***მე არ დაგხვდები, როცა ერთხელაც ექსკლიუზივი
მე არ დაგხვდები, როცა ერთხელაც
ჩემს სანახავად თვალებს გაახელ,
ჯერ კი ღამეში ვარ ჩამარხული
და გულზე ვიფენ მთვარის ბალახებს.
და თუ წყვდიადი ისევ დამარცხდა,
ყოვლის დამსწრე და დაცამლეწავი,
მოვა რიჟრაჟი ჩემს აკლდამასთან
და გამომიხმობს ლაზარესავით.
ჯერ კი ღამეა... ის მოვა მერე,
ვინც მყვარობს ძმისებრ და ვინც მიშველის,
(ვინც ბოლოს შიშით მივუგდე მკვლელებს
და გავექცევი ბრბოში შიშველი).
ის ჩვენზე დარდობს, მე - მხოლოდ შენზე,
შენ - არავისზე, ანაც - არაფერს.
ნუთუ ოდესმე ვერავინ შეხსნის
ღამის სარკმელზე ვერცხლის დარაბებს.
ვერც მიაღწიეს კოშკამდე ბროლის,
თუმც დაიღალნენ თვალნი თარეშით,
მაინც მგონია, ბოლოს და ბოლოს,
გაიღება და, გნახავ მთვარეში.
წყალობის მზერით ვის გადმოხედავ,
ვის გადმოუფენ დალიდალალებს,
რამდენი არის ჩემებრ მოხეტე,
ოცნებები რომ ცაში ალალეს.
მე არ ვყოფილვარ ბედის რჩეული,
თვით ავირჩიე სევდა ავბედად,
რომც შემამჩნიო ამდენ სხეულში
შენთან ამოსვლას ვეღარ გავბედავ...
მე არ დაგხვდები, როცა ერთხელაც
ჩემს დასანახად თვალებს გაახელ...
ჯერ კი ღამეში ვარ ჩამარხული
და გულზე ვიფენ მთვარის ბალახებს.