ლეგენდა ბაზალეთის ტბაზე. "პრინცესა ანა”
ბაზალეთს ცელქი სიო დარაჯობს,
მუდამ თბილსა და მუდამ ნოტიოს
სამკვიდრებელი დაუდევს ბინა.
მრავლის მომსწრეს და უკვდავ სავანეს
ბევრჯელ უცვალეს ლანდჩაპტის სახე,
დროის ქარცეცხლში შერჩენილ ამბებს
პოეტის მუზა საძირკველს აგებს
ღმერთებს მოსწყინდათ წყალქვეშ ცხოვრება,
დროის კიდეზე, უკვდავთა ვნებამ
გადმოინაცვლა მოკვდავთა სულში
ღმერთად ქცეულმა პრინცესა ანამ
სიყვარულისთვის გაწირა სული,
ტბის ბინადართა გულის მოგებით
თეოს გაულღო, ყინულის გული.
სირინოზთ ხელით დარწეულ აკვანს,
მომავალს ელის ნათელი ერი.
გულჩათხრობილი, ერთობ ლამაზი,
სიყვარულისთვის მონა მორჩილი,
სიცოცხლის ხესთან მუხლმოდრეკილი
დროის წაღმა სვლას მით ელოდება.
საშინელ მცველებს, ოქროს და ვერცხლის
ვერ გაუყვიათ წალკოტი ვრეცელი,
ბოღმით აღსავსე შავბნელ გულებში
ანამ დაატყო სიკეთის ხელი.
დრო მოჭმულ გრძნობებს, სულთა ვაებას,
შესაწირს ითხოვს უცხო ხვთაება.
მრისხანებას და ღმერთების ყმობას
ანა აღუდგა წარმართა მტრობას.
ზღაპრად ქცეულმა მათმა ამბავმა,
სიცოცხლე პოვა, ოქროს კოშკებში.
მათთან შეხებით მათთან შეჯიბრში
ტბაზე აშენდა სამოთხე ვრცელი.
იყო და არა იყო და რომ არ ყოფილიყო არც იქნებოდა. Mმუზა ზღაპარს ეჭიდებოდა, ზღაპარი ლეგენდას, ლეგენდა კი-სინამდვილეს. პოეტები ლექსებს თხზავენ, მომღერლები - სიმღერებს. ხელმარჯვე ოსტატები გაგონილს და მოსმენილს ციხე-კოშკებს უგებდნენ, რასაც ვერც დრომ და ვერც ჟამთასვლამ ვერეფერი დააკლო.
თითქოს წარსულს ჩაბარდა წარმართთა ხანა. ადამიანებმა დიდი ხანია მიივიწყეს წარმართი ღმერთები: წყლისა და მიწის მბრძანებლები, ცისა და წყვდიადის გამგებელნი. მივიწყებული ღვთაებები დროდადრო თავს მაინც გვახსენებენ, თითქოს ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობენ. ისევ ირჩევენ ადამიანებს რჩეულებად, რომ თავიაანთი არსებობა შეგვახსენონ.
ჟამთასვლამ თითქოს ისინი გააკეთილშობილა, მაგრამ ზნეჩვეულებებზე უარის თქმა დღესაც უჭირთ და შესაწირს ითხოვენ. სწორედაც ეს გარემოება აღმოჩნდა მათთვის დამღუპველი. ერთ დღესაც ადამიანმა ზურგი შეაქცია მათ ახირებებს და მათი ძლევამოსილება მათთან ერთად დაიმსხვრა. არც ეს გარემოება გამოპარვიათ მხედველობიდან ბაზალეთის ტბის საშინელ მცველებს და ათასწლოვანი დუმილის შემდეგ, გადაწყვიტეს ცხოვრებაში ერთხელ კეთილი საქმე გაეკეთებინათ. ეძებდნენ რჩეულს, რომელიც მათთვის მისაღები აღმოჩნდებოდა.
პრინცესა ანა, რომლის სახელის გაგონებასაც აღფთოვანებაში მოყავს შეყვარებული წყვილები, ხშირად ჩნდება ბაზალეთის ტბის მიდამოებში. განსაკუთრებით უყვარს მისთვის აგებულ ზღაპრულ ციხე-კოშკებში გამოჩენა. დიდხანს სეირნობს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში, სადაც მისი გამოჩენა ერთგვარ ეიფორიასაც კი იწვევს მნახველთათვის: ზოგს ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ შოუს ნაწილად მიაჩნია, ზოგსაც მდიდრულ ტანისამოსში მოდელი ჰგონია. არადა მართლაც მეფის ასულივით დააბიჯებს პატარა ოაზისში, სადაც მისი დანახვა წითლად ანთებულ ვარდებსაც კი უხარიათ. ხშირად ხედავენ შადრევნის გვერდით ჩაფიქრებულს. რომელიც შეყვარებულებს სურვილს უსრულებს.
პრინცესა ანა, ეს სახელი მე მისთვის არ დამირქმევია. ასე უწოდა ტბის ღმერთმა ,,თეოსმა”, რომელიც მისი უბედურების მოწმე გახდა.
ეს ამბავი კი ასე დაიწყო, ოთხმოციან წლებში ბაზალეთის ტბაზე ტურისტული სეზონი ყვაოდა. მზე რომლის სხივებ ქვეშაც ირუჯებოდნენ სხვადასხვა მოდგმის თუ რჯულის ადამიანები, ერთ პატარა პლიაჟზე მოეყარათ თავი. მათ შორის იყო ახალ დაქორწინებული წყვილი, რომელიც შვებულებას ბაზალეთის ტბაზე ატარებდა. მათ თან ახლდათ სიყვარულის პირველი ნაყოფი, თვეების გოგონა, რომელსაც ექიმებმა სამკურნალო პროფილაქტიკის მიზნით ტბის განები დაუნიშნა.
გოგონას მამა ნამდვილი დონ-ჟუანი იყო. სილამაზით და ფიზიკური აღნაგობით მალე ექცეოდა ლამაზმანების ყურადღების ქვეშ. მას ქალაქიდან ყურებამდე შეყვარებული თაყვანისცემელი გამოყოლოდა. ის დღენიადაგ ცდილობდა დაეშორებინა შეყვარებული წყვილი. საწადელის მისაღწევად საშინელ მეთოდს მიმართა. ღამით მძინარე ბავშვი მოიპარა და ნავით ტბაში შეცურდა . ჯერ იყო და შუა ტბაში უპირებდა ჩაგდებას, მაგრამ უცნაური რამ შენიშნა. თითქოს მის ნავს რაღაც არსება მისდევდა და დიდრონი თვალების მზერით მიაცილებდა, რომელიც მთვარის შუქზე, რომელიც ხან მთლად გაყვითლდებოდა და ხანაც მიმწვარ სანთელივით გაკრთებოდა. ქალი წამიერად შედგა, ნიჩბები წყალში ჩაუშვა და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება. თითქოს თვალებიც გაუჩინარდნენ. ბავშვის შუა ტბაში ჩაგდება გადაიფიქრა და ნიჩბებს მძლავრად მოუსვა.
პლიაჟიდან წამოსული მუსიკის ხმა ერთი-ორად ახშობდა უმისამართოდ მოსმული ნიჩბების ხმას. ისე შეეჯახება გაღმა ნაპირზე ჩალებს, რომ შეშინებული ვერც კი მიხვდება რა მოხდა. ის ნიჩბების მოსმას მაინც განაგრძობდა. თითქოს ნავის ჩალებზე შეგდებას ცდილობდა. ამასობაში პატარა გოგონას გამოეღვიძა და ტირილი დაიწყო. ბოროტმა ქალმა კი დაწყნარების ნაცვლად ბავშვი ჩალებში მოისროლა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ჩქარობდა უკან დაბრუნებას, მაგრამ ნავით გაყოფილ წყლის ნაკადთან მან ისევ შენიშნა ის დიდრონი თვალები, რომლებიც მას ხან მიუახლოვდებოდნენ და ხანაც დაშორდებოდნენ. ნაპირამდე ნავს ასიოდე მეტრი აშორებდა, როდესაც ის მძლავრმა ბიძგმა ამოატრიალა. ბიძგს წყლის დიდი ნაკადიც მოჰყვა. სანაპირო აღელდა. ქალის ყვირილი მაშველების მახვილ სმენას არ გამოპარვიათ. მძლავრად მოუსვეს მკლავები და ღონე მიხდილი ქალი გარდაუვალ სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. ამასობაში გოგონა მოიკითხეს მშობლებმა. თითქმის მთელ დამსვენებლებს გამოჰკითხეს ბავშვის ამბავი. რამოდენიმემ მართლაც შეამჩნია ქალი ბავშვით ხელში, რომელმაც ნავით შეცურა ტბაში.
სანაპიროზე ჩოჩქოლი ატყდა, ყველა გულწასულ ქალს დაჰყურებდა, რომლის გონზე მოყვანასაც თავგამოდებით ცდილობდნენ მაშველები. ბავშვის დედამ ხალხის მჭიდრო წრე გაარღვია და გულ წასულ ქალს მძლავრად დაუწყო ჯანჯღარი. სწორედ ამ დროს ამოასხა ბოროტმა ქალმა პირიდან წყალი და ელდანაკრავივით ამოისუნთქა. ბავშვის დედა ტირილნარევი ყვირილით ეკითხებოდა შვილის ამბავს.
მუსიკა შეწყდა, ღამის მყუდროვებას ქალის განწირული ყვირილი არღვევდა, რომელიც ბავშვის დაბრუნებას ითხოვდა. ბოროტმა ქალმა ისევ იცრუა: ბავშვი ტბაში ჩამივარდაო. ხომ ხედავთ კინაღამ მეც ჩავიხვჩიო. ის ნავის ამოტრიალებას , რაღაც დიდრონ არსებას აბრალებდა, რომელიც რა თქმა უნდა არავინ დაუჯერა. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. ყველა უთანაგრძნობდა ბავშვის დედას. ბოლოს სწორედ მან დატოვა სანაპირო.
იმ ღამეს ტბა მეტის მეტად სიმშვიდით გამოირჩეოდა. ცაში უდარდელად მამოკიდებული ვარსკვლავები მის სარკისებურ ზედაპირზე წინ და უკან გადაადგილდებოდნენ. მთვარის ოქროსფერი ანარეკლი კი ტბის შუა ადგილს ბილიკად მიუყვებოდა. სწორედ ამ ოქროსფერი ბილიკით მიიკვლევდა გზას ის დიდრონი არსება, რომელიც მომსწრე გახდა ამ ამბის. ის დიდრონი არსება კი არც მეტი და არც ნაკლები ოთხმეტრიანი დინოზავრი იყო. დინოზავრს გრძელ კისერზე ორი ფრთის მაგვარი აპკისებური წამონაზარდი ჰქონდა, რომელიც წყალში გადაადგილებაში ეხმარებოდა.
ბავშვი ჩალებიდან ჩამოცურებულიყო და წყალში იძირებოდა, სწორედ ამ დროს ამოყო დინოზავრმა თავი. თავისი დიდრონი ნესტოებით დასუნა ბავშვი. თითქოს გაუღიმა კიდეც, კბილები დაკრიჭა, თვალებს კი ხან დაავიწროვებდა და ხანაც გააფართოვებდა. ბავშვმა მის დანახვაზე გაიღიმა და რაღაც გაუგებარი, ბავშური ენით დაიწყო ტიტინი. დინოზავრი გამომეტყველებას იცვლიდა, თავს ხან აქეთ მოაბრუნებდა და ხანაც იქეთ. თვალებს ხან დაავიწროვებდა შესაშინებლად და ხანაც გააფართოვებდა. ბავშვი კი განაგრძობდა ტიკტიკს. ბავშვის ტიკტიკი წყლის პირთან მოხვედრამ ტირილით შეცვალა. ტირილიც მალე შეწყდა, რადგან ბავშვი ფსკერისაკენ დაეშვა. დინოზავრმა თავი გააქნია, დაიფშმუვლა, ბაყაყები რომლებიც ერთიმეორის ჯიბრით ყიყინს არ წყვეტდნენ, ფშმუილზე სმენად იქცნენ. დინოზავრმა გააღო უშველებელი პირი და ბავშვის მიმართულებით ჩაახეთქა. ერთიც ამოყო წყლიდან თავი და თვითონაც წყლის სიღრმეში გაუჩინარდა. მთვარის მკრთალი შუქი, რომელიც მძლივს აღწევდა ტბის ფსკერამდე დინოზავრს გზას უკვალავდა ტბის ლაბირინთებში. დინოზავრმა ბევრი გვირაბისებური არხი გაცურა. ბოლოს ერთ ერთში შეცურდა და იქედან დიდ გამოქვაბულში ავიდა. კლდოვანი გამოქვაბული გადაპენტილი იყო ათასგვარი ყვავილებით. დინოზავრი პირს გააღებს და ახალშობილს გვიმრებში გადმოაგდებს. გალურჯებულმა და ფერდაკარგულმა ბავშვმა ამოახველა, პირიდან წყალი ამოასხა და სუსტი ხმით დაიწყო ტირილი. დაუძლურებულ ბავშვს მალე ჩაეძინა. დინოზავრი კი მის თვალიერებას განაგრძობდა. შემდეგ ისიც დაწვება, თავს-თავთან მიუტანს და დაიძინებს. ცოტახანში ყვავილები შეირხევა, თითქოს ნაკადული მოარღვევსო გზას. ყვავილები აქეთ-იქეთ იხრებოდნენ და ახლად გამოჩენილ სტუმარს უთმობდნენ გზას. დინოზავრის მახვილს სმენას ეს გარემოება არ გამოპარვია. თავს მაღლა წამოსწევს და დაიღრიალებს. ხმაურზე ყვავილებიდან უშველებელი გველი წამოჰყობს თავს და კობრას საბრძოლო პოზას დაიჭერს.
გველი თვალებით ჰიპნოზის ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ დინოზავრი საკბენად გაიწევს. გველი უკან დაიხევს. დინოზავრი დაუპატიჟებელ სტუმარს გამოქვაბულიდან გააძევებს. ხმაურზე ბავშვი ტირილს დაიწყებს, დინოზავრი მის დაწყნარებას ჩვეული მეთოდით შეეცდება, თვალებს ხან დაუპატარვებდა და ხანაც გაუდიდებდა, თანაც თავისებურად უღიმოდა. მშიერ ბავშვს კი ასეთი ქცევა ვერ გააძღებდა და ტირილს უმატა. დინოზავრი მიხვდა მის გაჭირვებას და გამოქვაბულს დატოვებს. ცოტახანში ნანადირევით დაბრუნდება, ბავშვის გვერდით მოზრდილ თევზს დააგდებს, კისერს დაიგრძელებს და ბავშვს შორიდან დაუწყებს ყურებას. სახვევებში გახვეული ბავშვი კი განძრევას ვერ ახერხებდა. ხანდახან მატლივით თუ შეირხეოდა, ეს იყო და ეს. დინოზავრი თავის ბასრი კბილებით სახვევებს შეუხსნის და შიშველ ბავშვს თევზთან მიაცურებს. მის დიდრონ ცხვირს უსიამოვნო სუნი მოხვდება. ამის გამოსარკვევად ხან ბავშვს დასუნავს და ხანაც თევზს. ბოლოს ცხვირს სახვევთან გადაიტანს. ელდანაკრავივით თავს მაღლა ააგდებს და შესუნთქულ ჰაერს ორთქლის სახით უკან გამოუშვებს. შემდეგ თევზს კბილებით დაკუწავს, თავის აპკისებური მომცრო ზომის ხელებით პირთან მიუტანს. ბავშვი კი ისევ ტირილს უმატებს, დინოზავრი ისევ გააქნევს თავს და გამოქვაბულიდან გავა.
დინოზავრი მიადგება სანაპიროს, თითქოს ახალშობილის დედის პოვნას ცდილობდა. ამ დროს კი გოგონას მშობლები ბარგს ალაგებდნენ.
დამსვენებლებმაც მალევე მიივიწყეს წუხანდელი ტრაგედია და ჩვეულ გართობას დაუბრუნდნენ. მართალია მაშველებმაც მეორე დღეს ბავშვის ცხედარი უშედეგოდ ეძებეს, მაგრამ ეს მათთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ძებნას მალევე მიანებეს თავი. ამ უბედურებამ კი მარტო მშობლების თავზე გადაიარა.
ბევრი მოცურავე დამსვენებელი შეათვალიერა დინოზავრმა, მაგრამ ბოლო წუთს გეგმა შეცვალა და ჭაობისკენ გაცურა.
ბოროტი ქალი ჩვეული ხრიკებით ბევრს ეცადა მართსაჯულებისათვის თავი დაეღწია, მაგრამ სასამართლომ რამოდენიმე წლიანი ბინა მიუჩინა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
დინოზავრმა იცოდა რომ შუადღისათვის მიმდებარე სოფლიდან მენახირეები საქონელს წყლის დასალევად ჭაობში მიერეკებოდნენ. სიცხისაგან შეწუხებული კამეჩები ღრმად შედიოდნენ წყალში და აუტანელ სიცხეს ტანის დამალვით აღწევდნენ თავს.
ერთ-ერთ კამეჩს დინოზავრი ფეხს დაუჭერს და წყალში ჩაათრევს. მენახირის ყურადღებას კამეჩის განწირული ხმაური მიიპყრობს, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. შეშინებული კამეჩები ნაპრზე გაცვივდებიან და ყურებდაცკვეტილები დაუწყებენ ტბას ყურებას.
დინოზავრი ცოცხალმკვდარ კამეჩს გამოქვაბულში შეათრევს. შემდეგ ბავშვს მიაცურებს ძუძუებთან. მშიერი ბავშვი მალევე იპოვის ნოყიერ რძეს და ხარბად დაეძგერება. დინოზავრი ამ ამბავს გაკვირვებული შეჰყურებდა, თავს ხან აქეთ მოაბრუნებდა და ხანაც იქეთ. შემდეგ ისევ დატოვებს გამოქვაბულს, თითქოს ისიც მადაზე მოსულიყოს.
კამეჩი გონზე რომ მოვა ფეხზე წამოდგება, დაინახავს ახალშობილს და ის იყო რქებით უნდა დაესახიჩრებინა, რომ მის წინ გველი აღიმართება. დააჰიპნოზებს და სიგიჟისაგან ანთებულ თვალებს დაუწყნარებს. კამეჩი გამომეტყველებას შეიცვლის და გოგონას ენით დაუწყებს ლოკვას. ბავშვის ტანზე ენის მოხვედრამ ხასიათი გამოუსწორა და ხითხითი დაიწყო. გველმაც თავისებურად გაიღიმა და გრძელი ტანით წრე დაარტყა სტუმრებს.
ხუთი წელი აწოვებდა კამეჩი გოგონას. ერთდღესაც დედობილი ცუდად გახდება. დინოზავრი მომაკვდავ კამეჩს რამოდენიმეჯერ დასუნავს. საამქვეყნოს რომ ვერაფერს შეატყობს უკან წაათრევს. ზუსტად იმ ადგილას მიიყვანს, საიდანაც თავდაპირველად გაიტაცა შვილობილის გადასარჩენად. გასაგრილებლად შესულმა კამეჩებმა საფრთხე იგრძნეს და დამფრთხლები გამოცვივდნენ გარეთ. მენახირემ უმწეო მდგომარეობაში მყოფი კამეჩი შენიშნა. რომელიც თავს მძლივს ეწეოდა წყლიდან. კამეჩს რქებზე თოკი შეაბა და დასახმარებლად სხვა მენახირეებს უხმო. რის ვაივაგლახით გაიყვანენ მომაკვდავ კამეჩს ნაპირზე. მენახირემ თითქოს ამოიცნო კიდეც თავის ხუთ წლის წინ დაკარგული კამეჩი. ეს ხომ შეუძლებელიაო, ჩაილაპარაკებს თავისთვის და კამეჩის სადაურობაზე დაიწყებს ბჭობას. ერთ-ერთმა მწყემსმა ისიც თქვა: ,,პაპაჩემისგან გამიგონია, გრემისხევში ჩაძირული კამეჩები ტბამ აქ ამოაგდოვო, მაგრამ მაშინ ხომ წვიმა იყო და ახლა რაღა ამბავიაო”.- ისევ თვითონ გამოაბა კუდი თავის ნათქვამს.
ამასობაში ნახისრის სოფელში გარეკვის დროც დადგა. მენახირეებმა საქონელი თავიაანთი ომახიანი შეძახილებით სოფლის მიმართულებით გარეკეს. მომაკვდავი კამეჩი კი ტბის ნაპირას დატოვეს.
იმ ღამით კამეჩის სანახავად გველი და დინოზავრი გამოვიდა. იქვე შორიახლოს ერთ-ერთ მენახირეს სასმელი მეტისმეტი მოსვლოდა და დაბალ ბალახში მისძინებოდა. ღამის სიცივისაგან გამოღვიძებული კი ამ ამბის მომსწრე გახდა. გაკვირვებული მისჩერებოდა გიგანტურ არსებებს და განძრევას ვერა ბედავდა. სადღა ახსოვდა სიცივე, შუბლიდან ღვარად სდიოდა ცხელი ოფლი.
დიდხანს უტრიალეს კამეჩს ტბის მცველებმა, გამთენიისას კი ტბას დაუბრუნდნენ. მაშინ კი იხელთა დრო მენახირემ და სოფლისაკენ ყვირილით გავარდა. მისი მოყოლილი ამბავი კი არავინ დაიჯერა. რადგან მას სოფელში ლოთი კაცის სახელით იცნობდნენ. მენახირე ცოლის გარდაცვალების შემდეგ სასმელს მიეძალა და ამ უკანასკნელმა დასძლია კიდეც. ერთთავად დარუმბებული სახით დადიოდა. მისი ერთადერთი შვილი კი მეზობლების დახმარებით იზრდებოდა.
ზურიკოს ზრდასთან ერთად მეზობლები მისდამი ყურადღებას ანელებდნენ. ისიც იძულებული იყო ყოველდღიური გასამრჯელოს სანაცვლოდ ნახირში წასულიყო მწყემსად.
თვალსა და ხელს შუა გავიდა ათი წელი. გოგონა წამოიზარდა, ისე მიეჩვია თავის გამზრდელებს რომ უიმათოდ ცოტახნით დარჩენაც კი უჭირდა. ერთ დღეს გამოქვაბულში დაბრუნებულ დინოზავრს უჩვეულო სურათი დახვდა. გველი მძინარე ბავშვს შემოხვეოდა და მასთან ერთად ეძინა. მას კი მოეჩვენა, რომ გველი მის შვილობილს დახრჩობას უპირებდა. დინოზავრი საკბენრად დაეტანება. მუდამ ფხიზელი და სწრაფი გველი საბრძოლო პოზას მიიღებს, ენას აქეთ-იქეთ აათამაშებს, თვალის კაკლებს ვერტიკალურად დაავიწროვებს და საცემრად გაემზადება. ამ დროს გოგონაც გაიღვიძებს და მოჩხუბრების შუაში ჩადგება. გიგანტური არსებები ვერც კი შენიშნავენ ტანით პატარა გოგოს, რომელიც
მათ გაშველებას ცდილობდა. ისინი თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს და გოგონას ყურადრებას არც კი აქცევდნენ. გოგონა საბრძოლველად შემართულ გველს
ტანზე ააცოცდება, მძლავრად მოეხვევა და დაბლა ქაჩვას დაუწყებს.
დინოზავრი ღრიალს შეწყვეტავს და გაკვირვებული დაუწყებს გველის ტანზე მცოცავ შვილობილს ყურებას. გველსაც ეამება გოგონას ქცევა და დინოზავრის ჯიბრზე მასთან თამაშს დაიწყებს. ეჭვიანი დინოზავრი მიუახლოვდება მათ, ხან ერთს დასუნავს თავზე და ხანაც მეორე. მთლად რომ დაწყნარდება იქვე მიწვება და ნაღვლიან თვალებს კლდის ჩამონგრეულ ქიმს გაუსწორებს გველი დინოზავრის ეჭვის მიზეზს მიხვდება, გოგონას თავით უბიძგა და გვიმრებში გაუჩინარდა. დინოზავრი თითქოს გაბუტილიყო, ყურადღებას არც კი აქცევდა მის წინ მოთამაშე გოგოს.
ამ დროს გველი გამოვა გამოქვაბულიდან. გოგონა გულ მოსულ დინოზავრს მიანებებს თავს და გველს აედევნება უკან. სწვდება კუდში და გამოქვაბულის წინ მდებარე წყალში დაიწყებენ თამაშს. დინოზავრი კი ეჭვიანი და დამწუხრებული თვალებით უყურებდა მათ თამაშს. თამაშით გულს რომ იჯერებენ, გოგონა გველს თავზე მოეხვევა და ნაპირზე გამოვლენ, ოთხზე დადგება და თავის გაქნევით სველ თმებს გაიფერთხავს. დინოზავრის თვალზე მომდგარმა ცრემლმა გამოარღვია ქუთუთუები და მიწაზე მოზრდილ წვეთებად გადმოეშვა.
- რა მოუვიდა ნეტა, ამ ბოლოხანს როგორ გულჩვილი გახდა.
- ფიქრობდა გველი და მოგონებებში დინოზავრის სიფიცხეს იგონებდა.
- ეხ არც მე ვარ ნაკლები, ამ თითისტოლა გოგონამ როგორ შეგვაყვარა თავი, მგონი დავბერდით.
გველმა შვილობილს ტელეპატური ლაპარაკი ასწავლა. გოგონამ ამ მეთოდით დინოზავრთან შეძლო კონტაქტი. ასაკის მატებასთან ერთად მრავალ კითხვას უსვავდა თავის გამზრდელებს: თუ ვინ იყო, იქ საიდან გაჩნდა, ან ვინ იყო მისი ნამდვილი დედა, რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო იქ გამოკეტილი.
დინოზავრი ცალკე იბრალებდა მე ვარ შენი დედაო, გველი ცალკე. დინოზავრმა ამის დასამტკიცებლად გატეხილი კვერცხიც კი აჩვენა - ,,აქედან მოევლინეო..” ასეთი უსაფუძლო ტყუილები კი ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა. შემდეგ კი გაბუტული ტბის მცველები უჩუმრად შორდებოდნენ ერთიმეორეს. გამოხდა კიდევ ხანი და გოგონას გველმა ცურვა ასწავლა. დინოზავრს ეს ამბავი სულაც არ მოსწონდა. ეჭვიანობდა შვილი არ მომპაროსო და გამოქვაბულს დიდი ხნით არასოდეს ტოვებდა.
ერთ დღესაც გათამამებული გოგონა გველს ცურვით უკან გაჰყვება. არხეინად მცურავი გველი მიაშურებს თავის გამოქვაბულს. შვილობილი წყლიდან ქოშინით ამოვარდება. ხმაურზე გველი უკან მოიხედავს, აგრესიულ სახეს მიიღებს და გოგოსაკენ პირღია გაქანდება. გოგონა გრძელ თმებს უკან გადაიწევს, თავის ქნევით თმებს გაიფერთხავს. ის იყო გველს პირში უნდა მოექცია თავის შვილობილი, რომ გოგოს ყვირილს გაიგებს: ,,რას შვრები?!” გველი მიმართულებას შეცვლის, მსხვერპლს თავზე გადაევლება და წყალში ჩაეშვება. ზამბარასავით გაჭიმული კუდიც მალევე მიიმალება. გამოქვაბულში პატარა ტალღა დადგება.
- აი თურმე სად გიცხოვრია? ეს რა ნივთებია, რა ბრჭყვიალებს? რამხელა გამოქვაბული გქონია... რა სილამაზეა - ეს ბაღები შენ გააშენე? ეს განძი საიდან მოიტანე? ეს რა სიმღერის ხმა ისმის? დედილო ეს ყველაფერი შენია?
გველი თვალებს ლულავდა, ენას აქეთ-იქეთ ათამაშებდა და წყალზე ტანით სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს გამოსახავდა.
სიმღერა მართლაც ბაღის შუა გულიდან ისმოდა. ნანახით განცვიფრებული გოგონა, სხვადასხვა ძვირფას ნივთებს ათვალიერებდა და ცალი ყური საამო სიმღერისაკენ მიეგდო.
სიმღერამ გულის ძგერა აუჩქარა. მას ხომ ასეთი საამო ხმა არასოდეს გაეგო. ის სიმღერის მიმართულებით წავიდა, გზად აყვავებულ ლაბირინთებს გაივლის. გველი კი ყოველთვის მის გარშემო დასრიალებდა. აღარ იცოდა რა ექნა, თვალები ამღვრეოდა. ეს სიმდიდრე ხომ არავის არ უნდა ენახა. დინოზავრსაც კი, რომელიც ვინ მოთვლის რამდენი საუკუნეა მის გვერდით ცხოვრობს, ამის უფლებას არასოდეს აძლევდა.
მიუხედავად გველის მცდელობისა, გოგონასათვის გზა აერია, ის მაინც დაახწევს ლაბირინთს თავს და ზღაპრულ ადგილას აღმოჩნდება. მოზრდილი აუზის შუა გულში, პატარა შადრევანი გადმოდიოდა. შადრევნიდან ამოტყორცნილი წყლის ნაკადი სამად იყოფოდა და თვალმარგალიტებით დამშვენებელ აუზში უჩუმრად ეშვებოდა. დაშვებული წყლის ნაკადი კი წვრილ-წვრილ ბუშტებად იქცეოდა. აუზში ჩაყრილ ძვირფას თვლებს გარს უვლიდა. აუზის გარშემო მარმარილოს ბილიკები სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავდა. აუზში გოგონა თავის ნაირ არსებებს შენიშნავს, რომლებიც თამაშით იყვნენ გართულები და მისი მიახლოვება ვერც კი შეენიშნათ.
- ნუთუ ესენიც დინოზავრის გამოჩეკილებია. - ფიქრობდა თავისთვის და გარშემო მდგარ თვალმარგალიტების ზვინებს ათვალიერებდა. გოგონა ცოტახნით მოსწყვეტს თვალს მოთამაშეებს და ყურადღებას შემაღლებული ადგილისაკენ გადაიტანს. შემაღლებულ ადგილს მარმარილოს საფეხურები მიუყვებოდა. ოთხ მოზრდილ, მოოქროვილ ძელზე წითელი თვალმარგალიტებით დამშვენებული ფარდაგი გადაეფარებინათ. მის ქვეშ კი მარმარილოსავე, მოზაიკის იატაკზე, ულამაზესი სირინოზი ოქროს აკვანს არწებდა. სწორედ ის სირინოზი მღეროდა ასე საამოდ, რომლის ხმაც ულამაზეს წალკოტს მალამოდ ედებოდა.
აკვანს თეთრი აბრეშუმის გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული. გოგონა კარგად დააკვირდება სირინოზის კუდს და შემდეგ თავის ფეხებზე დაიხედავს. სწორედ ამ დროს შენიშნეს წყალში მობანავე სირინოზებმა უცხო სტუმარი და ერთ ადგილას შექუჩდნენ. გოგონამ მათ დაუნახა თევზის კუდები, თავგზა აერია, აღარ იცოდა ეს ამბავი უნდა გაჰხარებოდა თუ უნდა სწყენოდა. მას თავისი სიშიშვლის შერცხვა. მკერდძე ხელს აიფარებს და განძის ზვინს ამოეფარება, ორად მოიკეცება თავს მუხლებში ჩამალავს და დამნაშავესავით თავზე ხელებს დაიწყობს. ამ დროს გველი მისრიალდება მასთან: ,, - შენ აქ არ უნდა მოსულიყავი! ხელი არაფერს ახლო.” მისი ფიქრები რამოდენიმე საუკუნის უკან გადაინაცვლებს. მოაგონდება ის დრო, როცა სავსე მთვარიანობისას ტბას ხალხი ნებაყოფლობით სწირავდა ქალწულებს. მათთან ერთად კი აურაცხელ სიმდიდსრეს უძღვნიდნენ ტბის მბრძანებელს. მოაგონდება როგორ სწირავდნენ ზუსტად შვილობილის ტოლ გოგონებს. როგორ არ უნდოდათ სიკვდილი, მაგრამ წარმართი ხალხი იმხელა ქვებს აბამდნენ ფეხებზე, რომ მისგან თავის დახწევა შეუძლებელი იყო. მოაგონდება ერთ-ერთი ულამაზესი ბავშვი, მისი ჩაცმულობა, მან ხომ მისი ტანისამოსი საგულდაგულოდ შეინახა.
- ეხ, ის დრო წავიდა..- გველი კი მაინც გველია, მასაც მოულბა გული რადგან ადრე თუ უხაროდა მსხვერპლის შეწირვა, ახლა მის წინ მსხვერპლად შესაწირი მისი გაზრდილი გოგო ეგულებოდა. მაშინ კი მიხვდა რაოდენ ძნელი ყოფილა დედისათვის შვილის მსხვერპლად შეწირვა. თავჩაღუნულ შვილობილს ზემოდან დახედავს და თვალები ცრემლებით აევსება. მიწაზე დაეშვება და ლაბირინთში გაუჩინარდება. გოგონა ფეხზე წამოდგება და სირინოზებს მალული მზერით დაუწყებს ყურებას. აკვირდებოდა თუ როგორ ჰქონდათ ზოგიერთებს მკერდი ძვირფასი ქსოვილით დაფარული, ზოგიერთებს კი შიშველი. გამოქვაბულში სიჩუმე დაისადგურებს. სიმღერა შეწყდება, სირინოზები ხელებით ზვინისაკენ მიუთითებენ. შერცხვენილი გოგონა ისევ ჩაიმალება ზვინის უკან. ის გაკვირვებული დაუწყებს ძვირფას ნივთებს თვალიერებას, რომლებიც მკრთალად დაშვებულ მზის სხივებზე სხვადასხვა ფერებად აირეკლებოდა. ძვირფასეულებაში მრავლად ერია: ოქროს თასები, სხვადასხვა თვლებით შემკული ყელსაბამები, გვირგვინები, გატეხილი სატევრები, მონეტები, ბეჭდები, საყურეები და მრავალი სხვა, მაგრამ მის ყურადღებას განსაკუთრებით ერთი ნივთი მიიპყრობს. მრავალთითა ოქროს სავარცხელი. სავარცხლით ხან ხელს მოიფხანს, ხანაც ფეხს. შემდეგ თმებზე ჩამოისვას, დაუვარცხნელი თმა დაეწიწკნება. სავარცხელს ხელს ცივად გაუშვებს და მალულ მზერას ისევ სირინოზებისაკენ გააპარებს. პრანჭია სირინოზები მოზრდილ სარკესთან შეკრებილიყვნენ და სავარცხლით თმებს ივარცხნიდნენ, წამწამებს იპრეხავდნენ და სამკაულებს რიგ-რიგობით ირგებდნენ. გოგნა კარგად დააკვირდება მათ ხელის მოძრაობას და ისევ სავარცხელს დაუბრუნდება. მისი ხვეული თმები ზამბარასავით იჭიმებოდნენ. ვერა და ვერ მოახერხა მათთვის ფორმის მიცემა და ისევ გვერდით მიაგდებს. მართალია ბევრი ვერაფერი დავარცხნა გამოუვიდა მაგრამ ნანახი ნივთით მაინც აღფრთოვანებული დარჩა. ცოტახანში გველი ისევ გამოჩნდება, გოგონას თვალებში ჩახედავ და ეტყვის: ,,უკან მომყევიო.” გოგონა მალულად აეკიდება უკან. გველი ტანისამოსის გროვასთან მიიყვანს, თვალებს არ უჯერებდა, ხან ერთი კაბა მოირგო, ხან მეორე, ზოგიც დიდი იყო, ზოგიც პატარა. გველმა თვითონ აურჩია შესაფერისი. მდიდრული კაბა ზუსტად მის ტანზე იყო შეკერილი. გველი ოქროს სახელურიან სარკეზე მიანიშნებს. გოგონა პირველად რომ დაინახავ თავის თავს შეშინდება. შემდეგ კი თვალი გაუსწორა თავის ანარეკლს და სირინოზების ნამღერი სიმღერა წაიღიღინა.
გველი ფიქრებით ისევ იმ ანგელოზ გოგსთან გადავიდა ვისი ტანისამოსითაც იწონებდა შვილობილი თავს.
- არა, არც ჩემი შვილობილია მასზე ნაკლები - ჩაილაპარაკებს თავისთვის.
- რაო რა თქვი? - გაუმეორა გოგომ.
- არაფერი, დროა წავიდეთ.
- რატომ, ძლივს ვნახე ჩემნაირები?
- ამას მოგვიანებით აგიხსნი, ახლა კი აიღე რაც გენებოს და აქაურობა რაც შეიძლება სწრაფად დატოვე.
ნანახით აღფრთოვანებული გოგონა არც კი ფიქრობდა გამოქვაბულის დატოვებაზე. გველი კი გამოქვაბულს დატოვებს და რამოდენიმე დღე ტყეს აფარებდა თავს. მას მეტყევეები და მწყემსებიც შენიშნავენ. მას შემდეგ სოფლის მაცხოვრებლები ტყეში შესვლას ვეღარ ბედავდნენ.
გოგნამ სცადა გამოქვაბულიდან გამოსვლა, მაგრამ ერთმანეთის მსგავს გვირაბებში გზა ერეოდა და უკანვე უხდებოდა დაბრუნება. ის შორიახლოს უტრიალებდა სირინოზებს, უნდოდა მათთან მიახლოვება, მაგრამ ვერა ბედავდა. სირინოზებიც ამჩნევდნენ მის სიახლოვეს მაგრამ თავისთან არ იხმობდნენ. მას მალიმალ გველის სიტყვები აგონდებოდა: ,,აკვანს არ მიუახლოვდეო..” ცნობის მოყვარეობა მაინც არ ასვენებდა, აინტერესებდა ვის არწევდნენ ასე გულმოდგინედ, ვინ იწვა აკვანში, ან იწვა კი შიგ ვინმე, რადგან აკვნიდან არც ტირილის ხმა ისმოდა და არც საჭმელს თხოულობდა ვინმე. ის მალულად დადიოდა ბაღში, სადაც განსხვავებულ ყვავილებს და ხეებს მოეყარათ თავი. ყვავილები დღისით მზის სხივებს იჭერდნენ, ღამით კი თვითონ ასხივებდნენ სინათლეს. ეს ნათება კი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ენით აუწერელ სილამაზეს ქმნიდა. ბაღს ყველა მიმართულებით ბილიკები მიუყვებოდა; თითქოს განგებ იყო მოწყობილი, რომ ყვავილებისათვის ფეხი არავის დაედგა. ეს გარემოება მან გვიან შენიშნა. ღამის ნათების დროს, რომელ ყვავილებსაც დღის განმავლობაშიც ფეხი დააბიჯა, საცოდავად, მკრთალად ანათებდნენ. ცდილობდა მათ ფეხზე წამოდგომაში დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მას შემდეგ კი სულ ბილიკ-ბილიკ გადაადგილდებოდა.
ბევრი იარა ბევრი ათვალიერა წალკოტი, ერთ ადგილას კი მწვანეში ჩაფლულ ქოხს მიადგა. ქოხში სხვადასხვა ძვირფასეულებასთან ერთად ორი მოზრდილი სკივრი იდგა. ახდის სკივრს სახურავს და მასში უამრავ ტანისამოსს აღმოაჩენს. იქვე მდგარ საწოლსაც შენიშნავს, მან დიდხანს უტრიალა, რომ გაეგო თუ რა იყო ეს სასწაული ნივთი, რომელიც ოთხ ფეხზე იდგა და ადგილიდან არ იძვროდა. ზურგზე კი ფუმფულა გადასაფარებელი მოეგდო. ხან როგორ შეხედა, ხან როგორ, ქვეშაც შეძვრა, ფეხებიც გაუსინჯა, მაგრამ ვერაფერი გაუგო.
- ეხ, მარტო მე მეგონა ჩემი თავი მახინჯი, მე ორი ფეხი მაქვს მას კი ოთხი, საცოდავი...
იმ ღამით ქოხში დარჩება. ქოხის ჭერს ყვავილების აბაჟური ანათებდა. ფანჯრიდან პატარა პეპლისოდენა ფერიები შემოფრინდებიან და გოგონას თავზე დაიწყებენ ფარფატს. ისინი ფეხებიდან მანათობელ ფხვნილს აბნევდნენ. მათ ყურებაში გოგონას მთქნარება აუტყდება, თვალებს მილულავს და საწოლზე მიეძინება. ფერიები მძინარე გოგონას მხრებზე დაასხდებიან და კამათს დაიწყებენ: - ვინ არის, იქ საიდან გაჩნდა? ვინ მოიყვანა, ვინ დართო ნება? - მათ ცხარე კამათს სირინოზებიც შეუერთდნენ. ბევრი უარეს მძინარე გოგოს გარს თავით ფეხამდე შეამოწმეს . განსაკუთრებით მოიხიბლენ მისი ფეხებით.
ამასობაში გველიც დაბრუნებულიყო წალკოტში და ისიც ქოხში შემოჰყობს თავს. ფერიები აფრინდებიან და განათებულ ყვავილებზე შემოჯდებიან. სირინოზები ჩხუბს დაუწყებენ: - ვინ არის, აქ რატომ მოიყვანე?! ხომ იცი რო ეს ქოხი ტბის მბრძანებლის ქალიშვილისაა. დაბერდი და სულმთლად გამოჩერჩეტდი. გველი თვალების ბრიალით საწოლს შემოეხვევა.
- ვინ არის და ჩემი შვილია!
- შენი შვილია, ადამიანი გააჩინე? სიცილს დააყრიან სირინოზები.
- ჩემიც - გაისმის დუდუნა ხმა. ტბა აღელდება, მისი ლურჯი ფერი შავად შეიღებება. სირინოზების დედოფალსაც აკვნისათვის მიენებებინა თავი და ქოხში შევიდა. ის ხელების დახმარებით მიათრევდა თავის მოქნილ კუდს. მივა საწოთან და Mმძინარე გოგოს თავზე გადაუსვავ ხელს.
- ღმერთო ჩემო, რა ლამაზია, ანგელოზივით ძინავს. ის მართლაც ანგელოზი იყო, ამიტომ იყო რომ ასე ძალიან შეუყვარდათ მის გამზრდელებს.
Aამ დროს კი გაცოფებული დინოზავრი უშედეგოდ ეძებდა თავის შვილობილს.
- ვიცოდი რომ შვილის წართმევა გინდოდა, გველო, დამაცადე რას გიზავ, ვერ გადამირჩები, როგორ ყველაფერი შურს ჩემი! - იმუქრებოდა დინოზავრი.
სირინოზების დედოფალი ნაზად წამოიწყებს სიმღერას. გველს გოგონას გვერდით ჩაეძინება და ისევ ათასწლოვან მოგონებებში გაეხვევა. დედოფალი დანარჩენებს ხელით ანიშნებს, რომ იქაურობა დაეტოვათ. სიმღერის ხმაზე ფერიებსაც აუტყდებათ მთქნარება, ყვავილებში გაეხვივნენ და ტკბილად დაიძინეს.
ტბის გვერდით მდებარეობს სოფელი მლაშე. მლაშე ძველი სოფელია. მისი სახელიც სიძველესთან არის დაკავშირებული, ტომი რომელიც მლაშის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სხვებთან შედარებით ადრე აკრძალეს მსხვერპლ-შეწირვა. ტბის ღმერთს ცოცხალი ქალწულების ნაცვლად ოქროსა და მარილს წირავდნენ იმ იმედით რომ ტბის წყალი მარილიანად იქცეოდა და მარილისათვის შორს სახიფათო მოგზაურობაში აღარ მოუწევდათ წასვლა. ასეთ გარემოებიდან გამომდინარე, ასეთ ხალხს მლაშელები ეწოდათ; რადგან ისინი მარილს ღმერთების საჭმელად მიიჩნევდნენ. დღესდღეობით მლაშის ტერიტორიაზე სხვადასხვა რჯულის და მოდგმის ადმიანები ცხოვრობენ. ერთ-ერთი მათგანია
ჩვენი ზურიკოც, სწორედ ის ობოლი, ლოთი მამის შვილი, რომელიც დილიდან დაღამებამდე ტბის ნაპირზე საქონელს მწყემსავდა. ზურიკო უკვე თექვსმეტი წლის იყო, მაგრამ თავის ხელობას ვერა და ვერ მოეშვა. სკოლის ცოდნას სხვადასხვა ნათხოვარი წიგნებით ივსებდა. ძალიან რელიგიური და პატიოსანი ბიჭი იყო. ჰქონდა განუსაზღვრელი ფანტაზია და ოცნებობდა ისეთ ქვეყანაზე სადაც ყველა თანასწორი იქნებოდა. უყვარდა თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები და წარმოსახვაში კამელოტის მეფეს ,,არტურას” ბაძავდა.
დილით გოგოსთან ერთად გველსაც გაეღვიძება.
- აკი მეუბნებოდი შენნაირები არ არსებობენო, მაშ ეს რა არის? - ის ტანისამოსზე მიანიშნებს.
- შენნაირები არსებობდნენ, მაგრამ დღესდღეობით აღარ არსებობენ.
- ნუ მატყუებ, მაშ ის კუდიანი არსებები ვინებია? ან რას მღერიან ან ვის უმღერიან?
- ისინი ქვეყნის მომავალს უმღერიან.
- ქვეყნის? - გაიკვირვებს გოგო. - ნუ ტყუი შენ არ მასწავლე აზრების კითხვა. გინდა ნუ მეტყვი, შენ რომ იგონებდი იმ დროს, როცა ამ კაბის პატრონს მსხვერპლად წირავდნენ მე თვალნათლივ დავინახე ყველაფერი. ისიც ვიგრძენი შეჭმას როგორ მიპირებდი, მე კი დედად გთვლიდი.
- კარგი, კარგი, ყველაფერს გეტყვი, პატარა აღარ ხარ ადრე თუ გვიან ყველაფერს მაინც გაიგებ. შენნაირები გადაშენდნენ, დარჩნენ მხოლოდ სირინოზები.
- მეც მინდა მათნაირი კუდი.
- ნუ მაწყვეტინებ! - თვალები გადმოკარკლა გველმა.
- შენნაირები აღარ არსებობენ მაგრამ ტბა მაინც მოითხოვს შესაწირს. წელი არ გავა რომ ადამიანი არ იმსხვერპლოს. ამიტომაც ეძახიან ცოდვიანს. მე რა ერთი უბრალო განძის მცველი ვარ, ეს არის და ეს. ადრე თუ თვითონ მოჰყავდათ მსხვერპლი, ახლა დანაკლის ტბა თვითონ ივსებს.
- ისევ მატყუებ. თუ ჩემნაირები არ არსებობენ ვის იწირავს, ვინ განაგებს ამ ყველაფერს?
- ტბა - მოკლედ მოუჭრა გველმა.
- ტბა როგორ განაგებს? ის ხომ წყალია და მეტი არაფერი?
- გაზრდილა ჩემი გოგო. ტბა ხომ სულიერი არსებაა. მას შეუძლია ყველანაირი ფორმა მიიღოს.