ხელიდან ხელში (100 სიტყვა) ექსკლიუზივი
პატარაობა არ მახსოვს...
ჩემი მეხსიერება იქიდან იწყება რომ ვიღაცამ ქუჩაში მომისროლა...
რამდენ ხანს ვიყავი ასე არ ვიცი, აქ დრო გაჩერდა...
მერე ერთმა ჯოხიანმა კაცმა მიშვილა და მის ჭუჭყიან ცხვირსახოცში დავიდე ბინა, იქ ბევრნი ვიყავით, უმრავლესობა ჩემზე პატარები...
ასე გაგრძელდა ჩემი ცხოვრება, ერთფეროვნად, ჩვენ დღითიდღე ვმრავლდებოდით...
ერთ დღეს რაღაც შეიცვალა, ჯოხიანმა კაცმა მოზრდილები ამოგვარჩია და ორ პურში გაგვცვალა...
ახალ პატრონს თავიდან არ მოვეწონეთ, ჭუჭყიანები არიანო, მაგრამ მაინც მიგვიღო...
ასე გადავინაცვლე ახალ თბილ ბინაში...
ეს ჩემი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა...
ერთ დილით ხმა შემომესმა – დამეხმარეთ რაა დეიდა...
ჩვენს წინ პატარა თმააბურძგნული ბიჭი იდგა, მე კვლავ გამაშვილეს...
ასე გრძელდება ჩემი ცხოვრება დღემდე – ხელიდან ხელში...