ოქროპირიძე უჩა
გაზიარება

საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი თანამედროვე თურქულ ისტორიოგრაფიაში ექსკლიუზივი

ბოლო პერიოდში შეინიშნება თურქი ისტორიკოსების და, საერთოდ, თურქული საზოგადოების გარკვეული ნაწილის დიდი დაინტერესება ქართული პრობლემატიკით, რაც მისასალმებელია და ახალ პერსპექტივას უქმნის ორი მეზობელი ხალხის მიერ ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი ჯანსაღი ინტერესის დაკმაყოფილებას, მაგრამ თანამედროვე პირობებში ეს ერთმანეთის თითქმის ხელახლა გაცნობისა და ურთიერთდაახლოების პროცესი უნდა ემყარებოდეს განვლილი ისტორიული მოვლენების ღრმად გააზრებულ და შინაარსობრივად მართებულ ხედვებს, რათა ეს ურთიერთობები თავიდანვე აიგოს ისეთ საძირკვლზე, სადაც სიყალბე და რაღაცის გამო მწვავე ისტორიული მოვლენების სასურველად წარმოჩენის მცდელობები გამორიცხული იქნება.
თუ გვსურს ღირსეული სამომავლო ურთიერთობანი, იგი უნდა აიგოს ორივე მხარის მიერ ღირსების გრძნობით გააზრებულ წარსულის ცოდნასა და ჩვენივე ღირსებების თუ ცდომილებების ამღიარებელ ისტორიულ ნაშრომებზე, სადაც გამორიცხული იქნება ვიღაცის უპირატესობის უპირობო მიღებაზე აგებული იმპერიული თვალთახედვა. ჩვენ თუ მართლა გვსურს ერთმანეთთან ჭეშმარიტი მეგობრობა, ასეთი მეგობრობის საძირკველი, უპირველეს ყოვლისა,  ჩვენი ხალხების ჭეშმარიტი ისტორიის აღიარებაა, სადაც დამპყრობელს დამპყრობელი ერქმევა, მჩაგვრელს-მჩაგვრელი, მოყვარეს-მოყვარე, მტერს-მტერი და ა. შ.
ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ “თავსა ახლად ვერვინ იშობს”, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის მომავლისათვის, ვალდებული ვართ დავივიწყოთ არც თუ სასიამოვნო წარსული, მაგრამ არა ტყუილებისა და ერთმანეთის კიდევ ერთხელ გაცუცურაკების ხარჯზე, არამედ ჩვენი ნამდვილად  ადამიანური შეცდომებისა და სისუსტეების აღიარებით, რომელიც გაბრწყინებული იქნება ჭეშმარიტი მონანიების მადლით.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულების ტენდენცია საერთოდ არ შეინიშნება თურქული საისტორიო სკოლის წარმომადგენელთა მიერ ამ ბოლო ხანს გამოქვეყნებულ ნაშრომებში, რომლებიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ისტორიის ახალსა და უახლეს პერიოდს ეხება.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი მოვლენები ძალიან ტენდენციურად არის გაშუქებული თურქი მკვლევარების,-ესინ დაის [ესინ დაი, ელვიე-I სელასე, (სამი სანჯაყი-ყარსი, ბათუმი, არტაანი), ახალციხე-ყარსი, სიმპოზიუმის შრომები, 2001, გვ. 89-99], ნურჰან აიდინს [ნურჰან აიდინი, ყარსის ხელშეკრულება და მისი ისტორიული მნიშვნელობა, დასახ. შრ., გვ.134-149], ენვერ ქონუქჩუს, [ენვერ ქონუქჩუ, აღმოსავლეთ  ანატოლიის უახლესი ისტორია, იქვე, გვ 53-59], ქამილ აღაჯანის [ქამილ აღაჯანი, ერთი ავტონომიის ანატომია, გაზ. “ახალი ერა”, 2002, 1,(177), 8, I] და სხვათა ნაშრომებში, რაც მათში განხილულ საკითხთა ჭეშმარიტ ისტორიულ არსს ვერაფერს სძენს. მაგრამ, რადგანაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (კერძოდ, აჭარის) გარშემო შექმნილი გარემოებანი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და მისი ისტორიული ტერიტორიების სუვერენული მფლობელობის უფლების პრობლემასთან, ამიტომაც აუცილებლად მივიჩნიეთ, აზრი გამოგვეთქვა ზოგიერთ ამ საკითხზე.
ამ თვალსაზრისით საყურადღებოა თურქი პროფესორი ესინ დაი, რომელიც თავის ნაშრომს, “ელვიე-ი სელასე, სამი სანჯაყი (ყარსი, ბათუმი, არტაანი) ასე იწყებს: “ელვიეი სელასე ყარსის, არტაანის და ბათუმის სანჯაყების შესახებ გამოყენებული ძველი ტერმინია”...შემდეგ კი იქვე განაგრძობს,-`1878 წლის სან  სტეფანოს ზავის მე-19 მუხლის მიხედვით ნახსენები, მილიარდ ოთხასი მილიონ რუბლად შეფასებული ელვიე-ი სელასე, ანუ ბათუმის, ყარსისა და არტაანის, მათთან ერთად ბაიაზეთის სანჯაყი კონტრიბუციის სახით რუსეთის ხელში გადადიოდა. (ესინ დაი, 90)
პირველ რიგში, რადგან პატივცემული ავტორი ამ ტერმინის (ელვიე-ი სელასე) სიძველეზე ლაპარაკობს, ეტყობა ამით მას სურს აღნიშნული ტერიტორიების თითქოსდა ოსმალურ წარმოშობაზე მითითება. ასეთ შემთხვევაში, უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ღრმად პატივცემული ავტორი დაინტერესებულიყო მაინც, რომ ხომ არ არსებობდა ამ ე. წ. სანჯაყების შესახებ გამოყენებული უფრო ძველი სახელები, რომლებიც ზუსტად მიუთითებდნენ მის ისტორიულ ფესვებზე,-რის გაკეთებაც მისი პროფილის მეცნიერისათვის სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს, და მეორეც,-როცა აღნიშნული თემების ოსმსლეთის მიერ რუსეთზე კონტრიბუციის სახით გადაცემაზე საუბრობენ, თურქ ავტორებს არ უნდა დაავიწყდეთ ისიც, რომ ამ ისტყორიულად ქართული მიწების (ვგულისხმობ მხოლოდ სამუსლიმანო საქართველოს აჭარითურთ) დაპყრობისას თვით ოსმალეთი რა პრინციპით ხელმძღვანელობდა?!. კონტრიბუციის სახით მიითვისა საქართველოს ისტორიული სანახები, თუ დამპყრობლის უფლებით?!. ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, გრძნობდა თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას მისი საუკუნოვანი მონობის გამო, როდესაც ისევ სცადა და კვლავ მისატაცებლად წაეპოტინა საქართველოს მიწა-წყალს? (რაც მოახერხა კიდეც იმავე რუსეთ¬თან შესაშურ ტანდემში, რომელსაც თითქოს კონტრიბუციის სახით მიღებულ მიწებს აყვედრის. - უ. ო. )
ესენ დაის ეს სრულებითაც არ აწუხებს. პირიქით, ცდილობს ამ ტერიტორიათა მიმართ ოსმალთა მტაცებლური მადა გაამართლოს და აღნიშნულ რეგიონში "ეროვნული ორგანიზაციების” გააქტიურებაზე საუბრობს: "ოსმალეთმა ომის შედეგად დაკარგული ნახსენები ტერიტორიები არ დაივიწყა და არც აქაური ხალხი დაემორჩილა რუსეთთან შეერთებას. ჩვვენი ინტერესების სფეროში შედის ის ორმოცწლიანი ტყვეობის პერიოდი (1878-1918 წლებს შორის პერიოდს გულისხმობს-უ.ო.), რომელშიც იმყოფებოდა ელვიე-ი სელასეს ხალხი და რომელშიც მუდმივად ცოცხლობდა სამშობლოსთან შეერთების იდეა და ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთიდან მოწყვეტას”-აღნიშნავს პატივცემული მეცნიერი და შემდეგ ჩვეული რიხით განაგრძობს,-"ამ პერიოდში ელვიეი სელასეში, სხვადასხვა ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით, იქმნებოდა საზოგადოებები, მაგ: პანისლამიზმის, პანთურქიზმის, ეროვნული დაცვის კომიტეტი, დიფაის პარტია, ჯანბიზარი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
აღნიშნული საზოგადოებები ელვიე-ი სელასეს ხალხში რწმენის, კულტურის, ეროვნული სულის შენარჩუნების მიზნით იქმნებოდა.… წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ხალხის რწმენის და ეროვნული უფლებების დაცვის, სწავლა-განათლებაში თურქების განვითარებისათვის შეიქმნა. (ესინ დაი, 91-92).
ესინ დაის ამ მსჯელობას თუ ვერწმუნებით, ოსმალეთის იმპერიაში დაბრუნებაზე  დღესაც უნდა ოცნებობდნენ ადრე მის შემადგენლობაში მყოფი ხალხები, რომელთაც დიდი ბრძოლის შემდეგ ძლივს დააღწიეს თავი ოსმალთა ბატონობას და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, ან ისევ ნამდვილი სამშობლოს ფარგლებში დაბრუნდნენ... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ავტორი ლაპარაკობს ელვიე-ი სელასეში ეროვნული ორგანიზაციების შექმნაზე, მათი ისეთი სახელწოდებანი, როგორიცაა პანისლამიზმი და პანთურქიზმი სრულიად გამორიცხავს ამ ორგანიზაციათა ეროვნულ ხასიათს, რადგან პანისლამიზმი და პანთურქიზმი ისევე იყო ოსმალურ-თურქული “ეროვნული” ინტერესების სამსახურში, როგორც მარქსიზმი, ბოლშევიზმი თუ კომუნიზმი საბჭოურ-რუსულ სახელმწიფოს ინტერესების სამსახურში. ეს იყო მათი აგრესიული, იმპერიული პოლიტიკის იდეოლოგიური ბაზისი და მასაზრდოებელი, მისი განხორციელების იარაღი. რაც შეეხება ე. წ. ელვიეი სელასეს, მისი მოსახლეობის უმრავლესობა უმთავრესად არათურქული წარმოშობის იყო და მეტი რომ არ ვთქვათ, უხერხულია იმის მტკიცება, რომ აღნიშნული საზოგადოებები ელვიეი სელასეს ხალხში რწმენის, კულტურის, და, მითუმეტეს,-`ეროვნული სულის შენარჩუნების მიზნით იქმნებოდა~. და საერთოდ, როდესაც ვლაპარაკობთ თურქების ეროვნული უფლებების დაცვაზე (რისი წინააღმდეგიც არავინაა_უ. ო.), არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ხალხის უფლებებიც, რომლებიც ამ მხარეთა ისტორიულ, ავტოქტონ მოსახლეობას წარმოადგენს. ეს ორგანიზაციები თურქებისთვის შეიძლება აღქმული იქნას როგორც ეროვნული, რადგან ოსმალურ-თურქული ინტერესების განხორციელებას ემსახურებოდნენ! თურქული სახელმწიფოს საძირკვლის განმტკიცება, მოსახლეობის თურქიზაცია და სხვა. (ალბათ არავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ ეს საზოგადოებები ამ ხალხში ეროვნული აღორძინებისთვის იბრძოდნენ?!_უ. ო.). მაგრამ ხალხისათვის ,რომლებსაც ოსმალებთან მხოლოდ საერთო სახელმწიფოს ტერიტორია და შეიძლება ისლამური რწმენაც აერთიანებდა, მათი ეროვნულ ორგანიზაციებად შესაღება, ცინიზმია. ჩვენ გვესმის, რომ ათა თურქი და მისი მიმდევრები, თურქული სახელმწიფოს შენარჩუნება-აღორძინებისთვის იბრძოდნენ და, სხვათაშორის, კარგადაც იბრძოდნენ. ხოლო რამდენად იყო მათი ეს ბრძოლა ეროვნული ნიშნის მატარებელი ოსმალეთის იმპერიაში შემავალი დაპყრობილი ხალხებისათვის, ეს სულ სხვა და ძალზე საეჭვო საკითხია. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამ მართლაც შეუპოვარ ბრძოლაში თურქი სახელმწიფო მოღვაწეების მიერ გამოჩენილ შეუდრეკლობასა და სიმამაცეს, რითაც მათ შესძლეს თურქეთის სუვერენული სახელმწიფოს გარკვეულ საზღვრებში არ მარტო შენარჩუნება, არამედ მისი გაფართოებაც, მაგრამ ამ მოვლენების ისეთი ფორმით წარმოჩენას, რომელიც ლახავს ადრე ოსმალეთის იმპერიაში ძალად გაერთიანებული სხვა ძირძველი ისტორიული ხალხების უფლებებსა და ღირსებას, ვერ დავეთანხმებით. და თუ ოსმალებმა იმდენი მოახერხეს, რომ ამ ხალხს თავიანთი ეროვნული ვინაობა გადაავიწყეს და ზოგიერთები პანისლამური თუ პანთურქისტული იდეალების განმახორციელებელი ორგანიზაციების საზარბაზნე ხორცად აქციეს, ეს ამ ხალხის ისტორიული უბედურებაა და არა მათი ღირსება.
"კავკასიაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგად დიდ ომში (პირველ მსოფლიო ომს გულისხმობს_უ. ო.) ოსმალეთის მთავრობის მიზანი გახდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება", (იქვე, 92) წერს იგივე თურქი ავტორი და შემდეგ მიუთითებს, რომ “პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსებთან 1917 წლის 17 დეკემბერს ხელმოწერილი ერზინჯანის ზავისა და 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავის ძალით ელვიე-ი სელასე კვლავ დაურუნდა ოსმალეთის იმპერიას... 1918 წლის 12 ივნისს ჩატარდა პლებისციტი, … ხმათა უმრავლესობით, ანუ 85 პროცენტით ელვიე-ი სელასე ოფიციალურად თურქეთს შეუერთდა, მაგრამ ეს სიხარული ელვიე-ი სელასეში დიდხანს არ გაგრძელდა. 1918 წლის 30 ოქტომბერს ხელმოწერილი და ანტანტის ქვეყნების მიერ ძალით შეთავაზებულ მუდროსის ზავის ძალით იგი ისევ დაიკარგა (იქვე, 94),-დამწუხრებული აცხადებს ესინ დაი; მაგრამ, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, თურქებმა აღნიშნული პლებისციტი ხიშტების ქვეშ და ისეთი დარღვევებით ჩაატარეს, რომ მისი შედეგები არ სცნო არც მისმა მოკავშირე გერმანიამ და არც კონსტანტინეპოლის საზავო კონფერენციამ. ბრესტის ზავზე აპელირებისას თურქ ავტორებს არ უნდა დაავიწყდეთ ისიც, რომ ოსმალებმა არ დაიცვეს მისი ის პუნქტი, რომლის ძალითაც ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქებში პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო ყველა მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით. თურქებმა კი იარაღის ქვეშ მოაწყვეს, როგორც ქართული გაზეთები სამართლიანად აღნიშნავდნენ, ბათუმის ოლქის მოსახლეობის დაკითხვა. (გაზ. “საქართველო, 141, 1918, 25. 07. 52, გვ. 55-58)
რა იურიდიული ძალა შეიძლებოდა ჰქონოდა მოსახლეობის ასეთ დაკითხვას, ამაზე თავიდანვე მართებული პოზიცია ჩამოყალიბდა არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. სწორედ ამაზეა ლაპარაკი გაზეთ "საქართველოს" 1918 წლის 11 აგვისტოს ნომერში, სადაც ვკითხულობთ: `გერმანიის დელეგაციის უფროსი, გენერალი ფონ კრესი აუწყებს საგარეო სამინისტროს, რომ ამ უკანასკნელის მიერ აღძრული პროტესტი ბათუმში მომხდარი რეფერენდუმის შესახებ მან შეატყობინა ბერლინის მთავრობას. ეხლა განერალი ფონ კრესი ატყობინებს ჩვენს (საქართველოს_უ. ო.) საგარეო სამინისტროს გერმანიის საგარეო სამინისტროსგან მიღებულ ცნობას, რომ გერმანიის ელჩს სტამბოლში მოუვიდა ინსტრუქცია, შეატყობინოს საიმპერატორო მთავრობას შემდეგი: ის ფაქტი, რომ ოტომანის მთავრობამ თვით მოაწყო ბათუმში ამა წლის 14 ივლისს პლებისციტი სხვათა მონაწილეობის მიუღებლად, ეწინააღმდეგება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის დადგენილებას, რომლის ძალით წესწყობილების დამყარება სამ (ბათუმის, ყარსისა და არდაგანის) ოლქში უნდა მომხდარიყო თვით ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმებით. ამის გამო, თუ ვინიცობაა, რომელიმე ამ სახელმწიფოთაგანი განაცხადებდა პროტესტს ოტომანის მთავრობის წინაშე ამნაირი მოქმედების წინააღმდეგ, გერმანიის მთავრობას არ შეეძლო ასეთი გამოსვლა კანონიერ საფუძველს მოკლებულად ეცნო". (გაზ. “საქართველო”, 153, 1918, 11. 08)
ასე, რომ თურქულ ოკუპაციასა და ძალმომრეობის პირობებში აღნიშნული პლებისციტის კანონიერებასა და მისი  მეშვეობით ამ ე. წ. ელვიე-ი სელასეს ოფიციალურად თურქეთთან შეერთებაზე ავტორის მიერ სიტყვის ჩამოგდება მას ისეთ მდგომარეობაში აყენებს, როცა მისთვის სასურველს სინამდვილედ წარმოიდგენენ ხოლმე. ხოლო, რაც შეეხება სიხარულს, -გააჩნია ვისთვის. 
მოკლედ, ასეთია იმ პერიოდში სამუსლიმანო საქართველოს, კერძოდ კი, აჭარის გარშემო შექმნილი ისტორიული სინამდვილე, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით საქართველოს ძირძველი ისტორიული კუთხე აჭარა დედა-სამშობლოს წიაღს დაუბრუნდა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის გახსენებას, რომ ბათუმი (აჭარა), ამიერკავკასიის სხვა ტერიტორიებთან ერთად, რუსეთმა კონტრიბუციის სახით მიიღო. ეს იყო ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნების, ამასთან, ისტორიული სამართლიანობის, შეეერთებინა თანამოძმე გამუსლიმანებული ქართველებით დასახლებული საქართველოს ძნელბედობისას დაკარგული ისტორიული ტერიტორიები, აღსრულება. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა რუსეთის სამხედრო ძალამ და დიპლომატიამ, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთიც, ისევე, როგორც თავის დროზე ოსმალეთი, თავისი სამფლობელოების გაფართოებასა და შავი ზღვის აუზსა და ამიერკავკასიაში თავისი პოზიციების გაძლიერება-გამტკიცებას ისახავდა მიზნად და არა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გაერთიანებას, მისი მთლიანობის აღდგენას. ეს იყო მისი ბუნებრივი განვრცობის ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც რაიმე კეთილშობილური მისწრაფება არ წარმართავდა და წარმოადგენდა კავკასიაში რუსეთის ძლიერების მეთოდური დემონსტრირების შედეგს. აღნიშნული პროცესი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ირიბად დაემთხვა ქართველი ერის გაერთიანებისაკენ მისწრაფებას. აჭარის სამშობლოსთან დაბრუნებაც ამ პროცესის (რუსეთის იმპერიის სივრცული გაფართოება) ლოგიკური შედეგი იყო. ხოლო მისი ისტორიული ბედუკუღმართობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ორ უცხო დამპყრობელს შორის ხშირად აღიქმებოდა როგორც მხოლოდ გაცვლა-გამოცვლის საგანი და საკონტრიბუციო ობიექტი. დადგა დრო ჩამოვაყალიბოთ ახალი ურთიერთობები და უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი ეს გავითვალისწინოთ მომავლის დიპლომატიაში.
მეტად სასიამოვნო ფაქტია, რომ ბოლო დროს თურქეთში საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის ეგიდით გამოიცა მურად ქასაბისა [ოსმალეთის ქართვე-ლები, სტამბული, 2010, (2012 წელს ქართულად ითარგმნა_უ. ო.)] და მუმინ ილდიზთაშის [საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში, სტამბული, 2012] მაღალ პო¬ლიგრაფიულ დონეზე შესრულებული მეტად საინტერესო ნაშრომები. მისასალმებელია თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამოძმეების საკუთარი ისტორიითა და ქართული პრობლემატიკით დაინტერესება, მათ მიერ ამ მიმართულებით გაწეული დიდი მუშაობა, რომელიც აღნიშნულ მონოგრაფიებში აისახა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ისინი ახერხებენ, თავი დააღწიონ ზემოთ ჩვენ მიერ გაკრიტიკებულ გაუგებრობათ.
მურად ქასაბი თავისი წიგნის ქართული თარგმანის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ "ოსმალეთის იმპერია არ ატარებდა სხვა ერებისა და რელიგიების ასიმილაციის პოლიტიკას, არ ძალადობდა მისი მმართველობის ქვეშ მყოფ არამუსლიმ ხალხებზე... შეძლო მათი არსებობის გადარჩენა”... და შემდეგ იქვე განაგრძობს,-"ოსმალეთის ქართველებისათვის ისლამური აღმსარებლობა სისხლხორცეული რწმენაა. არ არის არანაირი ისტორიული საბუთი მათი ძალით გამუსლიმანების შესახებ... საქართველოში ქრისტიანობის გაუქმების პოლიტიკა არ გატარებულა” [მურად ქასაბი,2012, 9]. აქ უნდა ითქვას, რომ იმის აღიარებაც კი, თითქოს ოსმალეთმა `შეძლო მათი არსებობის გადარჩენა”, უკვე იმის ირიბი აღიარებაცაა, რომ ეს ხალხი მართლაც ყოფილა ვიღაცის ძალმომრეობისაგან გადასარჩენი და რომელი ძალა შეიძლებოდა ყოფილიყო იგი, თუ არა ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილი "არაბობის”, `დიდი თურქობის”, `ყიზილბაშობის”, "ოსმალობის” და სხვათა ავბედითი პერიოდების ისტორიული აქტიორები. ან იმაზე მეტი რა ისტორიული საბუთი უნდა დარჩენილიყო, ვიდრე თუნდაც ერთი იოანე საბანისძის აბოს წამება და ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალური ჟანრი აგიოგრაფიაა. ქართული საერო და საეკლესიო ისტორია სავსეა საქართველოში მუსლიმთა შემოსევების დროს ათასეულობით ქრისტიანის ზვარაკად შეწირვის ამბავთა აღწერით  (დავით და კონსტანტანტინეს წამება, ცხრა ძმა კოლაელთა წამება, ჯალალ ედდინის მიერ ათასობით თბილისელის ამოჟლეტა თუ თემურ-ლენგის საქართველოში 8 გზის ლაშქრობისას ჩადენილი მხეცობანი და სხვა). ან კიდევ, იქნებ შემთხვევით აღიქვა კოლექტიურმა ქართულმა ისტორიულმა ცნობიერებამ მურვან ყრუ და ბუღა-თურქი საქართველოსა და ყოველივე ქართულის დაუძინებელ მტრებად და მათაც საქართველოსთვის, ავტორის ლოგიკას თუ მივყვებით, სიკეთის მეტი არაფერი უნდოდათ?!.
1918 წლის ივნისში სამუსლიმანო საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მაგრამ იქვე, სადაც ამის შესახებ წერს, ბატონი მურადიც სიხარულით აღნიშნავს, რომ “...1992 წლის საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობისა, თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთირთობის ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ სცნო ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი თურქეთის აღმოსავლეთი საზღვარი”[იქვე, 24],_ მაგრამ რა არის აქ სასიხარულო?! ნუთუ თურქეთში არავის აფიქრებს ის ფაქტი, რომ არც 1921 წელს ყარსისა და 1992 წლის საქართველო-თურქეთის ხელშეკრულებებზე ხელმოწერა არ გაუკეთებია საქართველოს ლეგიტიმურ, კანონიერ ხელისუფლებას და როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მან ხელშეკრულება გააფორმა ქართველ ხალხზე მოძალადე უზურპატორებთან. თუ თურქეთის მთავრობისა და ხელისუფლების მესვეურთათვის სულ ერთია, ოღონდაც მათთვის სასარგებლო რამე მიიღონ და რა გზით, ეს საერთოდ არ ანაღვლებთ? ანდა ორივე შემთხვევაში ეს საქართველოს კეთილისმყოფელი ოსმალეთი თუ თურქეთი, რატომ აღმოჩნდა ქართველი ხალხის ნების უარმყოფელთა მხარეს?! ყველამ კარგად ვიცოდეთ, რომ იმპერიები შეიძლება ისევე გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან, როგორც ეს ადრევე მომხდარა, ეს კითხვები და ჭეშმარიტება კი დარჩება სამარადისოდ, თუ ქართველი ხალხის ნამდვილ წარმომადგენელთან, რომელიც ამისათვის აუცილებელი ქართველი ხალხის ნდობის მანდატით იქნება აღჭურვილი, არ გადაწყდება მათი მოგვარება. 
მაგრამ, მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, წიგნი გვაცნობს ოსმალეთის იმპერიასა და თურქეთის სახელმწიფოში მოღვაწე ქართული წარმოშობის ცნობილ სამხედრო და პოლიტიკურ, სასულიერო თუ საერო პირთა მიერ გაწეულ  უდიდეს მუშაობას, რის გამოც უდიდესია მისი მნიშვნელობა ქართული საისტორიო მეცნიერებისთვისაც, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, უფრო მტკივნეულად თუ არ გამოგვივა ნათქვამი, გადამეტებულია ისეთი თავდადებული ქართული ორიენტაციის პიროვნებებისა და სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის აქტიური მოღვაწეების ოსმალეთის სახელმწიფოს მესვეურებად მოხსენიება, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე კახთა მეფე, გიორგი სააკაძე, ბატონიშვილი დავითი (იადიგარ დავუდის ავტორი), თეიმურაზ პირველი თუ სხვანი, და, რა თქმა უნდა, ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე სამუსლიმანო საქართველოდან, კერძოდ კი აჭარიდან, მემედ-ბეგ აბაშიძე და მისი ძმა, პირველი ქართველი გენერალი მაშინდელი სამუსლიმანო საქართველოდან, ასლან აბაშიძე. სწორედ მათ შეიტანეს  უდიდესი წვლილი, რომ აჭარა ქართული სახელმწიფოს საზღვრებში დაბრუნებულიყო.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მურად ქასაბის მონოგრაფია, `ოსმალეთის ქართველები~, თურქული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი შენაძენია და ქართული ისტორიული მეცნიერებისთვისაც მეტად საინტერესო დიდძალ მასალას შეიცავს, ამიტომაც მისი გადმოქართულებული ვარიანტის 2012 წლისთვის გამოცემა, სასიამოვნო ფაქტია. აქვე შეიძლება ითქვას, რომ მასში წარმოდგენილ პიროვნებათა ისტორიები, შესაძლოა, იქცეს ქართველ ისტორიკოსთა განსაკუთრებული კვლევის საგნად და სავარაუდოა, რომ ზოგიერთ მათგანზე ცალკე წიგნებიც კი დაიწეროს.
რაც შეეხება მუმინ ილდიზთაშის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან მონოგრაფიას, ამჯერად მასში გადმოცემულ იმ ნიუანსებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ჩვენ მიერ ზემოთგანხილულ თემატიკას ეხმიანება და თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ მისი ნაშრომიც  არ აღმოჩნდა ამ მხრივ უნაკლო და დაზღვეული.
ნაშრომის წარდგენისას ბატონი ალი რიზა ალთუნი აღნიშნავს, რომ `გამოცემის მთავარი მიზანია... რათა მომავალი უფრო ჯანსაღ საფუძველზე აშენდეს",_რაც სავსებით გასაგები და მისასალმებელია; მაგრამ ავტორი იქვე მიუთითებს, რომ `საქარ-თველოში ყოფნისას ოსმალებისა და თურქების შესახებ გაგონილმა გამონათქვამებმა ჩემში მწვავე განცდები გამოიწვია",_უფრო მეტიც,_"საუკუნეების მანძილზე რეგიონისათვის კანონებისა და სამართლიანობის მომტანი ხალხის მიმართ წინასწარგანზრახული ცილისწამებით ჩირქის მოცხების მაყურებლის როლში მეტი ვეღარ დავრჩებოდი."
ჩვენ კარგად გვესმის პატივცემული ოპონენტის და ვთვლით, რომ მისასალმებელია მისი მხრიდან ამგვარი პატრიოტიზმი, და იმედს ვიტოვებთ, თავადაც სწორად გაიგებს ჩვენს პოზიციას, თუ მის მიერ გამომჟღავნებული ამ უმართებულო რეაქციის გამო, ვერც ჩვენ შევძელით თავის შეკავება და მას ქართული პირდაპირობით ვეტყვით: თუმცა ყველა დამპყრობელი ამ პრეტენზიით გამოდის, მაგრამ არცერთს მოუტანია დაპყრობილი ხალხისათვის კანონიერება და, მით უმეტეს სამართლიანობა. მარტო ის ფაქტიც კი, რომ ისინი ასე ურცხვად აყენებენ თავიანთ თავს ათასეული წლების ისტორიული მეხსიერების მქონე ხალხებზე მაღლა, შეურაცხმყოფელია. და საერთოდ, კანონიერებისა და სამართლიანობის თვალსაზრისით, რა უნდა ესწავლებინათ ოსმალებს იმ ხალხისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ XII საუკუნეში გააუქმეს სიკვდილით დასჯა და დამსახიჩრებელი სასჯელები თავიანთ სახელმწიფოში... ხოლო ოსმალეთის სულთნების კარზე თუ ვინმე დიდ თანამდებობებს აღწევდა, ეს მათი ნიჭიერების დადასტურებაა და არა ოსმალური კეთილმოქმედების, რადგან ისიც ცნობილია, რამდენი დიდად ნაღვაწი ასეთი პიროვნებების სიცოცხლე შეიწირა ფადიშაჰების ტირა-ნიამ (მურად ქასაბის წიგნში მოცემული 18 სადრაზამიდან 6 სიკვდილით დასაჯეს_უ. ო.). მართლაც, თქვენს თვალწინ უნდა ჩაიაროს სისხლით შეღებილი მტკვრისა და ჭოროხის ტალღებმა, რომ მისი რეალობა ირწმუნოთ?! ნუთუ ამისათვის საკმარისი არ არის გადავხედოთ ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს, საქართველოს, ისტორიას, რომლის ფურცლებიც აღსავსეა `არაბობის~, `დიდი თურქობის~, `ოსმალობის~, `ყიზილბაშობის~, `ლეკიანობისა~ თუ `რუსობის~ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის უტყუარი დოკუმენტებით, მათი არსებობისა და ცხოვრების შინაარსით აღსავსე ამბებით. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორიაში ეს უკვე კატეგორიებად ჩამოყალიბებული ისტორიული მსაზღვრელები, შინაარსისგან დაცლილი, არაფრისმთქმელი სიტყვებია და სხვა არაფერი?!. თუ ეს ასეა, ძალიან სცდებით!...და არც იმის სწავლება გვჭირდება ვინმესგან, ვისი და რისი დავიწყების უფლება გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმთავრესია, თუ რა დამსახურება მიუძღვის ამა თუ იმ პიროვნებას საქართველოს წინაშე.
თქვენ კარგად გესმით თქვენი დღევანდელი სამშობლოს სატკივარი და მისი გადმოსახედიდან მსჯელობთ, მაგრამ თქვენი ზემოთ დასახული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია გაიგოთ თქვენი ძველი თანამოძმეების გულისტკივილი და ისტორიაც უფრო ღრმად, ვიდრე ამას დღეს ახერხებთ. ამისთვის კი საჭიროა  მათი პოზიციიდანაც და უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოთ ამ ისტორიაში, გაიგოთ რითი და სად კვნესის მათი გულისთქმის ძარღვი და ფესვი, ხოლო როცა მას თვალცრემლიანს დაინახავ, შენც უტყუარად უნდა მიხვდე, სად იღებს ცრემლის წყარო სათავეს, _ და მაშინ იმასაც გაიგებ, თუ რატომ აქვს ჩვენს საერთო მოდგმას და ჯილაგს ასეთი უდიდესი ოპტიმიზმი და მომავლის დაუშრეტელი რწმენა, რომელთან ბრძოლასაც არა ერთი იმპერია შეეწირა. ხოლო რაც შეეხება ისეთ მოსაზრებებს, რომ "ოსმალეთის სახელმწიფო ერთის მხრივ ყოველგვარი იძულების გარეშე უზრუნველყოფდა ქართველების მიერ ისლამის მიღებას, მეორე მხრივ კი ქრისტიანი ქართველების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებსაც ყურადღებით და გაგებით ეკიდებოდა"-ესენი ერთი-მეორეს გამორიცხავს, რადგან ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველისათვის მისი `უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა", პირველ რიგში ქართველობის, ე. ი. ქრისტიანობის შენარჩუნებას ნიშნავდა. იმ პერიოდში ხომ ეს ორი ცნება ერთმანეთის შემცველი იყო, და როცა `ზოგიერთ ადგილობრივ ლიდერს" უყენებთ ბრალდებას, რომ ის "ცდილობდა ეპოვა გზები მათი გამუსლიმანების წინააღდეგ"... [მუმინ ილდიზთაში, 23] უნდა იცოდეთ, რომ ეს მათთვის ქართველობისათვის ბრძოლას ნიშნავდა და ოფიციალური სტამბოლის აქტიურობა ამის წინააღმდეგ, იყო ქართველთა კანონიერი უფლების დათრგუნვისაკენ მიმართული ძალადობა და მიმტაცებლობა. (სწორედ ასეთი "კანონიერებისა და უფლებების" დასაცავად იბრძვის რუსეთი დღესაც საქართველოში მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე).
ასევე, თანამედროვე თურქული ისტორიოგრაფიული სკოლისათვის ნიშანდობლივ აზრობრივ ნიუანსებს შეიცავს,_რომ "ოსმალოს სახელმწიფოში მონად ჩაყვანილ ბევრ ქართველს საბოლოოდ ვეზირის, სარდლის და დიდვეზირის თანამდებობისთვისაც მიუღწევია... ოსმალეთის სახელმწიფო... არ ეწინააღმდეგებოდა მასზე დამოკიდებული ტომებისა და ბეგების მიერ დამოუკიდებელი ქართველი და სხვა თემებისაგან ტყვეების წაყვანას"... _ბატონებო, სხვას რას ნისნავს ძალადობა?!. გამოდის, რომ თუ დამოუკიდებელი ხარ და ოსმალოს უღელი არ გადგას, არაფრით ყოფილხარ დაცული მანამ, სანამ ოსმალოზე ტყვედ არ გაგყიდიან და ამით არ "გაგაბედნიერებენ"... მსგავსი ლოგიკა ჩვეულებრივია იმპერიული, მპყრობელი სახელმწიფოს აზროვნებისათვის, მაგრამ მათ მსხვერპლთ ვკითხოთ!...ამასთან ტყვეს უკვე აღარავინ ეკითხებოდა, სურდა თუ არა გამუსლიმანება.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ტერმინს "ქართველი ოსმალები". პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან ქართველობა  არა მარტო წარმომავლობითი, არამედ უპირველეს ყოვლისა, ქართული კულტურის,  სოციალ-ზნეობრივი გარემოს და ცხოვრების წესის შემოქმედებითი ნაერთია,_ ეს ეროვნებაა და არა იდეოლოგიურად გაბატონებული მმართველი კასტა, რომელიც ყველასა და ყველაფრის თავის მორჩილებაში მოყვანის სურვილით შეპყრობილი და სამართლიანობის სახელით შენიღბული, საკუთარი ბატონობის უზრუნველყოფას ცდილობს, როგორც ამას თავის დროზე ბოლშევიკ-კომუნისტები, ან თუნდაც პანისლამისტები თუ ოსმალები აკეთებდნენ. ამიტომაც, ჩვენი ღრმა რწმენით, შეიძლება იყოს გაოსმალებული ქართველი, ისევე როგორც გაბოლშევიკებული ქართველი, მაგრამ "ქართველი საბჭოელი" (ე. ი. კომუნისტი),ან "ქართველი ოსმალო", ეს ის სუროგატია, რომელიც ყოველგვარ ქართულს განადგურებით ემუქრებოდა და ემუქრება დღესაც და მისი დაკავშირება რაიმეს ქართულ აღქმასა და მისი წარმოშობის თვალსაზრისით, საერთოდ ქართულ გარემოსთან, დიდი შეცდომა და გაუგებრობაა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით თანამედროვე თურქი ავტორების საქართველოს ისტორიისა და საერთოდ, ქართული პრობლემატიკით ჯანსაღ დაინტერესებას. ამასთან ერთად, ჩვენ მიერ განხილული ნაშრომების ავტორებს უდიდესი პატივისცემის გამოცხადებით ვთხოვთ, დიდსულოვნად მოგვიტევონ, თუ ჩვენი კეთილმოსურნე კრიტიკით მათში არასასიამოვნო განცდები აღვძარით, მაგრამ ამ შემთხვევაში გვამოძრავებდა მეტად კეთილშობილური მიზანი, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა უახლესი ფურცლები სამომავლოდ უნდა გადაიშალოს ურთიერთპატივისცემისა და უდიდესი ურთიერთნდობის ნიშნით, რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, დიდად შეუწყობს ხელს საკუთარ მოსაზრებათა თავისუფალი ურთიერთგაზიარება, სიმართლისა და ისტორიული სამართლიანობის პრიორიტეტთა წინ წამოწევა.

18. 02. 2013 წელი, ბათუმი
გამოყენებული ლიტერატურა
1. ესინ დაი, ელვიე ი სელასე (სამი სანჯაყი, ყარსი, ბათუმი,არტაანი), ახალციხე-ყარსი, სიმპოზიუმის შრომები,2001, გვ. 89-99;
2. ნურჰან აიდინი, ყარსის ხელშეკრულება და მისი ისტორიული მნიშვნელობა, დასახ. შრომები, გვ. 134-149;
3. ენვერ ქონუქჩუ, აღმოსავლეტ ანატოლიის უახლესი ისტორია, დასახ. შრომები, გვ. 59;
4. ქამილ აღაჯანი,ერთი ავტონომიის ანატომია, გაზ. "ახალი ერა", 1(177), 2002, 8, I;
5. გაზ. `საქართველო~,141, 1918, 25. 07. 52, გვ. 55-58;
6. გაზ. "საქართველო", 153, 1918, 11. 08;
7. მურად ქასაბი, ოსმალეთის ქართველები, სტამბული, 2010, (2012 წელს გამოიცა მისი ქართული თარგმანი);
8. მუმინ ილდიზთაში, საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში, სტამბული, 2012;
9. უჩა ოქროპირიძე, ჩამოვაყალიბოთ ახალი ურთიერთობები, ჟურნ. "ჭოროხი",  6, 2006, გვ. 91-94;

??????