ძვირად დამჯდარს შეცდომილებათ, რომელთაც არავინ არ უნდა შეეხნენ, თუ თავის ხალხი უყვართ, სინამ საქმე კარგად და გონივრულად არ შეისწავლონ, ბევრჯელ ჩაუგდიათ სინანულში ხალხის ნამდვილი წარმომადგენელნი, როცა ნამდვილად უგრძვნიათ მათ თავიანთი დანაშაული ხალხის წინაშე; მაშინ ისინი დარწმუნებულან, რომ მხოლოდ ხალხის ეკონომიურის ინტერესების დაცვით შეიძლება დააკმაყოფილოს სამშობლო ქვეყნის საჭიროება და მოთხოვნილებანი, რომ მოძრაობის დროს პირველად ხალხის ეკონომიური ინტერესები უნდა ვიქონიოთ სახეში და მერე სხვა ინტერესებიც, რომელთაც ხალხი აგრეთვე თანაუგრძნობს, - პოლიტიკური და ნაციონალური.
ჭეშმარიტია, რომ ეკონომიურ იდეალთან ერთად ხალხს პოლიტიკური იდეალიც აქვს სახეში. რასაკვირველია, ეს იდეალი არა ჰგავს მზა-მზარეულ პოლიტიკურს პროექტებს, შედგენილთ ხალხის ბელადთაგან, რომლებშიაც გამოკვლეულია ფორმები პოლიტიკურის მოწყობილობისა და წინდაწინვე ნაჩვენებია ყოველივე დაწვრილებითნი კერძოობანი, მაგრამ იგი იდეალი მაინც საკმაოდ ცხადია და გამორკვეული, საჭიროა მხოლოდ მისი ლოღიკურად შემუშავება.
ხალხი თუმცა არ ადგენს თეორიულად ვრცელს პროექტებს, სადაც შემდგენელთ არაფერი არ ავიწყდებათ, გარდა თვითონ ხალხისა, მაგრამ მაინც ყოველთვის იკვლელს მარტივს და არა რთულს საფუძველთ საზოგადოების მოსაწყობად. ხალხი, როგორც გამოცდილი ჭკუის პატრონი, რომლის გონებაც სხოლასტიკურის სწავლით არ არის დამახინჯებული, მსჯელობის დროს იწყობს მარტივიდამ და გადადის რთულზედ, კერძოდ გადადის საზოგადოზედ. თავის მსჯელობის საფუძვლად პირველად იგი ღებულობს ცოცხალს პირს, კაცსა, მერე რამდენსამე პირთა კომბინაციას ოჯახობაში, მეურნეობაში და კომლობაში. ოჯახობა და კომლობა ერთად შეადგენენ ერთს საზოგადოებას, თემობას, რომელიც როცა სხვა თავის მაგვარს საზოგადოებას შეუერთდება, შეადგენს ერთს დიდს საზოგადოებრივ სხეულს. ამაზე შორს ხალხის გონება აღარ მიდის და უთმობს ბურთს და მოედანს ბელადთ, ჭკვიან ხალხთ, რომელნიც შეიარაღებულნი არიან მეცნიერებით და ისტორიულის გამოცდილებით. ხალხი მხოლოდ გვიჩვენებს გზას, გვაძლევს ხელში საფუძველს, გვიჩვენებს მეთოდებს, რომ გამოვიკვლიოთ იმისთანა გარეგანი ფორმები, რომელნიც შეეფერებიან ხალხის ცხოვრებას. როგორც ჰხედავთ, ხალხის მეთოდი სხვა არის და განვითარებულის კაცებისა სხვა; ეს უკანასკნელნი იწყობენ საქმეს ზოგადობიდამ, გარეგნობიდამ და ცდილობენ გადავიდნენ კერძოზედ, მაგრამ თავის დღეში კი სურვილი ვერ უსრულდებათ. საზოგადოების მოწინავე ბელადნი, შემდეგ უგზო-უკვლოდ სიარულისა და მიხვევ-მოხვევისა, მისულან იმ დასკვნამდის, რომ შესწავლა და განვითარება ხალხის ცნობიერების მიერ გამოკვლეულ გონივრულ საფუძველთა საზოგადოებრივის ცხოვრების მოსაწყობად არის ნამდვილი წყარო საზოგადოებრივი საგნების ასაღსნელად. მათი ვალია მხოლოდ გამოიკვლიონ და შექმნან პირობანი, რომელნიც ხელს უწყობდნენ ხალხის იდეალს, ეკონომიურის, საზოგადოებრივის და პოლიტიკურის მხრით. ესრედ პოლიტიკური ფორმები ექვემდებარებიან ეკონომიურს ფორმებს: პოლიტიკური პროექტები მეტის უფლების მექონეთა და განათლებულთა სრულიად შეესაბამებიან მათ მიერ სასურველ ეკონომიურს წყობილებას; ხოლო საზოგადოებრივი და პოლიტიკური იდეალი ხალხისა კი სრულიად შეესაბამება ხალხისავე სურვილს და ლტოლვილებას ეკონომიურის მხრით. აქ ეკონომიურს მოტივებს პირველი ადგილი უჭირავთ.
რომ პოლიტიკური და ეკონომიური მოძრაობა ხელიხელს გადახვეულნი მიმდინარეობენ, ამის დასამტკიცებლად შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითი ავიღოთ თუნდა ჩვენის ნაციონალურის აღორძინების ისტორიიდამ, რომელიც ამ უკანასკნელს დროს დაიწყო, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, ბატონებო... ეს ცოტა არ არის მეხამუშება, იქნებ თქვენ ჩემი აზრი არა თვალთ-მაქცურ გულის-წყრომით ერეტიკულ აზრად ჩასთვალოთ, მაგრამ გთხოვთ, ბატონებო, მრავალ-ტანჯულს და წამებულს სამშობლოსადმი საერთო სიყვარულის სახელითა, იმ სიყვარულისა, რომელიც ჩვენცა და თქვენც გვასულდგმულებს, მოვეპყრათ საქმეს ისე კი არა, როგორც ეპყრობიან გონება-დაბნეულნი, ამპარტავნობით და ცრუ თავ-მოყვარეობით გატაცებულნი, არამედ როგორც მიუდგომელნი და გულ-აუჩქარებელნი. ასე უნდა მოვიქცეთ, უკეთუ გვსურს ერთმანეთისათვის გაუგებარნი არ დავრჩეთ.
აი რაში მდგომარეობს ჩემი აზრი: დიდი ხანია ვხედავთ ჩვენს სამშობლოს გაჩუმებულსა, გაყინულსა, რომელსაც არავითარი სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა, თითქოს იგი დავარდნილიყოს, გამოფიტულიყოს, თითქო აღხოცოდეს მას კაცები, რომელთაც შეეძლოთ იკისრონ მოთავეობა, გახდნენ ბელადნი მოძრაობისა, რომ ამით გამოაღვიძონ ხალხი იმ ღრმა ძილისაგან, რომელსაც მიეცა ისტორიულის წამებისა და ტანჯვის შემდეგ. მხოლოდ 1860 წლიდამ სჩანან მოძრაობის ნიშნები ჩვენის მიმძინარებულის ქვეყნისა, რომელიც არ “მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”: იგი ნელ-ნელა იდგამს ფეხს, იფშვნეტავს თვალებს, შეშინებული იყურება აქეთ-იქით. გუშინდელი მკვდარი, რომელსაც ჯერ კიდევ სრულიად არა სწამს თავის აღდგენა, უეცრივ მოვლინებული ბედნიერება, იჭვიანად სცდის თავის მკლავებს, რომელნიც, ჰგონია, დამდუმებიანო, და ჰხედავს, რომ მკლავები მოძრაობაში მოდიან; იშინჯავს თავს, ჰფიქრობს, მაგრად მაბია მხრებზედ თუ არაო, აგრეთვე სცდის გონებას, ტვინს, ხომ არ დამჩლუნგებიაო, ხომ არ გადაჩვეულა მუშაობასაო და ჰხედავს, რომ თავიც და ტვინიც თავის რიგზედ არის. მკვდარი მოდის მოძრაობაში, დგება ფეხზედა, უყურებს ქვეყანას და აღთქმას სდებს იმუშაოს დღე-და-ღამე, რომ დაეწიოს დაკარგულს დროს. სულის შემხუთავი ჰაერი, რომელიც მას გარშემოერტყა, ნელ-ნელა ჰქრება ამომავალის მზის შუქზედ... მითხარით ერთი, გეთაყვა, რითი აღსნით ამ ნაციონალურს მოძრაობას? ნუ თუ მარტო გარეგანის საქმით, როგორც მაგალითებრ იმით, რომ 1860 წელს დაბრუნდა რუსეთიდამ საქართველოში რამდენიმე ქართველი განათლებული ყმაწვილი-კაცი, რომელნიც სცხოვრობდნენ რუსეთის სატახტო ქალაქში, ამ ქვეყანაში შესანიშნავ მოძრაობის დროს? ნუ თუ იმითი, რომ ამ განათლებულთ ყმაწვილ-კაცთ, აღტაცებულთ მამულის სიყვარულით, დააარსეს ჟურნალ-გაზეთები, გამოსცეს წიგნები და სხვ. ეს ხომ მხოლოდ ფაქტია და არა აღსნა მისი.
ჩემის აზრით, მიზეზი სრულიად სხვა არის. წარსულს საუკუნოებიდამვე რუსეთის დაახლოვებას საქართველოსთან არ შეიძლებოდა არა ჰქონოდა გავლენა ჩვენის ხალხის ცხოვრებაზედ. უწინდელი წარმოების ფორმები გაჰქრენ, ახლები დაიბადნენ; ძველი ცხოვრების მატერიალური პირობანი შეიცვალნენ, ხალხის მიერ უცნობის პირობებით. თქვენ, რასაკვირველია, უარს არა ჰყოფთ, რომ რუსეთმა ჩვენს ეკონომიურს ცხოვრებაში ახალი ელემენტი შემოიტანა, რომელიც წინად არ იყო, რისგანაც წარმოებრივნი ურთი-ერთობანი ხალხისა ძლიერ შეიცვალა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენში გლეხთა შესახებ რეფორმები მოხდა. ცვლილებამ იწარმოვა და ძველი წესები დაირღვა. და რადგანაც ცვლილება ბევრჯელ ხალხის სასარგებლოდ არ არის ხოლმე, ამისათვის ხალხი დიდ სიღარიბეში ჩავარდა, - ეს ერთი. მეორეს მხრით, ხალხის ეკონომიურის ცხოვრების ახალმა წყობამ მოიყვანა მოძრაობაში თვითონ ხალხიც, რომელმაც ამ საზოგადო მოძრაობას დასდო თავისი ფერი და სიცხოველე. ეს მოძრაობა იყო ხალხში ახალი ეკონომიურის პირობების შემოტანის პასუხად. აზრმა გაიღვიძა, სამშობლოსათვის მოღვაწენი გამოვიდნენ საზოგადო ასპარეზზედ. საზოგადო საჭიროებამ მოითხოვა მათი გამოსვლა, იგინი გამოიწვია დრომ და არა მათ დრო. ვგონებ, მათის თავ-მოყვარეობის საწყენს არაფერს ვამბობ: ეს ყველგან ასე იყო და ასეც იქნება. მე უარს არ ვყოფ მათს გავლენას ჩვენი ქვეყნის საქმეების მიმდინარეობაზედ, არა, იმათ მისცეს მიმართულება და სახე მოძრაობას. იმათ აუგზნეს ნაციონალური გრძნობა ხალხის დაწინაურებულ წოდებათა, თუმცა თვითონ ისინი იყვნენ ეკონომიურის ცხოვრების შეცვლის მიზეზნი, მათის მოღვაწეობის წყალობით, მათის დაუღალავის და კეთილშობილურის მუშაკობის მეოხებით, მოძრაობას ფერი დაედო; მაგრამ... გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს იმათივე მოქმედების წყალობით მოძრაობამ მიიღო ერთ-გვარი ხასიათი, მეტის-მეტი ნაციონალურის, მეტის-მეტი - თუ შეიძლება ასე ვსთქვათ - კულტურული და მხოლოდ მცირედ - ხალხური. მოძრაობის ამისთანა მიმართულებამ არ შეიძლება არ შეაწუხოს და არ დააღონოს ჭეშმარიტი მამულის შვილნი და გულ-წრფელნი მოსურნენი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისა.

2
თქვენი მოქმედება, ბატონებო, ძლიერ პატივსაცემია, თქვენი ღვაწლი ყველასათვის ცხადია. ჩვენც თანაუგრძნობთ მას, მაგრამ ამასთანავე ჩვენის მხრით დიდი უზრდელობა იქნებოდა თქვენი წმინდა განზრახვათა წინაშე - დაგვემალა თქვენთვის, რომ ის კითხვები და საგნები, რომელთაც თქვენ ეხლა სულით და გულით მისცემიხართ, ჩვენ უსაჭიროეს და არსებით საგნებად არ მიგვაჩნია. ღაღადება სკოლებში ქართულის ენის შემოღებაზედ, სახალხო სკოლების დაფუძნებაზედ, ქართულის თეატრის გამართვაზედ, სასარგებლო წიგნების გამოცემაზედ, ჩვენი ენის განვითარებასა და გამშვენიერებაზედ და სხვა და სხვა. და ყოველივე ესენი ძლიერ საჭირონი და თანაგრძნობის ღირსნი საგნები არიან. მაგრამ ამ საგნებზედ გაჩერება, მათ გარშემო ტრიალი და ამასთანავე კმაყოფილებით ძახილი, რომ მხოლოდ ამაებზედ არის დამყარებული ჩვენი ქვეყნის ბედნიერებაო, იმასა ნიშნავს, რომ თქვენ მოქმედების პროგრამა ჯერ კიდევ არა გქონიათ შემუშავებული და მტკიცე ნიადაგზე დამყარებული... ეს მიუტევებელი ცოდვა გახლავთ თქვენთვის. არც ერთ წრეს ხალხის ბელადთა, რომელსაც კი სურს შეიქმნას ჭეშმარიტი გამომეტყველი და წარმომადგენელი თავის ქვეყნის ინტერესებისა, არ ექნება მომავალი, თუ რომ იგი განზრახ ან გაუგებლობით უქცევს გზას ეკონომიურის საგნების ახსნას და გადაწყვეტას, რომლების გამოსარკვეველათაც იბრძვის ეხლა ყველა თანამედროვე პარტიები, მთელი კაცობრიობა. მე ცოტა არ არის მრცხვენიან, რომ ამისთანა ანბანურ ჭეშმარიტებათა დასამტკიცებლად ამდენს ხანს გებაასებით, რადგან მათ უცოდინარობას მე თქვენ ვერ დაგწამებთ. მე კარგად ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იმდენად განათლებულია და იმდენად მცოდნე საზოგადოებრივ საგნებისა, და ვალდებულიც არის იყვეს მცოდნე, რომ ადვილად დათანხმდება ჩემს დედა აზრზე.
აი ამისათვის მუდამ გვაოცებდა და გვაკვირვებდა ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ჟურნალ-გაზეთობაში სრულიად ვერა ვპოულობდით პოლიტიკო-ეკონომიურს სტატიებს. ჩვენ ხშირად შევხვედრივართ ჩვენს მწერლობაში სამეცნიერო სტატიებს და პოლიტიკურის ხასიათის წერილებს, რომელთ საგნად ყოფილა გარეგანი პოლიტიკური ცხოვრება და ლიტერატურა ევროპისა და რუსეთისა, მაგრამ სრულებით არ გვინახავს არამც თუ მსჯელობანი ეკონომიურს საგნებზე, არამედ ზოგად ფილოსოფიურს სტატიებსაც არ შევხვედრივართ ცხოვრების რომელსამე სათვალსაჩინო მოვლენაზედ. და ეს გარემოება მაშინ შეინიშნება, როდესაც ჩვენის აზრით, ყველაზედ მომეტებული ალაგი ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში უნდა ეჭიროს ნიშანდობლივ ამგვარ სტატიებს. თქვენ თითქო განზრახ სტოვებთ უყურადღებოდ, ეკიდებით გულ-გრილად ვრცელს ნაწილს და სფერას ხალხის ცხოვრებისას და გაჰყოლიხართ მსჯელობას უნაყოფო პოლიტიკურს საგნების შესახებ ერთსა და იგივე უცვალებად თემაზე: ევროპულ მინისტრების ცვლილებაზედ და დაუსრულებელს ლიტონ დებატებზედ იქაურ სახელმწიფოთა კონსტიტუციურს პალატებთა შინა. ის კი არა თუ ეკონომიურ ტკივილების მოშორებაზე და ეკონომიურ სენთაგან განთავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენის ხალხის კეთილ-დღეობა და დოვლათი.
მაგრამ, ცხადია, რომ არ შეიძლება განკარგებაში და გაუკეთესობაში შევიყვანოთ ის, რის გაგება და ცნობა არა გვაქვს, არ შეიძლება რეფორმა მოახდინო რომელსამე საზოგადოებრივ ცხოვრების ნაწილისა, თუ იგი უცნობია და გამოურკვეველი. ამისათვის არის საჭირო სვინდისიერი და ყოველმხრივი შესწავლა ხალხის ეკონომიურის ცხოვრების ყოველ მხარეთა. მხოლოდ ამ გვარს შესწავლაზე დამყარებით შეიძლება დაასკვნა ესა თუ ის დედა-აზრი, გამოიკვლიო ხელმძღვანელი პრინციპი და გზის მაჩვენებელი ნათელი ჭეშმარიტი, რომლის შემწეობით შესაძლებელ-იქნება მოიპოვოს კაცმა ზომანი და ღონისძიებანი საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, დამაშვრალ და ტანჯულ მშრომელთა გაჭირვების და უილაჯობის ცრემლების მოსაწმენდად. მართლაც, ვიცით განა, ცოტად მაინც წესიერად, ეხლანდელი მდგომარეობა ხალხისა? შეგვიძლიან ვუჩვენოთ უახლოესი მიზეზნი წუხილისა, გაჭირვებისა და გაღარიბებისა? მეტის-მეტი უარარაობაა ჩვენში შესახებ იმ გვარ წყაროთა და მასალათა, რომელთ შემწეობით შეიძლებოდეს მტკიცედ - მეცნიერულად აღიარებულ და დადგენილ იქმნას, რომ აი, ასეთი და ასეთია თანამედროვე მდგომარეობა ჩვენის ეკონომიურის ცხოვრებისაო. ჩვენში არ არსებობს არც კერძო ადგილობრივი გამოკვლევანი, არც სტატისტიკური შრომანი და, დასასრულ, არც ოფიციალურნი, მმართველობის მიერ გამოქვეყნებულნი ცნობანი, - და მაინც და მაინც ჩვენ ამაყად და დარბაისლურად გამოვდივართ საასპარეზოდ საზოგადოებრივის მოღვაწეობის სარბიელზე, და ვგონებთ, რომ საქმეს იოლად წავიყვანთ, დიდი ცოდნაც რომ არა გვქონდეს, რომ საკმარისია მხოლოდ კეთილ-შობილური წადილი და ახირებული თავ-გამოდება! ვინც როგორც უნდა ჰფიქრობდეს ეკონომიურის საგნების მნიშვნელობის შესახებ, მაინც უეჭველია ყველა დამეთანხმება, რომ ამ გვარ თუნდ სრულიად შემუშავებელ მასალის გარეშე, ყოველი ჩვენი დაწყობილობა და მეცადინეობა, ჩვენი განზრახულება და იმედები ფუჭად ჩაივლის, უნაყოფოდ განჰქრება და ნამდვილს ნიადაგზე არ იქმნება დამყარებული. ბოლოს და ბოლოს მაინც საჭიროა რამეზედ დაამყაროს, დააფუძნოს კაცმა თავისი მოსაზრებანი, თორემ ხელში არა დაგვრჩება რა. მერე რა თავსატეხი და ბრძნული საქმე არის შეგროვება და შეკრეფა შემუშავებულ ფაქტებისა, სტატისტიკურს ცნობათა, რომ არ გამოჩნდეს ამ საქმისათვის საკმარისად მოხერხებული და გამოსადეგი კაცები. აქ არ არის საჭირო არც ყოვლად ღრმა და დიდი ცოდნა, არც განსაკუთრებითი ნიჭი, - საჭიროა მხოლოდ მოთმინებით იშრომოს კაცმა და კეთილ-სვინდისიერად მოეპყრას საქმეს. პირველად შეიძლებოდა მოგვეხერხებინა და გვეთხოვნა ოფიციალურად, რომ დაწესებულიყო ჩვენში სტატისტიკური კომიტეტი, რომელიც მიჰყოფდა ხელს საჭირო მასალათა შეკრებას და მათ დალაგებას, რიგიანი წარმატება და მიმართულება სტატისტიკურის კომიტეტის შრომისა, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება იმ პირთაგან, რომელნიც შეადგენენ კომიტეტს; ამისათვის საქმის კეთილ-მსვლელობის გულისათვის საჭიროა, რომ მასში მოჰყვნენ სრულის წრფელობით და სულითა და გულით მოყვარენი კაცნი სახალხო საქმისა. მეორედ, ქალაქების რჩევათ შეეძლოთ მოეწყოთ და მოეგვარებინათ შეკრება და გამოქვეყნება ყოველგვარ ცნობათა ქალაქის მცხოვრებლების შესახებ. მესამედ, ჩვენს საადგილ-მამულო ბანკებს თავიანთ მხრით შეეძლოთ, აგრეთვე, მრავალის სასარგებლო და ძვირფასის მასალის შეკრება და გამოქვეყნება ცნობათა მამულებზედ და სამიწაწყლო ურთიერთობაზედ, თუ მოხერხებით და ენერგიულად მოეჭიდებოდნენ საქმეს. კერძოობით რომ ვილაპარაკოთ, მათ შეეძლოთ გაეგოთ, რაოდენი მიწაა თავად-აზნაურთა მფლობელობაში, აგრეთვე სხვა წოდებათა ხელში, გარეშე გლეხთა წოდებისა, რომელთანაც მათ ვგონებთ, არავითარი პირ-და-პირი კავშირი არა აქვთ; მათ შეეძლოთ შეეკრიბათ ძრიელ საჭირო ცნობანი მებატონეთ მეურნეობაზე და ხვნა-მთესველობაზე გლეხთა რეფორმის შემდეგ, აგრეთვე ცნობანი საადგილ-მამულო ურთიერთობაზედ გლეხთა და მათ ნაბატონართა შორის და სხვა მრავალი ამ გვარი, თუ კი მათი ნება და სურვილი იქნებოდა. მეოთხედ, კერძო პირთ და დაწესებულებათ, “დამზოგველ ამხანაგობის” მაგგვართ, რომელნიც ვინ იცის რისთვის და ვისთვის ფუძნდებიან ჩვენში, შეეძლოთ აგრეთვე არა მცირედი დახმარება აღმოეჩინათ ამ გვარ საქმისათვის. ამასთანავე სოფლის მასწავლებელთ, სამაზრო და საგუბერნიო ადვოკატებს, განათლებულ მებატონეებს, რომელნიც სოფლად სცხოვრობენ და საზოგადოთ ყველას, ვინც ასე თუ ისე ხალხთან დაახლოებულია, შეეძლო დიდის მოხერხებით მიეყო ხელთ თუნდ ნაწყვეტ-ნაწყვეტის და არა სრულის ცნობების შეკრებისათვის ხალხის ცხოვრების სხვა-და-სხვა კერძო საგნების შესახებ.
ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს საქმის სიძნელემ. მართალია, პირველხანობით და ერთბაშად საქმე კარგად არ წავა, - საჭირო იქნება დიდი ცდილობა, დიდი შრომა, მაგრამ თუ მედგრად და გულს-მოდგინეთ გამოვეკიდებით ერთხელვე წინ წამოყენებულს საგანს, უთუოდ ჩვენ ჩვენსას გავიტანთ. პირველად ჩვენი ცდა, უეჭველია, მოუხერხებელი ცდა იქმნება, ჩვენი ნამუშავარი არა-დალაგებული, მაგრამ ყოველს საქმეში დაწყებაა საძნელო. ამასთან უნდა ვსთქვათ, რომ მსურველთ შეუძლიანთ მრავალი სასარგებლო ჩვენება და საგულისხმიერო ხელმძღვანელობა ჰპოვონ რუსულ სტატისტიკურ გამოკვლევათა გადათვალიერებით (მშვენიერი გამოკვლევანია პროფესორის იანსონის გამოკვლევანი) და უფრო მომეტებულად - რუსულ თემობისა და ერობის სხვა-და-სხვა სტატისტიკურს განყოფილებათა ნამუშევარის გადაშინჯვით. მაგ. ნაშრომი და ნაღვაწლი მოსკოვისა და ჩერნიგოვის ერობის სტატისტიკურ განყოფილებათა ჩაითვლება სწორედ სამაგალითო ნიმუშად ცნობათა შეკრებისათვის; მათივე გადათვალიერებით მოიპოვებს კაცი საჭირო თეორეთიკულ და ხელ-მძღვანელ აზრებს სტატისტიკურის მუშაობის მეტოდების შესახებ. შემდეგ შეიძლება ისარგებლოს კაცმა ამ საქმის ტეხნიკურის მხარის გასაცნობად და ნიმუშად იქონიოს დაწვრილებით შედგენილი პროგრამები ცნობათა შესაკრებად რუსულს ობშჩინაზე, გამოცემული რუსეთის “თავისუფალ ეკონომიურ საზოგადოებისაგან” და სხვა კერძო პირთაგან (მაგ. ქალის ეფიმენკოსაგან, ბ. ტრიროგოვისაგან). მაგრამ უფრო ძვირფასია და განსაკუთრებულის ყურადღების ღირსია ბ. ტრიროგოვის მეტოდი გამოკვლევისათვის ეკონომიურ ცხოვრების მოვლენათა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იგი იღებს თავის დაკვირვებასა და მოსაზრებათა საფუძვლად განკერძოებულს და დამოუკიდებელს მეურნეობას გლეხისას და ჰყოფს გლეხობას რამდენსამე კატეგორიად და ჯგუფად მეურნეობრივის მოწყობილობის და შეძლებულობის მიხედულობით. ერთის მხრით იგი უყრის თავს ერთ ჯამში ყოველს შემოსავალს, ხოლო მეორეს მხრით, ერთად გამოჰყავს უსაჭიროესი და აუცილებელი ხარჯი და ამ სახით ზედ-მიწევნით დაახლოვებულად და საგულის-ხმიერო თვალ და თვალობით აჩვენებს მკითხველს მეურნეობრივის შემოსავლის და დანახარჯის სიას (ბიუჯეტს) გლეხისას. ხოლო ამ გარემოებას ფრიად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი უადვილებს კაცს ცხადად და გარკვევით წარმოიდგინოს და შეიგნოს, რა მეურნეობრივი ძალა აქვს ხალხს და რა გვარად აწარმოებს მას (იხ. მრავალი სტატიები ამ საგანზედ Отечест? зап? და სხვა ჟურნალებში). მე მტკიცედა ვარ დარწმუნებული, რომ საჭიროა მხოლოდ თანხმობით და კეთილ-სვინდისიერად მოვკიდოთ საქმეს ხელი. თორემ მის აღსრულებისათვის გზა გამოჩნდება და დაწვლილებითნი კერძოობანიც შემუშავდება ცნობათა შესაკრების პროგრამისა. ხოლო მე ჩემის მხრით ამ წერილში ერთი შემიძლიან მოვახერხო. მე შემიძლიან მხოლოდ აღვნიშნო ის საგნები, რომელნიც, ჩემის ფიქრით, უფრო საყურადღებონი და უფრო ღირსნი არიან გამოკვლევისა. მე ფიქრათაც არ მამდის, რომ შევიძლებ პროგრამის შედგენას და მის გამოქვეყნებას საყოველთაო სახმარებლად. ეს მე არ შემიძლიან მოვახერხო. მე მხოლოდ, ვიმეორებ კიდევ, მკრთალად ვსახავ იმ უფრო საყურადღებო საგნებს, რომელთაც მხარს ვერ აუქცევენ საზოგადოებრივი მოღვაწენი, უკეთუ მათ ჰსურთ გამოიკვლიონ და შეიმუშავონ მეცნიერულ საფუძველზედ დამყარებული პროგრამა მოქმედობისა. თუ მე გამოვსტოვე რამ, ან ვერ შევნიშნე და შესაბამი ყურადღება ვერ მივაქციე, თქვენ, ეჭვი არა მაქვს, შეავსებთ ნაკლს, გამისწორებთ შეცდომას. მხოლოდ ამ გზით, ურთიერთ შეცდომათა გასწორებისა და ურთი-ერთ აზრის შევსებისა და განმარტებისა, შეგვიძლიან სწორედ და სამართლიანად გადავწყვიტოთ ჩვენი სადღეისო და არსებითი საგნები.
პირველი საგანი, რომელსაც სხვა-და-სხვა მიზეზისა გამო, ჩვენთვის უაღრესი მნიშვნელობა აქვს, არის შემდეგი.
რა ცვლილებანი იქმნენ შემოტანილი რუსეთის მიერ ქართველ ხალხის ეკონომიურს ცხოვრებაში ამ თითქმის ასის წლის დამოკიდებულების დროის განმავლობაში, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: შემოტანილ იქმნა თუ არა რუსების მიერ ჩვენს ცხოვრებაში რომელიმე ხალხის განმანათლებელი დაწყობილება და წესი (цивилизующее начало). როგორი ხასიათი ჰქონდა უმთავრესად რუსეთის მთავრობის საეკონომიო და საფინანსო ზომიერებათ, შესახებ ჩვენის ქვეყნისა, მის მფლობელობის სხვა-და-სხვა დროს კავკასიაში?
როგორ იმოქმედა ხალხის ეკონომიურს მდგომარეობაზე საგლეხო რეფორმამ? (მეტად საჭიროა შედარებითი შესწავლა ეკონომიურის წესწყობილებისა, რომელიც არსებობდა რეფორმამდე და რომელიც სუფევს დღეს). რა გვარი ახალი ეკონომიური ურთიერთობა დამყარდა რეფორმის გავლენის ქვეშ? როგორ აღსრულდა და ხორც-შესხმული იქმნა რეფორმა ფაქტიურად? რა მიმართულებისა და ხასიათისა იყო სხვა-და-სხვა მთავრობის ზომიერება, გამოცხადებული დასამატებლად და შესავსებლად რეფორმისა? რაოდენი მიწა აქვს ეხლა გლეხს ნამდვილად? თითოს სულზე რამდენი შეხვდება?
რაოდენათ გაცუდდა მებატონეთ და საზოგადოთ თავად-აზნაურთა მეურნეობა რეფორმის გამო? როგორი ურთი-ერთობა დაარსდა გლეხთა და ნაბატონართა შორის ამ უკანასკნელს დროს? რითი სჩანს, რომ ასეთია და არა ისეთი მათ შორის ურთიერთობა? რადგან მებატონეს მოაკლდა მუქთი შრომა გლეხისა, შემცირდა თუ არა მისი ხვნა-თესვა და მამულები და არა მისი მარტო, არამედ საზოგადოთ თავად-აზნაურობისა? თუ თავად-აზნაურობა ცდილობს მიწადმოქმედობაში გამოიყენოს საუკეთესო სამეურნეო იარაღები და შეიტანოს რიგიანი წესები? ვის ხელში გადადის თავად-აზნაურობისაგან გასყიდული მიწა და მამულები - მხვნელ-მთესველ გლეხებისა, თუ სხვა წოდების ხალხთა ხელში? რას უშვრებიან მიწებს იმისთანა მყიდველნი, მაგ., როგორც ვაჭრები და ხალხის სხვა-და-სხვა მცარცველნი არიან - (რა ტომს ეკუთვნიან მომეტებულად ეს უკანასკნელნი)? თავათ მისდევენ ხვნა-თესვას და დამოუკიდებელ მიწადმოქმედებას, თუ მიწას გლეხებს აძლევენ იჯარით და საღალოდ? უკანასკნელს შემთხვევაში რაოდენია ხოლმე ღალა? ფულით იხდიან ამ ღალას, თუ პირ-და-პირ მოსავლითაც?
ამ საზოგადო საგნებიდამ გადავიდეთ ახლა კერძო საგნებზე, რომელნიც პირველთაგან მომდინარეობენ.
მაგრამ რომ არ დავიბნეთ და გზა არ დავკარგოთ სხვა-და-სხვა და მრავალ-გვარ ეკონომიურ მოვლენათა შორის, საჭიროა გამოკვლეულ იქმნას მთავარი საფუძველი, რომელზედაც შეიძლებოდეს მტკიცედ დამყარება. ჩემის აზრით, უფრო გამოსადეგი და მოხერხებული გზა გამოკვლევათათვის არის ის გზა, ანუ მეტოდი, რომელსაც მისდევს თვით ხალხი, ე. ი. იგი ჯერ მარტივს იკვლევს და მერე რთულს, ჯერ კერძოს და მერე საზოგადოს. ჩვენ უნდა ავიღოთ გამოკვლევისათვის დამოუკიდებელი კერძო მეურნეობა მიწად-მოქმედისა, უკეთუ სამიწათ-მოქმედო წარმოების ანგარიში და მდგომარეობა გვსურს შევიტყოთ, ანდა ცალკე ხელოსნის მუშაობის ანგარიში უნდა შევიტყოთ და გამოიკვლიოთ, თუ გვსურს მრეწველობის ვითარების შეტყობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიმუშად უნდა იქმნას აღებული ტიპიური დამოუკიდებელი მეურნეობა და აღიწეროს ვრცლად და დაწვრილებით ყოველმხრივ. 1-ლად, ცნობაში უნდა იქმნას მოყვანილი, რაოდენი მიწა აქვს გლეხს, 2. მუშა საქონელი რამდენი ჰყავს, 3. სამეურნეო იარაღების ნაკლებობას ხომ არა გრძნობს, 4. რამდენი კაცი წაღმართობს ამ მეურნეობაში, გუთნის დედაა თუ მეხრე და სხვა. შემდეგ უნდა დამტკიცდეს, რა თვისებისა და ნაყოფიერებისაა მიწა და რა მოსავალს იძლევა. მერე სრული შემოსავალი უნდა იქმნას გამოანგარიშებული და პურის რაოდენობით გამოიხატოს ეს შემოსავალი. უნდა იქმნას ნაჩვენები: რა წილი მიდის ამ პურისა სახელმწიფო ხარჯის გასასტუმრებლად, რა წილი ეძლევა ვალში, რამდენს ჰყიდის ნაღდ ფულზე და რაღამდენი რჩება შემოსავლიდან თავად მხვნელ-მთესველს თავის საკუთარის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამ დარჩენილს შემოსავალს უნდა მოაკლდეს კიდევ მისი შრომის ფასი და გამოირიცხოს აგრეთვე სათესლე. რაც დარჩება, ის იქნება გლეხის წმინდა შემოსავალი და ცალკედ გამოიხატება. შეიძლება ძირს არცა რა დარჩეს რა, ან მოგების მაგიერად წაგება ენახოს და ვალი თავს დასდებოდეს. ესეც აღინიშნება და ცალკედ გამოიხატება. რასაკვირველია, ამ გვარად შევიძლებთ ცხადათ დავინახოთ რამდენად სასარგებლოა გლეხისთვის დამოუკიდებლის მეურნეობის და ხვნა-თესვის წარმოება, ან რა მსხვერპლს ითხოვს მისგან მისი სურვილი, რომ უსათუოდ აწარმოებდეს ამ საქმეს დამოუკიდებლად, ამ გვარსავე გამოანგარიშების გზას უნდა ვადგეთ დამოუკიდებელის ხელოსნის შრომის გამოსაკვლევად, მაგრამ, რასაკვირველია, ასე ვერ მოვიქცევით ქარხნის მუშის შესახებ, იმიტომ რომ იგი წარმოადგენს არა დამოუკიდებელს პატრონს საქმისას, არამედ დაქირავებულია ქარხნის მეპატრონისაგან, ან მის ნებაზეა დამოკიდებული, ან და მის ნებაზედაც და იმაზედაც, თუ როგორ ფასობს მუშა კაცი დღიურად.
გადავიდეთ ახლა სხვა საგანსა და კითხვებზედ. ჯერ პირველად კი ჩვენში მიწის მფლობელობის სხვა-და-სხვა ფორმებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
II. რომელი ფორმა მიწათ-მფლობელობისა უფროა გავრცელებული ქართველ ხალხში? არსებობს თუ არა საერთო მამულის მფლობელობა? რაში გამოიხატება იგი? რა-და-რა ალაგას, რომელს მხარეში უფროა იგი აღორძინებული და მომეტებულად გავრცელებული? უკეთუ საერთოდ მიწის მფლობელობა არ დაცულა და არ შენახულა წმინდათ, რომელი მისი კერძო მხარე მაინც გადარჩენილა, არ დარღვეულა და არსებობს კიდევ? ჰფლობენ გლეხნი საერთოდ საძოვრებს, საბალახეებს, სათივეებს და ტყეს, თუ განაწილებული აქვთ ესეები კომლობრივ? თუ სადმე არსებობს საერთოდ მამულის მფლობელობა, რა გვარად და რა ხერხით ანაწილებენ მიწას გლეხნი ურთიერთ შორის? (უნდა აღიწეროს ვრცლად და ნათლად, როგორ სწარმოებს ეს განაწილება). მთლად მიწა იყოფა რამდენსამე ნაჭრად ნაყოფიერობის მიხედვით და ყოველს გლეხს ეძლევა სხვა-და-სხვა ნაჭრის ნაწილი, თუ სხვაფრივ? ხშირია განაწილება მიწისა, თუ ერთხელ განაწილებული რამდენსამე ათსა და ოცს წელიწადს გრძელდება და მერე ისევ ხელმეორედ ანაწილებენ? საზოგადოდ, რაში მდგომარეობს გარჩევა და მსგავსება ქართველის ხალხისა და რუსეთის ხალხის საერთოდ მიწად მფლობელობას შორის, ან ჩვენსა და რუსულს ობშჩინას შუა? ვინ და როგორ მოარიგებს ქონებრივის უთანხმოების და დავის დროს მიწის ერთად მფლობელთა? როგორი ურთი-ერთობა არის დამყარებული საერთოდ მიწათ-მფლობელთა თემებს შორის, ანუ ობშჩინებს შორის. აქვთ ხოლმე თუ არა ორსა და სამს თემს ერთად საერთო მფლობელობაში ან სათივე, ან ტყე?
არსებობს თუ არა ერთობლივი შრომა, ე. ი. არის ხოლმე შემთხვევა, რომ საერთოდ მოხნას თემმა ან რამე მოინაღვაწოს საერთოდ მოსახმარებლადვე? ანუ სხვა სიტყვით: ხომ არ მოხდება ხოლმე, რომ სათემო კაცებმა ერთად გასთიბონ, ვსთქვათ, სათივე და მერე გაინაწილონ მათვე, როგორც შრომაში მონაწილეებმა? განაწილების საფუძვლად რა მიაჩნიათ? უკეთუ არაფერი ესეები არ არსებობს, მაშინ როგორ უცქერის გლეხობა ამ გვარს წესებს? არ მოსწონთ და ეჯავრებათ ამ გვარი წესები, როგორც წინააღმდეგნი მათ ზნისა და ცნება-წარმოდგენისა, თუ მოსწონთ, მაგრამ ჰგონიათ მაგგვარ წესებს ვერ ვაწარმოვებთო?
III. დიდი და მძიმეა ხალხის ხარჯი და გადასახადი? შეუძლიან თუ არა გლეხის მიწის შემოსავალს გაისტუმროს ყოველი ხარჯი გლეხის მეურნეობისა და ოჯახისა, ამ ხარჯში რომ სახელმწიფო გადასახადიც ჩავაგდოთ? უკეთუ გლეხს თავისი საკუთარი მიწა არ ჰყოფნის, სად შოულობს მას და რა პირობით? რა გვარ დამოკიდებულებაში ვარდება გლეხი მიწის ნაკლებობისა გამო თავის ნაბატონარისა თუ მიწათმფლობელის მიმართ? უფრო განვითარდა და მაღალს ხარისხზედ აიწია მიწათმოქმედების და ხვნა-თესვის წარმოებამ გლეხებში, თუ უფრო დაეცა ეს უკანასკნელი წინა დროსთან შედარებით?
IV. ხშირად ჰყიდიან გლეხები თავიანთ მიწებს და ვის ხელში გადადიან ეს მიწები? რა მიზეზები აიძულებს გლეხებს მამულების გაყიდვას? რა გავლენას ახდენს გლეხობაზე ყიდვა ვაჭრების მიერ გლეხების და თავად-აზნაურების მამულებისა?
V. რამოდენათ ფასობს გლეხის დღიური სამიწათმოქმედო შრომა? ხშირად შოულობს იგი ამ გვარს სამუშაოს, თუ არა? რომელნი გლეხნი უფრო ჰკიდებენ ხელს ამ შრომას: მარტო ისინი, რომელთაც მიწა ხელიდგან გამოეცალათ, თუ ისინიც, რომელნიც გრძნობენ მიწის ნაკლებობას? გავრცელებულია, თუ არა გლეხის გადასვლა სხვაგან სამუშაოდ და რა მსგავსებაა ამ მხრივ რუსისა და ჩვენს გლეხს შორის.
VI. რა გვარ შრომას მისდევს კიდევ ჩვენი გლეხი, სამიწათმომქმედო შრომის გარდა, თავის საჭიროების და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და სახელმწიფო ხარჯის და გადასახადის გასასტუმრებლად? მისდევს თუ არა ჩვენში გლეხობა სოფლად ხელოსნობას (кустарнпя промышленность)? რამდენად შველის ჩვენს გლეხობას ეს ხელოსნობა, რომელსაც იგი ახმარებს თავის თავისუფალ დროს. თუ არიან სოფელში ისეთი ხელოსნები, რომელნიც საკუთრად ამ ხელოსნობით სცხოვრობენ? თუ არსებობს ეს ხელოსნობა - სად უფრო გავრცელებულია, სოფლად თუ ქალაქში? აქვთ თუ არა ამ ხელოსნებს საჭირო თანხა, საკუთარი იარაღები წარმოებისა, თავიანთ საკუთარ ფულით ჰყიდულობენ საჭირო მასალას თავის ხელობისათვის, თუ წურბელა-ვაჭრებთან იჭერენ საქმეს და იგინი ყველა ამ მასალით ხელს უმართავენ? ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რა პირობით შეეკვრიან ხოლმე ერთმანეთს? როგორ ასაღებენ ხელოსნები თავიანთ ნაწარმოებს: პირ-და-პირ ჰყიდიან მომხმარებელთ, თუ ისევ ის წურბელა ვაჭრები შუამავლობენ მწარმოებელთ და მომხმარებელთ შორის? თუ არსებობს ეს შუამავლობა, რამდენად საზარალოა ან სასარგებლო ხელოსნისათვის? რაოდენად ძლიერია ეკონომიური დამოკიდებულება ხელოსნისა ვაჭრისაგან და როგორ გამოიხატება იგი? აქვს ხელოსანს იმოდენა შემოსავალი, რომ გასწვდეს თავის საჭიროებას?
VII. როგორი მოწყობილობა აქვს ჰამქრობას ქალაქებში? როგორ შეიცვალა ეს მოწყობილობა ცხოვრების ახალ ვითარებათა გავლენის ქვეშ? რაოდენობა ხელოსნებისა, რომელნიც შეადგენენ სხვა-და-სხვა ჰამქრობას. რა-და-რა გვარი შრომისა და წარმოებისათვის მოუკიდნიათ ხელი ჰამქრებს? სდგებიან თუ არა ახალი ჰამქრობანი ეხლა? თუ სდგებიან - რა წესით? რა გავლენა აქვთ მათ ხელოსნობის მდგომარეობაზედ?
VIII. არსებობს თუ არა ჩვენში საფაბრიკო და საქარხნო მრეწველობა? რიცხვი ფაბრიკებისა და ქარხნებისა. მათ მიერ წარმოების რაოდენობა. რომელი ნაწილი მრეწველობისა უფრო სწარმოებს ამ ფაბრიკებში და ქარხნებში? როგორის თან-და-თანობით გადადიოდა სხვა-და-სხვა ნაწილი მრეწველობისა ფაბრიკებში და ქარხნებში? სად უფრო გახშირებულია ჩვენში საფაბრიკო და საქარხნო მრეწველობა და ვის ხელშია იგი? სად საღდება განსაკუთრებით ამათი ნაწარმოებნი. საღდება თუ არა იგინი გლეხობაში? საღდება თუ არა ეს ნაწარმოებნი სამზღვარს გარეშე?
რა სახით უფრო სწარმოებს მუშაობა ფაბრიკებში, ხელითა თუ მაშინითა? რომელ ფაბრიკებში მუშაობენ მაშინით?
ვისგან შესდგება მუშა ხალხი ფაბრიკებში - ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრებთაგან შესდგება იგი? თუ ზოგი ნაწილი მუშებისა სოფლელები არიან - სახელდობრ, რომელნი გლეხნი მიდიან მუშათ, ისინი, რომელთაც მამული არა აქვთ, თუ ისინი, რომელთაც თუმც მამული აქვთ, მაგრამ სამუდამოდ მუშათ იქ არ რჩებიან, მხოლოდ დროებით სარგებლობენ ფაბრიკით ხელის მოსანაცვლებლად? რამდენი არიან რიცხვით ფაბრიკის მუშები? დიდი მოთხოვნილებაა და ძლიერ უჭირთ თუ არა ფაბრიკისა და ქარხნის პატრონებს შრომა? ბევრნი არიან მოკლებულნი სამუშაოს? რა ფასი ეძლევა ფაბრიკის მუშებს დღეში? რამდენს ხანს მუშაობენ დღეში? მუშაობენ თუ არა დედა-კაცები და ბავშვები ამ ადგილებში? რამდენად ნაკლებია ამათი შრომის ფასი კაცისაზე? რამდენად წესიერად არის მოწყობილი ფაბრიკა და ქარხანა ჯანმრთელობისათვის? არსებობს თუ არა თანხმობა და კეთილი ურთიერთობა მუშებსა და პატრონებს შორის? მოხდება ხოლმე მათ შორის უთანხმოება და რა მიზეზით?
IX. არსებობს ჩვენში უბინაო და უსახლ-კარო ხალხი (პროლეტარიატი) და თუ არსებობს, სად უფრო მოიძებნება იგი, სოფლად თუ ქალაქებში? საიდგან იკრეფავს თავს ეს ბოგანო ხალხი? რა მიზეზია პროლეტარიატის არსებობისა? დიდია თუ არა რიცხვი ამ გვარის ხალხისა? რამდენ პროცენტს შეადგენს იგი სრულიად მცხოვრებლებისას? რა გვარ მუშაობას მისდევენ?
X. დიდი აღებ-მიცემობა აქვს თუ არა ქვეყანასა საზოგადოთ? უფრო რა გვარს აღებ-მიცემობას მისდევენ მცხოვრებელნი? გადის თუ არა საზღვრებს გარეთ საქონელი, რომელი და რამდენისა, სახელდობრ? საითკენ უფრო გააქვთ? ვის ხელშია შინაგანი და გარეშე აღებ-მიცემობა? რაში გამოიხატება ეკონომიური როლი და მნიშვნელობა სომხებისა და ურიებისა? სად უფრო მომეტებულად მოქმედობენ ესენი, სოფლად თუ ქალაქ ადგილს? როგორ უყურებს მათ ქართველი ხალხი და რა ურთიერთობაშია მათთან?
XI. რა გვარი საშუალებანი და საღსრები არსებობენ გაცვლა-გამოცვლისა და აღებ-მიცემობისა ჩვენს ქვეყანაში? ბევრია თუ არა საკრედიტო დაწესებულებანი? - რაში გამოიხატება მომეტებულად და უმთავრესად მათი მოქმედობა და რაოდენ სესხს და ფულს აწარმოვებს (размер оборотов). ვის უფრო ეხმარებიან და აღმოუჩენენ თავიანთ შემწეობას ეს დაწესებულებანი? არსებობს თუ არა გლეხობისათვის კრედიტი და სესხი. ან შესაძლებლად მიაჩნია მას ისარგებლოს ეხლანდელ საკრედიტო დაწესებულებათა სესხით? რა ზედმოქმედებას იჩენენ საზოგადოთ საკრედიტო დაწესებულებანი ქვეყნის ეკონომიურს ცხოვრებაზე?
ეკონომიურ მოვლენათა გამოკვლევასთან ერთად ძლიერ საჭიროა როგორც მეცნიერულის მხრივ, აგრეთვე პრაქტიკულის მხრითაც, შესწავლა ხალხის ყოფა-ცხოვრებათა.
XII. რა ხასიათი აქვს ხალხის საოჯახო ურთიერთობას? - წევრნი ოჯახისა ყველანი თანასწორის უფლების მექონენი არიან, თუ რომელიმე წევრთაგანი, უხუცესია და უმფროსია იგი თუ არა, მაინც ბატონობს ოჯახში, თავობს და იმორჩილებს ოჯახის სხვა წევრთ? როგორ და რაში გამოიხატება უფლება მემკვიდრეობისა, რა გვარია როლი დედა-კაცისა ანუ ქალისა ოჯახობაში და მეურნეობაში?
XIII. ხალხის იურიდიული შეხედულებანი რაში მდგომარეობენ? რამდენად ემზგავსებიან ან განირჩევიან იგინი განათლებულ და კულტურულ წოდებათა იურიდიკულ შეხედულებათაგან? იყო რამე გარჩევა უწინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, ამ შეხედულებათა შორის ერთის მხრით ხალხისა და მეორეს მხრით მეტის უფლების მექონეთა? რაში სჩანს ეგ გარჩევა ეხლა, როცა ჩვენში შემოღებულ იქმნა ახალი, ხალხისთვის უცნობი იურიდიკული დაწესებულებანი?
XIV. რა დასაბამი და რა საფუძველი მიაჩნია ხალხს ქვაკუთხედად თავის ცხოვრების ურთი-ერთობისათვის. ამ დასაბამად და საძირკვლად ყოველისა და ყოვლისავე შრომა ჰგონია და მიაჩნია ხალხს თუ სხვა რამე? როგორი შეხედულება აქვს ხალხს საკუთრების უფლებაზე.
XV. როგორ და რაში გამოიხატება საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეროვნული ლტოლვილებანი ხალხისა? რაში მდგომარეობს საზოგადოთ ხალხის გონებრივი ვითარება და სულის წუხილი? - როგორ და რაში იჩენს მისი შფოთვა და აღბორგება ცხოვრების ვითარებისა წინააღმდეგ? - ხშირად ეძლევა თუ არა აქტივური ხასიათი ამ აღბორგებას და შფოთვას ხალხის წინააღმდეგობისას. ვის წინააღმდეგ არის მიმართული უმთავრესად ხალხის მიერ გამოცხადებული ჩივილი?
აი მთელი დასტა კითხვებად დალაგებულ საგნებისა, რომელთ შეუსწავლელად არა ნაირად არ შეიძლება შემუშავება და გამოკვლევა ცოტათ მაინც წესიერის საზოგადოებრივის პროგრამისა. მომეტებული ნაწილი ჩვენში გამოცემულის ბროშურებისა და ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებისა ამტკიცებს, რომ ამ მხრივ ჩვენს მწერლობას სრულებით თავი არ შეუწუხებია. მას არა აქვს შემუშავებული, მტკიცედ მოფიქრებული და მოკლედ მოჭრილი პროგრამა. თქვენის ნაწერებით, ბატონებო, თუმცა მგონია, რომ ცოტას არა სწერთ, სრულიად არ შეიძლება მიხვდეს კაცი, რას მიელტვის თქვენი გული და გონება და რა საგანი გაქვთ წინ-წამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ გადასაწყვეტად. ხომ არ შეიძლება, რომ კერძო საგნები, რომელთაც თქვენ გაჰყოლიხართ, შეადგენდენ სრულიადს და მთლიანს საზოგადოებრივს პროგრამას? თქვენ გიყვართ სამშობლო, თქვენი ენა, ხალხი, მაგრამ არ გეტყობათ, რომ თქვენ ცნობიერად მოფიქრებული გქონდეთ პროგრამა საზოგადოებრივის მოქმედებისა. სიყვარული - დიაღ საქები და პატივსაცემი გრძნობაა, ცხადია, მაგრამ ცალიერის სიყვარულით ქვეყანას ვერ აღვაშენებთ და ვერ აღვადგენთ. საჭიროა თანხმობითი, მოფიქრებული და ჩვენი მდგომარეობის შესაბამი მუშაობა; საჭიროა შემუშავება და გამოკვლევა საზოგადოებრივის იდეალისა ხალხის ცხოვრების ყოველ-მხრივის დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ; საჭიროა ძმურად, შეწყობილად მისწრაფება ერთხელ შემუშავებული და წინ-წამოყენებულ იდეალისადმი, და არა მოღვაწეობა ნაწყვეტ-ნაწყვეტი, გაფანტული, რომელსაც თან არა სდევს ხელ-მძღვანელად არავითარი ზოგადი პრინციპი. ავიღოთ საგულის-ხმიერო მაგალითი ჩვენის ლიტერატურიდამ. ზოგი ჩვენი ლიტერატორთაგანი დაადგა საქართველოს ისტორიის შესწავლას. ცხადია, რომ ეს საგანი ძლიერ უსაჭიროესი საგანია და თვით ეს საქმეც ძალიან პატიოსანი და ქების ღირსი უნდა იყოს. მაგრამ როგორ მოჰკიდეთ ხელი თქვენ ჩვენის ისტორიის შემუშავებას? რას ეძებთ თქვენ იქ საინტერესოს, რა საგულისხმიერო მაგალითები და მოძღვრებანი უნდა ამოუღოთ იქიდამ ქართველებს, როდესაც თქვენ მოგვითხრობთ საქართველოს სახელმწიფო ცხოვრების გარეგნობაზედ, როდესაც თქვენ აღგვიწერთ სხვ-და-სხვა ლაშქრობას და სამეფო კარის ინტერიგებს და მოჰყოლიხართ მეფეებისა და დედოფლების, მათ კუდებისა და ფარეშების ამბავს. ამით განა ვის რა გინდათ ასწავლოთ, ვის რა გსურთ შეაგონოთ? რა საზოგადოობრივი საგანი ამოგიღიათ მიზნად, როცა მხოლოდ გარეგან მხარეს სწავლობთ სამშობლო ისტორიისას და შინაგანს აზრს კი არ უღრმავდებით. თქვენი ნამუშევარი ამ მხრივ უაზროა და უნაყოფო, ამიტომ რომ მის შემწეობით ვერ გავიგებთ და ვერ შევიგნებთ ხალხის ცხოვრების აწინდელს ვითარებას. იგი ვერც ცნობის მოყვარეობას აკმაყოფილებს, ამიტომ რომ მის შემწეობით ჩვენ წინა-პართა წარსულის ცხოვრების სიღრმესა და სიგანეს ვერ ვტყობილობთ, მის ნამდვილს ხატებას ვერ ვხედავთ. იმის მაგიერ, რომ დაგვანახოთ ყოფა-ცხოვრება ხალხისა წარსულის დროს; იმის მაგიერ რომ გაგვაცნოთ მაშინდელი უფლებრივი, იურიდიკული და ეკონომიური ურთიერთობა, თქვენ სულ სხვას მოგვითხრობთ და სულ სხვა კილოზედ მოჰყოლიხართ ძველს ამბავს. იმის მაგიერ მაგ., რომ მრთელი და სრულიადი სურათი წარმოგვიდგინოთ ხალხის ტანჯვისა და წამებისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოსცადა შინაურ მოუწყობლობისაგან და გარეშე მტრისაგან; დასასრულ, იმის მაგიერ, რომ ასწეროთ როგორ სცხოვრობდნენ ჩვენი წინაპარნი, რას აკეთებდნენ, რა ზნესა და ხასიათებს ადგნენ შინაურობაში და გარეთ, ერთის სიტყვით, იმის ნაცვლად, რომ მოგვითხრათ, საინტერესო ისტორია ჩვენის ეკონომიურის და გონებრივის განვითარებისა, - თქვენ, ყველა ამის ნაცვლად, გაჰყოლიხართ, უკაცრაული ქართულია, რაღაც ქებასა და დიდებას წარსულისას და თან ამ შესხმისა და ხოტბის წერას დარბაისრულს შრომას ეძახით! მე ამას, რასაკვირველია, არ ვაბრალებ თქვენს უცოდინარობას. არა! თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორც უნდა შემუშავება ისტორიის, თქვენ გიკითხავთ და კარგადაც იცნობთ საუკეთესო ევროპიულ ისტორიკოსებს, აღტაცებაში მოდიხართ მათ გამოკვლევათა მეტოდებით, სთვლით თქვენ თავს მათ ნამდვილ მომხრედ, მაგრამ როგორც კი საკუთარს გამოკვლევას დაიწყობთ ჩვენს სამშობლოს შესახებ, მაშინვე უეცრივ ჰქრება თქვენში ისტორიის ფილოსოფიური ცოდნა და გვარწმუნებთ, რომ ეს ფილოსოფიური ცოდნა ისტორიისა ჩვენის ქვეყნის შესახებ არ გამოდგებაო.
ჩემის აზრით, ეს იმისაგან წარმოსდგება, რომ ჩვენ აქამომდე არა გვაქვს მტკიცედ გამორკვეული და მოსაზრებული პროგრამა მოქმედებისა, რომლის მიხედვით შეეძლოს ყოველ საზოგადოებრივ მოღვაწეს (გულ-წრფელს და პატიოსანს, რასაკვირველია) შრომა და მუშაობა. ჩვენ ვმოქმედობთ აქამომდე ცალ-ცალკე, უსისტემოთ და გაფანტულად. აი ამის გამო ყოველს ჩვენს დაწესებულებას რაღაც უმიზნობის და განცალკევების დაღი აზის.
ისტორიის შესწავლას და შემუშავებას რომ თავი დავანებოთ და გადავიდეთ ჩვენს ლიტერატურის საზოგადო მდგომარეობაზედ, აქაც ჩვენ ამავე სამწუხარო სანახავს შევხდებით.
ჩვენს ნორჩს და ჯერ ისევ ფრთა-გაუშლელს ლიტერატურას აქვს ერთი დაუფასებელი ღირსება, რომელიც განასხვავებს მას სხვა უფრო განათლებულ და განვითარებულ ქვეყნების ლიტერატურათაგან. როგორც ვიცით, აწინდელი ცივილიზაციის ცალ-მხრივი და ცრუ მიმართულების გამო განათლებულ საზოგადოობის ნაწილსა და ხალხს შორის სუფევს ისეთი ზღვარი, რომელიც უშლის ორთავე მხარეს ერთ-მანეთის გაგებას. ამ განათლებულს ნაწილს საზოგადოობისას აქვს იმ გვარად შემუშავებული ლიტერატურა, რომ იგი სრულიად უცხო და გაუგებარია ხალხისათვის, როგორც ენით, ისე შინაარსით; განცალცალკევდნენ ინტერესები, გაჩნდა სხვადასხვა სურვილი და მოთხოვნილებანი, რომელნიც უფრო უარესად განაშორებს მათ ერთიერთმანეთისაგან. ხალხი არ კითხულობს და საინტერესოდ არ სთვლის განათლებულ საზოგადოების ლიტერატურას, რომელიც ადგია ხალხისათვის სრულიად უცხო გზას და საგანს. მაშინაც კი, როდესაც რჩეულნი პირნი საზოგადოებისა გამოდიან საასპარეზოდ ხალხის ჭეშმარიტ ინტერესების დასაცველად, საქადაგებლად და თავიანთ აზრების და იდეალების გასავრცელებლად მწერლობის შუამავლობით, მაშინაც კი ეს პირნი და მოღვაწენი ვერ პოულობენ მკითხველებს ხალხში. ხალხი აქამდის ფიქრობს, რომ ეს ლიტერატურა სდევნის სრულიად უცხოს და მათთვის არა სასარგებლო ინტერესებს. თუნდ ესეც არ იყოს, კულტურული ლიტერატურის ენა იმდენად განირჩევა ხალხის ენისაგან, რომ უბრალო ხალხისათვის მომეტებულ ნაწილად შეუძლებელია წაკითხულის გაგება, თუნდ რომ სურვილი და შეძლებაც ჰქონდეს კითხვისა. ამის გამო, თუ გსურს, რომ ხალხისთვის გაუგებარი არ დარჩე, უნდა მიჰმართო სხვა გვარ კილოს, სხვა გვარ ენის მიმოხვრას. ერთის სიტყვით, უნდა იხმარო უბრალო “სახალხო” ენა. ეს სამარცხვინო გარჩევა ენისა, რომელიც უშლის ერთსა და იგივე ერის ორ ნაწილად გაყოფილის დასის ერთმანეთის გაგებას, არის პირ-და-პირი შედეგი ხალხისადმი უგულობისა, რომელსაც მუდამ იჩენს უმრავლესობა განათლებულის საზოგადოებისა. ხალხის ინტერესების უყურადღებოდ დატოვებამ და წოდებრივ ლტოლვილებათა გამოკიდებამ, მისცა ლიტერატურას შეუსაბამო და არა ხალხური ხასიათი. ლიტერატურა შეიქმნა ყმათ და მოსამსახურეთ განათლებულ წოდებათა და ამ სახით განვითარდა ხალხისათვის გაუგებარი ენა. ლიტერატურა, რომელსაც არ შემსჭვალავდა ხალხის ვაება და წუხილი, მიდიოდა თავისთვის წინ შვებით და მასხრობით და უფრო უარესად სწყვეტდა ხალხთან კავშირს.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ბატონებო, რა სამწუხარო და არა სანეტარო მდგომარეობაში ჩააგდო საზოგადოთ მწერლობა ამ კულტურულ წოდებათა მოუსაზრებელმა თავმოყვარეობამ. მოგეხსენებათ აგერთვე, რა საზიზღარი შედეგი მოჰყვა მწერლობაში მის წარმომადგენელთა მიერ ლაქუცსა და ყურ-მოჭრილს ყმობას ამა სოფლის ძლიერთა და მეტის უფლებით შეჭურვილთა წინაშე. მეორეს მხრით, თქვენთვის, უეჭველია საიდუმლოს არ შეადგენს აგრეთვე ის გარემოება, რომ უკეთეს წარმომადგენელთ ლიტერატურისას მწარე ვარამი უტრიალებთ გულში და სახმილებრ ცეცხლი ედებათ, რადგან ხალხთან დაახლოვება ჰსურთ და თავის მოუკვლელი სურვილი კი ვერ აუსრულებიათ. ამ პირებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათი არსებობა და სიცოცხლე ხალხის ცხოვრებისა და ინტერესების გარეშე უსარგებლოა და უნაყოფო, რომ ყოველი მათი წერა ამაოა და უსაგნო; იგინი, გულდაწყვეტილნი და დათუთქულნი, გრძნობენ, რომ თვით ხალხი, რომელსაც მათ უნდა ემსახურონ ყოველ თავის ძალ-ღონით და მტლედ დაედონ მას, თვით იგივე ხალხი მათი უმეცარია და უარმყოფელი. იგინი ჰგრძნობენ, რომ ამ საქმეში თვით უბრალონი და უზაკველნი არიან, რომ მათ თავზედ ტრიალებს წინა-პართა შეცდომილებისა და დანაშაულობის ბორბალი, მაგრამ ძალაც არა აქვთ, რომ აიცილონ ეს უბედურება მთლად და სრულიად გადაუსწორებლად ყოველ საზოგადოობრივ ურთიერთობისა.
სხვა ქვეყნების ამ გვარ მწარე გამოცდილებათა შემდეგ, შემდეგ იმ გამაფრთხილებელ და საგულის-ხმიერო შთაგონებისა ისტორიის მიერ, რომელიც ცხადათ უჩვენებს ნამდვილს გზას ცივილიზაციისას ახლად გაღვიძებულს ქვეყნებს და ერსა, - როგორ მოქმედობენ და მოღვაწეობენ წარმომადგენელნი ჩვენის ლიტერატურისა და მწერლობისა? შეიგნეს მათ ესა, ან უკეთ რომ ვსთქვათ, გამოიყენეს სასარგებლოდ ეს გაფრთხილება ისტორიისა?
ჩვენი ლიტერატურა ამ მხრივ ჯერჯერობით სწორედ ბედნიერ მდგომარეობაშია. იგი არ განცალკევებულა, არ დაჰშორებია ხალხს და არ გამხდარა მისთვის გაუგებარი. ლიტერატურული ენა მცირედ განირჩევა ხალხური ენისაგან, იგი ეყურება და იზიდავს ჩვენს ხალხს. მეორეს მხრით, ყველა იტყვის, რომ ჩვენი ხალხი ცნობის-მოყვარე ხალხია, სწავლისა და ცოდნის შეძენა წყურვილად გადაქცევია და ჯერჯერობით ყურს უგდებს და თვალს ადევნებს ჩვენის მწერლობის განვითარებას. ყველა ეს გარემოება ჩვენს მწერლობას დიდს საშურველ უპირატესობას აძლევს სხვა მწერლობათა წინაშე. სხვა ერნი დიდს მსხვერპლს და სასყიდელს გაიმეტებდნენ, ოღონდ კი ამ გვარი ხასიათი მიეცათ თავის ლიტერატურისათვის და ერთ-გვარად გასაგები გაეხადნათ იგი, როგორც ხალხისათვის, ისე მთლად ერისათვის და განათლებულ საზოგადოებისათვის. მაგრამ რა გამოვიდა ყველა აქედამ? სარგებლობენ ჩვენი საზოგადოებრივი მოღვაწენი თავიანთ ლიტერატურის ამ უპირატესობით? არა!.. პირიქით, იგინი როგორც თვით-მდგომარეობას მოკლებულნი და მცირე-წლოვანნი ბავშვნი, ყურადღებას არ აქცევენ ამ უპირატესობას, განურჩევლად მისდევენ უკან კუდში სხვათა ლიტერატურებს და ამ უგვანო ბაძვით სწორედ რომ ყოველს სამზღვარს გადადიან თავიანთ სასაცილოდ და სასირცხვოდ.
წარმოიდგინეთ კი, რომ ეს საგანი ძალიან ცხადი და მარტივია, ჩვენი სურვილი და საწადელი ამ მხრივ ადვილად შესასრულებელია და განსახორციელებელი: შევაწყოთ და შევუთანხმოთ ჩვენი ნაწერების ხასიათი და მიმართულება ხალხის ინტერესებს და მოთხოვნილებათა, ვისწავლოთ და განვვითარდეთ ხალხთან ერთად, მასთან ერთადვე შევიმუშავოთ საზოგადოებრივი იდეალები, რომელნიც მხოლოდ ხალხის მიერ მიიღებენ უაღრესს ძალას და შეიძლებენ ყოველ-გვარ ბრძოლის და დევნის ატანას. ამის მაგივრად ჩვენი ლიტერატურა, თითქო შიშობსო, რომ დავარდნილ და უკან-ჩამორჩომილად არ დამსახონო, სცდილობს მაღალ კილოს გამოეკიდოს და ზემო ფარდებში იფრინოს. რაც შეუძლიან ძალას იტანს და იმოსება ისეთს გამოუწყობელ კულტურულ ტანისამოსით, რომელიც არც შეშვენის მას, არც უხდება და რომელიც მასთანვე უფრო სასაცილოდ და სამასხაროდ ხდის, ვიდრე დინჯ და დარბაისელ გამომხატველად საზოგადოობრივ საჭიროებათა და მოთხოვნილებათა. მართლაც და რომელი მკითხველები ჰყავს სახეში ჩვენს ლიტერატურას და ვინ უნდა გაანათლოს და ცნობიერება შესძინოს მან, როდესაც იგი დაჟინებით და გაჯიბრებით ებაასება, მაგ., ევროპიელ დიპლომატიას, როდესაც იგი ვრცლად მოგვითხრობს ლუი-ბლანისა და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა აწინდელს პოლიტიკურ შეხედულებაზედ, როდესაც იგი სთარგმნის და ავრცელებს გოეტეს თხზულებებსა, შექსპირისა და თუნდ გამოჩენილ ოფენბახის თარგმანებსაც და სხვ. ისე რომ ავიღოთ და ჩვენთვის რომ ვსთქვათ, რასაკვირველია, ყველა ესეები კარგი და სასარგებლო საქმეა, მაგრამ განა ამაებს თხოულობს ჩვენის სამშობლოს თანამედროვე მდგომარეობა? ნუთუ შესაწყნარებელი და პატივდებაში მისაღებია ფიქრი სუბუქ და ჰაეროვან წარმოებაზედ დახელოვნებულის მზარეულისა, როცა შიმშილით მილეული და გვემული კაცი თხოულობს პურსა?
თუ გვინდა რომ ხალხმა ისარგებლოს ჩვენი ლიტერატურის მდაბიურობით და გამოიყენოს ეს დაუფასებელი თვისება ჩვენის მწერლობისა, საჭიროა, ჩვენის ფიქრით, რომ მწერლობა ხალხისათვის საჭირო და შესაფერ გონებით საზრდოს იძლეოდეს, მის მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს. ამიტომ ლიტერატურა უნდა შეიქმნას უპირველეს ყოვლისა სახალხო ლიტერატურად, უკეთუ გვსურს, რომ მას ჰქონდეს გავლენა და ძლიერება, ფასი და მნიშვნელობა, ჩვენის ქვეყნის საქმეების და საგნების გადაწყვეტის დროს. მხოლოდ ეს მაშინ მოხდება, როცა ლიტერატურა ერთად ერთ ნამდვილ გზას და ჭეშმარიტ მიმართულებას დაადგება, როცა იგი მიიღებს პატივდებაში ხალხის სურვილს, და, რაც უფრო პირველია, დაიცავს მის ინტერესებს, ე. ი. როცა ლიტერატურის მიერ ხშირად და უმთავრესად წამოყენებული იქმნება საასპარეზოდ ხალხის გულის მომგები საგნები - ეკონომიური და საზოგადოებრივი საქმეები.

1882

??????