ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

ასე იცის გაზაფხულმა ექსკლიუზივი

გაზაფხულია, - 
მოგესალმებით ზნეკეთილო და ამო სულებო,
გაზაფხულია, - შუბლი გახსენით ჯვარცმულებო და ჯავრმოცულებო,
ნუ გერცხვინებათ, ლამაზმანებო, სიყვარულისგან ალმოსულებო,
ბაღში ჩამოდით, მაგ აივნებზე ყვავილებივით ამოსულებო.
ასე იცის გაზაფხულმა, - 
დაბრუნდება გრძელვადიანი შვებულებიდან და
მზის გასაღებით ნელა შეაღებს სასახლის კარებს.
ყველა ღიმილით მიეგებება,
გულწრფელია მათი ღიმილი.
ბუნებას ოთხი პრეზიდენტი ჰყავს,
ყოველ სამ თვეში იცვლებიან, მორიგეობენ.
ასე იცის გაზაფხულმა, - 
მიუჯდება მარადმწვანე თავის მაგიდას,
ზამთრის თეთრ საფარს გადააშორებს
და მზის სხივებით შეწყალების წერას დაიწყებს:
"გათავისუფლდეს დედამიწა ზამთრის პატიმრობისგან!
თეთრი ლაშქარი დაიშალოს!
ყინვები, ზამთრის მუდმივი ჯარისკაცები,
კვლავ დაუბრუნდნენ ძვირფას ოჯახებს!
ხეებს-ფოთლები, უმწვანესი თუმნიანები,
მემკვიდრეობით მიღებული მზისგან ქონება,
ზაფხულისთვის მიბარებული,
შემოდგომის ქართა მიერ დატაცებული,
ზამთრის ზანდუკში გადამალული, - დაუბრუნდეს!
გათავისუფლდეს სიყვარული,
რომელმაც დიდხანს, პატიოსნად ზიდა სასჯელი
მარტოობის და მოლოდინისა.
ამიერიდან მას უფლება აქვს:
სადაც კი ნახავს გულს თავისუფალს 
ან გაუქმებულს მოღალატის ვერაგი ხელით,
დაისვენოს, ან სამუდამოდ შიგ დაესახლოს!"
ასე იცის გაზაფხულმა, - 
ხოლო მერცხლები,
გაზაფხულის შიკრიკები,
გრძელკუდიან შავ ფრაკებში გამოწკეპილნი,
თეთრ პერანგებს გაიღეღავენ,
ფრენა-ფრენით დაივლიან ქვეყნიერებას
და მრევლს ამცნობენ ამნისტიას,
ნება-სურვილს უწმინდესის და უნეტარესის.
ასე იცის გაზაფხულმა, - 
ჩვენ კი ჩვენივე ნება-სურვილით 
მზის ოთახებში ჩაკეტილები,
(წიგნი მივაგდეთ) ბაგეს ვიწაფავთ 
კოცნის პირველი გაკვეთილებით,
ხელით გვიჭრავს შმაგი გულები,
ამურის ისრით გაკვეთილები,
ახ, რარიგ გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი,
რა კარგები ვართ, რა კეთილები!

??????