ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

წერილი ბოთლიდან ექსკლიუზივი

*
როდის? საიდან?
რა ქარებმა მომატიალეს?
ღმერთო! შაითან! –
რომელია მემატიანე?
ვიყვირე: მიწა! –
დაილანდა როცა ხმელეთი,
თუ პირქვე ვიწექ
და ზღვაოსნის
სენს ვახველებდი?

ეს მახსოვს მხოლოდ -
ფიქრი რამე ამო მიყვარდა:
ბოლოს და ბოლოს
ზვირთი სადაც ამომრიყავდა,
იქ ცის ტალავერს
სჭირდებოდა მკვიდრი ჭიგონი
და მეც მალ-მალე
ვიზომავდი მხრების სიგანეს.

როდის, საიდან,
რა ქარებმა მომატიალეს...
ღმერთო, შაითან...
ღმერთო, შაითან...

*
ან იქნებ, სულაც
არსაიდან არ ვარ მოსული
და მხოლოდ სული,
შეშლილობის თესლით ორსული,
ჟამიჟამ ბადებს
შეთრთოლებით და შეკივლებით
მირაჟულ ლანდებს
სიცხიანი უცხო ხილვების?

ვინ იცის, სულაც
არსაიდან არ ვარ მოსული
და მხოლოდ სული,
შეშლილობის თესლით ორსული...

. . .
ჰო, მაგრამ რა ვქნა,
ყრუ ჭრიჭინით თუ იმოწმება -

ოდესმე მართლა
ზღვას ეფინა ჩემი ოცნება,
ფრთადანაფერი
სირინოზთა ამო ჰანგებით,
და სანაპირე
იმედების კოშკის საგებად
ქვა მიკვეთია -
ჩამოვთლიდი ზეცის ფირუზებს,
ზღაპარკეთილი
ჩამესმოდა ძილისპირულზე
და ყოველ დილით
საცისთაღე მხრებს ვიზომავდი -
წამოფერდილი
თუკი ნიშნავს
ჩ ე მ ი ხ ო მ ა ლ დ ი ?

. . .
გდია უცნობი,
ზღვის ნადირი,
იღბალმუხთალი,
წლობის უწყლობით
უმოწყალოდ სულამომხდარი,
არც სულ ეული -
ანძა - ყვავთა დასაკიდებლად -
წარსულეული
მთელი ჩემი ავლადიდება.

*
რა არ გაყენებს?
რას იჯარავ ჯავრის მარმაშებს?
როგორც ნაღვინებს
რა გარყევს და
რა გაბარბაცებს?
თითქოს იძალეს
ბრგე ტალღებმა
მშიერ ძაღლებად -
მსუყე ძვალსავით
მოგინდომეს კბილის წავლება
და სადაც არის,
ღრენით უნდა წაგაძუნძულონ.

რა გაბანცალებს,
მარტოობის ჩემის კუნძულო?

. . .
რომ სავალს ვკეცავ
ტორტმანით და ხელის ცეცებით,
რომელი ზეცა! –
ფეხქვეშიდან აქეთ მეცლები!
ჩავციებივარ
შენს ნამცეცა ტერიტორიას
და ჩემი მძიმე
ნაფეხური ვერ მიპოვია.

*
ასდევს ტამტამებს
დაფდაფნი და დიპლიპიტონი.
დაატანტალებს
ტანს ხანძარი - დიდი პითონი.
დაიკუნტება.
დაირხევა.
დაიკლაკნება.
ბატიბუტებად
ტკაცუნებენ თვალის კაკლები.
ყვავილ-ღველფებად
ცვივა ცა მთელი
და იღვენთება
შეუბმელი ფრთიდან სანთელი.
მეფის არიას
მღერის ალი, მეფის ტოლფერი.
მეფეც ალია,
უფალიც და
მეფისტოფელიც.
ტყეთა ტანზე
აჯაგრული ალი ჯინჯილად.
ალით სავსეა
ყველა დოქი,
ყველა ჭინჭილა,
ფართე წაფები,
ბრგე ყანწები,
წვრილნი ჭიქანი -
დასაწაფები,
თითო - ყოფის თითო ჯიქანი -
დამწაფებელი
რომ ვერ გაძღეს წოვა-ლოკვითა,
მიწა, ბებერი,
აზანზაროს მთვრალი როკვითა!

. . .
აი - ვის გნებავთ? –
სასაკლაოს უკვდავი კალოც!
როგორ იქნება
უმარგილოდ,
უთავისქალოდ?!
გასდევს ძელი ძელს
და ხანდახან - ქარი თუ არწევთ -
თითქოს ძველისძველს
მოაგვანან ხომალდის ანძებს.
ხოლო კოცონი
წელში ვნებით
აირკალება,
რომ ცხელი კოცნით
გამოშრიტოს თავის ქალები,
ჩამომსხდარები
მარგილებზე ხველებ-ხველებით,
ნაცვლად თვალების -
გამოხრული თვალის ხვრელები
რომელთ სანთლებად
აუპყრიათ ჩუმი ცისაკენ
და ელანდებათ
მარადისი ზღვების სისარკე.

. . .
დაფდაფ-ტამტამებს
ასკდებიან დიპლიპიტონი.
ალის წამწამებს
ახამხამებს
ცეცხლის პითონი;
თავბრუს იხვევს,
ამქარულევი,
როგორც ამქარი -
მოკიალე სამკაულებით:

კენჭი და მინა -
ნამსხვრევები რისმე ფერადი -
მზაკვრულად ბზინავს
ყველა ტანზე
ფერით ყველათი.
ტერფით ყელამდი
ზინზილებით,
ველური როკვით,
დიან:
ბელადი,
შიმუნვარი,
მაგი და მოგვი...

და ისე ხარბად
მოიხვევენ ალთა შალითას,
მოსულან ალბათ
არც - როდის და
არცა - საიდან,
ნთქავდნენ ოდითვე
ამმიწიერ ღადარ-სიფიცხეს,
ანდა მოვიდნენ,
მაგრამ მერე
გ ა დ ა ი ვ ი წ ყ ე ს .

*
თურმე, კუნძულო,
საყარიბოდ არ იბარგები.
არც უსულგულო
გიბრიყვებენ აისბერგები.
არც რამ ზღვაური
დაირების ან ბარბითების
აურზაურით
ანთებული აბარბაცდები.
ან შენი სკნელის
გაფეთებენ განა მორგები
და მკვდრების ძნელი
სიზმრებით ხარ ანაბორგები!
რაიც სიმშვიდეს
გიზანზარებს დილა-საღამოს,
ეს - შენთა შვილთა
ორგიაა დაუსაბამო...

*
კვლავ ხილვებს ვუზი
და ვბუტბუტებ:
საიდან... როდის...
დაბმული ღუზით
თუ კუნძულის ვარვარა ლოდით.
და იკეცება,
იზნიქება წელში ლერწამი -
არ ილეწება -
დალეწილა დასალეწავი
და ხსოვნის თითო
ერთი ციცქნა მუქი სარკმელი -
მისერავს თითებს -
ნამმსხვრევები უკანასკნელი -
უკანასკნელი თავგანწირვით გაბასრულები -
უკანასკნელი
ამოსუნთქვის საფასურები...

უკანასკნელად
საწყაოთი მოვლენ დევები.
უკანასკნელად
უცხოობას მომიტევებენ.
უკანასკნელად
მიითვლიან ხარკს, მიზიმზიმეს.
უკანასკნელად
ძველ სიზმრებთან გამოვიძინებ...

დილა კი ყურთან
ბედისწერის ტუჩებს მომიტანს:
დროაო - უნდა
აირჩიო ერთი - ორიდან.

. . .
ან:
სისხამ დილით
შემოვიხევ ტალავერს ტანზე,
ავი ქადილით
შევუკურთხებ გემებს და ანძებს,
ველურ გნიასით
ავაბუღებ ღადარრს პეშვებით
და ორგიაში
თავდაყირა გადავეშვები,
გავითანგები,
გავბრუვდები,
გავილეშები
ალის ჭანგებით,
ალის ელვით,
ალის ეშვებით -

რომ არ მახსოვდეს,
სამუდამოდ რაიც წავიდა
და არასოდეს
შემარყიოს კითხვამ:
ს ა ი დ ა ნ ?

. . .
ან:
სისხამ დილით,
ხელში - ცულით,
თავზე - ჯვალოთი,
ავი წადილით
ალეწილი ჯუჯა ჯალათი
მოვა, რომ მამცნოს:
„მთელი ღამე იმსჯელა თემმა
და, უცხო კაცო,
შენ იყავი მსჯელობის თემა.
ვინაიდანო -
ასე ბრძანეს - ადათს უარყოფს,
ვინ აიტანოს
თან- უცხო და
თანაც - უხარკო?!
ყარიბს გვარ-ტომს,
ვისი სუნთქვა მუდამ ზღვაურობს,
ის სუნთქვა რატომ
ეპატიოს უსაზღაუროდ?!
და თემმა გასცა
სამართალი ისე მართალი:
მაშ, გემმა ანძა
განიშოროს,
კისერმა - თავი!
მეც ცული ვლესე
და ჯალათის ვკემსე ხალათი,
ეგ ანძა დღესვე
რომ შეიგრძნო თავის ქალათი,
ხოლო სხეულით
გაახარო მატლი და ჭია.

ჰო, უცხოელო,
ჩვენში ღალატს სასტიკად სჯიან“.

*
და სადაც არის,
დაიფშვნები, მიწის მარცვალო.
მაინც ბანცალებ -
არ გამოგდის, არ იბანცალო.
ან განაჯერებს
ცოდვის ცეცხლით,
გულგვამგასენილს,
რა გაგაჩერებს,
რა დაგაცხრობს,
რა მოგასვენებს...


*
გდია უცნობი
ზღვის ნადირი,
იღბალმუხთალი,
წლობის უწყლობით
უმოწყალოდ სულამომხდარი,
არც სულ ეული -
ანძა - ყვავთა დასაკიდებლად -
წარსულეული
მთელი ჩემი ავლადიდება.

. . .
სახლი - კეთილი,
აივნებით, კიბეხვეულით,
სიზმრად კეთილი -
ალიონზე ჩამორღვეული.
ციხე - ასული
ცად
მძლევარის ტკბილი ნატვრებით -
ლახტით ავსულის
ქონგურების კბილებნამტვრევი.
სავსე ტაძარი -
ხატ-ფრესკების ნათელ თვალებით -
კალთებდამწვარი
ურჯულოთა ნატერფალებით.
აწივლებული
უხსენებლით და ღრიანკალით -
გაწბილებული
ცხრაკლიტული - ცხრა ღია კარით.
სულის ბეღელი -
მოფხეკი-ამოწრეტილი...
ჩემი უიღბლო
ნაოსნობის
მრუმე წერტილი.

*
შენკენ მოვდივარ -
ჟამის ჟინი მოვკლა ბოლომდე.
მე ბოროტი ვარ!
უფრო ზუსტად -გამაბოროტეს.
ან უფრო - მინდა.
ანდა კიდევ - სხვა გზა არა მაქვს
(ან წყალი წმინდა
ვინ მოჰკითხოს თევზის ქარავანს,
მებადურების
გამოჩენის გამო ოტებულს?!)
და უნებურად
ვემსგავსები გაბოროტებულს.

მოვდივარ, გერჩი! –
აგიწვდია რაიც ოცნებით -
ვით მაღალ ყელში -
მაგ ანძაში ისე მოგწვდები
და აგიტაცებ, შე სიზმრების ნაგავსაყრელო,
რომ კვლავ მიწაზე
ისე დაგცე -
გაგაცამტვერო!

. . .
და ჯერ არ ვიცი,
ძლეულთაგან მქვია რომელი:
აბჯარნალეზი,
დაქანცული,
ზავის მნდომელი,
რომ სურს, ღადარში
შეუკეთოს დროშა დახრილი -
ვინძლო გადარჩეს,
სახიფათო მოსრას სამხილი;
თუ იგი - მტარვალს
საწამებლად რომ არ ჩაბარდეს,
კისერზე თავად
ვინაც დასცემს
კალაბს ჯავარდენს.

*
ჰოი,
ხრწნამორეულ
სააქაოს სუნში ჩამპალო -
ეულ-
შორეულ-
გზააბნეულ-
სულშესაფერო!
ჰოი,
დატეხილო
ჩემი ხელით
ნგრევის თავზარო!
ჰოი,
გატეხილო
ცხრაკლიტულო,
ციხევ,
ტაძარო!
ჰოი, ჭრელა-ჭრულა
ოცნებებო,
ლაღო და ურჩო!
ჰოი,
საჭურჭლეო,
საგანძურო,
ლარო და
უნჯო!
ჰოი,
სად ნაგებო
კოშკო,
ნატვრის დალალნაქებო!
ჰოი,
ფარდაგებო,
ქანდაკებო
და ლარნაკებო!
რწმენის სხეულო,
ჯაჭვ-ბექთრის დარად ქებულო -
დაცამსხვრეულო -
ნატეხ-ნატეხ დარიგებულო!
სუსტი ტერფების
მკრთალო კვალო, კვალო ბითურო -
სულის კერპების
ნამსხვრევებით
გამოსყიდულო!

*
მაგრამ, უფალო...
თუ ქვესკნელის კარის მსახურო...

მწვანე,
უბრალო,
უსახელო
და უსახურო,
გროშად და არც რად
ღირებულო,
მითხარი,
ბ ო თ ლ ო ,
ხომალდის ნაცვლად
ამ ნაპირზე ვით გაიფოთლე?

. . .
ჩქარა, მითხარი,
რომ მეზმანა აფრაკგონიანს,
არავითარი
რომ ხომალდი არა მქონია
და რომ შენ იყავ -
ბედისწერის ლოთური ჟინი,
მუცელში ბრიყვი,
გაუთლელი -
კეთილი ჯინით,
რიფსაც ბარე ორს
ვინაც არცთუ ამოდ ემთხვიე,
გულგვამარეულს
ბოლოს აქ რომ ამოგენთხიე.
მე კი მეცადა,
ამეზიდა მხარბეჭი ცამდე -
ბერწი მიწიდან,
სადაც ზღაპრებს კოცონზე წვავდნენ,
და ავ ქირქილად
არ ვყოფნოდი ცეცხლის ფარეშებს
უშნო ტიკინა -
მარტოჯინი ზღაპრის გარეშე.

. . .
თუ - მართლა გემი
მოჟამულის, ავის და შავის
ჩამოგაღამა
უმოწყალო დინებამ ჟამის?
ან - არ გაცალა
შთენილ წამთა გულმშვიდად მოთვლა
და ამ ხანძარმა
ჩამოგადნო ხომალდი ბოთლად? –
რომ ჩაგეჭიდო
ყელში უფრო შმაგი სიავით,
ლარ-საუნჯეთა
ჩემთა ბედი გაგიზიარო -
გამურულ ტანებს
დაგანარცხო ბოლო ყანწივით
და მოლოდინი
აღსასრულის
გავიხანგრძლივო...

*
მაგრამ,
ო, მაგრამ,
ისევ მაგრამ,
ო,
ამხდარო ნატვრავ,
თუ წამხდარი ბედის
ნაგრამო,
ხანძარკუნძულის -
წყევლა-კრულვის მეხდატეხილის -
ყველა კუნჭულის,
ყველა წრფის და
ყველა ტეხილის,
ყველა ხვეულის
განმხილავი და ამრეკლავი
შენი სხეულის
ჯადოსნური სარკე-ეკრანი
ყოვლით ნაჯერებს,
ყოვლით დაღლილს
რაღად მახელებს -
რატომ მაჯერებს
უჯერებელს
უტყვი ძახილით?

. . .
„ჰოი, ყარიბო,
რად გეგონა, ჩამოიღებდა
ზეცის კარებსაც
მეორგიე აბორიგენთა
მდორე, უნდილი,
უსახური როკვა-ძუნძული,
როცა კუნძივით
უძრავია თავად კუნძული!
და ვერმომთმენი
ინერციის მძლევარი ჟინის
ეს - შენ ტორტმანებ
ერთადერთი -
კაცი თუ ჯინი,
ვით - მოგზაური,
შეჩერება უცხოა ვისთვის
და კვლავ ზღვაური
შორეთისკენ
იდუმალ ილტვის!

ჰოდა, მოვსულვარ -
გამოგტაცო ხახას დაბჩენილს“
ჩამბერე სული,
უფრო სწორად - სულის ნარცენი;
ჩამოდი ჩემში,
ჩამობობღდი ზამთრის მწერივით,
ოცნების ელჩი,
უცნაური ზღაპარ-წერილი;
ავი და ხელი
ვიდრე მოგწვდა ალის ბურბური,
ყელყელა ყელი
გამიტენე ბატის ბუმბულით;
მოგეალერსოს
დაე ზავთით ზვირთი უშქარი -
ოკეანეში
განიტყორცნე
ურჩი უსტარი!“

*
განა, ჭურჭელო,
ისმინება ღაღადი ყველა?!
და უეჭველად
შველად ხმობა იქცევა შველად?!
ასე - უძლური,
უბადრუკი,
ხანძარდახლილი
ბოლავს კუნძულიც -
განწირულის უხმო ძახილი!

მაგრამ მითხარი -
ნიაღვრებით პირდაბანილი
სარქველმოხდილი
პაწაწინა კიდობანივით
უცხო მოტივით
რად დუდუნებ ცოდვის ხარხარში
ან ბზის ტოტივით
ასე მწვანედ რატომ ხასხასებ?

??????