შემოქმედელი დავით
გაზიარება

მინიმალისტური პოეზია 

*** 
ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე, 
სოფლის ბილიკო, 
სასაფლაოსკენ,როცა გარბიხარ… 

*** 
ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ, 
ერთად გიპოვეს, 
ჩემმა თვალებმა 
და სიმარტოვემ. 

*** 
ხმა სარდაფიდანაც გამოაღწევს 
ქუჩაში,მაგრამ 
ვაი,რომ სხვაა 
ამ ხმის ძალა. 
... 
აყვავილდა იასამანი, 
თითქოს მომახარა, 
რომ ერთი წლით დავბერდი... 

*** 
სექტემბრის დილა, 
იელების ყვითელ ხანძარში 
შენ შეგამჩნიე გულთეთრა ჩიტო, 
ოღონდ ვერაფრით დავადგინე, 
ვის უგალობდი... 


*** 
მე დავბრუნდი შინ 
და აღმოვაჩინე,რომ 
აქედან არსად 
წავსულვარ. 

*** 
რას მეტყვი,ცაო, 
უხიფათო შენაც არა ხარ, 
სამხრეთის ცაზე, 
წუხელ ძერამ გადაიფრინა... 

*** 
დაუსრულებელ უცხო გზაზე 
ის მიდიოდა, 
ჩვენ კი მის სხეულს 
ვასაფლავებდით... 

*** 
"ხე ნაყოფით იცნობის" 
და არა ფოთლების შრიალით... 

*** 
დარბის პაწია გოგო 
საფლავებს შორის, 
წვიმიანი დღეა... 
გაჯიუტებული ღრუბელი 
ცას არ ტოვებს... 

*** 
მის თვალებში 
ჩემს საფეთქელზე მობჯენილ დამბაჩასავით 
სიკვდილი დავინახე, 
ბადეში მომწყვდეული თევზივით ფართხალებდა 
ფეხებთან დაგდებული გული... 


პოეტი 

დინოზავრების ნაკვალევზე 
სიარული აკრძალულიაო - 
გაფრთხილებენ, 
შენ მაინც ბედავ... 

ცხოვრება 

საკუთარი თავის და 
სხვების დაჯერება,რომ 
მართალი ხარ... 

... 
ნუ მიწყენ 
ზოგჯერ თუ გიბრაზდები, 
ნაგვიანევი გაზაფხულისთვის 
საყვედური, მახსოვს ერთხელ, 
მზესაც შევკადრე. 

... 
ბალიშს შეატოვე მონანიება, 
სარკეს ნიღაბი, 
ხოლო თვალებს ცა 
ცისარტყელებით გარითმული. 
... 
მზე ჩავიდა, 
ენძელები მაინც ყვაოდნენ, 
ჩემი სახლის წინ... 
... 
შენ სიძულვილი დაასაფლავე 
და ახლა შიშობ, 
სიყვარულს ხომ არ 
ავნე რაიმე. 

*** 
დედის საფლავზე 
ამოსულო ყვავილო, 
ნიავზე რომ ირხევი, 
დედის სუნთქვა მგონიხარ... 

*** 
მამაჩემი მოტყდა, დედაჩემიც, 
და ყოველდღე ერთი და იგივე - 
“ვერ ივარგა ბიჭმა”. 

*** 
ვუცქერი მამის დაკოჟრილ ხელებს, 
რომლებიც ფრთხილად აცლიან ბალახს, 
თავისი დის სასაფლაოდან, 
და უნებურად ვფიქრობ 
ჩემი შვილების ბედზე... 

*** 
შენც გაზაფხული 
გქვია რაღა, 
ყოველ მოსვლაზე 
საფიქრალს მიჩენ... 

*** 
ჩემი უძილო ღამეებიდან 
შენს მარადიულ ძილამდე, 
რამდენი გრძელი ზამთარია, 
დედა! 

*** 
იქნებ არცაა ტრაგედია 
დამშვიდობება ძველ ნიღბებთან, 
თითქოს მობეზრებული 
სათამაშოები მოისროლე და 
ახალი იყიდე... 

*** 
დედის მკერდზე თავმინებებულს, 
თუ გიფიქრია იმ ცოდვებზე, 
რასაც სჩადიხარ? 

სიყვარული 

სიცოცხლის არსიც იქნებ ისაა, 
ღვთაებრივით თუ ავსებულა 
სიცარიელე. 

*** 
ისე ნუ გამაწბილებ 
გაზაფხულო,რომ 
ზამთრისპირას არ 
მოგინატრო... 

*** 
"სიკვდილზე უფრო ცივი სიყვარული", 
"შიში ჭამს სულს", 
ტრანკვილიზატორები: 
ოლზაპი,მაქსებათი,ტრუქსალი. 
ფანჯარა ოდნავ ღია- 
ქალაქი ბუნდოვნად ჩანს... 


*** 
მორალისტი - დოსტოევსკი, 
ამორალისტი - უელბეკი, 
სიმართლე სადღაც შუაში. 

მამა.შვილი 

ორი საწინააღმდეგო მიმართულებით 
მოძრავი პარალელური ვექტორი, 
სივრცის რომელიღაც ნაწილში 
გადაიკვეთებიან. 

მეგობრის ხსოვნას 

სამგლოვიარო პროცესია 
მიჰყვება აღმართს... 
იქ მაღლა მთაზე სამუდამოდ დავტოვოთ უნდა, 
წუთისოფელზე დამდურებული 
სიცოცხლე შენი... 

*** 
ძველი სარდაფის ჭუჭრუტანაში 
შემოვარდნილ სხივივით მეცა, 
შენი თვალების შემოფეთება... 


*** 
ვწერ ამ ლექსს იმ იმედით, 
თავი შეგახსენოთ - 
ცოცხალი ვარ. 

**. 
-"ლექსი დავწერე", 
რა იქნება ისე ჟღერდეს, 
როგორც ჭავჭავაძეების 
სალონში... 

სადღეგრძელო 

გაუმარჯოს,რაც ჩვენთვის 
ყველაფერია, 
ხოლო სხვისთვის კი - 
არაფერი. 


*** 
გუშინ თვალებში ჩავხედე ნაგაზს, 
და როცა მიხვდა,რომ შემეშინდა, 
მხოლოდ მაშინღა აყეფდა იგი... 

ბავშვობა 

მე მასწავლიდნენ სიარულს, 
ლაპარაკს,ძილსაც კი... 
მაგრამ არასოდეს უსწავლებიათ 
თვალის გახელა.

??????