ვიიონი ფრანსუა
გაზიარება

ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე (მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი) 

რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმა
ფლორა, დიადი რომის მშვენება,
ან თაისი და არქიპიადე
სად გაიტაცეს დროის ცხენებმა;
ან მათი ექო, წყალს რომ მოჰქონდა,
და დაცემული ტბაზე ბინდები,
ან ის სინაზე და ჯადოქრობა?..
სად არის თოვლის შარშანწინდელი?

ან ელოიზა დრომ სად ისროლა,
რომლის მშვენებამ პიერ აბელარს
არგუნა ბედად საჭურისობა
და სიყვარულის სული შთაბერა;
ან დედოფალი სად გაქრა, რომლის
ნებით აქაფდა სენის ზვირთები
და ბურიდანი ისროლეს ტომრით?..
სად არის თოვლი შარშანწინდელი?

დედოფალ ბლანშზე რას იტყვით ნეტავ,
სადღაა მისი ხმა და მაისი.
ან დიდფეხება სად არის ბერტა,
ან არამბურჟის სახლი მაინზე;
ლორენის მკვიდრი სად არის, ჟანა,
რომ აგიზგიზდა მისი დიდების
ცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან...
სად არის თოვლი შარშანწინდელი?

ვერვინ წაუვა, პრინცო გარდუვალს,
ქრება ციმციმიც მარგალიტების
და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს:
სად არის თოვლი შარშანწინდელი?.

??????