ხაინდრავა ჯუბა
გაზიარება

ენკენისთვეები 

არც არაფერი, ფოთლებია და მინდვრის სოლო.
ჩემი პირველი მეგობარი, სექტემბერისთვე.
შენ იძახი, რომ ფარდებიან ქალაქის ბოლოს
ყველა გამოვა სახლებიდან, მაგრამ ბევრისთვის

ეს სიგიჟეა, როგორც ჩვენი პატარა სახლი.
ჩვენი სიზმრების დასასრული, გარდა ერთისა,
როცა შენს თვალებს სამაროვან სიჩუმეს ვახლი,
როცა მაღვიძებ, როცა ვხვდები, როცა მეღირსა

სითბო. თავიდან დაიწყება დღეების რიგი.
ვან ვეი, დუ ფო, შავოსანი დედების კალთა.
ამ იშვიათი ქარების და წვიმების იქით,-
მე დილის პირზე გადმოვივლი ბალახის კართან

და ნახავ ხელებს, ცივ ხელებს და თვალების თიბვას,
რომ დაისვენონ წამებმა და ბოლოჯერ დაწვნენ
ჩვენს მხრებზე. თითო–თითო თოვის ფრაგმენტი მიმაქვს,
რომ არ უარვყო აღარავინ და იყო აწდა

მარადის აქ. ვინც შემიბრუნებს ფანჯრებთან დილას
და აპობს იქვე მოსულ ნიავს, ცივსა და მრუდეს,
როდესაც გარეთ ხიდებია, როდესაც თბილა,
და ჩემს ალაგთან შემოდგომას დასაბამს უდებს.

??????