*** "იანვრის დილა..."
იანვრის დილა... აიღე ქუდი
აიღე პალტო.. და ჩქარა - გარეთ!
არ შეყოყმანდე არცერთი წუთი
დაუფიქრებლად წაყევი ქარებს.
გადადე საქმეც, გადადე წიგნიც
და აღიარე, რაც ყველამ იცის,
რაც ჩუმად ცხოვრობს შენში, შენს შიგნით,
რითაც ამდენი ხანია იწვი.
იანვრის დილა... დე, დაგრჩეს ქუდი,
დე, დაგრჩეს პალტოც... და ჩქარა გარეთ!
ხანდახან წუთი სიცოცხლეს უდრის -
დაუფიქრებლად წაყევი ქარებს...
1959წ