ხელები ექსკლიუზივი
მე მახსოვს დედის დალეული, სუსტი ხელები
და ზედ ძარღვები, როგორც იის ლურჯი ფესვები:
ფერგალეული და მომტანი ბედნიერების,
დამდნარი, მაგრამ ჩემთვის თბილი, მოალერსენი.
მე ვიცნობ ხელებს, რომ არ ახსოვთ არასდროს მარცხი,
მათი ძარღვები მკაცრ ბრძოლებში რკინად ქცეულან...
მტერს მიკაფავდნენ, მილეწავდნენ მარჯვნივ და მარცხნივ,
ზევით კი შიშით არასდროს არ აწეულან.
მე ვიცნობ ხელებს, მუდამ მაღლა შუქაწეულებს,
გზას რომ იკვლევენ, იკაფავენ წყვდიად ღამეში...
მე ვიცნობ ხელებს, ქვეყნად შუქს და მზეს გაქცეულებს,
თხუნელებივით შებუდრულებს ხელთათმანებში.
მე ვიცნობ ხელებს, მზით და ქარით კანაქერცლილებს:
მესაჭეს, მჭედელს, მხსნელს და მთესველს, ხეს რომ აცურებს...
მე ვიცნობ ხელებს, გაცრეცილებს და ფერშეცვლილებს
და ღამეების თეთრად ტეხვით გადაქანცულებს.
მაგრამ ხელები, არ მინახავს მათი ხელები,
რომლებმაც შექმნეს მონავარდე თანამგზავრები,
გააპეს ნისლი, გადაკვეთეს ცისარტყელები
და რაკეტები ცას შეაბეს, როგორც ზარები.
მე არ მინახავს საოცარი ხელები მათი,
არ განმიცდია დიდი წუთი ბედნიერების,
მაგრამ მათ ხელებს, ვიცი, ახლავს მთესველი მადლი,
მეომრის ძარღვი და ალერსი დედის ხელების.