ცოლის დღიურიდან (3) ექსკლიუზივი
ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ ვუყურებდი...
ვიდექი და გაოცებული შევყურებდი შუაზე გადატეხილ კორპუსს. პირველი ნახევარი თავის ადგილას იდგა, მეორე ნახევარი კი მის გვერდით, ტყუპისცალივით მიმდგარიყო, ოღონდ ამობრუნებული...
ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი, ვუყურებდით და გვიკვირდა ეს ყველაფერი... თან გვიხაროდა რომ იმ დროს სახლში არ ვიყავით...
შევყურებდით ჩვენს დროებით საცხოვრებელს, ამოყირავებულს, შიგნით კი ყველაფერი თავის ადგილას იყო, ხელუხლებელი... უბრალოდ ჭერის ადგილას იატაკი იყო და პირიქით, იატაკის ადგილას ჭერი...
...
ზუსტად ამ დროს შენი ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა...
მაშინვე საათს შევხედე, სამი იყო...
ღამის სიჩუმეში ზარის ექოსავით გაისმა შენი ტელეფონიდან ერთადრეთი სიტყვა: “განგაშია”... სიტყვა, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია მძულს...
ჩვენს ფუსფუსში ბავშვმაც გამოიღვიძა და ააბრიალა ლურჯი თვალები, შენ ხომ გიყვარს ორივე ერთად რომ გაცილებთ? ხოდა გიხაროდეს...
ფანჯრიდან გაგაყოლე თვალი... თან იავნანას ვღიღინებ... ბავშვი გაოცებული თვალებით მიყურებს, ალბათ ჩემი ხმა ეუცნაურა...
იცი რა გამახსენდა? ერთხელ მითხარი ცრემლებს შენი თვალები ძალიან უხდებაო, მართალია ხშირად ვერ ხედავ, მაგრამ მერე რა, მე ხომ ვიცი რომ უხდება?
წასვლისას დაგვპირდი რომ აუცილებლად დაბრუნდები...
ხომ იცი, ჩვენ გელოდებით...
...
უკვე რამდენი დღე გავიდა, დილა ისევ ჩემთვის და ჩემი პატარა გოგოსთვის თენდება ჩვენს ოთახში, მზეც მხოლოდ ჩვენთვის იჭყიტება ფარდებს შორის დარჩენილი პატარა ადგილიდან... უკვე რამდენი დილაა მხოლოდ ერთ ბალიშს ვასწორებ...
ამ დილით, საკმეველის სუნმა გამომაღვიძა, თვალებიც არ მქონდა გახელილი რომ გავიღიმე და გავიფიქრე...
რა ბედნიერებაა... მოსულხარ... მადლობა უფალს...
ზუსტად ვიცი, ჩვენი გაღვიძება არ გინდოდა და მისაღებ ოთახში, ხატების კუთხესთან დგახარ და მოთმინებით გველოდები...