ლიბერალიზმი ახალ ათასწლეულში
პატარა ქალაქ ელ ბორგეში, ესპანურ პროვინცია მალაგაში რომ მდებარეობს, რამდენიმე ხნის წინ ქალაქის საბჭომ საკუთარ ათასკაციან მოსახლეობას პლებისციტი შესთავაზა. მოქალაქეებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ორ ალტერნატივას – ჰუმანიზმსა და ნეოლიბერალიზმს – შორის. 515 ხმა ჰუმანიზმს ერგო, 4 – ლიბერალიზმს. მას შემდეგ არ შემიწყვეტია იმ ოთხ ხმაზე ფიქრი. რთული დილემის პირისპირ მდგარ მამაც მუშკეტერებს არ შეეშინდათ ჰუმანიზმის წინააღმდეგ წასვლა და საშიში საფრთხობელის – ნეოლიბერლიზმის მხარეს დადგომა. ნეტავ ეს რამდენიმე ხმა ოთხ მასხარას ეკუთვნოდა თუ ოთხ ბრძენს? ნეტავ, ეს ხმები ხუმრობა იყო თუ გონიერების ერთადერთი ნიშანი ამ უცნაურ პლებისციტში?
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩიაპას შტატში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ, კომენდანტე მარკოსის ხელმძღვანელობით, ვინც დასავლურმა მედიამ ყალბი პოლიტიკური თამაშების შემდეგ ახალ გმირად შერაცხა. მონაწილეთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჰოლივუდიდან, ძველი ჰოლისტი ( ჩემი მეგობარი რეგის დებრე), დანიელა მიტერანი, პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მარადიული ქვრივი, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად სოციალისტური კურთხევაც გასცა.
ეს თითქოს საგულისხმო ეპიზოდებია, მაგრამ არ იქნებოდა სწორი, ისინი აღგვეწერა, როგორც ადამიანური იდიოტიზმის ერთი უმნიშვნელო დადასტურება. სინამდვილეში, ეს ფართოდ გაშლილი პოლიტიკური და იდეოლოგიური მოძრაობის უკიდურესი გამოვლინებაა, რომელიც მყარადაა ფესვგადგმული მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტული წრეების ზოგიერთ ნაწილში, ვისაც კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის გზის, თავისუფლების პრინციპის მიმართ ღრმა უნდობლობა აერთიანებთ. მათი შიშები ახალ საფრთხობელაში გაერთიანდა, რომელსაც ”ნეოლიბერალიზმი” დაარქვეს. სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების ენაზე ეს ”ერთადერთი იდეოლოგიაა”, რომელსაც ყველა უკან მოტოვებულ და ახალ პრობლემას აბრალებენ.
პარიზის, ჰარვარდისა და მეხიკოს უნივესიტეტების ჭკუისკოლოფი პროფესორები გამწარებულები ამტკიცებენ, რომ თავისუფალი ბაზარი მდიდრებს უფრო ამდიდრებს, ხოლო ღარიბებს კიდევ უფრო აღარიბებსო. ისინი გვარწმუნებენ, რომ ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია მხოლოდ მსხვილი კორპორაციებისთვისაა ხელსაყრელი, რადგან უფლებას აძლევს მათ განვითარებადი ქვეყნები მოახრჩონ და პლანეტის ეკოლოგია გაანადგურონ. არც არის გასაკვირი, რომ ელ-ბორგესა და ჩიაპასის მწირად ინფორმირებული მცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან – კაცობრიობის ნამდვილი მტერი, ყველა უბედურების სათავე, რომელსაც მოაქვს ტანჯვა, სიღარიბე, ექსპლუატაცია, დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების შემლახველი უამრავი დანაშაული, რასაც ხუთ კონტინენტზე მილიონობით ადამიანის წინააღმდეგ სჩადიან, სხვა არაფერია, თუ არა საშინელი, გამანადგურებელი ძალა, რომელიც ”ნეოლიბერალიზმის” სახელით არის ცნობილი. პირველად არ ხდება კაცობრიობის ისტორიაში, რომ ის, რასაც კარლ მარქსმა ”ფეტიში” დაარქვა – გარკვეული მიზნების სამსახურში ჩამდგარი ხელოვნური კონსტრუქცია – სტაბილურობის ელემენტს იძენს და ჩვენი ცხოვრების დამახინჯებას იწყებს, ზუსტად ისე, როგორც ჯინი, რომელიც ალადინმა დაუფიქრებლად ამოუშვა ჯადოსნური ლამპრიდან.
მე თავს ლიბერალად მივიჩნევ. ბევრ ლიბერალს ვიცნობ, თუმცა ჩემს ნაცნობთა შორის გაცილებით უფრო მეტია ისეთი, ვინც თავს ლიბერალად არ თვლის. მაგრამ არცთუ ისე ხანმოკლე კარიერის მანძილზე არ მრგებია პატივი ნეოლიბერალი გამეცნო. საერთოდ, ვინ არის ნეოლიბერალი? რის წინააღმდეგ გამოდის? მარქსიზმისა და აგრეთვე ფაშიზმის სხვადასხვა ნაირსახეობებისგან განსხვავებით ნამდვილი ლიბერალიზმი დოგმა არ არის, არ არის ჩაკეტილი და თვითკმარი იდეოლოგია, რომელსაც სოციალურ საკითხებზე მზა პასუხები აქვს. ლიბერალიზმი სავარაუდოდ თეორიაა, რომელიც იმის გარდა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებების დაცვის ძირითად პრინციპებს (ანუ დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზარს) მარტივად და მკაფიოდ აერთიანებს, საკუთარ თავში უამრავ მიმდინარეობას და მიმართულებას მოიცავს. მაგრამ ის, რაც არასდროს მოიაზრებოდა ამ ცნების ქვეშ და არც მომავალში განიხილება, კარიკატურაა, რომელსაც მტრები ტერმინ ”ნეოლიბერალიზის” სახელით გვაჩეჩებენ.
წინდებულ ”ნეოს” გამოყენება ხშირად ბადებს რაღაც არანამდვილის, ყალბის განცდას, თითქოს ისეთ ადამიანზეა საუბარი, ვინც წრეშია ჩაკეტილი და თანაც აუტსაიდერია, ძნელადაღსაქმელი ჰიბრიდია, ადამიანი-ფიქციაა, რომელიც არცერთ მხარეს არ დგას, არა აქვს გარკვეული თვალსაზრისი და ა. შ. ვიღაცას ”ნეოლიბერალი” რომ დავარქვათ, არაფრითაა იმაზე უკეთესი, მისთვის ”ნახევრადლიბერალი” ან ფსევდოლიბერალი რომ გვეწოდებინა. ან თავისუფლების მომხრე ხარ, ან -მოწინააღმდეგე. არ შეიძლება ნახევრად იყო მომხრე, ან ფსევდოთავისუფლების მომხრე იყო, ისევე, როგორც არ შეიძლება იყო ნახევრადფეხმძიმე, ნახევრადცოცხალი ან ნახევრადმკვდარი. ეს ტერმინი იმიტომ კი არ მოიფიქრეს, რომ კონცეპტუალური სინამდვილე აღენიშნათ, არამედ უფრო იმიტომ, რომ ის მათ ხელში დაცინვის დამანგრეველ იარაღად ქცეულიყო, რათა ლიბერალიზმის თეორია სემენტიკურ უაზრობად ექციათ. ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად სწორედ ლიბერალიზმი, და არა რომელიმე სხვა დოქტრინა, განასახირებს იმ არნახულ წარმატებებს, რომელსაც თავისუფლებამ კაცობრიობის ისტორიის გრძელ გზაზე მიაღწია.
ლიბერალიზმის მიღწევებზე სიხარულითა და კმაყოფილებით უნდა ვისაუბროთ, ოღონდ – ტრიუმფალური ოდების გარეშე. უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად მიღწეულის უდიდესი მნიშვნელობისა, ის, რაც გველოდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. თანაც, რადგანაც კაობრიობის ისტორიაში არაფერია წინასწარგანსაზღვრული და სამუდამო, ამ სფეროშიც, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე თავისუფლების იდეების გავრცელებით მიღწეული პროგრესიც შეიძლება უკან შემოგვიბრუნდეს. თუკი ვერ შევძლებთ თავისუფლების კულტურის დაცვას, ის დაეცემა, და თავისუფალი საზოგადოება ავტორიტარული კოლექტივიზმისა და ტრაიბოლიზმის ძალების ზეწოლის ქვეშ მოექცევა. ამ ძალებმა ნაციონალიზმისა და რელიგიური ფანატიზმის ნიღაბი მოირგეს, კომუნიზმი ჩაანაცვლეს და დემოკრატიის ყველაზე საშიშ მტრებად იქცნენ.
ლიბერალის თვალსაზრისით, ამ საუკუნის ყველაზე დიდ გამარჯვებად ლიბერალურ ღირებულებებზე ტოტალიტარული რეჟიმების მხრიდან მიტანილი იერიშის მოგერიებაა. ფაშიზმი და კომუნიზმი დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობას რიგრიგობით უქმნიდნენ საფრთხეს. ძალადობის ბნელი ისტორია და ადამიანის უფლებებისა და გონიერების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები დღეს უკვე წარულს ჩაბარდა და არაფერი მიგვანიშნებს, რომ ის ახლო მომავალში ფერფლიდან აღდგება. ცხადია, მოგონებები ფაშიზმზე მსოფლიოში ცოცხალია. დროდადრო ულტრანაციონალისტური და რასისტული პარტიები, ისეთები, როგორიც ჟან-მარი ლე პენის ფრანგული ნაციონალური ფრონტი ან ავსტრიაში იორგ ჰაიდერის ლიბერალური პარტიაა, ამომრჩევლების შემაშფოთებლად დიდ რაოდენობას მიიმხრობენ ხოლმე. აგრეთვე, დღესაც შეიძლება შეგვხვდეს ნამდვილ ანაქრონიზმად ქცეული გიგანტური მარქსისტული არქიპელაგის ნამსხვრევები, უკვე მინავლებული მოჩვენებების სახით – კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში. თუმცა ფაშიზმისა და კომუნიზმის ეს ნამსხვრევები სერიოზულ ალტერნატივას, და მით უმეტეს, მნიშვნელოვან საფრთხეს აღარ წარმოადგენს დემოკრატიული გზისთვის.
მართლაც, დიქტატურების რაოდენობა მსოფლიოში კვლავაც დიდია. თუმცა უდიდესი ტოტალიტარული იმპერიებისგან განსხვავებით, მათ მესიანური იდეები აღარ აქვთ და მსოფლიოს გარდაქმნას აღარ ისახავენ მიზნად. ძალიან ბევრი მათგანი, ჩინეთის ჩათვლით, ცდილობენ ერთპარტიული სახელმწიფო პოლიტიკა საბაზრო თავისუფლებას და კერძო მეწარმეობას შეუთავსონ. აფრიკისა და აზიის ბევრ ნაწილში, განსაკუთრებით, ისლამურ ქვეყნებში ხელისუფლებაში ფუნდამენტალისტების დიქტატორული რეჟიმები მოვიდა, რომლებმაც საზოგადოება ბარბაროსული პრიმიტივიზმის ეპოქაში გადაისროლეს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქალთა უფლებები, განათლება, ძირითადი სამოქალაქო და მორალური უფლებების შესახებ ინფორმაცია. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს მუქარა, რომელიც ისეთი სახელმწიფოებისგან მოდის, როგორებიც ლიბია, ავღანეთი, სუდანი ან ირანია, ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს თავისუფლების კულტურისთვის, რადგანაც იდეოლოგიის ჩამორჩენილობა ამ რეჟიმებს ახალი დროის შეჯიბრში დამარცხებას უქადის, შეჯიბრში, სადაც პირველობას ჯერჯერობით ლიბერალური ქვეყნები ინარჩუნებენ.
მიუხედავად უდრეკი დიქტატურების სევდისმომგვრელი გეოგრაფიისა, ლებერალებს შეუძლიათ გასული ათწლეულის ბევრი მიღწევით იამაყონ. თავისუფლების კულტურამ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია ცენტრალური და დასავლეთ ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის დიდ რეგიონებში. ლათინურ ამერიკაშიც, პირველად ისტორიის მანძილზე, თითქმის ყველა ქვეყანას სამოქალაქო, ასე თუ ისე დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობები მართავს. (გამონაკლისია კუბა, ”ღია” დიქტატურა და პერუ – ”მსუბუქი” დიქტატურა). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს დემოკრატიული ქვეყნები დღეს, ხანდახან დიდი ენთუზიაზმის გარეშე და ხშირად – მოუხერხებლად – საბაზრო რეფორმებს, ან ისეთ ცვლილებებს ატარებენ, რომლებიც უფრო ახლოსაა ბაზარზე ორიენტირებულ პოლიტიკასთან, ვიდრე ინტერვენციულ და ნაციონალიზირებულ პოპულიზმთან, რაც რეგიონის უმეტესი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
შეიძლება, ლათინურ ამერიკაში ყველაზე მეტად შესამჩნევი ცვლილება არა რაოდენობრივ, არამედ, თვისებრივ ხასიათს ატარებდეს. და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც შეიძლება შეხვდეთ ინტელექტუალებს, რომლებიც კოლექტვისტური სისტემის დანგრევის გამო უმუშევრები დარჩნენ და ნეოლიბერალიზმის შესახებ უკიდურესად ნეგატიურად საუბრობენ, მათი კრიტიკა, როგორც წესი, ყურადღების გარეშე რჩება. დღეს ლათინური ამერიკის ერთი ბოლოდან მეორემდე იმარჯვებს საერთო აზრი იმის შესახებ, რომ მმართველობის დემოკრატიული სისტემა დიქტატურისა და კოლექტივისტური უტოპიების საუკეთესო ალტერნატივაა. თუმცა ეს კონსენსუსი ხშირად არ ვრცელდება ეკონომიკურ სფეროზე, ლათინურამერიკული ხელისუფლებები ლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას მაინც საკმარის პატივს მიაგებენ. თანაც ჩანს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ბოლომდე ვერ უტყდება საკუთარ თავს, ზოგი კი – თვალთმაქცობს და ნამდვილ პოლიტიკას ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ მიმართული მძვინვარე ტირადების უკან ფარავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ერთადერთ ალტერნატივად კომპანიების პრივატიზაცია, ფასების ლიბერალიზაცია, ბაზრის გათავისუფლება, ინფლაციის გაკონტროლების მცდელობა და საერთაშორისო საბაზრო სისტემაში ინტეგრაცია რჩებათ. მათ მოუწიათ გაეცნობიერებინათ (თუმცა ეს ძალიან გაუჭირდათ), რომ თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალურ მოდელზე უარის თქმა თვითმკვლელობას ნიშნავს. ანდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა თავს სიღარიბის, კრახისა და დაშლისათვის იმეტებს. ბევრმა მემარცხენე ლათონურამერიკელმა ლიდერმა გაიარა გზა ეკონომიკური თავისუფლების კატეგორიული არმიღებიდან ვაცლავ ჰაველის ბრძნული სიტყვებამდე:
”თუმცა ჩემი გული ცენტრიდან ”მარცხნივ” დევს, ყოველთვის მესმოდა, რომ ერთადერთი მოქმედი ეკონომიკური სისტემა – საბაზრო ეკონომიკაა. …ეს ერთადერთი რაციონალური ეკონომიკური მოდელია, რომელსაც განვითარებისკენ მივყავართ, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია ცხოვრების ბუნების ასახვა”.
პროგრესის ეს ნიშნები მნიშვნელოვანია და ლიბერალურ თეზისებს ისტორიულად ასაბუთებს. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს თვითკმაყოფილებას, რადგანაც ლიბერალების ერთი იშვიათი მოუნანიებელი შეცდომა ისტორიული დეტერმინიზმის უარყოფაა. ისტორია წინასწარ არ დაწერილა და განვითარების ალტერნატიულ ვარიანტებს არ გამორიცხავს. ისტორია ადამიანის ხელით იქმნება, ამიტომაც ადამიანებს შეუძლიათ ის სწორი გზით წარმართონ – პროგრესისკენ და ცივილიზაციისკენ; ან დაუშვან უდიდესი შეცდომა და მოსაზრებების ან აპათიისა და შიშის გამო ის ანარქიის – სიღატაკის, დეგრადაციის და ბარბაროსობის გზას გაუყენონ. შესაბამისად, დემოკრატიულ კულტურას შეუძლია ისევე დაიპყროს ახალი ტერიტორიები და განამტკიცოს თავისი მიღწევები, როგორც შეუძლია დაკარგოს გავლენა და ნელ-ნელა გაქრეს, როგორც ბალზაკისეული შაგრენის ტყავის თილისმა. მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული – ჩვენს იდეებზე, ჩვენს არჩევანსა და იმათ გადაწყვეტილებებზე, ვისაც ხელისუფლებაში ავირჩევთ.
ლიბერალებისთვის ისტორიაში თავისუფლების როლისთვის ბრძოლა უპირველეს ყოვლისა ინტელექტუალური შერკინებაა, იდეების შერკინება. მოკავშირეებმა ომში გაიმარჯვეს ჰიტლერულ კოალიციაზე და ამ საბრძოლო გამარჯვებამ მხოლოდ დაამტკიცა იმ სისტემის აღმატებულება, სადაც საზოგადოება და ადამიანის ადგილი ამ საზოგადოებაში განიხილება როგორც ფართო, ჰორიზონტალური, პლურალისტური და დემოკრატიული; და არა როგორც – შეზღუდული, ვიწრო, რასისტული, დისკრიმინაციული და ვერტიკალური. საბჭოთა იმპერიის დაცემამ ევროპული ქვეყნების თვალწინ დაამტკიცა ადამ სმიტის, ალექსის დე ტოკვილის, კარლ პროპერისა და ისაია ბერლინის არგუმენტების სიმართლე ღია საზოგადოების და თავისუფალი ეკონომიკის შესახებ, და ასევე – კარლ მარქსის, ვ. ლენინისა და მაო ძე დუნის თეორიის უსუსურობა, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ისტორიული განვითარების კანონები ამოიცნეს და პროლეტარიატის დიქტატურისა და ცენტრალური ეკონომიკური დაგეგმვის სისტემა სწორად განახორციელეს. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ დასავლეთმა კომუნიზმზე მაშინ გაიმარჯვა, როდესაც თვითონ დასავლური საზოგადოება არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებოდა: უსახური დემოკრატია თითქოს ვერ ახერხებდა გაჯიბრებოდა კომუნისტური მსოფლიოს არაკლასობრივი საზოგადოების მომხიბვლელ მიმზიდველობას.
ბრძოლა, რომელსაც დღევანდელი ლიბერალები აწარმოებენ, შეიძლება აღარაა ისეთი მძიმე, როგორიც მათი წინამორბედებისთვის იყო. მაშინ ცენტრალურ დაგეგმვას და მართულ ეკონომიკას, პოლიციურ სახელმწიფოებს და ერთპარტიულ რეჟიმებს კბილებამდე შეირაღებული იმპერია უჭერდა მხარს. და ასევე – დემოკრატიის ცენტრებში ე.წ. ”მეხუთე კოლონის”, სოციალისტური იდეებით ცდუნებული ინტელექტუალების, მიერ კარგად წარმოებული პიარკამპანია.
დღეს გვიწევს ბრძოლა არა ტოტალიტარიზმის ისეთ უდიდეს იდეოლოგებთან, როგორიც კარლ მარქსი იყო, ან ჯონ მეინარდ კეინზის მსგავს ბეჯით სოციალ-დამოკრატებთან, არამედ სტერეოტიპებისა და კარიკატურების წინააღმდეგ, რომელთა მიზანიც დემოკრატიულ ბანაკში ეჭვისა და არეულობის გაჩენაა. აქედან იღებს სათავეს ყველა ფრონტით შეტევა თავისებურ მონსტრზე, ”ნეოლიბერალიზმი” რომ უწოდეს. ბრძოლა მიმდინარეობს ახალი ტიპის სკეპტიკოსებთან – აპოკალიპტიკოსებთან. იმის მაგივრად, რომ თავისუფლების კულტურის წინააღმდეგ გამოვიდნენ, როგორც გეორგ ლუკაჩი, ანტონიო გრამში და ჟან-პოლ სარტრი იქცეოდნენ, აპოკალიპტიკოსები, უბრალოდ, უარყოფენ დემოკრატიის არსებობას და გვარწმუნებენ, რომ საქმე წმინდა წყლის ფიქციასთან გვაქვს, რომელის უკანაც დესპოტიზმის ბოროტი აჩრდილი იმალება.
ამგვარ მოაზროვნეთა შორის განსაკუთრებით რობერტ კაპლანს გამოვყოფდი. თავის პროვოკაციულ ესეიში ის ამტკიცებს, რომ დემოკრატიის ოპტიმისტური მომავლის ნაცვლად, კაცობრიობა, სინამდვილეში ყოვლისმომცველი ავტორიტარიზმისაკენ მიექანება. ზოგან ღია ავტორიტარიზმი დამყარდა, ზოგან ის სამოქალაქო და ლიბერალური ინსტიტუტებითაა შენიღბული. კაპლანისთვის ეს ინსტიტუტები მხოლოდ ცარიელი დეკორაციებია. ნამდვილი ძალაუფლება ან უკვე არსებობს, ან ხელში ჩაუვარდებათ გიგანტურ საერთაშორისო კორპორაციებს, რომლებიც ტექნოლოგიებსა და კაპიტალს ფლობენ და თავიანთი ყველგანმყოფობითა და ექსტრატერიტორიულობის წყალობით თითქმის არ აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე. ”ვფიქრობ, დემოკრატია, რომლითაც ვცდილობთ მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებზე ვიმოქმედოთ, ახალი ფორმის ავტორიტარიზმის განუყოფელი ნაწილია; რომ დემოკრატია ამერიკაში ახლა ისეთი საფრთხის ქვეშაა, როგორც არასდროს, და ეს საფრთხე ჩვენთვის ცნობილი წყაროებიდან არ მოდის; და რომ მომავლის უამრავი რეჟიმი, განსაკუთრებით ამერიკაში, უფრო მეტად დაემსგავსება ძველბერძნულ და ათენურ ოლიგარქიებს, ვიდრე ვაშინგტონის დღევანდელ მმართველობას”. მისი ანალიზი განსაკუთებით კრიტიკულია იმ შესაძლებლობის მიმართ, რომ დემოკრატია განვითარებად ქვეყნებშიც შეიძლება სიცოცხლისუნარიანი იყოს.
კაპლანის მიხედვით, დასავლეთის ყველა მცდელობა დემოკრატია დაენერგათ იმ ქვეყნებში, რომელთაც დემოკრატიული ტრადიცია არ გააჩნიათ, კრახით დამთავრდა. ზოგიერთი მცდელობა კი საარაკოდ ძვირი დაჯდა. მაგალითად, ორმა მილიარდმა დოლარმა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ კამბოჯაში დახარჯა, ამ უძველეს სამეფოში სამართლებრივი ინსტიტუტების მშენებლობა სულაც არ დააჩქარა და თავისუფლების ხარისხი არ გაზარდა. დემოკრატიის აშენების ძალისხმევამ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სუდანი, ალჟირი, ავღანეთი, ბოსნია, სიერა-ლეონე, კონგო, მალი, რუსეთი, ალბანეთი და ჰაიტი გამოიწვია ქაოსი, ტერორიზმი და ისეთი დიქტატორული რეჟიმების აღორძინება, რომლებიც საკუთარი მოსახლეობის მიმართ ეთნიკურ წმენდას, რელიგიური უმცირესობების მიმართ კი – გენოციდს იყენებენ.
კაპლანი ასეთივე სიძულვილით უყურებს დემოკრატიზაციის პროცესს ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ჩილესა და პერუს გამოკლებით. კაპლანის აზრით, ამ ქვეყნების სტაბილურობას განსაზღვრავს ის, რომ ჩილეში ხელისუფლებაში დიდხანს იყო დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი, პერუში კი ალბარტო ფუხიმორიმ სამხედრო ხუნტის დახმარებით ”მსუბუქი” დიქტატურა დაამყარა. მათთან შედარებით, ის პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც კანონის უზენაესობას ემყარება, ვერ უზრუნველყოფენ სტაბილურობას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კოლუმბია, ვენესუელა, არგენტინა და ბრაზილია, სადაც, როგორც კაპლანი ფიქრობს, სამოქალაქო ინსტიტუტების სისუსტე და მოსახლეობის მეტისმეტი არათანაბარუფლებიანობა იწვევს ”მილიონობით ნაკლებადგანათლებული და ჯურღმულებიდან ქალაქებში ახალგადმოსახლებული მოსახლეობის უკმაყოფილებას, რომლებიც დასავლური საპარლამენტო სისტემების უპირატესობას ვერ ხედავენ”.
კაპლანი მინიშნებებსა და მეტაფორებზე დროს არ ხარჯავს. პირდაპირ და საკმაოდ მკაფიოდ აცხადებს იმას, რასაც ფიქრობს. ის თვლის, რომ დემოკრატია და განვითარებადი ქვეყნები შეუთავსებელი ცნებებია. ”სოციალურ სტაბილურობას საშუალო კლასი განსაზღვრავს. მაგრამ საშუალო კლასს დემოკრატია კი არა, ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის მონარქიაც, ქმნის”. მაგალითად მას აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ქვეყნები მოჰყავს (მთავარ მოდელებად ლი ქვან იუს დროინდელ ტაივანსა და პინოჩეტის დროინდელ ჩილეს მიიჩნევს). მართალია, არ ასახელებს, მაგრამ კიდევ ერთი კარგი მაგალითი ფრანკოსდროინდელი ესპანეთია. კაპლანის აზრით, თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები, რომელთაც საშუალო კლასის გაჩენა და შემდეგ დემოკრატიულ მართვის სისტემაზე გადასვლა შეუძლიათ, ”საბაზრო სოციალიზმის” ჩინეთი და ფუხომორის ჩილეა (სამხედრო დიქტატურა, რომელსაც მარიონეტული სამოქალაქო რეჟიმი მართავს). კაპლანის აზრით, ეს განვითარების მაგალითებია, სადაც ”სიღარიბიდან კეთილდღეობა” იქმნება. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნებისთვის კაპლანი არჩევანს არა ”დიქტატურასა და დემოკრატიას”, არამედ ”უარეს და უკეთეს დიქტატურას” შორის ხედავს. მისი აზრით, ”რუსეთი ნაწილობრივ იმიტომაც აგებს, რომ იქ დემოკრატიაა, ჩენეთი კი იმიტომაა წარმატებული, რომ იქ დემოკრატია არ არის”.
კაპლანის არგუმენტები აქ იმიტომ მომყავს, რომ მას ჰყოფნის გამბედაობა ისაუბროს იმაზე, რაზედაც ბევრი ფიქრობს, მაგრამ თქმას ვერ ბედავს ან მხოლოდ მინიშნებებით ლაპარაკობს. კაპლანის პესიმიზმი განვითარებად ქვეყნებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია, თუმცა არც განვითარებულ ქვეყნებზე ფიქრობს უკეთესად. როცა ასე თუ ისე წარმატებული დიქტატორული რეჟიმები საშუალო კლასს გააჩენს და ისინი საკუთარ ქვეყნებში დასავლური ტიპის დემოკრატიის აშენებას შეეცდებიან, მათ აჩრდილების დევნა მოუწევთ. დასავლურ დემოკრატიას შეცვლის სისტემა (მსგავსი იმისა, რაც ათენსა და სპარტაში იყო), სადაც თანამედროვე ოლიგარქიები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომელებიც დედამიწის ხუთივე კონტინენტზე მოქმედებენ, მთავრობებს წაართმევენ უფლებას საზოგადოების ან ინდივიდების სასარგებლოდ იმოქმედონ. ოლიგარქია არავის ემორჩილება, იმიტომ, რომ ის ძალაუფლებას არა არჩევნებით, არამედ, ტექნოლოგიების აკუმულირებისა და ეკონომიკური სიძლიერის გზით იღებს. და თუკი მკითხველი არ იცნობს სტატისტიკას, კაპლანი გვახსენებს, რომ მსოფლიოს 100 წამყვანი ეკონომიკიდან 51 ქვეყანა კი არა, მსხვილი კომპანიაა, და რომ მსოფლიო ვაჭრობის 70 პროცენტი მსოფლიოს 500 ყველაზე წარმატებულ კომპანიაზე მოდის.
ეს არგუმენტები ამოსავალი წერტილია ლიბერალური განვითარების თვალსაზრისისთვის ახალი ათასწლეულის დამდეგს. ლიბერალიზმის აზრით, ადამიანის მიერ თავისუფლების მიღწევა, იმის მიუხედავად, რომ მას თან ქაოსი ახლავს, კაცობრიობისთვის წარმოუდგენელი პროგრესის დასაწყისია მეცნიერების, ადამიანის უფლებების, ტექნოლოგიების სფეროებში და დესპოტიზმისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კაპლანის ყველაზე უსუსური არგუმენტი ისაა, რომ მხოლოდ დიქტატურას შეუძლია საშუალო კლასის წარმოქმნა და სახელმწიფოებში სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს რომ ასე იყოს, საშუალო კლასისთვის სამოთხე აშშ, დასავლეთ ევროპა, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია კი არ იქნებოდა, არამედ, მექსიკა, ბოლივია და პარაგვაი. ლათინური ამერიკის ისტორია სავსეა ტირანებითა და დესპოტებით. მაგალითად, მხოლოდ ერთმა ხუან დომინგო პერონმა თითქმის მთლიანად გაანადგურა არგენტინის საშუალო კლასი, რომელიც მის მოსვლამდე მრავალრიცხოვანი იყო, ვითარდებოდა და არგენტინას ევროპის ქვეყნების უმეტესობაზე სწრაფი ტემპებით განვითარების საშუალებას აძლევდა. ორმოცწლიანმა დიქტატურამ კუბა წინ ვერ წასწია, პირიქით, ქვეყანა საერთაშორისო ღატაკად აქცია. შიმშილით რომ არ დაიხოცნონ, კუბელები ბალახსა და ყვავილებს ჭამენ, მათი ქალები კი იძულებულნი არიან თავი კაპიტალისტური ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს მიჰყიდონ.
ცხადია, კაპლანს შეუძლია თქვას, რომ მას მხედველობაში არა აქვს ყველა დიქტატურა გამონაკლისის გარეშე, რომ ის მხოლოდ წარმატებულ დიქტატურებს გულისხმობს, ისეთებს, როგორებიცაა აზიური-წყნარი ოკეანის ქვეყნები, პინოჩეტის ჩილე და ფუხიმორის პერუ. უცნაურად დაემთხვა – მისი სტატია მაშინ წავიკითხე, როცა ინდონეზიაში თითქოს წარმატებული ავტოკრატია დამარცხდა, გენერალი სუხარტო იძულებული გახდა გადამდგარიყო, ხოლო ქვეყანა ღრმა კრიზისში აღმოჩნდა. რამდენიმე ხნის წინ კი, სანამ ეს მოხდებოდა, კორეისა და ტაილანდის ავტოკრატიული რეჟიმები დაემხო და განთქმულმა აზიურმა ვეფხვებმა ლეთაში შეცურეს. აღმოჩნდა, რომ საბაზრო დიქტატურები არ იყვნენ ისეთი წარმატებულები, როგორც კაპლანი ვარაუდობდა. ახლა ისინი მუხლმოდრეკილები დგანან საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის წინაშე, და ევედრებიან სრულ ფინანსურ კრახს გადაარჩინონ.
ეკონომიკური თვალსაზრისით გენერალ პინოჩეტის დიქტატურა განსაზღვრულ დრომდე წარმატებული იყო (თუკი ეფექტურობას მხოლოდ ინფლაციის ტემპით, ფისკალური დეფიციტით, ოფიციალური რეზერვით, ერთიანი შიდა პროდუქტის ზრდით გავზომავთ), წარმატებული იყო ფუხიმორის დიქტატურაც. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ პირობით წარმატებაზე ვსაუბრობთ. საკმარისია ღია საზოგადოების კომფორტი და დაცულობა (კაპლანის შემთხვევაში – აშშ) დავტოვოთ და ამ რეჟიმებს იმ ადამიანების თვალით შევხედოთ, რომლებმაც მათი რეპრესიები და დანაშაულებები გამოსცადეს, რომ ეს პირობითი წარმატებაც სადღაც ქრება. კაპლანისგან განსხვავებით, ჩვენ, ლიბერალები, არ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური პოპულიზმის მოსპობა ან ინფლაციის შეჩერება რაიმე პროგრესს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, თუკი, მაგალითად, მიუხედავად ფასების ლიბერალიზაციისა, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა, ხელისუფლება ადამიანებს აიძულებს შიშით იცხოვრონ. პროგრესის სახელით მოქალაქეების უფლების შეზღუდვა არ შეიძლება. პროგრესის სახელით არ შეიძლება მოქალაქეებს თავისუფალი პრესა ან დამოუკიდებელი სასამართლო წაართვა, მაშინ, როცა მათი უფლებები ირღვევა. პროგრესის სახელით არ შეიძლება ადამიანები აწამო, მათი ქონება გამოიყენო, მოიტაცო ან დახოცო ისინი მმართველთა ხუშტურების გამო. ლიბერალური დოქტრინის მიხედვით, პროგრესი ერთდროულად უნდა მოხდეს ეკონომიკაში, პოლიტიკასა და კულტურაში. სხვანაირად – ვერც პრაქტიკული და ვერც მორალური თვალსაზრისით პროგრესზე ვერ ვისაუბრებთ. ღია საზოგადოებები, სადაც ინფორმაცია დაუბრკოლებლად ვრცელდება და კანონი ბატონობს, უკეთაა დაცული კრიზისისაგან, ვიდრე დიქტატურები. ეს რამდენიმე წლის წინ კარგად გამოჩნდა მექსიკური ინსტიტუციონალური რევოლუციური პარტიის მაგალითზე და სულ ახლახან – ინდონეზიაში, გენერალ სუხარტოს მაგალითზე. კანონიერების არარსებობის მნიშვნელობა წყნარი ოკეანის დიქტატორულ სახელმწიფოებში ამ კრიზისის დროს ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის.
რამდენ წარმატებულ დიქტატურას ვიცნობთ? რამდენ წარუმატებელს? რამდენი დიქტატურაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მათი ქვეყნები ცივილიზაციამდელ ველურობამდე დაეშვნენ, როგორც, მაგალითად, დღევანდელ ალჟირსა და ავღანეთში? დიქტატურების დიდი უმეტესობა უკიდურესად წარუმატებელია, წარმატებულები – გამონაკლისია. არ გეჩვენებათ, რომ დიდ რისკს წევთ, როცა იმ დიქტატორული რეჟიმის რეცეპტს ეძებთ, რომელსაც შეუძლია განვითარებას მიაღწიოს იმის იმედით, რომ ის წარმატებული იქნება, პასუხს აგებს დემოკრატიაზე გადასვლაზე და არა – პირიქით? ნუთუ არ არსებობს ნაკლებად რისკიანი და სასტიკი გზები ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად? ეს გზები არსებობს, მაგრამ ისეთ ადამიანებს, როგორიც რობერტ კაპლანია, არ სურთ მათი დანახვა.
იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატია ვითარდება, ლიბერალური ტრადიციის მრავალწლიანი ისტორია ყოველთვის როდი ჰქონდათ. ბევრ თანამედროვე დემოკრატიაში ამგვარი ტრადიცია მანამ არ არსებობდა, სანამ ელდებითა და წარუმატებლობით გადაღლილმა საზოგადოებამ არჩევანი თავისუფლების კულტურის სასარგებლოდ არ გააკეთა და ამ მიმართულებით სვლა არ დაიწყო, არ დახვეწა და არ გაითვისა ის. დემოკრატიზაციის პროცესში საერთაშორისო ზეწოლა და დახმარება მხოლოდ პირველადი დახმარება შეიძლება იყოს, როგორც ეს იაპონიასა და გერმანიაში მოხდა, სადაც ისევე, როგორც ლათინურ ამერიკაში, ძლიერი დემოკრატიული ტრადიცია არ არსებობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოკლე დროში ეს ქვეყნები მსოფლიოს წამყვან დემოკრატიებად იქცა. მაშინ რატომ ხდება, რომ განვითარებადი ქვეყნები (ან რუსეთი) ვერ ახერხებენ ავტორიტარული ტრადიციისგან გათავისუფლებას? რატომ არ შეუძლიათ მათ, იაპონელებისა და გერმანელების მსგავსად თავისუფლების კულტურის ათვისება?
მიუხედავად იმ პესიმისტური დასკვნებისა, რომელსაც კაპლანი აკეთებს, გლობალიზაცია არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს დამოკრატიულ ქვეყნებს – განსაკუთრებით ამერიკისა და ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს – შეიტანონ საკუთარი წვლილი შემწყნარებლობის, პლურალიზმის, კანონიერებისა და მსოფლიოში თავისუფლების განვითარებაში. თავისუფლების არეალის გაფართოება მხოლოდ შემდეგი პირობებით არის შესაძლებელი:
ა) ჩვენ მტკიცედ უნდა გვჯეროდეს თავისუფლების კულტურის უპირატესობისა იმ ტრადიციებთან შედარებით, რომლებიც კანონიერად აცხადებენ ფანატიზმს, შეუწყნარებლობასა და რასიზმს, ასევე რელიგიურ, პოლიტიკურ და სექსუალურ ნიადაგზე დისკრიმინაციას.
ბ) ჩვენი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა ისე უნდა ვაწარმოოთ, რომ, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიული ტრადიციების განმტკიცებას და ამავე დროს ავტომატურად დავსაჯოთ ისეთი პოლიტიკური რეჟიმები, როგორებიც, მაგალითად, პერუსა და ჩინეთშია, სადაც ეკონომიკა ლიბერალურია, მაგრამ პოლიტიკაში დიქტატურაა შენარჩუნებული.
სამწუხაროდ, დემოკრატიის სასარგებლოდ წარმოებული დისკრიმინაცია, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინათ წარმატება მოუტანა ისეთ ქვეყნებს, როგორიც გერმანია, იტალია და იაპონიაა, დღეს დემოკრატიული ბანაკის მიერ განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში აღარ გამოიყენება. როცა ასეთი მიდგომა გამოიყენეს, მაგალითად, კუბის მიმართ, ეს სანახევროდ და საკმაოდ თვალთმაქცურად გააკეთეს.
ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად წინწასულ დემოკრატიებს ყველა მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ მტკიცედ და პრინციპულად დაიცვან დემოკრატია. ერთ-ერთი მიზეზი ის ახალი საშიშროებაცაა, რომელსაც კაპლანი თავის ესეიში ახსენებს. კაპლანი მომავალში არადემოკრატიული მსოფლიო მმართველობის წარმოშობას წინასწარმეტყველებს, რომელიც ყოვლისშემძლე ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ იქნება მართული, მსოფლიოს ყველა ნაწილში რომ აქვთ ბიზნესი. მომავალი კატასტროფის აჩრდილი რეალურ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ საფრთხეზე მიგვანიშნებს. ეკონომიკური საზღვრების გაქრობა და გლობალური ბაზრის გავრცელება ხელს უწყობს კომპანიების შერწყმასა და თანამშრომლობას იმისდა მიუხედავად, რომ ისინი წარმოების ყველა სფეროში ცდილობენ ერთმანეთს ეფექტური კონკურენცია გაუწიონ.
გიგანტური კორპორაციების წარმოშობა დემოკრატიისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, დემოკრატია მანამ არის, სანამ სამართლიანი კანონები და ძლიერი ხელისუფლებები არსებობს (”ძლიერ” ხელისულფებაში ლიბერალი ”შეზღუდულ და ეფექტურ” ხელისუფლებას გულისხმობს). საბაზრო ეკონომიკაში, რომელიც კონკურენციისთვის ღიაა, დიდ კორპორაციას მომხმარებლისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს, რადგანაც წარმოების მასშტაბებზე ეკონომიას წევს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ფასები დაწიოს და შეთავაზებული მომსახურება გაამრავალფეროვნოს. საფრთხე კომპანიის სიდიდე კი არ არის, არამედ მონოპოლია, რომელიც ყოველთვის კორუფციისა და არაეფექტუროების სათავეა. სანამ არსებობს დემოკრატიული მმართველობები, რაც კანონის პატივისცემას უზრუნველყოფს და კანონის წინაშე პასუხისმგებლობას ყველას აკისრებს, მათ შორის ბილ გეიტსსაც, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. სანამ დემოკრატიული ხელისუფლებები უზრუნველყოფენ ბაზრის არსებობას, რომელიც მონოპოლიზებული კი არ არის, არამედ ღიაა კონკურენციისთვის, დიდი კორპორაციები საშიშროებას არ წარმოადგენს. პირიქით, ტრანსნაციონალური კორპორაციები ხშირად ხელს უწყობენ საზოგადოებრივ პროგრესს იმით, რომ სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სათავეებთან დგანან.
კაპიტალისტურ ფირმას ქამელეონის ბუნება აქვს. დემოკრატიულ ქვეყანაში ის ძალიან სასარგებლო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებას და პროგრესს ემსახურება. მაგრამ იქ, სადაც კანონის უზენაესობა და საბაზრო თავისუფლება არ არსებობს და სადაც ყველაფერი ერთი რომელიმე მმართველის ან მმართველთა ჯგუფის აბსოლუტური ნებით წყდება, კაპიტალისტური ფირმა შეიძლება ბოროტების სათავედ იქცეს. კორპორაციები ადვილად ითავისებენ იქაურ თამაშის წესებს, სადაც მოქმედებენ. თუკი განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში ტრანსნაციონალური კორპორაციების მოქმედება შეიძლება უარყოფითად შეფასდეს, ეს მხოლოდ იმათი ბრალია, ვინც ეკონომიკური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თამაშის წესებს აკანონებს. არ შეიძლება ფირმები დავადანაშაულოთ იმაში, რომ ისინი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად ამ წესების შესაბამისად მოქმედებენ.
კაპლანი, აქედან გამომდინარე, პესიმისტურ დასკვნამდე მიდის. მისი აზრით, დემოკრატიას სავალალო მომავალი აქვს, რადგანაც მალე დიდი კორპორაციები აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში ისევე უკანონოდ მოიქცევიან, როგორც დღეს ნიგერიაში (აწგარდაცვლილ) პოლკოვნიკ აბაჩეს დროს მოქმედებენ.
სინამდვილეში, მსგავსი დასკვნის გასაკეთებლად ისტორიული და კონცეპტუალური მიზეზები არ არსებობს. პირიქით, აქედან სულ სხვა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: აუცილებელია, რომ დიქტატორული სახელმწიფოები რაც შეიძლება მალე დემოკრატიებად იქცნენ და შესაბამისი კანონმდებლობა მიიღონ, რაც კორპორაციებს მოსთხოვს ისევე ღირსეულად და სამართლიანად მოიქცნენ, როგორც – განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებენ. კანონიერებისა და თავისუფლების გლობალიზაციის გარეშე ეკონომიკური გლობალიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ცივილიზაციის მომავალს და განსაკუთრებით ჩვენი პლანეტის ეკოსისტემას.
უდიდეს სახელმწიფოებს მორალური პასუხისმგებლობა აკისრიათ – დაეხმარონ დემოკრატიზაციის პროცესს განვითარებად ქვეყნებში. მათ პრაქტიკული ვალდებულებაც აქვთ: საზღვრების გაქრობასთან ერთად, ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ეკონომიკური ძალები ყველა ადამიანს სიკეთეს მოუტანს, ის არის, რომ ეკონომიკური ცხოვრება მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და კონკურენციის ფარგლებში მოექცევა და დემოკრატიული საზოგადოების უფლებებითა და შეზღუდვებით იხელმძღვანელებს.
ეს ყველაფერი რთულია და ჩქარა არ მიიღწევა. მაგრამ ლიბერალებისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მიზანი, რომლისკენაც მივდივართ, მიღწევადია. ისეთი მსოფლიოს იდეა, რომელიც თავისუფლების კულტურის ირგვლივ გაერთიანდება, უტოპია კი არა, მშვენიერი და მიღწევადი რეალობაა, რომელიც ჩვენს ძალისხმევას გაამართლებს. როგორც ჩვენი დიდი მასწავლებელი კარლ პროპერი ამბობდა:
”ოპტიმიზმი – ჩვენი ვალია. მომავალი ღიაა. ის არ არის განსაზღვრული. არავის ძალუძს მისი წინასწარმეტყველება შემთხვევის გარდა. მის შექმნაში ყველანი ჩვენი ქმედებებით ვმონაწილეობთ. და მის ბედზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად გვეკისრება ”.