დედ-მამის ცეკვა (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)
შენს სილამაზეს თუ მივიღებთ მხედველობაში,
მაგ შავი ჩექმის და მეომრის ნიშნის რად შიშობ
დაწვას? რას დგახარ ჯიუტად და რად არ წყვეტ კავშირს
ომთან? მოგკლავენ და იქცევი გვამად, უჯიშო
ბიჭო, შენ _ გვამად, როცა მე კვლავ ჩვენს ლოგინს ავშლი.
ო, ჩემო ძმაო, როგორ აგებ კოშკებს ოცნების,
როცა მე აქ კვლავ სხვების გულთა პყრობით მოვცდები?
მოდი, ვიცეკვოთ ძველი ცეკვა, დედ-მამის ცეკვა _
იმ ზანდუკიდან ,,ილე დე ფრანცე”_ს მარკა რომ ეკრა
და მამაჩვენის ლონდონური ტყავის ჩემოდნის,
რომ მოატარეს მსოფლიო და სხვენზე შემოდეს,
ფსკერიდან კვლავ ის კოსტიუმები ამოვათრიოთ:
თეთრი პარიკი და სწავლულის რუხი მანტია. . .
თუ გახსოვს ჩვენი თამაშების ძველი სამოსი _
საცოლის _ შავი; შავი, შავი, შავი _ საქმროსიც?
შენს სილამაზეს თუ მივიღებთ მხედველობაში,
ტახტზე ცეკვაში გატარებულ გიჟურ საათებს,
ვყვიროდით: ,,მამა, მამა, მამა!” მე _ ძიძის გაშლილ
კაბაში; შენ _ შავ სამოსელში, ბურჟუა მნათე,
რომელიც ტახტზე განუწყვეტლივ ხტოდა და ხტოდა,
ძმაო, ბატონო ჯარისკაცო, ხმა რად გითრთოდათ,
როდესაც წყევლას ჩურჩულებდით დის სათუთ ყურთან?
ამომიღებდი ჯერ მიზანში და მერე სუნთქვას
შეიკრავდი და მომახლიდი რაიმე უხამსს _
,,მიყვარხარ”, ვთქვათ და მოსწყდებოდი უეცრად ოთახს,
მოეშვებოდი ჯინის ხარბ და უაზრო ხუხვას
და დავიწყებდით: ,,დედა, დედა” _ ძველისძველ მოთქმას:
ასეთი ცეკვა ბევრი ახსოვს ოთახის კედლებს,
შენი ხელები ჩემს მკერდზე და. . . და ასე შემდეგ.
გახსოვს ოქტომბრის ფოთოლცვენა, ჩვენი ქორწილი,
მე ხის ქოხმახში ჩაკეტილი, ფეხარმოცვლილი?
ახლა ვზივარ და ვასამარებ ამ სხვენს და მთელს შენს
სილამაზესაც. თუ მე ვცეკვავ, შენ უბრად აქნევ
კუთხეში თავს და მერე უბრად იხურავ კარებს.
შენ ვერ მიხსენებ, ჯარისკაცო, ასეა საქმე!
ისევ სცნობ ამ სხვენს? თუ ჟამთასვლის ლანჩა აბოტებს
ძველ მოგონებებს? _ ომზე ფიქრობ, ომი გაბოდებს.
მიდით, ბატონო ჯარისკაცო, ერთხელაც მთხოვეთ
ცეკვა და მამის ძველი ძაძით გამოიგლოვეთ
ჩვენი შავბნელი სიყვარული, ერთხელაც სცადეთ.
რაკი დედ-მამამ მოახერხა _ ჩვენც შევძლებთ ამდენს.