პაპიძე ნათია
გაზიარება

იყო და არა იყო რა 

იყო და არა იყო რა... მაგრამ,
განა სხვაც იყო უფრო კარგი,
ან უკეთესი იმ დღეებისა –
რომლებიც ერთად გავატარეთ
მე და შენ-
ხეზე ჩიტივით შემომჯდარი
ჭრელი ფიცრულის იდუმალ და მოციმციმე
ჩვენს სამყოფელში.
ხეზე ჩიტივით შემოსკუპებულს
ჩვენივე ფრთხილი ნაბიჯებით
ვაწყებინებდით ჭრიალს და ჭიკჭიკს.
ისიც თუ გახსოვს, თოკის კიბეზე
მეკობრის ქუდით, ცალ–თვალ–აკრული,
ყიჟინითა და ხის ხმლის ტრიალით:
ასვლას – ვერავინ რომ ვერ მასწრებდა;
ჩავმწკრივდებოდით ერთ ზიგზაგ რიგად
ველოდებოდით, ფიცრულიდან
მთავარსარდლის გამობრძანებას.
ისიც, ბამბუკის ჩხარუნა ფარდას
ხელით შუაზე გადასწევდა
და მედიდური სცემდა ბრძანებას:
„შუა კვეთაზე ამ გრძედისა და იმ განედის
ზვინია თივის. დაატყვევეთ დაუზარელად
და აქ მომგვარეთ.“
დაეშვებოდნენ მებრძოლები –
მკლავმამაცურად ებმეოდნენ
დაუნდობელ და მედგარ ომში
თივის ზვინებთან,
ჭიგოებთან,
საფრთხობელებთან.
ხან, ხის ჯოხებით დაუჩხვლეტდნენ ბულულის მუცელს,
ხან, უფსკრულიდან ამოშვერილ კისრებს აჭრიდნენ
გოგრისთავიან ზღვის ურჩხულებს, მიწის რვაფეხებს.
მერე კი, დიდი ზარ–ზეიმით მოჰქონდათ ძღვენად
მინის ქილაში დამწყვდეული ხვლიკი თუ მახრა.
ხო. გახსოვს, ალბათ, გრეხილ თოკზე,
ასვლას ვერავინ რომ ვერ მასწრებდა.
მაგრამ, ბინდისას, ჩამოსვლის დროს კი,
ისევ უსუსურ გოგოდ ქცეული,
მუდარით გთხოვდით, –
„დამეხმარეთ,არ დამტოვოთ–თქო“;
მეშინოდა მარტო დარჩენის
და ზუსტად მაშინ მახსენდებოდა:
წარღვნის ლეგენდა ან ზღვის გრძნეული;
ბაბუს, ჯერ კიდევ ჯეელობისას,
ჯაჭვით ბეღელში რომ დაუბამს
დიდი დევები.
ეზოს ბინდ–ბუნდში ობ–ნესტისა და
თეთრი ჩრჩილების მოსატყუებლად გამოფენილი
ბეწვის ქურქები, რატომღაც, ძლიერ ემსგავსებოდნენ
ბანჯგვლიან ჭინკებს, ოჩოკოჩებს, ოჩოპინტრეებს.
სუროს და ჭინჭრის თმაგაშლილი,თმაგაწეწილი
ტყის ალების და ტყაშმაფების მესმოდა ქშენა.
საბუდარებში შეპარული კატის კრუტუნიც,
ბუკნაჭოების კივილი და ტურის ყმუილი
საშიშროებას და ჩუმ საფრთხეს ამცნობდა სმენას.


ჰო... ყველა შიში ერთდროულად ახელდა თვალებს.
შიში სულების,
ჩვენებების,
საფრთხობელების.
და მერე კიდევ, ჩემდა ჭირად გამოჩენილი,
ამოუცნობი მფრინავი და მანათობელი
ეკიპაჟების – უცნობი და ახალი შიში.
„ჩამომიყვანეთ. დამეხმარეთ–თქო“-
ხელს მაშველებდით და არ მტოვებდით;
ვერც დამტოვებდით იქ,
სიმაღლეზე...
......
უკვე ფანჯრიდან ვუყურებდით
ფარნებით ხელში მოსიარულე,
თავის გუნდს განგებ ჩამორჩენილ
ციცინათელებს.
სრულ უკუნეთში, ასვოლტიანი
ღამის ნათურის ანთებისას
ჩამოცვენილ მთვარის ნაპერწკლებს.
...
გახსოვს, დილიდან, გვიამბობდა
ნაკადული თავის ცუდ სიზმრებს .
და მერე, მთელი დღე
და მერე, საღამოც მთელი–
ჩვენ, ყველა ერთად,
დაღმაც... აღმაც,
მაღლა და ქვევით–
ვედინებოდით:
ბაღებში,
ზვრებში,
ღელეებში,
ყანებში,
მთებში...
და წყალსაც, ბედად, ის სიზმრები არ უხდებოდა,
ვიდრემდის...
იყვნენ მეგობრები.

??????