ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * ზურგზე - ჯვარი ექსკლიუზივი

ზურგზე - ჯვარი,
გულში - წყევლის ლახვარი.
ზურგზე - ჯვარი,
შუბლზე - ეკლის დიდება.
შემომხვდება
ათასერთი ახვარი,
შემოხტება,
ჯვარზე დაეკიდება.

მივალ, მიკვირს,
გოლგოთისკენ დანაღირს,
რამ შეთქვიფა
მოყვარე და დუშმანი:
ყველას ხელში -
მყრალი გუნდა ტალახის,
ყველას ხელში -
ჟანგიანი ლურსმანი.

ლამის არის,
მივაკივლო რაბინთან,
ატროკებულთ
უგუნური წადილით:
ქრისტე არ ვარ -
გოლგოთაზე რა მინდა!
მეც კაცი ვარ
და თქვენსავით ცოდვილი!

შუბს ვაგებებ
საიქიოს ქარცივთა.
მოუთმენლად
მელის სულთა სახლობა.
ჯვარიც ისე
უსაშველოდ დამძიმდა,
ან მოვედი,
ან ძალიან ახლო ვარ.

ღმერთი-რჯული,
ჯავრით ისე გაწვიმდი,
იმ ქვეყანას
წყრომით ვეღარ ვუცქერი.
მაინც აქეთ,
ეშმა თუა - ნაცადი,
იქით კიდევ -
ანგელოზი უცდელი.

მაინც მინდა,
მივაკივლო რაბინთა,
ატროკებულთ
უგუნური წადილით:
ქრისტე არ ვარ -
გოლგოთაზე რა მინდა!
მეც კაცი ვარ
და თქვენსავით ცოდვილი!

??????