მაიაშვილი გიორგი
გაზიარება

ძველი და ახალი თაობა და მათ გამო ლაპარაკი ჩვენში 

ლაპარაკი ჩვენში

1
ჩვენს მწერლობაში, ამ ბოლოს დროს, გაჩნდა ერთი ფრიად საგულისხმიერო და საყურადღებო საგანი. ეს საგანი საგულისხმიეროა არა მარტო იმიტომ, რომ თითონ არის ყურადღების ღირსი, არამედ იმიტომაც, რომ ამ საგანს თან აჰყოლია, ჩაჰრთვია ჩვენის ცხოვრების ბევრი სხვა საგანიცა და საქმეც, პირველზე არა ნაკლებ გულმოსახვედრი და მწვავე. მკითხველი მიხვდება, თუნდა მარტო წერილის სათაურითაც, რომ ჩვენი ლაპარაკი შეეხება თვისებასა და ავკარგიანობას ეხლანდელის ჩვენის ახალგაზრდობისას.
ამ საგანს უკვე თავისი მოკლე ისტორიაცა აქვს, მაგრამ რადგან ყოველს გულმოდგინე მკითხველს კიდევ ეცოდინება ეს ისტორია, ამიტომ საჭიროდ არ მიმაჩნია ამ საგანზე ატეხილი სიტყვა-პასუხის ამბავი დაწვრილებით ყოველივე მოვიხსენიოთ. ჩვენთვის სრულიად საკმაო იქნება, ორიოდე სიტყვით მოვაგონოთ მკითხველებს, რა თვალთახედვის ისარს ხმარობდნენ მოკამათენი.
როგორც მოგეხსენებათ, მთელი ლაპარაკი იმაზეა მიმართული, რომ მოკამათენი ადარებენ ერთმანეთს ეხლანდელს ნასწავლ ახალგაზრდობას და სამოციანი წლების თაობას. არც ერთი მოკამათე არ უარჰყოფს, რომ ამ ორ თაობას შუა დიდი გარჩევააო. ხოლო ერთნი ამ განსხვავებას ბრალსა სდებენ მარტო ახალგაზრდობასა და უსაყვედურებენ, ნაკლებადა ხარ ნასწავლი, ნაკლებ განათლებულიო, ნატვრითაც ვერ ნატრობ, რაც სანატრელია, და ქვეყნის გაბედნიერებას არ ეტანებიო. იქამდე მისულა ჩვენი ახალგაზრდობა, რომ ამხანაგობისა და გონიერი მეგობრობის გრძნობაც-კი ნაკლებ ემჩნევაო. მეორენი, ცოტად თუ ბევრად, ემოწმებიან პირველებს, რომ მართალია, სამწუხაროდ, რასაც თქვენ ამბობთო, მაგრამ მაინც იმედს არა ვკარგავთ და გვგონია, რომ ეხლანდელი ახალგაზრდობაც გამოიჩენს შემდეგში თავის ძალღონეს, ისიც გაიმართავს ფრთას, გაირჯება, თავის შეძლებისა და მოხერხებისამებრ, სამშობლოს სასარგებლოდაო; რომ დღესაც ეს ახალგაზრდობა გულხელდაკრეფილი არა ზის უსაქმურად და იმას აკეთებს, რის გაკეთების ნებასაც აძლევს დრო-ჟამი და მისი დღევანდელი ვითარებაო. მერე ეხლანდელის თაობის წარმომადგენელნი ამბობენ და, საბუთიანადაც, რომ არ უნდა დავივიწყოთ, რა სხვადასხვა გზა გვქონდა გასასვლელი წარმატება-განათლებისათვის ჩვენ და სამოციანი წლების ახალგაზრდებსაო, რომ სამოციანი წლების ახალგაზრდები უფრო კარგს დროს იზრდებოდნენ აქ, თავიანთს ქვეყანაშიაც, და იქ, უცხოეთშიაც, უნივერსიტეტში ყოფნის დროსაო, და გარემოებაც უფრო ხელს უწყობდაო.
კამათის სიფიცხეში, როგორც ყოველთვის არის ხოლმე, ცოტა რამ ისეთიც ითქვა, რაც სათქმელი არ იყო. მოპირისპირეთ ბევრი ტყუილ-უბრალო საყვედური გააგონეს ერთმანეთს, ცუდ-უბრალო ბრალი დასდეს თავ-თავიანთ მოწინააღმდეგეს. იმას-კი აღარ ეცადნენ, რომ ის საზოგადო მიზეზი მოენახათ, რომლის შემწეობითაც შეიძლება მხოლოდ ადვილად მიხვდეს კაცი, რის გამო არსებობს განსხვავება, ავკარგიანობითა და მიმართულებით, ზემოხსენებულ თაობათა შორის.
ცხადი კია, რომ ამ საქმეში არა კმარა მარტო შედარება და შედარებითი განსჯა და დაფასება ჩვენის ცხოვრების ამა თუ იმ მოღვაწეთა კერძო ღირსება-ნაკლულევანებისა. ჯერ, ვგონებთ, არ დამდგარა დრო არც კრიტიკისათვის და არც მსჯავრის დასადებად. მართლაცდა უსამართლობა იქნება, რომ ერთმანეთს შევუდაროთ ის კაცნი, რომელიც სულ სხვადასხვა ჰასაკისანი არიან და საზოგადოებაშიაც სხვადასხვა ალაგი უჭირავთ. პირველთ განვლეს კიდეც უკეთესი გზა ცხოვრებისა, გალეწეს თავისი კალო და თითქმის გააკეთეს ყოველივე, რის გაკეთებაც შეუძლიან ახალგაზრდობის ხალისსა და მხნეობას, გამთბარსა და გასულდგმულებულს ქვეყნისათვის მხურვალე სიკეთის სურვილით. მეორენი-კი ეს არის ეხლა იწყებენ ცხოვრებას, ეხლა აპირობენ შეუდგნენ თავიანთ საქმეს, საზოგადოების სამსახურს. ამიტომ, ადვილად შესაძლოა, რომ ყოველი უპირატესობა ხნიერ მოღვაწეებს ჰქონდეთ დღესაც, სასწორმა აუცილებლად მათკენ გადაიწიოს და მათ სასარგებლოდ გადაიხაროს. მართლაცდა, თუკი იმათი მოღვაწეობა არ იყო უნაყოფო, - ამას ხომ ვერავინ იტყვის, რომ უნაყოფო იყოვო, - თუკი ისინი მხნეობდნენ და მოქმედებდნენ პატიოსნად და კეთილსინდისიერად, - ესეც ხომ ეჭვსგარეშეა, - რა საკვირველია, რომ უკეთესმა და უფრო გონიერმა ნაწილმა ჩვენის საზოგადოებისამ მადლობით მიიღოს და პატივისცემით შეიწყნაროს იმათი მოღვაწეობა? მით უმეტეს რომ, ეჭვი არ არის, ის კაცნი ისე მოღვაწეობდნენ, როგორც გული და გონება ეუბნებოდათ, როგორც ესმოდათ თავიანთი მოვალეობა და სამსახური ქვეყნის წინაშე. სამოციანი წლების მოღვაწეებმა იმდენი რამ გააკეთეს ჩვენის ღარიბისა და მოუწყობელის ქვეყნისათვის, ისეთი ღრმა და წაუშლელი კვალი დააჩნიეს ჩვენის ზნეობისა და გონების წარმატების ისტორიას, რომ თვით გაბოროტებულნი და შეურიგებელნი მათი მტერნიც კი იძულებულნი იყვნენ, მცირეოდენის ხნის შემდეგ, დადუმებულიყვნენ და პატივისცემით მოედრიკათ მუხლი მათ წინაშე. თავდაპირველში უბრალო “ჯარის კაცად” გამოსულნი და სათითაოდ, ცალ-ცალკე მებრძოლნი, უკვე დიდი ხანია საზოგადოების გავლენიანი ხელმძღვანელნი შექმნილან და საყვარელ და პატივცემულ უფროს კაცებად გადაქცეულან.
ამისთანა პატივცემულსა და ყველასაგან მიჩნეულს მოღვაწეებს, რომელთაც თითქმის 25 წელიწადი უშრომნიათ კეთილსინდისიერად, ჩვენი ახალგაზრდა ყმაწვილები რომ ამოუყენო გვერდში, რა უნდა წაუყენონ სამაგიეროდ მათის ხანგრძლივის მოღვაწეობისა? რა უნდა წაუყენონ იმის მეტი, რომ ნორჩი და გამოუცდელი ძალ-ღონე აქვთ და სურთ, შეძლებისამებრ, გაისარჯნენ თავიანთი ქვეყნის საკეთილდღეოდ? ახლა რომ აიღოთ და შეადაროთ ეს ორი სულ სხვადასხვა საგანი, თითქმის ერთმანეთის შეუწონავი, ერთმანეთის შეუზომავი, ცხადია, რომ შედარება სასარგებლო არ იქნება ჯერ ისევ ფრთაშეუსხმელ ჩვენის ახალგაზრდობისათვის. მაგრამ მე მგონია, რომ ასეთი შედარება სრულიად საჭირო არ არის და ამ “შენ-ჩემობას” სულაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი კამათში.
თუ მაინცა და მაინც შედარება ამ შემთხვევაში აუცილებელია, შეიძლება შედარება გამოვიყენოთ იმისთვის კი არა, რომ გავიგოთ, ვინ რა გააკეთა, არამედ იმისათვის, რომ გამოვირკვიოთ, ვის რა უნდოდა გაეკეთებინა და ვინ რამდენად იყო მომზადებული საზოგადო სამსახურისათვის. საჭიროა ცხადად წარმოვიდგინოთ, რამდენადაც შესაძლებელია, ის აზრი და საზოგადოებრივი სურვილი, რომლის წარმომადგენელიც იყო ერთი თუ მეორე თაობა; საჭიროა ვიცოდეთ და აწონილი გვქონდეს, წარმატების რა გზას ადგა, აღზრდის რა ვითარებაში იყო ან ერთი, ან მეორე თაობა, რაოდენად მაღალი და ღრმა იყო განათლება და ცოდნა, რაოდენი სიძლიერე და სიცხოველე ჰქონდა იმ საზოგადოებრივ სანატრელს, რომელიც ასულდგმულებდა ან ერთსა და ან მეორე თაობას. მერე კიდევ საჭიროა, თუკი შესაძლოა, შევადაროთ უნარი შრომის მოყვარეობისა და სწავლა-განათლების განგრძობისა, სავსება და სისრულე ხასიათისა; საჭიროა შევადაროთ, რა სიყვარულითა და ძალით მიიზიდებოდა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაკენ ან ერთი და ან მეორე თაობა. ლაპარაკის ამტეხნი მაინც ამ მხრივ ცდილობდნენ შედარებას, მაგრამ მრავალთათვის ეს საგანი ჯერ ისევ ცხადად არ არის გამორკვეული, რადგან გამოსარკვევად მეტად ძნელია და მეტად რთულიც...

2
ჩვენ საგანს რომ ამ მხრით დავაკვირდეთ, არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ნასწავლ ქართველების ეხლანდელს თაობას ცხადად ეტყობა დარდი და დაღონება, მაგრამ ეს დარდი და დაღონება კერძო ხასიათისა კი არ არის, არა! ასეთი თვისება იმის საზოგადოებრივ მოღვაწეობას დასჩემებია. ჩვენს ნასწავლს ახალგაზდობას, თითქო არაფერი აღარა სწამსო, თითქო არაფერს არ ეტანებაო; ან არა-და, თუ სწამს რამე, არა სულითა და გულით აღტაცებული და აღფრთოვანებული, არა! ისე ეტანება, თითქო მეტი ღონე არ იყოს და იმიტომ ეტანებაო; თითქო თითონ არ არის მონდომებული და ვიღასაც დაუძალადებიო; თითქო თითონ არა აქვს თანდაყოლილი და მოუკვლელი წყურვილიო; თითქო ძვალსა და რბილში არა აქვს გამჯდარი იმისი გაგება, რასაც ეტანებაო. მართალი რომ სთქვას კაცმა, ახალგაზრდობის ცხოვრება სრულიად არა სდუღს და არა სჩქეფს სიცოცხლით; ახალგაზრდობა არ ეძებს უკეთესს წეს-წყობილებას გამუდმებულის დაუცხრომლობით, არ საქმობს მხურვალედ, გულზე ცეცხლმოკიდებული, როგორც სჩვევია და ეკუთვნის ერთობ ბედნიერს სიჭაბუკეს; ჩვენს ახალგაზრდობას არ ემჩნევა სწორედ ის, რაც ერთი უკეთესი, მიმზიდველი თვისებაა საზოგადოდ ყმაწვილ-კაცობისა, ჭაბუკობისა. ჩვენი ყმაწვილები მოხუცებულებს დაჰგვანებიან, ჭკუა-დამჯდარსა და დარბაისლებს. იმათ რომ უყურებ, ასე გგონია, ქვეყნის დარდი და ნაღველი გამოუვლიათო, ყველაფრის გამოცდილება აქვთო, უცდიათ ყოველი ღონე თავის ნატვრის ასახდენად, გულის ნადების განსახორციელებლად, მაგრამ ვაი და ვაი, რომ გამოცდილებით დარწმუნებულან, რა ამაო და ფუჭი გამომდგარა ყოველივე იგი ცდა და ღონეო... მაგრამ უფრო სამწუხარო ის არის გარეშე მაყურებლის კაცისათვის, რომ ჩვენს ახალგაზრდობას თითქო აღარ ახალისებს ახალი აზრი, არ აფხიზლებს მათ გონებას ახალი საზოგადოებრივი თეორია, ან მრავალი ახალი ამბავი საზოგადოების ცხოვრებისა. როდი დაეძებენ, როდი სცდილობენ, რომ ჭკუა ისწავლონ სხვა ერთა ცხოვრების დაკვირვებათა, სხვათა მწერლობის ქადაგებათა... ჩვენი ახალგაზრდები “ბრძენი” ხალხია, ისეთი ბრძენი, რომელმაც არ იცის არც ტკბილი მღელვარება ნორჩისა და ფიცხის გულისა, არც კეთილშობილი ეჭვი ჯერ ისევ დაუდუღებელისა, მაგრამ მახვილივით მჭრელისა და მოუსვენარის გონებისა. ასე გეგონება, რომ ყველა საგანი თეორიისა და პრაქტიკისა უკვე დაუმთავრებია და დიდს წესსა და რიგში მოუყვანია, სავალი გზა უპოვნია და ცხოვრების სავალი საგანი ერთხელ და სამუდამოდ დაუსახელებია და დაუნიშნავსო. მაშასადამე, ის-ღა დაგვრჩენია, რომ დავსხდეთ და მოვისვენოთ, რაკი ასეთის წინდახედულობითა და ნაადრევის ზრუნვით მოვიჭირნახულეთ, რაც საჭიროავო. ხოლო თუ რამ დარჩა კიდევ გასარკვევი და საძიებელი, იმაზე სხვამ იმტვრიოს თავი; იმ “წყეულისა” და გამოურკვეველის საგნების დარდით ჩვენ გულს ვერ გავიხეთქავთო... ჩვენის აზრით, ქვეყნიერება თავის თავადაც ისე კარგია და მშვენიერი, რომ ბრიყვი უნდა იყოს, ვინც იმის გადაკეთებისათვის მოიკლავს სურვილსა და ღონეს სიცოცხლით დატკბობისას, სიცოცხლით ნეტარებისას, ვინც გონებას გამოახვრევინებს გამუდმებულს ჩხრეკა-ძიებას, გულს დაიჩაგრავს ვაებითა და ქენჯნით, სიცოცხლეს მოისწრაფებს ერთხელვე აჩემებულის აზრის შესრულებისათვისაო... რა სჯობია მოსვენებულს ცხოვრებას, მდორესა და დაწყნარებულს! არც წუხილი და გულის ხეთქა, არც შიში და საფრთხე! ჯაფით რად ამოვირთვა სული, წელებზე რად დავიდგა ფეხი, აღელვებულსა და აზღვავებულს ვნება-გულისთქმას რად ავაშფოთებინო სულიო! აი, ეს გახლავთ ის მცირედი ნატვრის საგანი, რომელსაც შესტრფის დღევანდელი კაცი. ძიების თვალით რომ დასცქერდეს ახალი კაცი ჩვენს ყმაწვილ-კაცობას, მაშინ როცა ჯერ თვალი არ შეუჩვევია და იმისი ავკარგიანობა ჯერ ისევ კვალ-წაუშლელად ჩარჩენილი აქვს გონებაში, ჭეშმარიტად, სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. დანახვა იმ უზრუნველისა, კმაყოფილებით სავსე და გულგრილის ხალხისა ყველაფრის შესახებ, რაც კი ახლო-მახლო გარემოს დაშორებულია, ნაღველას გაუსიებს ადამიანს და, ვინ იცის, რა უნუგეშო ფიქრებმა არ წაიღოს იმისი გონება. გული სწუხს, სული შფოთავს და შიშითა თრთი, როცა ჩაუფიქრდები, რა მოელის მართლა იმ ქვყანას, საცა ნასწავლი ახალგაზრდობა, ესე იგი უკეთესი და უფრო განათლებული ნაწილი ერისა, უდროვოდ დაღლილი და თითქმის დაბერებული, უგულოდ და უსულოდ ეკიდება თავის საზოგადოებრივ მოწოდებას, თავის დანიშნულებას? რა მოელის იმ ქვეყანას, საცა დამშრალა ხალისიანი წყურვილი ვრცელისა და საკაცობრიო განათლებისა, საცა გამქრალა სურვილი და სიყვარული შეუპოვარის ჯაფისა, იმ ქვეყანას, საცა ცხოვრების წვრილმანებსა და კერძო უმნიშვნელო ინტერესებს თითეულის კუთხისას დაუძლევია უმაღლესი ხელწასატანებელი ნატვრა-იდეალები?!
ამ სავალალო ამბავს რომ ჩავუკვირდეთ და განვიხილოთ გულდამშვიდებით ისე, რომ არ გაგვიტაცოს საკუთარმა გრძნობამ ჯავრისა და გამწარებისამ - თუმცა არც ეს იქნება გასაკვირველი, - აი, რა უნდა დავასკვნათ. ჩვენის აზრით, შეცდომა იქნება, რომ ზემოხსენებულის გულდასაწყვეტი გარემოების მიზეზად დავასახელოთ, ანუ მივიჩნიოთ, კერძო თვისებანი თითეულის ახალგაზრდასი; ამგვარივე შეცდომა იქნება, ჩემის აზრით, რომ სამოციან წელთა თაობის მთელი სიკეთე, მათის მოღვაწეობის ნაყოფიერება, მათი მხნეობა, მივაწეროთ მხოლოდ მათს კერძო თვისებას, მათს ნიჭიერებას, მათს ქველობას, ჭკუასა და გრძნობას. როცა რომელიმე თვისება ემჩნევა ცხოვრებაში არა თითო-ოროლა წარმომადგენელს, არამედ უმრავლესობას ერთისა და იმავე თაობისას, როცა ამჩნევ, რომ ერთი თაობა თაოსანია, ღრმად სწამს თავისი სარწმენი და გამუდმებით ეტანება საზოგადო მოღვაწეობას, ხოლო მეორე-კი თითქმის სრულიად მოკლებულია ყოველს ამას, ერთის სიტყვით, როცა საზოგადო ხასიათი და მიმართულება, საზოგადო თვისება ორის შესადარებელის თაობისა ასე განსხვავდება, მაშინ ეჭვი არ არის, რომ დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საზოგადო ვითარებას დროსა და გარემოებისას და არა კერძო თვისებას თაობის თითოეულის წარმომადგენელისას.

3
ყოველს დროს, ერის ცხოვრებაში, თავისი განსაკუთრებული ხასიათი და თვისება აქვს. აიღეთ, მაგალითად, ისტორია რუსეთის განათლებულის საზოგადოების წარმატებისა ამ უკანასკნელს საუკუნეში. განა ორმოციანი წელნი ჰგვანან სამოციან წლებს ხასიათითა და თვისებით? ან კიდევ სამოციანი - სამოცდაათიანს და სამოცდაათიანი - ოთხმოციანს? როცა ორმოციანს წლებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, მაშინვე ცხადად წარმოგვიდგება თვალ- წინ განსაკუთრებული ხასიათი და თვისება ამ შესანიშნავ ხანასი. ნება-უნებურად გული თბება და ლმობიერდება, როცა გვაგონდება ის მაღალი თვისებანი სულისა, რომელიც ჰქონდათ მაშინდელ თაობის წარმომადგენელთ. გვაკვირვებს და გვაოცებს, რა საზღვარდაუდებლად სწამდათ იმ კაცებს თავიანთი სარწმენი და სანატრი, რა შეურყეველი სიყვარულით უყვარდათ მართალი, რა გულდადებით იყვნენ გატაცებულნი აზრითა და იდეით; გვაოცებს იმათი ვრცელი და საფუძვლიანი განათლება, სიღრმე-სიგანე გრძნობისა, სიფაქიზე გულისა. იდეია და იდეიით ცხოვრება, ცხოვრება მარტო ჭკუითა და გონებითა, აღტაცებული ტრფიალება საზოგადოებრივ იდეალების მიმართ და არა რაის ქმნა-კი ამ იდეალების განხორციელებისათვის - აი რა არის იმ მართლა და სახელოვან კაცთა ნიშნობლივი თვისება. მთელი დანარჩენი რუსეთი, ნამდვილი და არსებული რუსეთი თავისთვის იყო, თავისთვის ცხოვრობდა, თავისი ჭირი და ლხინი აწუხებდა, ხოლო პატარა შორს ცალკე გახიზნულიყო მცირე დასი აღტაცებულ ყმაწვილ-კაცობისა, შესტრფოდა ევროპის მეცნიერებასა და ლიტერატურას და ამათის შთაგონებით ითვისებდა ისეთს აზრსა და გრძნობას, რომელიც ძალიან შორს იყო მაშინდელი რუსეთის აზრსა და გრძნობაზე. ვინც კი, ცოტად თუ ბევრად, იცის ისტორია რუსეთის საზოგადოების გონებრივი წარმატებისა, იმას ცხადად და ნათლად აქვს თვალწინ წარმოდგენლი მეტად მიმზიდველი ცხოვრება ამ მოსკოველ ათინელთა. ეს ახალგაზრდა ათინელები უფრო მეტ დროს გერმანიის ფილოსოფიის სწავლებას ანდომებდნენ, ან არა და, დაუსრულებელსა და საამურს სჯაში იყვნენ გართულნი ისეთის საგნების გამო, რომელსაც უფრო განყენებულისა და ურომელო საგნების თვისება ჰქონდათ. ნუთუ ასეთი ცხოვრება ამ ხალხისა მარტო სტანკევიჩისა და ბელინსკის ბრალია? ან ნუთუ მიზეზი ასეთის ცხოვრებისა იყო ბელინსკის ეგრეთწოდებული “ფილოსოფოსი მეგობარი”, ის აფიცერი არტილერიისა, რომელმაც შემდეგ სახელი განითქვა ევროპაში და ისიც რითი, დაუცხრომელისა და მოუსვენარის პრაქტიკულის საქმიანობით? განა უმთავრესი და განსაკუთრებული თვისება მაშინდელის დროსი არ დაეტყო იმ დასსაც, რომელიც წინანდელს ცოტა გვიან დაარსდა, სახელდობრ გერცენისას, ოგარევისას, სატინისას და სხვათა? განა, აგრეთვე, ეს დასიც, რომელიც ბოლოს პირველს შეუერთდა, მთელს თავის თავისუფალს დროს სათეორიო საგნების განსჯასა და განხილვას არ ანდომებდა, დედა-აზრებს ისტორიისას და კაცობრიობის ცხოვრებისას არ ეტანებოდა, ვიდრე მოთავენი ამ დასისა თავის ქვეყანაში იყვნენ? მართალია, ეს დასი, ცოტად თუ ბევრად, სხვა საგანს ეტანებოდა, სხვა საგანს სწავლობდა, სხვა საგნის გამო ჰქონდა სჯა და ლაპარაკი; ისიც მართალია, რომ ამ ზემოხსენებულის გარემოების წყალობით საზოგადოებრივი წყურვილი და ნატვრა კაცობრიობისათვის უკეთესის მერმისისა ამ დასში უფრო ცხოველი იყო, უფრო სახელდებული, ნიშნობლივ წოდებული, მაგრამ განა ყოველ ამის გამო იცვალა თავისი ზოგადი ფერი მათმა ყოფა-ცხოვრებამ? განა ეს ცხოვრებაც იგივე მარტო ჭკუა-გონებით ცხოვრება არ იყო? განა აქაც აღტაცებით არ ეძლეოდნენ თეორიებს, იდეალების ნატვრას ისევე არ სცემდნენ პატივსა და გულითა და სულით არ უყვარდათ ვრცელი ევროპიული განათლება? თუ ზოგიერთი სალოცავი სხვადასხვა იყო - დროთა განმავლობაში ეს სხვადასხვაობაც გაჰქრა, - ეჭვი არ არის, წირვა, ლოცვა, მთელი წესგება ხომ მაინც ერთი და იგივე იყო. წმინდა და შეურევნელი იდეალიზმი - აი რა იყო შემაერთებელი კავშირი მათ შორის, აი რა იყო ამასთანავე უმთავრესი, ნიშანდობლივი თვისება მაშინდელის დროსი.
თუმცა სამოციანი წელნი პირდაპირი და ბუნებური შედეგია ორმოციანის წლებისა, მაგრამ აბა დააკვირდით, როგორ უეცრად იცვლება სურათი! სამარის მსგავსი მდუმარებისა და დუმილის მაგიერ, რომელიც ჰსუფევდა საზოგადოებაში წინათ, ჰხედავთ ახლა დიდად ფრთაგაშლილს, გამოფხიზლებას, არაჩვეულებრივს აღტაცებას; ჰხედავთ, რომ საყოველთაოდ ინანიებენ წინანდელს ცოდვას, იჩენენ საკვირველს მხნეობასა და მოუკვლელს წყურვილს გარჯისას და საქმიანობისას! იმ მშვიდსა და წყნარ, გულკეთილსა და გულ-ტკბილ კაცთა მაგიერ, რომელნიც ორმოციან წლებში იყვნენ, თქვენ თვალ-წინ სდგანან პირ-მქუხნი და კლდესავით მტკიცე მქადაგებელნი და შეუპოვრად, უშიშრად ამხილებენ საზოგადოებაში ფესვგადგმულ ბიწიერებას; თქვენ თვალ-წინ სდგანან მხნე მოღვაწენი და იწვევენ თავის თანამედროვეთა, ერთად და მწყობრად გავისარჯნეთ ხანგრძლივის მონობისაგან ეს-ეს არის ეხლა განთავისუფლებულის ერის სასარგებლოდაო; თქვენ თვალწინ სდგანან კაცნი მსჯავრისა და რისხვისანი, რომელნიც თუ სადმე ბოროტია, გულდაგულ შეეჯახებიან, გულდაგულ შეეჭიდებიან. დაუმხარდამხარეთ, ამოუყენეთ ერთმანეთს გვერდში ცეცხლმოკიდებული და მხნე დობროლუბოვი, რომელიც წმინდაა თითონაც და წმინდანობას თხოულობს სხვისაგანაც, - ამოუყენეთ ეს კაცი გვერდში უწყინარსა და გულ-ტკბილს სტანკევიჩს? დაუმხარდამხარეთ ერთმანეთს ეს ორნი უფრო ცხადნი გამომეტყველნი თავ-თავის ეპოქისა და თქვენ მიხვდებით, რა განსაკუთრებულის თვისებისა იყო ან ერთი და ან მეორე, ასე საკვირველად განსხვავებული, დრო.
ჩემის აზრით, არც მეცნიერი დამწერი მილლის “საპოლიტიკო ეკონომიის” სხოლიოებისა, ერთის მხრით, და არც მეორეს მხრით “გაშმაგებული, გულ-ცეცხლი ბესარიონი”, როგორც უწოდებდა ბოტკინი ბელინსკისა, არ არიან გამომეტყველნი თავ-თავის ეპოქისა. პირველის შესახებ უნდა ვსთქვათ, მაგალითად, რომ ბუნებამ ის კაცი სრულიად იმ ცხარე და აღტაცებულის დროისათვის არ გააჩინა, როგორიც იყო დრო სამოციანის წლებისა. სწორედ ამ კაცის მაგალითითა ვხედავთ, რა ძალა და ზედ-მოქმედება აქვს კაცზე იმ საზოგადოებურს წყობილებას, რომელსაც მოკლედ რომ ვსთქვათ, ჩვენ “დროს” ან “ხანას” ვეძახით. კაცი დიდის მკვლევარის ჭკუისა, ვრცელად და ფილოსოფიურად განათლებული, საკუთრივ ფილოლოგი, სამეცნიერო და საპროფესორო მოღვაწეობისათვის მომზადებული, სრულიად უცრად და უცაბედად ჩავარდა შიგ შუაგულ ცხოვრების მორევში. მართალია, აქაც არა ჰკარგავს თავის დამჯდარს, მახვილივით მჭრელს, ეჭვიანსა და, ცოტა არ იყოს, დამცინავს გონებას; მართალია, აქაც, თუმცა გარშემო ყურთასმენა არ არის საყოველთაო ჟივილ-ხივილის გამო, ის მაინც დაწყნარებულის, სწორედს მეცნიერულის სიდინჯით არკვევს ცხოვრების სხვადასხვა გარემოებას, მაგრამ მაინც ეს საკაბინეტო მეცნიერი თითონაც გაიტაცა საყოველთაო აღტაცებამ და მთელი თავისი ძალ-ღონე მოახმარა მაშინდელ ჟურნალ-გაზეთობას, დაიჭირა ადგილი მეთაურისა, დიდის ნიჭის წყალობით, და შემოიკრიბა გარშემო ყველა გულწმინდა და გონება განათლებული მაშინდელი ახალგაზრდა მოღვაწენი. სხვა დროს, სხვა გარემოებაში ამ დიდად ნიჭიერის კაცისაგან, ეჭვი არ არის, პირველ-ხარისხოვანი სწავლული გამოვიდოდა. მაინც კი ბევრს მიაჩნია ევროპაში პირველხარისხოვან მეცნიერად და იმათ შორის ისეთის სასტიკს მსაჯულსაც კი, როგორიც არის კარლ მარქსი. და აი, ასეთი კაცი, სამოციან წლების აჩქეფებულმა და ადუღებულმა ცხოვრებამ, ძალაუნებურად ჩააყენა პირველ მებრძოლთა შორის და ატვირთებინა საქმე საზოგადოებრივი და პრაქტიკულის მოღვაწესი.
თითქმის ამისთანავე სანახავსა ვხედავთ ბელინსკის მაგალითითაც. მართლაც და სასაცილო, ანუ უკეთ ვსთქვათ, გულდამწყვეტი სანახავი არ არის, რომ ეს გულაღგზნებული კაცი, ეს მღელვარე სულის პატრონი, რომელსაც საერო ტრიბუნისა და ახალის სჯულის ფანატიკოს-მქადაგებლის უნარი უფრო აქვს, ზის და დამშვიდებით სწავლობს რაღაც “ფენომენალოგიას სულისას” ბრძენთა-ბრძენისა და მითამ წესისა და რიგის მოყვარე ჰეგელისას? კაცი დაბადებულა დიდის მოედანისათვის, დიდისა და აღტაცებულის აუდიტორიისათვის, რომ თავის აღგზნებულის მჭერმეტყველებით დასწვას და დასდაგოს გული მსმენელისა; კაცი დაბადებულა ვრცელისა და ნიაღვარივით წამომსკდარის საზოგადო მოღვაწეობისათვის, კაცს უნდა სივრცე თავის ძლიერის ფრთების გასაშლელად, და ის კი, - თითქო ბედმა სასაცილოდ აიგდოვო, - დროსა და გარემოების ძალით, იძულებულია გაებას ჰეგელის ფილოსოფიის გაუვალს ბარდებში და თავისი ძლიერი ნიჭი და ღონე მოახმაროს მაშინდელ ხალასს სალიტერატურო ჟურნალებს...
ან თუნდაც დობროლუბოვი? სხვა დრო და გარემოება რომ ყოფილიყო, განა ამ გულჩვილსა და მოსიყვარულე შვილისაგან, ამ უწყინარის და ღვთისნიერის ყმაწვილისაგან, - ხომ ასე გვეხატება თვალწინ ეს კაცი იმ მიწერ-მოწერაში, რომელიც იმასა ჰქონია თავის დედ-მამასთან და რომელიც ეხლახან დაიბეჭდა, - ჰო და, განა ასეთის დინჯისა და მშვიდობიანისაგან ისეთი მრისხანე და წარბშეკრული მქადაგებელი გამოვიდოდა ახალი აზრისა და მოძღვრებისა? განა ამ კაცის საქმე უნდა ყოფილიყო გამკლავებოდა და პირქვე დაემხო უკვე შეწყნარებული და პატივცემული ავტორიტეტები? განა ამას უნდა დაეშალა და დაერღვია საოჯახო ანდერძები, ტრადიციები? ხომ ასეა, მაგრამ დრომ და გარემოებამ თავისი ჰქმნა, რადგანაც ყმაწვილობაშივე მოასწრო ჯერ არ დასრულებულს დობროლუბოვს, და ეს კაცი იმისთანების მქადაგებელი გამოვიდა, რომ განუსაზღვრელად და განუსჯელად მიიზიდა გული და გონება მაშინდელ ცხარე დროების ახალგაზრდობისა.
უფრო საოცარი და საკვირველი მაგალითია მეორე ნიჭიერი წარმომადგენელი სამოციანი წლების ინტელიგენციისა, სახელდობრ, დიმ. პისარევი. თუმცა ამ ფიცხსა და აღტაცებულს ყმაწვილ კაცს იმისთანა ბუნება ჰქონდა, რომ უნდა აჰყოლოდა საზოგადო მოძრაობის ნიაღვარსა და აჰყვა კიდეც, თუმცა ამისათვის დაისაჯა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ნიჭიერი პუბლიცისტი მთელს თავის ძალ-ღონეს ხმარობს და ჰსურს ახალგაზრდობა მოაშოროს პირდაპირს თავის მოვალეობას, სახელდობრ საზოგადოების სამსახურს. ისა სჯობია ისწავლოთ ბუნებისმეტყველებაო, მარტო თქვენის საკუთარის ზნეობისთვის იფიქროთ, მარტო თქვენი საკუთარი კეთილი ცხოვრება ეძიოთო... ასე ჰქადაგობს ეს კაცი მაშინაც კი, როცა სასჯელში იმყოფება იმავე იდეებისათვის, რომელსაც ყმაწვილ-კაცობას უწუნებს... აი სადამდე მიდის, ხანდახან, განსხვავება თითოეულ საზოგადო მოღვაწეს თვისებათა და იმ მოვალეობათა შორის, რომელსაც ძალაუნებურად თავს ახვევს იმ მოღვაწეს დრო და ვითარება, გარემოება ისტორიისა, ანუ საისტორიო “კონიუნქტურა”, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე დინჯი და დარბაისელნი გერმანელნი...
დააკვირდით ახლა ჩვენს საკუთარ ცხოვრებას და ნახავთ, რომ აქაც მოიძებნება ზემოხსენებულის ფარდი მაგალითები. მოიგონეთ პირველი ხანა ჩვენის ლიტერატურისა და საზოგადოების გამოფხიზლებისა. განსაკუთრებული, თვალსაჩინო თვისება იმ კარგის დროებისა, როგორც ყველამ უწყის, ის იყო, რომ მაშინ პირველობდა აზრი კაცთ-მოყვარეობისა და, უფრო კიდევ, აზრი ბატონ-ყმობის უარყოფისა. სამოციან წლებში ახალმა სიომ დაჰბერა ჩვენს დაობებულს ცხოვრებას და აუტეხეს კიდეც ბრძოლა დაძველებულსა და დაძაბუნებულს წესსა და რიგს, შთამომავლობით თანდაყოლილსა და დროს შეუფერებელს ჩვეულებასა და აზრს; აუტეხეს სასტიკი ომი საუკუნეთა ნაანდერძევს კაცთა სამარცხვინო ბატონ-ყმობას, რომელიც მძიმე ტვირთად დასწოლოდა ერს. ახლა არ იკითხავთ, ვინ იტვირთა ქადაგება და მახარობლობა იმ აზრებისა, რომელიც მაშინდელს დროში ღვთის გმობად მიაჩნდათ? არ იკითხავთ, ვინ ამოიღო ხმა დაჩაგრულის გლეხ-კაცობის სასარგებლოდ, ან ვინ ცდილობდა აღედგინა ფეხქვეშ დათრგუნვილი სახელი ადამიანისა და მისი სიყვარული, გლეხ-კაცის სახით, ჩანერგა ახალგაზრდობის გულში? არ იკითახვთ, დასასრულ, ვინ მიიტანა იერიში თავადაზნაურობისა და მის უფლება-უპირატესობის წინააღმდეგ? წარმოიდგინეთ, რომ იმავ თავად-აზნაურებმა, იმავე გვარით განთქმულ ოჯახის შვილებმა, ესე იგი სწორედ იმავ სახლის კაცებმა, რომელზედაც მიიტანეს იერიში, რომ დაექციათ, პირქვე დაემხოთ ამ სახლის ეკონომიური ციხე-სიმაგრე, ესე იგი ბატონყმობა და მუქთი ოფლი ყმებისა... პირველის შეხედვით კაცს ეგონება, რომ განათლებულ ახალგაზრდა თავადაზნაურთ მთელის თავის ღონით, მთელის თავის სწავლა-განათლებით თავი უნდა გამოედოთ, რომ შეემაგრებინათ ის უფლება-უპირატესობანი, რომელიც ხელიდან ეცლებოდა იმათსავე დედ-მამას, იმათსავე ძმებსა და ნათესავებს; ამას ითხოვდა იმათი საზოგადოებრივი ხარისხი, ნათესავთ მოყვარეობა და საკუთარი გამორჩენა. მაგრამ არა, “ბედმა”, ანუ თუნდ გნებავთ, “დრომ” ინება, რომ ისინი და სწორედ ისინი და არა სხვა ვინმე გამოსულიყვნენ და ეტვირთნათ დაცვა ადამიანისა, დაუღალავათ და განუწყვეტლივ ექადაგნათ მისი განთავისუფლების საჭიროება. ახლა მეორეს მხრით შეჰხედეთ საქმეს, დააკვირდით აბა და ნახეთ, ვინ ითავა გაწმენდა ქვეყნისა ხანგრძლივ ცოდვათაგან და ამით, ცოტად თუ ბევრად, გაჰფანტა დამძიმებული და სულის შემხუთველი ჰაერი? იტვირთეს უფრო პოეტებმა, ანუ უკეთ ვსთქვათ, მგოსნებმა და მწერლებმა. აბა ეხლა შეჰხედეთ, რა საოცარი ამბავია: მგოსანს პუბლიცისტის კალამი აუღია ხელში, მგოსანი მებრძოლთა პირველს რაზმში ჩამდგარა, მგოსანი პირველი სცლის თოფს, პირველი მიუძღვის მესვეურსავით საზოგადოებრივ მოძრაობას... რომელი სანახავიღაა ამაზე საინტერესო, ამაზე თავისებური, ამაზე თვალწარმტაცი?

4
წინა წერილში მხოლოდ თითო-ოროლა საბუთი დავასახელეთ, მაგრამ იმითაც საკმაოდ ცხადადა სჩანს, რომ დრო, რომელშიაც ცხოვრობს ერთი თუ მეორე საზოგადო მოღვაწე, უძლიერესს ფერსა სდებს არა თუ მარტო მთელს იმის მოღვაწეობას, ასე გასინჯეთ, თვით იმის საკუთარს ხასიათსაც კი. ეს კიდევ არაფერი. ზოგიერთი დრო, ეპოქა თითქოს ჰბადავს კიდეც თავისთვის საჭირო კაცსაო: ჰბადავს მით, რომ იწვევს საასპარეზოდ ბრძოლისათვის საჭირო მხნეობასა და სიმტკიცეს. ამისთანა დროს, თითქოს ქვეყანა აქამდე სთვლემდა და ახლა გამოფხიზლდაო, თავს იჩენს ახალი, მანამდე მიძინებული და მიბინარებული ძალ-ღონე და უცბად, თითქო მოულოდნელად, გამოდიან მოედანზედ ახალნი ნიჭიერნი და მებრძოლნი კაცნი, რომელთაც წინა დღით თითქო ვერავინ ჰხედავდა, ვერავინ ამჩნევდა. მოულოდნელობა კი არავის უნდა ეგონოს. თუ მართლა თვით საზოგადოების გულსა და სულში, იმის წიაღში არა ღვივის საკმაო ნაღვერდალი ჭკუა-გონებისა, თუ არ არის რამდენიმე ძლიერი ნიჭის პატრონი, მტკიცე ხასიათის კაცი, ვერავითარი დრო და ეპოქა, რაც უნდა დიდი და დიდებული იყოს (ან საიდან იქნება დიდი უიმისოდ!), თითონ ვერ შეჰქმნის, ვერ გააჩენს ამ ძალ-ღონის კაცებს. დროს შეუძლიან მხოლოდ მიძინებული მღვიძარედ გადააქციოს, შეუძლიან ნიშნობლივი ფერი მისცეს საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობას, შეუძლიან გააჩინოს ან ერთი, ან მეორე მიმართულება, შეუძლიან წაახალისოს და შთაბეროს სიო ახალის ცხოვრებისა ხანგრძლივი ლოდინით გულგადალეულს კაცსა.
აი სწორედ ამაზედ ამბობენ, რომ ისტორიამ იმოქმედა, აიყოლია და გამოიყენა თითოეულის კაცის ძალ-ღონე იმ საზოგადო საქმეების გასაკეთებლად, რომელიც გააჩინა, წინ წამოაყენა და თავზე მოიგდო ცხოვრების მორევმა და იმისმა ტრიალმაო. ეს ხომ ასეა, მაგრამ არც ის არის ეჭვს გარეშე, რომ ისტორიის ზედმოქმედება ერთიანი კრებულია თითოეულის კაცის ცალკე ღონისა და უღონობისა და სხვა არა-რა. ამ მხრით თითეულს კაცს დიდი და პატიოსანი საქმე აქვს წილხდომილი ისტორიაში: კაცს შეუძლიან ისტორიას დაეხმაროს, ხარიხები მოაშოროს და სიარული გაუადვილოს, შეუძლიან გაასწოროს გამრუდებული სვლა ისტორიისა, იქით მიჰმართოს გზა მისი, საითაც უკეთესია და სასურველი. ბოლოსა და ბოლოს საზოგადო ანგარიშს არა აკლდება-რა, ამაოდ არა იკარგება-რა: არც ისა, თუ ვინმე მხნედ და მღვიძარებით ჩაერია ამ წუთისოფლის საქმეებში, არც ისა, თუ ვინმე სულითა და ხორცით მოშვებულმა თავი მოარიდა მამულიშვილობის მოვალეობას. ერთიცა და მეორეც, მოქმედებაცა და არ მოქმედებაც, ღონეცა და უღონობაც აუცილებლად დაეტყობა საზოგადო მდინარობას ცხოვრებისას და ამ სახით თითოეულს კაცს ცალკე დააჩნდება ზოგადი ხასიათი ისტორიის ზემოქმედებისა იმისდა მიხედვით, რა უფრო ჭარბად არის საზოგადოებაში, მოქმედება, თუ უქმობა, ღონე თუ უღონობა. რაიცა შეეხება საკუთრივ ამ ზედმოქმედებას ისტორიისას, იგი იმდენად ძლიერი და აუცილებელია, რომ მისის მიზეზით ქვეყნის ძალ-ღონე და თითოეულის ნიჭიერება ხან გადაიშლება და ჰყვავის ვარდივით, ხან, პირიქით, ისუსხება, ჭკნება და ხმება კიდეც სრულიად. ამ გაშლა-აყვავებასაც და დაჭკნობა-გახმობასაც მოარულივით გადამდები თვისება აქვს. თუ ფრთა გაშლილი მოძრაობა, რომელსაც ჩვეულებრივ თან მოსდევს ძლიერი სიფხიზლე-მღვიძარება და გამოცოცხლება, აჩენს და თითქო ჰბადავს ძლიერს სამეთაურო და სამესვეურო კაცებს, სამაგიეროთ ჟამსა მიყრუებისასა და მოუძლურებისას, - როცა ტყვიასავით მძიმე დრო მაჯლაჯუნასავით აწევს ქვეყანას, თითქო უნდა დაახრჩოს და სული ამოჰხუთოსო, თითქო უნდა ამოჰგლიჯოს გულიდამ, თუ რამ სურვილი დარჩენია უკეთესის მერმისისაო, როცა ისეთი შავი და ბნელი დროა, რომ ასეთი სურვილი მასხრობად მიაჩნია ერის სიმრავლესა, ანუ სუსტსა, შემდრკალსა და უფრო კი ანგარებით შეპყრობილს, - ამისთანა შავსა და უკუღმართს დროს არამც თუ ძნელია ახალმა ნიჭმა თავი იჩინოს, არამედ, ქვეყნის საუბედუროთა და სავალალოდ, ჰქრებიან და მცხრალ მთვარესავით ილევიან ისინიც კი, ვინც წინათ იყვნენ და კაშკაში გაჰქონდათ.
ცხოველი მაგალითი ამისა თვალწინა გვაქვს, რუსეთი, რომელმაც უკვე გემო გაიგო სამოციანის წლებისა, და ცოტა არ იყოს, პირი ჩაიმტკბანურა სამოცდაათიანებითაც, ეხლა, სამწუხაროდ, ოთხმოციანებსაც ჰხედავს. ვერავითარი სიტყვა ისე კარგად ვერ აღნიშნავს ნიშნობლივს ვითარებას ეხლანდელის დროისას, როგორც სიტყვა გათახსირება (“Оскудение”). ამ ყოფამ უნუგეშობითა და სასოწარკვეთილებით ამოაკვნესა გული რუსეთის დიდებულის მწერლისა: “მე ვხედავ ნაცრის ფერს ცას, ნაცრის ფერს სიგრძე-სიგანეს, ავსებულს ნაცრის ფერისავე ლანდითა და მოჩვენებითა, - სწერს სალტიკოვი, უკვე ცალის ფეხით სამარეში ჩამდგარი, - ნაცრის ფერად მოცული ჭაობია და შიგ ირევიან და ფუსფუსებენ ნაცრის ფერივე ქვემძრომნი და ჭია-ღუები; ნაცრის ფერს ჰაერში ხმა ამოუღებლივ, უძრავად ქანქარებენ ნაცრის ფერი ფრინველნი; გზაც კი ისეთია, თითქო ნაცარი მოუყრიათო. გული სწუხს, იწვის უცნაურის, უზომო სევდისაგან. გულს ამძიმებს, აძმარებს ეს ნაცარი და ნაცრის ფერი. უფრო იწვის, უფრო იდაგება გული, რომ გარშემო ყოველსავე ხმა გაუკმენდია და მდუმარებს. არსაიდან ხმა, არსაიდამ ჩამი-ჩუმი... სხვა არა-რაა, მარტო ნიშნებიღაა წარწყმედისა!.. რაც უფრო შიგ შედის კაცი ამ გზადაბნეულს უდაბნოში, მით უმეტესად თრთის და ჰგრძნობს გონების დამხშობელს უიმედობას, რომელსაც ყოველივე გაუქვავებია და დაუმუნჯებია გარშემო... ყველაფერი გადამხმარა, ყველაფერი გადამჭკნარა, თანდათან მიცოცავს და გველივით მიძვრება გულში გრძნობა გათახსირებისა. და აი ვგრძნობ, რომ მოდის დრო, როცა ყოველივე ჩემი გრძნობა, ჩემი გული, არსებაც გაქვავდება, გაშეშდება...”
ეს საშინელი სურათი, დახატული შესანიშნავის მწერლის ხელოვანის კალმით, იმიტომ კი არ მოვიყვანე, რომ დავანახვო მკითხველს ეხლანდელი ყოფა და ან იმიტომ კი არა, რომ განვუმარტო, როგორ სწვავს ასეთი ყოფა, უკეთესთა კაცთა გონებასა და გრძნობას. ამას გარდა, ფიქრად მქონდა აღმენიშნა ერთი ცხადი გარემოება, რომელსაც ჩვენ მეტად ადვილადა და ხშირად მივივიწყებთ ხოლმე, სახელდობრ ის გარემოება, რომ ეს უცნაური ჯანღი და ბურუსი სხვისა, ცოტად თუ ბევრად, ჩვენს საკუთარს ცხოვრებასაც აჩრდილებს და აბნელებს.
არ ვიცით, ვინ როგორა და რას ჰფიქრობს იმ გონებრივისა და ზნეობრივის კავშირის შესახებ, რომელიც არსებობს ჩვენსა და რუსეთის საზოგადოებას შორის, ხოლო საკუთრად ჩვენ ღრმადა ვართ დარწმუნებულნი, რომ რუსეთის ცხოვრების კულტურული ზედმოქმედება ჩვენსაზე მეტად დიდია და აუცილებელი, რომ მცირეოდენი ცვლილებაც კი რუსეთის მოთავე და თაოსან საზოგადოების ყოფა-მდგომარეობისა დაუყოვნებლივ სცვლის როგორც ჩვენის ინტელიგენციის ფერსა და იერს, ისე ჩვენ საზოგადოებრივ საქმეთა მიმართულებასაც.
საჭირო არ არის, რომ ამ აზრის დასამტკიცებლად მრავალი მაგალითი ჩამოვთვალოთ. დავასახელებთ მხოლოდ გახსენებისათვის იმ ყველასაგან ცნობილს გარემოებას, რომ რეფორმების დრომ რუსეთის სახელმწიფო ცხოვრებისამ სამოციანი წლების დამდეგს პატარა ხანს უკან ჩვენც ბევრგვარი ცვლილება მოგვიტანა და ბევრი რამ შესცვალა არსებითად ჩვენს საერო და სამოქალაქო ცხოვრებაში. არა ნაკლებ ცნობილია ყველასაგან ის გარემოებაც, რომ წარსულის მეფობის დასასრულს, როცა ისე შესამჩნევად გამოფხიზლდა რუსეთის საზოგადოება და ლიტერატურა, როცა გაჩნდა დიდი პროექტები და პლანები, როცა დაიბადა მოუთმენელი და ძლიერი ლოდინი რუსეთის ცხოვრების შეცვლისა ძირეულად და არსებითად, ჩვენც მაშინვე თითქო გონს მოვედით. მაშინ ჩვენმა მიძინებულმა და გულხელდაკრეფილმა საზოგადოებამაც იგრძნო თვისი მოვალეობა, თვისი კაცადი კაცობა და როგორც იყო გაბედა პირდაპირ და უშიშრად დაჰკვირვებოდა თავის ყოფა-ცხოვრებას. ასეთი გამობრუნება საზოგადოებისა კიდევ მაშინვე დაეტყო ჩვენს მწერლობასაც და უცბად წელში გაიშალა, შეიბერტყა ფრთები, გამოცოცხლდა. ვის არ ახსოვს ჩვენში ის კარგი და იმედიანი დრო? ასე გასინჯეთ, თვით ჩვენც კი, თუმცა ძალიან დაშორებული ვიყავით მშობელს ქვეყანასა და იმის საქმეებს და მხოლოდ თითოოროლა გაზეთის ნაწყვეტით თუ შეგვეძლო ყური გვეგდო საზოგადო ცხოვრების მაჯის ცემისათვის, ჩვენც კი დიდის ხნით გამოუცდელს აღტაცებასა ვგრძნობდით. მაგრამ ვაი რომ ისე ამაო და ადრეული გამოდგა ჩვენი იმედი და სასოება!.. მალე და ძალიან მალეც ჩვენი ქვეყანა კვლავ მოიცვა წინანდელმა ნაცნობმა მდუმარებამ და მცირეს ხნის აღფრთოვანება სულისა კვლავ შესცვალა უმოძრაობამ, თავმოყვარეობამ და გონებრივმა სიმდაბლემ!..
განა ცხადი არ არის ყველასათვის, ვინც კი ერთხელვე აჩემებულს აზრს არ ადგია, რომ ამ წაღმა-უკუღმა ტრიალს ჩვენის ცხოვრებისას, ამ აღფრთოვანებასა და ფრთების ჩამოყრას სათავე რუსეთში აქვს, რადგანაც რუსეთის ცხოვრების ცვლილება მაშინვე ზედ დაეტყობა ხოლმე ჩვენსასაცა? ეს იგივეობა და ერთ-ხანიანობა ცვლილებისა, და მხარდამხარ სვლა განა აუცილებლად არ აფიქრებინებს კაცს, რომ მათი დამბადებელი მიზეზიც, მათი გამჩენი საბუთიც ერთი და იგივე უნდა იყოს? ნუ გავარკვევთ იმას, კარგია თუ ავი, რომ ასე სხვის წაბაძვითა და წახედულობითა ვცხოვრობთ, რომ სხვისი ნათელი გვინათებს და სხვისი სითბო გვათბობს, რომ ჩვენც ფეხს ავიდგამთ ხოლმე მარტო მაშინ, როცა სხვა დაიწყებს სიარულსა. კარგია თუ ავია, საქმე, უეჭველია, ასეა. ხოლო რაკი ასეა საქმე, ისიც უნდა ვიცოდეთ, რა მოსდევს და რა აუცილებელი შედეგი აქვს ამისთანა ამბავს. უნდა ვიცოდეთ გაბედვით თვალი თვალს გავუყაროთ და განზრახ არ დავამციროთ მისი მნიშვნელობა. გარჯა და მუშაობა მერმისისათვის მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, მაშინ მოიტანს ნაყოფს, როცა, უპირველეს ყოვლისა, აწმყოს ნიადაგს არა შორდება და ამ ნიადაგზე აქვს ფეხი მომაგრებული: არ შეიძლება, რაც უნდა ვეცადნეთ, ხიდი გავდოთ მერმისსა და ნამყოს შორის და ამასთანავე გზა ავუქციოთ აწმყოს. ათასიც რომ სამწუხარო და უნუგეშო იყოს აწინდელი ვითარება და ყოფა-ცხოვრება, მაინც უნდა ვეცადნეთ, ის ღალა მოვაცემინოთ და ის სარგებლობა მოვაღებინოთ, რის მოცემა და მოღებაც კი შეუძლიან. რაკი ერთხელ და ერთხელ ბედი ქვეყნისა და ბედი რუსეთის საზოგადოებისა ასე დამოკიდებულია ერთმანეთზე, რაკი რუსეთის ცხოვრების ვითარება და მიმართულება ასე აუცილებლად, ცოტათ თუ ბევრად, ზემოქმედობს ჩვენში, ცხადი არ არის განა, რომ კულტურულს წარმატებას რუსეთისას ბეჯითად თვალი უნდა ვადევნოთ და გულ-ხელ დაკრეფით არ უნდა შევცქეროდეთ. პირიქით, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ფხიზლად და თვალგაფაციცებით ვადევნებდეთ თვალ-ყურს და ვიძიებდეთ რუსეთის ცხოვრების ვითარებასა და, შეძლებისადაგვარად, ჩვენც ხელს ვუმართავდეთ რუსეთში და მით ჩვენშიაც კეთილის ზნეობისა და უკეთესის ცხოვრების დამყარებას.
ხოლო ვინ არ იცის, რომ ჩვენ, არამც თუ ამას, იმასაც კი არა ვცდილვართ, რომ რუსეთის საზოგადოებას ჩვენის შემწეობით გაეცნო ჩვენი კულტურული და ზნეობრივი ვინაობა. მაგრამ ეს კიდევ ისე მძიმე ცოდვა არ არის, რადგან ეს ცოდვა იქნებ უნებურიც იყოს. ჩვენ სხვა უფრო მძიმე ცოდვა მიგვიძღვის: ეს ის ცოდვაა, რომ ჩვენ თითქო განგებ, ხან ნებით და ხან უნებლიეთ, ვცდილობთ გვერდი ავუქციოთ, უყურადღებოდ დავტოვოთ რუსეთის ცხოვრება, ვერიდებით და გვეუცხოვება რუსეთის ინტელიგენცია და ვივიწყებთ, რა მძიმე და სამწუხარო შედეგი მოსდევს ასეთს ქცევასა და მოქმედებას.

5
წინა წერილში თქმული რომ ლიტონ სიტყვათ არავინ ჩამოგვართვას, დავაკვირდეთ ერთს გარემოებას, რომელიც მეტად ახლოა ჩვენს საუბარზე. დავაკვირდეთ და ვნახოთ, რა შედეგი მოაქვს იმ ბრძნულის რჩევის დავიწყებას, რომელიც მოგვცა სახელოვანმა ლესინგმა ჯერ ისევ 1778 წელს. გერმანიის ლიტერატურის მამამთავარმა გადაჭარბებით აღტაცებულ და ცალ-კერძად მიმართულ კაცთა გასაფრთხილებლად დასწერა: “სასურველია, დიდად სასურველია, რომ ყოველს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი კაცები, რომელნიც არ იშვნევენ ერის ცხოვრებაში ფესვგადგმულს ცრუ და ამაო მოძღვრება-მორწმუნეობას, ისეთი კაცები, რომელთაც კარგად ახსოვთ, სახელდობრ როდის აღარ ჩაითვლება პატრიოტობა ქველობად”... პატრიოტობა, ჩემის აზრით, სწორედ იმ დროდან აღარ უნდა მივიჩნიოთ ქველობად, როცა კარს უხშობს და უკეტავს ქვეყნის წარმატებას, როცა აჯობინებს იყოლიოს ერი დამძიმებულსა და დახშულს ჰაერში და გადაჭარბებით ცდილობს, არ მიაკაროს სხვათა ერთა განათლების სარგებლო სიო და მაცოცხლებელი ნიავი. ეხლავე ვნახავთ, რომ ეს საანბანო ჭეშმარიტება, სამწუხაროდ, ძალიან და ძალიან ხშირად დავიწყებაშია ხოლმე.
ყველამ იცის, რომ ერთი დიდი ნაწილი ჩვენის განათლებულებისა, ჩვენი ინტელიგენციისა, უმაღლესს სწავლას რუსეთის უნივერსიტეტებსა და სხვა მაღალ სასწავლებლებში იძენს. უკეთესს დროს, თითქმის მთელს თავის ყმაწვილ-კაცობას, - ამ მშვენიერს გაზაფხულს თითოეულის კაცის სიცოცხლისას, - როცა გულს სწყურიან სიკეთე და “გონება ცას იქით ეძიებს სადგურს”, როცა ის-ის არის უნდა ჩამოიქნას ხასიათი ყმაწვილის კაცისა და ჩაედგას საძირკველი მის შემდეგს სარწმენსა და სათაყვანებელს, - აი სწორედ ამ დრო-ჟამს ჩვენი სტუდენტი ატარებს, ანუ შეუძლიან გაატაროს რუსეთის ყმაწვილობასთან აზრთა აღებ-მიცემობითა. რა დასამალია, ან ვინ არ იცის, რომ უკეთესი ნაწილი რუსეთის სტუდენტობისა გამსჭვალულია ფრიად სასურველისა და კაცთმოყვარე მიმართულებით, რომ მისი გული და გონება ერთან არის და ამ ერის საბედნიეროდ სწყურიან გარჯა და მოქმედება. თითეული წევრი ამ ჭაბუკთა კრებულისა ფიქრობს, რომ ცხოვრებაში საზოგადო მოღვაწეობა მომელისო და ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს მეტი ცოდნა შესძინოს თავის გონებას, ფაქიზად მოუაროს და გაწვრთნას თავისი ზნეობრივი გრძნობანი, განამტკიცოს და გამობრძმედოს თავისი ხასიათი, მოიკრიბოს ძალა ვაჟკაცობისა და მოიპოვოს უნარი მხნეობისა, რომელიც ასე საჭიროა ცხოვრების სიბრიყვისა და უგუნურობის გასამკლავებლად და დასაძლევად. ცხადია, რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კაცისათვის ასეთ წმინდასა და მარგებელს ჰაერში ყოფნას, რანაირ უნდა ამაღლებდეს და სწრთვნიდეს ასეთი საურთიერთო კრებული, აღსავსე ასეთის გრძნობითა და აზრით. ხოლო ვისაც უნდა, რომ უნივერსიტეტი იმისთანა სასწავლებლად არ გადაექცეს, რომელიც მხოლოდ დიპლომს იძლევა სამსახურში კარგის ადგილის დასაჭერად, ან საამხანაგო კრებული არ გაუხდეს საამფსონოდ ქეიფისა და დროს გატარების მოედნად, საჭიროა ყმაწვილმა კაცმა ჯერ თითონვე გაიჩინოს და გაიმტკიცოს ხალისი საზოგადოებრივ მეცნიერებისა და იმ ცხოველისა და საყურადღებო საგნებისა, რომელსაც ეძლევა რუსეთის უკეთესი სტუდენტობა. საკმაო არ არის ცარიელი ყოფნა უნივერსიტეტში. საჭიროა, ამას გარდა, დაუახლოვდე, დაუმეგობრდე შენს ამხანაგებს სიტყვა-პასუხით, გონებისა და აზრის აღებ-მიცემით. რაკი ჩვენი საკუთარი უნივერსიტეტი არა გვაქვს, რაკი ჩვენში არ არსებობს საკუთარი ცენტრო გონებრივის ცხოვრების და ამიტომ აუცილებელია და სავალდებულო წასვლა ცივ ჩრდილოეთად, იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ღალა ავიღოთ ყოველ იმისაგან, რასაც მოგვცემს სულ სხვა ტომის ახალგაზრდობასთან ყოფნა, ერთად სწავლა, ერთად განათლება, სულ სხვა ხასიათებისა და სულ სხვა ზნე-ჩვეულების ნახვა და განცდა. თუკი კარგის ნაცნობის შეხვედრა და მასთან ლაპარაკი უსარგებლოდ არ ჩაივლის ხოლმე ჩვენთვის, თუკი ახლად გაცნობილი კაცის საუბარი გამოგვაცოცხლებს ხოლმე, მაშ რამდენად უფრო სასარგებლო და საგულისხმიერო უნდა იყოს ჩვენის ახალგაზრდობისათვის ახლო ყოფნა, საფუძვლიანი გაცნობა იმათი, ვინც სულ სხვა გარემოში განვითარებულა, სულ სხვა ბუნებაში წამოზრდილა, ვისზედაც სულ სხვა საისტორიო ვითარებასა და ანდერძებს უმოქმედნია და ვისთვისაც სულ სხვაგვარად აგებულსა და მოწყობილს ოჯახს მოუვლია და უპატრონებია.
ვითომ ეს გარემოება არ უნდა იყოს, სხვათა შორის, მიზეზი იმისა, რომ ინგლისის აღზრდა-განათლების წესი საჭიროდ სთვლის, ახალგაზრდა კაცმა მოიაროს უცხო ქვეყნები და გაიგოს იქაური ამბავი და გარემოება? ჭკვიანმა ინგლისელებმა კარგად იციან, რომ გაცნობა და გაგება უცხო ზნისა და ჩვეულებისა, თვალდათვალ ნახვა და დაკვირვება სხვათა კულტურისა და ერთა წარმატების სხვადასხვა სახისა და მრავალფერის ვითარებისა აუცილებლად განადიდებს თვალთახედვის ისარს ყმაწვილის კაცისას და დაამთავრებს, დააგვირგვინებს სკოლაში შეძენილს აღზრდა-განათლებას. და თუმცა ინგლისელი არსად და არასოდეს არ ივიწყებს, რომ ინგლისელი ვარო, წარმომადგენელი მდიდარისა, ძლიერისა და თავისუფალის ერისაო, ისიც მუდამ ახსოვს, რომ კარჩაკეტილში ცხოვრება, სხვის მიუკარებლობა და გარშემო კედლის შემოვლება სამარეა ერის ძალ-ღონეთა თავისუფალი და მრავალკერძად განვითარება-წარმატებისათვის. მართლაცდა საშიში და მავნებელი ის კი არ არის, რომ დაუახლოვდე და დაუმეგობრდე თუნდა სულ სხვა სარწმუნოებისა და სხვა ტომის კაცს, არამედ საშიში და მავნებელი ის არის, რომ უმეცრებითა და უგუნრებით, მხდალსა და ლაჩარ კაცსავით, თავს იმალავდე შინ, თავს იკეტავდე სახლში და განგებ ერიდებოდე თანამედროვე ცხოვრების კულტურულ მდინარეობის ძლიერს ზედმოქმედებას.
მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ინგლისელების სანაქებო ჩვეულების დასახელებას არ იკმარებენ საბუთად ჩემი მკითხველები და უფრო ძლიერს საბუთს მომთხოვენ. მაშ მოგახსენებთ, - რა გვარად ექცეოდა იტალიის ინტელიგენცია ევროპის დემოკრატიას. იტალიისათვის იმ ფრიად სამწუხარო დროს, როცა ეს მშვენიერი ქვეყანა ხარბისა და ანგაარების მოყვარე ავსტრიელების ხელში იყო, როცა დანაწილებული, შეგინებული და დამონებული უცხოობის მძიმე უღელ ქვეშ იდრიკებოდა, განა იმ დროს თავგანწირულნი მოღვაწენი იტალიის განთავისუფლებისა კარჩაკეტილნი ისხდნენ შინ და მარტო თავის სამშობლოში მუშაობასა სჯერდებოდნენ? განა ისინი არ იყვნენ, რომ, პირიქით, ისეთის ხალისით ეტანებოდნენ ევროპის მეთაურ ინტელიგენციას? ვინ არ იცის, რომ იყო დრო, როცა ხშირად და ძალიან ხშირად ევროპის დემოკრატიის საზოგადოებრივ დაწყობილების ყველა საბლის წვერები მაძინს სჭერია თავის გამოცდილსა და ძლიერს ხელში? ვინ არ იცის ის, პირველი შეხედვით, უფრო საკვირველი გარემოება, რომ პირვანდელი პროექტი მუშების საერთაშორისო ამხანაგობისა შეადგინა, თუმცა არ-კი შეიწყნარეს, იმავ დაუღალავმა იტალიის დემოკრატმა და მამულის შვილმა. მართლა მარტო უცხო სტუმართა უხვის გამასპინძლებითა, მათთვის სადილების გამართვითა და მხურვალედ წარმოთქმულის სანადიმო სიტყვებით კი არ მოუპოვებიათ იტალიელებს თანაგრძნობა ევროპის საზოგადოებისა. გავისარჯოთ ევროპის უკეთეს კაცებთან ერთადაო, დავუახლოვდეთ იქაურ მეთაურებს, გავუამხანაგდეთ იმათაო, დამჯდარის ჭკუით ვისწავლოთ და ვიცოდეთ, რა გზით მიდის საერთოდ წარმატება კაცობრიობისაო, მხნედ ჩავერიოთ ევროპის სხვათა ერთა საქმეშიაც, როცა საჭირო იყოსო, - აი ეს არის შესაფერი გზა ჩვენის სანატრელისაო, - ამბობდნენ მამამთავარნი და პირველნი დამცველნი იტალიის ბედისანი. და მართლაც, ვინ არ იცის, რა სახელი შესძინა იტალიელებს ს. ამერიკის ლაშქრობით გარიბალდიმ, ამ დიდებულის გულის კაცმა და უფრო დიდებულმა პატრიოტმა? სულ ერთი მუჭა იტალიელები კი ჰყვანდა თან ამ საკვირველს კაცს და ამ ერთის მუჭა მეომრებით იცავდა თავისუფლებას სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკებისას. ჯერ ეხლაც კი თავს იჩენს ის მეგობრობა, რომელიც ჰქონიათ ოდესმე იტალიის პატრიოტებსა და საფრანგეთის დემოკრატიას: ვინც კი გაზეთებს თვალ-ყურს ადევნებს, კარგად უნდა იცოდეს, რა თვალით უცქერის იტალიის დემოკრატია იტალია-გერმანიის ხელშეკრულებას, რომელსაც საფრანგეთის დასუსტება აქვს საგნად; აგრეთვე კარგად უნდა იცოდეს, რა პატივი სცეს ფრანგებმა იტალიელ მეგობრებს, რომელთაც დეპუტაცია გაჰგზავნეს პარიჟის მსოფლიო გამოფენაზედ.
ამისთანა ამბავსავე ვხედავთ პოლშაშიაც. მართალია, ვერ ვიტყვით, რომ პოლშელებს არ ეტყობოდეთ, ცოტად თუ ბევრად განზე დგომა, რომ თავს არ იწონებდნენ და შინ არ იკეტავდნენ; ვერ ვიტყვით, რომ ცოტად თუ ბევრად, თავი არ მოჰქონდეთ თავიანთის სახელოვანის წარსულითა და მართლა მდიდარის ლიტერატურით; მაგრამ ამ ბოლოს დროს იქაც დიდი ცვლილება მოხდა ამ მხრით. ვისაც კი თვალ-ყური უდევნებია პოლშელების ცხოვრებისათვის, უსათუოდ შენიშნავდა რანაირ გაუძლიერდა პოლშის ინტელიგენციას ხალისი რუსეთის ცხოვრებისა და ლიტერატურის ცოდნისა. პოლშის ინტელიგენცია დიდი ხანია წინანდებურად აღარ უბღვერის, მტრად აღარ მიაჩნია რუსეთის განათლებული საზოგადოება. პოლშის ინტელიგენციამ შეიგნო, რომ საერთო გონებრივი და ზნეობრივი ინტერესები შემაერთებელი ხიდია ჩვენსა და რუსეთის ინტელიგენციის უკეთეს ნაწილს შორისაო და, რაკი მიხვდა ამას, თანდათან უახლოვდება კიდეც ამ უკეთესს ნაწილს.
დასასრულ, ახალი ხანა ირლანდიის საეროვნო-მოძრაობისა უფრო უკეთესი საბუთია ჩემის აზრის დასამტკიცებლად. ვინ არ იცის, რომ ირლანდიის თვითმმართველობის მძებნელთ ათასგვარი ღონისძიება სცადეს, ათასგვარი ხერხით შეებრძოლნენ ინგლისის ბატონობას, მაგრამ ბოლოს გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ თუ გვინდა ჩვენს საწადელს მივაღწიოთ, გულწრფელად უნდა დავუახლოვდეთ ინგლისის ლიბერალებსაო, შევკრათ იმათთან კავშირი და ერთობით ვიმოქმედოთო. ჯერ ისევ გუშინ შეურიგებელნი მტერნი, ისეთი მტერნი, რომელთაც მორიგება შეუძლებელ საქმედ მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ ჩვენი საწადელი სულ სხვაა და იმათი-სხვაო, დღეს ხელს უწვდიან ერთმანეთს და შეერთებულის ძალით მოქმედობენ. ამ სახით შეერთებულნი, ერთობითა და ძმურის გარჯით, დაუღალავი ქადაგებით ცდილობენ მოიახლოვონ დრო ირლანდიის ერის სანატრელი სურვილის შესრულებისა. ჭეშმარიტად, ეს მომხრეობა და კავშირი სახელგანთქმულ ირლანდიელთა მეთაურის პარნელისა და ინგლისელ ლიბერალების მესვეურისა “დიდის მოხუცის” გლადსტონისა, ისეთი საგულისხმიერო მაგალითია, რომლისთანაც იშვიათია მთელს მსოფლიო ისტორიაში! გამწვავებულმა ომმა და ერთმანეთის გაუგებრობამ ალაგი დაუთმო დიდის გულდადებით მოფიქრებულ ბრძოლის წესსა და რიგს ორის მოპირისპირე დასისას, რომელთა აწ შეერთებულსა და ერთიანს მოღვაწეობას მოჰყავს დღე საბოლოვო და უეჭველის გამარჯვებისა. მე მგონია, რომ მთელს იმ ხანაში, რაც ხანი ისე გმირულად და თავგანწირულად ებრძვიან ირლანდიელები ინგლისის ბატონობას, ირლანდიას არა ჰყოლია უფრო მეტად გულწრფელი, უფრო მეტად სასარგებლო და მხნე მოკეთენი, ვიდრე არიან მისთვის დღეს ინგლისის ლიბერალები. ეს დასი იმას როდი კმარობს, რომ შორით თანაუგრძნობდეს ირლანდიის მოღვაწეთა სურვილსა და განზრახვას, მხოლოდ გულით იყოს მონდომებული მათს ბედნიერებას, არა, თვით საქმითაც, გარჯითა და მხნეობითაც ცდილობს ნამდვილი და ჭეშმარიტი სამსახური და მოკეთეობა გაუწიოს. არა ჰზოგავს არც ფულსა და შეძლებას, არც დროსა და ჯაფას, უკან აყენებს დროებით ყველა სხვა საქმეს, რომლის გაკეთებასაც თხოულობს თვით ინგლისის ცხოვრება, და მთელს თავის ძალ-ღონეს, თავის გულისყურსა და თავის ნიჭიერ წარმომადგენელთა გამრჯელობას ზედ ახმარებს ირლანდიის გამწვავებულ საქმეს. მართალია, ასეთი საქციელი, პირველ შეხედვით, დიახ უცნაური და საკვირველი, გამოწვეულია იმით, რომ, უპირველეს ყოვლისა, თითონ ინგლისისათვის არის სახეირო და საბედნიერო, მაგრამ კიდეც ეგ არის საოცარი და საგულისხმიერო: გაცხარებულსა და გამწვავებულს საეროვნო ბრძოლაში მეთაურებმა გამოიჩინეს იმდენი გამბედაობა და შორსმხედველობა, რომ მეგობრულად გაუწოდეს ერთმანეთს ხელი და მიხვდნენ, რომ ურთიერთობით საქმის დაჭერა ჯერ ხანად მაინც ორსავ მხარესათვის სახეიროა.
ყველა ეს მაგალითები, მგონია, ცხადად გვიჩვენებს, საით უნდა ჰქონდეს, სხვათა შორის, გულისყური ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობას რუსეთში ყოფნის დროს. რუსეთის ინტელიგენცია მეტად მიმზიდველი და საყვარელი ინტელიგენციაა სხვა ინტელიგენციათა შორის. ვრცელი განათლება, პატიოსანი კაცობრივი ნატვრა-სურვილნი, პირდაპირი, გულუბრყვილო და პატიოსანი ხასიათი, უნარი აღტაცებისა იმ დიდებულის აზრითა და საქმით, რომელიც აღელვებს მთელს ეხლანდელს კაცობრიობას, - აი რა არის განსაკუთრებული და ნიშნობლივი მისი თვისება. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ სახეში გვყავს არა მთელი ინტელიგენცია რუსეთისა, არამედ მისი უმაღლესი და უკეთესი ნაწილი. დაახლოვება ინტელიგენციის ამისთანა ნაწილთან საკეთილოა არა თუ ჩვენის ახალგაზრდობისათვის, არამედ, მე მგონია, რომ ამ მახლობლობას მცირედი საზოგადოებრივი მნიშვნელობა არ ექმნებოდა მთელი ჩვენის ქვეყნისათვისაც.

6
რა უნდა იყოს და რას-კი ვხედავთ? დღითი-დღე უფრო შორს უდგება ჩვენი სტუდენტობა რუსეთისას, დღითი-დღე უფრო განზე მიიწევს. ვინ რას იტყოდა კიდევ, რომ მიზეზი მათის დაშორებისა და განზე დგომისა თან დაყოლილი ზნე-ჩვეულებისა და ეროვნულის ხასიათების სხვადასხვაობა იყოს. ამას კიდევ გაუძლებს ადამიანი, უბედურება ის არის, რომ მიზეზი დაშორებისა თითქო სხვა რამ უფროა, სახელდობრ ისა, რომ გონების წარმატებით არიან სხვადასხვანი, მომზადება აქვთ სხვადასხვა, საზოგადოების სამსახური ესმით სხვადასხვაგვარად, სხვადასხვანაირად უყურებენ გარშემო ცხოვრებას. გარნა უპირველეს ყოვლისა და უფრო მომეტებულად იმითი განსხვავდებიან, რომ სულ სხვადასხვაგვარი საქმე და მეცადინეობა აქვთ სკოლის გარეშე. მაშინ როცა რუსი სტუდენტი ხარბად ეწაფება ევროპულს მეცნიერებას, ცდილობს, უპირველეს ყოვლისა, შეიძინოს ის, რაც დააკლო გიმნაზიაში სწავლამ, ცდილობს შეიგნოს საფუძველი და ვითარება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებისა, - ერთი სიტყვით, მაშინ, როცა რუსი სტუდენტი გულდადებით ეჭიდება და ეტანება სოციოლოგიურსა, ეკონომიურსა, ისტორია-ფილოსოფიურსა და სხვაგვარ სწავლას, საფუძვლიანად სწვრთნის თავის ხასიათსა და ჭკუა-გონებას, ჩვენი სტუდენტი გულუბრყვილობით ჰგონებს: რა გზასაც უნდა დავადგე ცხოვრებაში, ის გზა ხომ უჩემოდაც გაკვალულია; რასაც უნდა მივსდევდე, ესეც ხომ მტკიცედ არის გადაჭრილიო. იმას აღარ თაკილობს, რომ თუ გზა გაკვალულია, სხვისის მხნეობით არის გაკვალული, სანატრელიც თუ აღნიშნულია, ამისთვის თითონ თითიც არ გაუნძრევია.
აბა თავს რაღად შეიწუხებს, რომ თავის მცირე სწავლა-ცოდნას მოუმატოს რამე, აზრი განიზოგადოს, ზოგად საგნებს გაუწვდინოს თვალი. პირიქით, დიდის გაბედულებითა და კადნიერებით ხელს სჭიდებს იმისთანა საქმეებს, რომელიც, ჩემის აზრით, უფრო ჰშვენის ჭკუა-დამჯდარსა და ცხოვრებაში უკვე გამოცდილს საზოგადო მოღვაწეს, ვიდრე სტუდენტს. გამოიხატავს თავში ამისთანა ცრუ-მიმართული და მწვანე კიტრივით თავმომწონე ყმაწვილი კაცი, რომ ისტორიამ მაკისრა დიდი მოვალეობა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შევასრულოვო, და ჰკიდებს ხელს საკუთრად თავის სუსტის ღონით არა თუ მარტო სწავლას, არამედ ძიებასა და კვლევას ქართული ლიტერატურის ძველის-ძველ ძეგლ-ნაშთებისა, ჰკიდებს ხელს ისეთს კვლევასა და ძიებას, რომელიც, ჩემის აზრით, მხოლოდ მაშინ გამოიღებს ნაყოფს, მაშინ იქნება სასარგებლო, როცა მკვლევარს უკვე შეუძენია ვრცელი სოციოლოგიური და ისტორია-ფილოსოფიური განათლება; ჰკიდებს ის ყმაწვილი ხელს ამისთანა ძიება-კვლევას, ანდომებს მთელს თავისუფალს დროს ჩხრეკას ისტორიისა და არხეოლოგიის წვრილმან საგნებისას და მთელი მისი გულისყური, ჭკუა და გონება მიდის მიყრუებულსა და ხავსმოკიდებულს წარსულში, იქ, საცა სუფევს მხოლოდ ეტრატები და ძველის-ძველი, დაობებული ხელნაწერები. ერთის სიტყვით, ვიმეორებ, ეჭიდება ისეთს საქმეს, რომლისათვისაც ჯერ არავითარი სამზადისი და საგზალი არა აქვს და რომელიც საბოლოოდ ჰღუპავს მის ჭკუაგონებასა და უკლავს ხალისს იმისას, რომ შიგ გულში ჩახედოს ცხოველს ავკარგიანობას ცხოვრებისას. რაღად უნდა გვიკვირდეს შემდეგ ამისა, რომ ჩვენმა სტუდენტმა და რუსმა სტუდენტმა ვეღარა გაიგონ რა ერთმანეთისა და დაშორდნენ, და თითქო სრულიად უცხონი არიანო, ზურგი შეუქციონ ერთმანეთს. გამოდის, რომ, ერთის მხრით, ქართველი სტუდენტი, თავის მოუმზადებლობის გამო, ვერ მისწვდება რუსის სტუდენტს და, მეორეს მხრით, რუსის სტუდენტს ვერ გაუგია, ეს რა პრაქტიკულს საქმეს მოჰკიდებია ჩემი ამხანაგი, ეს რა იმედები ასულდგმულებს იმასაო. როცა ორი ამისთანა ამხანაგი შეხვდება ერთმანეთს, - ხომ არ შეიძლება რომ ამხანაგობაში ათასში ერთხელ მაინც კაცი კაცს არ შეხვდეს, - ჰო და, როცა შეხვდებიან ერთმანეთს, ერთი ფიქრობს: საწყალი ჩემი ამხანაგი, გაუნათლებლობისა და განუვითარებლობის გამო, გულგრილია კაცობრიობის ბედის მიმართო და იმის თავში სრულიად არ მოიძებნება იდეა-აზრებიო. ხოლო მეორე ფიქრობს: ეს ჩემი ამხანაგი რუსი, მარტო იმიტომ რომ რუსია, ვეღარ ახერხებს მიხვდეს და თანაუგრძნოს ჩემს სურვილსა და ნატვრას და არც შეუძლიან ჩემი ჭირი ჭირად მიიჩნიოს და ლხინი ლხინადაო. ცხადია, რომ ჩნდება განზე დგომა, ერთმანეთის გაუგებრობა, დამღუპველი ერთისათვისაცა და მეორესათვისაცა, მაგრამ უფრო კი, რასაკვირველია, ჩვენი სტუდენტისათვის.
ღვთის წინაშე, წინადაც კი ჩვენი სტუდენტობის ნიშნობლივი თვისება ის იყო, რომ ცოტად თუ ბევრად, განზე უდგა დანარჩენს სტუდენტობას. თუ გნებავთ ეს ადვილად მისახვედრიც არის: ასე თუ ისე, რაკი უცხოობაში ჩავარდებოდნენ ხოლმე ჩვენი სტუდენტები, უფრო ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, ვიდრე სხვებს. მაგრამ რამდენადაც ვიცი, ქართველი ახალგაზრდობა სამოციანისა და სამოცდაათიანის წლებისა არასდროს პრინციპიალურად არ დაშორებია დანარჩენ ახალგაზრდობას, იმიტომ, რომ ორივეს ერთნაირი გონებრივი და ზნეობრივი ინტერესები ჰქონდათ, ერთნაირი სასურველი და ერთნაირი გაგება, როგორც თავიანთის უფლებისა, ისე მოვალეობისაცა. ქართველი სტუდენტობა მაშინ სრულიად და სავსებით იყო ჩარეული მთელის სტუდენტობის ცხოვრებაში. სწავლობდა და ვითარდებოდა სხვასთან ერთად; სხვასთან ერთადვე იძენდა საფუძვლიანს გაგებას უმთავრესის საგნებისას და საზოგადოდ ქვეყნისა და კაცობრიობისას. ამ სახით, რაკი ერთგვარ ვითარებაში იზრდებოდნენ, ერთგვარი გონებრივის საგზლით იკვებებოდნენ, ერთისა და იმავე ბრწყინვალე და კაცთმოყვარე ლიტერატურის ზედმოქმედებას ექვემდებარებოდნენ, გასაკვირველიც არა არის რა, რომ ერთი და იგივე ღმერთები სწამდათ, ერთსა და იმავე ხატებს ეთაყვანებოდნენ. ამგვარად ჩნდებოდა ერთნაირი ჰაერი, წმინდა და მარგებელი; იბადებოდა მტკიცე და ყველასათვის სასარგებლო ამხანაგობა და კავშირი. რაკი ერთგვარად ესმოდათ და ეყურებოდათ საგნები, ერთმანეთში მეტი ნდობაცა ჰქონდათ. ამისთანა გარემოებასა და ვითარებაში ქართველ ახალგაზრდობას შეეძლო ორისავე ხელით ეღო ღალასავით ყოველივე, რასაც იღებდა ყველა სხვა რიგიანი და გონება წარმატებული სტუდენტი. ესე იგი, ჩვენს სტუდენტობას ღონე და შეძლება ჰქონდა გაეგო და გაეცნო მაშინდელი ახალ-ახალი და წარმატებული იდეა-აზრები, მაშინდელის კაცობრიობის უმაღლესი იდეალები და ნატვრა-სურვილნი, რომელთა ძალა და სიტკბოება ჯადოსავით ჰხიბლავს ყოველს პატიოსანსა და გულწმინდა ადამიანს.
სწორედ ასეთი გარემოება და ვითარებაა მიზეზი, რომ სამოციან წლების წარმომადგენელნი ასე აღემატებოდნენ და, ცოტად თუ ბევრად, აღემატებიან დღესაც თავიანთ მომდევნო თაობას. აღემატებოდნენ და აღემატებიან იმითაც, რომ უფრო ვრცელი განათლება აქვთ შეძენილი და უფრო ცხოვლად სწამთ საერთო-საკაცობრიო იდეალები და იმითაც, რომ უფრო მეტად მზად ყოფნა და წყურვილი ეტყობათ საზოგადოებრივი მოღვაწეობისა. ჩვენი “მამანი” ავარჯიშებდნენ თავიანთ ჭკუა-გონებას მით, რომ უფიქრდებოდნენ, უღრმავდებოდნენ მთელის კაცობრიობის საქმე-ვითარებასა და ამის გამო უფრო უკეთესის იდეალებით განიმსჭვალნენ. ამის გამოვე შეიძინეს ის გრძნობა უკმარობისა, რომელიც სიფხიზლითა და მღვიძარებით ადევნებს თვალ-ყურს ცხოვრების მოუწყობლობას, არა სჯერდება, არ მოსწონს უკვე არსებული წეს-წყობილება და მამა-პაპური რიგი ცხოვრებისა; ის გრძნობა უკმარისობისა, ურომლისოდაც შეუძლებელია ცხოვრების წარმატება და წინმსვლელობა. მართლაცდა ვინც თავი არ შეიწუხა და არ გაიგო ის დიდი და ვრცელი გასაკეთებელი და გადასაწყვეტი საქმეები, არ შეიგნო ის იდეალები, რომელიც ასულდგმულებს ეხლანდელს განათლებულს კაცობრიობას, ვინც არ მოინდომა, ან მეტ ბარგად სთვლის შეიტყოს, რა დიდს წარმატებაში არიან ამჟამად მოწინავე ერნი და კიდევ უფრო რა დიდს წარმატებასა და აღმატებულობას გვიქადის მერმისი, ჰოდა ვინც ყოველ ამისათვის თავი არ შეიტკივა, ის იმოდენა შნოს ვერ იქონიებს, რომ დამჯდარისა და მიუდგომელის ჭკუით განსჭვრიტოს ყოველივე ვითარება საზოგადო ცხოვრებისა და გონიერებითა და რიგიანობით მოითხოვოს იგი სავსება, ურომლისობა არ ასვენებს ცოცხალს გონებას და ყურმახვილობას განათლებულის კაცისას, როცა ჰხედავს უკუღმართობასა და მოუწყობლობას თავის გარეშემო. ამისთანა კაცი ცოტა რასმე ჰკმარობს, ცოტა რამით ჰნუგეშობს, იმისათვის საკმაოა სადაც ლომია, იქ ბუზს შეეჭიდოს და ბუზზე გამარჯვება იკმაროს. საცა მორევია, იქ პატარა წყალში იჭყუპალაოს. ხოლო ვინც იცის, რა საზღვარდაუდებელი და დაუსრულებელია გზა კაცობრიობის წარმატებისა, ვისაც აქვს შნო ნატვრისა და იმისი სანატრელი ბევრად შორსა სცემს, იმას განუქრობლივ უღვივის ის წმინდა ნაღვერდალი უკმარობისა, რომელიც ნებას არ აძლევს კაცს მიიძინოს, უქმად იყოს გულ-ხელ-დაკრეფილი და რომელიც პირიქით ამხნევებს და აგულიანებს გასარჯელად, რომ იმით ცოტათი მაინც მოიახლოვოს თავისი სანატრელი, თავისი იდეალი. “ქვეყნის დამღუპველს თავმოყვარეობასა და მომაკვდინებელს გულცივობას კი - ამბობს ერთი ფრიად სასიყვარულო მოაზრე გერმანიისა, სახელდობრ, ლანგე “მატერიალიზმის ისტორიაში”, - დასძლევს მხოლოდ ის დიდი სანატრი და ის იდეალი, რომელიც მოვა მსგავსად “ძველის ქვეყნიერების მგზავრისა” განცვიფრებულ ერთა შორის და წაეტანება რა შეუძლებელს, მით უკვე არსებულს ჩამოჰგლეჯს ანჯამებიდან, ერთის სიტყვით, გაღმა გაიწევს, რომ გამოღმა დაინარჩუნოს”.
სწორედ ეს გარემოება გვიჩვენებს, ჩემის აზრით, მთელ იმ სხვადასხვაობას, რომელიც არსებობს ძველსა და ახალს თაობას შუა. ერთი იზრდებოდა და იწვრთნებოდა, აკვირდებოდა მთელის მაშინდელის კაცობრიობის საკუთვნებელს და სატვირთელს, მეორე კი - კერძოსა და პრაქტიკულს საქმეს დღეინდელის დღისასა და მხოლოდ ერთი რომელისამე ქვეყნისას; ერთი იწყებდა თავის ვარჯიშსა და წვრთვნას საზოგადო აზრთა შეთვისებით და მეორე - კერძოზედ გადადიოდა; ერთი ჯერ კაცობრიობას და მის ზრუნვას უფიქრდებოდა, მერე თითეულს კერძო ქვეყანასა და მის მაშინდელს ყოფასაც ხელს ჰკიდებდა, მეორე კი იწყებს კიდეც და ათავებს კიდეც კერძო საქმეებითა და საზრუნავით, იმ კერძო და დაწვრილებულის საქმეებით, რომელიც, მართალია, მეტად საყურადღებოა და არც გადაიდება, რადგან პრაქტიკულ მოღვაწეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რომელიც გამოუყენებელია, უღონოა და უქმი თვით საზოგადო მოღვაწეთა გონებისა და ჭკუის წვრთვნა-ვარჯიშისათვის. ამის გამო, ერთნი ისეთნი გონებრივი საგზლის პატრონები იყვნენ, რომ შეეძლოთ ნაწილი მისი დაეხარჯათ ყოველდღიური პრაქტიკული საქმეების გასაძღოლად და ამ გაძღოლით არაფერი არ დაჰკლებოდათ-კი, პირიქით, კიდევაც ბლომად დაეზოგათ თავისი ძალ-ღონე შავის დღისა და გაჭირვებისათვის. ხოლო მეორენი ისეთის სუსტის საგზლის პატრონები არიან, რომ მალე ელევათ ძალ-ღონე და სრულიად უძლურნი და უღონონი შეჰყურებენ დროებას, რომელსაც ყოველ დღე ახალ-ახალი და უფრო რთული საქმეები მოაქვს საზრუნავათ და მოსავლელად. ის დიდი საგზალი ზნეობრივისა და გონებრივის ძალ-ღონისა, რომელიც შეიძინეს ჩვენმა “მამებმა” საკაცობრივო აღზრდა-განათლებით, ნებას აძლევდა და ნებას აძლევს დღესაც შეუფერონ თავისი მოღვაწეობა დროსა და ადგილის გარემოებასა და ვითარებასა. იმავე საგზლის გამო ჩვენი “მამები” უფრო მოხერხებულნი არიან, უფრო მტკიცენი და უფრო მეტის ამტანნი ცხოვრების ჭიდილსა და ბრძოლაში. ამიტომაც არის, რომ ისინი მალე არ ჰკარგავენ იმედს და პირველსავე განსაცდელის გამო არ მოეშვებიან სულითა და ხორცით, არამედ უფრო მედგრად ირჯებიან, უფრო მეტად შრომობენ და ბეჯითობენ სამერმისოდ, საშვილიშვილოდ.
რაც შეეხება ეხლანდელს თაობას, რომლის აღზრდასაც სცდილობდნენ თითქმის განსაკუთრებით ჩვენის საზოგადო ცხოვრების კერძო და პრაქტიკულ საგნების ჩაგონებითა, რასაკვირველია, ამისთანა სავარჯიშო არ მოსთხოვდა ჩვენს ახალგაზრდობას არც ჭკუა-გონების დიდ გარჯასა და არც ხასიათის წვრთვნასა და ცეცხლში გამოტარებას. იმის თვალწინ იყო გასარკვევად ისეთი მარტივი და ურთული საქმეები, რომელიც ადვილად მისახვედრია სულ განუვითარებელი ჭკუა-გონებისათვის, მისახვედრია სულ მარტივი გრძნობისთვისაც კი. ახალგაზრდობას არ ესაჭიროებოდა ამისათვის არც ვრცელი ევროპიული განათლება, არც ღრმა ცოდნა ფილოსოფიისა და სოციოლოგიისა, არც ჭიდილი და ბრძოლა, არც ეჭვი და იჭვნეულობა, არც ტოკვა და ყოყმანი, ყოველივე ისე ცხადი იყო, ისე საოცრად მარტივი, ყოველივე წინდახედულობით და ადრევე გადაწყვეტილი მზა-მზარეულის ფორმულებითა და თეორემებით! ახალგაზრდობის ჭკუა-გონებას არ აწუხებდა “წყეული ამოცანები”, ამის გულს არ აღელვებდა ის გრძნობა, რომელიც ჩვეულებრივი ხვედრია სიჭაბუკისა და რომელიც ჩასჩურჩულებს ახალგაზრდას, რა არის შენი ძალ-ღონე თვალუწვდენელი საქმის წინაშე, სად შეგიძლიან შეასრულო ის, რასაც წინ გიყენებს შენ მიერვე აღსარებული პრინციპები და სარწმენიო. ჩვენი ახალგაზრდობა ისე გამოდიოდა ცხოვრებაში, ისე ემზადებოდა საზოგადო სამსახურისათვის, ვითომც აქ არაფერიაო, მხიარულად და უზრუნველად. იმას ეგონა, რომ ცხოვრება გაცხარებული და დაუნდობელი ჭიდილია და ომის მოედანი კი არ არის, არამედ საარქეოლოგიო მუზეუმიაო. თითქმის ან არა და, ცოტათ თუ ბევრად, საამური თამაშია ჯარისაო... ხოლო ცხადია, რომ ომისათვის სულ სხვა ძალის მხედრობაა საჭირო, სულ სხვა საომარი საჭურველი და სამზადისი, ჯარის თამაშისათვის კი სულ სხვა...
ამ სახით სამოციანისა და ცოტა ოდნად სამოცდაათიანის წლების ახალგაზრდებიც მოდიოდნენ სამშობლოში და მოჰქონდათ დიდი საგზალი იდეა-აზრებისა, მხურვალე სიყვარული იდეალებისა, ფიქრი და ზრუნვა თავის უკან ჩამორჩენილის სამშობლოსათვის. ვრცელი განათლება და გატაცება საერთო საკაცობრიო იდეალებით არამც თუ უშლიდა იმ ახალგაზრდებს თვალი თავიანთ სამშობლოსაკენ სჭეროდათ, არამედ უფრო აძლიერებდა იმათს გულში სამშობლოს სიყვარულსა და ტრფიალებას. განვითარებული გრძნობა და განათლებული გონება მეტს სიგრძე-სიმაღლეს, მეტს აზრსა და მეტს ჭკუას აძლევდა ამ სიყვარულს და მრავლად შეძენილი ცოდნა კი შველოდა ღონე და ხერხი აღმოეჩინა გარეშემო სიბნელისა და უმეცრების შეჭიდებისათვის. თუ პირველშივე მშობელმა ქვეყანამ ხელ-აღპყრობით არ მიიღო და სიყვარულით გულში არ ჩაიკრა; თუ პირველში გულგრილად დაუხვდა და არ ენდო, შემდეგ ხომ მაინც დაუღალავისა და შეუფერხებელის მოღვაწეობით მოინადირეს გული ქვეყნისა, ჩააგონეს, რომ წმინდა გულით მოვსულვართო. მოსვლისას კარი დაკეტილი დახვდათ, მაგრამ შემდეგ მოახერხეს, გააღეს ის კარი და დიდის ამბით შევიდნენ შიგ თავმოწონებულნი, რომ ძლევა ჩვენ დაგვრჩაო. დღეს კი კარი ყურთამდე ღიაა. არც ჩაქუჩის ცემა უნდა და არც შემტვრევაა საჭირო. მაგრამ ეხლანდელნი ყმაწვილნი კაცნი არა ცდილობენ შევიდნენ ასეთ სტუმართმოყვარე და კარ-ღია სახლში და რჩეობენ გზა აუქციონ... ან კი რასაკვირველია! მე მგონია, რცხვენიათ და ეთაკილებათ, რომ ჩვენი არარაობა არ გამომჟღავნდესო; ჩვენი დიდი იმედი ჰქონდათ და ვაი თუ ახლა სულ გაუმტყუნდეთო, რადგანაც, მართლა რომ ხელცარიელნი მოდიან. “მამებს” კიდევ მოჰქონდათ რამე, შეეძლოთ ახალი რამ ეთქვათ, თავისი საკუთარი სათქმელი გაემჟღავნებინათ, - შეეძლოთ თავმოწონებით თვალი თვალს გაეყარნათ ძველებისათვის. იმათ სწამდათ თავიანთი ძალ-ღონე, სწამდათ, რომ სხვაზე თუ მაღლა არ იდგნენ, უკან არავის ჩამოუვარდებოდნენ. იყვნენ განათლებულნი, ჰქონდათ ვრცელი საზოგადო პროგრამა, იცოდნენ ცხოვრება სიღრმე-სიგანით. ერთის სიტყვით, დროს შესაფერად იყვნენ მომზადებულნი და არა ჰგრძნობდნენ უღონობას. რა ძალ-ღონითღა მოდიან ახლა ჩვენი ეხლანდელი ახალგაზრდები? რა შესძინა იმათ რუსეთში ყოფნამ, განვითარებულ და პატიოსან ინტელიგენციაში ცხოვრებამ? თითქმის სულ არაფერი. მოდიან თითქმის იმავ საანბანო, ნაწყვეტ-ნაწყვეტის ცოდნით, რაც აქედან წაიღეს, როცა მიდიოდნენ შორს ქვეყანაში; მოაქვთ თან იგივე აზრი და შეხედულება, რაც ყმაწვილობიდამვე შინვე შეუთვისებიათ. თითქმის არაფრით არც კი განირჩევიან დანარჩენის საზოგადოებისაგან, და თუ განირჩევიან, იმითი, თუ რომ საზოგადოება ყურადღებას აქცევს, აქაო და უმაღლესი სწავლა შეუძენიათ და შორს ქვეყნებში ყოფილან. იგივე თანდაყოლილი ზოოლოგიური სიყვარული სამშობლოსი, მცირედ მოაზრებული და ნაგრძნობი, იგივე მოდაში შემოსული გატაცება წარსულითა და სრული უზრუნველობა, რომ ევროპიულის მეცნიერების ნათელი მოჰფინონ იმ წარსულსა, იგივე მზა-მზარეული ფორმულები და ერთხელვე და ერთნაირად გადაკვეთილი გადაჭრა იმისი, რაც ჩვენ გვიჭირს და რაც ჩვენ მოგვიხდება, - ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც ზეპირად იცის ყველა იმ უმეცარმა ჩვენის საზოგადოების წევრმაც კი, რომელიც კითხულობს ჩვენს გაზეთებს. რა გასაკვირველია, რომ ამისთანა საჭურველით შეიარაღებული ჩვენი ყმაწვილი კაცი, პირველსავე გაჭირების დროს, დარწმუნდეს, რომ სრულიად მოუმზადებელია ცხოვრებაში ჭიდილისათვის და, დარწმუნებისთანავე, მაშინვე ჩამოჰყაროს ყურები? ასეთი ყმაწვილი კაცი ვეღარ გაიწევს წინ, ვეღარ წარსდგამს ფეხს იქ, პირველ რაზმებისაკენ, საცა განსაცდელი უფრო მეტია, ბრძოლა უფრო გამწვავებული, ცეცხლი უფრო ძლიერი, ხმალთა ქნევა მოურიდებელი და საცა ძალ-ღონეც მეტია საჭირო. მაშინათვე უკან იწევს, ბოლო რაზმებში, უერთდება დანარჩენს უმრავლესობას და მალე, ძალიან მალე ეძლევა მოსვენებულს ცხოვრებას, განცხრომას. თანდათან და შეუმჩნევლად უტოლ-უსწორდება ზნითა და ჩვეულებით გარშემო წრის კაცს, ითვისებს იმის აზრებსა და გრძნობას, ცხოვრობს იმისებურად და ეკიდება იმისებურსავე სახლ-კარიანობას. ასეთი საქციელი მით უფრო ადვილია მათთვის და, ჩემის აზრით - კი, მით უფრო საშიშია, რომ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ განსაკუთრებულ ვითარების გამო ასეთი შერევა თითოეულის ცოტად-თუ ბევრად ნასწავლის კაცისა საზოგადოების უმრავლესობაში, ასეთი დაახლოვება და გაერთიანება მის დანარჩენ წევრებთან, ბევრს მიაჩნია ნიშნად წარმატებულისა და პატრიოტულის აზრებისა, ღვაწლად უთვლის “განათლებულს” კაცს ამისთანა საქციელს და თითქმის საეროვნო საქმე და ქველობა ჰგონია. ამაზე ჰმართავს რა უღელს თავის ცხოვრების სასწორისას, ეძლევა კმა-ყოფასა და უდარდელობას. რა კი ცოტად თუ ბევრად საპატიო ალაგიც უჭირავს საზოგადოებაში. რაკი ან ადვოკატია ან წევრი სასამართლოსი, მკურნალი, მასწავლებელი, გამგე ან კასსირი ბანკისა, ერთის სიტყვით, რაკი საჭირო კაცია, რაკი ცოტად თუ ბევრად შეძლებულია, ენა-მეტყველი, ცოტაოდნად განათლებულიც, საზოგადოებაში პატივცემულ კაცადაც არის მიჩნეული; იმის ლაპარაკს ყურს უგდებენ, იმის გულის მოგებას ცდილობენ, და რაკი ისეთის კაცის სახელიცა აქვს, რომ ვითომც მაღალი სწავლა დაუმთავრებია, მისი საქმე ხომ უფრო წინ მიდის და კოჭიც ალჩუ უჯდება. და აი ცოტა ხანიც გადის და თქვენ თვალწინ გამოტყვრება ფრიად ნაკლებად მიმზიდველის ტიპის კაცი, რომელიც კმაყოფილია მით, რომ მე არცა მშივა და არცა მცივა და სხვამ კი თავისი იცოდესო. როგორღა შეგიძლიათ ჩამოუგდოთ ამისთანა კაცს ლაპარაკი უმაღლესის იდეალების გამო, საზოგადოების სამსახურის თაობაზე, სამშობლოსათვის მსხვერპლის გაწირვის შესახებ, ის თქვენსას ვერას გაიგებს, ან არა-და, თქვენვე დაგცინებთ და მასხარად აგიგდებთ. აი ეს არის უფრო უარესი და გულსატკენი! თითქო ასე ჰგონია, რომ ყოველ ჩემს მამულიშვილობის მოვალეობას ვასრულებო. აქაო-და შემთხვევით მხიარულ ამფსონებში ორიოდე სიტყვას ვიტყვი სხვათა შორის ბანკის საქმეებისას, ან სამშობლო ენის დიდს მნიშვნელობისას, აქაო-და გაკვრით შევეხები მას, თუ რა დიდად საჭიროა ჩვენთვის შეკრება საერო ზეპირსიტყვაობისაო და საეთნოგრაფიო მასალისაო, ანუ გავიხსენებ აზარფეშით ხელში წინაპართა მოღვაწეობას და იმათ ქველობით სავსე საქმეებსაო, აქაო-და ჩვენ ყმაწვილ ქალებში სიხარულით მივეგებები ქარგაზე საკერ ქართულ ასოების დაბეჭვდასაო, ანუ, დასასრულ, ქართულ თეატრში წავალ და მოვისმენ ქართულს სიმღერასაო. ეს არის და ეს. კაციც მე ვარ და ქუდიც მე მხურავსო. რასაკვირველია, აქ სახეში მყავს მარტო უმრავლესობა, მარტო საშუალო ტიპის კაცი. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიაც არიან თითო-ოროლანი, რომელნიც ამ უმრავლესობის კონდაკს არ ეწყობიან. საქმე და მოღვაწეობა ამისთანა თითო-ოროლასი, რომელნიც მოსწყვეტიან დანარჩენს ბრბოს, ჯერ კიდევ წინ არის. ისინი უფრო “მამებსა” ჰგვანან, ვიდრე თავიანთ ტოლ-ამხანაგებს, ისინი უცხონი არიან თავიანთ ტოლ-ამხანაგებში, თავიანთ თაობაში, თუმცა მჭრელი თვალი იმათაც შეამჩნევს აუცილებელსა და წყეულს ზედმოქმედებას დრო-ჟამისა და გარემო-ვითარებისას.

7
ჩვენ მივადექით ფრიად საჭოჭმანო ბურჯს ამ ჩვენის წერილისას. მეტი ღონე არ არის, უნდა ვიკითხოთ, რა არის მიზეზი იმისი, რომ ასეთი სხვადასხვაობაა ძველსა და ახალს თაობაში? სად არის მიზეზი იმისი, რომ ერთი ისე სასურველად აღზრდილა და მომზადებულა გონებითა და ზნეობით, ხოლო მეორე კი არა, და ამის გამო ერთი ისე მხნეა და თაოსანი, მეორე კი მოდუნებული და უსიცოცხლოა?
ჩემის აზრით, ორგვარი მიზეზი უნდა იყოს აქ. ერთი მიზეზი იმისი, რომ ჩვენი ახალი თაობა ასეთი მიუმზიდველია, ასე მოკლებული ღრმა იდეალებსა და ნატვრა-სურვილს, ასე ფრთებ ჩამოყრილი და სულითა და ხორცით მოშვებული არის თვით იმ სტუდენტობის წრე, საცა ჩვენს ინტელიგენციას გაუტარებია თავისი ჭაბუკობისა და ახალგაზრდობის დღენი; ხოლო მეორე მიზეზია ხასიათი და მიმართულება ჩვენის სამშობლოს ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრისა.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ოცდაათ წელიწადში რუსეთის ახალგაზრდობის წარმატების ისტორიამ ორი ხანა გამოიარა, ორივე ერთი-ერთმანეთისგან საკამოდ დიდად გარჩეული და განსხვავებული. სამოციანსა და სამოცდაათიანის წლების დამდეგს ფრთა აქვს გაშლილი გონებას, იბრძვის ერთმანეთში სხვადასხვაგვარი აზრი და მიმართულება, გაძლიერებით იღვწის სათეორიო ფიქრი და იკვლევს არსებითს, საპრინციპო საგნებს საზოგადოებრივი ცხოვრებისას. ამ ხანებში მთელი ძალ-ღონე ახალგაზრდობის იმაზეა მიმართული, რომ თითონ გაითვალისწინოს თავი თვისი, მოუაროს თავის გონებასა და გააფაქიზოს თავისი ზნეობა. ახალგაზრდობის ერთი წყურვილი და ნატვრა ჯერ კიდევ ის არის, რომ მე ჩემითვე განვითარდე, წარვიმატოვო. ასე მიმართულს აზრსა და გონებას ის მოჰყვა, რომ ახალგაზრდობა უწყალოდ და შეუბრალებლად ეკიდებოდა თავის თავსაცა და სხვასაც. თვით წმინდანი სხვასაც წმინდანობასა სთხოვდა. საკმაოდ განათლებული უნდა ყოფილიყავ, საფუძვლიანი ცოდნა უნდა გქონოდა შეძენილი შესახებ კაცთა კრებულის მეცნიერებისა, დიდის ზნეობრივი სიწმინდით უნდა მოქცეულიყავ, რომ წინ წასულს ახალგაზრდობაში წილი ჩაგედო, შიგ იმათში გარეულიყავ და მაშინდელი დრო-ჟამის საზრუნველი გაგეგო. მხოლოდ ვრცელი განათლება და უზადო, წუნდაუდებელი ქცევა გაღირსებდა მაშინ ამ წილს, ამ პატივს.
მეორე ხანა დაიწყო 70-იანი წლების დამლევს. ამ ხანას უფრო პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა. წინანდელ ხანის დედა-აზრებმა იდეით მოსილმა მიმართულებამ და განყენებულმა სჯამ ალაგი დაუთმო წმინდა პრაქტიკულს საქმეებს, ისეთს სხვადასხვა “საჭირ-ბოროტოს დღისას”, რომელსაც თეორიით განსჯა და განხილვა კი აღარ ეჭირვება, არამედ დაუყოვნებელი გაკეთება, განხორციელება. წინა დრო სულ სხვასა სთხოვდა ადამიანს და ეს ახალი დრო სულ სხვასა. გარჩევა მათ შორის ადვილად შესამჩნევია: თუ ერთი თხოულობდა, ზნე-მაღალი იყავ და ფილოსოფიურად განათლებულიო, ახლა დრო თხოულობდა - მხნე იყავ და გულადიო, გქონდეს პრაქტიკული მოხერხება და სიმარდე, იცოდე სატეხნიკო საქმის ყოველივე წვლილიო. რაკი ამისთანა მოთხოვნილება გამოვიდა საასპარეზოდ, ბრძოლა აზრებისა და აღებ-მიცემა გონებრივი თანდათან ჩრდილში მიდგა და ამ გარემოებას არ შეეძლო თავისი კვალი არ დაემჩნია ახალი დროების მოღვაწეთა გულისა და გრძნობისათვის. უნდა ვთქვათ, რომ იდეით მოსილს მოძრაობას ამ დროსაც არ მოჰღებია ბოლო, მისი მაცოცხლებელი სიო ხანდახან კიდევ დაჰკრავდა ხოლმე, ისე რომ ბევრნი ამ გაჭირვებულს ვითარებაშიაც ახერხებდნენ თავის საკუთარს წარმატებასა და გონებრივს განვითარებას. ჩვენი ახალგაზრდობა კი სულ მოაკლდა იმ სიოს იდეისას, რომელიც მისთვის ისე ადვილად მოსახმარებელი და გამოსაყენებელი იყო მანამდე, ისე ადვილად გამოსაყანებელი, რომ თუნდა მოენდომებინა კიდეც, მაინც თავიდან ვერ მოიშორებდა; ისე ძლიერი იყო და ფრთა-გაშლილი, რომ ყველას თავ-პირში სცემდა. რაკი მოაკლდა ამ სასურველს სიოს და ხშირად ან მოხერხება და ან ხალისი არა ჰქონდა, რომ თითონაც ჩამდგარიყო საქმეში, ხელი აღარ გაანძრია, სრულიად აღარ მოინდომა თავის მხრივ დაახლოვებოდა მაშინდელის რუსეთის ინტელიგენციის უფრო შესამჩნევ წარმომადგენელთ. ამ სახით ჩვენს ახალგაზრდობას ნახტომი შეეშალა, ნირი შეეცვალა და შუა წყალში ამოჰყო თავი.
აი სწორედ ამ დროს, ამ გაჭირვებულს ყოფაში, წამოესწრო ახალგაზრდობას ჩვენი სამშობლო ლიტერატურა, მოუყვა თავის ცალკერძად მიმართულ ქადაგებას და უფრო უარესად დაუბნია დავთრები. ჩვენის ლიტერატურის ძველ მოღვაწეებს დაავიწყდათ, რომ ისინი განვითარდნენ საერთო საკაცობრიო და სადედააზრო საგნების კვლევითა და ძიებით; დაავიწყდათ ესა, როცა ცხოვრებაში გამოვიდნენ და სავსებით განიმსჭვალნენ იმ ცალ-კერძის აზრით, რომ დღევანდელს ყოფას უნდა მივაქციოთ უმთავრესი ყურადღებაო. ამ აზრით გატაცებულებმა სრულიად დაივიწყეს, რა გზით შეიძინეს თითონ თავისი ცოდნა და გაგება ცხოვრებისა და ქვეყნიერობისა, ადგნენ და წამოაყენეს მრავალი საქმე, მრავალი საგანი თვით პრაქტიკულის ცხოვრებისა. ვინ იტყვის, რომ ეს საქმეცა და ეს საგანიც დიდად საყურადღებო არ არის ჩვენის ცხოვრებისათვისაო, მაგრამ ეს კი ცხადია, რომ სამწუხაროდ, ის საქმე და საგანი ძალიან ნაკლებად არის გამოსადეგი სამერმისო მოღვაწეთა ნორჩის ძალ-ღონის შესამუშავებლად და ასაღორძინებლად. სრულიად დაივიწყეს ის ფრიად სადა მოსაზრება, რომ საზოგადოების უფროს-ერთის გამოფხიზლება და გაღვიძება სულ სხვა არის და ახალგაზრდა ინტელიგენციის აზრისა და გრძნობის აღზრდა, კვება - სულ სხვა. რაკი თავი და თავი საქმე და დანიშნულება ინტელიგენციისა ის არის, რომ ხელმძღვანელობა გაუწიოს, მიმართულება მისცეს საზოგადოების აზრს, მაშ ცხადია, რომ ინტელიგენციას უფრო მეტი განათლება და წარმატება უნდა ჰქონდეს, ვიდრე საზოგადოებასა აქვს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ინტელიგენციის წარმომადგენელნი იზრდებოდნენ უფრო მაღალის წრის აზრებში და არა იმ ყველასათვის ადვილ-გასაგებ სჯა-ბაასში, რომელიც გააბა ჩვენმა ლიტერატურამ საზოგადოების უმრავლესობისათვის.
მართლა და, რა ვარჯიშობითა და წვრთნით უნდა შეეძინა ახალგაზრდის ჯერ ისევ დაუდუღებელ და ჩვილ გონებას ვრცელი, საზოგადოებრივი აზრები? რომლის გონებრივ და კულტურულ თვალ-მარგალიტის ხილვით უნდა ეგრძნო ყმაწვილ კაცს თრთოლა და ღელვა გულისა? საიდან უნდა გასჩენოდა ძლიერი სურვილი საზოგადო სამსახურისა? საეჭვოა, რომ იმ მეტად საანბანო რჩევას, - გიყვარდეს შენი სამშობლო, პატივსა სცემდე ჩვენი წარსულის ძეგლ-ნაშთებსაო, იცოდე დედა-ენა და იზრუნე მისი წარმატებისათვისაო, - შეეძლოს დაკმაყოფილება ახალგაზრდის ცნობისმოყვარე გონებისა და ყურ-მახვილის გრძნობისა. ყოველი ეგ რჩევა და ქადაგება მეტად მარტივია, მეტად ურთული და იმის გაგებას არავითარი თავის მტვრევა არ უნდა. ესეც რომ არ იყოს, მე მაინც ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ვერავითარი მცოდნე სამშობლოს ისტორიისა და არქეოლოგიისა, თუ მტკიცე და ღრმა ფილოსოფიური და სოციოლოგიური განათლება არა აქვს, ვერავითარი ზეაღმატებული ხელოვანი პროზისა და პოეზიისა ვერ შეიძლებს რიგიანად და ცნობიერად გააკეთოს თუნდ ის ადვილი და ურთული საქმეები, რომელიც თავზე მოიგდო ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ტრიალმა და წინ წამოაყენა ჩვენმა ლიტერატურამ. ამისთანა კაცი ვერც საზოგადოების საქმეს შეიგნებს სრულიად და სავსებით, ვერც იმდენს უნარს გამოიჩენს, რომ თავის საკუთარი ჭკუით გაარჩიოს ახალი გარემოებანი და თავისი მოქმედება შეუფეროს, შეუწონოს ახალ დროების უფრო და უფრო მეტის გაბმა-გამობმით დაწნულსა და დახლართულს ვითარებას.
ყველა ლიტერატურაში, რომელსაც კი ესმის თავისი მაღალი დანიშნულება და ღირსია ლიტერატურის სახელწოდებისა, ჩემის აზრით, ორგვარ საგანს უნდა ჰქონდეს მიქცეული ყურადღება. ლიტერატურაში უნდა ჰქონდეს ადგილი სადედა-აზრო, სათეორიო საგნებსაც და პრაქტიკულს, საყოველდღეო ცხოვრებისასაც. ლიტერატურა მოვალეა იმ მწვავე ტკივილსაც პასუხი აძლიოს, რომელიც დღევანდელს დღეს გაუჩენია და რომელსაც თავს ვერ მოარიდებს ვერც ერთი ყურმახვილი საზოგადო მოღვაწე და იმ დიდი წყლულისა და იარის მორჩენისათვისაც ნაღვლობდეს, რომელიც აღელვებს და აშფოთებს მთელს ეხლანდელს კაცობრიობას და რომლის დაამება და დაშუშებაა თავიცა და ბოლოც საერთო საკაცობრიო ნატვრა-სურვილისა. ლიტერატურა თავის საკუთარ ადგილობრივ საქმეს უნდა ადგეს, მაგრამ, ამასთანავე, თუ არ უნდა აზარალოს და შეასუსტოს წარმატება საზოგადოებისა, ნება არა აქვს გულაცრუებით მოეკიდოს იმ ძლიერს, საერთო-საკაცობრიო ნატვრა-სურვილსა, რომელიც თავს იჩენს ერთა ეხლანდელს ცხოვრებაში. თითეულს ამბავსა და გარემოებას სამშობლოს ცხოვრებისას ლიტერატურამ უნდა შუქი მიაყენოს და განმარტოს განზოგადებულისა და სათეორიო-საპრინციპო აზრებისამებრ. კერძოსა, ნიშნობლივსა და სახელდებულს ამბავსა და გარემოებას რომ ნახავს მკითხველი თავის მშობლიურს ლიტერატურაში, იქვე უნდა ნახოს მათი განზოგადებაცა, ცხოვრების ვითარების ერთობლივი განსჯაც. თუ ასე მწყობრად არ არის შეერთებული და ხელი-ხელ ჩაკიდებული თეორია და პრაქტიკა, თუ რამ გარემოებაა ნაამბობი და იქვე პირში იდეა არა აქვს წაყენებული, ლიტერატურა კი არ გვექნება, ლიტერატურა აღმზრდელი და განმანათლებელი, არამედ ნუსხა სხვადასხვა დარიგებისა სხვადასხვა გვარისავე საზოგადო ტკივილების დასაამებლად და განსაკურნებლად. როგორც ის მკურნალი, რომელმაც მხოლოდ კარაბადინი ანუ ცარიელი ნუსხა იცის წამლების და სამკურნალო მეცნიერების საფუძველი კი არ შეუთვისებია, განათლებული მკურნალი კი არ არის, არამედ ვიგინდარა ექიმბაშია, ისე ლიტერატურას ნება არა აქვს, ჩემის აზრით, თავის ქვეყნის განმანათლებლის სახელი დაიჩემოს, თუ მარტო დღევანდელი დღის პრაქტიკულ საქმეს ემსახურება და საპრინციპო საგნების განსჯასა და განხილვას კი უფრთხის და ერიდება. ამისთანა ლიტერატურას შეუძლიან შეაჩვიოს თავისი მკითხველები მხოლოდ ჭიანსა და ქარაფშუტა მსჯელობას, დაუფიქრებელს ჩიტი-რეკიაობას და თავმოწონებულს მამლაყინწობას, რომელიც პირველი და ნიშნობლივი ბეჭედია უმეცრებისა და უცოდინარობისა. არიან იმისთანა კაცებიო, ამბობს ჯ. სტ. მილლი თავის თხზულებაში: “О свободе” რომელნიც ამბობენ, საკმაოა კაცმა ის იცოდეს, რაც მართალია, თუნდ არავითარი გაგებაც არა ჰქონდეს, რა საფუძველზეა დამყარებული ის მართალი, თუნდ არ შეეძლოს დაიცვას და დაიფაროს ოდნავ ხელშეხებისაგანაც კი. ამისთანა ხალხს ასეთი თუ ისეთი credo (მრწამსი) აქვთ და ჩვეულებრივ ასე ჰგონებენ, რომ თუ ნება მივეცით ამ credo-ს შესახებ მსჯელობა-ლაპარაკისა, კეთილი არა გამოვა რაო. როცა უფროს-ერთი ამისთანა ხალხია, თითქმის შეუძლებელია, რომ საყოველთაოდ მიღებული, გამეფებული აზრი ცნობიერად და დაფიქრებით უარჰყოს ვინმემ; ხოლო დაუფიქრებლივ და უსაბუთოდ კი შეიძლება ძალიან ადვილად უარჰყონ... მართალია, რომელიც მრწამსად გადაქცეულა და არა გონიერ სარწმენადაო, - განაგრძობს შემდეგ მილლი, - ჩვეულებრივ უღონოა გაუმაგრდეს სრულიად სუსტს საბუთსაც კი, მაგრამ ვსთქვათ, ეს ასე არ არის; ვსთქვათ, რომ მართალი არ გადაქცეულა რწმენად, ხოლო როგორც მრწამსი, ისე ფესვ-გამდგარია და გაბოძიძგებული კაცის გონებაში, რომ ვერავითარი საბუთი ვერას დააკლებს. ახლა განა ეს ცოდნაა მართლისა? განა ასეთს ცოდნას მოაზრე ადამიანის ცოდნა დაერქმის? განა ასეთი მართალ-მორწმუნეობა იგივე ცრუმორწმუნეობა არ არის, მხოლოდ იმ გარჩევით თუ, რომ ამ შემთხვევაში ის ცრუ-მორწმუნეობა ისეთის სიტყვებით გამოითქმის, რომელიც მართალსა ნიშნავს?...”

8
თუმცა ესეც კია, არსებული გარემოება ჩვენის ცხოვრებისა ისეთი იყო, რომ ჩვენის წარმატების მეთაურნი და ხელმძღვანელნი, ანუ, უკეთ ვსთქვათ, იგივ ჩვენი “მამები” ძალა-უნებურად სავსებით ჩაებნენ სამშობლო ქვეყნის საქმეებში და ამის გამო სრულიად თვალთაგან მიეფარათ ის საერთო-საკაცობრიო იდეალები, რომელიც ასულდგმულებდა პირველში, როცა ის-ის იყო გამოვიდნენ საასპარეზოდ და დაიწყეს თავისი საქებური მოღვაწეობა. სამწუხაროდ, ცხოვრების მოედანზე რომ გამოვიდნენ, ვეღარ იპოვეს ის ფილოსოფიური და სოციოლოგიური საფუძველი, რომლის შემწეობითაც შეიძლებოდა მოერიგებინათ ერთმანეთში თავისი ვრცელი კაცთმოყვარე აზრები და ცხოვრების მიერ გაჩენილი და დაბადებული პრაქტიკული საქმეები; ვერ მოახერხეს ერთმანეთისათვის შეეწონებინათ თავისი თეორიები, თავისი პრინციპები და ის მწვავე, საყურადღებო საგნები, რომელიც ჩვენის წარმატების ვითარებას წამოეყენებინა. ისევ ის ამჯობინეს, რომ ცხოვრებას დაუთმოთ და მოვურიგდეთო, თუმცა გაწირვაც მოგვინდეს იმისი, რაც გვწამდა და რაც ჩვენი უკეთესი იმედი იყო ყმაწვილ-კაცობაშიო.
ასეთის ქცევისა და მოქმედების წყალობით, საზოგადოებრივი მოძრაობა, მართალია, უფრო გაფართოვდა, უფრო ბლომად ჩაიყოლია ხალხი, ჩააბა სხვადასხვა ნაწილი საზოგადოებისა, მაგრამ ღირსებით კი იგი მოძრაობა, ეჭვი არ არის, უფრო დამცირდა. ამ გარემოების სამწუხარო ვითარება ის არის, რომ რაოდენობით გაძლიერებას, სიფართოვეს მოძრაობისას იმავე დროს თან არა სდევდა სიღრმე და სიკეთეცა. გაჩნდა საკმაოდ დიდი აუდიტორია, რომელიც თვალ-გაფაციცებით უგდებდა ყურს თავის მეთაურების ქადაგებას, მაგრამ რაკი აუდიტორია სავსე იყო ყველა ჯურის ხალხით, იდეით-მოსილი მხარე სალიტერატურო მოძღვრება-ქადაგებისა მიილია, მისუსტდა და ის მთავარი ადგილი, რომელიც პირველში ეჭირა, დაუთმო უფრო გასაგებ, მდაბიო სალაპარაკო სავარჯიშოს. ეს იყო მიზეზი, რომ მალე ანუსხული იქნა რამდენიმე პრაქტიკული საქმე, რომელიც თითქო ამირანის ციხეში მომწყვდეულაო, ერთ ადგილას ტრიალებენ და გამოსასვლელი კარი კი ვერსად უპოვიათ. თუმცა ამ საქმეების ცოდნა ადვილად და სუბუქად მისაღწევია, მაგრამ ვინც ესენი იცის, ინტელიგენტის სახელიც იმას დაულოცეს. გავიდა დრო და თანდათან გაიმარჯვა სატრაბახო სათნოებამ, გარეგანმა ღირსებამ. არ ითქმის, რომ საეროვნო გრძნობა არ გამოფხიზლებულიყოს, ცოტად თუ ბევრად არ გამტკიცებულიყოს, სიყვარული სამშობლოსი არ გაძლიერებულიყოს და თავისი კუთვნილი ალაგი არ დაეპყრას. მაგრამ არც-კი ის ითქმის, რომ იმავე დროს შინაარსს ამ გრძნობისასაც და სიყვარულისასაც ზედ არ დაჰკროდეს დაღი აზრის უბადრუკობისა და სავალალო ჭკუა-მოკლეობისა. თითოეული წევრი იმ დიდის აუდიტორიისა მოგვარდებათ და თავ-პირს დაგაკაწრით, თუ გაჰბედეთ და არ მოწონებით დაიწყეთ ლაპარაკი ჩვენის რომელისამე საეროვნო ნაკლულევანების თაობაზედ, ან არადა, მზად არის დაგსახოთ მტრად და მოღალატედ ერისა, თუ გაბედეთ და სთქვით, რომ კანონიერი და სამართლიანი საქმე არ არის ის მუხლები პროგრამისა, რომელიც შენ აჩქარებითა და აშაფათებით შეგითვისებია სამშობლო ლიტერატურის ჩაძახებით განუსჯელად და განუკითხველადაო. მაგრამ აბა სცადეთ და ჰკითხეთ ამისთანა “დამცველს”: კაცო, ეგ რა აზრები შეგითვისებია, აბა დაამტკიცე და საფუძველი მიჩვენე, თუ მართალია და ჭეშმარიტი შენი აზრებითქო, და მაშინვე, თქვენდა სამწუხაროდ, დარწმუნდებით, რა წითელი კოჭიცა ბრძანდება ის თქვენი ფაფხურა “დამცველი” ქვეყნისა. ხელში შეგრჩებათ არა კაცი გონიერად დარწმუნებული, არამედ გამსჭვალული, მილლისა არ იყოს, ცრუ და ამაო მორწმუნეობითა; ხელში შეგრჩებათ ისეთი კაცი, რომელსაც სრულიად არ გაეგება თავი და ბოლო საზოგადოებრივი საქმეებისა. თუ ამისთანა ყოფა, ერთის მხრით, იმას ამტკიცებს, რომ ცხოვრებაში ღრმად გადგმულა ფესვები შესაწოვად და შესათვისებლად უმთავრესის საზოგადოებრივი პროგრამისა, ამასთანავე ეგ ყოფა იმასაც ამტკიცებს, სამწუხაროდ, რომ ჩვენში გაჩენილა ერთხელვე გამოჭრილი ნიმუში, ერთხელვე დაწესებული წასაბაძველი კალაპოტი, ხოლო ამისთანა ნიმუშსა და კალაპოტს ადვილად შეუძლიან ამოჰკვეთოს და ამოაგდოს ყოველივე ნიშან-წყალი წარმატებისა და ყოველივე საღი ნერგი, რომელიც თავისუფლად აპირობს გაზრდასა და გაშლას. ერთხელვე გამოჭრილი ნიმუში, მზა-მზარეული ფორმულა, სხვების მიერ მოფიქრებული წამალი, რასაკვირველია, აღარ მოითხოვს არავითარ გონების დამოუკიდებელ გარჯას და ამიტომ ადვილად შემძლებელია წაართვას ადამიანს ყოველი ღონე თვით-მოქმედებისა და თვით-მექმეობისა; ხოლო ამას ის მოსდევს, რომ კაცს სურვილი ეკარგება და ხალისიც უქრება ცოდნისა, ძიებისა, რისამე ახლის მოღვაწეობისა და იმ ცოდნათა მოგროვებისა, რომელიც მარჯვენა ხელია განვითარებული ადამიანისათვის. უქმობა კი, ანუ იმისთანა საქმიანობა, რომელიც გულს არაფერს ეუბნევა, ვერაფერი მოძღვარია. ადამიანი იზრდება და წარმატებას ჰპოულობს გარჯასა და ბრძოლაში; ის ფიქრი, რომ მეც ცოტას რასმე ვმატებ ცხოვრებასაო, ცოტა რასმე ახალს, თავისებურსაო, ისეთსა, რაც აქამდე არ იყო, ხალისს უორკეცებს, ძალ-ღონეს ერთი-ორად უხდის. კაცი იძენს რწმენას და ახლა უკვე ცნობიერად, მხნედ და მღვიძარებით ესარჩლება იდეას, იბრძვის თავის საყვარელისა, თავის ღონითვე მოპოვებულისა და გრძნობით გამთბარის აზრებისა და მრწამსისათვის. ხოლო გაფუქსავატებამ, ძირ-დაწევამ ყოველ იმისამ, რაც უნდა მოეკითხებოდეს ყოველ წარმატებულს ადამიანს, იმ გაფუქსავატებამ, რომელმაც აიყოლია ჩვენი ლიტერატურა, მოიდნო და მოინარეკლა ყოველივე თვითმყოფობა ჩვენის ინტელიგენციისა, დაანამცეცა მისი აზრი და წაართვა ცნობა ვრცელის ევროპულის განათლების საჭიროებისა, გააცუდა იმისი მოღვაწეობა და გააქვავა იმისი გული. გამუდმებულმა ფიქრის ტრიალმა სულ ერთისა და იმავე საგნებისა და ცნობათა გარშემო, გამუდმებულმა და ერთგვაროვანმა ღეჭვამ ერთისა და იმავე ათასჯერ ნატანჯისა და ნაწვალების სჯა-ბაასისამ მოჰღალა გულის-ყური, გააბეზრა ფიქრი და, გააქრო რა ყოველივე ხალისი და სიცოცხლე, დაჰბადა, ფრიად სამწუხარო ყოფა: გულ-გრილი და სულითა და ხორცით მოშვებული ცქერა საზოგადოებრივი ცხოვრებისა, დაჰბადა უგულო და თავმოწონებული ფორმალისტობა.
ამ სახით, იმის გამო, რომ ლიტერატურა ძალას ატანდა მხოლოდ პრაქტიკულ საქმეებს, მან ხელი მოჰკიდა ადვილად გასაგებს, მდაბიო საგნებს და თითქმის სრულიად მიივიწყა და მიაფუჩეჩა საპრინციპო, სათეორიო საგნები. მართალია, გაჩნდა ყურ-მახვილი და გამგონი აუდიტორია, მაგრამ ვაი, რომ ქვეყანას მოაკლდა ნიჭიერი და წარმატებული მოძღვარი და მქადაგებელი. ჩვენმა ლიტერატურამ მისცა საგზალი უმრავლესობას, უფროს-ერთს თავის მკითხველს, და უმცირესობა კი, ინტელიგენცია ცარიელი დასტოვა, მაშინ როდესაც ეს ინტელიგენცია მუდამ სათავეში უნდა ედგას ყოველს დიდსა და მნიშვნელობიანს მოძრაობას. ლიტერატურამ გაადიდა და გააძლიერა ცოდნა და გაგება უმრავლესობისა და შეაჩვია, რომ უფრო მეტს მოჰკითხავდეს თავის საზოგადოების მეთაურებს, ხოლო იმავე დროს დაამცირა გონებრივი და ზნეობრივი სიმაღლე უმცირესობისა. რაკი ერთხელვე გაჩნდა ასეთი უთანასწორობა, ასეთი მეტობა და ნაკლებობა მეორისა, რაკი ამ მეტ-ნაკლებობას ჰხედავს თვით ინტელიგენციაც, რაღა საკვირველია, რომ ამ ინტელიგენციამ ცხვირპირი ჩამოუშვა და ვეღარც თაოსნობას იჩენს და ვეღარც მხნეობას, რომელიც მარტო მაშინ კი არ მოდის, როცა ჰგრძნობ, - ჩემ მიერ დასაფარველი სამართლიანი საქმეაო, არამედ უფრო მაშინ, როცა გრძნობ, რომ ძალ-ღონე მაქვს იმ სამართლიანის საქმის დასაცველად და დასაფარველადაო.
ამგვარად ჩვენმა ცალ-კერძად მომართულმა საზოგადოებრივმა აზრმა და გრძნობამ მოაშორებინა ქართველ ინტელიგენციას თვალი და გული რუსეთისა და საზოგადოდ საერთო საკაცობრიო ლიტერატურის საუნჯესაგან. მაშინაც კი, როცა ის ინტელიგენცია სწავლასა და მზადებაში უნდა ყოფილიყო საზოგადო სამსახურისათვის, ზურგი შეაქცევინა ყველა დიდ გადასაწყვეტ საგნისათვის და თავად ლიტერატურა კი აღარ ეცადა და აღარ იზრუნა ჯეროვანი სავარჯიშო მიეცა ხელში იმის მაგიერ, რომელსაც მოაშორა; თავად კი ვეღარ მოახერხა დაეკმაყოფილებინა მისი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, ის სურვილი მომზადებისა, რომელიც მუდამ სჩვევია ახალგაზრდობას. ყოველ ამის წყალობით ყმაწვილ-კაცობა ორ ცეცხლშუა ჩავარდა: მარჯვნივ წავიდოდა, სიკვდილს ვერ ასცდებოდა, მარცხნივ წავიდოდა - უკან ვეღარ დაიხევდა. ახალგაზრდობამ რუსეთში ყოფნის დროს ვერ შეიძინა საჭირო გონებრივი და ზნეობრივი საგზალი, დაბრუნდა შინ და აქაც არავითარი ღონე არ იყო ამ შეძენისა, და ამგვარად ჩავარდა იმ საცოდავს ყოფაში, რომელიც ასე აღონებს და აძმარებს ყველას, ვისაც კი გული შესტკივა თავის ქვეყნისათვის.

1889

??????