კოშმარი ექსკლიუზივი
დიდმა ბრიტანეთმა არც თუ დიდად აღნიშნა მისი 100 წლის იუბილე - დაჭმუჭნული სახე დათხაპნეს მარკებზე, საშუალო ნიჭიერების უელსელმა პოეტიკანმა რითმისწყალში ამოვლებული ერთი-ორი სიტყვა დაპოსტა სახე-წიგნაკზე, დამქაშებად წოდებულმა ცოლის სპა-ქალებმა ბლომანჟე მიართვეს, საც ეულად ხარობდა - ა). შანდალი; ბ). თეძოსთავი; გ). სანთელი და დ). ძუძუსთავი. სწორი პასუხია - გ). - სანთელი... ბლომანჟე მიართვეს, საც ეულად ხარობდა სანთელი. ის ასის იყო, ჰაერი და გაზები არაერთი პუნქტიდან ეპარებოდა უდრტვინველად, ამიტომ ეულის ჩასაქრობად მობილიზება ვერ მოახერხა. რადიოში გაჟღერებული ოფიციალური ვერსიით, მისი ჯანმრთელობა კვლავ აკმაყოფილებდა ГОСТ-ის სტანდარტებს და მართალია, არაფერი არ სჭირდა, მაგრამ თავს დღითი დღე უკეთესად გრძნობდა. სინამდვილეში, ეული სანამ არ დაიწვა, მანამ ვერ ჩააქრო. დაითრგუნა იუბილარი და შეჰკადრა უსუსურობას.
- უსუსურობავ, პრინცი უნდა გერქვას შენ!
ამასობაში პრინცის საძინებლის კარი ბავშვური ანცობისა და ონავრობის აკომპანიმენტით გაიღო, ოთახში ბებია შემოიჭრა - 156 წლის ელისაბედ მეორე ველოსიპედს უმოწყალოდ დააგელვებდა ხელცაციათი, მაშინ როცა ხელმარჯვე გულს ჰქონდა მიკრული და ბოლო ხმაზე თრითინებდა,
God, Save the Queen!
ელიჩკას 134 წლის ჩარლზი შემოჰყვა, მამა-პრინცი დედიკონას ატირებული დასდევდა და ველოსიპედის დათმობას ევედრებოდა.
God, Save the Queen! - თრითინებდა მონარქი.
პაწიათი ჩამოვდებ-ჩამოვასვენებ ჩემს უელსურ ტაკუნიას, რაია რაო, მოთქვამდა ჩარლსი. არადა, იურიდიულად, როგორც კი ტაკუნია ველოსიპედის საჯდომს შეეხება, სტატუსი ეცვლება და ლოკალურ-უელსურიდან საერთო-ბრიტანული ხდება. იქედან გამომდინარე, რომ შვილის ამ სიტყვების შემდეგ დედოფალმა სიჩქარეს მოუმატა და ოთახი მილოცვის გარეშე დატოვა, პატივი მაქვს ვივარაუდო, ველოსიპედის საჯდომთან დაკავშირებული იურიდიული დეტალები ელისაბედისთვისაც არ იყო უცხო. დერეფნიდან ექოდ ისმოდა თრითინი -
God, Save the Queen!
უელსური ტაკუნიაც ექოს აედევნა. შვილპრინცმა დაღლილად გააყოლა თვალი მამა-პრინცს. იბიომატ, აბა, მე როისღა მეღირსება მასზე (ველოსიპედზე-ავტ.) დაჯდომაო...
პრინც უილიამს ცივ ოფლში გაეღვიძა. კოშმარი ცხადშიც გრძელდებოდა.